суббота, 6 апреля 2013 г.

მართლმადიდებლობა უგანდაში.


 გთავაზობთ სტატიას მართლმადიდებლობაზე უგანდაში, რომელიც 1957 წელს მართლმადიდებლურ გამომცემლობა SYNDESMOS-ში* (მართლმადიდებელ ახალაგზრდათა მსოფლიო კავშირის გამომცემლობა, რომლის პრეზიდენტი მამა იოანე მეინდორფი გახლდათ) გამოქვეყნდა. მართალია სტატია 50 წელზე მეტია რაც დაიბეჭდა, მაგრამ ის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია იმით, რომ ამ შორეულ მხარეს მართლმადიდებლობამ ამოჩქეფა არა მისიონერული გზით, არამედ “თავისით”, ადამიანების გულებში, რომლებიც ეძიებდნენ უფალს და მზად იყვნენ გაეღოთ თავისი გულის კარი მის შესახვედრად.

სტატია ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა დიაკვანმა ირაკლიმ (წაქაძემ)



სურათზეა პირველი უგანდელი მართლმადიდებელი მღვდლები – მამა რუბენ სებანია სპარტასი (მარცხნივ) და მამა ობადიაჰი კაბანდა ბასაიაკიტალო (მარჯვნივ)


მართლმადიდებლობა უგანდაში

აფრიკის კონტინენტის სიღრმეში, ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს ჩემი სამშობლო.საბერძნეთში ხალხმა ალბათ არც კი იცის ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ეს არის დიდი პოტენციალის ქვეყანა. უფრო მეტიც, ამ ქვეყნის შვილები საბერძნეთს და მართლმადიდებელ ქრისტიანობას უდიდესი პატივისცემით შეჰყურებენ.


ამის დასტური, ერთის მხრივ, არის უგანდაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მისიონერების მიერ არ იყო დაფუძნებული, და მეორეს მხრივ, ის ფაქტიც, რომ ამ დროისათვის ათენის უნივერსიტეტში იმყოფებიან უგანდელი სტუდენტები. ისინი აქ საბერძნეთის ეკლესიის სპონსორობით სტუმრობენ თეოლოგიურ ფაკულტეტს. ეს ფაქტები ნათლად მოწმობს ჩემი თანამემამულეების სიყვარულსა და აღფრთოვანებას მართლმადიდებლობისა და საბერძნეთის მიმართ.

უგანდა გადაშლილია დაახლოებით 243 400 კვ. კმ ფართობზე. მისი დედაქალაქია კამპალა და ქვეყანა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პროტექციის ქვეშიმყოფება (1962 წლიდან ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა - მთარგმნელი). მოსახლეობის ორი მესამედი ქრისტიანები არიან. ისინი ძირითადში პროტესტანტები და კათოლიკეები არიან, ვინაიდან სწორედ ამ დენომინაციების წარმომადგენლების მისიონერული თუ პოლიტიკური გზებით შეაღწია ქრისტიანობამ ქვეყანაში.

ის გარემოცვა, რომელშიც ქრისტიანობა უგანდაში აღმოცენდა მართლაც უცნაურია და აღძრავს ადამიანში ცნობისმოყვარეობას, მაგრამ გარემოებები, რომლებშიც აქ პირველი მართლმადიდებელი ეკლესია ჩამოყალიბდა, მართლაც რომ აღნიშვნის ღირსია. ამ მოკლე სტატიაში ჩვენ შევეხებით უგანდაში მართლმადიდებლობის დაფუძნების ისტორიას.


მართლმადიდებლობა ჩემს ქვეყანაში საკმაოდ გვიან და უნიკალურ პირობებში გახდა ცნობილი. ქრისტიანობის ზეგავლენით ქვეყანამ თანდათანობით წინ წაიწია ცოდნასა დაგანათლებაში. ეს პროცესი, ცხადია, ხორციელდებოდა ინგლისურ ენაზე და თანდათანობით ბევრმა ადგილობრივმა საკმაოდ ფართო ზოგადი განათლება შეიძინა. მათ შორის იყო რუბენ სებანია, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი. სხვა საგნებთან ერთად, მან ქრისტიანობის ისტორიაც შეისწავლა და მოგვიანებით, თავისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიები წარმოადგენდნენ სქიზმატურ ეკლესიებს. ის ამ საკითხს უფრო მეტი მოშურნეობით ჩაეძია. მისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ერთ-ერთ ინგლისურ ლექსიკონში მოთავსებული სტატია სახელწოდებით ”მართლმადიდებლობა”. ამ გამოკვლევას ის მართლაც რომ მაღალი ენთუზიაზმით ატარებდა. და როგორც მეორე არქიმედი, ისიც გავარდა ქუჩაში შეძახილებით ”აღმოვაჩინე, აღმოვაჩინე!” (ევრიკა, ევრიკა!) ”მე აღარა ვარ პროტესტანტი, არამედ მართლმადიდებელი!!!”


ამ ამბავს, ერთის მხრივ თავისი არაჩვეულებრივობის და მეორეს მხრივ თვით რუბენის გამორჩეული პიროვნული ხასიათის გამო, მოყვა გარკვეული არეულობა. თეთრმა მისიონერებმა ადგილობრივ ხალხს ურჩიეს, რომ ყურადღება არ მიექციათ ამ ადამიანის სიტყვებისათვის. მიუხედავად სხვადასხვა მცდელობებისა, რუბენ სებანიამ, რომელმაც სპარტას ცივილიზაციის საპატივცემლოდ სახელად სპარტა დაირქვა, ჩამოაყალიბა პირველი მართლმადიდებლური ბირთვი. ამ პირობებში, სანამ ისინი ოფიციალურად ჩამოყალიბდებოდნენ, აბსოლუტურად აუცილებელი იყო მართლმადიდებელ ეკლსიასთან კავშირის დამყარება.

რამდენიმე მცდელობის შემდგომ, მათ როგორც იქნა შესძლეს მეუფე დანიელ ვილიამ ალექსანდრესთან დაკავშირება, რომელიც იმ დროისათვის სამოგზაუროდ ტანგანიკაში იმყოფებოდა. მეუფე უგანდას ოფიციალურად 1932 წელს ეწვია, სადაც მათი კატეხიზაციის მერე მან ადგილობრივი მოსახლეობიდან ორი მღვდლის, ორი დიაკვნისა და ოთხი მედავითნეს ხელდასხმა მოახდინა. ხელდასხმულთა შორის რუბენ სევანიას, უფრო სწორედ კი მამა სპარტას, ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლური მოძრაობის ფუძემდებელს, მიენიჭა უგანდის, კენიისა და ტანგანიკის აფრიკის კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ვიქარის წოდება. ის დღემდე ამ წოდებას ატარებს. ამდაგვარად, 1932 წელს ცენტრალურ აფრიკაში შეიქმნა პირველი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც წინ ელოდა ბევრი დაბრკოლება და სიძნელე.


პირველი მღელვარება ეკლესიამ განიცადა მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მეუფე ალექსანდრე, რომელმაც ადგილობრივი უგანდელების კატეხიზაცია მოახდინა, არ იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ერთ დღეს უგანდის ერთ-ერთმა მოქალაქემ, ბერძენმა იმიგრანტმა ბ-ნ ვრაჩოსმა, თავისთან დაპატიჟა მეუფე თავისი უმცროსი ვაჟების მოსანათვლად. მისდა გასაკვირვად მან შენიშნა, რომ მეუფეს მიერ აღსრულებული ნათლობის წესი დიდად განსხვავდებოდა მისთვის ცნობილი წესისაგან. არც თუ ისე დიდი ხნის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ მეუფე ალექსანდრე იყო ერთ-ერთი სქიზმის მიმდევარი**.


ეს მართლაც რომ დიდი დარტყმა იყო ახლად ჩამოყალიბებული ეკლესიისათვის. მიუხედავად ამისა, მორწმუნეებმა არ დაკარგეს იმედი და მოშურნეობა. იგივე ბ-ნვრაჩოს რეკომენდაციით მათ მოიწვიეს მამა ნიკოდიმუს სარიჩასი, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი, რომელიც იმ დროისათვის კენიაში იმყოფებოდა. ის დიდი სურვილით ეწვია მათ 1933 წელს არქიმანდრიტი იყო პირველი ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც ეწვია უგანდის მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი გავლენა და იქ ყოფნა უეჭველად ნაყოფის მომტანი იყო ყველასათვის. სხვა საკითხებთან ერთად მან ადგილობრივ მრევლს ამცნო, რომ მათი ეკლესია იქნებოდა ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ.


1942 წელს ჩვენს ქვეყანას პირველად ეწვია მისი უწმინდესობა ნიკოლოზი, აქსუმის მიტროპოლიტი. ათი წლის შემდგომ, 1952 წელს, უგანდას და ცენტრალური აფრიკის სხვა ქვეყნებს ეწვია მისი უნეტარესობა ქრისტეფორე, ალექსანდრიისა და ყოვლად აფრიკის პატრიარქი. სწორედ ამ დროს მისმა უნეტარესობამ გამოხატა სურვილი, რათა ჩვენი ეკლესიისათვის სხვა მატერიალურ დახმარებასთან ერთად რამოდენიმე უგანდელი სტუდენტი გაგზავნილიყო საბერძნეთში მართლმადიდებლობის შესასწავლად. ჩვენი აქ ყოფნა სორედ რომ მისი სურვილის განხორციელებას მოწმობს.


დღეისათვის უგანდის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მთელ ცენტრალურ აფრიკაზე და მოიცავს უგანდას, კენიას და ტანგანიკას. აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს კენიაში შეიმჩნეოდა მართლმადიდებლური მოძრაობის აქტიურობა. უკვე აღარაა არაჩვეულებრივი, რომ ზოგ რაიონებში ყოველ ას მეტრში მართლმადიდებელი ეკლესიები ნახოთ.


დღეისათვის დაახლოებით 20 000 მართლმადიდებელი ქრისტიანია უგანდაში. ეს რიცხი უეჭველად უფრო დიდი იქნებოდა, რომ ადგილზე ორგანიზებული მართლმადიდებლური მისიონერობა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ხალხი აქ მიტოვებულია, რამეთუ მთელ უგანდაში მხოლოდ ორი მღვდელია. მამა სპარტასი უკვე 65 წლისაა. მისი მოადგილე, მამა ობადიაჰიც დაახლოებით იგივე ასაკისაა. ორივე ნამდვილი მისიონერია და აკეთებენ ყველაფერს რაც მათ ხელშია, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი.


ამიტომ, აუცილებელია, რომ მსოფლიოში არსებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დახმარება აღმოუჩინონ ამ წმინდა და მნიშვნელოვან საქმეს. აფრიკის შორეულ რეგიონებში ორგანიზებულ მართლმადიდებლურ მისიას საოცარი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ეჭვგარეშეა, რომ მართლმადიდებლობას ამ რეგიონებში ელის ნათელი მომავალი. მთავარია, ამის სრულებით გააზრება და განხორციელება. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი უფლის სადიდებლად.


თეოდორე ნანკიამასი

წევრი მართლმადიდებელი ეკლესიისა უგანდაში, კენიასა და ტანგანიკაში,
საბერძნეთის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი


დამატებითი ცნობები მთარგმნელისაგან:


გადმოცემის მიხედევით, აფრიკაში ქადაგებდა მარკოზ მოციქული (დახლ. 43 წელი), რომელმაც აქ დააარსა ალექსანდრიის ეკლესია.


უგანდაში მართლმადიდებელ მორწმუნეთა სრული რაოდენობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, სხვადასხვა წყაროების მიხედვით მათი რაოდენობა შეადგენს 60 000 [1], 200 000 [2] (ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი – 1.5 მილიონსაც [3]), აქაურ ეკლესიას ჰყავს დაახლოებით 30-40 მღვდელი [2-3] და 8 დიაკვანი [4], გააჩნია 70-80 სამრევლო [2, 4]. 1995 წელს აფრიკელი მეუფე თეოდორე ნანკიამასი აკურთხეს მიტროპოლიტად, ხოლო 1997 წელს კი – მეუფე იონა, კამპალასა და სრულიად უგანდის არქიეპისკოპოსი (ალექსანდრიის საპატრიარქო).


იგი დღემდე მსახურობს უგანდაში (იხ. სურათი). მეუფე იონა მამა ობადიაჰის შვილიშვილია. წარმოშობით უგანდელს ათენის უნივერსიტეტში (1968-1978) აქვს მიღებული ხარისხი ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში [5].
უგანდაში ოთხი ეპარქიაა, რომელიც ერთ მიტროპოლიაშია გაერთიანებული. ბევრი სამრევლო მღვდლის გარეშეა და ისინი კატეხიზატორთა მიერ იმართება. ტაძრებთან არსებობს სამრევლო სკოლა-ინტერნატები, სადაც ობოლი ბავშვები სამრევლოს ხარჯზე ცხოვრობენ და სწავლობენ. ერთ-ერთ სოფელთან ახლოს კი შენდება უგანდაში პირველი დედათა მონასტერი, სადაც უკვე ოთხი მონაზონი და შვიდი მორჩილია. უფროსი მონაზონი, დედა ანასტასია (იხ. სურათი), ასაკით 23 წლის, პირველი მართლმადიდებელი მონაზონია უგანდის ისტორიაში [4]. 1995 წელს ეპარქიაში სემინარიაც გაიხსნა.


წლების განმავლობაში მსოფლიოში არსებულმა შეძლებულმა მართლმადიდებელმა სამრევლოებმა ფინანსური დახმარება გაუწიეს უგანდელ მართლმადიდებლებს. 1970-80 წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომებმა მოიცვა, რამაც თავისი კვალი მართლმადიდებლურ სამრევლოებზეც დატოვა – მღვდლების უკმარისობის გამო ბევრმა მიატოვა სამრევლოები. დადებითმა ცვლილებებმა კი 1980-იანი წლების შუახანებში იჩინა თავი. ამ დროს აღმოსავლეთ აფრიკას ახალი არქიეპისკოპოსი ჰყავდა. მან კენიაში სემინარია გახსნა, ბევრი აკურთხა მღვდლად. აღსანიშნავია, რომ კენიასა და უგანდას გარდა მართლმადიდებლების შედარებით მცირე ჯგუფები არიან კამერუნში, განაში, მადაგასკარში, ნიგერიაში, ტანზანიაში, ზაირში და ზიმბაბვეში [1]. ბოლო ხანებში უგანდას შედარებითი სტაბილურობა და კეთილდღეობა დაეტყო, რაც დადებითად აისახა მართლმადიდებელ ეკლესიაზეც, რომელმაც გარკვეული აღმავლობა განიცადა.

თუმცა ყველაზე აქტუალურ პრობლემად ისევ და ისევ სიღარიბე რჩება.

Комментариев нет:

Отправить комментарий