воскресенье, 14 апреля 2013 г.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა.

ანალიტიკა.

ვასილ მაღლაფერიძე
02/03/2012 13:22
ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი .

ეძღვნება ხვიჩას და გოჩას


ხალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი

აზიზიეს მეჩეთი მხოლოდ მინიატურული თვალსაჩინოებაა იმ გრანდიოზული პროექტისა, რომელსაც ოტომანთა ახალი იმპერია ეწოდება.
ახალ ოსმანიზმის დოქტრინას – ნეოოსმანიზმს რამდენიმე წელია გულდასმით აანალიზებს მთელი მსოფლიო და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ახერხებს, რომ ეს ფენომენი არ შეიმჩნიოს.
თურქეთში მიმდინარეობს ქემალ ათათურქის იდეური მემკვიდრეობის ძირეული გადააზრება, მმართველი პარტია პრემიერმინისტრ ერდოღანის ხელმძღვანელობით სულ უფრო მეტად ამკვიდრებს ისლამისტურ პრინციპებს როგორც საშინაო, ისე – საგარეო პოლიტიკაში.
თურქეთი აღარ არის ის ლაიცისტური ქვეყანა, რომელსაც სამხედროები ზედამხედველობდნენ. საქართველოს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრ ცვლილებებს განიცდის.

“ენდე... ოღონდ, შეამოწმე!”


2009 წლიდან მოყოლებული ერთ–ერთი მთავარი, რაც აინტერესებდათ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებს, მეცნიერებს და პოლიტიკოსებს, იყო ის, თუ საით მიჰყავდა ქვეყანა თურქეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებულ რეფორმებს.
დღეს ყველასთვის ცხადია, რომ თურქეთში მთლიანად შეიცვალა საგარეო და საშინაო პოლიტიკის შინაარსი და საძირკველი ეყრება ნეოოსმანურ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ ოტომანთა განახლებულ იმპერიას.
ამჟამად ჩვენს გვერდით სრულიად სხვა თურქეთია – სხვა მიზნებით და სხვა ამბიციებით, რომელიც აღარ მალავს, რომ განსხვავებულად ხედავს საკუთარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას, ვიდრე ხედავდა, თუნდაც, მე–20 საუკუნის ბოლოს. აქედან გამომდინარე მკვეთრად შეიცვალა მისი როლი ნატოში, ისევე როგორც – ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები.
საქართველოში კი კვლავინდებურად პრიმიტიული პოლიტიკური გათვლებით ხდება პოლიტიკური რუკის დაყოფა – ერთ მხარეს არის მტერი რუსეთი, მეორე მხარეს არიან მეგობარი ქვეყნები.
რუსეთი ოკუპანტია და მისი საკითხი გარკვეულია, თუმცა, მეორე მხარს ყველაფერი ასევე ერთმნიშვნელოვნად ცხადი არ არის, ვინაიდან სახელმწიფოებს შორის არ არსებობს მეგობრობა და, მით უმეტეს, მიჯნურობა.
რეიგანის ცნობილი გაფრთხილება – “ენდე... ოღონდ, შეამოწმე,”– იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები მხოლოდ მყარ გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს.
აქედან გამომდინარე, აზიზიეს მეჩეთის თემა განყენებულად კი არ უნდა განვიხილოთ, აუცილებელია, გავიაზროთ, რა არის ნეოოსმანიზმი და რას უქადის იგი საქართველოს?!


ნეოოსმანური პოლიტიკის დასაწყისი.

 

1923 წელს ოსმანური წარსულისგან კატეგორიულად გამიჯნული რესპუბლიკური თურქეთის იდეოლოგიური საფუძველი გახდა ქემალიზმი, რომლის ორ უმთავრეს პრინციპსაც წარმოადგენდა ლაიციზმი და ნაციონალიზმი ანუ თურქიზმი.
რუსეთმა და თურქეთმა 1920 წელს მცირე ხნით დაათბეს ურთიერთობები და გაიყვეს სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველოც. ამის შემდეგ თურქეთმა თავის მთავარ მტრად ისევ რუსეთი (საბჭოთა კავშირის სახით) და კომუნისტური იდეოლოგია დასახა.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქემალისტური იდეოლოგია მთლიანად პასუხობდა თურქეთის ლაიცისტური ხელისუფლების მოთხოვნებს. ამავე დროს, თურქეთი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ანტიკომუნისტურ ფორპოსტს ახლო აღმოსავლეთში და სარგებლობდა დასავლეთის კეთილგანწყობით.
თუმცა, მე–20 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც დიდებული წარსულის აღორძინება გადაწყვიტეს და ახალი ოსმანური სახელმწიფოს მშენებლობა წამოიწყეს.


თურქეთის ახალი პოლიტიკა, რომელსაც ნეოოსმანიზს ან ნეოოტომანიზმს უწოდებენ, ოფიციალურად დაიწყო 2002 წელს, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა მუსლიმანური იდეალებით განმსჭვალული სამართლიანობის და განვითარების პარტია რეჯებ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით.
2001 წელს პროფესორმა ახმეტ დაუთოღლუმ გამოსცა წიგნი “სტრატეგიული სივრცე – თურქეთის საერთაშორისო მდგომარეობა”, რომელში გადმოცემული კონცეფციაც ერდოღანმა საკუთარი პარტიის საგარეო პოლიტიკას დაუდო საფუძვლად და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეცნიერი ჯერ თავის მთავარ მრჩევლად დანიშნა უცხოეთის საქმეებში, 2009 წელს კი – საგარეო საქმეთა მინისტრად.
 
ახმეტ დაუთოღლუ არის თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი, რომელიც პრაქტიკაში ნერგავს სახელმწიფო დოქტრინად ქცეულ თავის საკუთარ თეორიას, რომლის თანახმადაც თურქეთმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უპირატესობები და ნატოს პერიფერიული მონაწილიდან გადაიქცეს მსოფლიო პოლიტიკის ერთ–ერთ წარმმართველად.
თურქეთის ახალმა საგარეო პოლიტიკამ უკვე 2003 წლის 1 მარტს იჩინა თავი, როდესაც თურქეთის პარლამენტმა სახტად დატოვა ამერიკელები და არ მისცა მათ თურქეთის ტერიტორიიდან ერაყის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის უფლება.
მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თურქეთი აღარ აპირებდა ამერიკის და ნატოს მითითებების უსიტყვოდ შესრულებას და რეგიონში გაჩნდა ქვეყანა, რომელმაც საკუთარი პოლიტიკის და ინტერესების გატარება დაიწყო.


“დიახ, ჩვენ ახალი ოსმანები ვართ...”

ტერმინი “სტრატეგიული სივრცე” სამხედრო მეცნიერებაში ნიშნავს ბუფერულ ზონას სახელმწიფოს საზღვრიდან ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ სტრატეგიულ ობიექტებამდე, რათა ისინი მტრებისთვის მიუწვდომელნი დარჩნენ.
აქედან გამომდინარე “სტრატეგიული სივრცე” არსებითად იგივეა, რაც უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი სივრცე ანუ ინტერესების სფერო.
რა მანძილს უნდა მოიცავდეს სტრატეგიული სივრცე, ამას, საკუთარი ძალმოსილებიდან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო თავად ადგენს.
პროფესორ დაუთოღლუს კონცეფციის თანახმად თურქეთის “სტრატეგიული სივრცის” გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება ისტორიული წარსულით, ანუ თურქეთია ყველაფერი ის, რაც ოდესმე ოტომანთა იმპერიაში შედიოდა და ამ ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენს ისტორიული კანონზომიერებით დადასტურებულ თურქეთის სტრატეგიულ ინტერესებს.
დაუთოღლუ განმარტავს, რომ “სტრატეგიული სივრცის” სტაბილურობისთვის აუცილებელია ახალი ოსმანური წესრიგის დამყარება, რაც გულისხმობს არამხოლოდ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, არამედ იმის მიღწევას, რომ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ მხოლოდ თურქეთის გავლით და მეშვეობით.
ანუ მეზობელი ქვეყნებიც თურქეთის “სტრატეგიული სივრცის” ნაწილს წარმოადგენენ.
ნიშანდობლივია ბატონი დაუთოღლუს ერთ–ერთი გამონათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ თურქებმა საკუთარი ინტერესები ევროპელების წინაშე: “დიდი სახელმწიფოები დაბნეულები შემოგვცქერიან. პირველ რიგში საფრანგეთს აინტერესებს, რა გვინდა აფრიკაში. მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ საელჩოები გახსნან ყველაზე საუკეთესო ადგილებში და რომელ აფრიკულ სახელმწიფოშიც არ უნდა ჩავიდეს სარკოზი, თავს აწევს თუ არა, უნდა დაინახოს თურქეთის საელჩო და თურქეთის დროშა.”
ამბიციების ამგვარად დემონსტრირების მიზანს, სარკოზის გაოცებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნებაც წარმოადგენს, რომ სწორედ თურქეთია მათი მთავარი მეთვალყურე.
თურქეთი მიზანსწრაფულად ცდილობს პოზიციების გამყარებას ყოფილი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებში (თურქი ანალიტიკოსების მონაცემებით ასეთი სამოცდაათამდე სახელმწიფოა).
როდესაც ამერიკის ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი დაინტერესდა თურქეთის ამგვარი აქტიურობის მიზეზით, დაუთოღლუმ მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა: “თუ თურქეთის გარშემო შემოვავლებთ წრეს 1000 კილომეტრი სიგრძის დიამეტრით, მასში მოექცევა 20 ქვეყანა, ხოლო თუ დიამეტრს 3000 კილომეტრამდე გავზრდით, მასში მოექცევა 70 ქვეყანა. და რამდენი ქვეყანა მოექცევა იმავე სიდიდის წრეში ამერიკის გარშემო? რასაკვირველია, თურქეთი ყოველთვის დაინტერესდება საკუთარი გარემოცვით.”
ახმეტ დაუთოღლუს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის თურქეთის მმართველი პარტიის წევრების წინაშე გაკეთებული განცხადება: “არსებობს ოსმანთა იმპერიის მემკვიდრეობა. ჩვენ გვიწოდებენ ნეოოსმანებს, დიახ, ჩვენ ახალი ოსმანები ვართ და ამიტომაც ჩვენ გვევალება მეზობელი სახელმწიფოების საქმეების წარმართვა.”
ვინაიდან თურქეთი მდებარეობს ევროპაშიც და აზიაშიც, ესაზღვრება ბალკანეთს, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს, ხოლო მისი გავლენა სწვდება შუა აზიას და ჩრდილო აფრიკას, დაუთოღლუს აზრით, ამგვარი “სტრატეგიული სივრცე” თურქეთს გლობალური მასშტაბის ძალად გადაქცევის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონცეფციის ავტორი აუცილებლად მიიჩნევს დასავლეთისგან დისტანცირებას, დამოუკიდებელი საგარეო კურსის გატარებას და, ამავე დროს, ურთიერთობების განმტკიცებას რუსეთთან, ირანთან და მთელ მუსლიმანურ სამყაროსთან.
ზოგი მკვლევარი ახმეტ დაუთოღლუს პოლიტიკურ დოქტრინას ნეოევრაზიულ გეოპოლიტიკურ კონცეფციად მიიჩნევს.
სხვათა შორის, ათენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა ხრისტოს იანნარასმა გააფრთხილა თანამემამულეები – “თუ გსურთ შეინარჩუნოთ ქვეყანა, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნიო,” და იქვე დასძინა: “ახმეტ დაუთოღლუს თავისად მიაჩნია ჩვენი სახელმწიფოს დიდი ნაწილი... მე არასდროს წამიკითხავს წიგნი, რომელშიც ასე შთამბეჭდავად და გასაგებად იყოს ახსნილი ეგეოსის ზღვის და კიპროსის სტრატეგიული მნიშვნელობა. დაუთოღლუმ ძალიან კარგად იცის, რაც სურს.”
ამ წიგნის წაკითხვა უთუოდ სასარგებლო იქნება კავკასიელებისა და, მათ შორის, ქართველებისთვისაც, რათა ჩვენც ვიცოდეთ, რა სურს ბატონ დაუთოღლუს და ზოგადად თურქეთს.


პანთურქიზმიდან ოსმანიზმისკენ.
 ნეოოსმანიზაციის რაობის უკეთ შესაცნობად აუცილებელია მისი წინარე ისტორიის გახსენებაც.
სოციალისტური ბანაკის დაშლასთან ერთად თურქეთი კარგავდა ნატოს “ციხე–სიმაგრის” ფუნქციას, თუმცა, თურქეთის უაღრესად გამჭრიახმა და ფართო დიაპაზონის მქონე ლიდერმა თურგუთ ოზალმა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო ახალი პოლიტიკის გატარება.
1987 წელს თურქეთმა შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამით დაადასტურა, რომ ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომა სურდა.
დიდი გარდაქმნების მაუწყებელი იყო თურქეთის მომავალთან დაკავშირებით თურგუთ ოზალის ახლებური ხედვების სააშკარაოზე გამოტანა, რაც ქემალისტური იდეოლოგიის გადახედვას ნიშნავდა.
1988 და 1991 წლებში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა თურგუთ ოზალის წიგნი – “თურქეთი ევროპაში და ევროპა თურქეთში”. ნიშანდობლივია, რომ ეს წიგნი თურქულად ავტორის სიცოცხლეში არ გამოცემულა, რადგან იგი თურქ მკითხველთა ფართო წრისთვის არ იყო განკუთვნილი და მხოლოდ ახალი იდეოლოგიისთვის ნიადაგის შემზადებას ისახავდა მიზნად.
თურგუთ ოზალის კონცეფციის თანახმად თურქეთი მიეკუთვნება ანატოლიურ ცივილიზაციას, რომელიც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ევროპის განვითარების მიმართულება.
ხოლო, ვინაიდან, მაშინდელ ევროპაში ძველი ბერძნული შედევრების შესაქმნელად საკმარისი კულტურული პოტენციალი არ არსებობდა, ხოლო ანტიკური საბერძნეთის თვალსაჩინო წარმომადგენლები (იგივე ჰომეროსი, ან ცნობილი ფილოსოფოსები, რომელთაც ავტორი ანატოლიელებს უწოდებს და არა ბერძნებს) ცხოვრობდნენ ანატოლია–თურქეთის ტერიტორიაზე, ისინი სწორედაც რომ თურქეთის კულტურულ–ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ.
თურგუთ ოზალმა მთელი ანატოლიის ისტორია უხსოვარი დროიდან თურქეთის მემკვიდრეობად გამოაცხადა, თუმცა, ამ მსჯელობაში მნიშვნელოვანი ფაქტების სიზუსტე კი არ იყო, არამედ ახალი იდეოლოოგიის კონტურები.
პრინციპულ სიახლეს წარმოადგენდა, რომ უკანა რიგში გადავიდა თურქული საძმოს – დიდი თურანის იდეა, რასაც ეფუძნება პანთურქული იდეოლოგია, ხოლო მთავარი ორიენტირად დაისახა წინაააზიის ხალხებთან კულტურულ–ტერიტორიული ერთობის საკითხი – ანატოლიური ერთობა.


პანთურქისტებისთვის ალტაურ ენათა ოჯახის წევრთა შორის სისხლით ნათესაობა წარმოადგენდა დიდი თურქული სახელმწიფოს – დიდი თურანის შექმნის იდეოლოგიურ საფუძველს, თურგუთ ოზალმა კი, სისხლით ნათესაობის საპირისპიროდ, ერთობის შემკვრელ დუღაბად ანატოლიური საერთო წარსული და კულტურათა სიახლოვე გამოაცხადა.
პანთურქიზმიდან ოსმანიზმზე გადასვლა ნიშნავდა, რომ ოზალს საკუთარი სახელმწიფოს იდეალურ მოდელად დიდი თურანის ნაცვლად წარმოდგენილი ჰქონდა ოტომანთა იმპერიით შემოფარგლული ანატოლია და სწორედ ეს თეორია განავითარა შემდგომში ახმეტ დაუთოღლუმ.
თურგუთ ოზალის მზაობას დიდი გარდაქმნებისთვის და ათათურქის თურქული ნაციონალიზმის ახალი ოსმანიზმით ჩანაცვლების გეგმას ადასტურებს მისი დამოკიდებულება ქურთების საკითხისადმი. იგი იყო პირველი თურქი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ქურთების კუტურული უფლებების შესახებ დაიწყო საუბარი. სწორად ოზალის დროს აღიარეს თურქეთში ოფიციალურად ქურთული ენის და საერთოდ ქურთების არსებობა (მანამდე ქურთებს მთის თურქები ეწოდებოდათ).
როგორც ამბობენ, თურგუთ ოზალი კერძო საუბრებში ხშირად ხშირად იმეორებდა, რომ მე–20 საუკუნის ბოლოს ქურთული სეპარატიზმის პრობლემა არ გვექნებოდა, ათათურქს რომ თავისი ახალი ქვეყნისთვის თურქეთის ნაცვლად ანატოლიის რესპუბლიკა ეწოდებინაო. ასევე ცნობილია ისიც, რომ ოზალი ხშირად იყენებდა ტერმინს – ოსმანთა რესპუბლიკა.


.
ნეოოსმანური პროგრესი.

ნეოოსმანიზმი ნიშნავს თურქეთის განვითარების ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნებას, დასავლეთის არტახებიდან გათავისუფლებას და იმ ენერგიის გამოთავისუფლებას, რომელმაც თავის დროზე უზარმაზარი იმპერია შექმნა და ევროპა შეაზანზარა.
თუ ცოტა ხნის წინ თურქეთი ამაოდ ცდილობდა ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომას, ამჟამად თურქეთის ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ევროპის კარზე მახვეწრობას და საკუთარ ალტერნატიულ იმპერიას ქმნიან.



თურქეთი არის კასპიის ენერგორესურსების მთავარი გამტარი ევროპისკენ, ევრაზიის თურქულენოვანი რეგიონების პოლიტიკურ და ეკონომიკური კონსოლიდაციის ცენტრი, განუწყვეტლივ ზრდის გავლენას მეზობელ სახელმწიფოებზე და ყალიბდება როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერი, მათ შორის, არაბული სახელმწიფოებისთვისაც.
ერთი პერიოდი ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა თურქეთის ხელისუფლების მიერ ღიად გამოხატულ საგარეო ინტერესებს. კოსოვოს აღიარება და ალბანელების მხარდაჭერა მაკედონიაში ამერიკის პოლიტიკის გაგრძელებად იქნა მიჩნეული და ამ ფონზე 2009 წელს მეხივით გავარდა სარაევოში ახმეტ დაუთოღლუს მიერ გაკეთებული განცხადება განახლებული ოტომანთა იმპერიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთის ინტერესები მხოლოდ განცხადებებით კი არ შემოიფარგლება, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ თურქეთი ძალიან სერიოზული ფინანსებით და შეიარაღებით დაეხმარა მუსლიმანურ თემებს, რომლებიც მოკავშირეებად ეგულება იმპერიის აღდგენის საქმეში.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ხაზს უსვამენ, რომ სწორედ ოტომანთა იმპერიის დაშლამ გამოიწვია თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტები, რაც ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას, რის გამოც, სწორედ ანკარას ეკისრება პასუხისმგებლობა მშვიდობის დამყარებაზე ოსმანთა სულთნების ყოფილ ქვეშევრდომ მხარეებში.
თურქეთის გლობალურ ამბიციებზე მეტყველებს პრემიერმინისტრ ერდოღანის განცხადებაც გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის აუცილებლობის შესახებ – არასწორია, რომ საბჭოს მუდმივი წევრი ხუთი ქვეყანა განაგებს დანარჩენი 188 ქვეყნის ბედსო. ეს, ფაქტობრივად, არის “ჯანყი გემზე” და არსებული მსოფლიო წესრიგის გადახედვის მცდელობა.
თურქეთის ხელმძღვანელობამ უკვე არაერთხელ გამოაცხადა, მოგვბეზრდა ევროპის კართან ლოდინიო. ყურადღებას იქცევს სტამბოლის ფორუმზე პრემიერმინისტრ ერდოღანის ნათქვამი: “თურქეთი მიდრეკილია ევროპული ინტეგრაციისკენ, თუმცა, არ სურს, გამოიყურებოდეს უმწეო მათხოვრად. თურქეთი შეასრულებს იმ როლს, რომელიც შეეფერება აღმოსავლეთ–დასავლეთის სტრატეგიულ გზაჯვარედინზე. მდებარე სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სტატუსს.”
პოლიტიკური კურსის შეცვლაზე მიანიშნებს ერდოღანის მიერ 2009 წლის სექტემბერში საფრანგეთში გაკეთებული განცხადებაც: “თურქეთს სამომავლოდ განზრახული აქვს, უარი თქვას ევროკავშირის წევრობაზე და აირჩიოს ის გზა, რომელსაც ადგას ნორვეგია.”
ერდოღანის მთავრობამ შორსმჭვრეტელური და დინამიური პოლიტიკის მეშვეობით ერთმნიშვნელოვნად ამერიკაზე ორიენტირებული ქვეყანა გადააქცია სახელმწიფოდ, რომელიც მრავალმხრივ და გლობალურად განიხილავს მოვლენებს და გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
სწორედ ამგვარი მიდგომების წყალობით ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა მსოფლიოში მეთხუთმეტე გახდა ეკონომიკის სიდიდით და ექსპერტების ვარაუდით რამდენიმე წელიწადში “ოქროს ათეულშიც” შევა.



ნეოოსმანური ლიბერალიზაციით ისლამური დემოკრატიისკენ.

უაღრესად საინტერესოდ წარიმართა სახელმწიფო მმართველობით სისტემაში ნეოოსმანიზმის პრინციპების დამკვიდრების პროცესი.
თურქეთში ქემალისტური კურსის შენარჩუნების უმთავრესი გარანტი და ქვეყნის რეალური ზედამხედველი იყო არმია, რომელიც უზრუნველყოფდა თურქეთის პროდასავლური, კერძოდ კი პროამერიკული კურსის უცვლელობას.
ხელისუფლების სათავეში მოსულმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ თავის უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა ევროპასთან შემდგომი დაახლოება.
ევროკავშირის რეკომენდაციით ერდორანმა დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები, რასაც მხარს უჭერდნენ თურქეთის ლიბერალური წრეები - გაუქმდა სიკვდილით დასჯა, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მნიშვნელოვნად ამაღლდა დემოკრატიის ხარისხი, რასაც ბუნებრივად მოჰყვა სამხედროების როლის შესუსტება და შემდეგ მათი ჩამოშორება ქვეყნის მმართველობითი სისტემიდან.
გაიმართა გახმაურებული სასამართლო პროცესები ყოფილი და მოქმედი ოფიცრების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებოდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. სააშკარაოზე გამოვიდა ბევრი ისეთი ფაქტი, რამაც სამხედროების დისკრედიტაცია მოახდინა.
ერთ დროს ძლევამოსილმა გენერალიტეტმა სხვა ვეღარაფერი გააწყო და 2011 წლის 29 ივლისს ჯარის მთელი სარდლობა ერთდროულად გადადგა.
თურქეთში ლაიციზმი შეიცვალა ისლამიზმით და ეს განხორცილდა ევროპული ლიბერალიზმის მხარდაჭერით. ქვეყნის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო.
ნათელია, რომ ისლამი უფროდაუფრო სერიოზულ როლს შეასრულებს თურქული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და სწორედ მას დაეკისრება ახალი იმპერიის გამაერთიანებელი სულისკვეთების ფუნქცია.
ნეოოსმანისტები ძალიან მოქნილად მიუდგნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხსაც. სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, პირველად თურქეთის ისტორიაში, ქურთებს შესთავაზა ნაციონალ–კულტურული განვითარების პროგრამა, დართო ქურთულ ენაზე სწავლების ნება, დაუშვა ქურთულენოვანი მასმედია, მათ შორის – ელექტრონული.
2011 წელს თურქეთის მთავრობამ, პირველად ისტორიაში, გასცა გრანტები ნაციონალური უმცირესობების ენებზე ჟურნალ–გაზეთების გამოსაცემად.
როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მოძრაობა გაგრძელდება, რათა ეთნიკურმა და რელიგიურმა უმცირესობებმა ახალი ოსმალეთი საპყრობილედ და თურქები მათთვის მიჩენილ მცველებად კი არ აღიქვან, არამედ იმპერიის სრუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი და ნებაყოფილობით იღვაწონ მისი გაძლიერებისთვის. ეს კარგად ჩანს ერდოღანის მიერ ერთ–ერთი რელიგიური უმცირესობის დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვიდან: “ადამიანი ადამიანის თანასწორია, ამიტომ არ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს და არც მიენიჭება სუნიტს შიიტთან შედარებით, ჯაფარიტს – სუნიტთან შედარებით, თურქს – ქურთთან შედარებით, ლაზს – ჩერქეზთან შედარებით, სპარსს – არაბთან შედარებით. ამ დედამიწაზე ჩვენ თანასწორები ვართ, ჩვენ ერთად ვართ და ძმები ვართ!”
იმავე აზრს ანვითარებს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი: “თურქებს არა გვაქვს პრეტენზია სატიტულო ნაციის სტატუსზე და პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნებას, იქნება ის ქურთი, ლაზი, ქართველი თუ ებრაელი, ოღონდ, ამავე დროს, ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ თურქეთის სახელმწიფოს და მის კანონებს. ამ ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა. ჩვენ არავის მივცემთ ერთიანი ქვეყნის დაშლის უფლებას.”



აღმოსავლეთის ახალი ლიდერი.

დღეს ბევრი მუსლიმანური ქვეყნის ლიდერს ხიბლავს თურქეთში განხორციელებული “ზომიერი ისლამის” მოდელი. ნეოოსმანური იდეოლოგიის უმთავრესი მდგენელი არის ისლამი და მისგან გამომდინარე ისლამური დემოკრატია. სწორედ ამიტომ თურქეთს მხოლოდ რეგიონული ლიდერის როლს კი არ აკუთვნებენ, მას განიხილავენ ისლამური სახელმწიფოებრიობის ახალ მოდელადაც.
თავის მხრივ ნეოოსმანები ხელს უწყობენ ზოგადისლამური სოლიდარობის დამკვიდრებას.
ერდოღანი არის პირველი სუნიტი ლიდერი რომელიც ერაყში ვიზიტისას ჩავიდა შიიტებისათვის წმიდა ქალაქ ენ–ნაჯაფში და იქ იმამ ალის საფლავზე ილოცა, რითაც ისლამის ორი შტოს – სუნიზმისა და შიიზმის საერთო ფესვებზე მიანიშნა.
თურქეთი ხდება წარმატებული სახელმწიფოს მაგალითი მთელს ახლო აღმოსავლეთში. ამის უკან დგას არაბული და მუსლიმანური სამყაროს მცხოვრებთა ცნობიერი და ქვეცნობიერი მისწრაფება, რომ გათავისუფლდნენ ამერიკისა და ევროპის მეურვეობისგან და საკუთარი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
თურქეთი მათ სწორედ იმით ხიბლავთ, რომ “ჭკუისმასწავლებელთა არტახებისგან” თავის დაღწევა მოახერხა და ტრადიციულ ისლამურ ღირებულებებს უბრუნდება, რაც ჩამორჩენის წინაპირობა კი არ გახდა, როგორც ამას ჩააგონებენ ისლამური ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ პირიქით, თურქეთი გამოირჩევა განვითარების სწრაფად მზარდი ტემპით.



2009 წლის იანვარში დავოსში ერდოღანსა და პერესს შორის მომხდარი ცნობილი შესიტყვებისა და, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2010 წლის მაისში თურქეთის ხომალდებმა ისრაელის მიერ ღაზასთვის დაწესებული ბლოკადის გარღვევა სცადეს, თურქეთის ავტორიტეტი არაბულ ქვეყნებში არნახულად ამაღლდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუთოღლუმ ისიც კი განაცხადა, რომ თურქეთი მზად იყო საკადრისი პასუხი გაეცა ისრაელისთვის, თუ იგი ღაზას შეუტევდა. ამით თურქეთმა პალესტინელების და ზოგადად არაბების მფარველის მანტია მოისხა და, შესაბამისად, ახალი ოსმანიზმის იდეის პოპულარობაც გაიზარდა არაბულ ქვეყნებში.
სხვათა შორის, ლიბიის მოვლენების ჯერ კიდევ პირველ სტადიაზე, 2011 წლის 9 მარტს, კადაფი შეეცადა ოსმანური სოლიდარობის გაღვივებას და თავის დროზე ოტომანთა იმპერიაში შემავალ ქვეყნების გასაგონად დაიძახა: “ჩვენ ყველანი ოსმანები ვართ. ჩვენ ერთი ისტორია გვაერთიანებს.”
არაბულ ქვეყნებში ერდოღანის პოპულარობა იმდენად მაღალია, რომ არაბული პრესა მას უწოდებს “თვით არაბებზე უფრო დიდ არაბს.”
პერსპექტივაში რამდენად თავსებადი გამოდგება ისეთი ცნებები, როგორებიცაა: “ლაიცისტური თურქეთი” და “ისლამური დემოკრატია”, ან “ახალი ლიდერი ახლო აღმოსავლეთში” და “ნეოოსმანური დემოკრატია”, ამას დრო გამოაჩენს, სამაგიეროდ უკვე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ თურქეთი გამოვიდა აშშ–ის და ევროპის ფარვატერიდან და დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ფუნქციას იძენს.
ოტომანთა განახლებული იმპერია აღარც წარსულის თაყვანისმცემელთა სიზმარია და აღარც ისლამისტური საზოგადოებების ოცნება, იგი უკვე განხორციელების სტადიაში მყოფი პროექტია.


 “იმპერიის საპასუხო დარტყმა!” – პიარსტრატეგია.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განუხრელად იზრდება იმპერიული წარსულისადმი ინტერესი, მოდაში შემოდის ოსმანურობასთან იდენტიფიცირება, რაც ბევრ სფეროში მჟღავნდება.
კარგ ტონად მიიჩნევა ოსმანური ენის არქაიზმების გამოყენება, ინტენსიურად მკვიდრდება ოსმანური სიმბოლიკა, ოსმანურ თემატიკას ეძღვნება ზღვა ლიტერატურა, უამრავი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი და ტელეგადაცემები.
იმპერიის ცნება პოპულარული გახდა ახალგაზრდების სუბკულტურაში და, მაგალითისთვის, ჩვეულებრივ ამბად იქცა წარწერები სპორტულ მაისურებზე – “იმპერიის საპასუხო დარტყმა!”.
2009 წელს ოსმანთა ტახტის მემკვიდრის დაკრძალვა გამოცხადდა სახელმწიფო ღონისძიებად, რომელსაც სახელმწიფოს პირველი პირები ესწრებოდნენ.
სწრაფი ტემპით მიმდინარეობს თურქეთის ოსმანიზაცია და ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს. თუმცა, თურქეთი ფორმალურად ჯერ ისევ რესპუბლიკად რჩება, მაგრამ მოქალაქეებში სულ უფრო მძლავრობს იმპერიზმის განცდა.
ყოფილ ოტომანური სივრცეში მცხოვრებთა ნაწილს საკმაოდ აღიზიანებს და აშინებს ნეოოსმანიზმის აღორძინება, ისინი საუბრობენ ოსმანურ საფრთხეზე და იხსენებენ იმპერიაში ცხოვრების შავბნელ დღეებს.
როგორც ჩანს, ახალ ოსმანები კარგად აცნობიერებენ, რომ ანტიოსმანური განწყობები შეაფერხებენ იმპერიული ინტეგრაციის პროცესს და, გარდა იმისა, რომ ქემალისტებთან შედარებით, გაცილებით ლიბერალურად ექცევიან რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, თავიანთ სტრატეგიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოტომანთა იმპერიის დადებითი კუთხით წარმოჩენას და ამ მიზნით რესურსებს არ იშურებენ.
მიზანმიმართული პროპაგანდა მიმართულია განსაკუთრებით იმ ქვეყნებისკენ, სადაც ოსმალეთის შესახებ ხსოვნა გაიგივებულია სისხლთან, ტყვეობასთან, რელიგიურ დევნასთან და მუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელთა მიზანიც ოტომანთა იმპერიის სხვადასხვა ხალხების თანაცხოვრების სამაგალითო მოდელად წარმოჩენაა.
აღნიშნული პროგრამები ორიენტირებულნი არიან ახალი ისტორიული ხედვების პოპულარიზაციაზე, ხოლო პროგრამების იმპლემენტაციის ტაქტიკა, მეტი დამაჯერებლობისთვის, გულისხმობს ამ პროცესში ადგილობრივი ინტელექტუალური კადრების ჩართვას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დადებითი განწყობის გაჩენას ძველი და განახლებული ოტომანთა იმპერიების მიმართ. ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს იმის მტკიცება, რომ ოსმალები დამპყრობლები კი არ იყვნენ, არამედ გამათავისუფლებლები, რომელთაც ხალხებისთვის მოჰქონდათ ცივილიზაცია, პროგრესი და მშვიდობა და კეთილდღეობა.
აგვარი პროპაგანდისტული სტრატეგია უკვე მოისინჯა ბალკანეთში და მალე სრულად ამოქმედდება კავკასიაშიც.

  ნეოოსმანური პროპაგანდის ტიპიური ნიმუშია ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოსული თურქული კინოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ისტორიული ბლოკბასტერი – “დაპყრობა 1453”, რომელიც კონსტანტინოპოლის აღებას ეხება.
ფილმის მხატვრულ ღირსებებს არ ვეხებით, მით უმეტეს, რომ თავად თურქეთის ისტებლიშმენტი ამ ფილმს აღიქვამს ერთდროულად დასავლეთისთვის და აღმოსავლეთისთვის განკუთვნილ პოლიტიკურ გზავნილად.
ორი ძალიან ნიშანდობლივი ციტატა თურქული გაზეთებიდან – “ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ იმ ევროპელებმა, რომელთაც არ სურთ თურქეთის ევროკავშირში მიღება, რადგან შიშობენ, რომ “ველური თურქები” საფრთხეს შეუქმნიან ევროპულ ცივილიზაციას.”
“ეს ფილმი სასარგებლო იქნება არაბულ ქვეყნებში მცხოვრები იმ მუსლიმანებისთვის, რომელთაც ჰგონიათ, რომ თურქეთს დაავიწყდა ისლამის კანონები.”
ფილმი ფაქტობრივად წარმოადგენს ნეოსმანიზმის დოქტრინის ეკრანიზაციას, რათა ახალი ოსმანიზმის იდეამ შეაღწიოს იმ ადამიანების გულებსა და ტვინებში, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ისტორიული ლიტერატურისა თუ ანალიტიკური სტატიების კითხვისკენ და არც მოვლენათა მიზეზ–შედეგობრიობის კავშირზე ფიქრით იჭყლეტენ ტვინს, თუმცა, უმრავლესობას წარმოადგენენ და მათი განწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკურ პროცესებში.
ფილმში ასახულია ის, რაზეც თურქი ექსპერტები და ანალიტიკოსები საკმაო ხანია ღიად საუბრობენ, რომ კონსტანტინოპოლის აღება იყო პროგრესული მოვლენა, რამაც ბოლო მოუღო შიდადაპირისპირებებს ბიზანტიის იმპერიაში და იქ მცხოვრებ ადამიანებს მოუტანა მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური აღმავლობა, ანუ ყველაფერი ის, რასაც დღეს პირდებიან ახალი ოსმანები ოტომანთა ყოფილ იმპერიაში მცხოვრებ ხალხებს.
როგორც თურქული პრესა წერს, “დაპყრობა – 1453” უაღრესად წარმატებული პროექტია და მომავალშიც ინტენსიურად გადაიღებენ ამ ტიპის ფილმებს, რომლებიც გაფანტავენ ცრუწარმოდგენებს და ნამდვილ ისტორიას მოუყვებიან ბალკანეთში, კავკასიაში და სხვა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.


ევრაზიულობა და ნეოოსმანიზმი.


ნეოოსმანებისთვის ანატოლიური კავშირი თურქული ტომების ერთიანობაზე მნიშვნელოვნია.
ევრაზიისტები უარყოფენ კულტურულ–ისტორიულ ერთიანობას სლავ ხალხებს შორის და მიაჩნევენ, რომ რუსულ კულტურასთან გაცილებით ახლოს დგას რუსეთბთან საერთო ისტორიული წარსულით გადაჯაჭვული თურანელ ხალხთა კულტურა, ვიდრე – დასავლეთ სლავების კულტურები.
ევრაზიისტებმა უარი თქვეს პანსლავისტობაზე და, ახალი ოსმანების მსგავსად, “სისხლით ნათესაობის” ნაცვლად სახელმწიფოებრივი გაერთიანების საფუძვლად გამოაცხადეს “მეზობლურ–ტერიტორიული” პრინციპი.
თუ პანთურქისტების იდეა იყო შუა აზიის სახელმწიფოების, ვოლგისპირეთის, ციმბირის და თურქული მოდგმის ხალხებით დასახლებული სხვა მიწების ერთი დროშის ქვეშ გაერთიანება, რაც მხოლოდ რუსეთის დაშლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, ნეოოსმანიზმი კი იგივე ტერიტორიებს ევრაზიული გაერთიანების ნაწილად აღიარებს.
ასე რომ ქემალიზმისგან განსხვავებით ახალი ოსმანიზმი რუსულ–თურქული პოზიციების დაახლოების სერიოზულ წინაპირობას წარმოადგენს.
მიუხედავად მთავარ თემებზე სტრატეგეიული შეთანხმებისა, უკვე შექმნის პროცესში მყოფ ამ ორ იმპერიას ერთმანეთში გასარკვევი მაინც რჩება იმ რამდენიმე ქვეყნის თუ ტერიტორიის საკითხი, სადაც ისინი უშუალოდ ესაზღვრებიან ერთმანეთს. პირდაპირი შეჯახება არც ერთს აწყობს, მაგრამ მხარეები შეეცდებიან “რბილად მიაწვნენ” პარტნიორ–მეტოქეს და ჩააჩოჩონ სადაო ტერიტორიიდან.
დაპირისპირების ერთ–ერთ ასეთ არენას წარმოადგენს სწორედ საქართველო, რომელსაც ორივე იმპერია დარწმუნებით საკუთარ ნაწილად მიიჩნევს.
როდესაც სულტან აზიზიეს ბრძანებით მისი სახელობის მეჩეთი აშენდა, ბათუმი თურქეთის განუყოფელი ნაწილი იყო. მეჩეთის აშენებიდან რამდენიმე წელიწადში ბათუმიც და მთელი ტაო–ლარჯეთი რუსეთის ხელში გადავიდა. ას წელზე ცოტა ხნის შემდეგ იმავე სახელწოდების და ფორმის მეჩეთის მშენებლობა რეგიონში თურქეთის პოზიციების დაბრუნების და აღდგენის მნიშვნელოვანი სიმბოლო იქნება.
თურქეთიც და რუსეთიც განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ განზრახული აქვთ ევროკავშირის ალტერნატიული გაერთიანებების შექმნა და დასავლეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენენ, ხოლო ერთმანეთთან მიმართებაში კი სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “მრავალმხრივი ურთიერთობა” და “სტრატეგიული თანამშრომლობა”. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქეთს და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება ევრაზიული თანამშრომლობის შესახებ.
არც იმის დავიწყება იქნება, როგორი ფრთხილი პოზიცია დაიკავა თურქეთმა აგვისტოს ომის დროს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს რუსეთის საქართველოში შემოჭრის გამო. მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსეთისგან გამოითხოვა მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ხელშეუხებლობის გარანტიები, წამოაყენა კონფლიქტის დარეგულირების იმგვარი ინიციატივა, რომელიც შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს.


  ნეოოსმანიზმი და საქართველო.


დღევანდელი თურქეთის ლიდერები თავიანთ უმთავრეს პოლიტიკურ მოვალეობად მიაჩნევენ ოტომანთა ახალი იმპერიის აღდგენას და ყველა მათი მოქმედება ამ დიდი მიზნის განხორციელებას ემსახურება. ისინი გრძნობენ თავისი ხალხის ენერგიას, მზადყოფნას და საკუთარი წინაპრების მსგავსი მიზანსწრაფულობით და შეუპოვრობით იღვწიან საარსებო სივრცის გასაფართოებლად.
თეთრი შურის საგანს წარმოადგენს ახალ ოსმანთა გამჭრიახობა, ფართო ჰორიზონტი, გეოპოლიტიკური პერსპექტივის განცდა და ნათელია ისიც, რომ ჩვენს გვერდით იბადება დიდი იმპერია, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად შედის საქართველოს ინტერესებში ახალი ოსმანების იმპერიის ნაწილად ქცევა?!
დღეს ეს არის საქართველოს წინაშე მდგარი ერთ–ერთი უმთავრესი კითხვა, რომლისთვისაც წაყრუების და თავის არიდების უფლება არ გვაქვს, ვინაიდან, ხვალ შეიძლება იყოს გვიან.
საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს სტრატეგიული ხასიათის ეკონომიკური ურთიერთობები – სატრანზიტო მარშრუტები, ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო–არზრუმის გაზსადენი, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც ახმეტ დაუთოღლუს განცხადებით მომავალში სტამბოლს დააკავშირებს ისლამაბადთან. თურქული ბიზნესი საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოში.
თუმცა, თურქეთი არ კმაყოფილდება მხოლოდ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით და სულ უფრო ნათლად იკითხება მისი ნეოოსმანური სტრატეგიიდან გამომდინარე პოლიტიკური ინტერესები.
თურქეთი დაჟინებით მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან მესხეთელი თურქების ჩამოსახლებას, რაც შესამჩნევად გაზრდის მის გავლენას საქართველოში და მთელ რეგიონში, მით უმეტეს, რომ ასეთი გავლენის ადგილები ისედაც მრავლად არსებობს.
თურქეთი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას აჭარის მოსახლეობის ქრისტიანობაში დაბრუნების პროცესის მიმართ, რადგან ამას საკუთარი გავლენის შემცირების წინაპირობად მიიჩნევს და, პირიქით, ხელს უწყობს მეჩეთების და მედრესების ამოქმედებას, რომელთა ფუნქციაც ისლამის გავრცელება და ნეოოსმანური სულისკვეთებით გამსჭვალული ახალგაზრდების აღზრდაა.
მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები ნეოოსმანიზმის რაობაზე და პერსპექტივაზე მსჯელობენ, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში, ძალიან უცნაურად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება არამცთუ რაიმე დამოკიდებულებას გამოხატავს ამ ფენომენის მიმართ, არამედ საერთოდ არ საუბრობს მის შესახებ.
ამგვარ იგნორირებას, ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – პირველი ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ოსმანურ სტრატეგიას სერიოზულად არ აღიქვამს და მას რეალობასმოწყვეტილ ფანტაზიად მიაჩნევს. თუ მართლაც ასეა, საინტერესო იქნებოდა არგუმენტების მოსმენა.
ნეოოსმანიზმის ვითომდა შეუმჩნევლობა შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევრაზიული კავშირის ალტერნატივად სწორედ ახალი ოტომანური სივრცე ეგულება და ქვეყანა მისკენ მიყავს, თუმცა, ჯერჯერობით, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სურს.
სწორედ იმიტომაც, რომ საერთოდ ენემჭევრი ხელისუფლება ამ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის მით უმეტეს აქტუალურად ჟღერს ბერძენი პარლამენტარის გაფრთხილების პერიფრაზი – თუ გვსურს შევინარჩუნოთ ქვეყანა, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ნეოოსმანური იდეოლოგია, თურქებმა ძალიან კარგად იციან, რაც სურთ!


“ლაზიკიზაცია” – პანქართველიზმის იმიტაცია.


ხელისუფლება ნეოოსმანიზმზე არასდროს საუბრობს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ თემას პირდაპირ თუ ირიბად მაინც ელაციცება, რისთვისაც ღრმადნაციონალისტურ წიაღსვლებს იყენებს.
მესხელი თურქების ჩამოსახლებასთან დაკავშირებული ისედაც მწვავე პრობლემების ფონზე, საკმაოდ დამაფიქრებელია, რას შეიძლება მოასწავებდეს ხელისუფლების მიერ წამოწყებული “ლაზიკიზაცია” – ქალაქი ლაზიკა, ჯავშანმანქანა “ლაზიკა” და ამგვარი ნათლიობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება.
ლაზები ქართველურ ენათა ჯგუფში შემავალი ხალხია, ცხოვრობენ თურქეთში და თურქეთის სრულუფლებიანი, კეთილსინდისიერი და უერთგულესი მოქალაქეები არიან. ახალი ოსმანური დოქტრინის თანახმად ლაზებმა ეროვნების სტატუსი მიიღეს, ანუ უკვე ფორმალურადაც გაჩნდა ეროვნება ლაზი და ლაზურ ენაზე გამოდის ჟურნალ–გაზეთები.
ბუნებრივია, დაისმის კითხვა, რა პოლიტიკურ შინაარსს შეიძლება დებდეს ქართული მხარე სახელ ლაზიკაში?!
თურქებს რომ ქალაქი კოლხეთი დაეარსებინათ ან ჯაქვშანტრანსპორტიორი გამოეშვათ ასეთივე სახელით, ცხადია, მათი განზრახულობა დაგვაინტერესებდა.
სანამ საქართველოში ქალაქს და სამხედრო ტექნიკას ლაზიკა დაერქმეოდა, სასურველი იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც გამოექვეყნებინა ის კონცეფცია თუ დოქტრინა, რომლის ნაწილადაც წარმოუდგენია “ლაზიკიზაციის პროცესი”, რათა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო, რასთან გვაქვს საქმე.
ერთი შეხედვით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებთან და სხვა ეროვნების (სწორედ ასე წარმოუდგენიათ საკუთარი თავი ლაზებს) ადამიანებთან “სისხლით ნათესაობის” გახსენებით, პანთურქიზმის ან პანსლავიზმის მსგავსი ახალი პანქართველური მოძრაობა იწყება, თუმცა, ცხადია, რომ ეს უეცარი ღრმანაციონალისტური აღტყინება რაღაც სხვა მოვლენის შირმად გამოიყენება.
პანთურქისტების და პანსლავისტების მიზანს თურქული თუ სლავური წარმოშობის ხალხების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება წარმოადგენდა და, საეჭვოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ლაზების თურქეთის ქვეშევრდომობიდან გამოყვანის და ერთიანი ქართულ–ლაზური სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას განიხილავდეს.
რამე ამის მსგავსი რომ ხდებოდეს, ამგვარ ინიციატივებს ძირშივე აღკვეთდა ასეთ საკითხებში უაღრესად ფრთხილი თურქეთი, რომელიც ჰომეროსსაც კი საკუთარი კულტურის და ისტორიის ნაწილად მიიჩნევს.
ნეოოსმანები საქართველოს ისედაც ანატოლიურ ისტორიულ–კულტურულ ერთობის ნაწილად მოიაზრებენ და, ცხადია, მიესალმებიან, მის კიდევ უფრო მეტად “ანატოლიზაციას” ლაზებთან ნათესაობის ან კიდევ სხვა ფორმებით.
ქართულ–ლაზური მიზიდულობის გაღვივება და, პირდაპირ თუ ირიბად, თურქეთის მოქალაქე ლაზების სამშობლოდ საქართველოს გამოცხადება სრულ ჰარმონიაში მოდის ნეოოსმანური დოქტრინის სულისკვეთებასთან, ვინაიდან ამგვარი “ლაზიკიზაცია” ნიადაგს ამზადებს დიდი რაოდენობით თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობისთვის მინიჭებისა და მესხეთელი თურქების ჩამოსახლებისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოში.
უაღრესად დიდ პატივისცემას იმსახურებს თურქების ხედვები საკუთარი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ, თუმცა, ქართველებს აქვთ საკუთარი ისტორიული გამოცდილებით განსაზღვრული გზა, რაც გულისხმობს ორი მეზობელი სახელმწიფოს პარალელურ და არავითარ შემთხვევაში შერწყმულ რეჟიმში განვითარებას.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ევრაზიული პროექტზე უარის თქმა, არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის ახალი ოტომანების ნავთსაყუდელისკენ წაყვანას დაეთანხმება.


გზაჯვარედინი ევროპამდე.


საქართველოს ისტორიას წითელ ხაზად გასდევს სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა აზიაში არ გათქვეფისთვის და ევროპეიზმის შესანარჩუნებლად. დასავლური ორიენტაციის დასტურია საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა – ქრისტიანობის მიღება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ევროპაში შესვლა, ევროპის განუყოფელ ნაწილად ქცევა არის საქართველოს უმთავრესი მიზანი, რაც გამოიხატება ევროპულ სტრუქტურებში და, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების მცდელობებში.
საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი გეოპოლიტიკურ პრობლემა არის ის, რომ მაინცდამაინც ევროპა, რომლისკენაც მუდმივად მიისწრაფვის საქართველო, სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეებისგან განსხვავებით, არ ცდილობს საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროდ გადაქცევას.
რუსეთი ღიად აცხადებს საკუთარ პრეტენზიას საქართველოს ფლობაზე და, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პირდაპირ ომს და ტერიტორიების ოკუპაციასაც კი არ ერიდება.
თურქეთი საქართველოს საკუთარი “სტრატეგიული სივრცის” ნაწილად მოიაზრებს და თანმიმდევრულად და დაჟინებით ცდილობს აქ თავისი გავლენის გაძლიერებას.
ამერიკის გეოსტრატეგიის ინტერესებში შედის კავკასიაში ძლიერი პოზიციით ყოფნა, ხოლო საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის პარტნიორობა, რამაც უნდა დააბალანსოს ჩრდილოური “ხისტი” და სამხრეთული “რბილი” წნეხები.
სწორედ ამ სამი ძლიერად გამოხატული ინტერესის ზოგჯერ გვერდის ავლის, გათვალისწინების თუ დაბალანსების მეშვეობით ევროპული ორიენტაციის შენარჩუნება რჩება საქართველოს წინაშე უმთავრეს ამოცანად.
ჩრდილოეთის მიმართულებით მიმდინარე მწვავე კონფლიქტის საპასუხოდ გაკეთებული პროსამხრეთული არჩევანი, გეზი თურქეთისკენ და ახალ ოსმანურ იმპერიაში ინტეგრირება სრულიად არ ნიშნავს ევროპის მიმართულებით სვლას – პირიქით, ამგვარი მოძრაობები შეიძლება მხოლოდ არაბულ–მუსლიმანურ სამყაროში მოგზაურობით დასრულდეს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარების მაგისტრალურ ხაზს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ ამერიკის პარტნიორის სტატუსი არ წარმოადგენს ჩრდილოეთის მხრიდან უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის საკმარის გარანტიას, რაც გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს.
ახალი რეალობა გაჩნდა სამხრეთის მიმართულებითაც – მას შემდეგ, რაც “რეგიონის მფარველის” მანტია მოირგო, ამერიკა–ისრაელის სტრატეგიული პარტნიორობა სრულიადაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი თურქეთისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, არც მომავალში აპირებს ამერიკის, ევროპის და ან ნატოს დამატებად ყოფნას და მხოლოდ თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
არაერთგზის გაჟღერებული ალბათობა საქართველოს “მეორე ისრაელად” გადაქცევის შესახებ, არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს ზრდის, არამედ რეალური საშიშროება გაჩნდება სამხრეთიდანაც, ვინაიდან, თურქეთი ანტაგონისტურად არის განწყობილი “პირველი ისრაელის” მიმართაც და ძნელად შეეგუება “ურჩ” საქართველოს.
საქართველოს გარშემო არსებული რუსეთ–ამერიკის ორპოლუსიანმა მიზიდულობამ ტრანსფორმირება დაიწყო სამპოლუსიან სივრცედ, სადაც დამოუკიდებელ მოთამაშედ გამოდის იმპერიის აღდგენაზე ორიენტირებული თურქეთი, რის დასტურად თუნდაც იგივე აგვისტოს ომი გამოდგება. რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის სამხედრო ხომალდების გამოტარებაზე უარი თქმა, იმის დემონსტრირებას ნიშნავდა, რომ მომავალშიც თურქეთი გადაწყვეტს, ვინ და როდის გამოივლის ბოსფორის სრუტეში.
სულ უფრო ნაკლებდამოკიდებული ხდება თურქეთი ნატოზეც. ცივი ომის დროს, ნატოს საბჭოთა კავშირის შემაკავებლის ფუნქცია ეკისრებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად კი საფრთხეც შემცირდა და მისმა წევრებმა საკუთარი შეხედულებების და გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყეს მოქმედება.
ნიშანდობლივია, რომ თურქეთი, რომელიც 1991 წლამდე ნატოს “აღმოსავლეთის ბასტიონს” წარმოადგენდა, ერთი წლის წინ ნატოს წევრობას იმაში იყენებდა, რომ არაბულ ქვეყნებსა და დასავლეთს შორის შორის შუამავლის როლის შესრულებით საკუთარი რეგიონული პრესტიჟი და პოზიციები განემტკიცებინა.
ნატო-ს არ გააჩნია მკაფიო მიზნები და სტრატეგია, მის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ნატოს მომავალ როლთან დაკავშირებით, არ არსებობს გადაწყვეტილების ცენტრალიზებულად მიღების და, მით უმეტეს, აღსრულების მექანიზმი და ასეთ ვითარებაში, ცხადია, რომ ზოგადად ნატოს გაუჭირდება საქართველოსკენ მომართული საფრთხეების როგორც შეფასება, ისე შეკავება და, ორივე შემთხვევაში, მნიშვნელონად დამოკიდებული აღმოჩნდება თურქეთზე.


 XXდღეს თავისუფლად ვეცნობით დოქტრინებს, რომელთა მიხედვითაც საქართველო ჩრდილოური თუ სამხრეთული სახელმწიფოებრივი გაერთიანებების “სტრატეგიული სივრცეების” ნაწილად მოიაზრება, მაგრამ არაფერი ვიცით იმ ქართული დოქტრინის შესახებ, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნებოდა ამგვარი სივრცეებისთვის თავის არიდების და ევროპისკენ სვლის ტაქტიკა და სტრატეგია.
დაბოლოს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბერძენი ფილოსოფოსის შეგონება – თუ გვსურს ქვეყნის შენარჩუნება, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა!



და ისევ აზიზიეს მეჩეთის შესახებ.



რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთს... აზიზიეს მეჩეთი არის მხოლოდ პატარა წვერი უზარმაზარი აისბერგისა, რომელიც ჩვენსკენ მოცურავს!




Комментариев нет:

Отправить комментарий