четверг, 25 апреля 2013 г.

ქრისტიანობის ღირსებისა და ქრისტიანთა უღირსების შესახებ.


   
    ბერდიაევი ნიკოლაი.

მთარგმნელი იმერლიშვილი ზაზა.

1

ბოკაჩოს აქვს მოთხრობა ებრაელზე, რომლის მეგობარი ქრისტიანი ქრისტიანობაზე მის მოქცევას ცდილობდა. ებრაელი ქრისტიანობის მიღებისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რომში წასვლა და იქ ეკლესიის სათავეში მდგომი ადამიანების – პაპის და კარდინალთა ცხოვრების ნახვა სურდა. ქრისტიანი, რომელიც ებრაელის მოქცევას ცდილობდა, შეშინდა და ჩათვალა, რომ მისმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა, რადგან ებრაელი ნახავდა რა რომში არსებულ მთელ უმსგავსობას, რა თქმა უნდა, მონათვლაზე უარს იტყოდა. ებრაელი წავიდა და იხილა პაპის კარზე, სასულიერო პირთა შორის გაბატონებული ფარისევლობა, გახრწნილება, მუცელღმერთობა, ანგარება. ამ გამოცდის შედეგი მოულოდნელი გამოდგა.
დაბრუნებისას ებრაელს მეგობარი ქრისტიანი შიშით ეკითხება რომაული შთაბეჭდილებების შესახებ, რაზეც სრულიად მოულოდნელ და ძალიან ღრმააზროვან პასუხს იღებს: რადგან ქრისტიანულმა რწმენამ მთელ იმ უმსგავსობასთან და სისაძაგლესთან გამკლავება შესძლო, რაც მან რომში იხილა და ამის მიუხედავად განმტკიცდა და გავრცელდა, მაშასადამე იგი ჭეშმარიტი რწმენაა. ებრაელი საბოლოოდ გაქრიტიანდა.
რაც არ უნდა ეგულისხმა ბოკაჩოს, ამ მოთხრობაში ქრისტიანობის დასაცავი სწორი გზაა ნაჩვენები. ქრისტიანობის კრიტიკოსებისთვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი, ხშირ შემთხვევაში, თავად ქრისტიანები არიან. სწორედ ისინი აბრკოლებენ მათ, ვისაც ქრისტიანობაზე მოქცევა სურთ. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ხშირად ჩვენს დროში იყენებენ. ქრისტიანობის შესახებ ჩვენი აპოსტასიური დროის ქრისტიანების მიხედვით მსჯელობენ.
ძველ დროში, როცა რწმენა ძლიერი იყო, ქრისტიანობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, მისი მარადიული ჭეშმარიტების, მისი მოძღვრების და მცნებების მიხედვით ბჭობდნენ. ჩვენი დრო კი ადამიანური ვნებებით მეტისმეტად არის გაჯერებული. ცუდმა ქრისტიანებმა გადაფარეს ქრისტიანობა. ოპონენტებს მათი ცუდი საქმეები, ქრისტიანობის მათმიერი დამახინჯება და ძალადობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე თავად ქრისტიანობა და მისი დიადი ჭეშმარიტება. ჩვენი დროის მრავალი ადამიანი ქრისტიანობის შესახებ ყალბი, გარეგანი, გადაგვარებული ქრისტიანების მიხედვით მსჯელობს. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ მასზე ქრისტიანთა ბოროტებისა და სიძულვილის მიხედვით მსჯელობენ. ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა, მაგრამ მასზე ისტორიაში ქრისტიანთა მიერ ჩადენილი ძალადობის მიხედვით ბჭობენ.
ქრისტიანები ქრისტიანობის კომპრომეტაციას ახდენენ და სუსტებს აბრკოლებენ.
ხშირად მიუთითებენ იმაზე, თითქოს სხვა რელიგიათა წარმომადგენლები – ბუდისტები, მაჰმადიანები, ებრაელები _ ქრისტიანებზე უკეთესნი არიან, საკუთარი რელიგიის მცნებებს უკეთესად ასრულებენ. მიუთითებენ სრულიად ურწმუნოებზეც, თვით ათეისტებზე და მატერიალისტებზე, რომელნიც ხშირად ქრისტიანებზე უკეთესნი, ცხოვრებაში უფრო დიდი იდეალისტები და მსხვერპლგაღებისთვის უფრო მზადმყოფნი არიან. მაგრამ ბევრი ქრისტიანის უღირსება და სულმდაბლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ქრისტეს მცნებებს არ ასრულებენ, ღალატობენ და ამახინჯებენ მათ. ქრისტიანთა უღირსებაზე ქრისტიანობის ამაღლებულობიდან გამომდინარე მსჯელობენ. როგორ შეიძლება ქრისტიანობის კრიტიკა ქრისტიანთა უღირსების გამო, როცა თავად ქრისტიანებს ქრისტიანობის სიმაღლესთან შეუსაბამობისთვის კიცხავენ. ამგვარი მსჯელობა აშკარად წინააღმდეგობრივია.
სხვა რელიგიათა მიმდევარნი არცთუ იშვიათად ქრისტიანებზე უკეთესნი არიან, უფრო კარგად ასრულებენ საკუთარი რელიგიის მცნებებს. ქრისტიანობის განსაკუთრებული სიმაღლის გამო სხვა რელიგიათა მცნებების შესრულება უფრო ადვილია. ბევრად ადვილია იყო მაჰმადიანი, ვიდრე ქრისტიანი. ქრისტიანი თუნდაც სამაგალითო მაჰმადიანის მსგავსიც რომ იყოს, მაშინ ის იქნება ძალიან ცუდი ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს მცნებებს არ ასრულებს. ცხოვრებაში ყველაზე ძნელი სიყვარულის რელიგიის განხორციელებაა, მაგრამ ამის გამო თავად სიყვარულის რელიგია ნაკლებად ჭეშმარიტი და ამაღლებული სულაც არაა. ქრისტიანობის ბრალი არაა, რომ მის სიმართლეს ცხოვრებაში არ ახორციელებენ. ქრისტე დამნაშავე არაა იმაში, რომ მის მცნებებს არ ასრულებენ.
თავისი რწმენის ერთგულ ებრაელებს იმაზე მითითება უყვართ, რომ იუდაიზმის უდიდესი უპირატესობა მისი მცნებების აღსრულებადობაა. ებრაული რელიგია ადამიანის ბუნებასთან უფრო მისადაგებული და განხორციელებადია, მიწიერი ცხოვრების მიზნებს მეტად შეესაბამება და ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვს. ქრისტიანული რელიგია ყველაზე ძნელი და განუხორციელებელი, ადამიანის ბუნებასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული და მსხვერპლის მომთხოვნია. იუდაიზმის მიმდევარნი ქრისტიანობას მეოცნებე, ცხოვრებაში გამოუსადეგარ და აქედან გამომდინარე, მავნე რელიგიად მიიჩნევენ. ჩვენ ადამიანის ზნეობრივ ღირსებას ხშირად მისი რწმენით და იდეალებით ვაფასებთ. თუ მატერიალისტი თავისი მსოფლმხედველობით დადებითი, თავისი იდეის ერთგული და მსხვერპლგაღებისთვის მზადმყოფი ადამიანია, იგი უკვე გვაკვირვებს თავისი სიმაღლით და მას ნიმუშად ვსახავთ. მაგრამ ქრისტიანისთვის თავისი რწმენის მოთხოვნების, საკუთარი იდეალის სიმაღლეზე დგომა ბევრად უფრო ძნელია, რადგან მან უნდა შეიყვაროს მტრები, იტვირთოს საკუთარი ჯვარი, გმირულად უნდა შეებრძოლოს ამქვენიურ ცდუნებებს, რისი ვალდებულებაც არც იუდეველს, არც მაჰმადიანს და არც მატერიალისტს არ ეკისრება.
ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებას ურთულესი გზისკენ მიმართავს, ქრისტიანის ცხოვრება თვითჯვარცმაა.

2

ხშირად ამბობენ, რომ ისტორიულად ქრისტიანობა ცხოვრებაში ვერ განხორციელდა და ამას ქრისტიანობის საწინააღმდეგო არგუმენტად მიიჩნევენ. ქრისტიანობის კომპრომეტაციას არა მარტო ქრისტიანები, არამედ ქრისტიანობისა და ეკლესიის ისტორიაც ახდენს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის ისტორიის შესახებ წიგნების კითხვა მცირედმორწმუნეთათვის შეიძლება ძალზე დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, რადგან ეს წიგნები ქრისტიანულ სამყაროში ადამიანური ვნებების და ინტერესების ბრძოლაზე, ცოდვილი კაცობრიობის ცნობიერების მიერ ქრისტიანული სიმართლის შერყვნასა და დამახინჯებაზე მოგვითხრობენ, ისინი არცთუ იშვიათად ეკლესიის ცხოვრებას სახელმწიფოთა, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ომების ისტორიისადმი ძალზე მიმსგავსებულად აღგვიწერენ.
ეკლესიის გარეგანი ცხოვრება თვალშისაცემი და ადვილად გადმოსაცემია. მასზე თხრობა ყველასთვის გასაგები ფორმითაა შესაძლებელი. ეკლესიის შინაგანი, სულიერი ცხოვრება, ადამიანის ღვთისკენ მოქცევა, სიწმინდის მიღწევა კი ისე თვალშისაცემი არაა, მისი გადმოცემა ბევრად უფრო ძნელია, იგი ერთგვარად გარეგანი ისტორიითაა გადაფარული.
ადამიანები კარგზე უფრო ადვილად ცუდს ამჩნევენ, ცხოვრების გარეგანი მხარის უფრო იოლად აღმქმელნი არიან, ვიდრე შინაგანის. ჩვენ ადვილად ვიგებთ ადამიანთა ცხოვრების გარეგანი მხარის შესახებ – როგორ ვაჭრობენ ან მონაწილეობენ პოლიტიკაში, რანაირად იქცევიან ოჯახურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ განა ბევრი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მიმართავენ ღმერთს ლოცვით, რანაირად მიედინება მათი შინაგანი სულიერი ცხოვრება, მათი სულიერი ბრძოლა საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან, რა ურთიერთობა აქვთ ღვთიურ სამყაროსთან? ჩვენ ამის შესახებ ხშირად არაფერი ვიცით და წარმოდგენაც არ გვაქვს იმ ადამიანების სულიერი ცხოვრების არსებობაზე, რომლებთან ურთიერთობა გვაქვს, ან მხოლოდ მათ შესახებ ვიცით, ვინც ჩვენთვის საყვარელი და ახლობელია და ვის მიმართაც განსაკუთრებით ყურადღებიანნი ვართ. ყველასთვის ხილულ გარეგან ცხოვრებაში ცოდვისმიერი ვნებები ადვილი შესამჩნევია. ამ გარეგანი ცხოვრების მიღმა თუ რა სულიერი ბრძოლები, ღვთისკენ აღმაფრენა და ქრისტეს მცნებათა განსახორციელებლად დახარჯული უდიდესი ძალისხმევაა დაფარული, ჩვენ არ ვიცით ან არ გვინდა ვიცოდეთ. ჩვენ მოყვასის განუკითხაობის მცნება მოგვეცა, მაგრამ შინაგანი ცხოვრების გამოძიების გარეშე, გარეგანი საქმეების ან გამომეტყველების მიხედვით მუდმივად განვიკითხავთ მათ. გარეგანი საქმეების, ქრისტიანობის დამამახინჯებელი ადამიანური ვნებების და ცოდვების მიხედვით ქრისტიანული კაცობრიობის ისტორიის შესახებ მსჯელობა არ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რისი დაძლევა მოუწიათ ქრისტიან ხალხებს მათ ისტორიაში, რაოდენ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა საკუთარი ცოდვილი ბუნება, ძირძველი წარმართობა, ოდინდელი ბარბაროსობა და ნახევრად მხეცური ინსტინქტები დაეძლიათ.
ქრისტიანობას ისეთი მატერიის გადამუშავება მოუწია, რომელიც ქრისტიანულ სულისკვეთებას საშინლად ეწინააღმდეგებოდა. ისინი, ვინც სისასტიკისა და ძალადობის ინსტინქტებით იყვნენ აღსავსენი, ქრისტიანობას სიყვარულის რელიგიით უნდა აღეზარდა. ქრისტე ჯანმრთელთა და მართალთა კი არა, სნეულთა და ცოდვილთა სახსნელად მოვიდა. გაქრისტიანებული კაცთა მოდგმა სნეული და ცოდვილი მოდგმაა. ცხოვრების გარეგანი ორგანიზება და ბოროტებაზე ძალისმიერი გზით გამარჯვება ქრისტეს ეკლესიის მოწოდება არაა. იგი ყოველივეს სულიერი ფერისცვალებით, ადამიანის თავისუფლებისა და ღვთიური მადლის ურთიერთქმედების გზით მოელის. თავისი არსიდან გამომდინარე, ქრისტიანობას ადამიანის ბუნებიდან ბოროტების ძალით ამოძირკვა არ შეუძლია, იგი ადამიანის თავისუფლებას აღიარებს.
სოციალისტ-მატერიალისტებს განსაკუთრებით უყვართ იმაზე საუბარი, რომ ქრისტიანობა დამარცხდა, მან ვერ დაამკვიდრა ღვთის სასუფეველი დედამიწაზე. თითქმის ორი ათასი წელია, რაც კაცობრიობას მხსნელი და მაცხოვარი მოევლინა, ბოროტება კი კვლავაც არსებობს სამყაროში და კიდეც მატულობს. კაცობრიობა ტანჯვისგან იკრუნჩხება. ხსნის განხორციელებით ცხოვრება მცირედაც არ შემსუბუქებულა. რისი დამკვიდრებაც ქრისტიანობამ ვერ შესძლო დედამიწაზე: ადამიანთა ძმობის, სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის, ღვთის სასუფევლის, – იმის განხორციელებას სოციალისტ-მატერიალისტები ღმერთის გარეშე აღგვითქვამენ (იმ ადამიანებს, რომელთაც ღმერთი არ სწამთ, ზოგჯერ უყვართ ისეთი გამოთქმის ხმარება, როგორიცაა ”ღვთის სასუფეველი დედამიწაზე”). მატერიალისტური სოციალიზმის რეალიზაციის ერთადერთი, ჩვენთვის ცნობილი რუსული გამოცდილება ამ პრეტენზიებს არ ადასტურებს. მაგრამ ეს ფაქტი ამ საკითხისთვის გადამწყვეტი არაა.
დედამიწაზე სამართლიანობის დამკვიდრების, ბოროტებისა და ტანჯვის აღმოფხვრის მატერიალისტური სოციალიზმისეული აღთქმა აღთქმულის განხორციელებას ადამიანის შინაგანი თავისუფლების გზით კი არ გულისხმობს, არამედ ამ თავისუფლებაზე ძალადობის, იძულებითი სოციალური ორგანიზაციის მეშვეობით, რამაც ბოროტების გარეგანი გამოვლენა შეუძლებელი, ხოლო ადამიანი სათნო და კეთილი უნდა გახადოს. ამაშია მისი უზარმაზარი განსხვავება ქრისტიანობისაგან. ეგრეთ წოდებული “ქრისტიანობის ისტორიული წარუმატებლობა” ადამიანის თავისუფლებითაა გამოწვეული, რომელიც ქრისტეს სიმართლეს ეწინააღმდეგება, ბოროტი ნების წინააღმდეგობით, რომლის გარედან ალაგმვას და სიკეთის იძულებით კეთებას ქრისტიანული რელიგია უმართებულოდ მიიჩნევს, რადგან თავად ქრისტიანული სიმართლე თავისუფლებას გულისხმობს და ბოროტებაზე შინაგან, სულიერ გამარჯვებას მოელის. სახელმწიფოს შეუძლია და მოწოდებულიცაა ბოროტება გარეგანი, ძალისმიერი გზით ალაგმოს, მაგრამ ამით შინაგანი ბოროტება და ცოდვა არ მარცხდება. მატერიალისტური სოციალიზმისთვის ეს პრობლემა არ არსებობს. მისთვის მხოლოდ ტანჯვის, სოციალური უსამართლობის და ცხოვრების გარეგანი სოციალური ორგანიზაციის პრობლემა დგას, ხოლო ბოროტების და ცოდვის, შინაგანი სულიერი ცხოვრების საკითხი არ არსებობს.
ღმერთს არ სურს ადამიანზე ძალადობა და სიმართლის გარეგანი ზეიმი. მას ადამიანის თავისუფლება სურს.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ითმენს ბოროტებას, ძალის გამოყენებით არ სპობს მას და სიკეთის მიზნებისთვის იყენებს. ქრისტეს სიმართლის ძალადობით განხორციელება შეუძლებელია. კომუნიზმს თავისი სიმართლის განხორციელება ძალადობის გზით სურს. იგი სულის თავისუფლებას იმიტომ უარყოფს, რომ თავად სულს უარყოფს და ამით მას თავისი სიმართლის განხორციელება უადვილდება. სულიერი ფერისცვალების გარეშე, რაც ყოველთვის სულის თავისუფლებას გულისხმობს, ძალადობის გზით ღვთის სასუფევლის დამკვიდრება შეუძლებელია. ქრისტიანობა ჯვრის რელიგიაა, იგი ტანჯვის საზრისს აღიარებს. ქრისტე მოგვიწოდებს ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი, ცოდვილი სამყაროს სიძნელენი.
ქრისტიანული ცნობიერებისთვის დედამიწაზე ღვთის სასუფევლის, ამქვეყნიური ბედნიერებისა და სამართლიანობის დამკვიდრება ჯვრისა და ტანჯვის გარეშე, დიდი სიყალბეა, ერთი იმ ცდუნებათაგანია, რომელიც ქრისტემ უდაბნოში უარყო, როცა მას ამქვეყნიური სამეფოები უჩვენეს.
ქრისტიანობა ამქვეყნად თავის გარდაუვალ სუფევას და ზეიმს სულაც არ აღგვითქვამს. ქრისტე კიდევაც ეჭვობს, რომ მეორედ მოსვლისას რწმენას იპოვის და სიყვარულის შემცირებას წინასწარმეტყველებს. ლევ ტოლსტოი ფიქრობდა, რომ ქრისტეს მცნებათა განხორციელება ადვილია და ამისთვის მათი ჭეშმარიტების გაცნობიერება საკმარისია. მაგრამ ეს მისი მეტისმეტად რაციონალური ცნობიერების შეცდომა იყო, მისთვის დაფარული იყო როგორც თავისუფლების, ასევე მადლის საიდუმლო. ეს იყო ოპტიმიზმი, რომელიც ცხოვრების ღრმა სერიოზულობას და ტრაგიკულობას არ შეესაბამებოდა. პავლე მოციქული ამბობს: ”ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული” (რომ. 7, 19-20). ესაა ქრისტიანთა შორის უდიდესის მოწმობა, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეს გვიმხელს. აქედან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ”ქრისტიანობის მარცხი” ღვთის კი არა, ადამიანის მარცხია.

3

ქრისტიანულმა კაცობრიობამ თავის ისტორიაში ქრისტიანობისადმი სამმაგი ღალატი ჩაიდინა. თავიდან ის ამახინჯებდა და ცუდად ახორციელებდა ქრისტიანობას, შემდეგ სრულიად განუდგა მას და ბოლოს, რაც ყველაზე უარესია, ქრისტიანობის კრულვა დაიწყო ყოველივე იმ ცუდისათვის, რასაც ქრისტიანობის ისტორიაში თვითონ სჩადიოდა. როცა ქრისტიანობას აკრიტიკებენ, ქრისტიანული კაცობრიობის ცოდვებსა და მანკიერებებს, ადამიანის მიერ ქრისტეს ჭეშმარიტებათა შერყვნასა და განუხორციელებლობას აკრიტიკებენ.
სწორედ ამ, ადამიანური ცოდვების, მანკიერებებისა და დამახინჯებათა გამო განეშორნენ ქრისტიანობას. ადამიანი ჯერ ამახინჯებს ქრისტიანობას, შემდეგ კი ჯანყდება ამ დამახინჯების, როგორც თვით ქრისტიანობის წინააღმდეგ. ქრისტეს სიტყვებში, მის მცნებებში, წმინდა წერილსა და გარდამოცემაში, ეკლესიის სწავლებაში, წმინდანთა ცხოვრებაში ვერაფერს ისეთს ვერ ნახავთ, რასაც ქრისტიანობას მისი კრიტიკოსები ედავებიან. იდეალური პრინციპი იდეალურ პრინციპს უნდა შევუდაროთ, რეალური ფაქტი რეალურ ფაქტს. კომუნიზმის დაცვაც შეიძლება იმაზე მითითებით, რომ იგი პრაქტიკაში ცუდად განხორციელდა და შეირყვნა, ისევე როგორც ქრისტიანობა პრაქტიკაში ცუდად ხორციელდებოდა და მახინჯდებოდა. კომუნისტები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად სისხლს ღვრიან, ძალადობენ, ცრუობენ. საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ქრისტიანებიც ბევრ სისხლს ღვრიდნენ, ძალადობდნენ და ცრუობდნენ.
მაგრამ ამის საფუძველზე კომუნიზმსა და ქრისტიანობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა აშკარა შეცდომაა. სახარებაში, ქრისტეს მცნებებში, ეკლესიის სწავლებაში, წმინდანთა ცხოვრებაში, ქრისტიანობის სრულყოფილ განხორციელებაში თქვენ ნახავთ ღვთის სასუფევლის ხარებას, სიყვარულის, თავმდაბლობის, გულის განწმენდის, მოყვასის მსახურების, მსხვერპლგაღებისკენ მოწოდებას და ვერ ნახავთ ძალადობის, ბოროტების, შურისძიების, სიძულვილის, ანგარების ქადაგებას. კომუნიზმის სულისჩამდგმელის, მარქსის თეორიაში, მის იდეოლოგიაში ნახავთ ძალადობის, ერთი კლასის მეორე კლასისადმი სიძულვილის, შურისძიების, ანგარებიანი ინტერესებისათვის ბრძოლისკენ მოწოდებას და ვერაფერს სიყვარულის, მსხვერპლგაღების, თავმდაბლობისა და სულის სიწმინდის შესახებ. ისტორიაში ქრისტიანები ძალადობდნენ კიდეც, სიძულვილსაც თესავდნენ, შურისმაძიებლობდნენ კიდეც, ანგარებასაც ავლენდნენ. ისინი არცთუ იშვიათად ქრისტეს სახელით ინიღბებოდნენ, მაგრამ არასდროს ასეთ შემთხვევაში ქრისტეს მცნებებს არ ასრულებდნენ. ქრისტიანობის ოპონენტებს იმაზე მითითება უყვართ, რომ ქრისტიანობის დასაცავად და გასავრცელებლად ქრისტიანები ხშირად სისხლიან ძალადობას მიმართავდნენ. ეს თავისთავად უდავო ფაქტი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქრისტიანები ბუნებაგანუწმენდელნი და ვნებებით აღსავსენი იყვნენ, რომ საკუთარი დაცემული ბუნების გამო ყველაზე მართალ და წმინდა სწავლებას რყვნიდნენ და ქრისტიანობის სულისკვეთება არ ესმოდათ.
როდესაც პეტრემ, იესოს დაცვის მიზნით მახვილი იშიშვლა და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა, იესომ უთხრა: ”თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება” (მათ. 26, 51-52).
ადამიანის მიერ აღქმული ქრისტიანობის საღვთო ჭეშმარიტება მის ცოდვილ ბუნებასა და შეზღუდულ ცნობიერებაში გარდატყდება. ქრისტიანული გამოცხადება და ქრისტიანული რელიგიური ცხოვრება (ისევე როგორც ნებისმიერი გამოცხადება და რელიგიური ცხოვრება) არა მარტო ღვთის, არამედ ადამიანის არსებობასაც გულისხმობს. მართალია ადამიანი ზეგარდამოსული საღვთო მადლის ნათლით ფერისცვალებას განიცდის, მაგრამ თავად ამ ნათელს თავისი სულიერი თვალის მოწყობის თავისებურებების მიხედვით აღიქვამს და საღვთო გამოცხადებას საკუთარი შეზღუდული ბუნებისა და ცნობიერების დაღს ასვამს. ბიბლია მოგვითხრობს, თუ როგორ ეცხადებოდა ღმერთი ებრაელ ხალხს, მაგრამ ბრაზი, მრისხანება, შურისძიება, ეჭვიანობა, რომელსაც იაჰვე ღმერთი ბიბლიაში ავლენს, ღმერთის შინაგან ბუნებაში არსებულ თვისებები კი არაა, არამედ ესაა ებრაელი ხალხის ცნობიერებაში გარდატეხილი ღვთის სახე, ღვთის აღქმა იმ ხალხის მიერ, ვისთვისაც ასე დამახასიათებელი იყო მრისხანება, ეჭვიანობა და შურისძიება. ქრისტიანული ჭეშმარიტება ადამიანის მიერ არა მარტო შეზღუდულად აღიქმებოდა, არამედ მახინჯდებოდა კიდეც.
მახინჯდებოდა სწავლება ღმერთის შესახებ, რომელიც არცთუ იშვიათად აღმოსავლელ დესპოტად, თვითმპყრობელ მონარქად წარმოედგინათ, ხოლო მოძღვრებას გამოსყიდვაზე ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენით განაწყენებული და განრისხებული ღმერთის მიერ გამოტანილ სასამართლო განაჩენად სახავდნენ. ქრისტიანული დოგმატების ასეთ დამახინჯებულ, შეზღუდულ გაგებას ადამიანები ქრისტიანობისგან განდგომამდე მიჰყავდა. თვით ეკლესიის ცნებასაც ამახინჯებდნენ. ეკლესია ზედაპირულად ესმოდათ, მას იერარქიასთან, რიტუალებთან, ქრისტიანი მრევლის ცოდვებთან აიგივებდნენ და მასში მხოლოდ გარეგან მხარეს, დაწესებულებას ხედავდნენ. ეკლესიის უფრო სიღრმისეული და შინაგანი, როგორც სულიერი ორგანიზმის, ქრისტეს მისტიური სხეულის (პავლე მოციქულის განსაზღვრება) გაგება უკანა პლანზე გადადიოდა და მხოლოდ მცირედნი სწვდებოდნენ. ლიტურგიას, საიდუმლოს, გარეგან რიტუალად აღიქვამდნენ და მის მიმართ დამოკიდებულებას ასეთი აღქმა განსაზღვრავდა.
ლიტურგიის სიღრმისეული, საიდუმლოებრივი საზრისი გარეგანი ქრისტიანებისთვის დაფარული რჩებოდა.
ამიტომაც ეკლესიას ადვილად განეშორებოდნენ, აბრკოლებდათ სასულიერო პირთა მანკიერებანი, საეკლესიო დაწესებულებათა ნაკლოვანებანი, რომელნიც მრევლის რწმენის მიმართ გარეგანი და ფარისევლური დამოკიდებულებით, საჩვენებელი ღვთისმოსაობით მეტისმეტად ჰგავდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს.
ყოველთვის უნდა გვახსოდეს, რომ ეკლესიას აქვს ღვთიური და ადამიანური მხარეები. ეკლესიის ცხოვრება ღმერთკაცობრივი ცხოვრებაა, იგი ღვთისა და კაცობრიობის ურთიერთქმედებაა. ეკლესიის ღვთიური საფუძველი მარადიული და უცდომელია, წმინდაა, მისი შერყვნა შეუძლებელია და ”მას ვერ მოერევა ჯოჯოხეთის ბჭენი.” ეკლესიის ღვთიური მხარეა თვითონ ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი, სახარების ზნეობრივი სწავლება, ჩვენი რწმენის ძირითადი საფუძვლები და ეკლესიის დოგმატები, საიდუმლოებანი, სულიწმინდის მადლის მოქმედება ეკლესიაში. ეკლესიის ადამიანური მხარე ცდომილი და ცვალებადია, მასში, თავად ეკლესიურ კაცობრიობაში, შეიძლება იყოს დამახინჯებანი, სნეულებანი, დაცემა, ნელთბილობა, ისევე როგორც შეიძლება იყოს შემოქმედებითი მოძრაობა, განვითარება, ურთიერთგამდიდრება, აღორძინება. ეკლესიური კაცობრიობის, საეკლესიო იერარქთა ცოდვები ეკლესიის ღვთიური არსიდან არ გამომდინარეობს და მის სიწმინდეს ოდნავადაც ვერ აკნინებს. ქრისტიანობა ადამიანის ბუნებას უპირისპირდება, მის განწმენდას და ფერისცვალებას მოითხოვს.
ადამიანის ბუნებაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და მის შერყვნას ცდილობს. მუდმივად მიმდინარეობს ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთჭიდილი, რომელშიც ხან ღვთიური განწმენდს ადამიანურს, ხანაც ადამიანური ამახინჯებს ღვთიურს. ქრისტიანობამ აღამაღლა ადამიანი და მას ადგილი სამყაროს ცენტრში მიუჩინა. ძე ღვთისა განკაცდა და ამით ადამიანის ბუნება აკურთხა. ქრისტიანობა ადამიანს ცხოვრების უმაღლეს მიზანს უთითებს, მის უმაღლეს წარმომავლობასა და დანიშნულებაზე უქადაგებს. მაგრამ ქრისტიანობა, მრავალი სხვა მოძღვრებისგან განსხვავებით, ადამიანის დაცემულ ბუნებას არ ეპირფერება და ადამიანისგან გმირულ თვითდაძლევას მოითხოვს.
პირველქმნილი ცოდვით დაღდასმული ადამიანური ბუნება ძალზე შეზღუდულია.
იგი ძლივს იტევს ქრისტიანობის ღვთიურ ჭეშმარიტებას, ღმერთკაცის, ქრისტეს გამოცხადებით ნამცნობი ღმერთკაცობრივი სიმართლის გაგება უჭირს. ქრისტე ღმერთისა და მოყვასის, ადამიანის სიყვარულს გვასწავლის. ღვთისა და ადამიანის სიყვარული ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული – ღმერთის მეშვეობით გვიყვარს ჩვენ მოყვასნი, ძმანი ჩვენნი და მოყვასის სიყვარულში ცხადდება სიყვარული ღვთისა. ”თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია” (1იოან. 4, 12). ქრისტე იყო ძე ღვთისა და ძე კაცისა, მან ჩვენ ღვთისა და კაცის სრულქმნილი ერთობა, ღმერთის ადამიანურობა და ადამიანის ღვთიურობა განგვიცხადა. მაგრამ ბუნებითი ადამიანი ჭეშმარიტებას ღმერთკაცობრივი სიყვარულის ამ სისრულეზე ძნელად და დანაწევრებულად აღიქვამს: ზოგჯერ იგი მზადაა უყვარდეს ღმერთი, ადამიანს ის ზურგს აქცევს, უსიყვარულოდ, გულგრილად, სასტიკად ეპყრობა.
(ასე იყო შუა საუკუნეებში), ხანაც ადამიანისკენ მოიქცევა, მზადაა უყვარდეს იგი და ემსახუროს მას, მაგრამ ზურგს აქცევს ღმერთს და მტრობს თვით ღვთის იდეას, როგორც ადამიანის კეთილდღეობისათვის დაპირისპირებულსა და მავნეს. ასე იყო ახალ დროში _ ჰუმანიზმში, ჰუმანისტურ სოციალიზმში. დაანაწევრეს რა ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება და მოწყვიტეს რა ადამიანის სიყვარული ღვთის სიყვარულს, ადამიანები თავს ესხმიან ქრისტიანობას და ბრალს სდებენ იმაში, რაშიც დამნაშავენი თავად არიან.

4

ის შეუწყნარებლობა, ფანატიზმი და სისასტიკე, რასაც ხშირად ქრისტიანები ისტორიაში იჩენდნენ, შედეგი იყო ადამიანური ბუნების უუნარობისა სრულად გაეთავისებინა ქრისტიანული ჭეშმარიტება სიყვარულსა და თავისუფლებაზე. ადამიანმა ქრისტიანული ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილი შეითვისა და მასზე შეიშალა, ჭეშმარიტების მთელ სისრულეს, ნათლის სისრულეს კი მხოლოდ მცირედნი ჩასწვდნენ. ადამიანს ყველაფრის, ყველაზე დიდი ჭეშმარიტების დამახინჯების და მისი საკუთარ ვნებათა იარაღად ქცევის ნიჭი აქვს. თვით მოციქულნიც კი, რომელიც ღვთიური მოძღვრის სიახლოვეს, იმ ნათელში იმყოფებოდნენ, რომელსაც მისი პიროვნება აფრქვევდა, ამახინჯებდნენ ქრისტიანობას, მეტისმეტად მიწიერად, ადამიანურად ესმოდათ ქრისტეს ჭეშმარიტება და ყველაფერში საკუთარი, ებრაული მსოფლმხედველობის შეზღუდულობა შეჰქონდათ.
როდესაც შუა საუკუნეების ქრისტიანობას აკრიტიკებენ, ინკვიზიციის კოცონების, სინდისზე ძალადობის, ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის, ადამიანის მიმართ სასტიკი დამოკიდებულების გამო საყვედურობენ – საკითხს არასწორად სვამენ და როგორც წესი, საკმაოდ ნათლად არც ესმით რას ამბობენ. შუა საუკუნეების ქრისტიანობის კრიტიკა, რომელიც უდავო, თუმცაღა, ზოგჯერ გაბუქებული ფაქტების კონსტატაციას ემყარება, ქრისტიანობის კი არა, ქრისტიანთა კრიტიკაა. საბოლოო ჯამში ადამიანები საკუთარ თავს აძაგებენ. შუა საუკუნეების კათოლიკობას მცდარი თეოკრატიული პრინციპი ჰქონდა, რომელიც ეკლესიის მოწყობას სახელმწიფოს მოწყობის მსგავსად, პაპებისთვის კი საერო ძალაუფლებას მიკუთვნებას გულისხმოდა. მაგრამ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ სისასტიკესა და შეუწყნარებლობაში კათოლიკური ეკლესია კი არა, ადამიანის ბარბაროსული ბუნებაა დამნაშავე. ეკლესია ამ ბარბაროსული, ანარქიისკენ მიდრეკილი მსოფლიოს ორგანიზებას, მისი სასტიკი ინსტინქტების შერბილებას, მასში ქრისტიანული სულის შთაბერვას ცდილობდა, მაგრამ დაცემული ადამიანური ბუნების მეტისმეტად დიდი წინააღმდეგობის გამო ეკლესია ამას მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებდა.
შუა საუკუნეების მსოფლიო ფორმალურად ქრისტიანულად ითვლებოდა, მაგრამ იგი ფაქტობრივად ნახევრად ქრისტიანული, ნახევრად წარმართული იყო.
ამაში ქრისტიანობა არ იყო დამნაშავე, მას მსოფლიოს ძალით გაქრისტიანება არ შეეძლო. თავად საეკლესიო იერარქია მეტწილად მანკიერებებით აღსავსე და ძალაუფლების მოყვარე იყო, ეკლესიის ცხოვრებაში ადამიანური ვნებები შეჰქონდა და არც თუ იშვიათად ქრისტეს ჭეშმარიტებას ამახინჯებდა.
მაგრამ ამაში ქრისტეს ჭეშმარიტება კი არ იყო დამნაშავე, არამედ, ისევ და ისევ, ქრისტიანები. ეკლესიის ღვთიური საფუძველი კვლავაც უცვლელი, შეურყვნელი და კაცთა განმნათლებელი იყო. ქრისტეს სახარებისეული ხმა კვლავაც ოდინდელი სიწმინდით ჟღერდა. ეკლესიის, ქრისტიანობის გარეშე შუა საუკუნეების ბარბაროსული და სასტიკი მსოფლიო სისხლში ჩაიხრჩობოდა, სულიერი კულტურა საბოლოოდ დაიღუპებოდა. ანტიკური, ბერძნულ-რომაული კულტურის უმაღლესი მიღწევები ხომ ეკლესიამ შემოინახა და გადასცა მომავალ საუკუნეებს.
შუა საუკუნეების ყველა მეცნიერი, ფილოსოფოსი და კულტურული ადამიანი ხომ ბერ-მონაზონი იყო. ქრისტიანობის გავლენით ჩამოყალიბდა რაინდის ტიპი, რომელშიც შერბილდა და გაკეთილშობილდა ბარბაროსობა და უხეშობა. თვით შუა საუკუნეების ადამიანის ბუნებითი ბარბაროსობაც კი ზოგჯერ თანამედროვე ცივილიზებული ადამიანის მექანიკურობაზე უკეთესი იყო.
ასეთია სიმართლე კათოლიკურ ეკლესიაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ეკლესიის ორგანიზაციასა და საღვთისმეტყველო სწავლებაში მართლმადიდებლური თვალსაზრისით შეცდომები იქნა დაშვებული. მართლმადიდებელ ეკლესიას კი ინკვიზიცია არ ჰქონია, რწმენისა და სინდისის საკითხებში ამგვარი ძალადობისთვის არ მიუმართავს. ფანატიზმი, ძალადობა ჩვენთან ძირითადად სახელმწიფო ხელისუფლებისგან მომდინარეობდა. მართლმადიდებელი ეკლესიის (მისი ადამიანური მხარის) ისტორიული ცოდვა სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ მეტისმეტ მორჩილებაში მდგომარეობდა.
ადამიანური ცოდვები და დამახინჯებანი იყო როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ამქვეყნად ქრისტიანობის ნაკლოვანებანი ღვთის კი არა, ყოველთვის ქრისტიანთა, ადამიანთა ნაკლია. თუ თქვენ არ ახორციელებთ და ამახინჯებთ ჭეშმარიტებას, ამაში დამნაშავე თქვენ ხართ და არა ჭეშმარიტება.
ადამიანები თავისთვის თავისუფლებას მოითხოვენ და არ სურთ სიკეთის კეთება აიძულონ, ხოლო იმ უზომო თავისუფლების შედეგებისთვის, რომელიც ღვთისგან აქვთ ბოძებული, ღმერთს სდებენ ბრალს. ვინაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანის ცხოვრება ბოროტებითაა აღსავსე? ქრისტიანობა და ქრისტეა დამნაშავე? ქრისტეს არასდროს უსწავლებია ის, რის გამოც აკრიტიკებენ, არ უყვართ და უარყოფენ ქრისტიანობას. ქრისტე რასაც ასწავლის, ადამიანები იმას რომ ახორციელებდნენ, მაშინ ქრისტიანულ სამყაროში აღარ იქნებოდა ყოველივე ის, რის გამოც ქრისტიანობას უჯანყდებიან.
უელსს სადღაც მოჰყავს დიალოგი ადამიანებსა და ღმერთს შორის. ადამიანები ღმერთთან ჩივიან, რომ ცხოვრება სავსეა ბოროტებით და ტანჯვით, ომებით და ძალადობით და ა.შ., რომ იგი აუტანელი ხდება. ღმერთი ადამიანებს პასუხობს: ”თუ თქვენ ეს არ მოგწონთ, ნურც გააკეთებთ ამას!” თავისი უბრალოებით გასაოცარი ეს საუბარი ფრიად ჭკუის სასწავლებელია.
ქრისტიანობა სამყაროში ბოროტების ძალების საშინელი წინააღმდეგობის პირობებში არსებობს, ის ბნელ სტიქიაში მოქმედებს. ქრისტიანობას არა მარტო ადამიანური, არამედ ზეადამიანური ბოროტებაც ეწინააღმდეგება. ქრისტეს და მისი ეკლესიის წინააღმდეგ ჯოჯოხეთის ძალები არიან აღმდგარნი. ეს ძალები ეკლესიის გასახრწნელად და ქრისტიანობის შესარყვნელად არა მარტო ეკლესიისა და ქრისტიანობის მიღმა, არამედ მის შიგნითაც მოქმედებენ. ”გატიალების სიბილწე წმინდა ადგილზეა დავანებული,” მაგრამ ამის გამო ეკლესია უწმინდური კი არა, არამედ კიდევ უფრო წმინდაა. ადამიანებს რომ სულიერი ხედვა ჰქონდეთ, მაშინ ალბათ დაინახავდნენ, რომ ქრისტიანობის შერყვნითა და ღალატით, ქრისტიანობის წყევლა-კრულვით იმ ცუდის გამო, რაშიც ქრისტიანობა დამნაშავე არაა, ისინი ჯვარს აცვამენ ქრისტეს. ქრისტე მუდმივად ღვრის სისხლს მსოფლიოს ცოდვებისთვის, მათი ცოდვებისთვის, ვინც მას უარყოფს და ჯვარს აცვამს.
ადამიანების და მითუმეტეს ადამიანთა შორის ყველაზე უარესების მიხედვით ჭეშმარიტებაზე მსჯელობა არ შეიძლება. ჭეშმარიტებას პირისპირ უნდა შეხედო და მისგან მომდინარე ნათელი იხილო. ადამიანური ანარეკლის მიხედვით ჭეშმარიტებაზე ცუდი კი არა, საუკეთესო ნიმუშებით უნდა ვიმსჯელოთ. ქრისტიანობაზე უნდა ვიმსჯელოთ მოციქულების და მარტვილების, მოსაგრეების და წმინდანების და არა ნახევრადქრისტიანთა და ნახევრადწარმართთა უზარმაზარი მასის მიხედვით, რომელიც ქრისტიანობის სახის დასამახინჯებლად ყველაფერს აკეთებს.
ქრისტიანულ კაცობრიობას ორი დიდი გამოცდა სდევდა თან – გამოცდა დევნით და გამოცდა გამარჯვებით. პირველს, გამოცდას დევნით, ქრისტიანებმა გაუძლეს და მოწამეთა და გმირთა სახეები შვეს. ქრისტიანებმა რომის იმპერიის მხრიდან დევნას ქრისტიანობის არსებობის დასაწყისში გაუძლეს და დღესდღეობითაც უძლებენ იმ რეპრესიებს, რომელსაც კომუნისტური რუსეთის ხელისუფლება მიმართავს. ბევრად უფრო ძნელი აღმოჩნდა გამარჯვებით გამოცდა.
როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ ჯვრის წინაშე ქედი მოიხარა და ქრისტიანობა გაბატონებული, სახელმწიფო რელიგია გახდა, მაშინ გამარჯვებით გამოცდის ვრცელი პერიოდი დაიწყო. ქრისტიანებმა ეს გამოცდა ნაკლები წარმატებით ჩააბარეს. ქრისტიანები არცთუ იშვიათად დევნილებიდან მდევნელებად იქცეოდნენ, ამქვეყნიური სამეფოთი და ამქვეყნიური ბატონობით ცდუნდებოდნენ. სწორედ მაშინ დაიწყეს ქრისტიანებმა ქრისტიანობის შერყვნა, რაშიც ქრისტიანობას ადანაშაულებენ. ქრისტიანობა არაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანებმა ამსოფლად მისი ტრიუმფით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლეს და ეს ზეიმი ქრისტიანობის სახის დამახინჯებად აქციეს. ქრისტე კიდევ ერთხელ იქნა ჯვარცმული მათ მიერ, ვინც დედამიწაზე მის მსახურებად მიიჩნევდნენ თავს და არ ესმოდათ, თუ რა სულისანი იყვნენ.

5

ქრისტიანობას ძალიან დაშორებული ჩვენი დროის ადამიანები ხშირად მიიჩნევენ, რომ ქრისტიანული ეკლესია სრულყოფილთაგან, წმინდანებისგან უნდა შედგებოდეს და ეკლესიას იმის გამო გმობენ, რომ მასში ამდენი ცოდვილი, არასრულყოფილი ადამიანი, ამდენი ცუდი ქრისტიანია. მაგრამ ეს ეკლესიის ბუნების ვერგაგება, მისი არსის დავიწყებაა.
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ცოდვილებისთვის, არასრულყოფილთათვის და დაღუპვის გზაზე მდგომთათვისაა. ეკლესია თავისი წარმოშობით ზეციური და საფუძვლით მარადიულია, მაგრამ მიწაზე და დროში მოქმედებს, იგი ღრუბლებში კი არა რჩება, ტანჯვისაგან დაკრუნჩხული, ცოდვილი სამყაროსგან დაშორებით, არამედ მას უნდა დაეხმაროს, მარადიული ცხოვრებისთვის იხსნას, ზეცამდე აამაღლოს.
ქრისტიანობის არსი დროისგან, მიწისგან, ადამიანურისგან დისტანცირებაში კი არა, მარადისობისა და დროის, ზეცისა და მიწის, ღვთიურისა და ადამიანურის შეერთებაშია. დროითი, ადამიანური კი არ უნდა უარყოს, არამედ განანათლოს და ფერი უცვალოს.
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეკლესიაში არსებობდა სექტანტური მოძრაობა – ეგრეთ წოდებული მონტანიზმი, რომლის მტკიცებით, ეკლესია მხოლოდ სრულყოფილთაგან, წმინდანთაგან შესდგება და ეკლესიიდან ცოდვილთა და არასრულყოფილთა განსხმას მოითხოვდა. ეკლესია, მონტანისტთა წარმოდგენით, სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭების მიმღებ ადამიანთა კრებული იყო. ამგვარად, ცოდვილი ქრისტიანული კაცობრიობის უმეტესი ნაწილი ეკლესიის მიღმა უნდა დარჩენილიყო. ჭეშმარიტმა ეკლესიურმა ცნობიერებამ დაგმო მონტანიზმი და ეკლესიის, როგორც ხსნის გზაზე მდგომ ცოდვილთა კრებულის გაგება დაამკვიდრა.
წმინდანები ეკლესიის ბურჯნი და საყრდენნი არიან, მაგრამ ეკლესია მხოლოდ მათგან არ შესდგება. მასვე მიეკუთვნება ცოდვათაგან თავდახსნის მსურველი, სრულყოფილების სხვადასხვა დონეზე მყოფი კაცობრიობა. მიწიერი ეკლესია ბოროტებასა და ცოდვასთან მებრძოლი ეკლესიაა. ქრისტეს თავად ჰქონდა ურთიერთობა მებაჟეებთან და ცოდვილებთან, რის გამოც მას ფარისევლები განიკითხავდნენ. ქრისტეს ეკლესია ქრისტეს უნდა ჰგავდეს. არ შეიძლება მას საქმე მხოლოდ წმინდანებთან და სრულყოფილებთან ჰქონდეს, იგი პირველ რიგში დაღუპვის გზაზე მდგომთათვის უნდა ზრუნავდეს. ქრისტიანობა რომ მხოლოდ სრულყოფილებს და წმინდანებს აღიარებდეს, ფარისევლური ქრისტიანობა იქნებოდა.
ყველა მათი ცოდვისა და არასრულყოფილების მიუხედავად, მოყვასის მიმართ თანალმობა, მიმტევებლობა, გულმოწყალება ქრისტიანული სიყვარულის, ქრისტიანული სრულყოფილების გამოხატულებაა. ეკლესიის გმობა იმ მიწიერი ჭუჭყისთვის, რაც მას ისტორიულ გზაზე მიეცხო, ფარისევლობაა. არა მგონია, რომ მგმობელნი თავად იყვნენ ძალიან სუფთანი და სრულყოფილნი!
მონტანიზმი ქრისტიანობაში ყალბი მაქსიმალიზმის ნიმუშია. ამგვარი მაქსიმალიზმი თავის არაქრისტიანულ ბუნებას ამხელს, იგი სიყვარულის ნაკლებობა და სულიერი სიამაყეა, ყალბი მორალიზმია. მაქსიმალიზმის სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მაქსიმალურ მოთხოვნებს საკუთარ თავს კი არა, სხვებს უყენებთ. თქვენ სხვა ადამიანებს იმის გამო კიცხავთ რომ ისინი მაქსიმალურად წმინდანი და სრულყოფილნი არ არიან, თავად კი ამ მაქსიმალური სიწმინდის და სრულყოფილების განხორციელებას ფიქრადაც არ ივლებთ. ისინი, ვინც მაქსიმალურ სიწმინდეს და სრულყოფილებას რეალურად მიაღწია, როგორც წესი სხვებს არ განიკითხავენ.
წმინდანები სხვათა მიმართ ძალიან მიმტევებელნი არიან. მაქსიმალური მოთხოვნები პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა წაუყენო და არა სხვებს. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, რომელიც საკუთარი თავისადმი მაქსიმალურ სიმკაცრეს და მომთხოვნელობას, მოყვასის მიმართ რბილ, მიმტევებლურ, გულმოწყალე დამოკიდებულებასთან ათავსებს. ხოლო მათ, ვინც ქრისტიანობას ქრისტიანთა ცოდვების გამო გმობს, ქრისტიანობის უმაღლესი მოთხოვნების განხორციელება თავად სულაც არ სურთ და ამის გაკეთებას არც ცდილობენ. ეს განკითხვები თანამედროვე ადამიანებისთვის საკუთარი ღალატის გამართლებას წარმოადგენს. ისინი ცრუ მორალიზმით ინიღბებიან.
ამ თვალსაზრისით ქრისტიანობა მკვეთრად განსხვავდება ტოლსტოელობისგან, რომელიც განყენებულ მორალიზმს წარმოადგენს.
ლევ ტოლსტოი რადიკალურად და მკაცრად აკრიტიკებს ეგრეთ წოდებულ ისტორიულ ქრისტიანობას და ხშირად მისი კრიტიკა ფაქტობრივად სამართლიანია. ტოლსტოი ამბობს, რომ ქრისტიანობა სწამდათ როგორც განყენებული მოძღვრება და ცხოვრებაში არ ახორციელებდნენ, ქრისტეს მცნებებს არ ასრულებდნენ. ქრისტიანობა პირადად მისთვის ქრისტეს მცნებებით, მისი ზნეობრივი სწავლებით ამოიწურებოდა, ქრისტიანობის იდუმალი, მისტიური მხარე კი მისთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო. იგი ფიქრობდა, რომ ყველაფერი ჭეშმარიტების გაცნობიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო გაცნობიერებულის განხორციელება ადვილია. თუ ცხოვრების ჭეშმარიტ კანონს ანუ ღვთის კანონს გავაცნობიერებთ, უკვე ამის გამო მისი განხორციელება ადვილდება. ტოლსტოი ადამიანის თავისუფლებას არ სცნობდა და ვერ გრძნობდა მისი ბუნების სიღრმეში ჩაბუდებულ ბოროტებას. მისთვის ბოროტება ყოველთვის ყალბი ცნობიერების, ცხოვრების მცდარი გაგების შედეგი იყო.
ბოროტების წყაროს იგი ცნობიერებაში ხედავდა და არა ნებასა და თავისუფლებაში, ამიტომ მას ბოროტების დასამარცხებლად ღვთის დახმარება, მადლი არ სჭირდებოდა, მისთვის ცნობიერების შეცვლა საკმარისი იყო.
ტოლსტოისთვის იესო ქრისტე მხსნელი და მაცხოვარი კი არა, ცხოვრების დიდი მასწავლებელი, ცხოვრებისეული წესების, ზნეობის მცნებათა მქადაგებელი იყო. ტოლსტოის ქრისტიანობის ცხოვრებაში განხორციელება ადვილი ეჩვენებოდა, მისი აზრით, სიძულვილის კანონებით ცხოვრებაზე ადვილი სიყვარულის კანონებით ცხოვრებაა, რადგან ეს მარტივი, სასარგებლო და ჭკვიანურია. მისი თქმით, ქრისტე ჭკვიანურ ცხოვრებას ქადაგებდა. ქრისტეს მცნებები რომ არ სრულდებოდა და ქრისტიანობა ვერ განხორციელდა, ამაში დამნაშავე მცდარი საღვთისმეტყველო სწავლება იყო, რომელმაც მთელი ყურადღება თავად ქრისტეზე მიმართა და მთელი იმედი მისი სისხლით მომხდარ გამოსყიდვაზე, საღვთო მადლზე დაამყარა. ტოლსტოი უხეშად ესხმის თავს ეკლესიურ ქრისტიანობას. იგი მართალია, როდესაც ქრისტიანობის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას, ქრისტეს მცნებათა ცხოვრებაში განხორციელებას მოითხოვს, მაგრამ სასტიკად ცდება, როცა ფიქრობს, რომ ამის კეთება ადვილია და ამისათვის სწორი ცნობიერება საკმარისია, რომ ეს ქრისტეს, სულიწმინდის მადლის გარეშე შესაძლებელია.
ტოლსტოი ღვთის მცნებათა შესრულებაში ადამიანებისგან ადვილად ითხოვს მაქსიმუმს და ცრუ მორალურ მაქსიმალიზმში ვარდება. საკუთარი მოძღვრების ცხოვრებაში განხორციელება მისთვის არც თუ ადვილი იყო, ეს მან სიკვდილამდე ვერ შესძლო და მხოლოდ გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წავიდა ოჯახიდან და სულ რამდენიმე დღით იქცა ყარიბად.
ლევ ტოლსტოის მოძღვრება და მისი ცხოვრებისეული გზა ჩვენი თემისათვის ბევრის მომცემია. ტოლსტოი მთლიანად გმობდა მანამდე არსებულ ქრისტიანობას და მხოლოდ საკუთარ ქრისტიანობას მიიჩნევდა ჭეშმარიტად.
იგი ადამიანების უმეტესობას უზნეობის, ფიზიკური შრომის უგულვებელყოფის, საკუთრებაზე მიჯაჭვულობის, ხორცის ჭამისა და თამბაქოს მოწევისთვის კიცხავდა, მაგრამ თავად საკუთარ ცხოვრებაში ამ ზნეობრივი მაქსიმალიზმის განსახორციელებლად უძლური იყო. მისთვის სიყვარული მადლდაკარგულ კანონად და განკითხვის მიზეზად იქცა. ტოლსტოის დიდი კრიტიკული სიმართლე ჰქონდა, მან ბევრი სიმართლე თქვა ქრისტიანული მსოფლიოს, ქრისტიანთა ცოდვების შესახებ.
იგი სამართლიანად ამხელდა საზოგადოებისა და კულტურის არაქრისტიანულ ხასიათს, მაგრამ თავად მან ქრისტიანების, მათი ცოდვების, ნაკლოვანებების და სიმახინჯეების მიღმა ქრისტიანობა ვეღარ დაინახა. შინაგან ქრისტიანად ქცევასა და საკუთარ სულში ქრისტეს მიღებაში მას ხელი გონებრივმა სიამაყემ შეუშალა. მისთვის ქრისტე მხოლოდ ცხოვრების გარეგან მასწავლებლად დარჩა. ლევ ტოლსტოი გენიალური და ღვთის სიმართლის მაძიებელი ადამიანი იყო. მაგრამ მრავალი ადამიანი, რომელთაც არც ტოლსტოისეული გენიალობა და არც ღვთის სიმართლის მისეული წყურვილი არ აქვთ, ქრისტიანებთან ერთად ქრისტიანობასაც ისე გმობენ, რომ ცხოვრების საზრისზე თავად არც დაფიქრებულან და სრულყოფილების განხორციელება არასდროს უცდიათ.

6

მცდარი აზრია, თითქოს ქრისტეს მცნებათა განხორციელება ადვილი იყოს და ქრისტიანობა იმიტომ არაა ჭეშმარიტი რელიგია, რომ ქრისტიანები თავისი რწმენის მცნებებს ცუდად ახორციელებენ. კიდევ უფრო მცდარია ის აზრი, თითქოს ქრისტიანობის მთელი სისრულით განხორციელებას არც უნდა ვცდილობდეთ და ზეციური მამის მსგავსი სრულყოფილებისკენ სწრაფვა საჭირო არაა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ასეთი სრულყოფილების რეალიზების საშუალებას არ მოგვცემს.
ზეციერი მამის მსგავს სრულყოფილებას, ღვთის სასუფეველს ქრისტიანი ყოველწამიერად უნდა ელტვოდეს. ქრისტიანი მთელი ცხოვრება ამას უნდა ესწრაფვოდეს. ”ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ”. არ შეიძლება სრულქმნისკენ, ღვთის სიმართლისკენ, ღვთის სასუფევლისკენ ლტოლვის პარალიზება იმ მოტივით, რომ ადამიანი ცოდვილია და ამქვეყნად სრულყოფის მიღწევა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, ღვთის სიმართლის ცხოვრებაში მთელი სისრულით განხორციელება შესაძლებელია თუ არა, ადამიანი მას მაინც უნდა ახორციელებდეს. დაე, მხოლოდ მცირედნი ახორციელებდნენ ქრისტეს სიმართლეს, თუნდაც ზოგიერთი ამას თავის ცხოვრების მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში აკეთებდეს, ამის გამო მისკენ სწრაფვა მაინც არ უნდა შენელდეს. თუ თვით ქრისტიანობის უარყოფაში გარდამავალი მუდმივი ყვედრება ადამიანებისთვის იმისა, რომ ისინი ქრისტიანობას ცხოვრებაში არ ახორციელებენ, თვალთმაქცობაა, ქრისტეს სიმართლის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სულ ერთია, იგი მაინც განუხორციელებელია, არანაკლები თვალთმაქცობაა.
ქრისტეს სიმართლის განსახორციელებელი ძალისხმევა და ღვთის სასუფევლის ძიება, სხვა ადამიანების, მოყვასის განკითხვის გარეშე უნდა ხდებოდეს, – ესაა ჭეშმარიტი გზა. ქრისტიანობა სრულიად ახალ ეპოქაში შევიდა, როცა ნელთბილი რწმენა და რიტუალური ღვთისმოსაობით შემოფარგვლა უკვე შეუძლებელი იქნება, როცა ქრისტიანები საკუთარი ქრისტიანობის ცხოვრებაში მთელი სისრულით განხორციელებას უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ქრისტეს მცნებების ერთგულებით, თავისი პიროვნების, სიცოცხლის ფასად საკუთარი რწმენის დაცვა და ამქვეყნიური ბოროტებისთვის სიყვარულის დაპირისპირება მოუწევთ.
ამჟამად ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში საუკეთესო, ყველაზე წრფელი, მგზნებარე, მსხვერპლგაღებისთვის მზადმყოფი, ქრისტეს ერთგული ადამიანების შემოკრება და იმათგან განწმენდა მიმდინარეობს ვინც გარეგანი, ყოფითი მართლმადიდებლები იყვნენ და საკუთარი რწმენის არსი, მისი მოთხოვნები არ ესმოდათ. შეიძლება ითქვას, რომ მთავრდება ქრისტიანობის წარმართობასთან აღრევის დრო და უფრო წმინდა ქრისტიანობის ჟამი დგება.
ქრისტიანობა გაბატონებულ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ძალზე დაამახინჯა. ეკლესია ცდუნდებოდა კეისრის მახვილით, რომელსაც გაბატონებულისგან განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებზე ძალადობითვის მიმართავდა. ამიტომაც მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ქრისტიანობა დევნილთა რელიგიიდან მდევნელთა რელიგიად იქცა.
მეტისმეტად ბევრის მიერ ხდებოდა ქრისტიანობის მიღება ნამდვილი განწმენდისა და ფერისცვალების გარეშე, წარმართული ყოფის საკურთხებლად. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ისევ იწყება ქრისტიანობის დევნილება და ქრისტიანებს საკუთარი რწმენის დასაცავად მეტი გმირობა, მსხვერპლგაღება, სიმტკიცე და შეგნება მოეთხოვებათ. დგება დრო, როდესაც ქრისტიანობისკენ მიმავალ გზაზე ქრისტიანები აღარავის დააბრკოლებენ.

7

ქრისტიანული რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასუფევლის და ღვთიური სრულყოფილების ძიებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ მისთვის უცხოა მეოცნებეობა და უტოპიზმი, ყალბი მაქსიმალიზმი. ქრისტიანობა რეალისტურია. წმინდა მამები ყოველთვის სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებდნენ. ქრისტიანული ცნობიერება სრულყოფის გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას ხედავს, მან იცის, რომ ”სასუფეველი ღვთისა იიძულების.” ქრისტიანობა მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის ვისწრაფოდეთ შინაგანიდან გარეგანისკენ და არა გარეგანიდან შინაგანისკენ.
სრულყოფილი პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრების გარეგანი, ძალადობრივი მეთოდებით მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა შინაგანი სულიერი ფერისცვალება. შინაგანი სულიერი ფერისცვალება აუცილებლობით და იძულებით ვერასდროს მიიღწევა, იგი თავისუფლებისა და მადლის ნაყოფია. სრულყოფილი ქრისტიანების და სრულყოფილი ქრისტიანული საზოგადოების იძულებითი მეთოდებით შექმნა შეუძლებელია. აუცილებელია ადამიანთა და ერთა სულების ნამდვილი, რეალური ცვლილება. ადამიანების მიერ ქრისტიანობის აღსარება და ქრისტიანებად სახელდება მათ მიერ სრულყოფილების მიღწევას სულაც არ ნიშნავს. ქრისტიანული სრულყოფილების ცხოვრებაში განხორციელება უსასრულო და ურთულესი ამოცანაა.
ქრისტიანული სრულყოფილების მწვერვალს მხოლოდ ცოტა მოსაგრე აღწევდა.
ქრისტიანთა არასრულყოფილების და ცუდი თვისებების მომიზეზებით ქრისტიანობის უარყოფა პირველქმნილი ცოდვის არსის არცოდნა და ვერგაგებაა.
მათთვის, ვინც პირველქმნილი ცოდვა გააცნობიერა, ქრისტიანთა უღირსება კი არ უარყოფს, არამედ ადასტურებს ქრისტიანობის ღირსებას. ქრისტიანობა ცოდვისგან გამოსყიდვისა და ხსნის რელიგიაა, იგი ბოროტებაში ჩაფლული სამყაროსა და ადამიანის დაცემული ბუნების შესახებ ჭეშმარიტებას გვამცნობს. ზოგიერთი მოძღვრება მიიჩნევს, რომ სრულყოფილი ცხოვრების მიღწევა ბოროტებაზე რეალური, ქმედითი გამარჯვების გარეშეც შესაძლებელია. ქრისტიანობა ასე არ ფიქრობს. ქრისტიანობა ბოროტებაზე რეალურ, სულიერ გამარჯვებას მოითხოვს.
იგი სხვებზე უფრო რადიკალური და მეტის მომთხოვნია.
ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ძალიან ბევრმა ვინმემ და რამემ მოირგო ქრისტიანობის ნიღაბი, მაგრამ რეალურად მასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. არაფერია სიყალბეზე, თვალთმაქცობასა და ფარისევლობაზე უფრო ამაზრზენი. სწორედ ეს იწვევდა პროტესტებს და ამბოხებებს. სახელმწიფო ქრისტიანულად იწოდებოდა, თავს ქრისტიანული სიმბოლოებით და ნიშნებით იწონებდა, მაგრამ რეალურად ქრისტიანული არ იყო. იგივე შეიძლება ითქვას ქრისტიანთა ყოფაზე, ქრისტიანულ მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, ქრისტიანულ ეკონომიკასა და სამართალზე, მთლიანად ქრისტიანულ კულტურაზე. ყველაფერი ქრისტიანულად იწოდებოდა, მაგრამ სახელწოდება შინაარსს არ შეესაბამებოდა.
სოციალურ ცხოვრებაში ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას და მდიდართა და ამაქვეყნის ძლიერთა დაცვასაც კი ქრისტიანობის სახელით ამართლებდნენ. ქრისტიანულ სამყაროში მცხოვრები ძველი წარმართი ადამიანი, რომელშიც ცოდვიანი ვნებები ბობოქრობდნენ, ცხოვრების ქრისტიანული აღმშენებლობისკენ იქნა მოწოდებული. ეკლესია მასზე შინაგანად ზემოქმედებდა, მაგრამ მისი ცოდვილი ბუნების ძალისმიერი გზით შეცვლა არ შეეძლო. ეს იდუმალი, შინაგანი და ძნელად დასაკვირვებელი პროცესია. ღვთის სასუფეველი შეუმჩნევლად მოდის. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი სიყალბე, ფარისევლობა, პირობითობა და რიტორიკა დაგროვდა. ყოველივე ამის წინააღმდეგ ჯანყი ბუნებრივი იყო.
არცთუ იშვიათად ქრისტიანობის წინააღმდეგ ამბოხება ყოველივე გარეგანის შინაგანისთვის დამსგავსების წრფელი სურვილიდან მომდინარეობდა. თუ შინაგანად არ ხართ ქრისტიანი, მაშინ გარეგანი დემონსტრირება უსარგებლოა. თუ სახელმწიფო, საზოგადოება, კულტურა შინაგანად ქრისტიანული არაა, მაშინ მისი ქრისტიანულად სახელდება სიყალბე და ფარისევლობაა.
ამ პროტესტს თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა – სიყალბის მიუღებლობა და სიმართლის სიყვარული. მაგრამ სიმართლესა და გულწრფელობასთან ერთად, სიყალბის და ფარისევლობის წინააღმდეგ პროტესტის გვერდით ახალი სიყალბე და ფარისევლობა გაჩნდა. არსებული საზოგადოების ცრუ ქრისტიანობის საფუძველზე იმის მტკიცება იწყეს, რომ თავად ქრისტიანობა წარმოადგენს სიცრუეს და ადამიანთა ბოროტება ქრისტიანობას მიაწერეს. ამასთან ერთად საკუთარი თავი ზნეობის უფრო მაღალ, სრულყოფილ საფეხურზე მდგომად და ჭეშმარიტი მსოფლმხედველობის მპყრობლად ჩათვალეს.
ქრისტიანული ფარისევლობის მაგივრად ანტიქრისტიანული ფარისევლობა ყალიბდება. ქრისტიანობის მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ თვითონ ქრისტიანებზე უკეთესნი, უფრო განათლებულნი არიან და უკეთესად იციან ჭეშმარიტება. სინამდვილეში ისინი ამასოფლით მოხიბლული ადამიანები არიან, რომელთაც თვითონ უარყვეს ჭეშმარიტება. ისინი ქრისტიანებზე უარესნი იმიტომ არიან, რომ ცოდვის განცდა დაკარგეს. ნიცშე ქრისტიანობას დაუცხრომლად იმიტომ მტრობდა, რომ მხოლოდ გადაგვარებულ, გარეგან ქრისტიანებს ხედავდა, თვით ქრისტიანობა კი ვერ დაინახა და ვერ გაიგო.
ქრისტიანული სამყარო კრიზისს განიცდის, რომელიც თვით მის საფუძვლებს არყევს. გარეგანი, ფარისევლური, ცრუ რიტორიკული ქრისტიანობის არსებობა უკვე შეუძლებელი ხდება, მან თავისი დრო მოჭამა.
ცხოვრების წარმართული სიყალბისა და რიტუალური ღვთისმოსაობის ნაზავი ვეღარ იარსებებს. დგება ჭეშმარიტი რეალიზმის ერა, როცა ცხოვრების პირველადი რეალობები აშკარავდება და ყოველგვარი გარეგანი საბურველი იხსნება, როდესაც ადამიანის სული უშუალოდ დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს პირისპირ. გარეგანი ყოფის პირობითობები, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმები, პირობითი გარეგანი მორალი, განყენებული იდეოლოგიური თეორიები უკვე კარგავენ თავის ოდინდელ მნიშვნელობას. ადამიანის სულს თავად ცხოვრების სიღრმეებში შეღწევა, ყველაზე არსებითისა და აუცილებლის ცოდნა სურს, ჭეშმარიტებით და სიმართლით ცხოვრება სწყურია.
გადატანილი რყევების შედეგად ჩვენს დროში იშვებიან სულები, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, შეულამაზებელი და შეურყვნელი სიმართლე სურთ. ადამიანი დაღალა სიყალბემ, პირობითობებმა, გარეგანმა ნიშნებმა და ფორმებმა, რომლებიც ჭეშმარიტ რეალობას ჩაენაცვლნენ. ადამიანის სულს ქრისტიანობის ხილვა მასში ქრისტიანების მიერ შეტანილი სიყალბის გარეშე სურს, მას თავად ქრისტესთან ზიარება სწყურია.
ქრისტიანთა გამო ქრისტე დაივიწყეს, მას ვეღარ ჭვრეტენ. ქრისტიანული აღორძინება უნდა იყოს მობრუნება ქრისტესკენ, მისი ჭეშმარიტებისკენ, რომელიც ადამიანურ დამახინჯებათაგან და დროის სულისგან თავისუფალი იქნება. პირველქმნილი ცოდვის დაუძლევლობის ცოდნამ ადამიანში ქრისტეს საქმისათვის მისი პასუხისმგებლობის გრძნობა არ უნდა მოადუნოს და ამ მსახურებისკენ მისამართი ენერგიის პარალიზება არ უნდა გამოიწვიოს. ქრისტიანობის, ქრისტეს სიმართლისა და მისი მცნებების რეალური განხორციელება ადამიანებს ხანდახან დაუძლეველ, უიმედო ამოცანად ესახებათ. ქრისტიანობა ხომ თვითონ გვასწავლის, რომ ცხოვრებაში მისი განხორციელება მხოლოდ ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია. ადამიანისთვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია. ქრისტეს მორწმუნემ იცის, რომ ის ეული არ არის, რომ თავად ქრისტეა მასთან და ცხოვრებაში ქრისტეს სიმართლე მან თვით ქრისტესთან, თავის მაცხოვართან ერთად უნდა განახორციელოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий