пятница, 26 апреля 2013 г.

ჰოლოდომორი.

  ხარკოვში იტალიის კონსულის სერჟიო გრადენიგოს მოხსენება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი.

1933 წელი 31 მაისი: "ამხანაგმა ფრენკელმა, რომელიც საბჭოთა კავშირის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრია, საიდუმლოდ გამანდო, რომ ხარკოვის ქუჩებში ყოველ ღამე შიმშილისგან გარდაცვლილ დაახლოებით 250 გვამს პოულობენ. ქალაქში მრავლად არიან ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ შიმშილისგან გასიებული მოქალაქეები. ასეთებს სპეციალურ ბარაკებში გზავნიან, სადაც დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი. მათი უმრავლესობა ბავშვებია. უმეტესობა იქვე კვდება.

სიკვდილის პირას მისული ადამიანები ქალაქში რომ არ მოკვდნენ, ხარკოვიდან სატვირთო ვაგონებით გაჰყავთ და შუა მინდვრებში ტოვებენ. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათი სიკვდილი არავინ დაინახოს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი კატასტროფა რუსეთის მიერ უკრაინის კოლონიზაციის საფუძველი გახდება. მომავალში შესაძლოა აღარც კი იყოს საუბარი უკრაინაზე, უკრაინელებზე და აქედან გამომდინარე უკრაინულ პრობლემაზე, რადგან უკრაინა ფაქტიურად ეთნიკურად რუსებით დასახლებულ წმინდა რუსულ რეგიონად გადაიქცევა."

* * *

ჰოლოდომორის ძირითად გამომწვევად, ყველაზე ხშირად, 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში წარმოქმნილ სასურსათო კრიზისს, კერძოდ კი ხორბლის დეფიციტს ასახელებენ. თუმცა ეს არ წარმოადგენს უკრაინული კატასტროფის მთავარ მიზეზს. ხორბლის დეფიციტი მხოლოდ საშუალება იყო, რომელიც ბოლშევიკებს უკრაინელი ერის საბოლოო დამორჩილებაში ეხმარებოდა. სტალინის ამოცანა, უკრაინის დენაციონალიზაცია და უკრაინელებისგან, ახალი ფორმაციის საბჭოთა ერის ჩამოყალიბება იყო.

მთავარი დარტყმა უკრაინული სოფლის წინააღმდეგ დაიგეგმა, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა წყობას და სადაც ბოლომდე ინახავდნენ ეროვნულ ტრადიციებს. უკრაინელ გლეხს ორმაგად ებრძოდნენ. მას დევნიდნენ, ზოგადად როგორც გლეხს, რომელიც ბოლშევიკებისთვის სოფელში კაპიტალიზმის ნაშთს და მესაკუთრეს წარმოადგენდა, და როგორც უკრაინელს, რომელიც ეროვნებას არ თმობდა. გლეხობაში შემორჩენილი იყო უძველესი უკრაინული ტრადიციები, ენა, კულტურა, მორალი, რიტუალები. ამიტომ მოსკოვმა გათვალა, რომ თუ სოფელს გაანადგურებდა, ამით მოსპობდა უკრაინულ თვითმყოფადობასაც. უკრაინის დასასჯელად კომუნისტებმა ყველაზე ეფექტური მეთოდი - შიმშილი აირჩიეს.

1927 წელს ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ დასუსტებული ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ითვალისწინებდა.

ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა ინდუსტრიულ სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. ეს გეგმა ისეთი გიგანტური სამრეწველო ობიექტების შენებას გულისხმობდა, რომლებიც მთლიანად დააკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის სამხედრო და სამოქალაქო მოთხოვნებს. კომუნისტების გათვლებით, ინდუსტრიალიზაციის დაფინანსების მთავარი წყარო ექსპორტიდან შემოსული სახსრები უნდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირი, სადაც მრეწველობა არ იყო განვითარებული, ძირითადად ნედლეულის ექსპორტს ახორციელებდა. საზღვარგარეთ გადიოდა: ხე-ტყე, ნავთობი, ფერადი ლითონები. ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, კერძოდ კი მარცვლეულს ეკავა.

1927 წელს კომუნისტებმა, მარცვლეულის სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირებული ფასი დააწესეს, რომელიც საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. ამ გზით კომუნისტები საექსპორტო შემოსავლების გაზრდას გეგმავდნენ. მაგრამ გლეხობამ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კოლმეურნეობებში გაწევრიანებული და კერძო სექტორს წარმოადგენდა, დაბალ ფასად სახელმწიფოსთვის ხორბლის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ამან ქვეყანაში სასურსათო კრიზისი გამოიწვია. გლეხების დასამორჩილებლად ბოლშევიკებმა კოლექტივიზაციის სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სოფელზე კონტროლის საშუალებას იძლეოდა.

უკრაინაში გლეხური მეურნეობა ყოველთვის ძლიერი იყო. უკრაინელ გლეხს იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ ქალაქსაც აჭმევდა, სახელმწიფოს გადასახადსაც უხდიდა და თავისი სამყოფიც საკმარისად რჩებოდა. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გლეხის მთელი ქონება კოლექტივის საკუთრებას ცხადდებოდა. ხოლო თავად გლეხს კომუნისტური საზოგადოებისთვის თითქმის უფასოდ უნდა ემუშავა.

აქტიური კოლექტივიზაცია 1929 წლის მიწურულს დაიწყო. კომუნისტებმა, სოფელში მთავარი მოწინააღმდეგის - შეძლებული გლეხების, ე.წ. კულაკების განადგურება გადაწყვიტეს. სტალინის მითითებით, შეძლებული გლეხები, როგორც სოციალური კლასი ფიზიკურად უნდა მოესპოთ. გლეხი სოფლის პროლეტარი უნდა გამხდარიყო, რომელსაც საკუთარი არაფერი ექნებოდა. სოფლის დამორჩილება ბოლშევიკებს ყველაზე მეტად უკრაინაში გაუჭირდათ. უკრაინა საბჭოთა კავშირში მარცვლეულის უდიდესი მწარმოებელი იყო და კოლექტივიზაციის მთელი სიმძიმეც სწორედ მას დააწვა.

რეპრესიებმა კატასტროფული სახე მიიღეს. გლეხს თუ ერთ ძროხაზე მეტი ჰყავდა, მას უკვე კულაკად თვლიდნენ. ხშირად კულაკებს უბრალოდ იმათ ეძახდნენ, რომლებსაც კოლექტივში შესვლა არ უნდოდათ. ასეთი კატეგორია კი სოფლის დიდი უმრავლესობა იყო. გლეხს ყველაფერს ართმევდნენ. საზოგადოებრივ საკუთრებათ ცხადდებოდა პირუტყვი, სამუშაო იარაღი, კერძო მიწის ნაკვეთი. სოფლებში ტოტალური დაპატიმრება და გასახლება დაიწყო.

ნიკოლაი ბრიუხანოვი. კრასნოგრადსკის რაიონი, სოფელი ბერესტოვენკა: "ოჯახში ცხრანი ვიყავით - ამათგან 4 ბავშვი. იმ დროისთვის ცუდად არ ვცხოვრობდით, პურიც გვქონდა და საქონელიც გვყავდა. და უცებ კოლექტივიზაცია დაიწყო. ბაბუაჩემი პავლე კულაკად ჩათვალეს. სახლიდან ყველაფერი გაიტანეს, საქონელი წაგვართვეს - ჩვენი სათამაშოებიც კი წაიღეს. ყოველგვარი სახსრის გარეშე დავრჩით. სახლი ფიცრებად დაშალეს და გარეთ გაგვყარეს. მერე ამ ფიცრებით სკოლას ათბობდნენ. ოჯახი დაიფანტა. თავს სხვადასხვა ნათესავებთან ვაფარებდით."

გლეხები ძალით შეიყვანეს კოლექტივში. მათთვის არავის უკითხავს უნდოდათ თუ არა იქ მუშაობა. ეს იყო იძულებითი შრომა. გლეხს უფლება არ ჰქონდა სპეციალური ნებართვის გარეშე დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. მათ არც კი აჭმევდნენ მუშაობის დროს - გლეხს თავად უნდა ეზრუნა საჭმელზე. ვინც კოლმეურნეობაში მუშაობას თავს არიდებდა, მას სასტიკი სასჯელი ელოდა.

კომუნისტების მეთოდებმა გლეხებში უკიდურესი პროტესტი გამოიწვია. საბჭოთა კავშირში გლეხების გამოსვლები დაიწყო. მაგრამ უკმაყოფილების ყველაზე დიდი ხარისხი უკრაინაში იყო. უკრაინული სოფელი კომუნისტებს იარაღით დაუპირისპირდა. 1930 წლის აპრილში ვითარება უმართავი შეიქმნა. სოციალურთან ერთად, ზოგიერთ რაიონში უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნაც გაჩნდა. გლეხების გამოსვლები ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. 1930 წელს მარტო უკრაინიდან 300 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ნაწილი დახვრიტეს. დანარჩენი კი თეთრი ზღვის სანაპირო ზოლზე შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს. მათი უმრავლესობა იქვე დაიღუპა.

უკრაინული სოფელი ხალხისგან დაიცალა. ნაწილი გადასახლებული და დახვრეტილი იყო, დარჩენილთა უმეტესობა კი ქალაქში გარბოდა, რადგან სოფელში საკუთარი აღარაფერი ჰქონდა. მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა. შედეგად, 1932 წლის ზაფხულისთვის საბჭოთა კავშირი შიმშილის ზღვარზე დადგა. საფრთხე დაემუქრა საზღვარგარეთ მარცვლეულის ექსპორტს და ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვას. ყველაზე მძიმე მდგომარეობა უკრაინაში და ყუბანში იყო.

ვითარების გამოსწორებას ბოლშევიკები მკაცრი დირექტივებით შეეცადნენ. 1932 წლის 6-9 ივლისს ხარკოვში უკრაინის კომპარტიის მესამე ყრილობა გაიმართა, რომელიც მთლიანად ხორბლის დამზადების კამპანიას მიეძღვნა. ამ ყრილობას საგანგებო დელეგატების სახით, საბჭოთა კავშირის ცეკას წევრები ვიაჩესლავ მოლოტოვი და ლაზარ კაგანოვიჩი ესწრებოდნენ. ყრილობის გადაწყვეტილებით, 1932 წლის შემოდგომაზე უკრაინას სახელმწიფოსთვის 356 მილიონი ფუთი ხორბალი უნდა ჩაებარებინა. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ეს არარეალური გეგმა იყო. ადგილობრივი კომუნისტები მოლოტოვის გადარწმუნებას და გეგმის შემცირებას შეეცადნენ მაგრამ კრემლის წარმომადგენელი შეუვალი იყო. ამ გეგმის მიხედვით, კოლმეურნეებს და გლეხებს სახელმწიფოსთვის მთელი მოსავალი უნდა ჩაებარებინა.

უკრაინის გაპარტახებულმა სოფელმა ბოლშევიკების მიერ დაწესებული გეგმა ვერ შეასრულა. 1932 წლის ოქტომბრისთვის უკრაინაში მარცვლეულის დამზადების მაჩვენებელმა, წლიური გეგმის მხოლოდ 39 პროცენტი შეადგინა. სტალინის დავალებით, ხარკოვში კვლავ მოლოტოვი ჩავიდა, რომელმაც გლეხების მიმართ მკაცრი ზომების გატარება და პურის ძალით ამოღება მოითხოვა.

8 ნოემბერს საკავშირო ცკ-მ საიდუმლო დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების თანახმად, სანამ არ შესრულდებოდა პურის დამზადების გეგმა, ჩერდებოდა უკრაინული სოფლებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონელის გადაზიდვა. 10 დღის შემდეგ, 1932 წლის 18 ნოემბერს, მოლოტოვის ზეწოლით, უკრაინის ცეკამ დადგენილება მიიღო, რომელმაც უკრაინის კატასტროფას ბიძგი მისცა. სწორედ ამ დირექტივამ გამოიწვია, ის რასაც შემდეგ ჰოლოდომორი ეწოდა. ამ დადგენილებით, ის სოფლები, რომლებმაც ხორბლის ჩაბარების გეგმა ვერ შეასრულეს, ე.წ. "შავ დაფა"-ზე ხვდებოდნენ. "შავ დაფებს" სოფლის შესასვლელში ჰკიდებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ სოფელი გარე სამყაროს მთლიანად წყდებოდა. ასეთ დასახლებულ პუნქტში იკრძალებოდა ნებისმიერი საქონლის შეტანა. სოფლის მაღაზიებიდან იღებდნენ ყველა პროდუქტს, გლეხებს ეკრძალებოდათ ვაჭრობა. შავ დაფაზე მოხვედრილ სოფლებში, კომუნისტი აქტივისტებისგან შემდგარი ბრიგადები დადიოდნენ და ჩხრეკდნენ ყველა სახლს. ისინი გლეხებს არა მარტო ხორბალს ართმევდნენ, არამედ თან მიჰქონდათ ნებისმიერი საკვები, რომელსაც იპოვიდნენ.

პირველივე თვეს, შავ დაფაზე 400-ზე მეტი უკრაინული დასახლება აღმოჩნდა. რეპრესიები შეეხო, კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჩერნიგოვის, დონეცკის ოლქებს. გარე სამყაროსგან იზოლორებული დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა.

პურის ძალით ამოღება საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებშიც ხორციელდებოდა. 1933 წელს შიმშილისგან ხალხი ვოლგისპირეთში, ყაზახეთში და ჩრდილოეთ კავკასიაშიც კვდებოდა. თუმცა შიმშილი საბჭოთა კავშირში და შიმშილი უკრაინაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. უკრაინში ადგილი ჰქონდა განსაკუთრებულ სისტემას, რომელიც მთელი ერის დასჯას ითვალისწინებდა. სწორედ ამის გამო იყო უკრაინაში 10-ჯერ მეტი მსხვერპლი, ვიდრე სხვაგან. თუ სხვაგან პურის გეგმის არ შესრულებისთვის გლეხებს ძირითადად მხოლოდ მარცვლეულს ართმევდნენ, უკრაინულ სოფლებში სახელმწიფო დავალიანების დასაფარად ნატურალური ჯარიმები შემოიღეს, რომელიც ყველა სახის კვების პროდუქტის კონფისკაციას ითვალისწინებდა. ხშირად სახლიდან მზა საჭმელიც კი გაჰქონდათ. იგივე ვითარება იყო ყუბანშიც, სადაც მოსახლეობის 85 პროცენტს ეთნიკური უკრაინელები შეადგენდნენ.

ფიოდორ პანჩენკო, ვალკოვსკის რაიონი, სოფელი პანკოვკა: "1933 წლის დეკემბერში ჩვენს სოფელში კომუნისტები მოვიდნენ და სახლებში ხორბლის ძებნა დაიწყეს. ეზოებში გრძელი, წვეტიანი რკინის შუბებით დადიოდნენ. შუბებით მიწაში ხორბლის ორმოებს ეძებდნენ. ჩვენთან ვერაფერი ნახეს და ერთი ჯამი ლობიო წაიღეს. მეზობლად მოხუცები ცხოვრობდნენ. მათ ეზოში დამარხული კარტოფილი იპოვეს. კარტოფილი ამოიღეს. მის ნაცვლად კი ცივ ორმოში მოხუცი ჩასვეს და ყელამდე დაფლეს: "გაიხსენე ბებერო სად გაქვს პური დამალულიო". კარგა ხანი იჯდა მიწაში მოხუცი. ისინი ამ დროს მის სახლში ქეიფობდნენ. როცა ამოთხარეს, სულ კანკალებდა. ცოტა ხანში კი გარდაიცვალა."

შავ დაფაზე შეტანილ სოფლებში საკვების ყიდვა შეუძლებელი გახდა, რადგან არავინ ჰყიდდა, ქალაქში კი საკვები მხოლოდ ტალონებზე იყიდებოდა. ჰოლოდომორის პირველი მსხვერპლი ძაღლები და კატები იყვნენ. მათ შემდეგ, ვირთხების, ბაყაყების და თაგვების ჯერი დადგა. როდესაც ისინიც გაწყდნენ, გლეხები ფოთლების, ხის ქერქების და ფესვების ჭამაზე გადავიდნენ. საკვებად იყენებდნენ გზაზე დაგდებულ მკვდარ საქონელს, რქებს, ტყავის ქამრებს. გაყინულ, დამპალ ჭარხალს და კარტოფილს, რომლებიც კოლმეურნეობის ყანებში მოსავლის აღების შემდეგ იყო დარჩენილი.

ვერა კონიაევა ვალკოვსკის რაიონი, სოფელი გუზოვკა: "საჭმელი არაფერი იყო. დედა ბალახს აგროვებდა ნაყავდა და ნახარშს გვაძლევდა. მხოლოდ ამას ვჭამდით. შიმშილისგან გასიება დავიწყეთ. მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ძმები კი 8 და 6 წლის. დედა ტიროდა, ჩვენ კი როგორც შეგვეძლო ვამშვიდებდით. ერთხელ დედამ გარეთ საქონლის ნაწლავები იპოვა და სახლში წამოიღო. ძლივს მოაღწია, რადგან მშიერი სოფლელები მოსდევდნენ. კარი ჩავკეტეთ, ისინი კი არ მიდიოდნენ. ორი დღე არ გავსულვართ სახლიდან. გარეთ ხალხი გვდარაჯობდა. კიდევ კარგი, რომ სახლში გვქონდა წყალი და ასანთი. დედამ ავეჯი დაამტვრია, ცეცხლი დაანთო და ამ ნაწლავებისგან საჭმელი გაგვიკეთა. ამან გადაგვარჩინა."

1933 წლის იანვარის მიწურულს და თებერვლის დასაწყისში უკრაინულ სოფელში ძირითადად მომაკვდავი ადამიანები ცხოვრობდნენ. შიმშილისგან ადამიანი, ჯერ სივდებოდა, შემდეგ გონებას კარგავდა, ბოლოს კი კვდებოდა. ჰოლოდომორის მსხვერპლი ყველაზე მეტად მოხუცები და ბავშვები ხდებოდნენ. თავის გადასარჩენად ხალხი ქალაქში გარბოდა. თუმცა, ბოლშევიკები უკრაინელ გლეხს სოფლიდან წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. 1933 წლის 22 იანვარს საბჭოთა მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინის მიმართ მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკა ხორციელდებოდა. ჩეკამ მითითება მიიღო შეეჩერებინა და საცხოვრებელ ადგილებში დაებრუნებინა უკრაინის და ყუბანის მოსახლეობა, რომელიც მშიერ სიკვდილს გაურბოდა. შიმშილის რაიონებში აიკრძალა რკინიგზის ბილეთების გაყიდვა, სოფლების გასასვლელებში ჯარი ჩააყენეს, უკრაინის გარე საზღვარსაც სამხედროები იცავდნენ. უკრაინელი გლეხი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პეტრე დოროშკო ბოგოდუხოვსკის რაიონი, სოფელი ზამნივუსი: "მახსოვს, რომ სიჩუმე იყო. ძაღლებიც კი არ ჰყეფდნენ, რადგან ყველა შეჭამეს. ჭასთან მივდიოდი, წყალზე. ჩვენთან სახლში სიარული აღარავის შეეძლო, ბაბუა უკვე მკვდარი იყო. სოფლის გზა ცხედრებით იყო მოფენილი, როგორც შემეძლო გვერდს ვუქცევდი. უცებ ყვირილი გავიგე. ვხედავ ჭასთან ჩვენი მეზობელი ქალი თავის პატარა შვილს დასდევს, ბავშვი კი ყვირის და დედას თხოვს "არ გინდა დედა, არა". ქალმა შვილს ხელი დაავლო და ჭაში ჩახტა. ხელში კიდევ ჩვილიც ეჭირა."

გაზაფხულისთვის უკრაინაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარკოვსა და ხარკოვის რაიონში იყო. ქალაქი სოფლებიდან ჩამოსულებით გაივსო. თუმცა საჭმელს ვერც ქალაქში შოულობდნენ. მათი უმეტესობა ღამეს გარეთ ათევდა და იქვე კვდებოდა. დილით ქალაქის ქუჩებს მიცვალებულებისგან სპეციალური ბრიგადები ასუფთავებდნენ, რომლებსაც მკვდრები ქალაქგარეთ მოწყობილ სამარხებში გადაჰყავდათ. სასოწარკვეთილი გლეხები, შვილებს ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე, ან ბავშვთა სახლების წინ ტოვებდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ ვინმე მათთვის მოწყალებას გაიღებდა. 1933 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ხარკოვის ბავშვთა სახლებში მოზარდების რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. ხარკოვის ბაზარში ყველა სახის ხორცი, იყიდებოდა. მაგალითაც 1 კილოგრამი ძაღლი და კატა 12 მანეთი ღირდა. დავარდნილი ცხენი 6-8 მანეთი. იყო ადამიანის ხორცით ვაჭრობის შემთხვევებიც. ადამიანს, ღორის ხორცად ასაღებდნენ, ან მისგან ღვეზელს ამზადებდნენ.

1933 წლის გაზაფხულზე ხარკოვი მტრისგან ბლოკირებულ ქალაქს უფრო ჰგავდა, ვიდრე უკრაინის დედაქალაქს. ქალაქში ადამიანების ნაცვლად მშიერი აჩრდილები დადიოდნენ. მარტო სამი თვის განმავლობაში ხარკოვის რაიონში შიმშილისგან 600 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ხარკოვი მკვდრების ქალაქად გადაიქცა. ადამიანის სიკვდილი იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ მან თავისი ტრაგიზმი დაკარგა.

სოფლებში მიცვალებულებს ვეღარ მარხავდნენ - შიმშილისგან დაოსებულ ხალხს ამის თავი აღარ ჰქონდა. გვამები ქუჩაში კვირაობით ეყარა. ყოველი მეორე სახლი მკვდრებით იყო სავსე. ცოცხლად დარჩენილები, ოჯახის წევრებს სარდაფებში ყრიდნენ, რადგან მათი გარეთ გათრევის თავი აღარ ჰქონდათ. სოფელ პოპივკაში ვასილისა ლუბენეცს 10 შვილი ჰყავდა. 33 წლის ზამთარში შიმშილისგან ყოველ კვირა ორ-ორი ბავშვი კვდებოდა. დედა მათ პირდაპირ ეზოში მარხავდა. ზამთრის ბოლოს ოჯახში მხოლოდ ერთი ბიჭი დარჩა. ქალაქის მსგავსად სოფლებშიც სპეციალური ბრიგადები დადიოდნენ, რომლებიც გვამებს აგროვებდნენ და საერთო დიდ ორმოში ყრიდნენ. ხშირად მათ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანებიც მიჰყავდათ, რომლებსაც სიარულის თავი აღარ ჰქონდათ.

ეფროსია კარაციუბა პეჩენეჟსკის რაიონი, სოფელი ნოვი ბურლუკი: "ერთ ქალს ჩვენ სოფელში 8 შვილი ჰყავდა. ქმარი 1929 წელს მოუკვდა. როცა შიმშილი დაიწყო, გადაწყვიტა უფროსი ბავშვების გადასარჩენად პატარებისთვის საჭმელი აღარ მიეცა. 2 უმცროსი ბუხარზე ასვა და ეუბნება: აქ იჯექით, თქვენი ხმა არ გავიგო, თორემ გარეთ ყინვაში გაგადებთო". ბავშვები ჩუმად ტიროდნენ, ისე, რომ არავის გაეგო.... მაგრამ დედას უჯერებდნენ და ბუხრიდან არ ჩამოდიოდნენ."

მიუხედავად ასეთი საშინელი მდგომარეობისა, საბჭოთა ხელისუფლება შიმშილს არ აღიარებდა. კომუნისტური პრესა იტყობინებოდა, რომ შიმშილის შესახებ ხმებს კულაკები და მათი მხარდამჭერები ავრცელებდნენ, რომლებიც "საბჭოთა კავშირთან ბრძოლის მიზნით, განზრახ შიმშილობენ და კვდებიან". მარცვლეულის ამოსაღებად ბოლშევიკთა ბრიგადები მაშინაც კი დადიოდნენ, როდესაც სოფელში ცოცხალი თითქმის აღარავინ იყო. 1933 წლის ზამთარში კომუნისტებმა უკრაინიდან დამატებით 104 მილიონი ფუთი მარცვლეული ამოიღეს, რითაც რესპუბლიკის მთელი მარაგი გაზიდეს.

უკრაინულ სოფლებში შიმშილი მალე კანიბალიზმში გადაიზარდა. ადამიანებისთვის, რომლებიც შიმშილის ნიადაგზე ჭკუიდან იშლებოდნენ, გზაზე მიმავალი დაუძლურებული თანასოფლელი საკვებად გადაიქცა. კანიბალების მსხვერპლი ყველაზე ხშირად ბავშვები იყვნენ. სწორედ მცირეწლოვანები იყვნენ იმ პერიოდში ყველაზე დაუცველები, რომლებიც თავიანთი მიამიტობის გამო, კაციჭამიების ნადავლი ხდებოდნენ. ერთ-ერთი თვიმხილველის ნაამბობით, მისმა მეზობელმა ქალმა, სახლში 5 წლის გოგონა შეიტყუა და დაკლა. მას მაშინ შეუსწრეს, როდესაც მაგიდაზე მხოლოდ გოგონას ძვლები და თმის სამაგრი ფერადი ბაფთები იყო დარჩენილი. ჭამდნენ არამარტო უცხოებს, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებსაც. დედა უმცროს შვილს ხარშავდა, რათა დანარჩენები გადაერჩინა. შვილები შიმშილით დახოცილ მშობლებს ჭამდნენ. არსებობს ფაქტები, რომლებიც მოწმობს, რომ დედა იძულებული გახდა, სამი მცირეწლოვანი გოგონა მოეკლა. მან საჭმელად ჯერ ყველაზე უმცროსი დაკლა - უფროსი ბავშვები კი ამას უყურებდნენ, შემდეგ შუათანას ჯერი დადგა. ამასთან, უფროსმა გოგომ უარი განაცხადა საკუთარი დის ხორცის მიღებაზე, თუმცა ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან მშობლები მასაც შეჭამდნენ. 1933 წლის ზამთარში და გაზაფხულზე უკრაინულ სოფლებში ყველაზე ხელმისაწვდომი ადამიანის ხორცი იყო. ხელისუფლებამ ხალხს საკვებად მარტო მეზობლები და შვილები დაუტოვა.

ალექსანდრე ხარჩენკო ვალკოვსკის რაიონი, სოფელი მინკოვკა: "ჩვენს გვერდით მაკარ ლისოვინი ცხოვრობდა, რომელსაც ორი გოგონა ჰყავდა. ერთი ჩემი წლოვანების იყო 5 წლის, მეორე კი უფრო პატარა. როცა შიმშილი იყო, უფროსი გოგონა მამამისმა ჩემს თვალწინ გამოიყვანა სახლიდან, ნაწნავში ხელი მოკიდა და ნაჯახით თავი მოაჭრა. შემდეგ თავი მიწაში ჩაფლა, ხოლო ტანი დიდ გობში ჩააგდო. მეორე შვილიც შეჭამეს ლისოვინმა და მისმა ცოლმა. შეიძლება მეც შევეჭამე, მაგრამ მაშინ გამხდარი ვიყავი და ეტყობა არ მოვეწონე. როდესაც ეს დედას მოვუყევი, მან მეზობლის სახლთან მისვლაც კი ამიკრძალა."

ვერა ვოინოვა, ხარკოვი: "1933 წლის გაზაფხულზე ჩვენთან ხარკოვში სოფელ გუტიდან ჩემი მშობლების ნაცნობები ჩამოვიდნენ - ცოლ-ქმარი ვორონინები. გამხდრები და დათრგუნულები იყვნენ. წვნიანი ვაჭამეთ და დიდი ხნის შიმშილის გამო ცუდად გახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც მომჯობინდნენ დედა ეკითხება: "თქვენი შვილები სად არიან?" - სამივე შევჭამეთ - დაუფიქრებლად გვიპასუხეს მათ. როგორ თუ შეჭამეთ? - ვკითხეთ გაოცებულებმა: "სათითაოდ: ჯერ პატარები, შემდეგ კი უფროსი. ნაწილებად ვჭრიდით, ვხარშავდით და ვჭამდით. რომ იცოდეთ რა გემრიელი იყო მათი პატარა თითები."

კანიბალიზმი არ იყო ერთეული შემთხვევები. 1933 წელს კაციჭამიები თითქმის ყველა სოფელში იყვნენ. ცოცხალი მშობლები შიმშილისგან გარდაცვლილ ბავშვებს, ან ოჯახის სხვა წევრებს ცივ სარდაფში ინახავდნენ, რომ არ გაფუჭებულიყვნენ და იმით იკვებებოდნენ. ჭამდნენ გზაზე დაგდებულ მიცვალებულებსაც. ხარკოვის რაიონის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს მოხსენებიდან ირკვევა, რომ ოფიციალური მონაცემებით გაზაფხულზე კანიბალიზმის 420 ფაქტი აღინიშნა. რეალურად კი ეს ციფრი გაცილებით მეტი იყო, რადგან ყველა შემთხვევის აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა. კანიბალებს ხშირად ადგილობრივები სასამართლოს გარეშე კლავდნენ. ზოგიერთები კი ცოცხლები გადარჩნენ და თავის სოფლებში ცხოვრობდნენ. თუმცა ყველამ იცოდა, რომ მათ შვილი, ან მშობლები შეჭამეს. შიმშილის ზონაში ადამიანებს ფსიქიკა ეცვლებოდათ. ეს განსაკუთრებით ბავშვებში შეინიშნებოდა, რომელთა ცნობიერებაში მკვიდრდებოდა აზრი, რომ ადამიანის ხორცის ჭამა ჩვეულებრივად შეიძლებოდა.

უკრაინაში უამრავი ნასოფლარი გაჩნდა. სოფლები ცარიელი იყო. ზოგიერთ დასახლებაში, სოფლის საბჭოს შენობის თავზე წითელი დროშის ნაცვლად შავ დროშას კიდებდნენ. მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსა და მილიციის თანამშრომლებს ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ უკრაინულ სოფლებში. განსაკუთრებით აკრძალული იყო იმ სოფლებში შესვლა, სადაც შავი დროშა იყო აღმართული. ეს იმას ნიშნავდა, რომ სოფელი მთლიანად ამოწყდა შიმშილისგან. მხოლოდ მიახლოვებითი გათვლებით, ასეთი სოფლების რიცხვი 50 ათას აღწევდა.

უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მკვლევარები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მონაცემებს ასახელებენ. ზოგიერთი გამოთვლებით ამ კატასტროფას 2 მილიონი შეეწირა, სხვები 5 მილიონს ასახელებენ. არის კვლევები, სადაც 8-10 მილიონი ფიგურირებს. ფაქტი ერთია: ყველა გამოთვლებით, 1932-1933 წლებში უკრაინაში მსხვერპლთა რაოდენობა არა ათასებით, არამედ მილიონებით განისაზღვრება.

უკრაინის გენოციდი, ფაშისტების მიერ მოწყობილ ჰოლოკოსტამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა. გამოყენებული მეთოდების მიხედვით, საბჭოური ჰოლოდომორი გაცილებით უფრო საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე ფაშისტების სიკვდილის ბანაკები. ოსვენციმის, ტრებლინკასა და დახაუსგან განსხვავებით, უკრაინულ სოფლებში მხოლოდ სიკვდილი არ იყო. აქ ადამიანი ფიზიკურ, სულიერ და ფსიქიკურ დეგრადირებას ერთდროულად განიცდიდა.

მიხეილ ბასილაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий