четверг, 4 апреля 2013 г.

წინასწარმეტყველება საქართველოზე .

გაიოზ მამალაძე.

ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე  


ქართული სასულიერო ლიტერატურიდან ვიცით, რომ საქართველოს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება არსებობს.

უცხოელებსაც გაცხადებიათ საქართველოს მისიის შესახებ. რუსულ და ბერძნულ საეკლესიო წრეებში საქართველოსადმი ეჭვიც კი წარმოშობილა ამის გამო, რასაც ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი საღმრთო შურს, ეს უფრო შოვინიზმის გამოვლინებაა. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო რუსთველის ფრესკის გადაფხეკის ფაქტის გახსენებაც კმარა.

მიუხედავად ამისა, როგორც რუსი, ასევე ბერძენი ნამდვილი წმიდა მამები მუდამ აფასებდნენ ქართული ეკლესიის როლს აღმოსავლეთის ქრისტიანობაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ეკლესია აღმოსავლეთის ქრისტიანობაში.

დიდი რუსი წმიდანის, სერაფიმე საროველის თქმით, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.

საქართველოს მომავლისადმი პროფეტული ოპტიმიზმით გამსჭვალულ სასულიერო პირთაგან აღსანიშნავია ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.

მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსის სხვა ეგზეგეზეტებისაგან. ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის საინტერესოა, ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი, - პატრიარქისა (გამოცხადებისეული „ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი“) და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის („ღვთის რჩეული გლახაკი მეფის“) ხელძღვანელობით, - შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას - „წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს“.

მართლმადიდებლური იდეოლოგიით იმპერია არ არის ვინმეს პყრობა. მართლმადიდებლური იმპერია არის თანამეგობრობა ხალხებისა, რომელიც სასულიერო და საერო, პატრიარქისა და იმპერატორის (მეფეთა-მეფის) ხელისუფლებათა სიმფონიის მეშვეობით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მოსვლა-გაბატონებას.

კირილე ლავრიოტისის მიხედვით საქართველოს სამეფო ტახტზე ავა უფლისწული, რომელიც დიდი მისიისთვისაა მოწოდებული. დინასტიის გვარი არ შეიცვლება, ანუ საქართველოს მომავალი მეფე იქნება ბაგრატიონი. შენიშვნებში ასტერიოს არგირიუ წერს: (კირილეს) „პოზიცია ნათელია, რადგან მომავალი გამათავისუფლებელი იქნება ქართველი სამეფო ოჯახის შთამომავალი“ (ამ საკითხზე სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ - გ. მ.).

კირილე ლავრიოტისის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე „ელინისტიკა საუკუნეთა მიჯნაზე“, სტრასბურგის უნივერსტიტეტის მეცნიერის, ასტერიოს არგირიუს მოხსენებიდან.

ასტერიოს არგირიუს გადმოცემით, კირილე ლავრიოტისის ნაშრომები ათასობით გვერდს მოიცავს. თავად მამა კირილეს ნაშრომის ასლი, ალბათ, მალე გახდება ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი.

აღნიშნული ნაშრომი უდიდესი აღმოჩენა გახდება, დარწმუნებული ვართ, არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა მართლმადიდებლისათვის. მანამდე ყოველი ქართველის ოჯახს უნდა ჰქონდეს ბერი კირილეს ნაშრომების ასტერიოს არგირიუსეული მიმოხილვა.

ეს მოხსენება პირველად გამოქვეყნდა 2000 წლის ოქტომბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“. მისი არსებობის მაცნობა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა.

მცირეტირაჟიანი გაზეთის ქსეროასლი ძლივს მიშოვა უნივერსიტეტის მაშინდელმა პრორექტორმა პარმენ მარგველაშვილმა. გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოვაქვეყნე არგირიუს მოხსენება 2002 წელს, შემდეგ კიდევ ერთ-ერთ გაზეთში, მერე ჩემს წიგნში „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“.

მაგრამ, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, უამრავი ქართველი ჯერ კიდევ არ იცნობს ამ წინასწარმეტყველებას.

გარდა კირილეს ნაშრომებისა, თავად ასტერიოს არგირიუს საინტერესო მიგნებაცაა მის მოხსენებაში. ბერი კირილეს ნაშრომების კვლევამ იგი მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე. პანტაზეს ლარისელის, რომელმაც დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინოპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების ეგზეგეზა, მტკიცებით, კონსტანტინოპოლის გამათავისუფლებელი იქნება ვინმე იურტზისი. ასტერიუს არგირიუს აზრით, კონსტანტინოპოლის გამათავისუფლებელ იურტზისში უნდა იგულისხმებოდეს საქართველოს დინასტიის წარმომადგენელი გიორგი, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან...

ძალიან საინტერესოა, რომ მამა კირილემ ნაშრომი დაასრულა იმ ხანებში, როცა საბერძნეთმა წარმატებებს მოაღწია ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში. მაგრამ, იოანეს გამოცხადების მკვლევარისათვის უეჭველ ჭეშმარიტებად დარჩა, რომ მართლმადიდებლური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს გადამრჩენი, მაინც, სულ „პატარა საქართველო“ იქნება.

მამა კირილეს ასეთი აზრი ახირება არ ყოფილა, ამ დასკვნამდე იგი მიიყვანა წმიდა იოანეს აპოკალიფსმა.

ახლა მოკლედ გავიხსენოთ მამა კირილეს ნათქვამიდან, უფრო სწორად, აპოკალიფსის მისეული ეგზეგეზიდან, თუ რა ახდა, რა აღსრულდა დღეისათვის.

მამა კირილე წერს (გადმოცემულია შემოკლებით, ასტერიოს არგირიუს მოხსენების მიხედვით):

„უფალმა თავისი ძალაუფლება მიანდო რუსეთის მართლმადიდებელ მეფეებს, მაგრამ მათაც გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და იწვევენ ღვთის მრისხანებას...

დღეს (1821 წელს - გ. მ.) იბერიის ძალიან მცირე სამეფო არის ერთადერთი მორწმუნე სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის ერთგული დარჩა.

ამპარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელჰყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა: „მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი“, ე. ი. რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ხელისუფლებას შეუერთეს. ქართველი ხალხი მამაცურად და თავგანწირვით იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ღმერთი შეეწევა მას ამ საუნჯის მოპოვებაში. ასე რომ, ქვა, საქართველო, მოწყდება მთას, გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისაგან, ვინმეს ხელშეუხებლად, რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტანციების გადაწყვეტილებისა და თანხმობის გარეშე. და ეს ქვა გახდება დიდი მთა, რომელიც დაამსხვრევს და მტვრად აქცევს ყველა სხვა სამეფოებს. "ქვამ, ამბობს წმინდა წერილი, დაამსხვრია ქანდაკების რკინისა და გამომწვარი თიხის ფეხები, რომლებიც დაემსგავსნენ ზაფხულში ჰაერში გაბნეულ ბზეს. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად ბრწყინვალედ იქნა აღსრულებული ჩვენი უფლის განკაცებით (...);

ის აღსრულდება მეორედ კიდევ უფრო ბრწყინვალედ, როდესაც ამ პატარა სამეფოში (საქართველოში) მოვა კეთილდღეობა და მზისქვეშეთის ყველა სახელმწიფოები და ძალაუფლებანი, დიდნი და პატარანი, მის ფერხთა წინაშე გაერთხმებიან“ (გ.5886).

თვით „რუსეთი, რომელიც ამჟამად დიდად არის განვრცობილი და ამპარტავნებს თავის დიდებულებით, განიძარცვება იმ რეგიონებისა და უცხო სამეფოებისაგან, რომლებიც მან შეიერთა; დამცირებული, იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით“ ($.5843).

თავისი სიხარბისა და სხვა ცოდვებისათვის რუსეთი დაისჯება. მისი დიდება და სიძლიერე კიდევ მხოლოდ მცირე დროით გაგრძელდება; ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება „უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი“, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ($.5958).

თუ კარგად დავაკვირდებით, მამა კირილეს მიერ მეცხრამეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები, უფრო სწორად, აპოკალიფსის განმარტებისას გაცხადებული, მწარედ აუხდა რუსეთს -

ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუქმებელი რუსეთის იმპერატორი პავლე I მოაკვლევინა შვილმა, ალექსანდრე I-მა. ალექსანდრე I-მა გააგრძელა მამის საქმე, საქართველოს დაპყრობა და... გადაეგო უძეოდ. პავლე I-ის მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა ქართველი კაცი, გვარად იაშვილი.

ალექსანდე I-ის ძმის შვილი (პავლეს შვილიშვილი) მოკლეს.

გავიდა დრო და ამოწყვიტეს რუსული სამეფო ოჯახი მთლიანად, შეწყდა რომანოვთა მამრობითი სამეფო შტო.

რუსეთი მართლაც „განიძარცვა დაპყრობილი რეგიონებისაგან“, რომლებიც მას მამა კირილეს დროს ჰქონა: ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები.

მომავალში რუსეთს უარესი დაემართება, თუ არ გაითვალისწინებს მამა კირილეს შეგონებებს: „დამცირებული იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით, ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება „უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი“, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში - მამა კირილეს სიტყვებს გვიამბობს ასტერიოს არგირიუ.

საქართველო კი, ბერძენი ბერის წინასწარმეტყველებისამებრ, აღდგა. მართალია, დღეს ძალიან უჭირს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ მომავალში იგი დიად მისიას შეასრულებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი, კი, რომელიც არ იშლის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, მსხვერპლი გახდება საკუთარი მმართველების ცოდვებისა.

http://www.georoyal.ge/?m=1000&id=341

Комментариев нет:

Отправить комментарий