пятница, 5 апреля 2013 г.

წმინდანები.

 წმინდა გაბრიელის უხრწნელი სისხლი.
18 წელი გავიდა წმინდა გაბრიელის გარდაცვალებიდან და მისი სისხლი დღემდე უხრწნელია, რაც კიდევ ერთი ნიშანია მისი სიწმინდისა. ექიმი ნათია არაბიძე იგონებს: `გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ავადმყოფობის პერიოდში, მამა გაბრიელს მე და ჩემი კოლეგები ვმკურნალობდით. ერთ-ერთი ასეთი მონახულებისას ბიოქიმიური ანალიზისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ ვენიდან სისხლის აღება (ღვიძლის ფუნქციების გამოსაკვლევად) სენაკში. რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ვთხოვდით მამა გაბრიელს, მოეცა კურთხევა სისხლის ასაღებად. ბოლოს, როდესაც იმედი გადაგვეწურა და ვიფიქრეთ, ღვთის ნება არ არისო, მოულოდნელად კურთხევა მოგვცა. გახარებულებმა მაშინვე ავიღეთ 5 მლ სისხლი თავდახურულ სინჯარაში. სამთავროდან წამოსულები სვეტიცხოველთან გავჩერდით. ჩემი კოლეგები შევიდნენ მონასტერში მამების მოსანახულებლად, გოგონები მანქანაში დავრჩით. შუა საუბარში უცებ სინჯარა ხმაურით ჩამოვარდა და ხელში თავსახური შემრჩა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაოგნებული ვიყავი, რადგან სისხლის დიდი ნაწილი დაიღვარა. სინჯარაში დარჩა 1 მლ-მდე სისხლი. ვერ მივხვდით, როგორ მოხდა ეს, რადგან ხუფის მოხსნა არცთუ იოლია. გულდაწყვეტის პირველმა ტალღამ გადაგვიარა. ვანუგეშეთ ერთმანეთი, რომ ალბათ მართლაც არ იყო უფლის ნება მამა გაბრიელის სისხლის გამოკვლევაზე, კურთხევა კი იმიტომ მოგვეცა, რომ გული არ გვტკენოდა. უკან დაბრუნებულ ჩემს კოლეგებს ვერაფრით ავუხსენი, თუ როგორ მოხდა ყოველივე.
მეორე დღეს მამა გაბრიელი დაჟინებით კითხულობდა თავის სისხლს. რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვჩენილვარ _ არ ვიცოდი, რა მექნა. ჩემს ახლობელ ბიჭებს ვერც ტყუილი ეთქვათ და ვერც მართალი.
ორი დღის შემდეგ ჩავედი მცხეთაში და შეშინებული მივადექი კელიას. ჩემდა გასაოცრად, მამა გაბრიელს ჩემთვის არაფერი უკითხავს, თუმცა ჩემს გასაგონად სხვებს დაჟინებით სთხოვდა პასუხს. ეს ფაქტი ჩვენი გარკვეული სწავლებისთვის იყო განკუთვნილი. სინჯარაში დარჩენილი სისხლი ვერაფრით გავიმეტე გადასაღვრელად და სასოებით შევინახე.
მამა გაბრიელის შეწუხებამ მეორეჯერაც მოგვიწია. ამჟამად ავიღეთ სისხლი შპრიცში, კვლავ ჰეპარინის გარეშე. მოხდა ისე, რომ იმ დღეს ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, მეორე დღეს შემატყობინეს მამა გაბრიელის გარდაცვალების ამბავი. შპრიცით სავსე სისხლიც შევინახე.
მამა გაბრიელის გარდაცვალება ძლიერ განვიცადეთ. კეთილი ბერის დანატოვარი სისხლი მაძლიერებდა და მახსენებდა მის თავს. სამი წლის მანძილზე ის არ შედედებულა. ერთ-ერთ ჩემს კოლეგას ვაჩვენე. მითხრა, _ სისხლი ჰემოლიზურიაო. ეს დასკვნა გააკეთა ფერის მიხედვით, მე კი ვარწმუნებდი, რომ სისხლის აღების დღიდან ფერი ოდნავადაც არ შეცვლილა (მუქი ვენური სისხლი ავიღე). შპრიცი ჩავიდე ჩანთაში და წავედი სამსახურში. ჩემდა საუბედუროდ, ჩანთა დამეკარგა თუ მომპარეს, არ ვიცი. მას შემდეგ გავიდა 7 წელი. 1 მლ სისხლი, რომელიც სინჯარაში გახლდათ, დღემდე არ შედედებულა. ამან ყველა ძალიან დააფიქრა. გავაკეთებინეთ ლაბორატორიული ანალიზი, რის შედეგადაც სპეციალისტები გაოცებულნი დარჩნენ, რადგან სისხლი მართლაც არ იყო შედედებული, ჩვეულებრივი სისხლი დედდება, თუ ის არ არის ჰემოლიზური ან ავადმყოფი არ არის ჰემოფილიით დაავადებული, ან თუ სისხლს შედედების საწინააღმდეგოდ ჰეპარინი არ აქვს დამატებული (თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთი სისხლი ვერ გაძლებდა).
გამოკვლევით ჰემოლიზი გამოირიცხა, ერითროციტების გარსი არ იყო დარღვეული, მხოლოდ ოდნავ შეჭმუხნილი. სპეციალისტებს გაუჭირდათ რაიმე დასკვნის გაკეთება, ვინაიდან ამ ხნის სისხლი არავის გამოუკვლევია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სისხლის უჯრედები შეცვლილი იყო, თუმც გარსი არ იყო დარღვეული, მაგრამ ვერ ხსნიდნენ ამ ფონზე მის თხიერობასაც. მით უმეტეს, რომ ჰემოლიზი (უჯრედის დაშლა) არ იყო მომხდარი.
ვფიქრობ, ყოველივე ამის შემდეგ გარკვეული დასკვნები უნდა გაკეთდეს. ალბათ უფრო მეტი რამ გახდება ნათელი, ისევე როგორც სისხლის გამოკვლევის ჩატარებისას (1999 წ.).
საერთოდ, მონაზვნების დაავადებები მეტად თავისებურად მიმდინარეობს, ერთი ნოზოლოგიის ფარგლებში ვერ გააერთიანებ. ატიპურად მიმდინარეობს და სულიერი თვალსაზრისით ეს ლოგიკურიცაა.
ექიმ ზურაბ ვარაზის მოგონებიდან: `მამა გაბრიელს სისხლი ჩემი ხელით ავუღე ნათიასთან ერთად. რაიმე კონსერვანტი არ დაგვიმატებია. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოვათავსეთ, არ ინახებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 7 წლის (სწორედ მაშინ ჩაიწერა ეს მოგონება, _ კ.კ.) განმავლობაში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე სისხლი არც შედედდა, არც გაიხსნა, არც ჰემოლიზი განიცადა. სისხლის ანალიზი, რომელიც გაკეთდა სხვადასხვა ლაბორატორიაში, ადასტურებს ზემოაღნიშნულს...~
"კარიბჭე". 2011 N25
............................................................................

წმინდა იანუარიუსის სისხლის სასწაული.

უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ნეაპოლში ყოველწლიურად უჩვეულო ფენომენი _ წმინდა იანუარიუსის სისხლის სასწაული აღესრულება. შედედებული სისხლი `ცოცხლდება~ და თხევადდება. ეს სასწაული ყოველ 19 სექტემბერს, წმინდანის მოწამეობის დღეს მეორდება, ასევე მაისის პირველ კვირას, ზოგჯერ 16 დეკემბერს და საგანგებო შემთხვევის დროს.
წმინდა იანუარიუსის სისხლის სასწაული გამოწვევას უცხადებს თანამედროვე მეცნიერებას და ფიზიკის ძირითად კანონებს. ადამიანის გაქვავებული სისხლი უეცრად თხევად მდგომარეობაში გადადის. ყველას თვალწინ იცვლის ფერს, წონას, მოცულობას. ეს საკვირველი მოვლენა სხვადასხვა დროს ხდება, ტემპერატურისაგან დამოუკიდებლად (ტემპერატურა ტაძარში 5-6-დან 30-32 გრადუსამდე მერყეობს). ზოგჯერ ის რელიკვარიუმის გახსნისას თხევადი ხვდებათ. ყოფილა შემთხვევა, როცა სისხლი გაქვავებული დარჩენილა განძლიერებული ლოცვების დროს _ ასე მოხდა, მაგალითად, 1976 წელს, როცა 8 დღის მანძილზე გამოფენილი იყო რელიკვია.
ფენომენი მეცნიერებს სისხლის მოცულობის ცვლილებით განაცვიფრებს, რომელიც როცა თხევადდება, მთელ ჭურჭელს აღავსებს, ხანაც უმცირეს ზომამდე მცირდება. იცვლის ფერსაც: კაშკაშა წითლიდან ჟანგისფრამდე. იცვლება თვით სისხლის წონაც, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, სისხლის ჩვეული მდგომარეობიდან თხევად მდგომრეობაში გადასვლის დროც. ზოგჯერ ეს მყისიერად ხდება, ზოგჯერ რამდენიმე წუთი, ანდა მთელი დღე გრძელდება. ანალოგიური რამ ხდება გაქვავებისასაც.
ფიზიკოსები და ჰემატოლოგები შეთანხმდნენ: შეუძლებელია იმის მეცნიერულად ახსნა, რომ სისხლი 17 საუკუნის მანძილზე მორფოლოგიურად უცვლელად არის შემონახული და რომ მისი წონა და მოცულობა უეცრად იცვლება. ყველა ცდამ, რომ ფენომენი ლაბორატორიულად ხელახლა შეექმნათ, ფიასკო განიცადა.
სპექტროგრაფიულმა ანალიზმა დაამტკიცა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილად ადამიანის არტერიულ სისხლთან. ჰიპოთეზა, თითქოს შუა საუკუნეებში სისხლში რაიმე ნივთიერება შეურიეს, სრულიად გაქარწყლდა, რადგან არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაბეჭდილი ჭურჭელი IV სა¬უ¬კუნისაა და მისი გახსნა მხო¬ლოდ გატეხით შეიძლება.
იტალიელი მეცნიერი, პროფესორი გასტონ ლამბერტი მრავალწლიანი გამოკვლევის შემდეგ ასკვნის: `ენერგიის შენახვის კანონი, პრინციპები, რომელიც წარმართავს კო¬ლოი¬დების პელირებას და გახსნას, ორგანული კოლოიდების დაძველების (დაბერების) თეორია, პლაზმის გამყარების ბიოლოგიური ექსპერიმენტი, ყველაფერი ეს ამტკიცებს, რომ საუკუნეების მანძილზე პატივმიგებული სიწმინდე გამოწვევას უცხადებს ბუნების ყოველგვარ კანონებს და ყოველგვარ ახსნას, რომელიც არ აპელირებს ზებუნებრივზე. წმინდა იანუარიუსის სისხლი _ ეს ცოცხალი და პულსირებული შენადედი ნიშანია საუკუნო სიცოცხლისა და აღდგომისა.
წმინდა იანურიუსის სისხლი აუხსნელი სახით არ ემორჩილება ბუნების ჩვეულებრივ კანონებს, რამეთუ მაშინ ის დიდი ხნის წინ გახმებოდა და ფერფლად იქცეოდა. ეს პირდაპირი მოწმობაა საუკუნო სიცოცხლისა, მოწოდებაა ქრისტესა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის, საყოველთაო აღდგომის რწმენისკენ.
ისტორიკოსების მტკიცებით, წმინდა იანუარუსი წამებით აღესრულა 305 წელს პოცუოლოში. ის ბენევენტის ეპისკოპოსი გახლდათ. დაიბადა დაახლოებით 275 წელს. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნისას დიაკვანი სესი დააპატიმრეს. ეპისკოპოსმა იანუარიუსმა მისი უსამართლოდ დაჭერის გამო პროტესტი განაცხადა, რისთვისაც ნაცვალმა დრაკონციმ იგი დააპატიმრა და სიკვდილი მიუსაჯა. მას 305 წლის 19 სექტემბერს თავი მოჰკვეთეს. დასჯისას ერთმა ქრისტიანმა მისი სისხლი ჭურჭელში მოაგროვა, რომელიც ახლა ნეაპოლის საკათედრო ტაძარში ინახება.
რელიკვია ინახება კაპელაში, რომელიც XVI საუკუნეში აშენდა წმინდა იანუარიუსისთვის სამადლობლად _ 1526 წელს მან ნეაპოლი ჭირისაგან გადაარჩინა. ის დაცულია დაჯავშნულ კარადაში რელიკვარიუმში, რომლის შიგნითაც ორი ჭურჭელი IV საუკუნისაა. ერთი მათგანი უფრო დიდი ზომისაა და ორი მესამედით არის ავსებული სისხლით. მეორე, პატარა ჭურჭელში, სისხლი მცირე რაოდენობისაა. ორივე ჭურჭელი დაბეჭდილია ძალზე მყარი მასტიკით, რომელიც უკვე 16 საუკუნისაა. ყველა სამეცნიერო გამოკვლევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სპექტრული ანალიზის მეთოდით.
ყოველწლიურად, 18 სექტემბერს, წმინდა იანუარიუსის ხსენების წინა დღეს, ნეაპოლის ტაძრის წინ უამრავი ადამიანი იკრიბება. მეორე დღეს, დილაადრიან, კარდინალი გაუძღვება პროცესიას კაპელისკენ. მიასვენებენ ჭურჭელს წმინდანის სისხლით, რომელიც იმ მომენტში უფრო მეტად არის გამდნარი. კარდინალს რელიკვია მიაქვს მთავარი ნეფის გასწვრივ და აჩვენებს ხალხს სასწაულმოქმედ სისხლს. 30000-ზე მეტი მორწმუნე გახარებული ტაშს უკრავს. სისხლი თხევად მდგომარეობაში კიდევ რვა დღე რჩება. უფრო ხშირად ზედაპირზე ჩნდება ბუშტები და სისხლი იდუმალ `დუღს~. ეს რვა დღე ლოცვისა და მოღვაწებისაა.
წმინდა იანუარიუსის სისხლის სასწაული ნიშანია, რომელიც აღვიძებს ცოცხალ რწენას მკვდრეთით აღმდგარი უფლის სიახლოვეს.
წმინდა მღვდელმოწამე იანუარიუსს მართლმადიდებელი ეკლესია 4 მაისს (21 აპრილს ძვ.სტ.) იხსენიებს.
"კარიბჭე".2011 წლის N25
..........................................................................................

წმინდა პანტელეიმონის სისხლი.

მადრიდში, მაცხოვრის განკაცების სამეფო მონასტერში, ინახება ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული სიწმინდე _ სისხლი წმინდა დიდმოწამისა და მკურნალისა პანტელეიმონისა, რომელიც წელიწადში ერთხელ თხევად მდგომარეობას იღებს.
სისხლი, რომელიც მყარ მდგომრეობაშია მთელი წლის მანძილზე, ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, სითხედ გადაიქცევა, წმინდა იანუარიუსის სისხლივით (იხ. ქვემოთ). ეს სასწაული მადრიდში აღესრულება წმინდანის მოწამებრივი სიკვდილის წინა დღეს, 26 ივლისს (ახ. სტ.). ეს ხდება მინის ფლაკონით წმინდა პანტელეიმონის სისხლის მონასტერში მობრძანების დღიდან. 1914-1918 წლებში, I მსოფლიო ომის დროს, ასევე 1936 წელს, როცა სამოქალაქო ომი დაიწყო ესპანეთში, ეს სასწაული არ განმეორებულა.
ყოველწლიურად უამრავი მორწმუნე მოდის მადრიდში წმინდანისათვის პატივის მისაგებად. ცნობისმოყვარეებიც მრავლად არიან, რომელთაც სურთ, თვალი ადევნონ ამ საკვირველ მოვლენას. 1933 წლიდან აკრძალულია სიწმინდესთან შეხება. სასწაული შეგიძლიათ იხილოთ ტელე¬ვიზიით.
როცა წმინდა დიდმოწმე და მკურნალ პანტელეიმონს თავი მოჰკვეთეს, ერთმა ქრისტიანმა მოაგროვა მისი სისხლის ნაწილი და სხვა ნეშტი წმინდანისა. სისხლი მინის ფლაკონში ინახებოდა. თავდაპირველად სიწმინდე რომის პაპის რელიკვარიუმში მოხვედრილა.
XVII ს-ის დასაწყისში რომის პაპს პავლე V-ს (1605-1621) უჩუქებია ნეაპოლში ესპანეთის ვიცემეფის იოანე სუნიგესთვის. იოანე სუნიგეს მეუღლეს კი იგი გადაუცია მაცხოვრის განკაცების სამეფო მონასტრისთვის, რადგან 1611 წელს მისი ერთადერთი ქალიშვილი ალდონა აქ აღკვეცილა მონაზვნად.
"კარიბჭე". 2011 N25
...............................................................................................

Комментариев нет:

Отправить комментарий