ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 марта 2014 г.

შინაგანი ბრძოლა - თავისუფლების საბუთი.

შინაგანი ბრძოლა - თავისუფლების საბუთი.


გრძნობათა ჭიდილი გონებასთან, შინაგანი გაორება, რომელსაც ყოველი ადამიანი ამჩნევს თავის თავში, ყველაზე ნათლად ასაბუთებს ადამიანთა ნების თავისუფლებას. იქ, სადაც მოქმედება ექვემდებარება აუცილებელ ფიზიკურ კანონებს, არ შეიძლება ლაპარაკი არავითარ ბრძოლაზე. ამიტომ თუ ნება გარდუვლად წარიმართებოდა აუცილებლობის კანონის მიხედვით, მას აღარ შეეძლებოდა მერყეობა, არჩევანის გაკეთება, არამედ მოიმოქმედებდა ყოველივეს გადაწყვეტილების მიღების გარეშე; სადაც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის, მრავალ მოძრაობათაგან ავირჩიოთ რომელიმე ერთი, უსაფუძვლოა იქ ვივარაუდოთ, არათავისუფალი ნების არსებობა. შინაგანი გრძნობა ყველას გვარწმუნებს, რომ თვით იმ წუთებშიც კი, როდესაც რაღაც ვნება დაუოკებლად მიგვაქანებს რაიმესკენ, შეგვიძლია შევჩერდეთ და დავადანაშაულოთ თავი ჩვენს მოქმედებაში. სინდისი გვკიცხავს ჩვენ ცუდი საქციელისათვის. მისი შინაგანი ხმა შეგნებულად და უტყუარად შთაგვაგონებს, რომ საჭიროა ბრძოლა, საჭიროა მივენდოთ არა ქვენა წარმოდგენებიდან მომდინარე ლტოლვებს, არამედ გონების კარნახს. გრძნობათა შეკავებით, ვნებებზე გამარჯვებით გამოწვეული შინაგანი კმაყოფილება ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ გაიმარჯვა სწორედ ნებამ, რომ იგი იბრძოდა და არ დაუკარგავს თავისუფლება, არ ქცეულა მონად. ყოველი განვითარებული ადამიანისათვის აუცილებელია ასეთი შინაგანი ბრძოლა. იგი შეიძლება ხანდახან შესუსტდეს, მაგრამ გაქრობით მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება გაქრეს: 1. როდესაც მებრძოლი მხარეებიდან ერთ-ერთი სრულიად გადასძლევს მეორეს, მაგ., როდესაც გრძნობები და ვნებანი ისე დაეუფლებიან ადამიანს, რომ მისი ნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ემორჩილება მათ. მაშინ ქვენა ზრახვათა დაკმაყოფილებისაკენ მისწრაფება მისთვის ნორმალური ვითარებაა. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ბევრი, ვინც მხოლოდ დაბალ ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ცხოვრობს. 2. შინაგანი ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ გაქრება მაშინაც, როდესაც განსჯა იმარჯვებს გრძნობებზე, ხოლო ნება კი ისე სრულქმნილი გახდა, რომ ადამიანი ძლევს საკუთარ თავში გრძნობად ლტოლვებს და ცხოვრობს მხოლოდ ზნეობრივი კანონის შთაგონებით. ვიმეორებთ, ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ შეწყდება, ვინაიდან სრულყოფის რა საფეხურზეც არ უნდა იდგეს ადამიანი, მასში თითქმის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა ქვენა მისწრაფებებთან. 




წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)






Комментариев нет:

Отправить комментарий