ღმერთი

ღმერთი

среда, 7 мая 2014 г.

ევროპაში უკუსვლით შევდივართ?

07 05 2014

არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს, _ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ 6 მაისს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონის მიღებასთან დაკავშირებით.


«როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო?! უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და, მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს,» _ ბრძანა პატრიარქმა.


კათოლიკოს-პატრიარქმა კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ გამოთქვა უკმაყოფილება და ხელისუფლებაც გააფრთხილა, არ დაპირისპირებოდა საზოგადოებას და არ გამიჯვნოდა ეკლესიას, თუმცა საქართველოში ხელისუფლებები ვაშინგტონიდან მონაბერ ოკეანის ქარს უშვერენ გაცხელებულ შუბლებს (არამხოლოდ!) და თითქმის არ უსმენენ ერის მწყემსმთავარს. ყურადღებით ვადევნებდი თვალს მთელი კვირის განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებს და, მართალი გითხრათ, დიდად არც გამაკვირვა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციამ _ მფარველებთან მათი ვალდებულებები მნიშვნელოვნად აღემატება მათსავე შესაძლებლობებს, გულახდილად გამოთქვან საკუთარი აზრი.


პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავი დაიზღვია და ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვამდე თითქმის ერთი თვით ადრე გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო: «ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა». ბუნებრივია, პრემიერმა იცის, რომ ოჯახში შეიძლება მხოლოდ ბებია და შვილიშვილი ცხოვრობდეს და დაქვრივებულ ქალსა და მის შვილებსაც ვერავინ წაართმევს ოჯახის სტატუსს. ყველა მიხვდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქორწინებას გულისხმობდა და ასეთი წამოცდენა მის იურიდიულ ნიუანსებში გაურკვევლობას მიაწერეს, მათ შორის, პოლიტიკოსებმაც... პრემიერმა იქვე მოაყოლა, რომ «ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რომლებიც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით», თუმცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მთავრობის სხდომაზე განსახილველად შეტანილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა და მინისტრ თეა წულუკიანისა და რესპუბლიკელების ლობირებული სამომავლოდ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საფრთხეები ამჯერად სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მითითებით გააუვნებლეს.


პირველი დარტყმა


რა საჭიროა სპეციალური კანონი, თუკი ამ ახალი კანონით განსაზღვრული უფლებები «უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით»? _ ეს შეკითხვა მოგვიანებით გაჩნდა, პრემიერის ზემოხსენებული განცხადებით კი საზოგადოების დიდი ნაწილი მოიხიბლა. თუმცა ეს იყო ერთგვარი ხრიკი, პიარსვლა _ ხალხმა ღარიბაშვილი ტრადიციების ერთგულ დამცველად აღიქვა და ეს პოზიცია პრემიერისთვისაც მომგებიანი იყო, და არამხოლოდ წმინდა პიარული თვალსაზრისით. პოლიტიკურ აჯაფსანდალში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაუძახა კოალიციურ ქვაბში და შეაზავა, ყველაზე უგემური ინგრედიენტი რესპუბლიკური პარტიაა და, ბუნებრივია, თუკი «ქართული ოცნების» ლიდერი ღარიბაშვილი იმთავითვე იტყოდა, რომ «ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა», საზოგადოება რისხვას მხოლოდ რესპუბლიკელებს დაატეხდა კანონპროექტის კანონად ქცევის დროს.


«დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონპროექტის განხილვა უმტკივნეულოდ რომ არ ჩაივლიდა, თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა ხელისუფლება, ალბათ, არ მოელოდა ასეთ მძაფრ წინააღმდეგობას. მართალია, ბოლოს მაინც გაიტანეს, მაგრამ იძულებული გახდნენ, ბრძოლის ველზე «მძიმე არტილერია» გამოეყვანათ და გარკვეულ დათმობებზეც წასულიყვნენ.


მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში «შავჩოხიანი ვაჟკაცები» არიან ზვიად ძიძიგურის თამადობით და გარეგნულად ღრმად მორწმუნეთა სიმცირესაც არ განიცდის საკანონმდებლო ორგანო, მათ ხმა არ ამოუღიათ (ნეტავ, რატომ? რა ღირს ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა და რამდენად ჩაალომბარდეს ტრადიციების ერთგულება?). მხოლოდ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ «დეპუტატობას მართლმადიდებლობა ურჩევნია». და რაკი დაზაფრული (25 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობასთან ივანიშვილის შეხვედრის დროს ყველამ მიიღო ინსტრუქცია) პოლიტიკოსები გაისუსნენ, ხელისუფლებამ პირველი დარტყმა სწორედ მებრძოლი ეკლესიიდან _ საპატრიარქოდან მიიღო.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირველი განხილვის შემდეგ პარლამენტს მიმართა, გადაედო «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონის მოცემული სახით მიღება. პატრიარქის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციას, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს კი, თავის მხრივ, საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.


საფრთხეები


«დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონის მიზანია «დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად».


არ შეიძლება, ვინმე მიესალმებოდეს დისკრიმინაციას რასის, ენის, სქესის და ა. შ. მიხედვით და ამისთვის მორწმუნე ადამიანს კანონი საერთოდ არ სჭირდება _ ძალადობას არც სახარება ქადაგებს, არც ყურანი და არც თორა. მაშ, რამ გამოიწვია სასულიერო პირების აღშფოთება? ეს არის ამ კანონში ჩადებული სამომავლო საფრთხეები. კერძოდ, «გენდერული იდენტობა _ ადამიანის გენდერული თვითაღქმა, როდესაც ის თავს მიაკუთვნებს რომელიმე სქესს და სექსუალური ორიენტაცია _ ინდივიდის მდგრადი ფიზიკური, რომანტიკული, ემოციური მიზიდულობა სხვა ადამიანის მიმართ და ა. შ.»


სასულიერო პირები სწორედ ამ ორი განმარტების ამოღებას მოითხოვდნენ. ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა, თუმცა სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზ, მამა დავით ლასურაშვილის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში დამტკიცებამდე შეტანილი ცვლილება «მიცვალებულისთვის მაკიაჟის» გაკეთებას ჰგავს, რადგან, «მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში შევიდა გარკვეული დამატება, ის მაინც მიუღებელია მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რადგან ის მაინც შეიცავს საფრთხეს, საფრთხე კი უამრავია, როგორც ზნეობრივი კუთხით, ისე იურიდიული თვალსაზრისით. მაგალითად, ზნეობრივი კუთხით ხდება იმ ჯგუფების ლეგალიზაცია, რომლებიც ისედაც არსებობდნენ და ისედაც არავინ ჩაგრავდა. ასე რომ, იმ მუხლით, რომელიც დაამატეს, ოდნავ უკეთესად შეიძლება გამოჩნდეს ეს კანონი, ვიდრე თავდაპირველად იყო, თუმცა, უხეშ შედარებად თუ არ ჩამითვლით, ეს შეიძლება დაემსგავსოს მიცვალებულისთვის მაკიაჟის გაკეთებას».


ღვთისმსახურნიც და ხალხიც მოითხოვდნენ, მეტი სიცხადე შეეტანათ კანონში და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს (კანონპროექტში სექსუალური ორიენტაციის განმარტებაში განსაკუთრებით გამაღიზიანებელია რომანტიკული, ემოციური მიზიდულობა) ლეგალიზაცია არ მომხდარიყო. მით უფრო, ამ «რომანტიკულად და ემოციურად მიზიდული» ორიენტაციის გამჟღავნების შემდეგ საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სასჯელღსრულების ადმინისტრაციები და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელები არ დაესაჯათ, თუკი მშობლები, ბავშვები, ჯარისკაცები თუ პატიმრები აღმზრდელად, მასწავლებლად, მეთაურად თუ ზედამხედველად ამ «ოცნების» რომანტიკოსების» დანიშვნას გააპროტესტებდნენ.


პრინციპში, «რომანტიკულად მიზიდულები» ახლაც არიან სკოლებშიც, ჯარშიც და ციხეებშიც, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ საკუთარი «მიზიდულობის» დემონსტრირებას და, რამდენიც უნდა ეცადოს დღევანდელმა თუ მომავალმა ხელისუფლებამ, თვალსაწიერ მომავალში ვერც გაბედავენ. ამ თემაზე ვრცლად რომ არ ვისაუბროთ, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კაბიანი, საყურიანი და პომადიანი კაცი შევიდა მე-10 კლასელებთან (პირობითად) ქიმიის გაკვეთილის ჩასატარებლად. ცხადია, მისი ცდა სრული კრახით დამთავრდება და საკუთარ იდენტობას თუ არა, მენდელეევის პერიოდულ სისტემას მაინც დაავიწყებენ. ასეთი ადამიანი ასევე ვერ მოაწყობს მწკრივში ჯარისკაცებს. უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებენ «სწორდი! სმენა!»-ს გააზრებას, ისე დაიხოცებიან სიცილით. ციხეებში კი ასეთები ისედაც დადიან, ოღონდ არა ზედამხედველებად. ეს _ რაც შეეხება «გენდერულ იდენტობას». ხოლო «სექსუალური ორიენტაციის» შესახებ ზემოთ უკვე ვთქვი: ასეთი ადამიანები ისედაც იყვნენ და არიან, მაგრამ მათთვის (ლატენტური არატრადიციულებისთვის) ეს გარკვეული ტრაგედიაც არის და არც მოისურვებენ დემონსტრირებას. როდესაც მათგან სავარაუდო საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უპირველესად, ალბათ, იმის გათვალისწინება გვმართებს, რომ დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ «გენდერული იდენტობისა» და «სექსუალური ორიენტაციის» წახალისება საკანონმდებლო დონეზე მომავალში აუცილებლად შექმნის პრობლემას, რადგან გადახრა ნელ-ნელა ნორმად ჩამოყალიბდება, თორემ მათ ახლაც არავინ დასდევს ქუჩაში ქვების სროლით, მათ დანახვაზე ემოციის გამოხატვას, ანუ «ემოციურ განზიდულობას» კი ვერავინ ვერავის დაუშლის, რამდენიც უნდა ირბინონ სახალხო დამცველთან თუ სასამართლოში.


სასულიერო პირები კიდევ ერთ საფრთხეზე ამახვილებდნენ ყურადღებას _ ეს გახლავთ ღვთისმსახურთა ქადაგებისა და მამათმავლობის ცოდვის მხილების შეზღუდვა კანონმდებლობით. ცნობილია, რომ მღვდელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუკი აღსარების დროს შეიტყობს დანაშაულის ჩადენის შესახებ და სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობებს. ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ სასულიერო პირებს ყველგან ექნებათ ცოდვილთა მხილების შესაძლებლობა _ მათ ამისთვის ვერავინ უჩივლებს და არავინ დასჯის.


კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც ხშირად საუბრობენ, ეს არის სამომავლო დაპირისპირებები ამ «ემოციურ რომანტიკულებსა» და «რომელიმე სქესს თვითმიკუთვნებულ» და ნორმალურ ადამიანებს შორის ქუჩაში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და შემდეგ უკვე სასამართლოში. რასაკვირველია, ეს მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ ინტენსიურობით, როგორც გვგონია, რადგან ისინი არც ისე ბევრნი არიან. საფრთხეებზე საუბარი დავასრულოთ იმით, რომ «ისეთებისთვის» გარკვეული პრივილეგიების მინიჭების შემთხვევაში (თუმცა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონი არ გულისხმობს პროპაგანდას, რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიებისა და უფლებების მინიჭებას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის), ნორმალურებიც დაიბრალებენ «ისეთობას», თუკი მათ სამსახურის დაკარგვის საფრთხე დაემუქრებათ. შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ მაშინ ყველასთვის ცნობილი გახდება ამ ადამიანის «ისეთობის» შესახებ, მას კი ან შვილი ეყოლება, ან ძმისშვილ-დისშვილი და მეზობელი... ამიტომ, საეჭვოა, ასე მკვეთრად დაუპირისპირდეს სოციუმს.


«მძიმე» არტილერია


დიდი დავისა და განსჯის შემდეგ, რომელშიც მძიმე არტილერია _ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი _ რამდენიმეჯერ ჩაერთო (თავისი პოზიცია გამოხატა პრეზიდენტმაც), «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მნიშვნელოვანი ცვლილებით. კერძოდ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მეხუთე მუხლი ამბობს, რომ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისთვის, რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე, უფლებების, მათ შორის, რელიგიური მსახურების უფლების შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ არღვევს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვათა უფლებებს. კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას.


პარლამენტის თავმჯდომარის კანონის გამამართლებელი ემოციური არგუმენტები ისე უსუსურად გამოიყურებოდა, რომ მათზე სერიოზულად ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. რაც შეეხება პრემიერმინისტრს, მან ისეთი საგულისხმო არაადეკვატურობა გამოავლინა, რომ მისი კომენტარის ერთი ფრაგმენტის აქ გამოქვეყნებაც აუცილებელი მგონია: «ამ კანონის მიღებით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ძლიერი ერი და სახელმწიფო ვართ. რაღაც ცოდვაზე იყო საუბარი. ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და მით უმეტეს მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს გაურბოდა, არასოდეს ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის, ეს არის ჩვენი ძლიერება»! ესეც უკომენტაროდ დავტოვოთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, როგორც ჩანს, პრემიერი ან ათეისტია (დეპუტატ ნინო გოგუაძის მსგავსად), ანდა იმდენად ზეციური, რომ ცოდვის არსის გაგება და აღქმა არ შეუძლია.


საინტერესოა, რომ, თუკი მეორე მოსმენით 112-მა დეპუტატმა დაუჭირა კანონპროექტს მხარი, მესამე მოსმენით უკვე 104 მხარდამჭერი ჰყავდა («ნაციონალური» უმცირესობის უმრავლესობა და «ოცნების» უმრავლესობის უმცირესობა სხდომას არ დაესწრო და სამომავლოდ ამით გაიმართლებენ თავს _ ხმა არ მიუციათ) საჩოთირო კანონს, რომლის მიღების გარდაუვალობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის აუცილებლობით ხსნიდნენ. ცნობილია, რომ ქვეყნებს, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის 350-მდე კანონის დანერგვა მოუწევთ. ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, და მომავალშიც არაერთ კანონზე იქნება სერიოზული მსჯელობა და იმედია, მაშინ მაინც გვიპასუხებენ, როგორ გახდნენ ევროკავშირის წევრები საბერძნეთი და კვიპროსი ისე, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიუღიათ.


ეს შეკითხვაც, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა. ამიტომაც გაჩნდა საზოგადოებაში მოსაზრება, რომ ევროპაში უკუსვლით ვაპირებთ შესვლას და რა მოჰყვება ამ მცდელობას, ძნელი წამოსადგენი არ არის _ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას წინ აღარაფერი უდგას, აი, ხელმოწერის შემდეგ კი უკეთეს შემთხვევაში ჭიტლაყს ამოგვცხებენ, უარესში კი იმას გვიზამენ, რასაც იმსახურებენ ისეთები, ვინც უკანალს ათამაშებს.


ბონდო მძინარაშვილი


P.S. მთელი ამ განხილვების დროს ვერსად მოვისმინე და წავიკითხე ეთნიკური უმცირესობებისა და ტრადიციული რელიგიური უმცირესობების _ მუსლიმების, კათოლიკების, იუდაისტებისა და გრიგორიანელების განცხადებები. არადა, ვფიქრობდი, რომ მათთვის მიუღებელი იქნებოდა არატრადიციულ სექსუალურ უმცირესობებთან ერთ კონტექსტში მოხსენიება. ნუთუ, ისინი ჩვენზე ტოლერანტები არიან? არა მგონია. აქ უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ საქართველო ქართველების დასაცავია – მართლმადიდებლების, უპირველესად. და ამ კანონპროექტზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამ გამოატარა საუკუნეთა ქარცეცხლში ჩვენი სამშობლო _ რწმენამ და მებრძოლმა ეკლესიამ, რომელიც, როგორც აქამდე, ახლაც ქართველთა ზნეობას დაუდგა დარაჯად!


Комментариев нет:

Отправить комментарий