среда, 17 апреля 2013 г.

საქართველოს ებრაელთა ისტორია.

ებრაული თემის წარმოშობა საქართველოში

ქართველი ებრაელები შუა საუკუნეებში

ქართველი ებრაელი ყმები, ებრაულ თემთა ცხოვრება მე-14 მე-19 საუკუნეებში

ბატონ-ყმობის გადავარდნა, ოქტომბრის რევოლუცია

ანტისემიტიზმი

ებრაულ თემთა კულტურული და სულიერი ცხოვრება

ქართველი ებრაელები საბჭოთა პერიოდში

თანამედროვე ებრაელთა ცხოვრება საქართველოში.
*

ებრაული თემის წარმოშობა საქართველოში

ქართველი ებრაელები ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ებრაული ეთნო-ლინგვისტური ჯგუფია. ძველი ქართული წყაროების მიხედვით, პირველი იუდეველები ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ 26 საუკუნის წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 586 წელს, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ.

თუმცა, არქეოლოგიური გათხრების შედეგები ებრაული თემის არსებობას უფრო გვიან პერიოდში - ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში - ადასტურებენ. კერძოდ ცნობილია, რომ უკვე მე-4 საუკუნის დასაწყისში მცხეთაში (საქართველოს უძველესი დედაქალაქი) არსებობდა ებრაული უბანი; და რომ აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოში - ქართლში - ებრაული ერთ-ერთი ოფიციალური ენა იყო. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამიერკავკასიის ამ ნაწილში იუდეველები სპარსეთიდან მოვიდნენ, ანუ ბაბილონური დიასპორის ნაწილს წარმოადგენდნენ.

ქართველთა უმეტესი ნაწილი ებრაელებს „ებრაელს“ ეძახის. მეგრელები და სვანები იუდაიზმის მიმდევრებს „ურიას“ უწოდებენ (ამ ტერმინს ‘აურია“ ხმარობენ აფხაზებიც). აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ტერმინი „ურია“ მოძველებულად და შეურაცხმყოფელადაც კი ითვლება (თუმცა ადრე სავსებით ლეგიტიმურ და კორექტულ ფორმად იყო მიჩნეული). ამიტომ, ოფიციალურად, საქართველოში ებრაელების მიმართ გამოიყენება ტერმინი „ებრაელი“.

ყოფაში ქართველი ებრაელები ქართულ ენაზე მეტყველებენ, მაგრამ ვაჭრობით დასაქმებულ ებრაელთა შორის გამოიყენებოდა თავისებური ჟარგონი - ყივრული , რომელშიც ბევრ სიტყვას ძველებრაული ფესვები ჰქონდა. ებრაული თემების არსებობაზე არა მარტო ქართული წყაროები მიუთითებენ, არამედ ებრაულიც. ასე, მაგალითად, ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ტოპონიმი „ეფირიკე“, რომელიც რამდენჯერმე არის ნახსენები ბაბილონურ თალმუდში, უნდა მივიჩნიოთ, როგორც „იბერიკაზე“ ანუ „იბერიის“ (უძველეს საქართველოზე) მინიშნება.

ქართველი ებრაელები შუა საუკუნეებში

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვიდრე არაბები საქართველოს დაიპყრობდნენ, ებრაული დიასპორის წარმომადგენლები კავკასიის ამ რეგიონში ფართო ავტონომიით სარგებლობდნენ და ისეთივე უფლებები ჰქონდათ, როგორც მკვიდრ მოსახლეობას. შესაბამისად, ეს პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ებრაული თემის ეკონომიკური და სულიერი აღორძინების პერიოდი.

არაბულმა ექსპანსიამ მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკური და სულიერი კრიზისი გამოიწვია. ამან გავლენა მოახდინა ებრაულ თემზეც. მე-9 საუკუნის ბოლოს აქ გაჩნდა იუდაური სექტა, რომელიც უარყოფდა ჰალახის ზოგიერთ დებულებას, მათ შორის კანონებს საქორწინო და კვების აკრძალვების შესახებ. სექტის დამფუძნებელი აბუ-იმრან მუსა (მოშე) აზ-ზაფარანი თბილისში ბაბილონიდან (თიფლისში) ჩამოვიდა და ცნობილი იყო, როგორც აბუ-იმრან ათ-თიფლისი. თავად სექტამ კი დაახლოებით სამ საუკუნეს გასტანა და „თიფლისის სექტის“ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში.

ადრეულ შუა საუკუნეებში ქართველი ებრაელები, როგორც ჩანს, დაკავშირებულები იყვნენ ირანის დიასპორასთან და მათი საშუალებით - აღმოსავლეთ ებრაელობის ცენტრთან - ბაღდადთან. ცნობილი ებრაელი მოგზაური ბენიამინ ტუდელელი მე-12 საუკუნის 70-იან წლებში წერდა, რომ საქართველოს იუდეველთა წარმომადგენლები ჩადიან ექსილარხთან (ებრაული დიასპორის თავკაცი) ბაბილონში, რათა მისგან მიიღონ ხელდასხმა და ძალაუფლება. იმავე მე-12 საუკუნეში აბრაამ იბნ დაუდი საქართველოს იმ ქვეყნების რიგში მოიხსენიებს, სადაც იუდაიზმი რაბინული იყო და არა კარაიმული. ამ პერიოდის სხვა ებრაელი მოგზაურის, პტაჰია რეგენსბურგელის ჩანაწერებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „არარატის ქვეყნის“, ანუ ამიერკავკასიის ებრაელთა ნაწილი სხვა ქვეყნებში გაიხიზნა. პტაჰია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბაღდადში ყოფნისას „მეშეხის მიწის“ მეფის წარმოგზავნილებს შეხვდა, რომლებმაც უთხრეს მას, რომ „მეშეხის მეფენი ებრაელები გახდნენ და მთელი მიწა მათია.“ , ისიც აუწყეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის შორის არიან მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან „თავიანთ შვილებს თორას და იერუსალიმის თალმუდს“.

შესაძლებელია, სახელწოდებაში „მეშეხი“ იგულისხმებოდეს ქართველ ებრაელთა ერთ-ერთი ტომი - მესხები. მაგრამ, სომხურ და ქართულ პარალელურ წყაროებში არ დასტურდება ის, რომ ამ ტომმა (ან მისმა ნაწილმა მაინც) ოდესღაც მიიღო იუდაიზმი. და მაინც, ზოგიერთ მთიელ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, მაგალითად, სვანებში, ხევსურებში და თუშებში დღემდე არის შემონახული ისტორიული გადმოცემა მათი წინაპრების მიერ იუდაური სარწმუნოების მიღების შესახებ. უფრო მეტიც, მაღალმთიანი ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში უკანასკნელ ხანებამდე, როგორც რელიქვია, ინახებოდა თორის უძველესი გრაგნილი. მე-20 საუკუნის შუა წლებში თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიღების წინ სოფლის უხუცესები ფიცს დებდნენ ამ გრაგნილზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. მარკო პოლო, თბილისში ყოფნის შემდეგ, 1272 წელს, როცა ქალაქი მონღოლების ხელში იყო, ამბობს, რომ იქ ძალიან ცოტა ებრაელი ნახა. მონღოლთა მიერ დაპყრობილი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ებრაელთა ნაწილი გადასახლდა დასავლეთ საქართველოში, რომელსაც დამოუკიდებლობა ჰქონდა შენარჩუნებული, და იქ შეიქმნა ახალი თემები.

მე-14 საუკუნეში მოხსენიებულია შავიზღვისპირა ქალაქ გაგრის ებრაული თემი, რომლის სათავეში რაბი იოსებ ათ-თიფლისი იდგა. იმავე პერიოდში, გაგრაში ცხოვრობდა ფილოლოგი, რაბი იეჰუდა ბენ იაკობი, ავტორი (ან, რაც ნაკლებ შესაძლებელია, გადამწერი) გამოკვლევისა ებრაული ენის გრამატიკის შესახებ, რომელშიც აშკარად შეინიშნება კარაიმული გრამატიკული სკოლის გავლენა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონღოლთა შემოჭრის შემდეგ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ებრაელთა ნაწილი სხვა ქვეყნებში გადასახლდა, ასე, მე-14 საუკუნის დასაწყისში ქალაქ თავრიზში (ირანის ჩრდილო-დასავლეთი) ვხვდებით ებრაელ კანონმდებელს სახელად იეშაიაჰუ იოსებ ათ-თიფლისის, რომელმაც იქ 1330 წელს დაწერა თხზულება სახელწოდებით „სეფერ გან-ედენ“ („სამოთხის წიგნი“).

ქართველი ებრაელი ყმები, ებრაულ თემთა ცხოვრება მე-14 მე-19 საუკუნეებში

ქართველ-ებრაელთა სავალალო მდგომარეობა მონღოლთა შემდგომ პერიოდში აიძულებდა მათ ყმებად დამდგარიყვნენ. შემორჩენილია არაერთი მოწმობა მათი თითქმის საუკუნენახევრიანი ყმობის შესახებ. ამათგან ერთ-ერთი პირველები დათარიღებულია 1398 წლით, როცა ქართული ქრონიკების მოწმობით, მეფე ალექსანდრემ ქართული ეკლესიის ყოფილ პატრიარქს დიომეტრის მრავალგვარი საჩუქარი უბოძა, რომელთა შორის მოიხსენიება 27 ებრაული ოჯახი, მეფის ყმები, განუხის დასახლების მკვიდრნი.

როგორც ჩანს, მე-15 და მე-16 საუკუნეებში გლეხთა და ხელოსანთა ყმად გახდომის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა ქართველ ებრაელთა მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, რაც ჯერ თემურ-ლენგის, შემდეგ კი თურქებისა და სპარსელების ლაშქრობებით იყო გამოწვეული. ამას ზედ დაერთო გაუთავებელი შიდაომები, რომლის შედეგად მე-15 საუკუნის ბოლოს ქვეყანა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დაიყო. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან მე-19 საუკუნის შუაწლებამდე, როგორც ამას წერილობითი დოკუმენტები მოწმობენ, ხშირი იყო ცალკეული ქართველი ებრაელების, ან მთელი ოჯახებისა და ჯგუფების გაყიდვის, გასაჩუქრების, ან ერთი მფლობელიდან მეორის ხელში გადაცემის შემთხვევები ვალის დაფარვის თუ რაიმე სხვა მიზნით.

გაუთავებელი ომებისა და აჯანყებების დროს, როცა დაცარიელდა ქვეყნის მთელი დაბა-დასახლებები, მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში გაღატაკებული ებრაელობა იძულებული იყო, ნაკლებად უსაფრთხო ადგილებში ეძებნა თავშესაფარი და ადგილობრივი ფეოდალებისთვის ეთხოვა მფარველობა. ასეთი მფარველობის ფასი კი ყოველთვის ყმობა იყო. თუმცა, პირობის მიხედვით, ბატონს არ ქონდა უფლება ძალით მოეთხოვა ყმა ებრაელისგან ქრისტიანობის მიღება.

ებრაელი ყმები ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, აგრეთვე ტრადიციულ ებრაულ ხელობას - საფეიქრო საქმეს და ღებვას. ყმების ნაწილი დაკავებული იყო ვაჭრობით, გარე საშოვარით და ამით უხდიდა ბატონს ღალას.

ჯერ კიდევ 1835 წელს, აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ქართველ ებრაელთა დიდი ნაწილი უწინდებურად ცხოვრობდა ფეოდალთა მამულებში და მხოლოდ უმნიშვნელო, გარე საშოვარით დაკავებული ნაწილი, - ქალაქებში. ქალაქებში თავისუფალი ებრაელებიც იყვნენ, სავარაუდოდ ისეთები, რომლებმაც თავის გამოსყიდვა მოახერხეს და, შედარებით შეძლებულები და ხელმომართულები, მსხვილ სახელოსნოებს ფლობდნენ. ყმობის პერიოდში გრძელდებოდა ებრაელთა მიგრაცია. ცნობილია ქართველ ებრაელთა ნებაყოფლობითი გადასახლება ყირიმში მე-15 - მე-16 საუკუნეებში. ჯერ კიდევ მე-19 - მე-20 საუკუნეებში ყირიმის ებრაელთა შორის შეინიშნება ქართული წარმოშობის გვარები. მე-17 და მე-18 საუკუნეებში ათობით ათასი ქართველი, მათ შორის, როგორც ჩანს, არაერთი ქართველი ებრაელი, სპარსი დამპყრობლების მიერ იძულებით იქნა გადასახლებული სპარსეთში.

ქართველი ებრაელი ყმები, პატარ-პატარა ჯგუფებად ერთმანეთისგან მოწყვეტილები, თავიანთი ბატონების მამულებში ცხოვრობდნენ. გაფანტულობამ და ერთიანი სულიერი ცენტრის არქონამ გამოიწვია ქართველ ებრაელთა რელიგიური განათლების დონის დაქვეითება. გერმანელი მოგზაური რაინექსი, რომელიც საქრთველოს 1780 წელს ეწვია, ყვება, რომ ქალაქელი ებრაელები (ვაჭრები და მქსოველები) სოფლის ებრაელებს რელიგიური განაწესების არცოდნის გამო „ქანაანელებს“ უწოდებდნენ.

ყმობიდამ გათავისუფლების სურვილი ზოგჯერ აიძულებდა ებრაელებს, ქრისტიანობა მიეღოთ. ამ პროცესს ეკლესიაც ხელს უწყობდა. დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ეკლესია ებრაელს ათავისუფლებდა მისი ბატონის ვალიდან და თვითონ იხდიდა ამ ღალას - იმ პირობით, თუ ამის სანაცვლოდ ეს უკანასკნელი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადავიდოდა. ისეთი ფაქტებიც დასტურდება, როცა ფეოდალები, მიუხედავად აღებული ვალდებულებისა, უბიძგებდნენ ებრაელს ქრისტიანობა მიეღოთ. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ყმა ქართველი ებრაელები დაყოფილი იყვნენ სამ კატეგორიად: მეფის ყმები, მემამულის ყმები და ეკლესიის ყმები. არც ყმა და არც საეკლესიო ებრაელი სამხედრო სამსახურს არ ექვემდებარებოდა. ამის სანაცვლოდ მათ უნდა გადაეხადათ „საჯარო გამოსასყიდი“. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა (1801 წ.), სამეფო ყმა ებრაელები „სახაზინო ყმების“ კატეგორიაში იქნენ გადაყვანილნი და რუსეთის ხაზინაში ხარკის შეტანა დაეკისრათ.

ბატონ-ყმობის გადავარდნა, ოქტომბრის რევოლუცია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმერატორმა ალექსანდრე მეორემ ბატონყმობა 1861 წელს გააუქმა, ამ რეფორმამ ამიერკავკასიამდე მხოლოდ 1864 წელს მოაღწია. სხვა ყმებთან ერთად თავისუფლება მიიღეს ქართველმა ებრაელებმაც, მაგრამ ვინაიდან ახალი წესი არ ითვალისწინებდა ყოფილ ყმებზე მიწების გაცემას, ზოგიერთი ებრაელი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო თავის ბატონთან, თუმცა უკვე სხვა სტატუსით - როგორც დაქირავებული მსახური.

მაგრამ უმეტესობამ სხვა გზა აირჩია - საცხოვრებლად სხვა დასახლებებში, ან სულაც შედარებით მსხვილ ქალაქებში გადავიდნენ. ებრაული დასახლებების უმეტესობა - აბასთუმანი, ახალდაბა, ბარეთელი, ბებენისი, ბრელი, თამარაშენი, თხაჩირი და სხვა თანდათანობთ დაცარიელდა. იქიდან წამოსულმა მოსახლეობამ შეავსო ქართული ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ონის, ფოთის, ბათუმის - ებრაული უბნები, და აგრეთვე დაბები: ბანძა, კულაში, საჩხერე, სურამი, სუჯუნა, ქარელი და სხვ.

ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მიგრანტებმა შედარებით ხესაყრელი პირობები შეიქმნეს კომერციული და სამრეწველო მოღვაწეობისთვის. მკვლევართა აზრით, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქართველი ებრაელების ვაჭრობით და ხელოსნობით დასაქმება - უწინდელი მიწათმოქმედების და მეცხოველეობის მაგიერ.

თვალცრემლიანები შორდებოდნენ წინაპართა მიწას და სინაგოგებს ქართველი ებრაელები. სადაც არ უნდა წასულიყვნენ, სადაც არ უნდა დაედოთ ახალი კერა, ისინი პირველ რიგში საზეიმოდ შეაბრძანებდნენ სეფერ-თორებს ახალ სინაგოგებში. სინაგოგებთან ერთად ქალაქებში და ახალ დასახლებებში იხსნებოდა იეშივები და ხედერები, ვინაიდან ქართველი ებრაელებისთვის წინაპრების რელიგიური ტრადიცია ყველაფერზე მაღლა იდგა.

ანტისემიტიზმი.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში შეინიშნება ამ ქვეყნისთვის უჩვეულო ანტიებრაული განწყობა. მეცნიერები თვლიან, რომ ამას ორი ფაქტორი განაპირობებდა:

თემის ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება ვაჭრობის მეშვეობით.
რუსული ანტისემიტიზმმის გავლენა: სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება საქართველოში სისხლის ცილისწამების შემთხვევები. ამათგან ყველაზე მეტად გახმაურდა 9 საჩხერელი ქართველი ებრაელის დადანაშაულება ფესახის დღეებში ქრისტიანი გოგონას რიტუალური მიზნით მკვლელობაში (1878 წ.) სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართა და მთელი მსოფლიოს მოწინავე ადამიანების ყურადღება მიიპყრო. იგი ისტორიაში „ქუთაისის პროცესის“ სახელწოდებით შევიდა. ბრალდებულები უდანაშაოლოდ სცნეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრი იმის შესახებ, რომ იუდეველები მაცის დასამზადებლად ქრისტიანთა სისხლს იყენებენ, ერთხანს ურყევად დარჩა.


სისხლის ცილისწამების სხვა შემთხვევები საქართველოში შეინიშნება 1952, 1881, 1882, 1883, 1884 წლებში. 1885 წელს ქუთაისის ებრაელები სასტიკად დაარბიეს. 1913 წლის განმავლობაში, ბანდა, რომელსაც ქუთაისის გუბერნატორის მოადგილე მეთაურობდა, სისტემატურად სძალავდა ფულს ებრაელებს; ვინც არ ემორჩილებოდა, კლავდნენ.

ებრაულ თემთა კულტურული და სულიერი ცხოვრება.

მიუხედავად ამ გამოხდომებისა, ქართველ ებრაელთა მატერიალური და სულიერი დონე მაინც იზრდებოდა. მაღლდებოდა მათი სოციალური სტატუსიც. თემის განათლებული ნაწილი ღირსეულ ნიშას იკავებდა მედიცინის, მეცნიერებისა თუ კულტურის დარგებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავი კი იმდროინდელ ქართველ ებრაელებში რელიგიური აღმავლობაა. უმეტესად ეს გამოწვეული იყო ებრაელების აშკენაზური ფრთის - როგორც ლიტვურის, ასევე ხასიდურის - მზარდ გავლენით ამიერკავკასიაში. ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ პროცესში ეკუთვნის 1890-იანი წლების ბოლოს ცხინვალის მთავარ რაბინად არჩეულ აბრაჰამ ხვოლესს (1857-1931 წლები) - ლიტვის მთავარი რაბინის, სპექტორის მოწაფეს.

რაბი ხვოლესის გავლენა გასცილდა ცხინვალის საზღვრებს. მისი თანადგომით 1902 წელს თბილისში ქართველი ებრაელი ბავშვებისათვის დაარსდა სკოლა, სადაც სწავლება მიმდინარეობდა სისტემით „ივრითი ივრითზე“. მასწავლებლები მოწვეულები იყვნენ ვილნოდან.

მე-19 საუკუნის ბოლოს, აშკენაზ ებრაელებთან ერთად, ამიერკავკასიაში სიონიზმის იდეებმაც შემოაღწია. სიონიზმი დიდი მხადაჭერით სარგებლობდა ქართველ ებრაელთა თემში. მე-6 სიონისტური კონგრესის მუშაობაში (ბაზელი, 1903 წ.) მონაწილეობას იღებდა საქართველოს ცნობილი რაბინი დავით ბააზოვი, რომელიც ცხინვალის მკვიდრი იყო.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, რაბი დავით ბააზოვთან ერთად, სიონიზმის პროპაგანდას ეწეოდა ნათან ელიაშვილი (1893-1929). ამ ადამიანების აქტიურობის წყალობით, ჯერ კიდევ რევოლუციამდე მოხერხდა ქართული დიასპორის არაერთი წარმომადგენლის რეპატრიაცია ერეც ისრაელში. საქართველოდან გამოსულებმა იერუსალიმში, დამასკოს ჭიშკრის მახლობლად, შექმნეს საკუთარი უბანი, მაგრამ 1929 წელს იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ იგი არაბული მღელვარების გამო.

ერეც ისრაელში საქართველოდან გამოსულთა შორის უნდა აღინიშნოს კოკიაშვილების ოჯახი, რომლებიც ფლობდნენ მაღაზეიების ქსელს, შემდეგ კი მიწის მნიშვნელოვან ნაკვეთებს ძველი იერუსალიმისა და იაფოს ქუჩის მიდამოებში - ქალაქის კედლის გარეთ. მსხვილი სავაჭრო ოპერაციებით იყო დაკავე ბული დავარაშვილების ოჯახი.

ხასიდაშვილების და ხახამაშვილების ოჯახები მოიხსენიებოდა ქვეყანაში საბანკო საქმის ფუძემდებელთა შორის. იერუსალიმური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირი იყო აბრაჰამ ჯანაშვილი (გარდაიცვალა 1978 წელს), რომელიც სურამელოს სახელით არის ცნობილი.

ქართველი ებრაელები საბჭოთა პერიოდში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველოში გაძლიერდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, და მალე შეიქმნა დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 წლის მაისი). დამფუძნებელ კრებაზე, არჩევნების გამოცხადების დროს, ებრაელი კანდიდატებისთვის სამი ადგილი იქნა გამოყოფილი: აქედან ორი - ქართველი, ერთი კი აშკენაზი ებრაელისთვის იყო განკუთვნილი.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს გამყარდა ძმების - იოსებ და მიხეილ ხანანაშვილების - ასიმილატორული პოზიცია, რომელსაც ძმებთან ერთად სხვა მომხრეებიც გამოუჩნდა ახალგაზრდა ებრაელებს შორის. ეს ჯგუფი, რომელიც ქუთაისში მოქმედებდა, მენშევიკი სოციალ-დემოკრატების (მათ ჩამოაყალიბეს კოალიციირი მთავრობა საქართველოში) მხარდაჭერით სარგებლობდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ქართველი ებრაელები ეთნიკური თვალსაზრისით ებრაელები კი არა, ქართველები არიან და ძირეული მოსახლეობისგან მარტო რელიგიით განსხვავდებიან. ჯგუფის წევრებმა ქართულ პრესაში რუსეთის ებრაელთა „ხრიკების“ წინააღმდეგ გაილაშქრეს, სადაც აცხადებდნენ, რომ ეს ხრიკები მიზნად ისახავს მოსეს კანონების მიმდევარ ქართული მოსახლეობის ასიმილაციას.

ქართველ ებრაელთა პირველი ბეჭდვითი ორგანოს „ხმა ებრაელისა“ ძირითადი თემა იყო ასიმილატორების და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლა. გაზეთმა 1918 წელს დაიწყო გამოსვლა ქუთაისში შლომო ციციაშვილის რედაქტორობით (გარდაიცვალა ისრაელში 1926 წელს) და რაბი ბააზოვის აქტიური მონაწილეობით. ყოველკვირეულმა მხოლოდ 8 თვე იარსება.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს ებრაელებისთვის დაიწყო ახალი - აშკენაზურ დიასპორებთან საერთო ცხოვრების ეტაპი. საბჭოური პოლიტიკა პირველ ხანებში დადებითად აირეკლა საქართველოს ებრაელთას ბედზე. გაიხსნა ებრაული მუზეუმი, თეატრი, სკოლა. იყო ებრაული კოლმეურნეობის შექმნის მცდელობა, თუმცა წარუმატებლად.

1930-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ნაციონალური ცხოვრების საერთო გამკაცრებასთან ერთად დაიწყო ებრაელების დევნაც. განსაკუთრებული სისასტიკით იუდეურ რელიგიურ ტრადიციებს ებრძოდნენ. თითქოსდა თემის მოთხოვნით, იხურება სინაგოგები და ტრადიციული სკოლები.

50-იანი წლების მეორე ნახევარში მთავრობის ბრძოლა ებრაული კულტის წინააღმდეგ შენელდა, ისევ გაიხსნა ძველი სინაგოგები, დაიწყო ახლების მშენებლობა (მაგალითად სოხუმში). მაგრამ რელიგიური ებრაელების ცხოვრება საქართველოში მაინც განიცდიდა ზეწოლას „ზემოდან“.

ომის შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება საქართველოს ებრაული თემების ეკონომიკური განვითარებაც, ძირითადად, ეს იმ დროს არალეგალურ ბიზნესთან იყო დაკავშირებული. მთავარ სავაჭრო ცენტრებად ითვლებოდა კულაში, სურამი, ქუთაისი, ცხინვალი და გარკვეულწილად რესპუბლიკის დედაქალაქი თბილისი.

ებრაულმა კომერციულმა მოღვაწეობამ დიდი წვლილი შეიტანა არამარტო ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებაში, არამედ საერთოდ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.

მიუხედავად ცხოვრების შედარებით მაღალი დონისა, სწორედ ქართველმა ებრაელებმა დაიწყეს დიდი ალია საბჭოთა კავშირიდან 1970-იან წლებში. მათ ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი - ისტორიულ სამშობლოში გადასახლების საუკუნოვანი ოცნება და არა საქართველოდან გაქცევა.

1970-იან წლებში ამიერკავკასია დატოვა ქართველი ებრაელების მესამედმა. 90-იანი წლების ალიამ დაასრულა ებრაელთა გამოსვლა საქართველოდან. ეს იყო განპირობებული, როგორც ისრაელში რეპატრიაციით, აგრეთვე საბჭოთა კავშირის დაშლით, რომელსაც კავკასიის სისხლიანი კონფლიქტები და ეკონომიკური ვარდნა მოჰყვა.

თანამედროვე ებრაელთა ცხოვრება საქართველოში.

დღესდღეობით საქართველოში ებრაელთა რაოდენობა არ აღემატება 10 000 ადამიანს. ებრაული ცხოვრების ცენტრად თბილისი ითვლება. აქ არის არა მარტო რაბინი, არამედ შოხეტი, მოელი და სხვა.

თბილისის გარდა პატარა ებრაული თემები არის ქუთაისში, გორში, ბათუმში, სურამში, ქარელში, ახალციხეში და ზოგიერთ სხვა ქალაქებში. 90-იან წლებში საბოლოოდ დაცარიელდა ებრაული დასახლებები; მაგალითად, კულაშში სინაგოგის და სასაფლაოს გარდა, ებრაელობაზე მიგვითითებს მხოლოდ ამ ბოლო ხანებში შექმნილი ქართულ-ებრაული მეგობრობის მუზეუმი.

მიუხედავად თავისი მცირერიცხოვნობისა, ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკის ებრაული თემი აგრძელებს თავის არსერბობას: ეწყობა ზაფხულის ბანაკები ახალგაზრდობისთვის, მუშაობენ ებრაული სკოლები (მათ შორის რელიგიურიც).

თბილისში და ზოგიერთ სხვა ქალაქში არის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ფილიალები, როგორიც არის „ჯოინთი“ და „სოხნუთი“. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღდგენილია ქართველ ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

იმის წყალობით, რომ ქართულ დიაპსორას საოცარი ერთგულება ახასიათებს მამათა რწმენისა და მშობლიური ტრადიციების მიმართ, უახლოეს დროში რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ ჩაქრება ებრაული ცხოვრება, რასაც მეტწილად საქართველოს ხელმძღვანელობის პროებრაული და პროისრაელური პოზიცია განაპირობებს.


http://ge.shater-izhaka.ru/judaism/georgia/



Комментариев нет:

Отправить комментарий