понедельник, 25 марта 2013 г.

სიცრუის შესახებ (იეზუიტიზმის სული).

ჩემთვის, რომ ეკითხათ, თუ ვინ მიმაჩნია მართლმადიდებლობის საშინელ მტრად, მე, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრება განვვლე, ვიტყოდი ყველაზე საშინელი მტერი იეზუიტიზმის სულია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სნეულების მსგავსად ეკლესიის სხეულს აძაბუნებს. რაღა თქმა უნდა, იმ ხალხზე ვლაპარაკობ, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნიან და მისი სახელით გამოდიან. თავად ეკლესია, როგორც მადლის მატარებელი და სუფთა იდეა, როგორც ის სულიერი სტიქია, სადაც საუკუნო ცხოვრება აღმშენებლობს - მარადიული, წმინდა და უცვლელია. ჩვენ კი ხილულ ეკლესიაზე - ქრისტიანებზე ვსაუბრობთ.

იეზუიტიზმის სული - ეს არის პრაქტიკაში განხორციელებული ჰუმანიზმი, სადაც ჭეშმარიტება მოჩვენებითი სარგებლიანობით არის შეცვლილი, სადაც მიზანი, როგორიც უნდა იყოს ის - სასუფეველი თუ მიწიერი კეთილდღეობა - ნებისმიერი საშუალებით მიიღწევა. უფრო სწორად, მიზანი არ მიიღწევა, მაგრამ მისით საშუალებებს ამართლებენ. იეზუიტიზმი ფარული ურწმუნოებაა, ურწმუნოება იმისა, რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია და ცრუპენტელას დახმარება არ სჭირდება, ასევე იმისაც, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ყოველგვარი სიცრუე ადამიანს მისგან აუცხოებს. ჭეშმარიტების დაკარგვით ადამიანი სულიწმინდის მადლს კარგავს, სიცრუეს ეჩვევა და თვლის, რომ მის გარეშე ცხოვრება და მოქმედება შეუძლებელია.



სიცრუე სიყვარულის დაკარგვაა. ვინც წრფელად უყვართ, იმას არ ატყუებენ: არ შეიძლება ორი გული სიცრუით იყოს შეერთებული. სიცრუე ფიქრობს, რომ მეორე მხარე, რაღაც უცხო მტრული ბანაკია. ის, ვინც ცრუობს, თავის გულში ადამიანისადმი სიყვარულს ანადგურებს. ყოველგვარ ტყუილში ძალადობაა, ცრუს თავისი გეგმის განხორციელება და ამით სხვაზე მბრძანებლობა სურს.



ჩვენს ეკლესიაში ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი, ეს არის იმის დანახვა, თუ როგორ აღწევს მასში იეზუიტიზმის სული. აქ ადამიანი სიმართლეს ეძიებს, ის მზადაა ამისათვის მრავალი რამ გაწიროს, მას მოსძულდა ქვეყნად გამეფებული სიცრუე, იხუთება მასში, ეკლესიაში თითქოსდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდა და არა სიცრუის მოწამლული მიაზმებისა. და თუკი ურთიერთობებში აქაც იმავე დიპლომატიას წააწყდება, იმავე უპრინციპობას საშუალებებში, იმავე პირფერობას და უსამართლობას, მაშინ ის, სულიერად ჯერ კიდევ განუმტკიცებელი, საკუთარ თავს ეუბნება: აქ არაა ის, რასაც ვეძებდი, აქ არ არის სიყვარული და სიმართლე. ეს, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი დასკვნაა, ეკლესია სიყვარულსა და სიმართლეს ასწავლის და ადამიანებს ცხოვრებაში მათი გატარების ძალას აძლევს, მაგრამ ეკლესიაში ახლად მოსული ადამიანი სკოლაში ახლად მისულ ბავშვს ჰგავს. მათ სურათები და თვალსაჩინოება სჭირდება, სხვაგვარად ვერ მიხვდება, რაზეა საუბარი. სექტანტებს, რომ ჰკითხოთ, რატომ წავიდნენ ეკლესიიდან, მას რატომ დაშორდნენ, მნიშვნელოვანი ნაწილი გიპასუხებთ: იმიტომ, რომ ეკლესიაში სიყვარული ვერ ვიპოვეთ, ვერც სიმართლე და თავი უსარგებლოდ ვიგრძენით, ისინი ეკლესიას პროტესტის ტალღაზე მომართულნი ტოვებენ, მაგრამ სექტებშიც იგივე „ქალბატონი სიცრუე“ ხვდებათ.



თითოეული ადამიანი ცოდვილია. „ყოველი კაცი ცოდვილი არს“, - თქვა მეფსალმუნემ, მაგრამ აქ არ არის საუბარი ტყუილზე, როგორც ზნეობრივ სისუსტეზე, რომელსაც ყოველ ჯერზე საკუთარ დაცემად უნდა აღიქვამდეს ადამიანი, აქ იმ თვითკმაყოფილ სისუსტეზეა საუბარი, რომლის დროსაც უბედური ფიქრობს, რომ ამით სიკეთის გაკეთება და ღვისათვის სათნოყოფა შეუძლია, რომელსაც მისი სინდისი შეგუებულია, სხვა სიტყვებით - საკუთარ სიცრუეზე, რომელიც მის სულს უკვე აღარ სტანჯავს.



ქრისტიანი მორწმუნენი ის ხალხია, ვინც სიცრუეს ჭეშმარიტება არჩია, ვინც იმიტომ მოკვდა, რომ არ ინდომა სიცოცხლეს თვალთმაქცობისა და მცირეოდენი გარეგნული სიცრუის ფასად რომ სთავაზობდნენ. მაგალითად; გაჩუმებას იმ დროს, როცა სხვა პირები მათი სახელით წარმართულ რიტუალებში მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ უფლის ღალატი მათ მდუმარებითაც არ ისურვეს.



ჩვენი ეკლესია მოწამეობრივი ეკლესიაა. სახარებისეული ცხრა ნეტარება - ეს მოწოდებაა მოწამეობისკენ. ამისკენ თანამედროვე ქრისტიანებიც მიდიოდნენ და მიდიან, მაგრამ სიცრუე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი სულ უფრო მეტად იჩენს თავს. უძლურს მისით უნდა გაძლიერება, რევოლუციონერებს - თავიანთი უტოპიის ხორცშესხმა. ზოგიერთი ქრისტიანი მშვიდობის დამყარებასა და „ ადამიანის ნუგეშისცემას“ ამითვე ვარაუდობს.



განსაკუთრებულად მძიმეა, როდესაც სულიერი მამები ატყუებენ სულიერ შვილებს. გაუგებარია, ფიქრობენ თუ არა ეს თვალთმაქცები, რომ სიცრუე დიდი ხნით დაიფარება? ან იქნებ თავიანთი მდგომარეობით სარგებლობენ? თვლიან, რომ პირისპირ ვერავინ გაბედავს, მათ მატყუარები უწოდოს? მაგრამ სულიერი შვილები ტყუილებში ჩირქის სუნს გრძნობენ. ასეთ დროს შედეგები შესაძლოა ტრაგიკული იყოს: ასეთ დროს ადამიანი ნდობას კარგავს და საკუთარ თავში იკეტება. მას სული გაუტყდა და სიცრუეს იგი ფსიქოლოგიური ავადმყოფობის მსგავსად, ჩიხში შეჰყავს; მეორე - თვითონ იწყებს მოძღვრის მოტყუებას; მესამე და ყველაზე უარესი - იწყებს ფიქრს, რომ ტყუილი კარგი საქმეა და მას „ცხოვრებისეულ სტრატეგიად“ აქცევს. სწორედ ასეთი „კეთილი სიცრუის“ მეშვეობით წარმოიშვებიან იეზუიტები და წყალწაღებული არამზადები, რომლებიც ამავდროულად ყველაზე წმინდა სიტყვებს წარმოთქვავენ. ადამიანს ატყუებენ და თან ნათელი მზერით ჩასცქერიან თვალებში.



სიცრუე ჭაობია, რომელიც კაცს თანდათანობით ითრევს. ის მცირედიდან იწყება. „სულ ცოტათი წავიეშმაკებ და კეთილ მიზანს მივაღწევ“, - ეუბნება საკუთარ თავს ადამიანი, შემდეგ კი სულ ღრმად და ღრმად იძირება მასში. ამიტომ სულიერმა მოძღვრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არა ნუგეში, არამედ სიმართლე მოეთხოვებათ. ჭეშმარიტება თავად უკეთ ანუგეშებს ადამიანს, ვიდრე ალერსიანი სიტყვები, რასაც იმედგაცრუება მოსდევს.



სიმართლის მთქმელი კაცი დევნილია, მაგრამ ჩვენი ეკლესია მოწამეობის ეკლესიაა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. უფალმა დიადი აღქმა დაგვიდო: სიმართლეს მოწყურებულნი გაძღებიან რითი? - ღვთიური მადლით. „ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება, ყოველგვარი სიცრუე - ეს სატანის სამეფოს განვრცობაა, როგორც დედამიწაზე, ასევე კაცის გულში.



ეკლესია იმდენად იქნება ძლიერი, რამდენადაც მისი მსახურნი იქნებიან სიმართლის ერთგულნი. ჩვენ ერესზე, ვსაუბრობთ, როგორც დოგმატურ ცდომილებაზე, მაგრამ იეზუიტიზმი თვითონ ზნეობრივი ერესია, რომელიც ადამიანს სულიწმინდისგან, ჭეშმარიტების სულისგან აუცხოებს და ის საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება.



სიცრუის მიზეზი მრავლადაა: სიმხდალე, გამორჩენა, გულის არტკენის სურვილი და ა.შ. მაგრამ როგორი მიზეზიც უნდა იყოს, ამ დროს ღმერთს ივიწყებენ, რომელმაც თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება, გზა და ცხოვრება „. თვით გოლგოთის მსხვერპლი ქრისტესი - ეს სიყვარულისა და ჭეშმარიტების შეერთებაა. სატანაზე გამარჯვება ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი სიძლიერითაც შეეძლო, მაგრამ ის ჯვარს ეცვა არა მარტო ჭეშმარიტების გამო, არამედ იმიტომაც, რომ თავადაა ჭეშმარიტება. უფალმა სატანაზე თქვა: „ის დასაბამიდან ცრუ და მკვლელია“. სატანა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს. იმას, ვისაც სიკეთის კეთება სიცრუის საშუალებით უნდა, დაე ახსოვდეს, რომ მეკავშირედ ძველთაძველ ტყუილს - სატანას ირჩევს, რომელიც ახალ სიკეთედ არასდროს იქცევა, რომ ყველაფერი, რაც სიცრუეზეა დამყარებული, დაიღუპება.



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

Комментариев нет:

Отправить комментарий