вторник, 9 апреля 2013 г.

სინდისი.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
სინდისი

სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა - ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე.

ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას.

სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების.

ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი იბრძვის.

სინდისი ბუნებრივი კანონია (აბა დოროთე, მე-3 სწავლა). დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და ღმრთის სათნო ცხოვრებისათვის.

ქრისტეს სწავლება, წმ. ნათლისღებით დაბეჭდილი, კურნავს სინდისს მზაკვრობისაგან, რომელიც მას ცოდვამ გადასდო; ხოლო განკურნებული სინდისი ქრისტეს მოძღვრების ერთგული რჩება.

სინდისის სიმრთელისა და მისი სწორი მოქმედების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რამეთუ ყოველი მცდარი აზრი, ადამიანის მიერ მიღებული, გავლენას ახდენს სინდისზე: განდრეკს მას სწორი გზისაგან.

ნებსითი ცოდვები აბნელებენ, აბლაგვებენ, ახშობენ, აძინებენ სინდისს.

ყოველი ცოდვა, აღსარებით აღუხოცელი, მძიმედ აისახება სინდისზე.

მუდმივი და ნებსითი ცოდვილი ცხოვრება თითქოს კლავს სინდისს.

თუმცა სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და იქ ამხილებს ურჩობის მსხვერპლს.

წმ. მამათა განმარტებით, სახარებაში ნახსენები წინამოსაჯული (მომჩივანი, მოდავე - მთარგმნ.) კაცისა (მათ. 5,25) არის სინდისი.

მართლაც რომ წინამოსაჯულია! რადგანაც წინ აღუდგება ჩვენს ყოველგვარ უსჯულო წამოწყებას.

მშვიდობა გქონდეს ამ წინამოსაჯულთან შენი ამსოფლიური ცხოვრების გზაზე, რათა შემასმენლად არ გექცეს საუკნო ხვედრის გადაწყვეტის ჟამს.

საღმრთო წერილი ამბობს: „იხსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან“ (იგავ. 14,25). სარწმუნო მოწმე არის უმანკო სინდისი: სოფელში ცხოვრების დროს იგი იხსნის სულს ცოდვებისაგან, ხოლო სიკვდილის შემდეგ - საუკუნო სასჯელისაგან.

როგორც ქვა ლესავს დანის პირს, ისე ლესავს ქრისტე სინდისს: იგი ქრისტეს მცნებათა შესწავლით ნათლდება და მათი შესრულებით იხვეწება.

სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი მკაფიოდ და დაწვრილებით უჩვენებს კაცს მის ცოდვებს - თუნდაც სულ მცირეს.

ნუ იხმარ ძალას სინდისზე, თორემ სულის მშვიდობას დაკარგავ: ცოდვა დაგატყვევებს და ხუნდებს დაგადებს. წინასწარმეტყველი ასე გლოვობს მათ, ვინც სინდისი დათრგუნა და მტრად ექცა საკუთარ თავს: „ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა“ (ოსე, 5,11).

სინდისის მახვილი მეტისმეტად ფაქიზია, იგი დიდი სიფრთხილით უნდა დავიცვათ. ასეთი დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ სინდისის ყველა მოთხოვნის შესრულებით, ხოლო თუ კაცი რომელიმე ამ მოთხოვნას უძლურებისა ან რაიმე გატაცების გამო უგულებელყოფს, სინანულის ცრემლით უნდა აღხოცოს ცოდვა.

ნურცერთ ცოდვას ნუ მიიჩნევ უმნიშვნელოდ - ყოველი ცოდვა არის საღმრთო სჯულის დარღვევა, ღმეროის ნების წინააღდგომა, სინდისის დათრგუნვა.

არაფრისაგან - ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცოდვისაგან - თანდათან დიდ დაცემამდე მივდივართ.

„რას ნიშნავს ეს? დიდი ცოდვაა თუ მცირე? ისეთი რა ცოდვაა? არის კი საერთოდ ცოდვა?“ ასე მსჯელობს კაცი, რომელსაც საკუთარი სულის ცხონება არ აღელვებს, როდესაც ღმერთის მიერ აკრძალული რაიმე საქმის ჩადენას აპირებს. და ამ უკიდურესად მყიფე საფუძველზე დაყრდნობით ნიადაგ ქელავს სინდისს.

ამის შედეგად სინდისი ბლაგვდება, მისი ნათელი ბნელდება, სულში უგრძნობელობის, უდებების წყვდიადი და სიცივე ისადგურებს.

ბოლოს და ბოლოს, უგრძნობელობა სულის ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცევა, სული ხშირად კმაყოფილია ამ მდგომარეობით: მას ღმრთის წინაშე სათნოდაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის სულის მშვიდობა: სინამდვილეში კი ესაა საკუთარი ცოდვილობის განცდის დაკარგვა, სინდისის მიძინება და სულიერი სიბრმავე.

ასეთ მდგომარეობაში, საშინელი დაბნელებისა და უგრძნობელობის დროს, სულში თავისუფლად შემოდის სხვადასხვა ვნება და ბუდეს იწყობს. ღრმად ჩაკირული ვნებები ჩვევებად იქცევიან, და ეს ჩვევები ისევე მტკიცეა, როგორც ბუნება, ზოგჯერ კი ბუნებაზე უმტკიცესიც. ცოდვილ ჩვევებს ვნებები ეწოდებათ. და კაცი ვერც კი ხვდება, ისე აღმოჩნდება ყოველი მხრიდან ცოდვით გარშემორტყმული, მისი ტყვე, მისი მონა.

ვინც მრავალგზის წაუყრუა სინდისის ხმას და ცოდვას დაემონა, ის მხოლოდ უდიდესი შრომით, ღმრთის განსაკუთრებული შეწევნით შეძლებს თავი დაიხსნას ამ მონობისაგან, დასძლიოს ვნებები, თითქოს მეორე ბუნებად რომ ქცევიან.

საყვარელო ძმაო! ყოველი დაცვით დაიცავი სინდისი.

დაიცავი სინდისი ღმერთთან მიმართებაში: შეასრულე ყოველი მისი ბრძანება, როგორც ყველასათვის ცნობილი, ისე ყველასათვის უცნობი, გარდა ღმერთისა და შენი სინდისისა.

დაიცავი სინდისი მოყვასთან მიმართებაში: ნუ იკმარებ მხოლოდ გარეგნულ წესიერებას! მოსთხოვე შენს თავს, რომ შენი საქციელი თვით სინდისს აკმაყოფილებდეს.

ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც არა მარტო შენი საქმეები, არამედ გულიც სახარების მცნებებს დაეთანხმება.

დაიცავი სინდისი საგნებთან მიმართებაში: მოერიდე ყოველგვარ ზედმეტობას, ფუფუნებას, დაუდევრობას; გახსოვდეს, რომ ყველა საგანი, რომლითაც შენ სარგებლობ, ღმერთის საბოძვარია, კაცთათვის მოცემული.

დაიცავი სინდისი საკუთარ თავთან მიმართებაში: გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსება ღმრთისა, და ვალდებული ხარ ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო წმინდად და შეურყვნელად.

ვაი და ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან. მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: „არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25,12), და უხმარი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება.

უსასრულო სიხარული დაეუფლება სულს, რომელსაც მიხედავს უფალი, იცნობს თავის მსგავსებას და დაინახავს იმ მშვენიერებას, თავისი გამოუთქმელი სახიერებით რომ მიჰმადლა შექმნისას, აღუდგინა და გაუმრავლა გამოხსნისას და უბრძანა, უბიწოდ დაეცვა იგი ცოდვებისაგან განშორებისა და სახარების ყველა მცნების შესრულების გზით.

ხოლო დაუდუმებელი, მიუკერძოებელი მეთვალყურე და მოკარნახე ცოდვათაგან განშორებისა და საკუთარი სულის დაცვისა არის სინდისი. ამინ.


Комментариев нет:

Отправить комментарий