ბროდსკაია ირინა.
შეუძლებელი მინდა ...
მთარგმნელი გოგიაშვილი ლადო
(დღიურებიდან)
მაისი, 1976 წელი
... ეკლესიაში შევდივარ, ხელში საკურთხით სავსე ჩანთები მიჭირავს. მსახურება ეს-ესაა დამთავრდა. სანთლები თითქმის ჩამწვარია, შუაში დგას მაგიდა, რომელზეც აწყვია პური, შაქარი, კოლიო. მიცვალებულთა მოსახსენიებელი შაბათია. თვალებით ვეძებ მას, ვინც ხელს არ მკრავს, მიიღებს და ილოცებს ... იქნებ ეს, რამოდენიმე თავშალში გახვეული, მოკუნტული დედაბერი სქელმინებიანი სათვალით? ვუახლოვდები, პურის ბატონს ვუწვდი და ჩუმად ვლუღლუღებ: “მოიხსენიეთ მამაჩემი, ისააკი ...” მართმევს ბატონს, ჩქარ-ჩქარა იწერს პირჯვარს და სიტყვის უთქმელად გასასვლელისაკენ მიცუხცუხებს.
ვერ გაიგო? ახლა სხვას ვირჩევ: მოხუც ქალს, დაღლილი, დაჭმუჭნული სახით. შედედებული რძის ქილას ვუწვდი და ვჩურჩულებ: “მოიხსენეთ...”_ თან საკუთარი თავი მეზიზღება ამ აკანკალებული პანიკური ჩურჩულის გამო.
“ვინ მოვიხსენოთ?” _ მეკითხება.
“ისააკი ...”
“ებრაელია?!”
“დიახ...”
“ღმერთო, შენ გვიშველე და შეგვინდე” _ ელდანაცემი პირჯვარს იწერს, ბლუკუნებს ბრაზისაგან და მამუნათებს ჩადენილი ღვთისგმობისათვის. მე შუა ტაძარში ხელგაწვდილი ვქვავდები. ხელში შედედებულ რძიანი ქილით. ჩანთაში ვეძებ მაკარონს, თევზის კონსერვებს, ფორთოხალს. ეს ყველაფერი უნდა დავარიგო, რათა მამაჩემის სულისათვის ილოცონ.
დედამ თქვა: “ეგებ არ იკითხონ _ ებრაელია თუ არა”. საკურთხეველში მამაჩემის სახელზე მოსახსენებელი ფურცლის შეგზავნა არ შეიძლება. მისი სულისათვის შეგვიძლია ვილოცოთ სახლში ან ტაძარში, მხოლოდ ისიც ჩუმად. საკურთხეველში კი არ შეიძლება მისი სულისათვის ლოცვა. ის მოუნათლავი იყო.
კიდევ ერთხელ ვცდი. აი მოხუცი კაცი. მოციქულის სახე აქვს.
მას ყველა უყვარს. მისთვის არ არიან არც ელინები და არც იუდეველები. მე ფორთოხალს მივცემ, ალბათ არასდროს უჭამია. ”მოიხსენეთ, თუ შეიძლება მამაჩემი ისააკი ... ის ძალზე კარგი ადამიანი იყო... ის საზღვაო ოფიცერი იყო ...” მოხუცი წუთით მიცქერს, შემდეგ ჩემს ხელს გვერდით წევს და მეუბნება: “არ ვილოცებ”. “მოციქულს” სახე ებინდება, თვალებში კი იმდენი რამ მოუჩანს, რომ ახლა მე ვბარბაცებ ...
ვიდრე ტაძრიდან გამოვალ, მივდივარ “ჩემს” _ ვლადიმირის ღვთისმშობელის _ ხატთან. მუხლებზე ვეცემი და დიდ ხანს მუდარით შევცქერი ... და, როგორც ყოველთვის, მეჩვენება, რომ მას ყველაფერი ესმის. მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, მამაჩემის შესახებაც. იგი თვითონ ლოცულობს მისთვის. მე მჯერა მისი ლოცვის ძალმოსილებისა უზენაესის საყდართან. მე ვტირი ...
წყენის გამო კი არა, ბრაზის გამო კი არა, _ იმ სიხარულის გამო, რომ ის არსებობს. ღვთისმშობლის მუქი შინდისფერი, ებრაული თვალები, რომლებშიც თავმოყრილია სამყაროს მთელი სევდა, იმას ასხივოსნებენ, რასაც სახელი არ მოეპვოვება დედამიწის მცხოვრებთა ენაზე. არც ერთ სხვა ხატზე არ არის ასეთი თვალები. ეს თვალები აცხრობს ჩემს ამპარტავნებას, ქეჯნის ჩემს სინდისს, აჯანსაღებს ჩემს ავ ზნეს. მე მათ ყოველთვის ზურგს ვაქცევ, როცა ჩემს სულში ჯოჯოხეთი ტრიალებს ... ახლა სიმშვიდეს შევთხოვ და ვღებულობ კიდეც.
... ეკლესიიდან გამოვდივარ და მთელ ხორაგს მთვრალ დედაკცებს, რომლებითაც სავსეა ეკლესიის ეზო, ვურიგებ.
აპრილი, 1990 წელი.
ან რაღაც მწვალებლობაში ვარდები, ან მომაკვდინებელ ცოდვაში.
მტანჯველი აზრები მაწუხებს. რატომ არ შეუძლია დასავლელ მქადაგებელს რუსეთში იქადაგოს ღვთის სიტყვია? რა სხვაობაა, დასავლეთიდანაა თუ აღმოსავლეთიდან ეს ჭკვიანი, განათლებული კათოლიკე, რომელიც ერთადერთზე _ იესო ქრისტეზე _ საუბრობს. განა შეიძლება საღვთო ჭეშმარიტების ძიების იზოლირება, სივრცეში ჩაკეტვა, თუნდაც ეს სივრცე სამშობლო იყოს? განა მოციქულები რა, მხოლოდ საკუთარ სამშობლოში ქადაგებდნენ? “ჭეშმარიტება სამშობლოზე აღმატებულია” (ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი).
... აღარ მესმის მღვდლების გაუგებარი ქადაგება, რომლებიც ძირითადად გვაუწყებენ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულობასა და მის ურიცხვ მტრებზე.
სიტყვა “ეკუმენიზმი” _ სალანძღავია “ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის”, ჩემთვის კი კონტაქტს და შემწყნარებლობას ნიშნავს.
ამას წინათ საქვეყნოდ განვაცხადე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ინფიცირებულია ანტისემიტიზმით, და სხვებზე წინ თვითონ შემზარა საკუთარმა ნათქვამმა... საულიერო ლიტერატურა, რომელიც ჩემს ხელთ ხვდება, არის ნაციონალისტური, პრიმიტიული და არა თუ ვერ პასუხობს შეკითხვებს, არამედ პირიქით, აღვივებს არამართლმადიდებლობას.
რუსი ფილოსოფოსების ნაშრომებს თითქმის არ ვიცნობ, მათ შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. ბოლო დრომდე ისინი თითქოს არც კი არსებობდნენ რუსეთისათვის. შემთხვევით შევიძინე ანტონ სუროჟელის წიგნი “საუბრები სარწმუნოებასა და ეკლესიაზე” და შეუჩერებლივ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. კიევში, რეპინის ქუჩაზე მდებარე რელიგიური ლიტერატურის მაღაზიაში კითხვაზე: ”მამა ალექსანდრე მენის რაიმე ხო მარ გაქვთ?”_ ძველი რუსი მთავრების მსგავსმა სამმა წვეროსანმა ახალგაზრდამ ბრაზნარევი, უხეში ტონით მიპასუხა: “ასეთი არ გვაქვს”.
მამა ალექსანდრე მენი მსახურობდა მოსკოვთან ახლოს, ნოვაია დერევნიაში. მე ორი წლის _ 1986-დან 1988-მდე, მანძილზე მიწევდა სადგურ პუშკინოს გავლით ზაგორსკში სიარული, სადაც ჩემი ვაჟი, მოსკოველი სტუდენტი, სამხედრო სამსახურს გადიოდა. და ალბათ, იმ კვირა დრეებში მატარებლის ვაგონებში ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩამოდიოდა სადგურ პუშკინოში, რათა შეხვედროდა და მოესმინა მამა ალექსანრესათვის. მე კი გვერდზე ჩავუვლიდი ...
გვერდზე ჩავუვლიდი იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს ცხოვრებაში. ღმერთმა არ ინება ...
ივნისი, 1994 წელი
“შენ ხელს უწვდი ცოდვილებს და შენი მარჯვენა გაწვდილია მონანულთა შესახვედრად ...” _ ლოცვა იომ-კიპურის (გამოხსნის დღე) დღესასწაულზე.
_ მითხარით, მამა ვლადიმირ, შემიძლია სინაგოგაში შესვლა? თუნდაც მოსახსენებელი ლოცვის დღეს?
_ შეგიძლია... ღვთისმსახურების დროს დავითის ფსალმუნი იკითხე. ასე ლოცულობდა ქრისტე. მხოლოდ...
არავის უთხრათ, რომ მე გაკურთხეთ იქ მისასვლელად.
მამა ვლადიმირი ჩეხოვს ჰგავს. ის დიდხანს და ყურადღებით მიყურებს, მისი თვალები ოვალური მინების მიღმა ღიმილს გამოხატავენ, მაგრამ ხმა მკაცრი აქვს:
_ მართლმადიდებლობა არ დაივიწყოთ!
ჩვენ მის პატარა ოთახში ვსხედვართ, სადც ბევრი ხატები და წიგნები აწყვია. გერმანიიდან უკრაინაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი მასთან შეხვედრა იყო.
ვუყვები კიევო-პეჩორის ლავრაში ჩემი აღსარების შესახებ. როგორ მმოძღვრავდა ახალგაზრდა მღვდელი, დაუყოვნებლივ გავყროდი ქმარს, თუ კი ~ეგ ებრაელი არ მოინათლება და თქვენ ჯვარს არ დაიწერთ~.
_ ეს თქვენთვის გამორიცხულია ? _ მეკითხება მამა ვლადიმირი.
_ დიახ... ეს გამორიცხულია... იგი ამას არ გააკეთებს...
_ მაშინ იცხოვრეთ სიყვარულში, ილოცე მისთვის და ღმერთი არ მიგატოვებთ.
დავდივარ კიევის მონასტრებში. ყველა მონასტერი ერთმანეთისგან განსხვავებულია. თითოეულ მათგანში განსხვავებულად სუნთქავ და ლოცულობ. როგორ არ გვანან ეს ნახევრად მშიერი, დაღვრემილი, მდუმარე, თავიანთ ვიწრო კელიებში მცხოვრები მართლმადიდებელი მონაზვნები მომღიმარ კათოლიკე მონაზვნებს, ასე მოხდენილად რომ დააქროლებენ ველოსიპედებს. თითოეულ მათგაზე აღბეჭდილია საკუთარი ქვეყნისა და სავანის კვალი, თითოეულ მათგანს საკუთარი მოღვაწეობა აქვს, საკუთარი შეხება მონაზვნობის დიდ საიდუმლოსთან.
... არ არის მართალი, თითქოს მე შევიცვალე და თანდათან ვღალატობ მართლმადიდებლობას.
მე ვეცნობი დასავლურ ეკლესიას და ეს გაცნობა ამაღელვებელია. მაგრამ, როგორც განაჩენი, ისე ისმის ნეტარი თეოდოსი პეჩორელის სიტყვები: ~არ ეგების სხვისი რწმენის ქება. სხვისი რწმენის მაქებარი საკუთარს აძაგებს~. მაგრამ, რატომ არ უნდა შევაქოთ, თუ კი შესაქებია? შუა საუკუნეები, XI საუკუნის ჩათვლით, როცა ნეტარი თეოდოსი ამის შესახებ სწერდა მთავარ იზიასლავს _ ეს არის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსახური პერიოდი, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაშიც არა რის ყველა ფურცელი ვარდისფერი ...
მე მიყვარს რუსული ეკლესია, მართლმადიდებლური სულის ის საგანძური, რომელიც უძველესი დროიდან სავსე იყო ღმერთის შეცნობის საიდუმლოებებით, ყველაფერი ის სუფთა, გულითადი, ჰარმონიული, ზოგჯერ ამოუხსნელიც, სასიხარულო და ასკეტურიც ერთდროულად, ყველაფერი, რაც სერგი რადონეჟელისა და სერაფიმე საროველისაგან არის, და ყველაფერი ის, რამაც აიძულა ვლადიმირ სოლოვიოვი, რომელიც დიდად განიცდიდა ქრისტიანული სამყაროს გაყოფას, დასავლეთიდან დაბრუნებულიყო ~კიდევ უფრო მართლმაიდებელი, ვიდრე მანამდე~.
ნიშნავს კი ეს ყოველივე, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი და ღმერთისათვის სასურველი, და რომ მის გარეშე სიყვარული არ არის და არც შეიძლება იყოს? სად არის ეს სიყვარული? ამბიონიდან ისმის ღია მტრობა ყველაფერი იმისადმი, რაც არა რის მართლმადიდებლური, და ყველგან მტრებს ეძებენ და ყველგან ანტიქრისტე ეჩვენებათ _ მასონებში, ებრაელებში, რუსი რელიგიური ფილოსოფოსების ნაწარმოებებში, საკრედიტო ბარათებში, რაც სახვა არაფერია, თუ არა ~ანტიქრისტეს ბეჭედი~. მის წინაშე შიში ჩრდილავს ქრისტესადმი სიყვარულსა და იმედს ...
მაინც რა არ ყოფნის ~განსაკუთრებულ მართლმადიდებლობას~? იქნებ შინაგანი თავისუფლება, სულიერი ენერგია და რუსი რელიგიური მოაზროვნეების დიდი ინტელექტი, დასავლური ცივილიზება? არ ყოფნის პატივისცემა და მოთმინება უცხოსადმი, მისგან განსხვავებულისადმი, რომ აღარაფერი ვთქვათ სიყვარულზე, სწორედ იმ სიყვარულზე, რომელსაც ეფუძნება ღმერთთან ჰარმონია.
სექტემბერი, 1994 წელი
იერუსალიმი. გოდების კედელი. ყველასთან ერთად მეც ვლოცულობ.
და ვერავინ წამართმევს ამ გრძნობას _ გრძნობას თანაზიარებისა იმ ადამიანებთან, რომლებიც კედელს არიან აკრული, მილიარდ ცრემლთან, რომლებმაც ათასწლეულიბის მანძილზე გაჟღინთეს ოდესღაც არსებული მეორე ტაძრის გალავნის ვეება ქვები.
ღმერთო! დამეხმარე გავიგო! რატომ ვგრძნობ თავს კარგად და იმედიანად ამ კედელთან მე, სარწმუნოებით მართლმადიდებელი? მამის უძველესი სისხლი მახსენებს თავს? მაგრამ მე თავს კარგად და იმედიანად ვგრძნობ არა მხოლოდ აქ, არამედ ღვთისმშობლის შობის ციცქნს ტაძარში პუტინკებში, მოსკოვში, და ღარიბულ სამლოცველოში კრიეტაზე, აგრეთვე უძველესი კათოლიკური ეკლესის პირველქმნილ სიჩუმეში ... სიხარულსა და სიმსუბუქეს მანიჭებს გრძნობა, რომ შენ აქაც ხარ და იქაც უფალო. და მე ასე კარგად ვგრძნობ თავს ღმერთთან აქაც და იქაც ...
შეიძლება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს და კანონებიც, რომლებიც იუდეველებსა და ქრისტიანებს მოგვეცა, ერთნაირია! საკმარისია პატივს სცემდე თორას, ფსალმუნებსა და მთაზე ქადაგებას, რათა დარწმუნდე, რომ მამაზეციერი ამათგანაც და იმათგანაც, აქაც და იქაც, ელის ერთსა და იმავეს! ერთმანეთის სიყვარულს, სიკეთის კეთებას ერთმანეთისთვის, არ უსურვოთ სხვას ის, რაც საკუთარი თავისათვის არ გსურს ... და ქრისტეც ამბობს: ~არ იფიქროთ, რომ მოვედი, რათა დავარღვიო კანონები ან წინასწარმეტყველები... ~
აი რა არა არის იუდაიზმში _ ქრისტე! ღვთაებრივი გონი, რომელიც ქვეყნიერებას ადამიანის სახელით მოევლინა, ქრისტე და მისი განუზომელი მსხვერპლი... ქრისტე, რომელიც თვითონ არის ხორცშესხმული სიყვარული ...
...დავეხეტები ძველი ქალაქის გავარვარებულ ქუჩებში და ვფიქრობ, რომ ყველა გზა რომში კი არა, იერუსალიმსი მიდის.
საღამოს ვკითხულობ წმინდა მამათა ნაწერაბს: ~მითხარი, ვინმემ ძე რომ მოგიკლას, განა კი შეძლებდი გეცქირა ამ ადამიანისათვის, მოგესმინა მისი საუბარი?... იუდეველებმა მოაკვდინეს შენი მეუფის ძე, შენ კი ბედავ მათთან ერთად შეკრებას იმავე ადგილას? მოკვდინებულმა (იესო ქრისტე) ისე მოგაგო, რომ საკუთარ ძმად და მემკვიდრედ გაქცია, შენ კი ისე არცხვენ მას, რომ პატივს სცემ მის მკვლელებსა და მათ, ვინც იგი ჯვარს აცვა და პატივს დებ მათ დღესასწაულებში მონაწილეობით, დადიხარ მათ უკეთურ შესაკრებლებში~. იოანე ოქროპირი. დიდი მასწავლებელი და მეამბოხე.
ვიხსენებ საკუთარ თავს გოდების კედელთან და თითქმის ფიზიკურად ვგრძნობ, როგორ უმწეოდ ვეკვრი, თითქოს დაცვას ვეძებ. ანდა, ხომ არ ჯობდა საერთოდაც მოვცილებოდი ამ კედელს?!
ბევრია თქმული იმის შესახებ, რომ ებრაელები იმდენად არიან ქრისტეს მოკვდინებაში დამნაშავენი, რამდენადაც ბერძნები _ სოკრატეს სიკვდილში, რომ მათ გვერდით, რომლებიც ყვიროდნენ ~ჯვარს აცვი!~, იდგნენ ისინი, ვინც გოდებდა, და საერთოდ, ჯვარს აცვეს არა ებრაელებმა, არამედ რომაელებმა. მე სხვა მადარდებს. ის, რაც გაცილებით ძნელად გამოგვდის, ვიდრე სიძულვილი.
თავმდაბლობა, პატიება და სიყვარული. ის, ვინც ჯვარს აცვეს გოლგოთაზე, თავის მტანჯველებს ზიზღითა და სიამაყით არ უყურებდა, არც სამაგიეროს გადახდით ემუქრებოდა. თვით ამ მორჩილებაში, თვით მსხვერპლში იყო მომავალი გამარჯვება ბოროტებაზე, ბნელზე, სიკვდილზე.
წმინდა მამები განმარტავდნენ სახარებას _ სასიხარულო ამბავს ქრისტესაგან.
მაგრამ ქრისტეს ასეთ განმარტებაში, ვგონებ არა რის... იოანე ოქროპირმა თქვა მოციქულ პავლეზე: ~მართალია ის პავლეა, მაგრამ ის მაინც ადამიანი იყო~. იოანე ოქროპირიც ადამიანი იყო... მაშასადამე, შეიძლება შემცდარიყო.
ალბათ, ადამიანებს თავისებურად ესმით და საკუთარი სიმართლე აქვთ.
ხოლო ღვთაებრივი სიმართლე სხვაა. და შეიძლება იმაშია, რომ შემოქმედის დიალოგი თავის ხალხთან, რომელიც ჯერ კიდევ აბრაამიდან დაიწყო, რთულიც იყო, ხისტიც და იმედისმომცემიც, და ეს დიალოგი არც არასდროს შეწყვეტილა, მისი ძის საშინელი ტანჯვის დროსაც კი. სწორედ ამ დიალოგში ჩანს ზეცის კავშირი მთელ კაცობრიობასთან.
აგვისტო, 1998 წელი
ნიუ-იორკიდან ჩემი და ჩამოვიდა 11 წლის ვაჟთან ერთად. ვმოგზაურობთ ჩრდილო გერმანიის ქალაქებში. ჩემი დისშვილი არც ერთ კათოლიკურ სამლოცველოში არ შემოდის.
_ ჩემთვის არ შეიძლება, მე ებრაელი ვარ ...
_ შენც ადექი და ეს ტაძრები აღიქვი, როგორც ხელოვნების ძეგლები.
კიოლნში წავიდეთ... კიოლნის კათედრალი მსოფლიო არქიტექტურის შედევრია. ნუთუ იქაც არ შემოხვალ?
_ არა... ქრისტიანები კერპთაყვანისმცემლები ხართ. განა შეიძლება, ღმერთს რომ ძერწავთ ან ქვაში ჭრით? განა ღმერთი მოხუცი, გრძელწვერა ბაბუაა? ადამიანს არ ძალუძს გამოსახოს ღმერთი, არც ადამიანი, არც ცხოველები.
_ ამიტომაც, ძველმა ებრაელებმა, სხვა ხალხებისგან განსხვავებით, არ დაგვიტოვეს არც გამოსახულებები და არც სკულპტურები.
_ სამაგიეროთ, ბიბლია დაგვიტოვეს...
დიახ, მათ დაგვიტოვეს სიტყვა, რომელიც ~პირველითგან იყო სიტყუა, და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა და, ღმერთი იყო სიტყუა იგი”. მის წინაშე ფერმკრთალდება არა მხოლოდ ძველეგვიპტური რელიეფები და ძველბერძნული ქანდაკებები, არამედ ყველა მსოფლიო აღმოჩენა.
ებრაელებმა დაგვიტოვეს იდეები, რომელთაგან ერთ-ერთი გვეუბნება: ~არ შექმნა კერპები შენი თავისთვის და არავითარი გამოსახულება იმისა, რაც ცაშია, ზევით და რაც მიწაზეა, ქვევით~. რადგანაც, სკულპტორის საჭრეთელიც და მხატვრის ფუნჯიც უძლურია გაიმეოროს უზენაესის ქმნილება _ ადამიანი და მისი სული. და მითუმეტეს, შექმნას უმაღლესი გონის სახე _ იდუმალებით მოცული, მიღმიერი და მიუწვდომელი რეალობა.
დიახ, ყველაფერი ასეა... და ყველაფერი... მთლად ასე არ არის. დიახ, ღმერთია ჭეშმარიტი შემოქმედი.
მაგრამ ადამიანიც შექმნილია როგორც შემოქმედი, როგორც პიროვნება, რომლის დანიშნულებაა გააგრძელოს ქმნადობა თავის შემოქმედთან ერთად. ადამიანის სულს არ შეუძლია არ იყოს შემოქმედი. ეს არის სულის ის აუხსნელი შემოქმედებითი მდგომარეობა, რომელსაც ვერ შეზღუდავ ვერც გონებით და ვერც კანონით. როგორც ჩანს, სწორედ ეს შემოქმედებითი წყურვილი აიძულებდა XIX საუკუნის სკულპტორს, მარკ ანტოკოლსკის, წასულიყო თავის მამა-პაპათა მცნებების წინააღმდეგ და მარმარილოში განეხორციელებინა თავისი საყვარელი სახე _ იესო ქრისტე. კითხვაზე _ მას, როგორც ებრაელს, როგორ შეუძლია პლასტიკურ ხელოვნებაში მუშაობა, იგი პასუხობდა: “მე ებრაელი ვარ და ყოველთვის ებრაელად დავრჩები. მაგრამ ქრისტეს თქვენზე არანაკლებ ვეთაყვანები...”
როგორც ცნობილია, დიადი და ჭეშმარიტი ხელოვნების გვერდით არსებობს დამანგრეველი ხელოვნება, სილამაზისა და ჰარმონიის გარეშე. თანამედროვე ~რელიგიურ ხელოვნებაში~ ასეთი მაგალითები არც თუ ცოტაა.
მართლმორწმუნე ებრაელის შეკითხვაზე: “აი ამას სცემთ თაყვანს?!” _ მინდა დაუყოვნებლივ ვუპასუხო: “არა, ჩვენ ამას არ ვცემთ თაყვანს”. ჩვენ სხვას ვცემთ თაყვანს. თუ კი სახე, რომელიც შექმნილია საღებავით ან გამოკვეთილია მარმარილოში, აღწევს შენი გულის სიღრმეში, გინდა მის წინაშე მუხლი მოიყარო, თუ კი ის იწვევს შენში განსაკუთრებულ მისტიურ გრძნობებს და გარდაგქმნის შენ _ ე.ი იგი შექმნილია ყოვლის შემოქმედის ნებით. და მაშინ ხდება სასწაული. შენ ხედავ იმას, რისი დანახვაც არ შეიძლება.
როდესაც ამბობენ, რუბლიოვის “სამების” ნახვისას შეიძლება ღმერთი დაუყოვნებლივ იწამოო, ეს მართლაც ასეა! სამი ანგელოზის სრულყოფილი სიწმინდე, საოცარი ჰარმონია და მსოფლიო თანხმობა ზეციდან იყო მოცემული. ეს ყველაფერი უსიერ ტყეში ჩაკარგული პატარა მონასტრის კედლებში გარდამოვიდა კოსმოსიდან და ახალგაზრდა ბერმა შექმნა ის, რაც ზეციდან მოეცა.
როდესაც ღონე მიხდილმა, მშიერმა, 24 წლის მიქელანჯელომ დაამთავრა თავისი შედევრი _ ღვთისმშობელი მარიამი მკვდარი ძით ხელში და მუხლმოყრილმა ილოცა მის წინ, მას ჰქონდა ამის უფლება. ვინაიდან, ის უკვე აღარ იყო მისი ქმნილება; მასში უკვე ღმერთი სუფევდა.
...
მოულოდნელი აზრი. მსოფლიო ხელოვნების მრავალი შედევრი შექმნილია ქრისტიანობის წიაღში. და მათ შემქნელთა შორის ებრაელები არ არიან, ან თითქმის არ არიან. რასაკვირველია, იყვნენ და დღესაც არიან ბრწყინვალე ებრაელი მხატვრები, კომპოზიტორები, მწერლები ... რამდენი ასეთი შემოქმედი შვა ხელოვნებაში ავანგარდის ეპოქამ, თუნდაც მთელი XX საუკუნე! მაგრამ, ტიტანები მათ შორის არ იყვნენ. არ იყო Lლეონარდო და ვინჩი, რაფაელი... ხელოვნებაში ცოცხალი სახეების შექმნის აკრძალვით ებრაელმა ხალხმა დატოვა რა ეს სივრცე აუთვისებელი, შვა სხვა ტიტანები: უდიდესი წინასწარმეტყველები, ფილოსოფოსები, მეცნიერები...
ხოლო მსოფლიო ხელოვნების რჩეული, საუკეთესო ქმნილებები მათ ეკუთვნით, ვინც შეიყვარა ქრისტე...
სექტემბერი, 2000 წელი
მამა ალექსანდრე მენის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოსათვის ვწერ სცენარს, მისი მკვლელობიდან 10 წლის თავზე. ყველა მირჩევს, ზედმეტი არ მომივიდეს. “არ დაგავიწყდეს, როგორ აუდიტორიასთან მიდიხარ”. აუდიტორია ძირითადად გუშინდელი საბჭოთა ებრაელებისაგან შედგება, რომლებმაც ცოტა რამ იცოდნენ საკუთარ თავზე მაშინდელ, წარსულ ცხოვრებაში. აქ, გერმანიაში ხარბად დაეწაფნენ საკუთარი ისტორიას, რელიგიას, დაიწყეს რელიგიურ დღესასწაულების გემოვნებით აღნიშვნა. წლები, ცხოვრება და დრო არც თუ შორეულ წარსულში ათეისტებს, მერყევ, დაინტერესებულ, ზედაპირულად რელიგიურებს ხდის.
რამდენიმე წელია, ამ აუდიტორიას ვუკითხავ ლექციათა ციკლს მსოფლიო სულიერი კულტურის ისტორიაში.
ლექცია ალექსანდრე მენის შესახებ “შეგვიკვეთეს”. მიუხედავად ამისა, ჩვენ, საღამოს ორგანიზატორები, მე და მწერალი ფელიქს ვეტროვი, რომელიც მამა ალექსანდრე მენს თავის სულიერ მამად მიიჩნევს, ვღელავთ... ჩვენ, ორივე _ “არც მთლად წმინდა სისხლის ებრაელები ვართ” და თან აღმსარებლობით ქრისტიანები, მაგრამ ამის შესახებ ცოტამ თუ იცის.
თავს ვიმტვრევ, რა და როგორ გავაკეთო, რომ ხსოვნის საღამო დისკუსიად არ გადაიქცეს.
მოულოდნელად ჩამოვიდა ერთი ჩემი მეგობარი ქალი.
ჩვენი ფილოსოფიური საჯ-ბაასის შესახებ ყოველთვის წინასწარ ვუთანხმდებით ერთმანეთს. მაგრამ მე მესმის: იგი ჩამოვიდა ჩემს გასაფრთხილებლად. უცაბედად გაავდრდა. წვიმა წამოვიდა, ძლიერი ქარი დაიწყო.
ნახევრად სიბნელეში ვხედვართ.
_ მამა ალექსანდრე მენი ღმერთმა დასაჯა მამათა რწმენის ღალატისათვის.
_ ეს უკვე გამიგია. მხოლოდ ქრისტიანებისაგან... ღმერთმა დასაჯა იმისათვის, რომ ებრაელი თავისი იქ ყოფნით ტაძარს შეურაცხყოფდა.
_ ჩვენი მოხუცები ამბობენ, რომ შეუძლებელია თან ქრისტე გწამდეს და თან ებრაელად დარჩე.
_ სახარება წაიკითხე...
_ წამიკითხავს ჯვაროსნულ ლაშქრობების, დარბევებისა და გაზის კამერების შესახებ... მაქვს წარმოდგენა ქრისტიანობაზე და იმის შესახებ, რა მოუტანა მან ებრაელებს.
_ ასეთი ქრისტიანები ღალატობდნენ არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ ქრისტესაც...
_ ქრისტეს სახელით ქრისტიანები თორას გლეჯდნენ!
_ ალაჰის სახელით ანადგურებენ მართლმადიდებლურ ტაძრებს, ბუდას ქანდაკებებს, აფეთქებენ სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებს... მაგრამ ალაჰს ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არა აქვს! და მერე, განა კი დღევანდელმა ებრაელებმა ასე კარგად იციან თორა?
_ რა ხეირია, თუ კი ქრისტიანებმა სახარება იციან? ისინი ამისაგან უკეთესები ხდებიან? შენი ნაცნობი მართლმადიდებლებიდან ვინ არ არის ფარულად ან აშკარად შეპყრობილი ანტისემიტიზმით? საკუთარ თავზეც ხომ გაქვს გამოცდილი...
სამწუხაროდ...
და არა ერთხელ. იმ, საბჭოთა ცხოვრებაში, მე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსადმთავრებულს სამუშაოდ არ მიღებდნენ საოლქო პარტიულ გაზეთში და მთავარი რედაქტორი თანაგრძნობით მიჩურჩულებდა: ~შენც ხომ გესმის... მამაშენი ებრაელია... და იმათ იქ, ზემოთ, ვერ გაარღვევ~.
აქ, გერმანიაში, მე ვერ გავხდებოდი ებრაული სათვისტომოს წევრი, რადგანაც გალაქიური ებრაელი არა ვარ, ანუ დედაჩემი რუსია. დისკუსიები ~არაგალაქიურ ებრაელთა~ შესახებ აზანზარებს დღევანდელ ებრაულ საზოგადოებას. ~მათი რიგების სიწმინდის~ უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ~იმ ებრაელთა გარეშე, ვისაც რუსი დედები ჰყავთ~. ~არ შევუშვათ გერმანიაში ისინი, ვისაც რუსი დედები ჰყავთ! და საერთოდ, ებრაელთა სათვისტომოები _ ეს არის ადგილი მხოლოდ რელიგიური ებრაელებისათვის!~ თითქოსდა გაზის კამერებში, კრემატორიუმის ღუმელებში, ბელორუსიის ტყეებში არ იხოცებოდნენ ისინი, ვინც არ იყვნენ რელიგიურები ან არაებრაელი დედები ჰყავდათ...
_ ებრაელი, რომელიც არ იცნობს ქრისტეს, მაგრამ ცხოვრობს მისი მცნებებით, გაცილებით ახლოა მასთან, ვიდრე ქრისტიანი, რომელსაც სძულს ებრაელი... ვინაიდან ანტისემიტიზმი _ ცოდვაა თვით ღმერთის წინაშე _ ვამბობ მე.
_ რამდენია ამ თემაზე ნათქვამი!... თუმცა, ებრაელებს ჭეშმარიტად შეუძლიათ იამაყონ ასეთი შვილით, წინასწარმეტყველთაგან უდიდესით, მაგრამ მოკვდავ წინასწარმეტყველთა...
— “…Он отказался без противоборства,
Как от вещей, полученных взаймы,
От всемогущества и чудотворства,
И был теперь, как смертные, как мы…”
_ პასტერნაკი... ვიცი, ვიცი, მანდელშტამი, გალიჩი... რამ აიძულა ისინი, მიეღოთ ქრისტიანობა? იგი უფრო მიმზიდველი იყო მათთვის, ვიდრე იუდაიზმი?
_ პასტერნაკისთვის იესო ქრისტე ძალზე ბევრს ნიშნავდა. იგი აღაფრთოვანებული იყო მისით, მას იგი უყვარდა... და მთელი ცხოვრება ტანჯავდა კითხვა: რატომ განუდგნენ ქრისტეს ებრაელები? რატომ ვერ გაუგეს ასეთ ამაღლებულ და ლამაზ სულს საკუთარმა თანამოძმეებმა, რატომ არ მიიღო ებრაულ მიწაზე ჩასახული სწავლება იმ ხალხმა, რომელიც პასტერნაკს ძლიერ უყვარდა და რომელსაც თვითონ ეკუთვნოდა.
უყვარდა და განიცდიდა მათთან ერთად, რათა გაეგო, რატომ იყო ასეთი ტრაგიკული ამ ხალხის ისტორია... და განსჯიდა ერთ-ერთი თავისი გმირის პირით: იქნებ, ერთ-ერთი მიზეზია _ ჩაკეტილობა, სულიერი იზოლაცია დანარჩენი სამყაროსგან? იგი ყოველთვის თვლიდა, რომ ვიწრო ნაციონალისტური იდეები დამღუპველია ნებისმიერი ერისთვის...
ვერც ებრაელები და ვერც მართლმადიდებლები დღესაც ვერ პატიობენ მას ამ სიტყვებს: ებრაელები _ ქვეყნიერების პირველი და საუკეთესო ქრისტიანები! ოღონდ არ აითქვიფონ ერთად! ოღონდ სხვებთან ერთად იყვნენ!
ვერა ვასილევსკაია, მამა ალექსანდრე მენის დეიდა, წერდა, რომ ქრისტიანული მსოფლაღქმისადმი ლტოლვა ბევრ ებრაელს ახასიათებს.
_ ამ ლტოლვის საფუძველი გასაგებია. ებრაელებს უნდა გაეძლოთ და არ გადაშენებულიყვნენ, ხოლო ქრისტიანობის მიღება მათ ასეთ შესაძლებლობას აძლევდა.
_ განადგურებისა და ინკვიზიციის დრო დიდი ხნის წინ წავიდა, ხოლო საბჭოთა რუსეთში სიტყვა “ეკლესია” არა ნაკლებ სალანძღავი იყო, ვიდრე “სინაგოგა”.
_ მაშ რაშია ებრაელთა უკვდავების საიდუმლო? როგორ შეინახა ამ ხალხმა საკუთარი თავი სხვა ხალხებს, კულტურებს, ცივილიზაციებს შორის? ღვთის რჩეულობის წყალობით?
_ დიახ... ღმერთი ეჩვენა ებრაელ მწყემსს და არა ძველი საბერძნეთის დიდ მოაზროვნეებს, მაგალითად... შემდეგ განკაცდა კაცობრიობის ისტორიაში და კვლავ ებრაელთა შორის... რუსებიც გადარჩნენ, არ გაქრნენ საკუთარი ისტორიის სისხლიან ამბებში... ფილოსოფოსი ივანე ილინი ამას უწოდებს ერის სულიერ მოთმინებას...
აი ასეთ სულიერ მოთმინებას ფლობენ ებრაელებიც...
მე ხშირად ვფიქრობ, თუ როგორ დარჩა ხალხი, რომელმაც ჰოლოკაუსტი გადაიტანა, ღმერთის ერთგული, როგორ არ მიმართა თავისი მრისხანება ზეცისაკენ...
_ და მაინც რატომ დაუშვა ღმერთმა ჰოლოკაუსტი? არავის აქვს ამ კითხვაზე ცოტათი მაინც არგუმენტირებული პასუხი!
_ ალბათ იმიტომ, რომ ეს ღვთაებრივი შეკითხვაა და არა კაცობრივი...
_ შესაძლებელია კი, რომ ჩემ ხალხს ჯერ ბოლომდე არ შეუსრულებია მისთვის განკუთვნილი დიდი და საიდუმლო მისია? შესაძლოა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...
_ შესაძლოა... დიდი მისია... მართლმადიდებელი რუსეთიც თვლის, რომ იგი მოწოდებულია შეასრულოს ასეთი დიდი მისია და გადაარჩინოს კაცობრიობა... ვინ იცის... ვლადიმირ სოლოვიოვი წერდა, რომ ერის იდეა _ ის კი არ არის, რას ფიქრობს იგი საკუთარ თავზე დროში, არამედ, რას ფიქრობს მასზე ღმერთი მარადიულობაში...
...წვიმამ გადაიღო, ქარი ჩადგა. ჩემი მეგობარი უკან გაემგზავრა და მისურვა, “ჭკუით მოვქცეულიყავი და ღიად არ მომეხდინა ჩემი რელიგიური აზრების დემონსტრირება”. თან დაამატა: “მით უმეტეს _ ეს ყველაფერი უმრავლესობისათვის მხოლოდ წუთიერი ინტერესია.
ცოტა ვინმესათვისაა რწმენა ცხოვრების არსი. ის მხოლოდ ცხოვრების ნაწილია, ვიღაცისთვის მცირედი ნაწილია, სხვისთვის _ უფრო დიდი, მხოლოდ არა მთელი”.
ასეა...
რელიგია (რწმენა) _ დღესაც, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე _ საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა. ზედნაშენი. და არა ბაზისი. არა ყველაფრის საწყისი. და არა ყველა საკაცობრიო ღირებულებათა ათვლის უმაღლესი წერტილი.
არა ყველა საგნის საზომი _ როგორებიცაა ეკონომიკა და პოლიტიკა, მეცნიერება და ხელოვნება, ომი და მშვიდობა, სიყვარული და სიძულვილი... ხოლო იმის გამო, რომ ვაღიარეთ ხელშეუხებლობა და ურყევობა ოდითგან აღიარებული მატერიალური ბაზისისა, ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს...
მამა ალექსანდრე მენის ხსოვნის საღამო ისე ჩატარდა, როგორც ჩვენ გვსურდა. შემდეგ იყო გაუგებრობა, მიუღებლობა, მაგრამ ეს არ შეეხო იმ საერთო მაკურნებელ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიყავით. დარბაზში ტიროდნენ, როდესაც ისმოდა მოცარტის ~რექვიემი~ და ეკრანიდან ცოცხალი, მეფურად ლამაზი და ბიბლიურად ბრძენი მამა ალექსანდრე მიმართავდა: ~... როდესაც თქვენ სიკეთეს ჩადიხართ, როდესაც გიყვართ, როდესაც ჭვრეტთ მშვენიერებას, როდესაც გრძნობთ სიცოცხლის სისავსეს, უგლის სასუფეველი უკვე შეგეხოთ~
მაისი, 2001 წელი
კიევში ერთ ძველ მეგობარს ვურეკავ.
_ გაიგე? ჩვენთან რომის პაპი ჩამოდის! – მეუბნება.
_ ბრწყინვალეა!
_ რა?! მთელი მართლმადიდებელი უკრაინა ლოცულობს, რომ ეს არ მოხდეს!
_ ?! მართლა მთელი მართლმადიდებელი უკრაინა ლოცულობს?
_ დიახ, დიახ! რაში გვჭირდება ეს შეუცდომელი და დედამიწაზე ღმერთის მოადგილე პაპი?
_ თქვენთან ხომ იოანე-პავლე II ჩამოდის! იცით კი რამე მის შესახებ?!
_ სურვილიც არ გვაქვს! ერეტიკოსებთან მეგობრობა ცოდვა და სახიფათო საქმეა! პაპიც მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა ყელში ეჩხირებათ! მაგრამ ჩვენი ეკლესია ყოველთვის მყარად იდგა და მომავალშიც იდგება და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ მას!!!
ჩვენ კიდევ დიდხანს ვიკამათეთ, ბოლოს კი მითხრა: “დასავლეთმა და ღმერთისგან განდგომილმა ქვეყანამ საბოლოოდ გაგაფუჭა”...
მაშ ასე, ჩამოდის სტუმარი, რომელიც ბევრს გულზე არ ეხატება. ჩამოდის იოანე-პავლეII, მოხუცი და სნეული, რომელიც ცდილობს თანამედროვე მანკიერი სამყარო სახარებისეულ სწავლებასთან მიიყვანოს. ჩადის ქრისტიანი ქრისტიანებთან...
და უკვე მერამდენედ მოქმედებას იწყებს სამყაროსავით ძველი შიშის გრძნობა უცხოს წინაშე, უცხოს მიუღებლობა. ის კი არა მხოლოდ უცხოა, არამედ მტერი, რომელიც გვებრძვის, ებრძვის ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას”.
მათ, ვისაც არ სურთ არავითარი კონტაქტი კათოლიკურ სამყაროსთან და წმინდა სამოციქულო ეკლესიის უწინდელი ერთობის გამო არ განიცდიან ნოსტალგიას, იციან რა უნდა მოიმოქმედონ. “ჩვენი” ხატებით, ჩვენი მამების რწმენის სიყვარულითა და უცხო მამათა რწმენის ზიზღით შეიარაღებულნი მიეშურებიან საკუთარი სიწმინდეების დასაცავად. ასე ყალიბდება ბრბო, რომელიც საკუთარი კანონებით იწყებს ცხოვრებას. მისთვის უცხოა რაიმეს გაგების მცდელობა, რაიმეში ეჭვის შეტანა. იგი ბობოქრობს... ქალები თეთრ, უცხო ქუდიანი მხუცის სურათებს აფურთხებენ, ბავშვები აღფრთოვანებით აქნევენ ხატებს...
ამ ბავშვებსაც და ამ ქალებსაც ბავშვობიდანთავიდანვე უნერგავდნენ, რომ “ერეტიკოსი” _ სალანძღავი სიტყვაა, სიტყვა “კათოლიკე” ასევე სალანძღავია და ორივე ერთიდაიგივეს ნიშნავს.
ივლისი-აგვისტო, 2003 წელი.
დედა გარდაიცვალა.
ღმერთის მტკიცე რწმენითა და მისი გულმოწყალების იმედით გარდაიცვალა. ის ნამდვილი ქრისტიანი იყო და თავისი სიწმინდით, მიმნდობობითა და მიამიტობით ყოველთვის ბავშვს მოგაგონებდა...
შორეულ აღმოსავლეთში დაბადებული, მართლმადიდებელი, ცოლად გაჰყვა საზღვაო ოფიცერს, ებრაელს და დასაფლავებულია გერმანულ კათოლიკურ სასაფლაოზე.
როგორ არ უნდოდა გერმანიაში წასვლა! როგრ ტიროდა! “იქ არ არის მართლმადიდებლური ეკლესიები! სად უნდა მივიღო ზიარება?” მღვდლები, ერთი-მეორის მიყოლებით თავებს აქნევდნენ:”ღმერთმა დაგიფაროთ კათოლიკური ეკლესიის ზღურბლის გადაბიჯება!” მამა ვლადიმერმა კი უთხრა:”თუ კი ახლოს მართლმადიდებლური ეკლესია არ იქნება, იარეთ კათოლიკურში... ოღონდ არ წამოგცდეთ, რომ მე ასეთი კურთხევა მოგეცით”.
ჩვენი ქალაქიდან არც თუ ისე შორს აღმოჩდა სერბული ტაძარი და დედა ხშირად დადიოდა იქ. მოგვიანებით კი იქ მსახურება რუსმა მღვდელმა დაიწყო.
დედა წმინდა ფრანცისკოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. წესი რუსმა მღვდელმა აუგო, გვერდით კი ორი კათოლიკე მონაზონი იდგა და ლოცულობდა.
როდესაც დედა გარდაიცვალა, ისინი ჩემს გვერდით იდგნენ მის საწოლთან, ლოცულობდნენ და მანუგეშებდნენ...
კიევის მონასტრებში დავდივარ და უპოვართ დედაჩემის ნივთებს ვურიგებ. მისთვის ვლოცულობ.
... დამთავრდა მსახურება მაცხოვრის გარდამოხსნის ტაძარში. მე ყოველთვის მიყვარდა ეს ტაძარი, არ მიჭირდა ამ ტაძარში მსახურების ბოლომდე დგომა და ხშირად გამოვდიოდი ამ ტაძრიდა სულიერი სიხარულით აღსავსე.
და ეხლაც, მივდივარ აღსავსე წიგებით, კასეტებით, ხატებით მოვაჭრეთა რიგებს შორის, რომელთაც ეს ყველაფერი პირდაპირ მიწაზე აქვთ გაშლილი. მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ქადაგებათა გვერდით დევს ფილმი რომის პაპ იოანე-პაცლე II შეახებ. ვკითხულობ ანოტაციას. ვინ არის ახლანდელი რომის პაპი? ის, ვინც “ურცხვად აბიჯებს სინაგოგისა და მეჩეთის ზღურბლს, ვინც უმზადებს გზას ანტიქრისტეს...”.
“და არა? პაპი ჭეშმარიტად ანტიქრისტეა _ გვერდით მდგომი ქალი მეუბნება _ რას ჩადის! რას ჩადის!”
მართლაც რომ, ბევრი რამ ჩაიდინა ამ ფილოსოფოსმა, ინტელექტუალმა, პოეტმა, ვინც მორწმუნეებს 62 ენაზე ესალმება...
129 ქვეყანა მოინახულა. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩასვლისთანავე ეამბორებოდა მისთვის უცხო და ახალ მიას... განახორციელა ყველაზე უფრო უმაგალითო და ვაჟკაცური მოგზაურობა _ სიგრძით 2000 წელი _ რომის დიდ სინაგოგაში. და შენდობა თხოვა ებრაელ ხალხს ყველა იმ მსოფლიო ბოროტებათა გამო, რაც მათ განიცადეს, და მოინახულა მეჩეთი, ფეხზეც გაიხადა, როგორც წესია, ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა...
“იცით, _ მას ძალიან უყვარს სიმღერა “Вставай, страна огромная” და ყოველთვის ტირის, როდესაც უსმენს ამ სიმღერას”. გვერდით მდგომი ქალი როგორც გონწართმეულს, ისე მიცქერს.
კიდევ ფილმები... იმის შესახებ, რომ არ ყოფილა ხოლოკოსტი, რომ ებრაელები კვლავაც მართლმადიდებელი რუსეთის დაღუპვის იდეით სულდგმულობენ, და ა.შ.
და ა.შ.
ეს ყოველივე ელემენტარულ უცოდინარობას და უკულტურობას მივაწეროთ? არ მივაქციოთ ყურადღება? დავივიწყოთ? გადავხაზოთ?... საღამოს, საკმაოდ განათლებული და არც თუ უცოდინარი შინაურებისა და ნაცნობების წრეში ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ.
ვკითხულობ ”საიდან ეს ღვარძლი?” _ მღვდელ გიორგი ჩისტიაკოვის წიგნიდან “На путях к Богу живому”. ეს წიგნი მიყვარს და სპეციალურად ჩამოვიტანე კიევში. და ვერ ვპოულობ ვერც მხარდაჭერას, ვერც გაგებას.
უხალისოდ ვარ ჩემს კიევში...
ოქტომბერი 2003 წელი
ბერლინიდან მომავალი, გზად ელექტრომატარებელში ვეცნობი ჩეჩენ დევნილებს. მამკაცი ვეტერინარია, მისი მეუღლე _ პედაგოგი, მის გვერდით მისი უმცროსი დაა _ მაღალი, თხელი, შიშნარევი თვალებით. თავიდან სიფრთხილეს იჩენენ, შემდეგ სულ უფრო და უფრო გულახდილად ყვებიან, რაც გადაიტანეს.
... რას აღარ პოულობდნენ საკუთარ ბაღჩაში, გროზნოს მახლობლად: მოგლეჯილ ხელებს, ფეხებს... მეზობლად სახლი დაბობმბეს, სადაც ცხრასულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორი შვიდი თვის ბავშვი და ოთხმოცი წლის მოხუცი. მეორე დღეს _ ცნობა ტელევიზიით: სოფელში განადგურებულია ცხრა ბოევიკი...
რად დუმს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია?! რატომ ხმაღლა არ იტყვის “არა!” ომს ჩეჩნეთში?! დუმს იმიტომ, რომ არ შეუძლია? თუ არ უნდა?! “ეკლესია მეფის გვერდით უნდა იყოს, შეახსენებდეს მას მისი მოვალეობის შესახებ ღვთისა და ერის წინაშე, მან არ უდა დაუშვას, რომ მეფემ შაღვთო მცნებები დაარღვიოს...”_ ასწავლიდა შუასაუკუნეების კიეველი მიტროპოლიტი ნიკიფორე. და ეკითხებოდა თავად ვლადიმერ მონომახს:”ყველაფერი გააკეთე შენი ხალხისათვის? ხომ არ ისმის შენი ხალხისაგან ბავშვის ტირილი? ხომ არ წამოგიწყია უაზრო ომი?”
ორი თვეც არ არის გასული, მე კი სამშობლო მენატრება. მინდა პატარა რუსულ ეკლესიაში, რომ სანთლები რკინის სასნთლეებში ენთოს, რომ კირით გათეთრებულ კედლებზე მკრთალად კიაფობდნენ თეთრი მაქმანით შებურული ძველებური ხატები, რომ რამდენიმე მოხუცი ბებო ნაზად გალობდეს “ადიდებს სული ჩემი უფალსა”, ხოლო მოხუცი მღვდელი ქადაგებდეს სიყვარულსა და ქრისტეზე...
ასე იყო ახალგაზრდობაში.
მე შორეულ სოფლების ეკლესიებში დავდიოდი ზიარების მისაღებად, რათა ვერავის დავენახე... ის განსაკუთრებული მოწიწებული სიხარულის მდგომარეობა მოგონებად დამრჩა.
...ვდგევარ სერბულ ტაძარში და ძველი, საბჭოთა ჩვეულებით კარის ყველა მიბრახუნებაზე შიშით ვიყურები უკან... და თავის ყოველ მობრუნებაზე გავცემ ქრისტეს...
ლექციაზე ედიტ შტაინის შესახებ მოვუთხრობ. სწავლული, ფილოსოფოსი, პედაგოგი, სამეცნიერო კვლევების 12 ტომის ავტორი. იგი ხომ ასევე ტერეზა ბენედიქტა _ კიოლნში კამელიტების ორდენის მონაზონი იყო, და სწორედ იგი დაწვეს აირკამერაში, ოსვენციმში, როგორც ებრაელი.
ჯერ კიდევ ომამდე ის ითხოვდა აუდიენციას რომი პაპ პიუს XI –თან. სურდა პაპთან ესაუბრა იმ საშინელი ნაცისტური საშიშროების შესახებ, რომელიც ევროპაში ებრაელთა თავზე ჩამოწვა.
1938 წელს მონასტრის წინამძღვარმა აცნობა ხელისუფლებას და ტერეზას “შეუფერებელი” წარმომავლობის შესახებ. ის გაიქცა და ჰოლანდიაში ერთ-ერთ მონასტერს შეაფარა თავი, თუმცა ამნაც ვერ უშველა: ნაცისტებმა იქაც მიაგნეს.
იონა-პავლე II მას უწოდა ისრაელის გამორჩეული და კათოლიკური ეკლესიის ერთგული შვილი და წმინდანად შერაცხა. მანამდე 2000 წლის მანძილზე კათოლიკურ ეკლესიას ებრაელი წმინდანი არ ჰყოლია.
ედიტ შტაინი წერდა: “ჩვენი საზომი ღმერთის სიყვარულისა _ ადმიანთა სიყვარულია”. რა შეიძლება ამის შესახებ ვთქვათ? მცირეა ჩვენი საზომი...
ოქტომბერი 2004 წელი
ჩემი რუსული კლუბის “ჭკვიანი ბიჭები და გოგოები”-ს წევრ ბავშვებს ვუყვები ებრაელთა დღესასწაულის, სუკოტის შესახებ. მათ ყოველთვის ვუყვები ქრისტიანთა, მუსლიმთა, ებრაელთა დიდი რელიგიური დღესასწაულების შესახებ. ასე ვუნერგავ რელიგიურ ტოლერანტობას. დაფაზე ვწერ: აბრაამი, მოსე, ბუდა, იესო ქრისტე, მუხამედი.
შვიდი წლის ელენე, რომელიც ორთოდოქს ებრაელთა ოჯახიდანაა, დაფაზე ბეჭდური ასოებით წერს ყველა სახელს იესო ქრისტეს გარდა. “მე ამ სიტყვას არ დავწერ!”
“ლენოჩკა, კულტურული, განათლებული და კეთილი ადამიანი რომ იყო, ამისათვის ყველაფერის, ყველაფერის ცოდნაა საჭირო...”
კათოლიკესათვის მართლმადიდებელი უფრო ახლობელია, ვიდრე პროტესტანტი, მართლმადიდებლისათვის მუსულმანი არც ისე საშიშია, როგორც კათოლიკე, ხოლო გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოსათვის ათეისტი-ებრაელი გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ებრაელი-ქრისტიანი. თუ კი პირველი გერმანიაში გადასახლებას მოისურვებს, საბჭოს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნება, მეორის წინააღმდეგ კი... აი ასე ვცხოვრობთ.
2 აპრილი 2005 წელი
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლობელი ადამიანი დავკარგე... ქრისტიანული სამღვდელოება ალექსანდრე მენებისა და იოანე-პავლე II-გან რომ შედგებოდეს, ჩვენ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით!
... შეხვედრა მდინარე მოსკოვზე მაინც არ შედგა. სირცხვილია...
მაისი, 2005 წელი
ავტორიტეტული ორთოდოქსი იუდეველის აზრი: ქრისტიანობის ისტორია ორი ათასი წლის მანძილზე წარმატებით ვითარდებოდა და შეძლო მსოფლიო ხალხებისათვის მიეტანა სინას გამოცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ქრისტიანული სწავლება უეჭველად შეიცავს “ღვთაებრივი ნათების ნაპერწკლებს”. “ნაპერწკლებს” მიეკუთვნება: ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პრიმატე ნაციონალურზე, სხვადასხვა ესთეთიური საშუალებების გამოყენება ადამიანზე ზემოქმედებისათვის, გრძნობით აღსავსე და ემოციური ქადაგებები.
ორთოდოქსულ იუდაიზმში ეს “ნაპერწკლები” დაკარგულია, რის გამოც ბევრი ებრაელი ხდება ქრისტიანი. თურმე რა მარტივია ეს ყველაფერი! შევიდა ებრაელი ადამიანი ტაძარში, ნახა აუწერელი სილამაზე, დატკბა საორღანე მუსიკით, მოისმინა შთგონებული ქადაგება, მიმართული არა ჩაკეტილი სივრცისადმი, არამედ მთელი ქვეყნისადმი და... გადაწყვიტა გამხდარიყო ქრისტიანი.
ივნისი, 2005 წელი
საერთო ნაციონალური დიალოგი ღმერთთან _ ასეთია ბალტიმორის დეკლარაციის იდეა, რომელიც ორიოდ წლის უკან ამერიკაში გაჩდა. ქრისტიანმა თეოლოგებმა და რელიგიათმცოდნეებმა განსაზღვრეს ქრისტიანობის იუდაიზმთან ურთიერთობის თანამედროვე ასპექტები.
მათი აზრით, თანამედროვე თეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, გადაისნჯოს ქრისტიანული სწავლება იუდაიზმისა და ებრაელი ხალხის შესახებ. ჩანს, ქრისტიანები, და პირველ რიგში დასავლეთელი ქრისტიანები, უფრო ადრე დაიწყებენ საუბარს იუდაიზმთან მეგობრობისა და ურთიერთგაგების ენაზე, ვიდრე მართლმადიდებლები კათოლიკებთან.
აგვისტო, 2005 წელი. კიევი
საკუთარ თავს პირობას ვაძლევ: არც ერთი სიტყვა პოლიტიკასა და რელიგიაზე!
ვერ შევძელი... “კათოლიკეებთან მეგობრობის შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია! ისინი ჩვენთვის ყოველთვის ერეტიკოსები იქნებიან! მათ სურთ მეგობრობა? ვიცით ჩვენ ეს მეგობრობა! მათ ერთი მიზანი აქვთ _ გადაიბირონ ადამიანები, წაგვართვან ჩვენი ეკლესიები.
ბოროტი ზრახვები და შეთქმულებები!”
ოხ ეს საყოველთაო სინდრომი: ყველგან დაინახო შეთქმულებები! მაინც როგორი ურყევნი არიან ეს კათოლიკეები! ჩუდის ტბასთან ცნობილი მოვლენებისას ოცნებად გაიხადეს რუსეთის გაკათოლიკება და დღემდე ვერ დაწყნარდნენ. აფრიკელი პაპუასები არ ეყოთ...
“და თანაც, ახლა მათთვის საერთოდაც არ სცხელა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, საკუთარი პრობლემებიც სამყოფად აქვს”...
განა კი შეიძლება ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას რაღაცისათვის არ სცხელოდეს? მითუმეტეს, თუ კი ლაპარაკია მილიარდამდე ქრისტიანთან მეგობრობაზე? შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც მივიდა სერაფიმე საროველთან მშვიდობით, ის კი ეუბნება: “შენი თავი არ მაქვს ეხლა...” ის, რომ კათოლიკე ქრისტიანებს მშვიდობა სურტ მართლმადიდებლებთან,_ მთელი სამყაროსათვის გასაგებია, ოღონდ ისევ და ისევ არა რუსეთისათვის...
ზოგიერთი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, და არა მხოლოდ ისინი, ახლა ამტკიცებენ, რომ დასავლური ქრისტიანობა კრიზისს განიცდის, რომ ყველა ქრისტიანული ღირებულება დამსხვრეულია, რომ დასავლეთი ცოდვებში ჩაეფლო, იქ ბალს ყველგან სატანა მართავს, ხოლო კათოლიკური ეკლესია დარჩა როგორც ტრადიცია _ ნათლობისათვის, ქორწინებისათვის და დამარხვისათვის. ეკლესიამ ევროპა ხელიდან გაუშვა და ეხლა უძლურია რაიმე იღონოს. ერტი სიტყვით, დასავლეთმა ღმერთი დაივიწყა. ალბათ, ესეცაა.
განა კი დღევანდელი რუსეთი ნაკლებ ცოდვილია? განა ქსენოფობია, ნაციონალიზმი, ანტისემიტიზმი _ ცოდვა არ არის? აქაც იგივე გროვაა ცოდვებისა, რაც დასავლეთშია,_ ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი და მრავალი სხვა, ოღონდ საკუთარ, რუსულ ვარიანტში. და რუსულ ეკლესიასაც, ისევე როგორც დასავლურს, არ ძალუძს წინ აღუდგეს ამ ყოველივეს. ოქროთი მოვარაყებული ტაძრები, მდიდრული ღვთისმსახურება, ნაკურთხი ვაშლები და პასკები, საზეიმო დეკორატიული თაყვანისცემა თავმდაბალი ნაზარეველი დურგალისა არ არის იმის მოწმობა, რომ ის ჩვენშია. “არ სჭირდება ღმერთს თქვენი ტაძარი, თუ კი თქვენ იქ განუწმენდელი გულით მიდიხართ” (წინსწარმეტყველი იერემია).
იქნებ დროა ბოლო მოვუღოთ “ტიხრებს, რომლებიც ღმერთს არ ესმის” (ცნობილი გამოთქმა), და ყველა ქრისტიანულმა და არ მხოლოდ ქრისტიანულმა ეკლესიებმა ერთად ვცადოთ მსოფლიოს გაჯანსაღება?
სექტემბერი, 2005 წელი
ჟურნალისტი დარია ასლამოვა: ორი და ეკლესია და როგორი განსხვავებული ხასიათები! კათოლიციზმი _ ეს არის დისციპლინა, მოკლე და მშრალი ლათინური, გონება და მისტიკა ერთ სინჯარაში, ხოლო მართლმადიდებლობა _ ეს ძახილია ღმერთისადმი, ვნება, დაუთმობლობა, თითქმის ტკბილვნებიანი(?!) სინანული, ლოცვები, რომლებიც ზოგჯერ მკაცრი წყევლასავით ჟღერს.
ჩემთვის კი იმდენი რამ არის მშვენიერი: ლათინურის ლაკონურობაც და მართლმადიდებლის განწირული შეძახილი ღმერთისადმი, ორღანის მელოდიური ხმოვანება და რუსული მონასტრის გუნდის სიმძლავრე, ხის სკამები კათოლიკურ ტაძრებში (მსახურების დროს ჩამოჯდომა შეიძლება, მაგრამ გარკვეულ დროს ფეხზე დოგმა უაცილებელია), და მრავალსაათიანი, მოთმინებით აღსავსე მართლმადიდებლების დგომა მოხუც ფეხებზე...
ოქტომბერი, 2005 წელი
დიდი მეგობარი მყავს _ შვიდი წლის მარკუშა.
მას ყავისფერი თვალები აქვს ყვითელი წერტილებით. ძალზე სერიოზული ადამიანია. გაცნობისას, ხელს უწვდის და ამბობს: “მარკ გელმანი, ფილოსოფოსი”. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რელიგიურ თემებზე.
_ საერთოდ, რა საჭიროა ამდენი ღმერთები? იმათ თავისი, ამათ თავისი... ისინი ამათ ხოცავენ, ესენი იმათ და ყველა თავის ღმერთს დასახმარებლად უხმობს! ისეთი სულელები არიან უფროსები... ხომ არის ერთი ღმერთი.
_ შენ გვთავაზობ შევაერთოთ ყველა რელიგიები?
_ რატომ?! _ მარკუშას თვალები უფართოვდება და ყველა წერტილი სათითაოდ მოჩანს, _ რატომ შევაერთოდ? ამის წარმოდგენაც კი არ შემიძლია!
მარკუშას საყოველთაო ჰარმონია სურს, და მეც მსურს მარკუშასეული ჰარმონია, უბრალო და სუფთა... მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ასეთი ჰარმონიის გარეშეც კარგად ძლებს.
საუკუნეებით დაგროვილ ერთმანეთის არ სიყვარულის უნარს გამო მსოფლიოში არაფერი ხდება შეუძლებელი... ადმიანები, რომლებიც ადიდებენ ერთ ცოცხალ ღმერთს და ეკლესიებში, სინაგოგებსა და მეჩეთებში მის დიდსა და უბრალო ჭეშმარიტებებს აღიარებენ, კვლავაც არ ცნობენ ერთმანეთს, არ ესმით ერთმანეთის, არ უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის სისხლს ღვრიან... გავართმევთ კი ამ ყველაფერს თავს ჩვენ თითონ?
_ მარკუშა, რა ვუყოთ მსოფლიოს?
_ რა უნდა ვუყოთ? ჩვენ თვითონ ვერაფერს ვიზამთ!
_ მაშინ ყველანი დავიხოცებით!
_ როგორ თუ დავიხოცებით? არა, ეს უბრალოდ შეუძლებელია! პირველყოვლისა, მას ჩვენ ვუყვარვართ!
_ შემდეგ?
_ შემდეგ ჩვენც უნდა გვიყვარდეს იგი!
და მაშინ შეუძლებელი შესაძლებელი გახდება....

Комментариев нет:
Отправить комментарий