вторник, 9 апреля 2013 г.

რა არის რელიგიური თავისუფლება.

 რელიგიური თავისუფლების აზრის განვითარების იდეოლოგიურ წყაროს XVIII ს.-ის ევროპის ფილოსოფოსების ჯონ ლოკისა და ჟან-ჟაკ რუსოს შრომები და რაციონალიზმის იდეები წარმოადგენენ. მაგრამ უფრო ადრე, 1638 წელს, ბაპტისტმა როჯერ უილიამემ რონდ აილენდის კოლონია დააარსა და ქცევის წესებში სინდისის თავისუფლების პრინციპი დაამკვიდრა. ამით ის რელიგიური თავისუფლების პირველი დამცველი გახდა და საფუძველი ჩაუყარა რელიგიური თავისუფლების ამერიკულ ტრადიციას. ,,კონსტიტუციის მამები", როცა ახალ სახელმწიფოს უყრიდნენ საფუძველს, ამ სფეროში ლიბერალურ იდეოლოგიას ამჯობინებდნენ. ამიტომაც აშშ-ის 1791 წლის კონსტიტუცია პირველი იურიდიული აქტი გახდა, რომელმაც რელიგიური თავისუფლების კონცეფციას სამართლებრივი დატვირთვა შესძინა. აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების თანახმად, კონგრესმა არ უნდა გამოსცეს კანონი, რომელიც გაითვალისწინებს რელიგიურობის დადგენას, თავისუფალი აღმსარებლობის აკრძალვას, სიტყვისა და ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების, ხალხის მშვიდობიანი თავშეყრისა და მთავრობისადმი საჩივართა დაკმაყოფილების პეტიციის მიმართვის უფლებების შეზღუდვებს.

რელიგიური თავისუფლების კონცეფციამ XIX საუკუნის გერმანელ და იტალიელ მეცნიერ იურისტთა მიერ დამუშავებულ სუბიექტურ უფლებათა თეორიაში ჰპოვა გაგრძელება. ამ თეორიის მიხედვით, რელიგიური თავისუფლება: "საზოგადოებრივ-სუბიექტური უფლებაა", ანუ იგი არა მარტო ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური უფლებაცაა.

რელიგიური თავისუფლება როგორც საზოგადოებრივ-სუბიექტური უფლება: 1. იცავს პირის ხელშეუხებლობას; 2. აღჭურავს მოქალაქეებს კონკრეტული უფლებებით, სწამდეთ რომელიმე რელიგია, გაერთიანდნენ რწმენის და ერთობლივი აღმსარებლობის მიზნით; 3. სახელმწიფოსგან ითხოვს თანამშრომლობას ან ნებართვას გარკვეული რელიგიური მომსახურებისათვის (მაგ., ციხეებსა და სავადმყოფოებში მყოფი ადამიანებისათვის და ა. შ.).

რელიგიურ თავისუფლებათა თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს "ერგა ომნეს" უფლებას არა მარტო სახელმწიფოსთან მიმართებაში, არამედ თითოეულ ადამიანთან მიმართებაშიც. ამ თვალსაზრისით, ეს უფლება საზოგადოებრივი უფლებაა, რადგან რელიგიური თავისუფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობები წარმოადგენს არა მარტო ცალკეულ პირებს შორის ურთიერთობებს, არამედ სახელმწიფოსა და იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობებს. ამასთან, სახელმწიფო ამ უფლების განხორციელებას საზოგადოებისათვის სასარგებლოდ მიიჩნევს და მისი დაცვის კონსტიტუციურ და საკანონმდებლო გარანტიებს ქმნის. დაბოლოს, ეს ისეთი უფლებაა, რომელიც არა მარტო ქვეყნის კანონმდებლობითაა დაცული, არამედ აღიარებულია საერთაშორისო დეკლარაციებითა და ხელშეკრულებებით. 1948 წლის 10 დეკემბ-რის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია რატიფიცირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ, რომლის მე-18 მუხლით შეიქმნა კონსტიტუციური მოდელი "აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ". მართალია, კონსტიტუციონალისტები ვერ თანხმდებიან: ეს სამწევრიანი სისტემა სამი სხვადასხვა ასპექტის მქონე ერთიანიგლობალური უფლებაა თუ სამი დამოუკიდებელი უფლება, მაგრამ ეს მოდელი საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ უფლებათა რანგში რომ უნდა იქნეს განხილული, ნამდვილად უდავოა.

50-იანი წლებიდან დაწყებული 70-იანი წლების ბოლომდე ევროპის მეცნიერთა უმრავლესობა დეკლარაციის აღნიშნულ მოდელს დამოუკიდებელ უფლებათა რანგში განიხილავდა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში განვითარდა აზრი მათ შორის მჭიდრო კავშირის თაობაზე.

სინდისის თავისუფლება ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ცნებებისა და იდეების ერთობლიობას გულისხმობს. იგი ძირითადად მორალურ ღირებულებებს აყალიბებს, ხოლო რელიგიის თავისუფლება არა მარტო პირად შეხედულებებს გულისხმობს, არამედ რწმენასა და მრწამსს. რწმენათა ერთობლიობა კი ქმნის მორალურ ღირებულებებს, მორალურ ორიენტირებს და, ამდენად, მყარდება კავშირი სინდისის თავისუფლებასა და რელიგიურ თავი-სუფლებას შორის.

რელიგიურ თავისუფლებას ორი ასპექტი აქვს: ერთი მხრივ, იგი იცავს რწმენის (თეიზმი) უფლებას, ხოლო მეორე მხრივ - მათ უფლებას, ვისაც არ სწამს (ათეიზმი). ამ კონტექსტში კარგად ჩანს აზრის თავისუფლების მნიშვნელობა.

თეიზმისა და ათეიზმის დაცვა ეროვნულ კანონმდებლობაში ორ პრინციპს ეყრდნობა: " კანონისადმი თანასწორობასა" და "დის-კრიმინაციის არარსებობას". რელიგიური თავისუფლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით სახელმწიფო მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების დაცვას უზრუნველყოფს, ე.ი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კოლექტიურ უფლებაზე.

ამასთან, თავს იჩენს პრაქტიკული სირთულე, რადგან ყველა რელიგიური ჯგუფი ისტორიული, სოციალური, ეთნიკური თუ კულტურული მიზეზებით ერთ სიბრტყეში არ შეიძლება იქნეს განხილული. ამ სირთულის წინაშე, პრაქტიკულად, თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო დადგა, რადგან ამ დროს დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპმა უნდა იმუშაოს. თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ერთ მომენტს უნდა გაესვას ხაზი _ კანონისადმი თანასწორობა არ ნიშნავს გათანაბრებას უფლებებში. ცხადია, რელიგიური თავისუფლების ცნების შინაარსი ყველა კონკრეტულ სახელმწიფოში ისტორიული წარსულის გავლენის ქვეშ გაიაზრება. თუ ასეთი ისტორიული პირობები გათვალისწინებული არ იქნება, ეს გამოიწვევს სოციალური ფსიქოლოგიის დესტრუქციას, შეამცირებს წარსულის მნიშვნელობას, რაც შეიძლება პრიორიტეტული იყოს აწმყოსათვის. აქ ლოგიკა მარტივია _ წარსული არ არსებობს, ამიტომ ყველაფერს, რაც ისტორიაშია წარმოშობილი, ობიექტური კი არა, სუბიექტური აზრი გააჩნია. როცა კონკრეტულ მომენტში ხალხის ისტორიულ ქმედებათა შევიწროვება ხდება ცალკეული ჯგუფების ან ინდივიდების ქმედებების სასარგებლოდ, მაშინ ხალხი, როგორც მთლიანობა, როგორც სუბიექტი, გადაიქცევა მოსახლეობად. როდესაც ხალხს ასეთ ტრადიციას გამოაცლიან, ისტორია გამქრალად ცხადდება და, ამასთან, ქრება ხალხის სული ზოგადად. საზოგადოების განვითარებაში არ უნდა დაიკარგოს ისტორიული პარადიგმები. წარსულიდან მომავალში საზოგადოების გადასვლა განვითარების ბუნებრივი პროცესია, სადაც, თუ დაიკარგა ტრადიციული ნიშნები, საზოგადოების წევრი თავისი ლოკუსის ბრმა სუბიექტად იქცვა.

ავტორი
მარიამ ცაცანაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий