суббота, 23 марта 2013 г.

ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი. II

 გაგრძელება.


,,მას შემდეგ, რაც განკაცდა ძე ღმრთისა და საკუთარი სისხლით დააფუძნა წმიდა ეკლესია – "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3,15), ყოველი მაძიებელი ჰპოვებს მასში სულის საზრდოს, პასუხს ყველაფერზე, რაც ცხონების საქმეში შეეწევა. მხოლოდ ქრისტეს ეკლესიას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღვთივშთაგონებელი ხელოვნება (საეკლესიო მხატვრობა, არქიტექტურა, გალობა) და სარწმუნოებრივი ცხოვრების წესი (საეკლესიო საიდუმლოები, მცნებები, მოძღვრება სწორ სულიერ ცხოვრებაზე); თუ ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიასთან არაა შეთვისებული, მისით არ საზრდოობს, იგი სულიერად მოკვდება, როგორც ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი კვდება. წმიდა ირინეოს ლიონელი გვასწავლის: "სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა, როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ასე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია".15



ეკლესიაში არ არსებობს და არც არასოდეს არსებულა ეზოთერული, ელიტარული, საიდუმლო სწავლებანი; არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლება და იგი ნათლად, გარკვევით არის გადმოცემული მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. თუკი ქრისტიანები რაიმეს ფარავდნენ – მხოლოდ ეკლესიის გარეთ მყოფთაგან, გარკვეული მიზეზებით, და ამას არაფერი აქვს საერთო ოკულტისტთა ეზოთერიზმთან. ადრე ეკლესიის გარეთ მდგომ ადამიანებს არ აუწყებდნენ ქრისტიანობის იმ სწავლებებს, რომელთა მისაღებად გარკვეული სულიერი მზადყოფნაა საჭირო. წმიდა კირილე იერუსალიმელი ამბობს: "ყოველი საიდუმლო, რომელსაც ეკლესია გაუწყებს შენ, კათაკმევლობის გამსრულებელს, არ გაენდობა წარმართს; არ გადაეცემა საიდუმლო სწავლება მამაზე, ძეზე და სული წმიდაზე; თვით კათაკმევლებსაც არ ველაპარაკებით საიდუმლოების შესახებ პირდაპირ, ხშირად ბევრ რამეს შეფარვით ვამბობთ. განსწავლული მორწმუნენი გულისხმაჰყოფენ, უცოდინრებს კი არაფერი დაუშავდებათ".16



ეკლესიის წევრთათვის არსებობს ერთი, საერთო სიბრძნე, ერთი ღვთისმეტყველება, რომელშიც არაფერია საიდუმლო და აკრძალული. მართალია, განსხვავებულ სულიერ სიმაღლეზე მყოფი მორწმუნენი წმიდა წერილში სხვადასხვა სიღრმეებს გულისხმაჰყოფენ, მაგრამ მათ მიერ მიღებული ცოდნა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიის სწავლებას, და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ცხადია, რომ ეს ცთომილებაა, რომელიც ქრისტეს შეწევნით უნდა დავძლიოთ, ხოლო ვინც თავის უარყოფას ვერ შეძლებს, იგი ქრისტეს ვერ შეუდგება, მისი მოწაფე ვერ გახდება. არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა ცოდნა არ არის აუცილებელი კაცის ცხონებისათვის, მათ შესახებ მამათა წიგნებში შეიძლება განსხვავებული აზრები შეგვხვდეს, რადგან მათზე არ უმსჯელია მსოფლიო ეკლესიას; ხოლო რაც შეეხება საყოველთაოდ აღიარებულ, დოგმატურ სწავლებას (რომელიც აუცილებელია ადამიანის ცხონებისა და სულიერი სრულყოფისათვის), მისი აღიარება სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისათვის, წმიდა ეკლესია ამ სწავლებაზეა დაფუძნებული. შეუძლებელია ეკლესიის წევრთათვის არსებობდეს ისეთი საიდუმლო (ეზოთერული) ცოდნა, რომელიც განსხვავდება დოგმატური სწავლებისაგან. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტების გარჩევა სიცრუისაგან, შეუძლებელი იქნებოდა მართლმორწმუნეთა გამაერთიანებელი ერთი ღვთაებრივი სიბრძნის არსებობა. ამგვარი მიდგომა (როდესაც მოძღვრებას არ გააჩნია მყარი საფუძველი, გამოკვეთილი, ნათელი სახე) ახასიათებს დემონური სიცრუისა და სიბნელის სულით გაჟღენთილ მოძღვრებებს; ორპირობა და მერყეობა ქრისტიანობისათვის უცხოა. წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: "ჭეშმარიტი იგი სიტყუაჲ და გონებისაგან კეთილისა გამომავალი მარტივ არს და ცხად და მარადის ერთსა ზედა ჰგიეს, ხოლო გულარძნილსა მას და ხელოვნებით თქუმულსა მრავალი თხზნილებაჲ აქუს და მრავალსახედ შეიცვალების და ჰქონან ურიცხუნი მოქცევანი, რამეთუ სათნოყოფად მსმენელთა იცვალებს ფერსა თვისსა".17 სიცრუის შემთვისებელი ადამიანის სახეს ნათლად წარმოაჩენს წმიდა ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომლებითაც იგი ქრისტიანობის ადრეულ მტრებს, თანამედროვე ოკულტისტთა სულიერ წინაპრებს, გნოსტიკოსებს ამხელდა: "როდესაც მწვალებლებს წმიდა წერილიდან ამხილებენ, მაშინ ისინი ადანაშაულებენ თვით წმიდა წიგნებს, თითქოს ისინი სცდებოდნენ, არ გააჩნდეთ ავტორიტეტი, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ; და ამბობენ, რომ ამ წიგნებიდან ჭეშმარიტება ვერ განეცხადება მათ, ვინც არ იცის გადმოცემა... როდესაც ჩვენ მათ კვლავ იმ გადმოცემაზე მივუთითებთ, რომელიც მოციქულებისაგან მოედინება და ეკლესიაში ინახება ხუცესთა მემკვიდრეობის საშუალებით, მაშინ ისინი გადმოცემას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ არა მარტო მღვდლებზე, არამედ მოციქულებზე ბრძენნიც არიან; და რომ მათ წმიდა ჭეშმარიტებას მიაკვლიეს".18

* * *

სხვადასხვა წარმართულ მოძღვრებაში გვხვდება ერთმანეთის მსგავსი სწავლებები, რასაც ოკულტისტები ამ შეხედულებათა ჭეშმარიტების დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევენ. ამას გარდა, ისინი იშველიებენ ზოგიერთი ქრისტიანი ავტორის მიერ წარმართული მსოფლმხედველობის ზეგავლენით გამოთქმულ მოსაზრებებს (რომლებიც უარყოფილია ეკლესიის მიერ) და ირწმუნებიან – ის იდეები, რომლებიც წარმართთა სიბრძნეში მოიპოვება, ქრისტიანული ეზოთერიზმის მიერაც არის აღიარებულიო. მართლმორწმუნეთათვის ადვილი მისახვედრია, რომ დაცემულ ანგელოზებს შეუძლიათ შთააგონონ ერთნაირი აზრები დროითა და მანძილით დაცილებულ ადამიანებს; გარდა ამისა ყოველთვის არსებობდა კავშირი დიდი მანძილით დაცილებულ ქვეყნებს შორის, რაც შესაძლებელს ხდიდა მათ შორის სხვადასხვაგვარი ცოდნის გაზიარებას. რაც შეეხება ზოგიერთი ქრისტიანი მოღვაწის ნაწერებში მცდარი აზრების არსებობას, ისინი ეკლესიის სწავლებას არ წარმოადგენენ და ამგვარი პიროვნული ცთომილებები არ გამოდგება ოკულტისტთა იდეების გასამართლებლად.



წმიდა ეკლესიის უცთომელი (წმ. მამათა ერთობაში განცხადებული) გონება ყოველთვის ამხილებდა და ქრისტეს სხეულიდან განაშორებდა იმ ღვარძლს, იმ სნეულებას, რომელსაც "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" დაუღალავად თესავენ ღვთისმოყვარეთა დასაღუპად. წმიდა მოციქულებმა და მათმა მემკვიდრეებმა, უფლის მიერ განბრძნობილებმა და განმტკიცებულებმა, სიცოცხლეც არ დაზოგეს იმისათვის, რომ უმწიკვლოდ დაეცვათ და ჩვენამდე მოეტანათ მაცხოვრისაგან მიღებული ჭეშმარიტება, რადგან სიცრუესთან ზიარება (დოგმატებში იქნება თუ ცხოვრების წესში) განაშორებს კაცის სულს სიმართლისა და ნათლის წყაროს – წმიდა სამებას. უფალი ბრძანებს: "მე ამისათვის შობილ ვარ და ამისათვის მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაჲ" (იოანე 18,37). ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელნი ისმენენ ამ წმიდა ხმას და იმ სამწყსოს შეადგენენ, რომელსაც ანუგეშებს ჩვენი ცხონებისათვის ჯვარცმული მაცხოვარი: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი (ლუკა 12,32).

* * *

როგორ შეიძინა რუდოლფ შტაინერმა ის "საიდუმლო ცოდნა", რომელიც მის წიგნებშია აღწერილი? ერთის მხრივ სხვა "მოძღვრებს" დაესესხა, ხოლო მეორეს მხრივ თავად მოიპოვა "სულიერ სამყაროსთან" ურთიერთობით. ასეთი "სულიერი" გამოცდილება მართლმორწმუნეთათვის არ არის რაიმე ღირებულების მქონე, რადგანაც იგი წმიდა ეკლესიის გარეთ მდგომი, წარმართულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული "სულიერი ცხოვრების" ნაყოფია. თავის ლექციაში "ანთროპოსოფია და ქრისტაინობა“ შტაინერი აღწერს, რომ გარკვეული გონებრივი ვარჯის შემდეგ ადამიანის სული იძენს უნარს, განეშოროს სხეულს და იმოგზაუროს სულიერ სამყაროში, სადაც შეხვდება სულიერ არსებებს: "სულიერი გამოკვლევის პირველი საფეხურია მშვინვიერ-სულიერის გამოყოფა ფიზიკურ-სხეულებრივისაგან; მეორე საფეხური – შეერთება არსებებთან, რომლებიც გრძნობადი ქვეყნიერების მიღმა იმყოფებიან". თუკი ბოროტი ანგელოზები, რომელთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, სივერაგე და დაუნდობლობა ძნელი წარმოსადგენია გამოუცდელი კაცისათვის, თვით წმიდა ეკლესიის წიაღში მყოფ მოღვაწე ქრისტიანებსაც გამუდმებით უგებენ მახეს და რჩეულთაც აცდუნებენ, მაშ რა დღეში ჩააგდებენ წარმართულ "სიბრძნეს" მინდობილ სულიერ სამყაროსთან მიახლოების მსურველს?! ამაში ცხადად დავრწმუნდებით, თუ თვალს გადავავლებთ იმ "საიდუმლო სწავლებას", რომელსაც ანთროპოსოფიის ფუძემდებელი ქადაგებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ოკულტიზმით, იოგათი, კუნგ-ფუთი გატაცებულები ხშირად ძალიან მალე გრძნობენ რაღაც იდუმალ ძალებს, იწყებენ "კურნებას", დადიან "ასტრალურ მოგზაურობაში", "წინასწარმეტყველებენ" და ა.შ. ქრისტიანულ ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ახალბედა მოღვაწე იწყებს "სასწაულთმოქმედებას", მაგრამ ქრისტიანობაში ამ ყველაფერს, ოკულტიზმისგან განსხვავებით ჰქვია არა ადამიანის სულიერი შესაძლებლობების გამოვლინება, არამედ სულიერი ხიბლის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ცდუნებულის მიერ ბოროტი სულის შენიღბული შთაგონებების მინდობით, ხოლო ე.წ. ზებუნებრივი უნარები ბეჯითად, მაგრამ არასწორად მოღვაწე ცდუნებულს ეძლევა დაცემული სულების მიერ, ცდუნებაში განსამტკიცებლად და სხვების საცდუნებლად. თუკი ბოროტი სული თავისი მზაკვრობით ახეხებს ძალაუფლების მოპოვებას გამოუცდელ და საკუთარ თავს მინდობილ მართლმადიდებელ მოღვაწეზე, ცხადია, მით უმეტეს, სულიერად სრულიად დაუცველი ოკულტისტები, რაც მეტს მოღვაწეობენ, მით მეტად ექცევიან დაცემული ანგელოზების გავლენის ქვეშ. წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული გვაფრთხილებს: "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ჩვენებები – განხურვებული წარმოსახვის შედეგი, და არსებობს ჩვენებები – საეშმაკო ხიბლი. მადლისმიერი ჩვენებები ძალზე იშვიათია და ღვთის სულის მიერ სულიერი აღზრდისთვისაა მოცემული. ამგვარად, არსებობს ჩვენებები ღვთის სულისაგან, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო მათ გასარჩევად, რადგან ჩვენგან შორს არაა ბნელი ოსტატი, რომელმაც იცის ნათლის ანგელოზის სახის მიღება. და რამდენი იყო გაუფრთხილებელი, ვინც ჩვენებების მიმართ განურჩეველმა მინდობამ დაღუპა... ჭეშმარიტი სულიერი სრულყოფისაკენ მივყავართ მხოლოდ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რადგან გვანიჭებს ამაღორძინებელ, განმწმენდელ და სრულმყოფელ მადლს; ყველა სხვა რელიგია უმადლოა. მათში ადამიანი ისეთივე რჩება, როგორიც დაიბადა, ანუ დაზიანებული" (წერილები სულიერი ცხოვრების შესახებ).



რუდოლფ შტაინერის წიგნში "იდუმალმეტყველების ნარკვევი" ვკითხულობთ: "იდუმალმეტყველება სულაც არ ამბობს, რომ "მე" არის ღმერთი, არამედ მხოლოდ იმას, რომ იგი და ღვთაება ერთი გვარისა და არსებისანი არიან... თუ აუცილებელია შედარების მოტანა, შეიძლება ითქვას: რა დამოკიდებულებაშიცაა წვეთი ზღვასთან, იმავე დამოკიდებულებაშია "მე" ღმერთთან. ადამიანს ძალუძს ჰპოვოს თავის თავში ღვთაებრივი, რამეთუ თვით პირვანდელი მისი არსება აღებულია ღვთაებრივიდან".19 ამ სიტყვებში ცხადადაა წარმოჩენილი ერთერთი მნიშვნელოვანი დებულება, რომელზედაც დაფუძნებულია თანამედროვე ოკულტიზმი, იოგა (ზოგიეთი ძველი მიმდინარეობის გამოკლებით) და მრავალი ახალ-წარმართული მოძღვრება. ამ სწავლების მიხედვით არ არსებობს არსებითი განსხვავება ადამიანსა და ღმერთს შორის, ადრე თუ გვიან პიროვნება გაქრება უპიროვნო ღმერთში, ისევე როგორც ზღვაში ჩავარდნილი წყლის წვეთი. ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით ადამიანური არსება (ანუ ბუნება) განსხვავდება ღმერთის არსებისაგან. ადამიანი (ისევე როგორც მთელი სამყარო) ქმნილებაა, ხოლო ღმერთი – ერთადერთი შეუქმნელი, დაუსაბამო არსება, სამყაროს შემოქმედი. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა... დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკვდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქუეყანისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაჲსაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა".20 წმიდა იოანე ოქროპირი "დაბადების" შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში ასე ამხელს შტაინერის სულიერ წინაპრებს: "ზოგი უგუნური... ბედავს იმის თქმას, რომ სული ღვთაებრივი ბუნებისაგან წარმოიშვა. ჰოი სიცოფე! ჰოი სიბორგილე! წარწყმედის რამდენი გზა გამოუჩინა ეშმაკმა იმას, ვისაც მისი მსახურება სურს".21 ქრისტიანული სწავლებით ადამიანი ვერასოდეს გახდება არსებით (ბუნებით) ღმერთი, თუმცა აქვს შესაძლებლობა ღვთის წყალობით სულიერად განიკურნოს, განიწმინდოს და მიუახლოვდეს შემოქმედს, რასაც წმიდა მამები მადლით განღმრთობას უწოდებენ.



შტაინერი იზიარებს წარმართობაში გავრცელებულ სწავლებას სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) შესახებ, რომელიც უარყოფს სახარების სწავლებას საყოველთაო აღდგომაზე, განკითხვაზე, მარადიულ სასუფეველსა და მარადიულ სატანჯველზე. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ღვთის სათნოდ მცხოვრები ადამიანის სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ნეტარებაში, სამოთხეში დაემკვიდრება, ხოლო ცოდვილი კაცის სული ჯოჯოხეთში დაიტანჯება. უფლის მეორედ მოსვლისას ადამიდან მოყოლებული ყველა მიცვალებული აღდგება მკვდრეთით, ცოცხლად დარჩენილებთან ერთად წარსდგება საშინელ სამსჯავროზე და სამუდამოდ დაიმკვიდრებს სასუფეველს ან სატანჯველს. წმიდა ეკლესიის სწავლებით ტანჯვაცა და ნეტარებაც მარადიული, დაუსრულებელი იქნება; ამ სწავლებას ამტკიცებს წმიდა წერილი და მრავალი წმიდა მამის მოწმობა. აი რას ამბობენ ამ საკითხზე ეკლესიის მოძღვრები: წმიდა ნიკოლოზ სერბი: "თქვენ მოისმინეთ ამის (რეინკარნაციის) შესახებ ოკულტისტთა შეკრებაზე და კითხულობთ, როგორ ეთანხმება ეს ქრისტეს სწავლებას? ეჰ, პატიოსანო ძმებო, უმჯობესი იქნებოდა არ წასულიყავით იმ შეკრებაზე, მისულიყავით ეკლესიაში და მოგესმინათ სახარება მდიდარსა და ლაზარეზე; იმის შესახებ, თუ როგორ მოკვდა საწყალი და სნეული გლახაკი, რომელსაც უფლის ბაგეები ლაზარედ მოიხსენებენ; ხოლო შემდეგ მოკვდა დიდებული მდიდარი, რომლის სახელს უფლის ბაგეები არც კი ახსენებენ. ლაზარეს სული ზეციური სიხარულის ღირსი შეიქნა, ხოლო უსახელო მდიდრის სული – ჯოჯოხეთური ტანჯვისა. ნუთუ ზეციურმა მცოდნემ, ჩვენმა მხსნელმა უფალმა, ამ იგავით ერთხელ და სამუდამოდ არ აღმოფხვრა არაკები სულთა გადასახლებაზე? ნუთუ მან, ყველა ზეციური და მიწიერი საიდუმლოს მოწმემ, არ დაამოწმა მთელი სიცხადით, რომ სულები გადადიან არა სხეულიდან სხეულში, არამედ პირდაპირ და სამუდამოდ გადადიან იმ სფეროში, რომელიც ამქვეყნიური საქმეებით დაიმსახურეს"22. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი: "რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ";23 წმიდა თეოდორე სტუდიელი – "და გუესმას მსაჯულისა მისგან და ღმრთისა და მეუფისა ყოველთასა საშინელი და მოუთმენელი ხმაჲ, ვითარმედ "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებელსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის" (მათე 25,41)... და ესე არა მცირედ ჟამ, არცა ერთ წელ, არცა ას წელ, არცა ათას წელ, რამეთუ არცათუ არს დასასრული სატანჯველთა, ვითარ-იგი ჰგონებენ ოროგინეანნი, არამედ დაუსრულებელ არიან და სამარადისო განჩინებისაებრ უფლისა";24 წმიდა იოანე დამასკელი: "ამრიგად ჩვენ ყოველნი მკვდრეთით აღვდგებით, რადგან ჩვენი სულები ხელმეორედ შეუერთდებიან ჩვენს სხეულებს, რომელნიც უკვდავნი შეიქმნებიან და უხრწნელებასაც შეიმოსავენ, და ასე წარვსდგებით ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე. ეშმაკი და მისი დემონები, ასევე ეშმაკის კაციც, ანუ ანტიქრისტე, უკეთური და ცოდვილი ადამიანებიც მათთან ერთად მიეცემიან "საუკუნო ცეცხლს", არა ნივთიერს, როგორიც აწ გვაქვს და ვიცით, არამედ ისეთს, როგორიც მხოლოდ ღმერთმა უწყის. ხოლო სათნონი ღმრთისა და სიმართლის მოქმედნი განათლდებიან ვითარცა მზე და მარადის ანგელოზებთან იქმნებიან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან, მარადის ჭვრეტენ მას და თვითონაც მოიხილებიან მის მიერ, და დატკბებიან მისგან მომდინარე სიხარულით, და მარადის განადიდებენ მას მამითურთ და სულიწმიდითურთ, დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე, ამინ".25



ოკულტისტთა შორის არსებობს რეინკარნაციის თითქოსდა ერთგვარი მტკიცება, რომლის მიხედვით ჰიპნოზის ქვეშ და სხვა ოკულტური ექსპერიმენტების საშუალებით ზოგიერთი ადამიანი იხსენებს წარსულ ცხოვრებებს. ვინც იცნობს ქრისტიანულ სწავლებას ხიბლის შესახებ, მისთვის ცხადია, რომ უდიდესი მზაკვრობით აღვსილ სულიერ არსებებს ამგვარი ოცნებების ჩაგონება არ გაუჭირდებათ მათთვის, ვინც გულუბრყვილოდ ენდობა ოკულტისტთა არაკებს. სწორედ ამგვარ ცდუნებებს ეხმიანება დიდი ასკეტისა და ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები: "თუკი განიხილავ, როგორია გარეშე ფილოსოფოსებისთვის აზრი მცნებისა "შეიცან თავი შენი", აღმოაჩენ ბოროტმოძღვრების მორევს: აღიარებენ რა სულთა გადასახლებას, ისინი თვლიან, რომ ადამიანი მიაღწევს თავის შეცნობას და ამ მცნებას აღასრულებს იმ შემთხვევაში, თუკი შეიცნობს, როგორ სხეულთან იყო უწინ დაკავშირებული, სად ცხოვრობდა, რას აკეთებდა და რას სწავლობდა. ხოლო ამას შეიტყობს, როცა მორჩილად მიენდობა ბოროტი სულის მზაკვრულ ჩაგონებებს"26.



შტაინერის ლექციებში ნახსენები ბუნების და კაცობრიობის შემოქმედი სულიერი არსებები, ზღაპრული ისტორიები ევოლუციაზე, დედამიწისა და პლანეტების წარმოშობაზე, ადამიანის აგებულებაზე სრულიად უცხო და მიუღებელია ქრისტიანობისათვის, ისინი ცხადი და ფარული წარმართობის კუთვნილებაა; ხოლო ჩვენ, ქრისტიანებს, როგორც წმ. ექვთიმეს "წინამძღვარში" წერია: "არცა ხელ-გვეწიფების უკუე გარეშე მისსა, რომელი საღმრთოთა წერილთა ძუელისა და ახლისა სჯულისათა გუასწავეს და გუაუწყეს, უმეტესი რაჲმე თქუმად ანუ მოგონებად".27

* * *

შტაინერის სწავლება სულიერი სრულყოფის გზების შესახებ წარმოადგენს დაცემულ სულებთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების ნათელ ფერებში გადმოცემის მცდელობას. იგი თავის მიმდევრებს აცნობს მედიტაციას, მიცვალებულთა სულებთან საუბარს, ევრიტმიას (ცეკვის სახეობა)... მის ლექციებში შეხვდებით საუბრებს მოთმინებაზე, სიმდაბლეზე, სიკეთეზე, ვნებებთან ბრძოლაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველამ არ იცის, რომ სულიერი განწმედა და წინსვლა უფლის გარეშე შეუძლებელია, ხოლო მის შეწევნას როგორ მოითხოვს წრფელი გულით ის, ვისაც მიაჩნია, რომ თავადვეა ღმერთი. ანთროპოსოფიის მიმდევარმა კიდეც რომ ითხოვოს უფლის შეწევნა, მისი ვედრება უძლური იქნება, რადგანაც წმიდა წერილის თანახმად, ორგული კაცის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. წმიდა ლოცვას ჭეშმარიტი რწმენა სჭირდება, ღმერთზე სწორი წარმოდგენა, შემუსრვილი გული, საკუთარი უმწეობის განცდა, სულის სიგლახაკე, ხოლო ყოველივე ამას ებრძვის სიამაყისა და სიცრუის სული, რომლითაც სუნთქავს შტაინერის ცრუმოძღვრება და ზოგადად ოკულტიზმი.



არსებობს სწავლებები, რომლებიც ქადაგებენ ასკეტიზმს, სიკეთისა და სიმართლის მსახურებას, მაგრამ საფუძვლად სატანური ამპარტავნება უდევთ. ამ ცოდვამ დასცა და ეშმაკებად აქცია ნათლის ანგელოზები, რომლებიც დაუღალავად შთააგონებენ ადამიანებს, რომ ისინი ღმერთის სწორნი არიან, და თუკი მოინდომებენ, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწევენ. აი რას ამბობს ამ ცოდვაზე წმიდა იოანე ოქროპირი: "ყველა უდიდესი უბედურება, მთელი სამყაროს მაჭირვებელი, ამპარტავნებისაგან წარმოიშვა. ასევე ეშმაკიც, რომელიც უწინ არ იყო ასეთი, ეშმაკად ამპარტავნებამ აქცია, რაზედაც მიუთითებდა პავლე, როდესაც სთქვა: "რაჲთა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა" (1 ტიმ. 3,6). აგრეთვე პირველი ადამიანი, ეშმაკის მიერ დამღუპველი იმედით ცთუნებული, დაეცა და მოკვდავი გახდი: მას ეგონა, რომ ღმერთი გახდებოდა, მაგრამ რაც გააჩნდა, ისიც დაკარგა".28 ეს ერთი ცოდვა (დასაბამი ყველა სულიერი სნეულებისა) საკმარისია ადამიანის დასაღუპად სხვა ცოდვების გარეშეც. ოკულტიზმით შთაგონებული სულიერი მოღვაწეობა მხოლოდ ამპარტავნების გაღვივებას ემსახურება, ხოლო ამ მოღვაწეობით შეძენილი ძალები (ან რაიმე არაჩვეულებრივი უნარები) ნიშანია დემონთა სამფლობელოსთან მჭიდრო კავშირის დამყარებისა. მართალია, ამპარტავნებისა და სულიერი ხიბლისგან შობილი ანთროპოსოფია სიბრძნის, სიკეთისა და სულიერი სინათლის მსახურებას იჩემებს, მაგრამ როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს: "თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა" (2 კორ. 11,14).



მხოლოდ სამოციქულო სწავლების შეურყვნელად დამცველ მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი დაფუძნებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლესა და სინანულზე. წმიდა წერილი ასე აღწერს სულიერი სრულყოფისაკენ მიმავალ გზას: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუნგან. მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ხელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლნეს თქუენ" (იაკობი 4,6-10). ქრისტიანი გრძნობს თავის უმწეობას, სულიერ სნეულებას, იცის რომ ყოვლისშემძლე შემოქმედის გარეშე განწირულია და სიკვდილის წუთამდე ითხოვს მისგან შემწეობას. მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები არ ეძიებენ საიდუმლო, ელიტარულ ცოდნასა და "ზებუნებრივ ძალებს"; მათი მიზანია სულის განწმენდა, განკურნება, ღვთის ნების ძიება და აღსრულება. თუკი რაიმე ნიჭებია საჭირო, უფალი თავად უბოძებს ღირსეულთ, ხოლო მართლმორწმუნენი ამგვარი პატივის ღირსად თავს არასოდეს მიიჩნევენ და ყოველ სასწაულს, გამოცხადებას, სულიერ განცდებსა და ხილვებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ქრისტესმიერი ცხოვრების გზა დაწვრილებით არის აღწერილი წმიდა წერილში და წმიდა მამათა წიგნებში; იქ ვერ ნახავთ ამპარტავანი გონების მაამებელ ზღაპრებს სულთა გადასახლებაზე, კარმაზე, ასტრალურ სიბრტყეებზე, ადამიანური ძალისხმევით შეძენილ ზეადამიანურ უნარებზე (სიდხი), აურებზე, ჩაკრებზე... წმიდა მამები გადმოგვეცემენ იმ ჭეშმარიტ მოძღვრებას, რომელიც თავად ჭეშმარიტებისაგან ეუწყათ; ისინი გვასწავლიან იმ ცხოვრებას, რომლის საფუძველია ღვთისა და მოყვასისათვის თავგანწირვა, საკუთარი ნების უარყოფა, სინანული, საკუთარი უღირსების ჭვრეტა, ყველაფერში თავის დადანაშაულება, მოუკლებელი გულშემუსვრილი ლოცვა, სიკვდილსა და საშინელ სამსჯავროზე ფიქრი, დამცირებისა და ხორციელი გაჭირვების სიმშვიდით ატანა, ყოველგვარი წყენის მიტევება, სიკეთისა და ნებისმიერი ღვაწლის ფარულად აღსრულება, საკვებსა და განსვენებაში თავშეკავება, ფუფუნებისგან განშორება... ასეთ მოღვაწეს ღმერთი სულიერად განჰკურნავს და მიანიჭებს ჭეშმარიტ სიმდაბლეს, რომელიც შეუმჩნევლად იშვება კაცის გულში, რომელმაც ათქმევინა წმიდა მამამთავარ აბრაამს "მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" (დაბადება 18,27).



ქრისტიანობის საპირისპიროდ, ოკულტიზმის საფუძველი ადამიანური შესაძლებლობების განდიდება და საკუთარ თავზე დაყრდნობაა. დასავლეთისთვის ინდური ოკულტიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი, თანამედროვე რელიგიური სინკრეტიზმის (აღრევის) იდეოლოგი, სვამი ვივეკანანდა, ასე წარმოაჩენს თავის მრწამსს: "თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ინდოეთს. ჩვენ, ინდოელები, საბოლოო ჯამში კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!".29 ცნობილი ფსიქიატრი კარლ იუნგი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ინდო-ჩინური რელიგია და ფილოსოფია, წერდა: "შეუძლებელია რწმენით, მორალითა და ინტელექტუალური მანერით დარჩე კარგ ქრისტიანად და ამავდროულად სერიოზულად ვარჯიშობდე იოგაში"; "ჩვენთან ადამიანი უსასრულოდ პატარაა და ყველაფერს ღვთის მოწყალება წყვეტს, ხოლო აღმოსავლეთში თავად ადამიანია ღმერთი, საკუთარი თავის გადამრჩენელი" ("აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების ფსიქოლოგიის შესახებ"). ოკულტიზმით გატაცებულებს უჩნდებათ განსაკუთრებულობის გრძნობა, ბევრ მოვლენაში ამჩნევენ "საიდუმლო მოძღვრებით" შეძენილი ცოდნის დადასტურებას, რადგან მათ სულიერ მეგზურებს (დაცემულ ანგელოზებს) დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი მიწიერ და მშვინვიერ სფეროში; ამიტომაც მეტად ძნელია ოკულტიზმის ხიბლიდან თავის დაღწევა.

* * *

შტაინერი თავის ლექციებში ისეთ სურათს გვიხატავს, თითქოს წარმართული რელიგიები თავიდან ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ, ხოლო შემდეგ, ბოროტ ძალთა გავლენით, მოხდა მათი გაყალბება. განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს იგი ზარათუსტრას, რომლის მიერ ნაქადაგები რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) მხილებისათვის მრავალი ქრისტიანი ეწამა; მათ შორის – წმიდა დედოფალი შუშანიკი, წმიდა ევსტათი მცხეთელი, წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ანთროპოსოფიის ფუძემდებელი გულუხვად უძღვნის ქება-დიდებას ქრისტიანობის ვერაგ მტერს, წარმართობის დიდ ქომაგს, იმპერატორ იულიანე განდგომილს;30 როგორც შტაინერი ამბობს, იულიანე მისტერიათა იდუმალ სიბრძნეს ყოფილა ნაზიარები და ამ "ბრძენკაცს" დაუპირისპირდა "მშვინვიერი ხალხი", ქრისტეს ეკლესიის წევრები; ხოლო მათ, როგორც ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, იულიანესეულ "სიბრძნესთან" ზიარებას ტანჯვა-წამება, სიკვდილი და ქრისტესთან ზიარება არჩიეს.



წმიდა წერილის მიხედვით წარმართულ რელიგიებს შორის არსებითი განსხვავება არ არის: "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95,5); "რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა. ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაჲ" (1 კორ. 10,20). როგორც ერთი იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება მაცხოვრის მოსვლამდე, ასევე ერთი ჭეშმარიტების საქადაგებლად აკურთხა უფალმა მოციქულები: "წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,15).

* * *

ანთროპოსოფიის რაობა ყველაზე ცხადად შტაინერის იმ ლექციებშია წარმოჩენილი, რომლებშიც იგი წმიდა წერილის განმარტებას ცდილობს. მისთვის იაჰვე (იეჰოვა) მთვარის ღმერთია, ამავე დროს იგი ქრისტეს აჩრდილიცაა: ქრისტეს მზის ღმერთად მიიჩნევს, იესოს – ადამიანად. აი რა "სიბრძნეს" დაეუფლა "ნათელმხილველი" მოძღვარი: "ვარსკვლავები ღმერთებისაგან მიტოვებული სხეულებია – მას შემდეგ, რაც მათმა განვითარებამ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია. მხოლოდ ქრისტემ არ დატოვა ამქვეყნიური სიკვდილის შემდეგ ასეთი ფიზიკური ვარსკვლავი... იგი გადადის ადამიანთა სულებთან ერთად იუპიტერის ყოფიერებაში, როგორც სული; ამაშია განსხვავება ქრისტესა და პლანეტების სხვა სულებს შორის".31 ერთ-ერთ ლექციაში ქრისტე წარმოდგენილია როგორც თორმეტი ბოდჰისატვას სულიერი წინამძღვარი. ეს ბოდჰისატვები დროდადრო ბუდას სახით ევლინებიან კაცობრიობას – "სამიათასი წლის შემდეგ გამოჩნდება მაიტრეია ბუდა და იგი ყველგან იქადაგებს იმას, რაც დღეს არ შეიძლება ითქვას განცხადებულად".32 შტაინერს სულიერი სამყაროს ჭვრეტისას ეუწყა (როგორც თვითონვე ამბობს სახარების განმარტებებში და ლექციათა ციკლში – "მეხუთე სახარება", "გოლგოთის მისტერია"),33 რომ პალესტინაში ერთდროულად ცხოვრობდა ორი იესო, რომელთაგან ერთ-ერთში ჩასახლდა ზარათუსტრა; შემდეგ იგი რატომღაც მეორე იესოში გადასახლდა, რის შემდეგაც პირველი გარდაიცვალა. იორდანეზე ნათლისღებისას ზარათუსტრამ დატოვა იესოს სხეული და მასში მზის ღმერთი – ქრისტე ჩასახლდა (რომელიც ღმერთებმა ადამიანთა დასახმარებლად მოავლინეს). ამას გარდა, ამ ლექციებში აღწერილია მრავალი ისეთი მკრეხელობა, რომელთა გაცნობა აღარც არის საჭირო, იმდენად შემაძრწუნებლად მოქმედებენ ქრისტიანის სულზე. ამ ყველაფერს (რაც მხოლოდ დემონთა მიერ მოხიბლულ გონებას შეიძლება ეზმანებოდეს) ანთროპოსოფია უწოდებს სულიერ მეცნიერებას, რომელიც მიუწვდომელია მშვინვიერი, სულიერად გაუნათლებელი ხალხისათვის.



ზემოთ მოყვანილი (და მრავალი სხვა, აქ ვერ მოტანილი) შტაინერისეული აზრები ქრისტიანული თვალსაზრისით ისეთი მკრეხელობაა, რომ კომენტარს ნამდვილად არ საჭიროებს.



ქრისტიანისთვის მთავარი და გადამწყვეტია უკვდავი სული და ყველაფერი ის, რაც მის გადარჩენას წაადგება, ხოლო სხეულის სიჯანსაღე, განსწავლულობა და მატერიალური კეთილდღეობა მარადიულ ფასეულობას არ წარმოადგენს; ამიტომ ჭეშმარიტი მორწმუნე განეშორება იმ მოძღვრებს და იმ წიგნებს, ვისთანაც რაიმე შეუსაბამობაა ქრისტეს სწავლებასთან, თუნდაც რომ ეს მოძღვრები ერთი შეხედვით წინასწარმეტყველებად, კურნების, სიბრძნის, სიმდიდრის და თუნდაც სულიერი შეწევნის მომცემლებად წარმოჩნდებოდნენ. აი ასე აფრთხილებდა ძველი აღთქმის პერეიოდში წარმართებით გარშემორტყმულ რჩეულ ერს უფალი: "უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყუელი ანუ ჩუენებისმხილველი, და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქვას: მოვედით და მივიდეთ ჩვენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, და თქუას: ვმსახურებდეთ მათ. ნუ ისმენთ სიტყუასა მას წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა. არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ხმისა მისისა ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით" (2 სჯულ. 13,1–4). ახალ აღმთქმაში პავლე მოციქული გვაძლევს მსგავს გაფრთხილებას: "არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1,7-8).

* * *

ანთროპოსოფიის მიმდევრები ამბობენ, რომ სასარგებლოა ამ "მეცნიერების" მიერ დაგროვილი გამოცდილება პედაგოგიკაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებაში... ხოლო ჭეშმარიტ ქრისტიანს ურჩევნია მშიერი და სნეული იყოს ღმერთთან, ვიდრე მაძღარმა და ჯანმრთელმა სული საფრთხეში ჩაიგდოს; ხომ ამბობს უფალი: "რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა?" (მათე 16,26). როგორ ამაღლდებიან სულიერად შტაინერის პედაგოგიკით "გონებაგახსნილი" ბავშვები, როდესაც ეს გონება მკრეხელური სწავლებებით ექნებათ მოწამლული? თუ რა სიბრძნემდე და ნათელმხილველობამდე მიჰყავს ადამიანი ამპარტავნებაზე დაფუძნებულ მედიტაციებს და "სულიერ ვარჯიშებს", კარგად ჩანს შტაინერის ნააზრევის განხილვისას. ჭეშმარიტი სულიერი ნათელი მხოლოდ მაცხოვრის მოძღვრებაშია – "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაჲ" (იოანე 8,12). იესო ქრისტეს მიერ მონიჭებული ნათელი მოძღვრება არ არის ბნელში დაფარული, ყოველი გულწრფელი მაძიებელი ჰპოვებს მას წმიდა წერილში და წმიდა მამათა წიგნებში. ჭეშმარიტება მხოლოდ მათგანაა დაფარული, ვინც თავად უკეტავს მას გულის კარებს; როგორც უფალი გვასწავლის, ჭეშმარიტი სიბრძნის ნათელს ყველაზე უკეთ ბავშვურად წრფელი გულები გრძნობენ: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა" (მათ. 11,25).


გიორგი მესხიშვილი.

www.martlmadidebloba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий