пятница, 5 апреля 2013 г.

რელიგიის საკითხი საბჭოთა კავშირში.

საბჭოეთის სახელმწიფო დოქტრინას სამეცნიერო ათეიზმი წარმოადგენდა. რელიგიის მიმდევრობა სხვადასხვა დროში ან აკრძალული იყო, ან სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა, მაგალითად, აკრძალული იყო საჯარო საეკლესიო გალობა.

1920 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის 90% მიეკუთვნებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1940 წლისთვის ეს რიცხვი 30%-ზე დაბლა დაეშვა. ურიცხვმა მორწმუნემ რეპრესირება განიცადა ან ციმბირში იქნა გადასახლებული. ბევრი მათგანი აწამეს ან დახვრიტეს.

ლენინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტები და კანონები (1918 წლის იანვარ-თებერვლის ”დეკრეტი სინდისის თავისუფლებაზე, საეკლესიო და რელიგიურ გაერთიანებაზე”, აგრეთვე 27 ივნისის იუსტიციის სახალხო კომისრის პეტრე სტუჩკას მიერ გამოცემული ”ლიკვიდირების კანონი”, რომლებიც ქაღალდზე რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლეოდნენ, მაგრამ ეკლესიას მის საკუთრებას ართმევდნენ).
სინამდვილეში ეკლესია ძველი წესწყობილების წარმომადგენლად, ხოლო მისი მიმდევრები - კონტრრევოლუციონერებად იქნენ აღიარებული (”რევოლუციის ზურგში ხანჯლის ჩამცემნი”). ამ დეკრეტებს მოჰყვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა მასობრივი დახვრეტები. სტალინის მმართველობისას ათასობით ეკლესიის მსახურნი ე.წ. ”გულაგში” გადაიგზავნენ (ციმბირის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოური ტიპის სამუშაო-საკონცენტრაციო ბანაკები). ასევე შუააზიის რესპუბლიკებში, რომლებშიც მეტწილად მუსლიმები ცხოვრობდნენ, მეჩეთების უმრავლესობა დაიხურა და რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა.

გარდა ამისა, ციმბირში, ძირითადად ტბა ბაიკალის სამხრეთ მხარეს, მრავალრიცხოვნად ცხოვრობდნენ ბუდისტები და სხვასხვა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის ხალხები, რომელთა რელიგიური პრაქტიკაც ძლიერ შეზღუდვას განიცდიდა.

1939 წელს მკაცრი სახელმწიფო ანტირელიგიური დამოკიდებულება შესუსტდა. მღვდელთა გარკვეული ნაწილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ხელახლა გაიხსნა რამდენიმე უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და ეკლესია-მონასტერი.

ნიკიტა ხრუშჩოვის დროში ანტირელიიგიური ბრძოლა განახლდა. ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ იგი ”საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მღვდელს ტელევიზიაში გამოიყვანდა”.

მიხეილ გორბაჩოვმა 80-იან წლებში ხელისუფლების მხრიდან რელიგიის შეუწყნარებლობა ძლიერ დაასუსტა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მოკავშირე რესპუბლიკებში რელიგიური პრაქტიცირების რეალური თავისუფლების ხანა დადგა.

http://ka.wikipedia.org/wiki/სსრკ

Комментариев нет:

Отправить комментарий