ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 31 марта 2013 г.

ვინ არიან სალოსები?

"სალოსი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს ნიშნავს.


 სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. სალოსი – ქრისტესთვის სულელი, ღვთის გლახა, ანუ ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ კეთილგანწყობას, თანაგრძნობას, პატივისცემას, დაფასებას ვერ იღებენ და უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და ღვთის სათნო ცხოვრება დაფარულია გარშემომყოფთათვის.

ნებისმიერ პიროვნებას აქვს პრეტენზია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ხშირად ადამიანური “ღირსების” დასაცავად ჭეშმარიტ ღირსებას – ღვთის ხატებას შეურაცხვყოფთ. სალოსი კი არაფრად აგდებს ხალხის ქება-დიდებასა თუ ლანძღვა-გინებას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი წმინდად ცხოვრება და უფალთან დაახლოებაა.

შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა: რა საჭიროა ყოველივე ამისთვის თავის მოსულელება? პასუხი მარტივია: ისინი ამით უმძიმეს ცოდვას – ამპარტავნებას თრგუნავენ, საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ.

ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. ამ შემთხვევაში საშიშროებაა იმისა, რომ არა თუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს და მოღვაწე ხიბლში ჩავარდეს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. მათთან კავშირი მოძღვართან უნდა შევათანხმოთ, რომ არც ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი და არც მათ შევექმნათ დაღუპვის საშუალებად.

“სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავ დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა – სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია: – ამბობდა მამა გაბრიელი. მოგეხსენებათ, ისიც სალოსი იყო. საინტერესოა ბერის მეზობლის, რაფიელ კობაჩიშვილის მოგონება: “ჩვენ მამა გაბრიელის მეზობლად ვცხოვრობდით. პატარა ბიჭებს აგვიყოლიებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ჯვრებს და წმინდა ბარბარეს ეკლესიის გარშემო გვატარებდა. ერთხელ რაღაც საოცარი გამომეტყველებით თვალებში ჩამხედა და მითხრა: გახსოვდეს მუდამ, ღმერთი არს! თქვა თუ არა ეს სიტყვები, წაიქცა და თავი დაარტყა მიწას. ხელებს იქნევდა, სულელურად იქცეოდა. მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი სულაც არ იყო სულელი. მან რწმენით ნათქვამი ორი სიტყვით ღმერთის სიყვარული სამუდამოდ დაამკვიდრა ჩემში”. იმისათვის, რომ სალოსობის ღვაწლის სიძლიერეზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, მაგალითად მოვიყვანთ ორი ბერის – წმინდა პიმენ სალოსისა და ნატარი ანდრიას ცხოვრებას:

წმინდა პიმენ სალოსი
წმინდა პიმენ სალოსი XIII საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო. ბავშვობიდან ღვთისმოშიშებით იზრდებოდა. საერო და სასულიერო მეცნიერების მცოდნე წმინდა პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ის თავის სულიერ წარმატებას მოგონილი სისულელით მალავდა “და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს”. წმინდანი მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესობას უშიშრად ამხელდა.

მამა პიმენმა მთელი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ ცხოვრებას შეალია. წმინდანის დროინდელი ქვეყანა საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით განაწამებ მოსახლეობაში ურწმუნოება სუფევდა. თავად წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული ადამიანების უწესო ქცევის თანამონაწილე გახდა. საღვთო მადლით სავსე მამა პიმენმა იცოდა, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, ხალხიც მიბაძავდა მათ, ამიტომ ერზე ზრუნვა ხელმწიფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყო.

წმინდა პიმენმა მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდანმა “ნათესავი ლევთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა”.

ღვთის ნებითა და წმინდანთა ლოცვით წმინდა პიმენ სალოსის დიდი სურვილი აღსრულდა: მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. წმინდა პიმენის ხსენების დღეა 16(29) მარტი.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი
ნეტარი ანდრია სლავი იყო. სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებაში განსწავლა. ნეტარი თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა. წმინდანთა ცხოვრებებს გულმოდგინედ კითხულობდა და ბოლოს მათი ღვაწლის მიბაძვის სურვილით აენთო.

ერთხელ სიზმარში მამა ანდრიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა: “შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში”. იმ დღიდან ნეტარმა ქალაქის ქუჩებში ძონძებით სიარული დაიწყო. ღამე ლოცულობდა და უფალს ავედრებდა თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმინდა ანდრიას წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი უბოძა. ქრისტესთვის სალოსმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული დაღუპვისაგან იხსნა. მათ შორის იყო ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობამ შეიპყრო, მამა ანდრიას წყალობით კი კვლავ წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდა.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღვთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. იქ შეკრებილ მლოცველებს წმინდა ქალწულმა თავისი თავსაბური გადააფარა. უფლის რჩეული 936 წელს აღესრულა.

ამგვარი უანგარო და დაფარული ღვაწლის გამო სალოსები ადამიანებისათვის ღვთის წინაშე მეოხნი ხდებიან. მათ შორის ბევრი წმინდანადაა შერაცხული.

თათია ნავროზაშვილი.


http://www.ambioni.ge/vin-arian-salosebi

ფილოსოფია ეძებს სამყაროს შემოქმედს.

კაცობრიობის დედამიწაზე ცხოვრების მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა ჭეშმარიტების ძიებისკენ სწრაფვა და თავისი ყოფიერების გააზრება. ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსების საქმიანობა იყო სამყაროს შექმნისა და მისი კანონების, აგრეთვე, ადამიანისა და მისი აზროვნების კანონზომიერების გამოკვლევა; ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამის საფუძველზე შეძლებდნენ შეეცნოთ ყველა საგნის პირველმიზეზი. და ამ დროს მიმართავდნენ არა მხოლოდ მსჯელობასა და ლოგიკურ არგუმენტაციას, არამედ ასევე სწავლობდნენ ასტრონომიასა და ფიზიკას, მათემატიკასა და გეომეტრიას, მუსიკასა და პოეზიას. მათი მრავალმხრივი განვითარება შერწყმული იყო ასკეტურ ცხოვრებასა და ლოცვასთან, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანმა კათარზისს, ანუ გონების, სულისა და სხეულის განწმედას მიაღწიოს.

ხილული სამყაროს შესწავლისას ფილოსოფოსები იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ სამყაროში არაფერია შემთხვევითი, ყველა დეტალს თავისი ადგილი აქვს, მკაცრ კანონებს ემორჩილება და თავის განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებს: პლანეტები არასდროს იხრებიან საკუთარი ღერძიდან და თანამგზავრები არ ტოვებენ თავიანთ პლანეტებს. მსოფლიოში ყოველივე იმდენად ჰარმონიული და მიზანშეწონილია, რომ ძველმა მოაზროვნეებმა მას უწოდეს ‘კოსმოსი~, ანუ სილამაზე, წესრიგი, ჰარმონია, საპირისპიროდ ‘ქაოსისა~ უწესრიგობისა და დისჰარმონიისა. კოსმოსი წარმოედგინათ ვეებერთელა მექანიზმად, სადაც მოქმედებს ერთი დაურღვეველი რიტმი და პულსი. მაგრამ ნებისმიერი მექანიზმი ვინმეს მიერ უნდა იყოს შექმნილი, ნებისმიერ მექანიკურ საათს სჭირდება კონსტრუირება და ამუშავება. ასე, დიალექტიკური გზით მიდიოდნენ ფილოსოფოსები სამყაროს ,,ერთი მომწყობის” იდეამდე. პლატონი მას უწოდებდა შემოქმედს, მამას, ღმერთსა და დემიურგს. ეს უკანასკნელი ტერმინი ნიშნავს მოღვაწეს, ოსტატს. ‘ყოველივე წარმოშობილი თავისი წარმოშობისათვის საჭიროებს გარკვეულ მიზეზს, წერს პლატონი. რა თქმა უნდა, ამ სამყაროს შემოქმედისა და მამის მოძიება იოლი არ არის, მაგრამ რომ ვიპოვოთ კიდეც, მის შესახებ არ შეიძლება ყველას მოვუყვეთ... კოსმოსი მშვენიერია და მისი დემიურგი კეთილი... კოსმოსი უმშვენიერესია ყველა წარმოშობილ საგანთა შორის, დემიურგი საუკეთესო, ყველა მიზეზს შორის... არის რა კეთილი, მან იზრუნა ყველა ხილულ საგანზე, რომლებიც იყვნენ არა სიმშვიდეში, არამედ მოუწყობელ და უწესრიგო მოძრაობაში; მან ისინი უწესრიგობიდან მოიყვანა წესრიგში~.

პლატონი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც უსაზღვროდ ბატონობდა პოლითეიზმი: ადამიანები აღმერთებდნენ სტიქიებს, ბუნების ძალებს და ეთაყვანებოდნენ მათ. ფილოსოფია ფორმალურად არ უარყოფდა ‘ღმერთებს~, მაგრამ აღიარებდა მათზე უმაღლესი გონების განგებას. პლატონის კოსმოლოგიაში ‘ღმერთები~ ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც რაღაცით მსგავსია ანგელოზთა ფუნქციებისა მონოთეისტურ რელიგიებში: დემიურგმა შექმნა ისინი და მბრძანებლობს მათზე, ანგელოზები კი მის ნებას ემსახურებიან. ჰსურს რა შექმნას ადამიანები, შემოქმედი მიმართავს ანგელოზებს: ‘ღმერთთა ღმერთებო! მე თქვენი დემიურგი და საგნების მამა ვარ, ჩემგან წარმოშობილი კი ურღვევი დარჩება, რამეთუ ასეთია ნება ჩემი~. შემდეგ ის აძლევს მათ პირველქმნილ მატერიას და ავალებს მისგან ადამიანების შექმნას... ფაქტობრივად ანტიკური ფილოსოფია, თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით, ლახავდა რა პოლითეიზმის* საზღვრებს, უახლოვდებოდა ჭეშმარიტებას ერთი ღმერთის შესახებ.
ფილოსოფოსები ლაპარაკობდნენ ასევე ლოგოსის შესახებ (ბერძ. ლოგოს ნიშნავს ‘სიტყვა~, ‘გონება~, ‘აზრი~, ‘რჯული~). იგი თავდაპირველად აღიქმებოდა როგორც მარადიული და საყოველთაო კანონზომიერება, რომლის საფუძველზეც მოწყობილია მსოფლიო. თუმცა ლოგოსი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული და განყენებული იდეა: ეს არის აგრეთვე ღვთაებრივი შემოქმედებითი ძალა, შუამავალი ღმერთსა და ქმნილ სამყაროს შორის. ასე ასწავლიდნენ ფილონ ალექსანდრიელი და ნეოპლატონიკოსები. პლოტინესთან, ნეოპლატონიკოსების სკოლის წარმომადგენელთან, ფილოსოფია თითქმის რელიგიად გადაიქცევა. ის ხაზს უსვამს ტრანსცენდენტულობას, უკიდეგანობას, განუსაზღვრელობას და ღვთაებრიობის შეუცნობლობას: ვერანაირი განსაზღვრება მას ვერ ამოწურავს, ვერანაირი თვისება მას ვერ მიეწერება. აქვს რა ყოფიერების სისავსე, ერთი (ასე უწოდებდა პლოტინი ღმერთს) წარმოშობს ყოფიერების ყველა სხვა სახეობას, რომელთა შორის პირველია გონება, მეორე მსოფლიოს სული, რომლის მიღმაც განთავსებულია მატერიალური სამყარო; ფაქტობრივად მთელი სამყარო, რომელსაც სული შთაბერვით აძლევს სიცოცხლეს. ამგვარად, მსოფლიო წარმოადგენს, ‘ღვთაებრივი~ რეალობის ერთგვარ ანარეკლს და თავის თავში ატარებს სილამაზისა და სრულყოფილების თვისებებს. ერთი, გონება და სული ერთობლიობაში შეადგენენ ღვთაებრივ ტრიადას (სამებას). განწმედის კათარზისის გზით ადამიანი მაღლდება ღვთის ჭვრეტამდე, თუმცა ღმერთი მაინც რჩება შეუცნობელი და მიუდგომელი, ის მაინც რჩება საიდუმლოებად.

ანტიკური ფილოსოფია დიალექტიკის გზით ძალიან ახლოს მიდის იმ ჭეშმარიტებებთან, რომლებიც საბოლოოდ ქრისტიანობაში გაცხადდა; ესენია: ერთი ჭეშმარიტი ღმერთის, სამყაროს შემოქმედის, ღვთაებრივი ლოგოსი (სიტყვა)-ძის და ყოვლადწმიდა სამების შესახებ ჭეშმარიტებანი. შემთხვევითი არ არის, რომ ადრექრისტიანობის დროინდელი ღვთისმეტყველები ფილოსოფიას ‘ქრისტემდელ ქრისტიანობას~ უწოდებდნენ. ‘თუმცა ელინური ფილოსოფია არ შეიცავს ჭეშმარიტებას მთელი მისი სიდიადით... და მაინც, მიუხედავად ამისა, ის წმენდს გზას ქრისტესკენ~, ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი. ეკლესიის ბევრი მამა და მოძღვარი ქრისტიანობაში ფილოსოფიის შესწავლით მოვიდა ან, ყოველ შემთხვევაში, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მას, მათ შორის არიან: მღვდელმოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ნეტარი ავგუსტინე, წმინდა მღვდელთმთავრები გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ღვთისმეტყველი. ადრექრისტიანული ტაძრების სტოაში მოწამეებთან და წმინდანებთან ერთად გამოისახებოდნენ სოკრატე, პლატონი და არისტოტელე, როგორც წინამორბედნი და ჭეშმარიტების წინასწარმაუწყებელნი...

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.

http://faith.ge/index.php?newsid=1270

ათეიზმი შეუძლებელია (შეუძლებელი ათეიზმი).

ძვირფასო აგნოს!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გინდათ იცოდეთ, რატომ გიწოდებთ “აგნოსს”. “აგნოსი”-ეს არის სიტყვა “აგნოსტიკურის” შემოკლება და იმასთან მიმართებით გამოიყენება, ვინც ღმერთის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა. აგნოსტიკი ყოველთვის ამბობს, რომ მან არ იცის, არსებობს თუ არა ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ ამის ფაქტის სასარგებლო და საწინააღმდეგო ჩვენებები არადამაჯერებელია. შესაძლოა მითხრათ: “თქვენ მე არასწორად მომმართავთ. მე აგნოსტიკი კი არა, უბრალოდ, ათეისტი ვარ. მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს.” მართლა? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს იცით? ვფიქრობ, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი დოგმატური ათეიზმის არსებობა შეუძლებელია. თუ სწორად ვიმსჯელებთ, ინტელექტუალური ოდისეა შეგვიძლია დავიწყოთ თეზისიდან: ვერავის ძალუძს ათეისტობა. თუკი თქვენ არ ხართ თეისტი, ლოგიკურად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მხოლოდ აგნოსტიკი.

თუკი ტიპიური ათეისტი ბრძანდებით, სავარაუდოდ, რამოდენიმე მთავარ მტკიცებულებას უნდა ეყრდნობოდეთ. თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ სამყარო მატერიისაგან შედგება მხოლოდ, რომ რწმენა – განუვითარებელი ადამიანების სამარცხვინო და არასაიმედო თავშესაფარია და, რომ გონიერი ადამიანები მეცნიერულ მეთოდებს უნდა ეყრდნობოდნენ. შევეცადოთ, ამ მტკიცებულებების გამოყენებით დავამტკიცოთ, რომ ათეისტი არა ხართ.

ათეიზმის შეუძლებლობა

აგნოს, თუკი თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ, რეალობის შესახებ გეცოდინებოდათ ყველაფერი. სხვა შემთხვევაში, ერთი ფაქტიც კი, რომელსაც არ გაითვალისწინებდით, შესაძლოა სწორედ ის ფაქტი გამხდარიყო, რომელიც ღმრთის არსებობას დაადასტურებდა. ღმერთის არსებობა – შესაძლებელია, მაგრამ თქვენი დოგმატური მტკიცებით იგი არ არსებობს. თქვენ ამით ამტკიცებთ, რომ იცით ყველაფერი, რაც შეიძლება იცოდეთ რეალობის შესახებ და ამ რეალობაში არანაირი ღმერთი არ არის. მაგრამ რომელი გონიერი ადამიანი იტყვის, რომ მან ყველაფერი იცის, რაც შესაძლებელია, რეალობის შესახებ?

დავუშვათ, რომ გაქვთ ტომარა, რომელშიც ბურთულებია მოთავსებული. თქვენ გსურთ, დაამტკიცოთ, რომ მათ შორის არ არის შავი ბურთულები. ეს ფაქტი რომ დადასტურდეს, თქვენ ყველა ბურთულა ერთდროულად უნდა ნახოთ. თუკი ეს პირობა არ შესრულდება, ვერანაირად ვერ დაამტკიცებთ თქვენს მოსაზრებას. ამ მაგალითში ტომარაში იგულისხმება სამყარო, ამ დროს კი თქვენ ამტკიცებთ, რომ მასში ღმერთი არ არის. იცით თუ არა ზუსტად, რა არის ტომარაში?

მოდი, ამ მსჯელობის აბსურდულობამდე მივიდეთ. დავუშვათ, თქვენ დედამიწაზე იწყებთ ღმერთის ძიებას, ათვალიერებთ თითოეული ქვის ქვეშეთს ჩვენს პლანეტაზე. ღმერთი არ არის. ძიებას მარსზე განაგრძობთ, კვლავ უშედეგოდ. შემდეგ ეწვევით იუპიტერს, ნეპტუნს, ურანს, პლუტონს, მოივლით რძის გზას, ანდრომედას და სამყაროს სხვა ადგილებს, მაგრამ ღმერთი არსად არ არის. იქნებით თუ არა ყოველივე ამის შემდეგ ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ ღმერთი არ არსებობს? ხომ შეიძლება, მთელი თქვენი მოგზაურობის განმავლობაში ღმერთი ერთი ნაბიჯით გასწრებდათ და თავს არიდებდა თქვენთან შეხვედრას?

ვიცი, რომ თქვენთვის ეს ყველაფერი ბრიყვულად ჟღერს, მაგრამ აქვე მსურს სრულიად სერიოზულად შევნიშნო: თქვენ უნდა იცოდეთ ყველაფერი ყველაფრის შესახებ და იმავდროულად იმყოფებოდეთ ერთბაშად ყველგან, რათა უაპელაციოდ განაცხადოთ: “მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს”. ნამდვილი ათეისტი რომ იყო, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი უნდა იყო, ეს ატრიბუტები კი ჩვეულებრივ მხოლოდ ღმერთს განეკუთვნება.. ერთი სიტყვით, თქვენ უნდა იყოთ ღმერთი, რათა დაამტკიცოთ, რომ ღმერთი არ არსებობს.

თქვენ მართლა გჯერათ ზებუნებრივის

თუკი თქვენ ამ პუნქტს ეთანხმებით, აგნოს, მაშინ, შემდეგ პუნქტში ნამდვილად კედელთან მიგაყენებთ. როგორც კი იმას მეტყვით, რომ ყოვლისმცოდნე არა ხართ, მე გიჩვენებთ, რომ სინამდვილეში, თქვენ ზებუნებრივისა გწამთ. თუ მატერიალისტი ბრძანდებით, ანუ გწამთ, რომ ყველაფერი არსებული შედგება მატერიის ან ბუნებისგან, მაშინ ეს ყველაფერი ალბათ სიტყვების თამაშად მოგეჩვენებათ. მაგრამ ამასაც დაუფიქრდით: ვერავინ უარყოფს, რომ არსებობს შეუცნობი სფერო ცნობილი რეალობის მიღმა. თუ ჩვენ სამყაროს მიმართ გამოვიყენებთ სიტყვას “ბუნებრივი,” რომელიც უკვე შევიმეცნეთ, მაშინ ცხადია, რომ არსებობს “ზებუნებრივიც”, რამდენადაც “ზე” მიუთითებს (მიანიშნებს) ისეთ რამეზე, რაც ცნობადის (შეცნობილის, ცნობილის) მიღმა არსებობს. აქედან გამომდინარე, ზებუნებრივს განეკუთვნება რაღაც ფაქტების ძალების, არსებებისა თუ კანონების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელია. მრავალი მორწმუნე სიტყვა “ზებუნებრივს” იყენებს (ხმარობს) ფანტაზიების, ოკულტიზმისა, იდუმალის, დაუჯერებელისა ან წარმოსახვითი მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამას ზემოთქმული განსაზღვრებიდან გამომდინარე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხის კვლევა დავიწყოთ საერთო, ყველასათვის მისაღებ საფუძველზე დაყრდნობით.


ცხადია, რომ მატერიალისტს სჯერა, რომ შეცნობადი სამყაროს მიღმა არსებობს სხვა რეალობაც, მაგრამ ის თვლის, რომ უცნობი რეალობა ყველაფრით ცნობადი სამყაროს მსგავსია. მას სჯერა, რომ ისიც მატერიისგან შედგება და “ბუნებრივია”. ის ამტკიცებს, რომ სამყარო მთლიანობაში ერთგვაროვანია, ანუ, ერთი ბოლოდან მეორემდე ის ერთი და იმავესგან—მატერიისგან—შედგება. მაგრამ რა უფლება აქვს ადამიანს ამტკიცოს, რომ ესა და ეს არის უცნობი რეალობის შემადგენელი? საიდან უნდა ვიცოდეთ ამდენი უცნობ სამყაროზე? ალბათ, საჭიროა ჯერ ადამიანი გაეცნოს უცნობ(შეუცნობელ) სამყაროს, სანამ დაიწყებს დარწმუნებით იმის მტკიცებას, რომ უცნობი სამყარო ყველაფრით ცნობადი სამყაროს მსგავსია. ნუთუ არ არის საჭირო დავინახოთ სამყარო მთლიანობაში იმისათვის, რომ განვაცხადოთ, რომ ის “მატერიისგან შედგება?” ნუთუ შეუძლებელია, რომ შეუცნობელი სამყარო განსხვავდებოდეს ბუნებრივი სამყაროსგან? ნუთუ არსებობა და რეალობა არამატერიალური, ზეემპირიული და სულიერი სამყაროებისა შეუძლებელია?

გაითვალისწინეთ, ბატონო აგნოს, უარყოფითი მტკიცებისათვის “ღმერთი არ არსებობს”, ისევე, როგორც დადებითი მტკიცებისათვის: “ყველაფერი მატერიისგან შედგება”, ადამიანი უნდა ფლობდეს ყველაფრის შეცნობის შესაძლებლობას. ამას კი მესამე მტკიცებისკენ მივყავართ.

თქვენ გაქვთ რაღაცის რწმენა


თუ თქვენ უარყოფთ, რომ ყველაფრისმცოდნე ბრძანდებით, და აღიარებთ ზებუნებრივის არსებობას, მაშინ თქვენ რაღაც რწმენა მართლაც გქონიათ. შეიძლება ეს ჯერ კიდევ რელიგიური რწმენა არ იყოს, მაგრამ ეს საწყისია, რამეთუ რელიგიური რწმენაც სათავეს საყოველთაო რწმენისგან იღებს. ..
ჩვენ შეგვიძლია რწმენა ჯერ განვსაზღვროთ როგორც მტკიცებულების მიღება, რომელსაც დამტკიცებას პირდაპირი მეთოდებით ვერ შევძლებთ, როცა პირდაპირი მეთოდებით ვამტკიცებთ, ამას ცოდნას ვუწოდებთ; როცა არაპირდაპირ მეთოდებს ვიყენებთ, ამას რწმენას ან მრწამსს ვუწოდებთ.

არ შეიძლება რწმენა განვსაზღვროთ როგორც ბრმა ნახტომი შეუცნობელისკენ. ეს უფრო სინათლეში შესვლაა. რწმენის სინათლე, შესაძლოა უფრო მქრქალი იყოს იმაზე, რასაც ცოდნას ვუწოდებთ, მაგრამ ეს სიბნელე არ არის. რწმენა ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული რაღაც, არა ყოველთვის სრულყოფილ ჩვენებებზე. რწმენა ყოველთვის ნდობასა და რწმუნებას შორის ძევს.

ამ განსაზღვრების მიხედვით საკმაოდ ნათელია, რომ ყოველ ადამიანს აქვს რწმენის გარკვეული საზომი. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რაღაც ფილოსოფიის მიმდევრობა მის გარეშე შეუძლებელია. ყველა ადამიანს აქვს მრწამსი, ჰიპოთეზები, თეორიები, ამხსნელი პოსტულატები, რის შესახებაც ის ფიქრობს სამყაროსთან მიმართებით, განსაკუთრებით მის უჩინარ და მათთვის შეუცნობელ მხარეებთან დაკავშირებით. პრინციპში ყველა ადამიანს აქვს მსოფლმხედველობა (ძველი გერმანული სიტყვის ”წელტანსცჰაუუნგ” შემცვლელი არ არსებობს), და ყველა მსოფლმხედველობა სცილდება ემპირიულ რეალობას. თუ თქვენ, აგნოს, გაქვთ რაიმე ფილოსოფიური მრწამსი, მაშინ თქვენ იმაზე მეტი რწმენა გაქვთ, ვიდრე მზად ხართ აღიაროთ.

ამიტომაც შეცდომაა, ვამტკიცოთ, რომ სირთულეები მხოლოდ ქრისტიანთა ხვედრია: რწმენა ლოგიკის წინააღმდეგ. ყველა გონიერი ადამიანი, - თუ ისინი აზროვნებენ, - ეჩეხება ამ პრობლემას. თვით ურწმუნოებიც კი სვამენ ამ კითხვას: სად მთავრდება ცოდნა ჩემს შემეცნებაში და იწყება რწმენა? თქვენი ფილოსოფიური რწმენის მიხედვით, თქვენ აღიარებთ “სხვა (უცნობი) სამყაროს” არსებობის შესაძლებლობას, ამიტომ, აუცილებელია, კიდევ უფრო შორს წახვიდეთ და გვითხრათ, სახელდობრ რა წარმოადგენს თქვენთვის პირველწყაროსა და ავტორიტეტს? თვითონ უნდა გაერკვეთ, რის საფუძველზეა მისაღები ან არმისაღები თეზა უცნობი სამყაროს შესახებ. ამ პუნქტში, თქვენ არაფრით განსხვავდებით რელიგიური ადამიანისაგან. რწმენისა და ლოგიკის პრობლემა საერთო ფილოსოფიური პრობლემაა, რომელიც ნებისმიერი მსოფლაღქმისათვის უნდა იქნეს განსაზღვრული.

თუკი აქამდე გონივრულად ვმსჯელობ, აგნოს, ვფიქრობ, თქვენ მგზნებარე ათეისტი არ უნდა იყოთ. თქვენ აღიარებთ ზებუნებრივს და ეთანხმებით მტკიცებას, რომ რაღაცის რწმენა გაქვთ. ჯერჯერობით ეს ფაქტი ვერ გაქცევთ თეისტად ან ქრისტიანად, მაგრამ ნაბიჯი სწორი მიმართულებით უკვე გადადგით. თქვენ უკვე გახდით “პატივცემული აგნოსტიკოსი”, “გულახდილი სკეპტიკოსი”, ადამიანი, რომელმაც არ უწყის, როგორ იქნება მართებული იფიქროს ღმერთზე, მაგრამ, ამავე დროს, მზად არის ისწავლოს, თუკი საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
ავტორი: არლი ჰუვე

http://faith.ge/index.php?newsid=1187

თანამედროვე მეცნიერება და ღვთის რწმენა.

უკანასკნელი ასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში მაქს პლანკი ამბობს: „რელიგია და მეცნიერება სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ადრე ფიქრობდნენ და რისაც მრავალ ჩვენს თანამედროვეს ეშინია; პირიქით, ისინი ეთანხმებიან და ავსებენ ერთიმეორეს“.
ამავე აზრს ადასტურებს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ა. კრეს მორისონი თავის ბრწყინვალე სტატიაში „შვიდი მიზეზი, რომლებიც ხსნის, თუ რატომ მწამს ღმერთი“.
მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ წერილს.

.: I :.
მათემატიკური ანალიზი

წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა გდია, ღირებულების მიხედვით - ერთიდან ათ ცენტამდე. ტომარა შეანჯღრიეთ და შეეცადეთ, მონეტები მათი ღირებულების ზრდის მიხედვით ამოიღოთ, ოღონდ ყოველ ამოღებულ მონეტას, დახედავთ თუ არა, უკანვე, ტომარაში ჩაუძახეთ.

მათემატიკა ამბობს, რომ ათიდან მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, პირველივე ცდაზე ერთცენტიანი მონეტა შეგვხვდეს. ხოლო ერთცენტიანის შემდეგ რომ ორცენტიანი ამოვიღოთ, ამის ალბათობა უკვე ასიდან ერთია, მესამე ცდაზე სამცენტიანის ამოღებისა - ათასიდან ერთი და ა.შ.

ერთი სიტყვით, აი, რას გვეუბნება მათემატიკური ანალიზი: შემთხვევით, გონიერი წარმართვის გარეშე, სიცოცხლე დედამიწაზე ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა.

ბრუნვის სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე საათში ათასი მილია. დედამიწა რომ საათში ასი მილის სიჩქარით ბრუნავდეს, დღეცა და ღამეც ათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა. ამსიგრძე დღის განმავლობაში მზე ყოველივე ცოცხალს გადაბუგავდა, ღამე კი ყველაფერს სიცივე მოუღებდა ბოლოს.

მზის ტემპერატურა 12 000 გრადუსია ფარენგეიტით. დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რომ ეს „მარადიული ცეცხლი“ ისე გვათბობდეს, როგორც საჭიროა, არც მეტად არც ნაკლებად. მზე რომ ორჯერ ნაკლებ სითბოს გვიგზავნიდეს, გავიყინებოდით, ხოლო ორჯერ მეტად რომ გვათბობდეს, სიცხე დაგვხოცავდა.

დედამიწის ღერძი 23 გრადუსით არის დახრილი. ამიტომაც არსებობს წელიწადის დრონი. დახრილობა სხვანაირი რომ იყოს, ოკეანეების ანაორთქლი იმოძრავებდა წინ და უკან, სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ, და ყველა კონტინენტს ყინულით დაფარავდა.

მთვარე 50 000 მილით რომ იყოს ჩვენგან დაცილებული, ოკეანის მიმოქცევას ისეთი გრანდიოზული მასშტაბი ექნებოდა, რომ კონტინენტები დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ მოექცეოდა წყლის ქვეშ.

ატმოსფერო, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, ოდნავ უფრო თხელი რომ ყოფილიყო, მილიონობით მეტეორი, რომლებიც ახლა ატმოსფეროში იწვება, დედამიწაზე ჩამოცვივდებოდა და უთვალავ ხანძარს გამოიწვევდა.

ეს და ურიცხვი სხვა მაგალითი მოწმობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევით გაჩენის ალბათობა მრავალი მილიონიდან ერთიც კი არ არის.

.: II :.
სიცოცხლემ სძლია წყალს, ხმელეთსა და ჰაერს

ჯერ არც ერთი ადამიანი არ ჩასწვდომია სიცოცხლის არსს. მას არც წონა აქვს, არც ზომა, მაგრამ არის რეალური ძალა. მზარდი ფესვი კლდეს ანგრევს. სიცოცხლემ დაამარცხა წყალი, ხმელეთი და ჰაერი.

სიცოცხლე სკულპტორია, რომელიც ფორმას აძლევს ყველაფერს, რაც სუნთქავს, სიცოცხლე მუსიკოსია, რომელიც ჩიტებს სასიყვარულო სიმღერებს ასწავლის, სიცოცხლე ზედმიწევნით დახვეწილი ქიმიკოსია, რომელიც ნაყოფს გემოს აძლევს, ყვავილებს - სურნელს, წყალსა და ნახშირჟანგს შაქრად და ხედ აქცევს და ამ დროს ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელ ჟანგბადს იღებს.

აი, ჩვენს ხელთ პროტოპლაზმას წვეთია, თითქმის უხილავი, გამჭირვალე, ჟელეს მსგავსი, რომელსაც მოძრაობა და მზისგან ენერგიის მიღება შეუძლია. ეს უჯრედი, ეს გამჭირვალე ნამცეცა ნაწილაკი სიცოცხლი ჩანასახია და მცირესა და დიდისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა აქვს. მისი ძალა მეტია, ვიდრე ძალა ჩვენი არსებობისა, უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და ცხოველი, რადგან ის ყოველივე ცოცხალის საფუძველია. სიცოცხლე ბუნებას არ შეუქმნია. სიცხისგან დახეთქილი კლდეები და ზღვები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სიცოცხლეს სჭირდება.

ვინ შთაბერა სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნამცეცს?..

.: III :.
ვინ მისცა ცხოველებს ინსტიქტი?

ახალგაზრდა ორაგული სიცოცხლის პირველ პერიოდს ზღვაში ატარებს, შემდეგ კი მშობლიურ მდინარეს უბრუნდება, თანაც მას ზუსტად ამ გზით აუყვება, რომლითაც ქვირითი მოხვდა ზღვაში. რას მიჰყავს ორაგული ასეთი სიზუსტით?

კიდევ უფრო იდუმალია გველთევზას ქცევა. ეს საოცარი არსება ზრდასრულ ასაკში ტოვებს ტბორებს, მდინარეებსა თუ ტბებს, ფარავენ ათასობით მილს და ბერმუდის კუნძულებისკენ მიცურავენ. აქ ისინი გამრავლების აქტს ასრულებენ და იხოცებიან. პატარა გველთევზები, რომელნიც თითქოსდა ოკეანის სიღრმეებში ჩასაკარგად არიან განწირულნი, თავიანთი მშობლების გზას დაადგებიან და იმ მდინარეებს, ტბორებსა და ტბებს უბრუნდებიან, საიდანაც მათ იწყეს მოგზაურობა. ევროპაში არცერთხელ არ დაუჭერიათ გველთევზა, რომელიც ამერიკის წყლებში ცხოვრობს და არც ამერიკაში უნახავთ ოდესმე ევროპული გველთევზა.

საიდან ჩნდება მათთვის გეზის მიმცემი იმპულსი?

კრაზანა ზუსტად განსაზღვრულ ადგილას ასობს ნესტარს კალიას. ამის შედეგად კალია გონებას კარგავს და თითქოსდა დაკონსერვებულ ხორცად იქცევა. ამის შემდეგ კრაზანა კვერცხს დებს, ხოლო გამოჩეკილი მატლები კალიას ისე წოვენ, რომ არ მოკლან - მკვდარი ხორცი მათთვის მომაკვდინებელი საკვები იქნება. ამის შემდეგ დედა კრაზანა კვდება. ის ვერასოდეს ნახავს თავის შვილებს. უეჭველია, რომ ყოველი კრაზანა ამას ცხოვრებაში პირველად აკეთებს, ყოველგვარი სწავლების გარეშე, და აკეთებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მისტიკური ტექნიკა მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.

.: IV :.
ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალია

ადამიანს კი ცხოველურ ინსტიქტზე მეტი რამ აქვს: გონება. თუკი ინსტიქტს ფლეიტის ერთ ნოტს შევადარებთ, - მშვენიერ, მაგრამ შეზღუდულ ხმოვანებას, - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას ორკესტრის ყველა ინსტრუმენტის ყოველი ბგერის გამოცემა შეუძლია. ჩვენი გონიერების წყალობაა, რომ შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, თუ რას წარმოვადგენთ, ეს შესაძლებლობა კი იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალი ძევს.

.: V :.
აი, სად იწყება ევოლუცია

დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ადამიანის გენები რომ შეგვეგროვებინა, სათითესაც კი ვერ გაავსებდა. მიუხედავად ამისა, ეს ულტრამიკროსკოპული გენები და მათი თანმდევი ქრომოსომები ძევს ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ყოველ უჯრედში და უტყუარ გასაღებს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის ყველა თვისებების ასახსნელად. სათითეში ეტევა მთელი დედამიწის მოსახლეობის ყველა ინდივიდუალური ნიშანი! მაშ, როგორ ხდება, რომ გენი ცალკეული პიროვნების ფსიქოლოგიის გასაღებსაც კი იტევს?

აი, სად იწყება ევოლუცია! ის იწყება ერთეულში, რომელიც გენებს ინახავს და გადააქვს. და თუ ულტრამიკროსკოპულ გენში შემავალი რამდენიმე მილიონი ატომი შეიძლება აღმოჩნდეს ის აბსოლუტური გასაღები, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს წარმართავს, რაღა იქნება ამაზე უტყუარი საბუთი, რომ ყოველ ცოცხალ არსებაზე ვიღაცამ წინასწარ იზრუნა?

.: VI :.
მწერმა კაქტუსი დაამარცხა

თუკი ბუნების ეკონომიკას დავაკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ უკიდურესად სრულყოფილ გონს შეუძლია განჭვრიტოს ყველა სირთულე, რომელიც კი ასეთ რთულ მეურნეობაში იჩენს თავს.

მრავალი წლის წინათ ავსტრალიაში ცოცხალ ღობედ დარგეს კაქტუსის ზოგიერთი შემოტანილი სახეობა. რაკი აქ მისი მავნებლები არ ბინადრობდნენ, კაქტუსი გამრავლდა, და უზარმაზარი ტერიტორია დაფარა. მან ქალაქებიდან და სოფლებიდან გაყარა ხალხი, დაანგრია ფერმები... ენტომოლოგები კაქტუსთან ბრძოლის გზებს მთელ მსოფლიოში ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ მიაგნეს მწერს, რომელიც მხოლოდ ამ მცენარით იკვებებოდა. ის იოლად გამრავლდა, რადგან ავსტალიაში მტრები არ ჰყავდა. მალე კაქტუსმა უკან დაიხია. ამის კვალობაზე, შემცირდა მწერების რაოდებობაც. დარჩა მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო გახლდათ, რომ კაქტუსი ამაზე მეტად აღარ გამრავლებულიყო.

ამგვარი ურთიერთკონტროლის მექანიზმი ყველგან გვხვდება. მართლაცდა, მწერები, რომლებიც ასე სწრაფად მრავლდებიან, რატომ არ ანადგურებენ დანარჩენ ცოცხალ სამყაროს? იმიტომ, რომ ისინი სუნთქავენ არა ფილტვებით, არამედ ტრაქეით. ტრაქეა კი მწერის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი პროპორციით არ იმატებს. ეს შეუსაბამობა აფერხებს მწერების ზრდას. რომ არა ეს თავისებურება, ადამიანები გადაშენდებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოგვივა, ერთ მშვენიერ დღეს ლომისოდენა ხოჭოები რომ დაგვესხან თავს...

.: VII :.
ღმერთი ყველგან და ყველაფერშია

ის ფაქტი, რომ ადამიანს უნარი აქვს, ღმერთის არსებობის იდეა აღიქვას, თავისთავად საკმარისი საბუთია მისი არსებობისა.

კონცეფცია ღმერთის შესახებ ადამიანის იმ საიდუმლო ნიჭის წყალობით აღმოცენდება, რომელსაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ ძალის მეშვეობით ძალუძს ადამიანს, ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით, ახსნა მოუძებნოს აბრსტაქტულ საგნებსა და ცნებებს. ასე, რომელსაც ეს ნიჭი გადაგვიშლის, თვალუწვდენელია. სწორედ ჩვენი სრულყოფილი წარმოსახვა გვაძლევს სულიერი აღქმის საშუალებას და შეგვაძლებინებს, მიზნისა და ამოცანის მთელი სიცხადით გავაცნობიეროთ დიადი ჭეშმარიტება, რომ ცათა სასუფეველი ყველგან და ყველაფერშია, რომ ყველგან და ყველაფერშია ღმერთი.

აი, ასე გვიდასტურებს მეცნიერებაც და წარმოსახვაც მეფსალმუნის სიტყვებს: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ
ჟურნალი „კარიბჭე“ № 2, 2004 წ.
orthodoxy.ge

ყვავილები.V














ჯერ წაუკითხავი...

მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი საგანძური.

ბჭე სიწმინდისა.
http://qadageba.ge/downloads/bche%20siwmidisa.pdf

***


თეიმურაზ ფანჯიკიძე
რელიგიური პროცესები საქართველოშიXX და XXI საუკუნეთა მიჯნაზე.

http://www.tsu.edu.ge/data/file_db/library/religiuri_procesebi.pdf

***

აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა.

სტატიათა კრებული
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000693/Christianity%202.pdf


***

კონტროლის ახალი პარადიგმა.


იყო მართული,ნიშნავს იყო ნათვალთვალები,ინსპექტირებული,დირექტირებული
დანომრილი,რეგულირებული,აღრიცხული,ინსტრუქტირებული,ნაქადაგევი,შემოწმებული,
შეფასებული,ცენზორირებული,ნაბრძანები იმ არსებებისაგან,რომელთაც არ აქვთ არც უფლება,
არც გონიერება და არც ღირსება,აკეთონ ასე.იყო მართული ნიშნავს იყო ჩართული
ნებისმიერ ოპერაციაში,ჩანიშნული ყველა აღრიცხულ გარიგებაში,დათვლილი,რეგისტრირებული,დაშტამპული,გაზომილი,
ლიცენზირებული,ავტორიზებული,დაჯერებული,აღკვეთილი,რეფორმირებული,
კორექტირებული,დასჯილი.საზოგადოებრივი სარგებლის,საერთო ინტერესების
სახელით იყო ექსპლოატირებული,გამოძალული,ჩახშობილი,გაძარცვული.უმნიშვნელო
წინააღმდეგობის გაწევისა და უბრალო დაჩივლებისათვის – რეპრესირებული,დაჯარიმებული,გალანძღული,განიარაღებული,დაპატიმრებული,
გასამართლებული,დეპორტირებული,გაყიდული,მსხვერპლშეწირული.საბოლოოდ კი
მასხრად აგდებული,შერცხვენილი,დამნაშავის იარლიყით.
ეს არის მთავრობა.ეს არის მისი მორალი.(პრუდონი)

კონტროლის ახალი პარადიგმა: (პრუდონი დღეს.2012 წელი)


იყო მართული ნიშნავს: შენს ინფორმაციას კატალოგებში,ყოველდღიურ მეთვალყურეობას,ინსპექციას,შენი წესრიგის დირექტირებას,საკუთარი სამოქალაქო თავისუფლებების ამოქოლვას,უფლებას,ნებისმიერი დოკუმენტი IP მისამართით დაგინომრონ,ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ არეგულიროს შენი ემოციები,ამოწმონ შენი “Like”-ები და “Dislike”-ები ყველა სოციალურ ქსელში,შეგიფასონ საქონლის მიმოცვლის ყველაზე ხელოვნური ფორმები,თვითცენზურით გაამართლო ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივები,იცხოვრო იმანენტური პროტოკოლით,რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ნაციონალური,ისე ინტერნაციონალური,როგორც პრივატული,ისე საჯარო.
ინტერესისა და ინვესტიციის მიზეზებით გამართლებული რენტაბელურობა და სოციალური სიკეთე რადიკალური ექსპროპრიაციის,მენტალური ჯანმრთელობის,განათლებისა და განმანათლებლობის,ადამიანური ურთიერთობებისა და გრძნობების იდეებს უკვე დანიშნული რეცეპტების მიღმა ათავსებს.
წინააღდეგობის გაძლიერებასთან ერთად სოციალური სხეული მოქნილი,დამყოლი,ელასტიკური ხდება იმ ზომამდე,რა ზომამდეც არ სჭირდება არც დისციპლინა,გასამართლება,წყევლა,დეპორტირება,გაყიდვა,შეურაცხყოფა – ყველაფერი ისედაც მისი აკორდებით მიდის.სოციალური ფაბრიკიდან გამოქცევა,რაც ნიშნავს თავი დააღწიო კაპიტალიზმის სიმბოლურ სამყაროს,ფატალური ხდება.ეს ეგოს ახალი ტიპის მმართველობაა,ეს ახალი ერის ახალი მორალია,ის,რაც განსაზღვრავს სამართლიანობის გაგებას.
..............
ერთი სიტყვით კონტროლზე.

* თავდაპირველად ადამიანი ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა ისეთ მოვლენებს, რომელთა ახსნაც არ შეეძლო. შემდგომ, დაკვირვებების შედეგად ადამიანმა აღმოაჩინა გარკვეული კანონზომიერებები, ციკლური მოვლენები და მან ეს ცოდნა გამოიყენა ადამიანთა უმრავლესობის კონტროლისათვის, რომელსაც საფუძვლად პირადი, მერკანტილური ინტერესები ჰქონდა. განათლების გავრცელების შეზღუდვით ადმიანთა მცირე ჯგუფი დღემდე წარმატებით იყენებს მეცნიერებას და მის მიღწევებს ამ მიზნებისათვის.

* ასე შეიქმნა რელიგია, რომელიც წარმოადგენს მთელ სისტემას საკრალიზებული ცოდნისა და რიტუალების კომპლექსს, ადამიანის ყალიბში მოქცევისა და მისი მართვის შესაძლებლობისთვის.

* ეს შედეგი მიიღწევა ბუნებრივი მოვლენების პერსონიფიცირებით და დუალისტური დაყოფის გზით, რომლის ნებისმიერი პოლარული სახე დაიყვანება პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტზე. ამ დაყოფით იქმნება მტრის ხატი. ბოროტება ფონია, რომელიც მთელი სიმკვეთრით წარმოაჩენს ”სიკეთეს”. პრიმიტიულია, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია. მტრის ხატის შექმნა მეთოდია ადამიანთა უმრავლესობის სასურველი მიმართულებით კონსოლიდაციისათვის. კალაპოტიზაცია სამი მთავარი პროცედურის მეშვეობით ხორციელდება: გამოცდა, ჯილდო და სასჯელი. ამ მეთოდების მიზანია ადამიანთა დაყოფა, დახარისხება, ფილტრაცია არსებული სისტემის ფუნქციონირებისა და განგრძობისათვის საჭირო ფასეულობების მიხედვით.

* იგივე პრინციპებით მოქმედებს სახელმწიფო. ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაზრდისთვის ის ცდილობს შექმნას საგანგებო რეჟიმები; გამოიყენოს ან პროვოცირება გაუკეთოს ომებს, ეკონომიკურ კრიზისებს, ეპიდემიებს, სტიქიურ უბედურებებს, ეკოლოგიურ კატასტროფებს და ა.შ.

* სახელმწიფო არის ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ემსახურება და იცავს კაპიტალს საკანონმდებლო, სასამართლო და სასჯელაღსრულებითი რეპრესიული აპარატით.

* კაპიტალი არის კერძო საკუთრებაში არსებული საწარმოო საშუალებები, სადაც ყველაფერი: ბუნებრივი რესურსები, სამუშაო იარაღები, საარსებო საშუალებები და მათ შორის ადამიანი, თავისი სამუშაო ძალით წარმოადგენს უბრალოდ საქონელს, საცვლელ ღირებულებას.

* კაპიტალიზმი დღეს არსებული საზოგადოებრივი წარმოებითი ურთიერთობაა. ვინაიდან ადამიანთა უმცირესობას უსამართლოდ აქვს მისაკუთრებული, როგორც მატერიალური რესურსები, ასევე კაცობრიობის კულტურული მიღწევები, ხოლო უმრავლესობას არაფერი არ გააჩნია გარდა თავიანთი სამუშაო ძალისა, რათა იცხოვრონ ისინი იძულებულნი არიან მიჰყიდონ სამუშაო ძალა საწარმოო საშუალებების მესაკუთრეებს – კაპიტალისტებს. მშრომელი ადამიანი სამუშაო ძალის სანაცვლოდ ღებულობს მინიმუმს საარსებო საშუალებისას საწარმოო ძალთა გენოფონდის შენარჩუნებისათვის, ხოლო კაპიტალისტი საარსებო საშუალების სანაცვლოდ მუშის შრომას, საწარმოო მოქმედებას, შემოქმედებით ძალას, რომლის შემწეობით მუშა არა მარტო ანაზღაურებს იმას, რაც მოიხმარა, არამედ ზრდის კაპიტალს – დაგროვილ შრომას მეტ ღირებულებას აძლევს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. კაპიტალი, რომელიც დაქირავებულ შრომას გულისხმობს საზოგადოებას ჰყოფს კლასებად, რადგან იწვევს საზოაგდოების ერთი, მცირე ფენის უსაღვროდ გამდიდრებას, ხოლო უმრავლესობის გაღატაკებას. უკვე ცხადია საერთოდ რატომ და რისთვის არსებობს კონტროლი, თავისი ტოტალურობის ტენდენციით, რომ შენარჩუნებულ იქნას ძალაუფლების მქონე ფენის პრივილეგიები, ხელმისაწვდომობა ყველაფერზე და უზრუნველყოფილი ამ წყობის განგრძობა, რომელშიაც ისინი მოგებას ხედავენ. ამიტომ ბუნებრივია რომ არსებობს კონფლიქტი და ანტაგონისტური დამოკიდებულება კლასებს შორის, მაგრამ საკვირველი ისაა რომ ამ ძალადობრივ და მავნე სისტემას ხალხი ასე ცოტა წინააღმდეგობას რომ უწევს.

* როგორც დავინახეთ სახელმწიფოს არსებობის რეალური და ერთადერთი მიზანი არის არა საზოგადოებრივი ურთირთობების რეგულირება, არა ღარიბი ადამიანების დახმარება მდიდრების ხარჯზე, (საზოგადოების ნაწილს დღემდე ესახება რობინ ჰუდის ხატად სახელმწიფო, რომელსაც მშვენივრად აქვს ეს იმიჯი მორგებული თავისი უბადრუკი და შეურაცმყოფელი სოციალური პროგრამებით) არამედ კაპიტალის დაცვა და კაპიტალისტების ინტერესების გატარება. სახელმწიფო არის არსებული წყობის ანუ ადმიანთა ერთი ჯგუფის მიერ უმრავლესობის ექსპლუატაციის შესაძლებლობის დაცვის სისტემა.

* დღევანდელი საზოგადოებრივი ურთიერთობაში წარმოება და მართველობა დაფუძნებულია იერარქის პრინციპზე და პირიქით, ამგვარი წყობა მიიღწევა იერარქიის პრინციპით. (იერარქიის ანალიზი არის ნაწყვეტი და რუსულიდან თარგმანი კორნელიუს კასტორიადისის ესედან ”თვითმართველობა და იერარქია)

* იერარქია (ბერძნულად ”იეროს” წმინდა, ”არქოს” – ძალაუფლება) აღნიშნავს მთელის ელემენტების განლაგებას დაქვემდებარებისა და მორჩილების თანმიმდევრობით ზემოდან ქვემოთკენ. იერარქია არის შესაძლებლობა უმცირესობისათვის მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მრავალ სხვას ეხება. ეს არის უმცირესობის ძალაუფლება უმრავლესობაზე. თანამედროვე საზოგადოებაში იერარქია დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, რომელიც ქმნის ჩინოვნიკების პირამიდებს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე საზოგადოებაში და წარმოებაში.

* სოციალურ ურთიერთობაში იერარქიული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ხალხის ერთი ფენა მართავს საზოგადოებას, ხოლო დანარჩენი მხოლოდ ასრულებენ მის გადაწყვეტილებას, ასევე ეს ფენა ღებულობს უფრო მეტ მოგებას წარმოებიდან და საზოგადოებრივი შრომისაგან, ვიდრე ყველა დანარჩენი. საზოგადოება დაყოფილია იმათ მიერ, ვინც შედის ხელისუფალთა და პრივილეგირებულთა ფენაში, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას და პრივილეგიებს დანარჩენებზე, რომლებიც ყველაფერს ამას მოკლებულნი არიან. იერარქია ან ბიუროკრატიზაცია მთელ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დღეს წარმოადგენს მხოლოდ უფრო და უფრო მზარდ ფორმას საზოგადოების დაყოფისას. როგორც ასეთი ის ერთდროულად წარმოადგენს საზოგადოებრივი კონფლიქტის მიზეზს და შედეგს.


* იერარქიულ საზოგადოებაში მთელი ინფრომაცია მიდის ძირიდან მწვერვალისკენ და არ ჩამოდის ქვემოთ, ანუ არ ცირკულირებს (ფაქტიურად ის ცირკულირებს, მაგრამ ეს ხდება იერარქიული სისტემის წესების ფარგლებში). გარდა ამისა, ყველა გადაწყვეტილება მოდის მწვერვალიდან ძირისაკენ, სადაც მათ მხოლოდ ახორციელენ. სხვა სიტყვებით არსებობს ხელმძღვანელობის იერარქია. ზედა სართულები აგროვებს ინფორმაციას და გადასცემს შემსრულებლებს მხოლოდ მინიმუმს ინფორმაციისას, რომელიც საჭიროა მითითების შესასრულებლად.

* იერარქიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნქციაა იძულების ორგანიზება. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ სამუშაოზე ქარხნებსა თუ ოფისებში, შეიძლება შემჩნევა იმისა, რომ მანდ ძირითადი ”საქმიანობა” ბიუროკრატიული აპარატისა მდგომარეობს იმაში, რომ მეთვალყურეობა გაუწიოს, აკონტროლოს, დააწესოს სანქციები, პირდაპირ თუ ირიბად დაამყაროს ”დისციპლინა” და ბრძანებების ერთნაირი შესრულება მათვის, ვინც უნდა შეასრულოს ისინი. მაგრამ რატომ უნდა იქნას ორგანიზებული მაინცდამაინც იძულება? რატომ უნდა აიძულონ ადამიანები? იმიტომ, რომ მშრომელები არ განიცდიან ენთუზიაზმს, როცა მათ ევალებათ იმის კეთება, რაც ხელმძღვანელობამ მიუთითა. მაგრამ რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ხელმძღვანელებს წვლილი არ მიუძღვით შრომაში და მშრომელებს არ ეკუთვნით თავიანთი შრომის პროდუქტები. მშრომელები თავს ექსპლოატირებულად გრძნობენ, რადგან ისინი არ წყვიტავენ რისი კეთებაა საჭირო, როგორ უნდა გაკეთებულიყო და შემდგომ რა ბედი ეწევა გაკეთებულს. მოკლედ, არსებობს მუდმივი კონფლიქტი მშრომელებსა და იმათ შორის ვინც მართავს სხვათა შრომას და სარგებლობს ამის ნაყოფით. იერარქია აუცილებელია სწორედ იძულების ორგანიზებისათვის. ხოლო თუ იძულება აუცილებელია – იარსებებს კონფლიქტი ზედასა და ქვედას შორის ე. ი. იერარქია.

* იერარქიას წარმოგვიდგენენ როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებას იმ ფაქტის შენიღბვით, რომ თვით იერარქიის არსებობა წარმოადგენს მუდმივი კონფლიქტის წყაროს. სანამ იარსებებს იერარქიული სისტემა, მანამ იქნება კონფლიქტი მართველ, პრივილიგებულ ფენასა და მოსახლეობის სხვა კატეგორიებს შორის, დაყვანილს შემსრულებლის როლამდის.

........................

და ბევრი ათეისტური, ანტირელიგიური წერილები
აქ

http://a-library.info/?p=115/wp-admin/install.php#more-115


суббота, 30 марта 2013 г.

"რისთვის გვითმენს უფალი?!"

არქიმანდრიტი რაფაელი წიგნიდან "რისთვის გვითმენს უფალი?!"

ვნებამდე მცირე ხნით ადრე, ელეონის მთაზე, უფალმა თავის მოწაფეებს საუბარში სამყაროს მომავალი აღსასრულის ნიშნები აუწყა. მან თქვა, რომ ბოლო დღეები წარღვნამდელი მსოფლიოს მდგომარეობის მსგავსი იქნება, ბიბლია და წმინდა მამები ნოეს დროის ადამიანთა ღვთისაგან საყოველთაო განდგომაზე მიგვითითებდნენ. ბიბლიის თანახმად: "არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის ამათისა ჴორც...", ანუ ადამიანები უსულო ხორცად იქცნენ.

ჯერ კიდევ მსოფლიო წარღვნამდე, ცოდვისა და ბოროტების სხვა წარღვნამ ამოხეთქა ჯოჯოხეთიდან და წალეკა დედამიწა. გარყვნილებამ, ჯადოქრობამ, დემონის თაყვანისცემამ, რიტუალურმა მკვლელობებმა ის სატანის ტაძრად აქციეს. კაცობრიობამ თავისი თავი დასაღუპად თვითონ გაწირა. ადამიანის ზნეობა იმდენად დაჩლუნგდა და დაიხშო, რომ მას აღარ ესმოდა ცოდვის მნიშვნელობა. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვით, როცა ნოემ თანამემამულეებს სინანულისაკენ მოუწოდა, ისინი ვერ მიხვდნენ, თუ რას ითხოვდა მათგან ნოე, რა უნდა მოენანიებინათ. "ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველანი" _ პასუხობდნენ მართალ ნოეს. აღორძინება შეუძლებელია სინანულის გარეშე და ისინი ცოცხალ, მაგრამ უკვე ხრწნადაწყებულ გვამებს დაემსგავსნენ. "ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველანი" _ ამ თავისმართლებამ ვერავის უშველა, წარღვნის ზვირთებმა ყველანი ერთ ვეება საფლავში ჩამარხა. კაცობრიობის საყოველთაო და შეუქცევადი დაცემის მიზეზი ოკულტიზმი და დემონის თაყვანისცემა იყო. მაგია და ოკულტიზმი შეფარულად, შენიღბულად, ზოგჯერ კი აშკარად შეიცავდა სატანის კულტს ყველა რიტუალით _ ადამიანის მსხვერპლშეწირვითა და გარყვნილებით.

მრავალნი ჩვენს დროს რელიგიის აღორძინების დროდ მიიჩნევენ: იხსნება მონასტრები, ახლდება და შენდება ტაძრები, ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო ლიტერატურა. ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ფილოსოფია, მატერიალიზმმა შევიწროვება განიცადა და ადგილი სხვა კონცეფციებს დაუთმო. ჩვენ ვხედავთ, რომ პლატინა, რომელიც დიდხანს კეტავდა მდინარეს, აღებულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა გრძელდება, ოღონდ სხვა ფორმებით და თანამედროვე ლიბერალიზმი ამ დასაბამიერი ბრძოლის ახალ რგოლად გვევლინება. პასუხისმგებლობა ამისათვის არ გვინდა რომელიღაც პარტიებსა და სტრუქტურებს დავაკისროთ _ პროცესი მეტისმეტად გლობალურია. აქ ჩვენ სატანურ გეგმას ვხედავთ, ამ სიტყვის არა მხოლოდ გადატანითი, ზედმიწევნითი მნიშვნელობითაც.

გასული პერიოდი ქრისტიანობაზე ტოტალური თავდასხმის პერიოდი იყო და წარმართი იმპერატორების დროინდელ დევნას ჰგავდა, ოღონდ გაცილებით სასტიკ და დახვეწილ ფორმებში. მილიონობით ადამიანი აწამეს რწმენისათვის, სიწმინდეები დაინგრა და შეიბილწა. აქ ხდებოდა არა ორი მსოფლმხედველობის, არამედ ორი რელიგიის შეჯახება _ ქრისტესი და სატანისა. ამ ჰეკატომბებში* ცეცხლივით ენთო ღვთისადმი სიძულვილი, თითქოს სატანამ ბრძოლაში ზეცა გამოიწვია; სატანურ სექტებს ამაოდ არ ჰქონდათ დევიზად სიტყვები: "ღმერთზე შურისძიება", რევოლუციის "მთავარმა დამპროექტებელმა" _ მარქსმა ამიტომ შეარქვა რევოლუციას _ "ზეცის შტურმი". მონაზვნებისა და მღვდლების განადგურება, ტაიგასა და საკონცენტრაციო ბანაკებში იმათი გადასახლება, ვინც ეკლესიაში დაუფარავად დადიოდა, ტაძრების კლუბებად გადაკეთება, სადაც ანტირელიგიურ სპექტაკლებს დგამდნენ, ასევე მათი საზოგადოებრივ ტუალეტებად, მონასტრებისა კი ციხეებად და დაკითხვის ადგილებად ქცევა _ ეს აღარაა სოციოლოგია და ფილოსოფია, ეს დემონიზმია, საკუთარი ხალხის, ამასთან მისი საუკეთესო ნაწილის მიმართ უმეტესწილად ბოროტმოქმედების და სადისტების ხელით განხორციელებული დემონიზმი. თუკი ამ ყველაფრიდან მთავარ მოქმედ პირს _ სატანას გამოვრიცხავთ, გაუგებარი დარჩება ყოველივე.

დევნა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ ჰქონდა, სისხლში ჩაიხრჩო. მან მოგვცა როგორც განდგომილნი, ასევე ქრისტესთვის წამებულნი. უხეშმა და უხამსმა მატერიალიზმმა ხალხის გულიდან რწმენის ამოძირკვა ვერ შეძლო. ადამიანი უნდა განადგურებულიყო არა ფიზიკურად, არამედ როგორც რელიგიურ-ზნეობრივი პიროვნება. ამიტომ ბნელმა ძალებმა დაასკვნეს, რომ პირველი ეტაპი დასრულდა და შემდგომზე გადავიდნენ. მათი ახალი ტაქტიკაა _ დაუნგრეველი დატოვონ და აღადგინონ ქვისა და აგურის ტაძრები, მაგრამ ადამიანის გულის ტაძარი ისე დაანგრიონ, რომ ის უუნარო გახდეს იმ მადლის მიღებისა, რასაც ის ეკლესიაში, საიდუმლოებებთან ზიარებისას იღებს. დევნის დროს კი ხალხი ლოცვისათვის ტაძრის ნანგრევებში იკრიბებოდა. ძალადობას, თვით სიკვდილსაც არ შეეძლო დაენგრია და დაემსხვრია ქრისტეს მიმართ ანდამატივით მტკიცე სულიერი სიყვარულის ქვები ქრისტიანებისა.

ამჟამად იდეოლოგიური დიქტატის და ათეისტური ცენზურის პლატინა თითქოსდა აღებულია, მაგრამ წყლის ჭავლთან ერთად დედამიწას ტალახისა და სისხლის ღვარი დაატყდა თავს. თავისუფლებასთან და ზნეობასთან შეთვისებული აღმსარებლობის თავისუფლების ნიღაბქვეშ, სექსისა და სისხლის კულტით, აშკარად მოჩანს იგივე შავბნელი სახე `სატანის რელიგიისა~. წიგნის მაღაზიები და ტელეეკრანი წალეკა პორნოგრაფიამ. პიროვნების ინტიმურობა, მისი გრძნობების ენა _ ხელოვნება, არსებითად პირდაპირ სატანიზმად თუ არა, მის პრელუდიად იქცა. ალბათ გვეტყვიან: "ადამიანურ ნებაზე არავინ ძალადობს, ვინ გაიძულებთ ის წიგნები იკითხოთ და იმ სურათებს უყუროთ, რომლებიც გარყვნილად მიგაჩნიათ? დაე თითოეულმა საკუთარი საზრდო თვითონ აირჩიოს, ცენზურა ძალადობაა, დაე საკუთარი ნება იყოს ცენზურა".

მაგრამ ეს სიცრუეა. ზნეობისაგან თავისუფლება ზნეობაზე ძალადობად იქცა. სექსის სიბინძურე ადამიანს ყოველ ნაბიჯზე თან სდევს: ტელევიზორმა თავისი საცეცებით ყველაზე შორეულ დასახლებებს, კოსმოსსა და ოკეანის ფსკერს მიაღწია. ადამიანებს თავსმოხვეული აქვთ ერთი და იგივე, გლობალურად განხორციელებადი პროგრამა, მას ვერსად დაემალები. ხელოვნება თანაგანცდაზე, გმირების ემოციურ სამყაროში ჩართვაზეა დამყარებული. ამიტომაც გარყვნა ბავშვობიდან იწყება. იქ, სადაც ადრე ჭრელი პლაკატები იყო კომუნიზმის შენების მოწოდებით, სხვა პლაკატები გაჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, შიშველი ქალების გამოსახულებით. ამის არდანახვა, ქუჩაში ახვეული თვალებით სიარულს ნიშნავს. ჩვენ საროსკიპოში ჩაგვკეტეს და გვეუბნებიან: _ თუ არ მოგწონთ, წარმოიდგინეთ, რომ საბავშვო ბაღში ხართო.

მეორე კულტი _ ესაა სისხლის და მკვლელობის კულტი. წიგნების გარეკანიდან გვიმზერენ პისტოლეტიანი განგსტერები, ნიღბიანი მკვლელები და სისხლისაგან დაცლილი მსხვერპლი. იქვეა წიგნები დემონთა გამოსახულებით, პრაქტიკული მაგიის, ასტროლოგიის, აღმოსავლური ოკულტიზმის სახელმძღვანელოები. ეს წიგნები დემონური ძალებისა და ენერგიის ერთი განუყოფელი თავმოყრაა, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას ეწყო წიგნები ეგრეთწოდებული მეცნიერული მატერიალიზმის შესახებ. დღეს ისინი გაქრა _ თითქოსდა ძველი იარაღი ჩამოწერეს და ახლით შეცვალეს.

ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულება, ახალი ეკლესიების აგება იგეგმება. ჩვენ, ქრისტიანები რაღა თქმა უნდა, მოხარულნი ვართ ამისა, მაგრამ ერთი გარემოება გვა- ფიქრებს: ეკლესია _ ეს ღმერთთან ურთიერთობის, ადამიანის სულის განწმედის, გულის მადლით გასხივოსნების ადგილია. ამის გარეშე ის წარსულის საფლავის ძეგლად დარჩება. პორნოგრაფიით და სექსით გარყვნილ ხალხს გული როგორღაც პარალიზებული აქვს, მას არ ძალუძს სულიერის მიღება. ამიტომ თვლიდა ეკლესია მთავარ ცოდვად მკვლელობას, მრუშებას და გარყვნილებას. ის ადამიანებს მრავალწლიან ეპიტიმიებს ადებდა, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ თანდათანობით, სინანულით განწმედილიყვნენ ამ ცოდვისაგან. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი შენიშნავს, რომ სიძვა არა მხოლოდ იწოდება ცოდვად, არამედ ესაა დაცემა. როგორც დაცემულს არ შეუძლია სიარული და ტალახში წევს, ვიდრე კვლავ ფეხზე არ დადგება, სიძვით დაცემული კაციც სულიერი ცხოვრების უუნაროა, ვიდრე ხანგრძლივი და მძიმე სინანული არ ექნება. ლიტერატურით, ვიდეოფილმებით, ქუჩის სექს-პლაკატებით გახრწნილი ადამიანები, ეკლესიაში მოსულები, თუ არ ინანიებენ, გვამებივით დგანან. მოინანიო _ ეს ნიშნავს, რომ გამრყვნელ სულს წინ აღუდგე, მაგრამ ცოტანი თუ ბედავენ ამას.

ადამიანის მტერი მისი საკუთარი ცოდვიანობაა. ამიტომ უმეტესობა ცდილობს კომპრომისი მოძებნოს: ცოდვასთან ბოლომდე კი არ იბრძოლოს, არამედ ერთგვარი ფორმალური, გადაკეთებული ცოდვით იცხოვროს, ანუ ისიძვოს თვალით, გულით, სულით, საქმით ჩადენილი ცოდვისაგან კი თავი შეიკავოს. უპირველეს ყოვლისა ეს ზღვარი მეტისმეტად მყიფე და არასაიმედოა, მეორე _ ღმერთს ადამიანის გული სურს: "მომიძღვენი შვილო გული შენი" _ ამბობს წინასწარმეტყველის პირით სული წმიდა; "ნეტარ არიან წმიდანი გულითა" _ გვამცნო ქრისტემ უპირველეს ქადაგებაში. გარყვნილი სურათებით შებილწული გული, მეტიც, იმდენად მიჩვეული ამ სურათებს, რომ ცოდვადაც აღარ ეჩვენება, ანუ გული, რომელიც სინანულს არ შედგომია, ქვას დაემსგავსა, თუმცა მადლის წვიმით იპკურება, მაგრამ არ ცოცხლდება. ასეთი ადამიანი ღვთისმსახურებას მშვინვიერად აღიქვამს _ არა როგორც სულის განწმედასა და განათლებას, არამედ ტაძრის გარემოთი _ გალობით და ა.შ. გამოწვეულ განსაზღვრულ ემოციებს.

ბნელი ძალა თითქოსდა ამბობს: ჩვენ ადამიანის ვენაში შხამის ინექციას შევუშვებთ, შემდეგ კი თუ მას უნდა, იაროს საავადმყოფოებში. უფალმა ბრძანა, რომ ლოცვის წინ ყველა მაწყენარს უნდა მივუტევოთ; ადამიანების მიმართ გულმოწყალება ღვთის მოწყალებას გზას უხსნის, ხოლო მკვლელობის კულტი შინაგანად მხეცად აქცევს მას. ეს არ არის მარტოოდენ ძალ-ღონის კულტი, არამედ ესაა ძალადობით ტკბობა. რომის ბრბო პურსა და სისხლიან სანახაობას ითხოვდა. ტელეეკრანებიდან და დეტექტივების ფურცლებიდან მომდინარე სისხლი არა თუ ზიზღს არ იწვევს, ის თანამედროვე სამზარეულოს პიკანტურ საკმაზად იქცა. კაცს, რომელიც ხარბი ცნობისმოყვარეობით და იდუმალი სიამოვნებით უყურებდა მკვლელობას, წამებას და მომაკვდავთა კონვულსიას, როგორ შეუძლია ტაძარში მოვიდეს და ილოცოს ღვთის წინაშე, ვისი სახე- ლიც სიყვარულია?! გარყვნილ და სასტიკ გულს არ შეიძლება ღმერთი უყვარდეს. რელიგიის არსი და ძალა კი ადამიანის სულსა და ღვთაებრიობას შორის სიყვარულშია. ჩვენთან იხსნება მონასტრები, რომლებიც "ქრისტიანობის გული" უნდა იყოს; "მონასტერი, ეს ეკლესიაა ეკლესიაში" _ თქვა ერთმა წმინდა მამამ. მონაზვნობა სოფლისაგან განდგომა და ღვთისადმი თავის მიძღვნაა; მონაზვნობამ უნდა შეინარჩუნოს ის, რასაც ქვეყანა კარგავს _ ლოცვა, გულის სიწმინდე, მდუმარება და სულიერი გამოც- დილება. `კომპრომისების რელიგიას~ _ ლიბერალიზმს სურს, მონასტრებს თავისი დაღი დაასვას. წმინდა მამები ამბობენ, რომ გულით ლოცვა უმაღლესი საქმიანობაა დედა- მიწაზე, ის დემონური დამანგრეველი ძალის წინააღმდგომი ძალაა, ის მანათობელია ქვეყნისა; ვიდრე ლოცვა არსებობს, ქვეყნიერება იარსებებს.

ლიბერალიზმი, რომელმაც ადამიანი ღმერთის ადგილზე დააყენა, მონაზვნობის სულს მოკვლას უქადის და მხოლოდ გარეგნული ფორმით სურს მისი დატოვება. თუკი დევნის დროს მონასტრები პირველნი ღებულობდნენ მძიმე დარტყმას, ახლა საქველმოქმედო დაწესებულებებად აპირებენ მათ გადაქცევას, უნდათ გამოთიშონ და მოაცდინონ ყველაზე მთავარს _ მდუმარებას და ლოცვას. ჩნდება მონასტრის ახალი სახე, რომელიც კათოლიკურ ორდენს, ან კიდევ მოწყალების დების წითელ ჯვარს მიმაგრებულ საზოგადოებას წააგავს. თუკი ამგვარი მონაზვნური ქველმოქმედების შედეგებს შევხედავთ, ის უბადრუკია, მაგრამ ამით შესაძლებელია მონასტრებიდან თავისებური რეკლამის გაკეთება, და მონაზვნების დაყენება კამერის წინ. მათ ჩააგონებენ, რომ სიკეთე უნდა აკეთონ, ამასთანავე ხელოვნურად ხდება იმის მიჩუმათება, რომ აქ უმაღლესი უმდაბლესით იცვლება, ანუ იმით, რისი გაკეთებაც ერის ხალხს ასეთივე წარმატებით შეუძლია, იმით, რაც სამონაზვნო აღთქმას არ შეესაბამება. მონაზვნები თანდათანობით კარგავენ ლოცვას და მანტიით შემოსილ ერისკაცებად გარდაიქმნებიან. ღირსი ისააკ ასური ამბობდა: "თუკი ქველმოქმედების საქმეების გამო მონაზონმა ლოცვა და მდუმარება უნდა დაუტევოს, დაე წარხდენ საქმენი ესე".

სოფლიური საქმით დაკავებული მონაზონი ვერ დაეხმარება სოფელს, ის თვითონ იქცევა ამასოფლის ნაწილად, და არც თუ იშვიათად _ ქვეყნის დასაცინიც ხდება. მონაზვნები, განსაკუთრებით კი მონაზონი დედები _ ეს ის ყვავილებია, რომლებიც ორანჟერეაში იზრდებიან, ანუ ქვეყნისაგან იზოლაციაში, ჩაამსხვრიე ორანჟერეის მინა და მათ სიცივე გაანადგურებს.

ლიბერალიზმს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ლოცვა. მისთვის მონაზვნური ცხოვრება ეგოიზმია და ეს მაშინ, როცა მონაზვნებს დემონურ ძალებთან ბრძოლის მთავარი სიმძიმე აწევთ, რის შესახებაც სოფელმა არაფერი იცის. ლოცვა არც ფსიქოთერაპიაა და არც თვითშეგონება, როგორც განმარტავს არასულიერი სამყარო, არამედ ის ძალაა, რაც აპოკალიპსისის სიტყვების მიხედვით, დემონებს აშვების საშუალებას არ აძლევს, ანუ _ მადლის ძალა. განა შეიძლება ადამიანებისათვის იყოს რაიმე იმაზე მეტი, ვიდრე სიხარული, რასაც ისინი მონასტრის კარიბჭეში შესვლისას განიცდიან? სადაც ჰაერი და მიწა, როგორც მზის სხივებით, ლოცვითაა განწმედილი? განა შესაძლოა ვინმემ ადამიანებს იმაზე მეტი სარგებლობა მოუტანოს, ვიდრე იმან, ვინც კაცთა ცოდვების მიტევებისათვის თავისი გულის საკურთხეველში ლოცულობს? ერთ მლოცველსაც კი შესწევს ძალა, შეცვალოს ისტორიის მსვლელობა! ღირსი არსენი დიდი ხალხს გაურბოდა და ზოგიერთ მონაზონს არაკეთილგანწყობილი და მკაცრი ეჩვენებოდა, მაგრამ იგი სენაკში ყველაზე ძნელს, თვითდაწვის სადარ საქმეს აღასრულებდა, _ ეს იყო ქვეყნიერებისათვის ლოცვა. უფალმა მისი ლოცვით შეიწყალა ბიზანტია ისევე, როგორც წინასწარმეტყველ იონას დროს ნინევია: მიწისძვრა, რომელსაც მთელი ოლქები უნდა გაენადგურებინა (როგორც ეს შემდგომში ეგვიპტელ მამებს ეუწყათ), სწორედ ამ უდიდესი მოღვაწის ლოცვით არ მოხდა. წარმოვიდგინოთ, რომ მებრძოლებს, რომლებმაც მამული უნდა დაიცვან საშინელი, დაუნდობელი, მრისხანე მტრისაგან, იარაღის დაყრას და სხვა საქმის კეთებას სთავაზობენ: მაგ. კარტოფილის დათესვას, ან ჩექმის კერვას. თუმცა ესეც საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ ამისათვის მებოსტნეები და მეწაღეები არიან და არა მეომრები, რომელთა საქმეც საკუთარი სისხლის ფასად სამშობლოს დაცვაა. სატანური ძალა მსოფლიოზე დასხივებულ საშინელ რადიაციას ჰგავს. ლოცვა, განსაკუთრებით კი მონაზვნებისა, დაბრკოლებაა ამ სასიკვდილო ნაკადისთვის. სულიერად ბრმა ადამიანები იმეორებენ: "ის, ვინც განმარტოვდება და ლოცულობს, თავისთვის ცხოვრობს". ასე იმიტომ ამბობენ, რომ თავად `ხორცნი~ არიან და სიკეთეც და ბოროტებაც ხორციელად ესმით.

მონაზვნობის დასაბამი უდაბნოში მცხოვრები ნათლისმცემლის ღვაწლი და მაგალითია, ასევე იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც ცხოვრებას ლოცვასა და ჭვრეტაში ატარებდა. პირველ მათგანს დედათაგან შობილთა შორის უპირველესი ეწოდა, მეორეს _ "საყვარელი მოწაფე ღვთისა". მათ თავიანთი გული წმინდად შეინახეს, ეს იყო მათი მთავარი ღვაწლი, ამიტომაც მათი გულები მადლის უშრეტ წყაროდ იქცა და ქვეყნიერებას ეფრქვეოდა.

მონაზვნებს უკიჟინებენ: გქონდეთ ურთიერთობა ხალხთან, იქადაგეთ, იარეთ სოფლებში გალობით, ეკამათეთ სექტანტებს, ავადმყოფებს მოუარეთ, აღზარდეთ ბავშვები და თან ილოცეთ, ანუ კეთილმსახური ერისკაცნი იყავით, მხოლოდ ოჯახით ნუ დამძიმდებით, დანარჩენში კი მათ მიემსგავსეთ.

ღირსი ისააკ ასური ამის შესახებ წერს, რომ თუკი მონაზონი ლოცვაში ჰგიებს, მაშინ სამყარო მის სამსახურშია. ახლა კი მოუწოდებენ: მონაზონო, ქვეყანას ემსახურე!

ერში ლოცვა და სიკეთის კეთება შეიძლება, მაგრამ ეს ლოცვის სულ სხვა დონეა. მდუმარეთა ლოცვა ცადავარდნილ ალს ჰგავს, ერთან ურთიერთობაში მყოფი მონაზვნის ლოცვა კი გაცვეთილ და დაკაწრულ დაფაზე დაწერილს. შთაბეჭდილებები კი გულში განუწყვეტლივ ლაგდება ერთმანეთზე. ასეთი ადამიანის გონება ვნებების გამო ქარისაგან დარწეულ ზღვასავით მერყევია. მონაზონი აღკვეცის დროს აღთქმას დებს _ ძველ მამათა გზას მისდიოს, იმათი გზა კი სწორედ რომ განმარტოება და მდუმარება იყო. თუკი მონაზვნური ლოცვა შესუსტდება, მაშინ ხახას დააღებს ის სულიერი სიცარიელე, რომლის ამოვსება ყველაზე კეთილი საერო საქმეებითაც კი შეუძლებელი გახდება.

ასკეზისა და ლოცვის სულის დამკარგავ მონასტრებს არ ძალუძთ ადამიანის სულიერი ნუგეში და აღორძინება. მათ თვალწინ დასავლეთის მონასტრების მაგალითი აქვთ, სადაც არა მხოლოდ საავადმყოფოების ორგანიზება ხდება, მომავალი პოლიტი- კოსებისთვის საგანგებო სკოლებს და გოგონების კალათბურთის გუნდებსაც აყალი- ბებენ. წინა პერიოდებში მონასტრები გაანადგურეს, ახლა თუმცა კედლები შენდება, მაგრამ თვით სული ნადგურდება მონაზვნობისა. მონასტრის მომლოცველი კაცი ხედავს არა შინაგანად გაცისკროვნებულ მლოცველებს, არამედ კეთილი საქმით დაკავებულ ისეთივე კეთილ ადამიანებს, როგორიც არა ერთი უნახავს ერში. წმიდა მამები შინაგან ლოცვას უმაღლეს მეცნიერებას უწოდებენ, ხელოვნებათა ხელოვნებას, კაცის გულში დატეულ ზეცას, ღვთაებრივ სიყვარულს, ანგელოზებრივ სილამაზეს, წყვდიადში მბრწყინავ გზამკვლევ ვარსკვლავს, კაცის გულში მორაკრაკე წყაროს ცხოვრებისას, გალობათა გალობას, მარადიულ სიხარულს, გულის სიცოცხლეს, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე აღდგომას სულისას, სულის მამხიარულებელ ზეციურ ღვინოს, ადამიანის გულში დაუნჯებულ საგანძურს, სატანის წინააღმდეგ მიმართულ ცეცხლოვან მახვილს, რწმენის ციხე-სიმაგრეს, ჯოჯოხეთის ძალთაგან უძლეველს, სამოთხის ყვავილთა საუცხოო ბაღს. ყოველივე ამის არმცოდნე ქვეყანა ლოცვას პირად საქ- მედ, აუტოტრენინგად მიიჩნევს, არა ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრად, არამედ კეთილი საქმეების უკეთ გაკეთების ფსიქოლოგიურ განწყობად. თვითმიზნად ქცეული ეს კეთილი საქმეები ადამიანის გულის შინაგან მდგომარეობასთან დამოკიდებულების გარეშე განიხილება და ადამიანის ზნეობრიობის ექვივალენტი, უფრო ზუსტად კი მისი სიწმინდის" საზომი ხდება.

ჩვენ ხორციელ გულმოწყალებას არ უარვყოფთ, მაგრამ სიკეთის გაკეთება არა მხოლოდ ქრისტიანს, მუსლიმანს, იუდეველს, წარმართს და ათეისტსაც შეუძლია სხვადასხვა მიზნებით და მოტივებით. ამ გაგებით მონაზვნის ღვაწლი განუმეორებელია და მას ვერანაირი შრომა ვერ შეცვლის. წმ. გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ ისიხიოსის (მდუმარების) ღვაწლი _ ეს თაბორის ნათლის მოხვეჭაა. იგი მარადიულ, ცხოველმყოფელ, ღვთაებრივ ძალებზე და ენერგიებზე წერს, რომლებიც ღვთაებრიობის წიაღიდან ეფრქვევა სამყაროს და თავის თავს უცხადებს ქვეყნიერებას, როგორც სულიერ სინათლეს, როგორც მარადიულ ცხოვრებას და მისტიკურ ღვთივშემეცნებას, როგორც ღვთაებრიობის მოქმედებასა და ატრიბუტს. შინაგანი ლოცვით დაკავებული ადამიანი დამაკავშირებელი ხდება _ ჩაუმქრალი შუქი მისი გულის გავლით ანათებს ქვეყნიერებას. ამიტომ თქვეს წმ. მამებმა: "ანგელოზები _ ეს სინათლეა მონაზვნებისთვის, მონაზონი კი სინათლეა ქვეყნისა". როცა ის საკუთარ თავზე ქვეყნიურ ვალდებულებებსა და საზრუნავს იღებს, შეხვედრებითა და საუბრებით გულს მგრძნობელობითი სახეებით ივსებს, მაშინ ის კარგავს მთავარ საგანძურს _ ლოცვას. მისი სულიერი თვალი ღმერთიდან ქვეყანაზეა გადატანილი, სული კვდება, გული კი ცივდება და ქვასავით მაგრდება. ერთი მონაზვნის თქმით: მონაზონი იესოს ლოცვის გარეშე მატლებისაგან (ვნებებისაგან) შეჭმული გვამია. ეშმაკი მზადაა გარეშე საქმეებში დასახმარებლად, ოღონდაც ის ლოცვას ჩამოაშოროს. ღირსი ნიფონტ კონსტანტი- ნოპოლელი ამბობდა, რომ ბერები აიშენებენ სახლებს, რომლებიც თავადების სასახლეებს ტოლს არ დაუდებენ, ხოლო ნილოს მირონმდინარე და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მათ წინასწარ აფრთხილებდნენ, ზედმეტად არ გატაცებულიყვნენ მეცნიერებითა და ფილოსოფიით, რადგან ამით ღვთაებრივი ნათელი ადამიანური გონების სინათლით იცვლება. მონასტრები, სადაც ბერები იესოს ლოცვით არ არიან დაკავებულნი, ჩამქრალ კოცონს ჰგავს, რომლის ნაცარში ნახშირი აქა-იქ ბჟუტავს. თუკი აღორძინების გზაზე დამდგარი მონაზვნობა პირით არა აღმოსავლური მონაზვნობის სულიერი გამოცდილებისაკენ, არამედ თანამედროვე მსოფლიოს წარმოდგენების გაგებისაკენ იქნება მიქცეული, მაშინ ის ჭეშმარიტების ნაცვლად წინააღმდეგობრიობისა და სიცრუის მატარებელი გახდება. დემონის ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა მონაზვნობის ახალი ტიპის შექმნა ანუ ისეთი მონაზვნისა, რომელიც იესოს ლოცვის გარდა ყველაფ- რითაა დაკავებული. ადამიანი მონასტერში ერიდან მოდის, მისი სულით და შეხედულებებით გაჟღენთილი, დასუსტებული ნებით, მუწუკივით აღგზნებული ამპარტავნებით, ცოდვიან მოგონებათა სიმყრალით, მოწამლული გულით, რომლის ფსკერზეც გველებივით ჩახვეულან ვნებები. ადამიანს დემონთან და საკუთარ თავთან მძიმე ბრძოლა ელის, ის თითქოსდა მეორედ უნდა იშვას. მას კი არწმუნებენ, რომ ღმერთს და ხალხს ერთდროულად უნდა ემსახუროს, ღირსი სერგი რადონეჟელის და იოანე ზედაზნელის მაგალითები მოჰყავთ _ ღირსი სერგი რადონეჟელი მთავრებს მოძღ- ვრავდა, იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფენი საქართველოში მაზდეანობასთან საბრძოლველად ჩამოვიდნენ; ასევე ამბროსი ოპტინელისა, რომელიც დილიდან დაღამებამდე ხალხს ღებულობდა.

ეს იგივეა, რომ ჩვილი გამოცდილ მეომარს შეადარო. ამასთანავე ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი რამის მიჩუმათება ხდება, კერძოდ იმისა, რომ იოანე ზედაზნელმა და "სრულიად რუსეთის მასწავლებელმა" ღირსმა მამებმა: სერაფიმე საროველმა, ამბროსი ოპტინელმა და სხვებმა მთელი სიცოცხლე მონასტერსა და უდაბნოში გაატარეს და თავიანთი სენაკის კარი მხოლოდ იმის შემდეგ გახსნეს, რაც თავმდაბლობა და დიდი ღვთაებრივი მადლი მოიხვეჭეს, მათ მხოლოდ ამის შემდეგ დაუტევეს უდაბნო და დაყუდება.

ახალგაზრდა მონაზონს იმით დაწყებას ურჩევენ, რითიც ღირსმა სერაფიმე საროველმა და იოანე ზედაზნელმა დაასრულეს. ასეთი ცხოვრების სიყალბესა და შეუსაბამობას ზოგიერთი მაშინვე გრძნობს. მათ ეჩვენებათ, რომ ნადიმზე დაუძახეს, ტრაპეზის ნაცვლად კი ქვიშით სავსე თეფშები დაუდგეს და პირიქით: გამოუცდელნი, იმ ფიქრით, რომ ისინი თითქმის ხალხის მხსნელები არიან, თავიანთ თავს იმ ძველ მოღვაწეებს ადარებენ, ვინც ქრისტიანობაზე ქალაქებსა და სოფლებს მოაქცევდნენ. ამგვარი ფიქრი მათ საშინელ ამპარტავნებაში აგდებს, ახალ განმანათლებელთა პოზა მათ ვნებებს ესიტყვება, თავმდაბლობის, ანუ მონაზვნური ცხოვრების საფუძვლის ნაცვლად მათ გულებში ამპარტავნების მუწუკი და ეჭვია ჩაბუდებული.

ერთმა განდეგილმა უთხრა მოწაფეს, რომელსაც ერში საქადაგებლად წასვლა სურდა: "არ შეიძლება ადამიანმა გაჭრილი ხელისგულით შხამი ატაროს". ასეთ დროს შესაძლოა გაჩნდეს რაღაც სულიერ-რელიგიური მატერიალიზმი, სადაც ადამიანის ცხოვრების ღირებულება იმ გარეგანი საქმეებით განისაზღვროს, რომელიც ფოლადისა და ნახშირის გადამუშავების მსგავსად, მოცულობით და წონით იზომება.

მივმართოთ ჩვენთვის უმაღლეს ავტორიტეტს, ღვთაებრივ გამოცხადებას _ ბიბლიას. გამოსვლის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ შეიყვანა ისრაელიტელნი აღთქმულ ქვე- ყანაში მოსემ. წითელი ზღვის ნაპირთან მათ ფარაონის ჯარი წამოეწიათ ფოლადის აბჯროსანი მხედრებით, ისრებითა და შუბებით შეიარაღებულ მშვილდოსანთა ეტლე- ბით. ფარაონი თავს უძლეველად თვლიდა, მისი ჯარი ქალაქებსა და სიმაგრეებს ტოტებისა და ბალახის ქოხმახებივით ანგრევდა. ისე ჩანდა, თითქოს ებრაელები დასაღუპად იყვნენ განწირულნი: წინ ზღვის უფსკრული იყო, უკან კი ფარაონის ჯარი მოდიოდა ცეცხლოვანი ზვავივით. და აი, უფალმა ჰკითხა მოსეს: "რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?". დუმდა მოსე, მაგრამ მისი გული უხმოდ შეჰღაღადებდა ღმერთს და ეს უხმო ლოცვა, რომელშიც მას მწუხარებისგან გული სამოსივით ეფლითებოდა, ზეცას მისწვდა. არა წინასწარმეტყველების ნიჭმა, არამედ ყველასათვის უსმენელმა შინაგანმა ლოცვამ სასწაული მოახდინა _ ზღვა გაიპო. მისი ფსკერი ისრაელიტელებისათვის ქვის სავალ გზად იქცა. შემდეგ ტალღები შეიკრა და ზღვის უფსკრულმა ეგვიპტელები დაასამარა.

უდაბნოში ებრაელებს გზა ამალეკებმა გადაუღობეს. მოსეს მათთან ბრძოლა არ უნდოდა, ვინაიდან ისინი ლოტის ჩამომავლები იყვნენ. მაგრამ ამალეკები შეუბრალებელნი აღმოჩნდნენ. გაჩაღდა ომი. მოსე შემაღლებულ ადგილას დადგა, ხელები აღაპყრო და ლოცვაში ჩაიძირა. ვიდრე ის ლოცულობდა, ებრაელები იმარჯვებდნენ, როგორც კი ლოცვას შეწყვეტდა და დაქანცულ მკლავებს დაუშვებდა, მტერი შეტევაზე გადმოდიოდა. ისო ნავეს ძე და ორი დარწმუნდნენ, რომ ბრძოლის ბედს არა მახვილი, არამედ ღმერთი წყვეტდა. ისინი მოსეს გვერდით დადგნენ და ხელები დაუკავეს. წმ. მამები აქ ხედავდნენ დემონურ ძალას, რომლის დამარცხება მხოლოდ გულიდან ამოსულ ლოცვას შეუძლია.

იფერფლება მონაზვნობა და დემონურ ძალებს წინ აღარაფერი ეღობება. მონაზონთა შინაგანი სულიერი საქმიანობის _ იესოს ლოცვის დაკარგვა და გამშვინვიერება დემონის ერთ-ერთი გამარჯვებაა.

ღვთაებრივი ლიტურგია უდიდეს ძალას ფლობს, ამიტომ დემონი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ადამიანები ტაძრიდან ცარიელები წავიდნენ. მრავალი მღვდელი არა მხოლოდ არ მოუწოდებს მორწმუნეებს ზიარებისაკენ, უკრძალავს კიდეც ხშირად ზიარებას, თუმცა ძველ ეკლესიაში ლიტურგიაზე დამსწრე ყველა მორწმუნე ეზიარებოდა (იმათ გარდა, ვისაც ეპიტიმია ჰქონდა დადებული). უსისხლო მსხვერპლშეწირვის შემდეგ ზიარება სიდიდით მეორე მადლია ღვთისა ადამიანებზე და მღვდელმსახური თავის მრევლს ყოვლად უსაფუძვლოდ აღუკვეთს ამ უკვდავების წყაროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცრურწმენა, რომელიც ეკლესიაში დაინერგა. ტაძარში ადამიანი კიდევ ერთ უცნაურობას აწყდება _ ენის გასატეხ კითხვას კლი- როსზე. თითქოს წამკითხველი წიგნის ფურცლებზე თავქუდმოგლეჯილი გარბის, რათა ფინიშივით სწრაფად მიაღწიოს სიტყვას "ამინ". მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ძვირფას განძს, საღვთისმსახურო ტექსტებს ფლობს შეუდარებელი სიღრმისა და სილამაზის ჰიმნოგრაფიებით. ლოცვის აზრი, საეკლესიო ენის სილამაზე _ ეს ყველაფერი გაუგებარ ყრუ გუგუნში იკარგება. ტაძარში მდგომი ადამიანი ან თავს ანებებს რაიმეს გაგების მცდელობას და შინაგანად ლოცულობს, ან მოწყენილობისაგან ფეხიფეხ გადადებული ელოდება ღვთისმსახურების დასრულებას. რას გაიგებდა მოწაფე, მასწავლებელს ასე სხაპასხუპით რომ ელაპარაკა გაკვეთილზე? პედაგოგს, წამკითხველს, ლექტორს მეტყველების ტექნიკის ათვისება მართებთ, აქ კი არავინ ზრუნავს იმაზე, რომ მედავითნეს მკაფიოდ და გასაგებად კითხვა ასწავლოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკა _ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სულიერი სიმდიდრეა, ცუდი წაკითხვით კი საღვთისმსახურო ტექსტები გაუგებარი ხდება ხალხისათვის. უკეთ არც გალობის საქმეა. ნაცვლად ძველი მოტივებისა, რაც სულში სინანულს ან ღვთისადმი მოწიწებულ მადლიერებას ბადებს, ეკლესიის თაღებქვეშ არც თუ იშვიათად საოპერო მელოდია გაისმის, რომელიც არა სულზე, არამედ ვნებიან სამშვინველზე მოქმედებს, აღაგზნებს და როგორც საერო ხელოვნება, ისიც ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ აკარგვინებს მთავარს _ სინანულს და ლოცვის დროს ყურადღებას. რაც შეეხება ცუდ გალობას, ისიც ხელისშემშლელია ლოცვაში და ესთეტიური ტკბობის ნაცვლად წუხილსა და გაღიზიანებას იწვევს.

ზოგიერთ ეკლესიაში სეფისკვერი და სანთელი მთელი წირვის განმავლობაში იყიდება. სასანთლე მაგიდასთან სულ გნიასია და რამდენადაც ტაძარს კარგი აკუსტიკა აქვს, ეს ხმაური ტაძრის ყოველ კუნჭულში აღწევს და ხალხს ლოცვაში აბრკოლებს. ძველ აღთქმაში წერია, რომ სოლომონის ტაძრის შენებისას ქვებს მოშორებით თლიდნენ, რათა ღვთისადმი მიძღვნილ ადგილზე ჩაქუჩების რახარუხი არ ყოფილიყო. ახალ აღთქმაში წერია, თუ როგორ გამოდევნა უფალმა ტაძრიდან მოვაჭრენი. მას მსხვერპლი არ აუკრძალავს, მაგრამ ტაძარში ვაჭრობა აკრძალა და მას "ლოცვის სახლი" უწოდა. ლოცვა _ ეს უხილავი ბრძოლაა ეშმაკთან. მაკარი დიდი წერდა, რომ ამ ბრძოლაში სული არა მხოლოდ დაცულია ლოცვით, თვითონაც ახორციელებს დარტყმებს. ეშმაკი განსაკუთრებულ განსაცდელებს ადამიანზე სწორედ ტაძარში ლოცვისას აგზავნის, რათა ის ძვირფასი დრო წაართვას, როცა მას ღვთისაგან ცოდვების მიტევების და დიდი წყალობის მიღება შეუძლია.

კარგა ხანია შემჩნეულია, რომ სასწაულთმოქმედი ხატების დიდი ნაწილი ხატწერის ძველი სტილითაა შესრულებული. დროისაგან ჩამუქებულ ამ სახეებისა მეტად ეშინია დემონს, ვიდრე თანამედროვე ხატმწერების მიერ ახლებურად შესრულებულის და ხორციელად მშვენიერისა. ძველებურ ხატზე სული ღვივის, ახლებურებზე კი მშვინვიერება და დახვეწილი მგრძნობელობაა აღბეჭდილი. ძველი ხატები უხილავი, მხოლოდ გულით აღსაქმელი ველითაა გარემოცული. ტრადიციიდან გადახვეული ხატწერა, როგორც წესი, ან მისტიკურ აბსტრაქციაში გადაიზრდება, ან რელიგიურ ლირიკაში, რომელსაც განცდათა გამის გამოწვევა შეუძლია, თუმცა სულს აუღორძინებელს ტოვებს.

საეკლესიო მხატვრების ხატები (მაგ. ვრუბელის) შეფარულ დემონიზმს ატარებენ. მათი სიღრმიდან თითქოსდა მძიმე, სულიერი წყვდიადი იღვენთება. საეკლესიო ტრადიციების ნგრევა _ ესეც სატანის გამარჯვებაა.

იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდაში ლოცვისათვის შესვლა მღვდელმთავარს წელიწადში ერთხელ შეეძლო. წმიდათა წმიდის შებილწვა იერუსალიმის დანგრევაზე დიდი ტრაგედია იყო ხალხისათვის. ისტორიის აღმავალი და დაღმავალი ტალღები სათავეს საკურთხევლიდან იღებენ. ერის აღორძინება საკურთხევლის სიწმინდიდან უნდა იწყებოდეს. სატაძრო წესების მიხედვით ერისკაცთათვის საკურთხეველში შესვლა აკრძალულია. მხოლოდ მეფეს, როგორც ცხებულსა და მორწმუნე ერის წარ- მომადგენელს, შეეძლო საკურთხეველში შესვლა, რათა ხალხისთვის ელოცა. იერუსალიმის დაცემის დატირებისას წინასწარმეტყველმა თქვა, რომ საკურთხეველი ბოსტნეულის საცავად იქცა. ძველი აღთქმის ტაძარი მხოლოდ წინასახეა, ერთგვარი ჩრდილია ახალი აღთქმის ტაძრისა. რა ელით ქრისტიანებს, რომლებიც მოურიდებელნი არიან ყველაზე დიდი სიწმინდის _ საკურთხევლის მიმართ, სადაც თვით ღვთაებრიობა უხილავად სუფევს! სიწმიდე ცეცხლივითაა, მას შეუძლია გაათბოს და გაანათოს, მაგრამ ასევე _ დაწვას და დაფერფლოს. გვახსოვდეს! სიწმიდის შეურაცხყოფა შავი მესის რიტუალის ნაწილია. ეშმაკი ახალი სულიერი სივრცეების დაპყრობას ცდილობს.

ეკლესიას თავისი წმინდა სიმბოლოები აქვს. დემონიც ქმნის თავის მაგიურ ნიშნებს და საეკლესიო ენის შეცვლა მათით უნდა.

VI საუკუნის მსოფლიო კრებამ წმიდანთა ალეგორიულად გამოსახვა აკრძალა. ბოლო დროს გამოჩნდა ალეგორიული სურათები, სადაც ღმერთი კაბალისტებისაგან და სხვა საიდუმლო მისტიკური სექტებისაგან ნასესხები ნიშნებითაა გამოსახული. ამ ქრისტიანიზირებულ კაბალისტიკას "ინტელექტუალურ ხატს" არქმევენ, ანუ ეკლესიას ელიტად და მდაბიო ბრბოდ ყოფენ. ალეგორიული ნიშნებით იმიტირებული ხატები ადამიანში რელიგიური აზროვნების ახალ ტიპს აყალიბებენ. ხატის მეშვეობით ლოცვაში ჩართვის ნაცვლად იგი ღვთაებრიობის წარმოდგენას ალეგორიებისა და გეომეტრიული ფიგურების სახით იწყებს. ადგილი აქვს ეკლესიაში გნოსტიკოსთა საიდუმლო წერის შემოჭრას. ძველი მამები გნოსტიკოსებს "სატანის პირმშოებს" უწოდებდნენ (პოლიკარპე სმირნელი გნოსტიკოს კერინთოსის შესახებ).

ყოველგვარი მოდერნი _ ეს ეკლესიიდან თეატრისკენ ან წარმართული ბომონისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მოდერნიზმი ეკლესიის თვითგანადგურების გზაა. ლიბერალური ქრისტიანობა კომპრომისების რელიგიაა. ის კომპრომისებს არა მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებს შორის ეძებს, არამედ ქრისტიანობასა და ბუდიზმს, ქრისტიანობასა და შივაიზმს შორისაც. ქრისტიანული დოგმატების განადგურებით და ბუნდო- ვანი, უფორმო რელიგიის შექმნით, რომელსაც ამაყად და ხმამაღლა `წესიერი ხალხის~ რელიგიას არქმევენ, ის ქრისტიანობის შიგნიდან დანგრევისაკენ ისწრაფის. მათ ერთადერთი მოწოდება აქვთ _ ხალხისათვის სიკეთის კეთება. ეს ღვთისაგან განყოფის ფარული სურვილია გარეგნულად ქრისტიანად დარჩენით; ეს ჰუმანისტების რელიგიაა.

მათ უყვართ სიკეთეზე ლაპარაკი, თუმცა სიკეთეს არ აკეთებენ, მათ სურთ კაცობრიობის მეგობრებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათთვის სინამდვილეში ყოველივე უცხოა, გარდა საკუთარი მაძღრობისა და პატივმოყვარეობისა. ასეთი რელიგია ზოგჯერ თავის მოღვაწეებს წარმოშობს, როგორიცაა მაგ. დოქტორი შვეიცერი ან მონაზონი ტერეზა. ისინი თავდადებულნი ემსახურებოდნენ იმას, რასაც ჩვენ ტანჯული ადამიანის კულტს დავარქმევდით. მონაზონი ტერეზა კალკუტის ქუჩებში მომაკვდავებს აგროვებდა და ამბობდა: "მინდა, რომ ადამიანი ადამიანური ღირსებით მიიცვალოს". მაგრამ ქრისტიანობა ღირსეულ სიკვდილად, სინანულსა და ლოცვაში, ყოველთა მიტევებასა და ღვთის მოწყალების იმედში სიკვდილს მიიჩნევს. მონაზონი ტერეზა ღირსეულ სიკვდილს სხვა რამეში ხედავდა: მომაკვდავი სიკვდილის წინ დაბანილიყო და არა ქუჩის ქვაფენილზე, არამედ სუფთა ზეწარზე გარდაცვლილიყო. პროტესტანტი პრესვიტერი და თეოლოგი შვეიცერი სულ რამდენიმე წუთს ლოცულობდა, მის დანარჩენ დროს კი ლეპროზორია იკავებდა. მასთან მიწიერი ფასეულობები იყო აბსოლუტიზირებული, პირველქმნილი ცოდვის მნიშვნელობა და შესაბამისად სინანული კი შემცირებული. ჰუმანისტების ხატი _ ემპირიული ადამიანია. მათი დევიზია: "ადამიანი _ ეს ღვთაებრივად ჟღერს". ასეთი რელიგია ადამიანურ ძალებსა და გრძნობებს ემყარება. მასში ღვთის არსებობის რწმენას რა თქმა უნდა, არ უარყოფენ, მაგრამ ღმერთის ადგილზე ფსიქოლოგიურად აყენებენ ადამიანის ერთგვარ აბსტრაქციას. ამ ლიბერალიზმმა განათლების ეპოქა მოამზადა და ახლა ამის კეთებას აგნოსტიციზმისა და მატერიალიზმისათვის განაგრძობს ნიადაგის მომზადებას: "ხომ შეიძლება მოიშორო ღმერთი, როგორც მსოფლმხედველური იდეა და ამავე დროს კაცობრიობას ემსახურო".

არსებობს სახელების გარკვეული ძალა, არა კაბალის მნიშვნელობით, სადაც სახელებს მაგიური დატვირთვა აქვთ და სულების შელოცვას ემსახურებიან, არამედ როგორც ერთგვარი ასოციაციური კავშირი, გამაერთიანებელი ველი და ჩვენთვის აუხსნელი ზეგავლენის ნიშანი. გავიხსენოთ, როგორი დაჟინებით ნერგავდნენ ქრისტიანობის მტრები ადამიანების შეგნებაში თავიანთი ბელადების სახელებს. ქალაქებზე, ქუჩებზე, პარკებზე, ქარხნებზე ეს სახელები დაღივით იყო აღბეჭდილი. ისინი თვალს გტაცებდნენ სახლების კედლებზე და გზაჯვარედინებზე. რისთვის იყო ეს საჭირო? იმისათვის ხომ არა, რომ ამ ადამიანებისათვის დიდების შარავანდედი დაედგათ? ნაწილობრივ ასეცაა. მაგრამ გარდა ამისა, ამაში დემონური რიტუალია შეფარული. გარკვეული სახელის მატარებელი ადგილი ამ სახელთან კავშირს ამყარებს. როცა ჩვენს ქალაქებში ზოგიერთ მოედანსა თუ ქუჩას სახელი შეეცვალა, თითქოს სუნთქვა უკეთ გახდა შესაძლებელი, თითქოს თვით ატმოსფერო შეიცვალა. ჩვენ გვაქვს წმინდანთა გამოსახულებები, რომლებიც სულიერ სამყაროსთან ურთიერთობაში გვეხმარებიან. თავიანთი გამოსახულებები დემონებსაც აქვთ. ეს მაგიასთან დაკავშირებული ამულეტები და თილისმებია, ასევე ურჩხულთა გამოსახულებები, იმ ადამიანთა პორტრეტები, ვინც სატანის გეგმებს ემსახურებოდა. ეს სახეები ადამიანის სულში და მეხსიერებაში აღიბეჭდება.

არის კიდევ რიტუალური გამოსახულებების ერთი სახე _ ადამიანის შიშველი სხეული. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სექსი.

სიშიშვლე მადლის დაკარგვის სიმბოლოა. ნიშანდობლივია, რომ ქალდეურ, ეგვიპტურ, ბერძნულ და იაპონურ წარმართულ ღვთაებებს შიშვლებს გამოსახავდნენ. შავი მესა, სატანური რიტუალები, ჯადოქრების თავყრილობა, დემონისადმი ლოცვისა და შელოცვების დროს მონაწილეებისაგან გაშიშვლებას მოითხოვდა. ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ ანგელოზები ნათელი სამოსით გამოისახებიან, დემონები კი შიშვლები. სექსის რელიგია გზას კვალავს სატანის რელიგიისათვის.

ქრისტიანებისათვის უდიდეს სიწმინდეს წმიდანთა ნაწილები წარმოადგენს. ადამიანის სულთან შეთვისებული სულიწმიდა მის სხეულსაც წმენდს ისევე, როგორც ნელსაცხებელი ტოვებს კეთილსურნელებას ჭურჭელზე, რომელშიც ის ინახება. ცოდვა დემონის შავი დაღია არა მხოლოდ ცოდვილის სულზე, მის სხეულზეც, ცოდვილისა სულიც ყარს.

აღსანიშნავია, რომ აკლდამებს, ეგრეთწოდებულ პანთეონებს ეკლესიებთან აწყობენ. ეს არის ღმერთების ტაძრები, სადაც იმათ მარხავენ, ვინც ისტორიაში თავი ისახელა, თუმცა ღმერთს დაშორდა და ეკლესიის ზღურბლზე ერთხელაც არ გადაუბიჯებია. რატომ უნდა იკრძალებოდნენ ასეთები ეკლესიის კედლებთან? ძველ რომში ყველა ქვეყნისა და პროვინციის წარმართული ღმერთების გამოსახულებები და ემბლემები პანთეონის თაღებქვეშ იქნა თავმოყრილი. კერპები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ მას არ შეეძლო ერთადერთი, ჭეშმარიტი ღმერთის დატევა. რატომ მიაქვთ ეკლესიისადმი გულგრილ ადამიანებს თავიანთი გმირების ნეშტი ეკლესიასთან და მათ აკლდამებს დამახასიათებელ, მაგრამ საბედისწერო სახელს _ "პანთეონს" უწოდებენ? იმიტომ, რომ ღვთის დიდების ტაძრის გვერდით ადამიანური დიდების ტაძრის შექმნას ელტვიან. გასულ (XIX) საუკუნეში ფილოსოფოს კანტის ინიციატივით შეადგინეს საეკლესიო კალენდრის პარალელური კალენდარი, სადაც წმიდანთა სახელების ნაცვლად გამოჩენილი მწერლების, მხედართმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეების და ა.შ. სახელები იყო აღნიშნული ნიშნად მათი პატივისცემისა და განდიდებისა. ქვეყანა თით- ქოსდა ამბობს: "ნახეთ, აი ჩვენი წმინდანები". მაგია კავშირშია სასაფლაოსთან. არსებობდა ჯადოქრული რიტუალები, რომლებიც მხოლოდ წარმართულ სასაფლაოებზე სრულდებოდა. მსოფლიო ისტორიაში დაკრძალვის ყველაზე განსაცვიფრებელ რიტუალს წარმოადგენს არა უდაბნოში მთებივით აღმართული ფარაონთა აკლდამები _ პირამიდები, არამედ მოსკოვის მავზოლეუმი. ბელადიზმი, ზეადამიანის კულტი არსებითად "დემონურ თეოკრატიას" წარმოადგენს. ბელადი წარმოჩენილია როგორც არა მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, არამედ როგორც შეუმცდარი იდეოლოგი, წინასწარმეტყველის მსგავსი, რომლის სიტყვასაც ბრბო უნდა მიენდოს. ამიტომ არა მხოლოდ ეგვიპტეში, ბაბილონში და ინკებთან, ასევე კომუნისტურ ქვეყნებშიც წარმოიშვა განსაკუთრებული კულტი _ აკლდამების თაყვანისცემა. მავზოლეუმი თითქმის ყველა კომუნისტურ ქვეყანაში აშენდა, სადაც ეგვიპტის ფარაონივით მუმიფიცირებული და ხალხის "დარაჯად" გამწესებული "ბელადი" იყო დასვენებული. ჩინელები ჩინგიზ ყაენის საფლავზე მოსალოცად დადიოდნენ და მის სულს იძახებდნენ, მუსლიმანები ხალიფებისათვის აკლდამებს აშენებდნენ, ბუხარა და სამარყანდი თავიანთ მფარველად თემურლენგს თვლიდნენ, მის მეფობას კი ოქროს საუკუნედ, ფაშისტური ელიტა მედიტაციისათვის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსის საფლავის მოსანახულებლად დადიოდა. რომ შეგროვილიყო სისხლი, რაც ამ ადამიანებმა მთელი სიცოცხლის მანძილზე დაღვარეს, მათ აკლდამებსა და პირამიდებს ადიდებულ მდინარესავით წალეკავდა.

წმიდანთა ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ წარმართულ ტაძრებში დემონები ბინადრობდნენ და კერპების მეშვეობით სასწაულებს სჩადიოდნენ. რომის იმპერატორთა აპოთეოზს (საზეიმო კრემაციას) თან ზებუნებრივი სატანური ძალის მოვლენები ახლდა და ბრბოს ანცვიფრებდა. "გაღმერთებული" იმპერატორი-ქურუმები იმპერიიის მფარველებად ითვლებოდნენ. ქრისტიანები მათ თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ, რის გამოც სიკვდილით ისჯებოდნენ. გმირების პატივის მიგების ერთ-ერთ საშუალებად ცეცხლის ანთების გავრცელებული წესი იქცა, რომელსაც ავბედითი სახელი "მარადიული ცეცხლი" ჰქვია. ავბედითი იმიტომ, რომ სახარებაში წერია: "მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების". ცეცხლი, როგორც წმინდა სიმბოლო, ზოროასტრ-ცეცხლთაყვანისმცემლების სამლოცველოებში ენთო. კავკასიის ხალხებმა თავიანთი ისტორიული გამოცდილებით განსაკუთრებულად კარგად იცოდნენ, რისი მატარებელიც იყო ცეცხლის რელიგია. ახლა მაზდეანობის ეს სიმბოლო და საუკუნო ტანჯვის სახე, სახალხო გმირების ხსოვნის მარადსაყოფად გამოიყენება.

კიდევ უარესი, წარმართული ემბლემებისა და რიტუალების ნაცვლად დამახინჯებული სახით აღებული, უფრო სწორად ეკლესიიდან მოპარული წესები გამოიყენება. ამ მკრეხელურ მიბაძვას ეკლესიისას ვხედავთ მაგ. ქორწინების სასახლეში, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ქორწინება რეგისტრაციაში გაატარონ ან საქორწილო სუფრის გაშლაში დაეხმარონ, ეკლესიის დუბლირებას ეწევიან. ბეჭდების გაცვლა, ნეფეპატარძლისათვის ერთ ფიალაში ღვინის დასხმა და ა.შ., არც თუ უბრალო ანტირელიგიურ ანეკდოტს წარმოადგენს. აქ თანამედროვე ლიბერალიზმის შინაარსია შეფარული. სახელმწიფოსთან სეკულარიზებული საზოგადოება საკუთარ თავზე ეკლესიის ფუნქციებს იღებს, ის ადამიანების რელიგიურ მოთხოვნილებებს "აკმაყოფილებს". ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჩნდებიან მოულოდნელად საზოგადოებრივ სტრუქტურებში ნებისმიერი რელიგიისათვის სავსებით უცხო, თანამედროვე ქურუმები, რომლებიც ლიტურგიას და ეკლესიის ადათებს მაიმუნის გულ- მოდგინებით ბაძავენ.

არც თუ დიდი ხნის წინ იყო წეს-ჩვეულება, რომლითაც ნათლობის შეცვლა სურდათ: ბავშვი კლუბში მიყავდათ, მშობლები მასთან ერთად ბელადების პორტრეტების წინ დგებოდნენ და პირობას დებდნენ, შვილი პროლეტარული, რევოლუციური თვითშეგნებით აღეზარდათ. შემდეგ რევოლუციის "პატარა ჯარისკაცი" საჩუქრად ჯვრის ნაცვლად ვარსკვლავს ღებულობდა, ორი დამსწრე პროლეტარულ აღზრდაზე პასუხისმგებლობას კისრულობდა, მათ "ვარსკვლავური მამა" და "ვარსკვლავური დედა" ერქვათ, თვით რიტუალს კი "წითელი თანავარსკვლავედი". ამავდროულად, მსოფლიოს სხვა ნაწილში, ევროპის ცენტრში _ გერმანიაში, პარალელური პროცესები ხდებოდა. ფაშიზმი არიულ და სკანდინავიურ წარმართობას, ასევე რაინდული ორდენების ოკულტურ ტრადიციებს აღორძინებდა. ამ ველურ ფანტასმაგორიას და ნიღბების კარნავალს სავსებით რეალური ძალა ჰქონდა. მკრეხელური წესი _ ეს ღვთისმბრძოლობის სახეობაა, დემონის მსახურების და ყველა სახის ჯადოქრობის აუცილებელი ატრიბუტი. ამ მკრეხელურ ადათ-წესებში მონაწილე ხალხმა უკვე მიიღო სულიერი შხამის ინექცია. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნება დემონს ჩააბარა, დედამიწაზე ჯოჯოხეთის სამეუფოს აფართოებს.

წარმართებზე, რომლებიც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ, დავით წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ "დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა", ანუ კაცის სისხლი ღაღადებს ღვთისა მიმართ, ის მიწას უდაბნოდ აქცევს. წმიდა მამები წერდნენ, რომ დემონი, თუმცა უხორცო ძალაა, ის როგორც საკვებით, სისხლის სუნით და მრუშების სიბინძურით საზრდოობს, ამიტომ იმ ადგილებში ბინადრობს, სადაც ცოდვა და ბოროტმოქმედებაა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მსხვერპლშეწირვა დემონისათვის, რომელიც ყველა ომსა და ჰეკატომბას აღემატა _ დედების მიერ საკუთარი შვილების კვლაა. დემონურ კულტებში ადამიანის სისხლის დაღვრა, განსაკუთრებით კი ბავშვებისა, აუცილებელ მსხვერპლშეწირვად ითვლებოდა, რომლის გარეშეც არ ხდებოდა სატანის რიტუალური გამოცხადება. ძველი დროის თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში შეიწირებოდა ადამიანი. მაიასა და ინკებში ცოცხალ ადამიანს გულს აცლიდნენ, მთავარი ღვთაების _ მზის დღესასწაულზე მსხვერპლთა რაოდენობა 30000 აღწევდა. ამიტომ ინკები ტყვეების მოსაპოვებლად ლაშქრობებს აწყობდნენ ან ადამიანზე ნადირობდნენ, როგორც მხეცზე. ცენტრალურ აფრიკაში მსხვერპლს ცისკრის ვარსკვლავს (ვენერას) წირავდნენ, საბერძნეთში _ ჰეკატას _ გველებიან მთვარის ღვთაებას.

აბორტების რაოდენობამ ქრისტიანულ ქვეყნებში ომში დახოცილთა, კერპებისათვის შეწირულთა, კანიბალებისაგან შეჭმულთა რაოდენობას გადააჭარბა. ძველ გრავიურაზე დედამიწა სამყაროს ოკეანეში მცურავ კუნძულადაა გამოსახული. დღეს კი ის ადამიანის სისხლში მცურავ კუნძულს უფრო ჰგავს.

ბევრნი გონს ვერ მოსულან: რისთვის გვსჯის უფალი ასე მკაცრად? მაგრამ უფრო მართებული იქნებოდა გვეკითხა: რისთვის გვითმენს უფალი ჯერ კიდევ? ის ჩვენ თავისი ენით უთქმელი მოწყალების გამო, უცნობ ღვთივსათნოთა ლოცვის გამო გვითმენს და... ჩვენს სინანულს ელის.


თარგმნა ნინო გულიაშვილმა

ეშმაკის ორი ბადე.

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

ეშმაკის ორი ბადე

ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება, ყოველგვარი განკითხვის ღირსია და მეტისმეტი საქმიანობაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ორივე ეს ცხონებას უშლის ხელს. მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მცონარებს: ხეტიალობენ ქალაქი ქუჩებში, ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებიან, გარშემომყოფ ადამიანებზე ჭორაობენ, და თუ მაინც მიდიან ეკლესიაში, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ მეტი საქმე არა აქვთ. ასე გაჰყავთ დრო და საკუთარი თავისთვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ.

აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: „მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. „ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არ სურთ შრომა" (იგავ. 21,25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმინდურობაში.

უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს გაკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინდ დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით - ეს მცირედაც არ ანაღვლებს, ის მშვიდად ბილწავს მათ განკითხვით.

რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამ-ტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართლას ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ. დამდგარი წყალი მალე ფუჭდება, უმოძრაო ჰაერიც მავნებელი ხდება, ზარმაცი ჯარი მალე იღლება. როცა ახლოვდება დიდი მარხვა, უსაქმურები საჩქაროდ გარბიან მოძღვრებთან და სხვადასხვა საბაბით ითხოვენ მკაცრი მარხვის შემსუბუქებას. დაე, ნუ მივეცემით ბოროტებას და პირველივე დაბრკოლებისთანავე უარს ნუ ვიტყვით სათნოებებზე. ამგვარია პირველი ბადე ეშმაკისა - უსაქმურობა. არის სხვაც. ესაა სხვადასხვა საქმეების სიმრავლე, რითაც ადამიანები თავს გადაიტვირთავენ და მოსვენებას არ აძლევენ საკუთარ სულს.

როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას. „რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8,14). ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისათვის დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში. როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებელის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს ჰგვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომლებიც ვერასდროს გაიხსნება. და ამგვარად ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც, შესაძლოა, სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ამას შეძლებენ, ეშმაკი კი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწასთან დრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმეებს და საზრუნავებს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ - არა მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად, არამედ - მასზე საფიქრელადაც კი. ამგვარად ყოველდღიური საქმეები და საზრუნავები ხდება ბადე, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, ქედს ადრეკინებენ მათ და გონების დაბნელებამდე მიჰყავთ ისე, რომ მათში კეთილი ზნეობის კვალიც კი აღარ რჩება.

თუმცაღა, რომ რჩებოდეთ კიდეც გარკვეული დრო, ამასაც საქმეებისათვის გამოიყენებდნენ. მათ სწორედ ის ემართებათ, რაც - მონადირეებს. მაშინაც კი, როცა მონადირეებს სძინავთ, ესიზმრებათ, რომ ფხიზლად არიან - ნადირობენ ფრინველებზე და მხეცებზე, რომლებიც გაურბიან მათ ან ბადეში ვარდებიან. მათი სხეული ლოგინში განისვენებს, წარმოსახვა კი - ტყეშია. ასე მოსდით მათაც, ვინც მეტისმეტი საზრუნავით არიან შეპყრობილნი. ისინი დგანან ეკლესიაში და ბაგით წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს, ამ დროს კი მათი გონება აქა-იქ დაეხეტება და საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრობს, თუ როგორ გააკეთოს უკეთ ისინი. მუდამ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ წამოიწყონ ერთი საქმე, როგორ დაამთავრონ მეორე, სულისათვის კი დრო არ რჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული ტაძარში იმყოფება, გონება - ქუჩაში დაძრწის. მაშინაც კი როცა სძინავთ, მათი აზრები ერთი საქმიდან მეორეზე გადადის. თუ შენ თვითონ არ მოგწონს რომ, როდესაც მეგობარს ესაუბრები, ის არ გისმენს და გამუდმებით უადგილო შეკითხვებს გისვამს, როგორ უნდა გინდოდეს, რომ უფალი ესაუბროს შენს გულს, მაშინ როცა მასში ასობით ამაო აზრი ტრიალებს?

ამ ორი უბედურებისაგან რომ გათავისუფლდე: უსაქმურობისა და მეტისმეტი საქმიანობისაგან, ილოცე უფლის მიმართ, რათა განგანათლოს შენ, რათა ამოიცნო მიზანი, რისთვისაც შობილხარ ამქვეყნად, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მაუწყე მე უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა ვუწყოდი, რაიღა მაკლს მე" (ფს. 38,5). ამის შემდეგ კი დაფიქრდი იმაზრ, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესრუვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ რომ, დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის, რომ სამოთხის მოპოვებისათვის გვეზრუნა, ისევე ძვირფასია, როგორც - თავად სამოთხე.

ახლა კი გესმის, რაოდენ დიდი ფასი აქვს დროს, რომელიც უფალმა მოგვცა ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად?! როდესაც სიკვდილი მოულოდნელად მოვა შენთან, ძებნას დაუწყებ თუნდაც ერთ წამს, მაგრამ ვერ ჰპოვებ მას.
ჰყვებიან ერთ დიდებულზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეფის მრჩეველი იყო. როდესაც მიხვდა, რომ ცხოვრების აღსასრული დაუდგა, მწარედ ატირდა და თქვა: „ვაი, ჩემს თავს! რამდენი ქაღალდი დავხარჯე, როდესაც მეფის სიგელებს ვწერდი და ერთი წუთიც კი ვერ გამოვნახე, რომ ჩამომეწერა თუნდაც ერთ უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯზე ჩემი ცოდვები, რათა ახლა გამეხსენებინა და მომენანიებინა". და შენ კი, საყვარელო, შეძლებ კი, ასე იგლოვო შენი ცხოვრების დასასრულს, რომ ამდენი წელი ამაოებაში განვლე?

გაიღვიძე და აღსდექი ძილისგან. იყავი, როგორც მომლოცველი, რომელიც დასასავენებლად წამოწვება, მაგრამ როგორც კი გაახსენდება, რომ მისი მეგობრები შორს წავიდნენ, მაშინვე დგება და თავის გზას აგრძელებს. იყავი არა - ვითარცა „უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღები ბოროტნი არიან" (ეფ. 5,15-16).


http://teoleo.ucoz.de/index/eshmak_is_ori_bade/0-69

ვკითხულობ და ვხვდები , რომ...

ვკითხულობ ღვაწლმოსილი ადამიანების ნააზრევ-ნაფიქრალს , მათ აზრებზე თითქოს ისე ვისვენებ როგორც ფრენით დაღლილი ფრინველი დაისვენებს ხის ტოტზე.


ვკითხულობ და ვხვდები  რამდენად ღრმაა მათი წვდომა ამქვეყნიურ ავკარგიანობაში, მათი ცოდნა თითქოს უბრალოა და ამავე დროს დიდი ღვაწლის შედეგია.ღრმა  სულიერი ცოდნით დაამარცხეს ის სიცარიელე რომელსაც ეშმაკი უფსკრულად დებს ღმერთსა და ადამიანს შორის. ვკითხულობ და ვხვდები რა დიდები არიან, და ვხვდები რომ მე არავინ ვარ, იმიტომ, რომ ვგავარ იმას, ვისაც მოსწონს ქრისტე და ქრისტიანობა, მათ კი შეიყვარეს ქრისტე და მართლა გ ა ქ რ ი  ს ტ ი ა ნ დ ნ ე ნ.




სხვადასხვა.

სხვადასხვა.

საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით.
წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროსა და ხელმწიფეთა მოთხოვნას დავემორჩილოთ, მით უმეტეს – არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს. ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

... მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისთვის არ არის საკმარისი, არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებელი სარწმუნოება - მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა - იდუმალებით სავსე და დიდებული, გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.
აღმოსავლეთის და დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება ამას? სამწუხაროდ ბოლომე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თუ ყველაზე უფრო სრულყოფილ თემში – ქრისტეს მოწაფეთა შორის იყო იუდა, მაშინ ჩვენ რაღაზედ ვძრწუნდებით, რომ რუსულ ეკლესიაში არის ვვედენსკი, ხოლო ყოველ სამწყსოში – საკუთარი პატარა იუდა ისევე, როგორც მშვიდი, მადლმოსილი იოანე და ერთგული, ენერგიული პეტრე.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.
ბერი იოსენ ოპტელი

უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.
ნეტარი ავგუსტინე

გახსოვდეთ, რომ ის წუთი, რომელსაც სიზარმაცე გართმევთ, შესაძლოა უკანასკნელიც კი იყოს თქვენს ცხოვრებაში და მას სიკვდილი და სამსჯავრო მოყვეს.
ს.ა. ნილუსი

ისაუბრე მომღიმარი სახით, რომ უხაროდეს შენთან მოსაუბრეს.
წმ. ბარსანოფი დიდი

საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი

კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე

თუკი ადამიანი ძალისაებრ არ იღვაწებს და საკუთარ შრომას წმინდანთა ლოცვას არ შეუერთებს, ვერავითარ სარგებელს მიიღებს იმისგან, რომ წმინდანები მისთვის ლოცულობენ.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული, როგორც განუყოფელი იყო იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მამამთავარი და მოძღვარი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ ადამიანებისა, რომელნიც ყოველდღიურად მოდიან ეკლესიაში, არამედ ყოველი ქართველისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მკვიდრისა. კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ვისაც არ შეუძლია, ან სულიერი ძალა არ ჰყოფნის ეკლესიაში მოსასვლელად. ასეთ კაცთან იგი თვითონ უნდა მივიდეს, მხრებით იტვირთოს და ისე მიიყვანოს უფალთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების გამოვლინებაა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ. იოანე ოქროპირი

ხშირად ხდება, რომ უდანაშაულონი ვართ იმის წინაშე, ვინც გვაწყენინა, მაგრამ ღვთის წინაშე მრავლად შევცოდეთ, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ღმერთი ხედავს.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს შენს სულს უმკურნალოს.
წმინდა ანტონი დიდი

ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
წმინდა გრიგოლ ივერიელი (ფერაძე)

არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი, საკუთარი სიამოვნება, ოჯახური და ნათესავური კავშირები, სინდისი, მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია, დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.
წმინდა ნიკოლოზ სერბელი

ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო.
ავდეევი, ნევიაროვიჩი

მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ.
წმინდა ბარსანოფი დიდი

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ღმერთი კი – გულსა კაცისასა. ამიტომაც ამბობს გულის სისუფთავეზე დავით წინასწარმეტყველი: „გული წმინდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა". ღმერთმა ქართველ ერს საოცარი საჩუქარი მოგვცა – მოსიყავრულე გული. ცხადია, ყველას არა გვაქვს წმინდა გული, რამეთუ ცოდვილნი ვართ და ხშირად ვეცემით, მაგრამ სიყავრული შეგვიძლია. „ღმერთი სიყვარული არს", - ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი უფლის შესახებ და თავისი ეს თვისება მან თითქოს გვიბოძა ჩვენ, რამეთუ სიყვარულით სავსეა ქართველი ადამიანის გული. მტერმა შეიძლება ბევრი ცუდი მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენ ვართ ბავშვის გულივით მიმტევებელნი და თითქმის იმ წამსავე ვივიწყებთ წყენას, ყოველგვარ ბოროტს, რომელიც მტერმა მოგვაყენა და კვლავ სიყვარულით ვივსებით. აი, ამ თვისებამ გადაარჩინა ქართველი ხალხი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმინდა იოანე ოქროპირი

დილას გამოღვიძებულს რა გაგიელვებს პირველად გონებაში? გული გეუბნება: დიდება უფალს, რომელმან მოგვფინა ნათელი? ან, უფალო, დღევანდელი დღე? თუ ეს ასეა, მაშ, სიკეთის ნიშანია. მაგრამ თუ გაღვიძებისთნავე რაიმე მიწიერზე ფიქრი გაგიტაცებს და უფალზე ფიქრის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ ვეჭვობ, რომ შენ ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა.
მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი

კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

წმ. იოანე ოქროპირი იროდს ამსგავსებს უღირსად მაზიარებელთ, რომელმაც გარეგანად გამოთქვა სურვილი ქრისტეს თაყვანისცემისა, გულიში კი მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.

რამ გამაკვირვა სულ პირველად მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა ნაწერებში? მათმა თანხმობამ, საოცარმა, დიდებულმა თანხმობამ. მათი პირით თვრამეტი საუკუნე ერთად ამოწმებს ერთ, საღმრთო სწავლებას! როდესაც შემოდგომის ნათელ ღამეს ცას ავხედავ და ურიცხვ ვარსკვლავს დავინახავ, სულ სხვადასხვა სიდიდისანი რომ არიან, მაგრამ მაინც ერთ ნათელს გამოსცემენ, ჩემს თავს ვეუბნები: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ზაფხულის დღეს ზღვას გავყურებ და უამრავ ხომალდს ვხედავ, თეთრი გედების მსგავსად რომ აუშვიათ აფრები და ერთი ქარის ქვეშ ერთი მიზნისკენ, ერთი ნავსაყუდელისკენ მიისწრაფვიან, ვფიქრობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ხალხმრავალ, კარგად შეწყობილ გუნდს ვუსმენ, რომელშიც მრავალი სხვადასხვა ხმა ერთ საღმრთო საგალობელს გალობს, ვამბობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. და მაინც, რა სწავლებას ვნახულობ მათთან? ყველა წმ. მამა ერთხმად იმეორებს, რომ ცხონების ერთადერთი გზა არის წმ. მამათა რჩევა-დარიგებების განუხრელი მიყოლა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი.


შურზე.

შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.
წმ. გრიგოლ პალამა