четверг, 25 апреля 2013 г.

ათი მცნების განმარტება.II

მეოთხე მცნების შესახებ

კითხვა: რატომ არის ნაბრძანები – უფალს დაეთმოს მეშვიდე და არა რომელიმე სხვა დღე?
პასუხი: იმიტომ, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი განისვენა საქმეთაგან.
კითხვა: დღესასწაულობს თუ არა ქრისტიანული ეკლესია შაბათს?
პასუხი: არ დღესასწაულობს, როგორც სრულ დღესასწაულს, მაგრამ სამყაროს შექმნის ხსოვნისთვის და თავდაპირველი დღესასწაულის გასაგრძელებლად, სხვა დღეებთან შედარებით შემსუბუქებულია მარხვა.
კითხვა: როგორ სრულდება მეოთხე მცნება ქრისტიანულ ეკლესიაში?
პასუხი: იდღესასწაულება ყოველი ექვსი დღის შემდგომი – მეშვიდე დღე; მხოლოდ შვიდი დღიდან არა უკანასკნელი – შაბათი, არამედ ყოველი შვიდეულის პირველი დღე – კვირა.
კითხვა: რა დროიდან იდღესასწაულება კვირადღე?
პასუხი: ქრისტეს აღდგომის დროიდანვე.
კითხვა: წმიდა წერილში ნახსენებია თუ არა კვირადღის დღესასწაულობის შესახებ?
პასუხი: ახალი აღთქმის წიგნში "საქმე წმიდათა მოციქულთაჲ" ნახსენებია მოწაფეთა, ე.ი. ქრისტიანთა შეკრება "ერთსა მას შაბათსა", ანუ შვიდეულის პირველ დღეს – კვირას – "განტეხად პურისა", ე.ი. ზიარების საიდუმლოს აღსასრულებლად (საქმე 20,7).
კითხვა: მეშვიდე დღის ანუ შაბათის მსგავსად კიდევ რა აღინიშნება?
პასუხი: ძველი აღთქმის ეკლესიაში შაბათის მსგავსად აღინიშნებოდა სადღესასწაულოდ ან მარხვისთვის დადგენილი სხვა დღეები, მაგალითად, პასექის დღესასწაული, განწმენდის დღე; ასევე ქრისტიანულ ეკლესიაშიც, გარდა კვირადღისა, დაცული უნდა იქნეს ღვთის სადიდებლად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა პატივსაცემად დადგენილი დღესასწაულები და მარხვები.
კითხვა: რომელია უმნიშვნელოვანესი დღესასწაულები?
პასუხი: 1. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა.
2. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ღვთისთვის მისაძღვნელად.
3. ხარება, ანუ მთავარანგელოზ გაბრიელის უწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი – მისგან ძე ღვთისას განხორციელების შესახებ.
4. ქრისტეს შობა.
5. უფლის ნათლისღება და ყოვლადწმიდა სამების გამოცხადება.
6. მიგებება – მართალ სიმეონისგან უფლის მიქუმა (ხელში აყვანა) იერუსალიმის ტაძარში.
7. უფლის ფერისცვალება.
8. უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში (ბზობა).
9. პასექი, უფლის აღდგომის დღესასწაული – დღესასწაული დღესასწაულთა.
10. უფლის ზეცად ამაღლება.
11. მეერგასე (ორმოცდამეათე) დღე, სულთმოფენობა – სულიწმიდის გარდამოსვლის აღსანიშნავად და ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად.
12. ჯვართამაღლება – ამაღლება უფლის პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა, რომელიც წმიდა დედოფალმა ელენემ იერუსალიმში, გოლგოთაზე იპოვა.
13. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება.

კითხვა: რომელია უმნიშვნელოვანესი მარხვა?
პასუხი: დიდმარხვა, ანუ ორმოცდღიანი წმინდა მარხვა.
კითხვა: რატომ ეწოდება ორმოცდღიანი?
პასუხი: იმიტომ, რომ გრძელდება ორმოცი დღე, ქრისტეს ვნებათა შვიდეულის გამოკლებით.
კითხვა: რატომ დაწესდა, რომ დიდმარხვა ორმოც დღეს გრძელდებოდეს?
პასუხი: თავად იესო ქრისტეს მაგალითის მიხედვით – იგი ხომ ორმოც დღეს მარხულობდა (იხ. მათ. 4,2).
კითხვა: რატომ არის დაწესებული მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს?
პასუხი: ოთხშაბათს – იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემისა და იუდეველთაგან მისი შეპყრობის გასახსენებლად; პარასკევს – ჩვენი უფლის ვნებისა და სიკვდილის ხსოვნისთვის.
კითხვა: რატომ დაწესდა შობის, მიძინებისა და მოციქულთა მარხვები?
პასუხი: პირველი ორი იმიტომ, რომ წინასწარი თავშეკავებით პატივი მივაგოთ ამ მარხვების დამაგვირგვინებელ ქრისტეშობისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულებს, უკანასკნელი კი – მოციქულთა მისაბაძად, რომლებიც მარხვით ემზადებოდნენ სახარების საქადაგებლად (საქმ. 13,3).
კითხვა: როგორ უნდა გავატაროთ სადღესასწაულო დღეები მცნების მიხედვით?
პასუხი: ჯერ ერთი, ამ დღეებში არ უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა ვაკეთოთ საერო და ყოფითი საქმეები. მეორეც, საჭიროა მათი წმინდად დაცვა, ანუ ამ დროს ღვთის სადიდებლად უნდა აღვასრულოთ წმინდა და სულიერი საქმეები.
კითხვა: რატომ არის აკრძალული სადღესასწაულო დღეებში მუშაობა?
პასუხი: რათა დაუბრკოლებლად დავუთმოთ ეს დღეები წმინდა და ღვთივსათნო საქმეებს.
კითხვა: მაინც რისი კეთება არის ჯეროვანი სადღესასწაულო დღეებში?
პასუხი: 1. ეკლესიაში მისვლა საზოგადო ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და საღვთო წერილში განსასწავლად.
2. აგრეთვე, სახლში ლოცვა და წმიდა წიგნების კითხვა ან სულის მაცხონებელი საუბრები.
3. საკუთარი ქონების ნაწილის ღვთისთვის მიძღვნა; მისი გამოყენება ეკლესიისა და მის მსახურთა საჭიროებისთვის, უპოვართა მიმართ ქველმოქმედებისთვის; სნეულთა და საპყრობილეში დატყვევებულთა მონახულება და ქრისტიანული სიყვარულის გამომხატველი სხვა საქმეების აღსრულება.
კითხვა: მაგრამ ასეთი საქმეები სადაგ დღეებშიც ხომ უნდა ვაკეთოთ?
პასუხი: კარგია, ვისაც ამის საშუალება აქვს. ხოლო ვისაც სამუშაო აბრკოლებს, ისინი სადღესასწაულო დღეებში მაინც უნდა განიწმინდონ კეთილი საქმეებით. აუცილებლად საჭიროა ლოცვა ყოველდღიურად – დილა-საღამოს, სადილისა და ვახშმის, შეძლებისდაგვარად კი, ყოველი საქმის დასაწყისსა და დასასრულს.
კითხვა: რა უნდა ვიფიქროთ მათზე, ვინც დღესასწაულებზე საკუთარ თავს ნებას აძლევს, მონაწილეობდეს თამაშებსა და სანახაობებში, ისმენდეს უჯერო საერო სიმღერებს, თავშეუკავებლად ჭამდეს და სვამდეს?
პასუხი: ასეთი ადამიანები უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ დღესასწაულების სიწმინდეს; თუ წმინდა დღეებისთვის შეუფერებლად ითვლება უწყინარი და წარმავალი ცხოვრებისთვის სასარგებლო სამუშაოები, მით უფრო მიუღებელია უსარგებლო, ხორციელი და მანკიერი საქმეები.
კითხვა: მეოთხე მცნება, ექვსდღიან შრომას რომ ეხება, ამით ხომ არ კიცხავს მათ, ვინც არაფერს აკეთებს?
პასუხი: უეჭველად, კიცხავს მათ, ვინც სადაგ დღეებში თავიანთი წოდების შესაფერისად არ საქმიანობენ და უქმად ფანტავენ დროს.



მეხუთე მცნების შესახებ

კითხვა: რა განსაკუთრებულ მოვალეობას გვაკისრებს მეხუთე მცნება ზოგადი მითითებით, პატივი ვცეთ მშობლებს.
პასუხი: 1. პატივისცემით მოვექცეთ მათ.
2. დავემორჩილოთ, თუკი ღვთის მცნების საწინააღმდეგოს არ გვთხოვენ.
3. ვარჩინოთ და ყოველმხრივ შევეწიოთ.
4. როგორც მათ სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგაც ვილოცოთ მათი სულების გადასარჩენად და ერთგულად შევასრულოთ ჩვენთვის ანდერძად დანაბარები, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საღვთო სჯულსა და სამოქალაქო კანონებს (2 მაკაბ. 12,43-44; იერ. 35,18-19. ღირსი იოანე დამასკელი, სიტყვა მიცვალებულთა შესახებ).
კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ მშობლების უპატივცემულობის ცოდვის სიმძიმე?
პასუხი: რამდენადაც იოლი და ბუნებრივია სიყვარული და პატივისცემა მშობლებისა, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა, იმდენად მძიმეა მათი უპატივცემულობის ცოდვა. მოსეს სჯულის თანახმად, სიკვდილით ისჯებოდა მამის ან დედის ბოროტისმეტყველი (გამ. 21,16).
კითხვა: მაინცდამაინც მშობლების პატივისცემის მცნებას რატომ ერთვის კეთილდღეობისა და დღეგრძელობის დაპირება?
პასუხი: ეს იმიტომ, რომ თვალსაჩინო ჯილდოს მოლოდინში უფრო მეტად მოვინდომოთ ამ მცნების შესრულება, რომელსაც ეფუძნება წესრიგი, ჯერ ოჯახში და შემდეგ – საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კითხვა: როგორ სრულდება ეს დანაპირები?
პასუხი: ძველ პატრიარქთა და პირველმამათა მაგალითები გვიჩვენებს, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს მშობლებისგან დალოცვას (დაბ. 27). "კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა" (ზირ. 3,9). ღმერთი, თავისი ბრძნული და სამართლიანი განგებულებით, გამორჩეულად იცავს მათ სიცოცხლეს და უქმნის კეთილდღეობას ამქვეყნად, ვინც პატივს სცემს მშობლებს, ხოლო სათნოებისთვის საბოლოო ჯილდოდ უბოძებს უკვდავ და ნეტარ ცხოვრებას ზეციურ სამშობლოში.
კითხვა: მშობლები ყველაზე წინ რატომ იხსენიებიან მცნებებში, რომლებიც მოყვასისადმი სიყვარულს გვავალებენ?
პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებრივად ჩვენთან ყველაზე ახლოს მშობლები არიან.
კითხვა: მეხუთე მცნების მიხედვით მშობლებში კიდევ ვინმე ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ?
პასუხი: უნდა ვიგულისხმოთ ყველა, ვინც მშობლების მაგივრობას გვიწევს.
კითხვა: ვინ გვიწევს მშობლების მაგივრობას?
პასუხი: 1. მწყემსები და სულიერი მასწავლებლები – ისინი სწავლებითა და საიდუმლოებებით გვბადებენ და გვზრდიან სულიერ ცხოვრებაში.
2. ჩვენი აღმზრდელები, ნათლიები.
3. ასაკით უფროსნი.
4. კეთილისმყოფელნი.
5. სხვადასხვა სახის ხელისუფლება ქვეყანაში.
კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი მწყემსთა და სულიერ მოძღვართა შესახებ?
პასუხი: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქუენთათვის, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ" (ებრ. 13,17).
კითხვა: არის თუ არა წმიდა წერილში განსაკუთრებული მითითება, ისეთივე პატივი მივაგოთ ასაკით უფროსებს, როგორიც მშობლებს?
პასუხი: პავლე მოციქული სწერს ტიმოთეს: "მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა – ვითარცა ძმათა, მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა" (1 ტიმ. 5,1-2).
"წინაშე პირსა მხცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდენ ღმრთისა ცხოველისა" (ლევიტ. 19,32).
კითხვა: როგორ დავრწმუნდეთ, რომ კეთილისმყოფლებს ისეთივე პატივი უნდა მივაგოთ, როგორც მშობლებს?
პასუხი: თავად იესო ქრისტეს მაგალითით, რომელიც იოსებს ემორჩილებოდა იმის მიუხედავად, რომ იოსები მხოლოდ აღმზრდელი იყო მისი და არა მშობელი (ლუკ. 2,51).
კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი ხელისუფალთა პატივისცემის შესახებ?
პასუხი: "ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ; რამეთუ არა არს ხელმწიფებაჲ გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის ხელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების" (რომ. 13,1-2);
"მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა" (მათ. 22,21);
კითხვა: ვინ არიან ქვეყნის ხელისუფალნი, რომელთაც მშობლების მსგავსად უნდა მივაგოთ პატივი?
პასუხი: ისინი, ვინც მშობლების მაგიერ ზრუნავენ ჩვენს აღზრდაზე, ანუ სასწავლებლის მმართველნი და მოძღვარნი; ვინც საზოგადოებაში უწესრიგობისა და არეულობისგან გვიცავს, ანუ სამოქალაქო მთავრობანი; ისინი, ვინც ჩაგვრისგან გვიცავს კანონის ძალით – მსაჯულნი; ვისაც სახელმწიფო ხელისუფლება ანდობს მტერთაგან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და შენარჩუნებას – სამხედრო მთავრობანი; ასეთებად გვევლინებიან ბატონები იმ მსახურთათვის, ვისაც ისინი პატრონობენ.
კითხვა: რა მოვალეობებს გვაკისრებს წმიდა წერილი სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიმართ?
პასუხი: "მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი" (რომ. 13,7).
კითხვა: რაოდენ ძლიერ უნდა გვიყვარდეს სამშობლო?
პასუხი: მზადყოფნამდე, სიცოცხლე გავიღოთ მისთვის (იოან. 15,13).
კითხვა: თუ წმიდა წერილი გვაკისრებს მშობლების მიმართ მოვალეობებს, იმავეს ხომ არ გვაკისრებს შვილების მიმართაც?
პასუხი: იგი მშობლებსაც აკისრებს შვილების მიმართ სათანადო მოვალეობებს.
"მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა" (ეფეს. 6,4).
კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი მწყემსის მოვალეობაზე სულიერი სამწყსოს მიმართ?
პასუხი: "მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა, იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით (ანუ მომხვეჭელობით – მთარგმნ. შენიშვნა), არამედ გულს-მოდგინედ. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას (1 პეტ. 5,1-3).
კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი მთავრობათა და მფლობელთა მოვალეობების შესახებ?
პასუხი: "უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათა; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა " (კოლ. 4,1).
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მოხდა და მშობლებმა ან მთავრობამ მოგვთხოვა ის, რაც სარწმუნოებას ან საღვთო სჯულს ეწინააღმდეგება?
პასუხი: არ უნდა დავემორჩილოთ და უნდა ვუთხრათ, რაც მოციქულებმა უპასუხეს იუდეველ მთავრებს: "უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ" (საქმ. 4,19); სარწმუნოებისა და საღვთო სჯულისთვის უნდა დავითმინოთ ყოველივე, რაც ამას შედეგად მოჰყვება.
კითხვა: საერთოდ, რა ვუწოდოთ იმ სათნოებას, რასაც მეხუთე მცნება ითხოვს?
პასუხი: მორჩილება.

მეექვსე მცნების შესახებ

კითხვა: რა იკრძალება მეექვსე მცნებით?
პასუხი: მკვლელობა, ანუ მოყვასისთვის სიცოცხლის წართმევა ნებისმიერი გზით.
კითხვა: სიცოცხლის ნებისმიერი ხელყოფა ითვლება თუ არა სჯულის დამარღვეველ მკვლელობად?
პასუხი: სჯულის დამარღვეველი არ არის მკვლელობა, როდესაც სიცოცხლეს ხელყოფენ მოვალეობის გამო, მაგალითად:
1. როდესაც განაჩენის თანახმად დამნაშავეს სიკვდილით სჯიან.
2. როდესაც მომხდურს კლავენ სამშობლოსათვის ბრძოლაში.
კითხვა: რა უნდა ვიფიქროთ შემთხვევით, წინასწარგანზრახვის გარეშე ჩადენილ უნებლიე მკვლელობაზე?
პასუხი: უნებლიე მკვლელი უდანაშაულოდ ვერ ჩაითვლება, თუ არ გამოიჩინა სათანადო სიფრთხილე, რითაც შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება; ყოველ შემთხვევაში, ეკლესიის დადგინების თანახმად, იგი საჭიროებს სინდისის განწმენდას.
კითხვა: რა შემთხვევები შეიძლება ჩაითვალოს სჯულის დამარღვეველ მკვლელობად?
პასუხი: გარდა სჯულის პირდაპირ დამარღვეველი მკვლელობისა (ნებისმიერი იარაღით), ამავე დანაშაულს შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი შემთხვევები:
1. როდესაც მსაჯული დამნაშავედ ცნობს განსასჯელს, რომლის უდანაშაულობაც მისთვის ცნობილია;
2. როდესაც ვინმე შეიფარებს ან გაათავისუფლებს მკვლელს და ამით ახალი მკვლელობის ჩადენის საშუალებას მისცემს;
3. როდესაც ვინმეს შეეძლო მოყვასის ხსნა სიკვდილისგან, მაგრამ არ იხსნა; მაგალითად, თუ მდიდარი ღატაკის შიმშილისგან სიკვდილს დაუშვებს, თუ ექიმი ავადმყოფს არ მიხედავს ან გულგრილობითა და უყურადღებობით არასწორად უმკურნალებს.
4. როდესაც ვინმე მისდამი დაქვემდებარებულებს ძალ-ღონეს აცლის მძიმე სასჯელებითა და სამუშაოთი, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება, და ამით ქვეშევრდომთა სიკვდილს აჩქარებს.
5. როდესაც ვინმე თავშეუკავებლობით ან სხვა მანკიერებებით იმოკლებს საკუთარ სიცოცხლეს.
კითხვა: როგორ შევაფასოთ თვითმკვლელობა?
პასუხი: იგი მკვლელობათაგან ყველაზე მეტად არღვევს სჯულს. თუ არაბუნებრივია სხვა, ჩვენივე მსგავსი ადამიანის მოკვლა, მით უფრო ეწინააღმდეგება ბუნებას თვითმკვლელობა. ჩვენი სიცოცხლე პირადი საკუთრება არ არის, იგი ეკუთვნის მის მომნიჭებელს – ღმერთს. თვითმკვლელობა ღმერთის სასოების დაკარგვა და ბოროტი სულების შთაგონების აღსრულებაა. და, რაც მთავარია, სიკვდილის გამო შეუძლებელია თვითმკვლელობის მონანიება, რადგან იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადება და ღვთისათვის სათნო სინანული სიკვდილისთანავე მთავრდება. აქედან გამომდინარე, თუ თვითმკვლელი სულიერად დაავადებული არ არის და შეგნებულად იკლავს თავს, მას ცხონების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
კითხვა: როგორ შევაფასოთ პირადი უთანხმოებების გადასაწყვეტი ორთაბრძოლა?
პასუხი: პირადი უთანხმოებების გადაწყვეტა სახელმწიფოს (ანუ სამსჯავროს) საქმეა. ორთაბრძოლის მონაწილე კი ამის ნაცვლად თვითნებურად მიმართავს ისეთ ქმედებას, რაც აშკარა სიკვდილით ემუქრება მასაც და მის მეტოქესაც; ორთაბრძოლაში შედის სამი საშინელი დანაშაული: სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხი, მკვლელობა და თვითმკვლელობა.
კითხვა: ხორციელი მკვლელობის გარდა, არსებობს თუ არა სულიერი მკვლელობაც?
პასუხი: სულიერი მკვლელობის სახეა ცდუნება, რითაც ვინმე მოყვასს უსჯულოებაში ან სხვა ცოდვაში ჩაითრევს, რასაც მისი სულიერი მკვლელობა მოჰყვება. მაცხოვარი ბრძანებს: "რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათ. 18,6).
კითხვა: ამის გარდა არსებობს თუ არა მკვლელობის შეფარული სახეებიც?
პასუხი: ამ ცოდვას გარკვეულწილად მიეკუთვნება ყველა საქმე და სიტყვა, რაც ეწინააღმდეგება სიყვარულს და უსამართლოდ არღვევს მოყვასის სიმშვიდეს ან უსაფრთხოებას; ბოლოს – მკვლელობად ითვლება შინაგანი სიძულვილი მოყვასისადმი, იმის მიუხედავად, გამოვლინდა თუ არა იგი. "ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი კაცის-მკლველი არს" (1 იოან. 3,15).
კითხვა: მოყვასის სიცოცხლის ხელყოფის საპირისპიროდ რა გვევალება?
პასუხი: გვევალება, შეძლებისდაგვარად გავუფრთხილდეთ მოყვასის სიცოცხლესა და კეთილდღეობას.
კითხვა: ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა არის ჩვენი მოვალეობები?
პასუხი: 1. უსწავლელთა სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლება.
2. ღარიბთა ტვირთის შემსუბუქება.
3. სნეულთა, პატიმართა, ქვრივ-ობოლთა, მწირთა დახმარება.
4. მწუხარეთა ნუგეშისცემა.
5. განსაცდელში ჩავარდნილთა შეწევნა.
6. ყველას მიმართ მშვიდობიანი დამოკიდებულება, სიყვარული და ზრუნვა.
7. განრისხებულებთან შერიგება.
8. ყველას მიტევება (პატიება) და მტრებისთვის სიკეთის ქმნა.
წმიდა წერილი გვასწავლის: "ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაცქიოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ (იაკობ. 5,19-20).
"ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა" (ფსალმ. 40,1).
"უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მათ. 6,14-15).


მეშვიდე მცნების შესახებ

კითხვა: რა იკრძალება მეშვიდე მცნებით?
პასუხი: მრუშობა.
კითხვა: ამ დასახელებაში რომელი ცოდვები იგულისხმება და იკრძალება?
პასუხი: პავლე მოციქული გვირჩევს: ქრისტიანებმა ამ სიბილწეებზე არც კი უნდა ისაუბრონ (ეფ. 5,3). მხოლოდ აუცილებლობის გამო, რომ ადამიანებმა ამ ცოდვათაგან თავი დაიცვან, მაინც საჭიროა ზოგიერთი მათგანის დასახელება:
1. სიძვა – ანუ უწესო ხორციელი სიყვარული ჯვარდაუწერელთა შორის.
2. მრუშობა – როდესაც ჯვარდაწერილი ადამიანი ცოლქმრულ სიყვარულს უკანონოდ იყოფს გარეშე პირთან, ანუ ღალატობს თავის მეუღლეს.
3. სისხლის აღრევა – როდესაც ცოლქმრული კავშირის მსგავსი ურთიერთობა ახლო ნათესავებთან მყარდება.

კითხვა: მაცხოვრის სწავლების თანახმად, როგორ უნდა განვსაჯოთ მრუშობა?
პასუხი: მაცხოვარმა ბრძანა: "ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5,28).
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, რომ ამ შეფარულ, შინაგან მრუშობაში არ ჩავცვივდეთ?
პასუხი: თავი უნდა ავარიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გულში აღგვიძრას უწმიდური გრძნობები და აზრები: ავხორცულ სიმღერებს, ცეკვებს, ბილწსიტყვაობას, მოურიდებელ თამაშებს, ხუმრობებსა და სანახაობებს, მემთვრალეობას, ისეთი წიგნების კითხვას, რომლებიც უწმინდურ სიყვარულზე მოგვითხრობენ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან თავისუფალ ურთიერთობას, გამომწვევ ჩაცმულობას, რომლითაც სხვასაც ვაცდუნებთ და ჩვენს გულშიც არაწმინდა აზრებს აღვძრავთ. სახარების თანახმად, უნდა ვეცადოთ არ ვუყუროთ იმას, რაც გვაცდუნებს: "უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა" (მათ. 5,29).
კითხვა: ნუთუ ნამდვილად აუცილებელია, ამოვიღოთ თვალი, რომელიც გვაცდუნებს?
პასუხი: თვალი უნდა ამოვიღოთ ნებით (ნებისყოფით) და არა ხელით. ვინც მტკიცედ გადაწყვიტა და არ უყურებს საცდურს, მან უკვე ამოიღო თავისი მაცდუნებელი თვალი.
კითხვა: მრუშობის ცოდვა გვეკრძალება, მაგრამ რა სათნოებანი გვევალება?
პასუხი: გვევალება ცოლქმრული სიყვარული და ერთგულება; ხოლო დაუქორწინებელ ახალგაზრდებს და იმათ, ვისაც უბიწოდ ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი – სიწმინდე და უბიწოება.
კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი ქმრისა და ცოლის მოვალეობების შესახებ?
პასუხი: "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფ. 5,25).
"ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ" (ეფ. 5,22-23).
კითხვა: რას გვეუბნება წმიდა წერილი, რატომ უნდა ვერიდოთ მრუშობას და წმინდად ვიცხოვროთ?
პასუხი: წმიდა წერილი გვიბრძანებს – დავიცვათ ჩვენი სხეულები წმინდად, როგორც "ასონი ქრისტესნი" და "ტაძარნი სულისა წმიდისანი". მემრუშე კი, პირიქით, "თვისთა მიმართ ხორცთა ცოდავს" (1 კორ. 6,15; 18-19), ანუ ხრწნის სხეულს, ასნეულებს და აზიანებს ისეთ სულიერ შესაძლებლობებსაც კი, როგორებიცაა წარმოსახვა და მეხსიერება.


მერვე მცნების შესახებ

კითხვა: ზოგადად რას კრძალავს მერვე მცნება?
პასუხი: მოპარვას, ანუ იმის მითვისებას, რაც სხვას ეკუთვნის.
კითხვა: მაინც, რომელი ცოდვები იკრძალება ამ მცნებით?
პასუხი: უმთავრესი ცოდვებია:
1. ძარცვა, ანუ სხვისი ნივთის ცხადად, ძალით წართმევა;
2. ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის ფარულად მიტაცება.
3. მოტყუება, ანუ სხვისი კუთვნილის ცბიერებით მითვისება. მაგალითად, როდესაც ნამდვილის მაგიერ შეაპარებენ ყალბ ფულს, ხარისხიანი საქონლის ნაცვლად – უვარგისს; როდესაც ყალბი სასწორით ან საზომით ნავაჭრს აკლებენ; საკუთარ მამულს მალავენ, რათა გადასახადი არ გადაიხადონ; შეთანხმებას ან ანდერძს არ ასრულებენ; ქურდობაში დამნაშავეს ხელს აფარებენ და ამით დაჩაგრულს სამართლიანობის აღდგენის უფლებას ართმევენ.
4. სიწმინდეთმტაცებლობა (მკრეხელობა), ანუ მითვისება იმისა, რაც ღმერთისთვისაა მიძღვნილი და რაც ეკლესიას ეკუთვნის.
5. მექრთამეობა, როდესაც უკანონო საზღაურს იღებენ ქვემდგომთაგან ან განსასჯელთაგან; როდესაც ანგარებით აწინაურებენ უღირსებს, ამართლებენ დამნაშავეებს, ავიწროებენ უდანაშაულოებს.
6. მუქთახორობა, როდესაც ჯამაგირს იღებენ სამსახურისთვის ან საფასურს საქმისთვის, მაგრამ სამსახურსა და საქმეს არ ასრულებენ; ამრიგად, ისინი ჯამაგირსა და საფასურთან ერთად იპარავენ იმ სარგებელსაც, რისი მოტანაც შრომით შეეძლოთ საზოგადოებისთვის ან პიროვნებისთვის; მუქთახორობაა ისიც, როდესაც ადამიანს შრომის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ უსაქმურადაა და მოწყალებით ირჩენს თავს.
7. გამომძალველობა, როდესაც გარკვეული უფლების ძალით, სინამდვილეში კი, სამართლიანობისა და კაცთმოყვარების უგულებელყოფით, თავის სასარგებლოდ იყენებენ სხვის საკუთრებას, სხვის შრომას ან მოყვასის გაჭირვებულ მდგომარეობას; მაგალითად, როცა გამსესხებელი მოვალეს სესხისთვის ვახშს სთხოვს; ან მეპატრონენი მათზე დამოკიდებულ ადამიანებს გაუსაძლისი გადასახადებით ან შრომით თრგუნავენ. გამომძალველობაა, როდესაც შიმშილობის დროს პურს მეტისმეტად ძვირად ყიდიან.
კითხვა: ეს ცოდვები გვეკრძალება, სამაგიეროდ რა სათნოებები გვევალება?
პასუხი: 1. უანგარობა.
2. ერთგულება.
3. მართლმსაჯულება.
4. გულმოწყალება, გლახაკთა და უძლურთა დახმარება.
კითხვა: ნუთუ ის, ვინც ღატაკებისადმი მოწყალებას არ იჩენს, მერვე მცნების საწინააღმდეგოდ სცოდავს?
პასუხი: რა თქმა უნდა, სცოდავს, თუკი მას დახმარების საშუალება აქვს. ყველაფერი, რაც გვაქვს, ღმერთს ეკუთვნის, ხოლო სიმდიდრე ღვთის განგებულებით გვეძლევა ღარიბთა დასახმარებლად; ამიტომაც, თუ ჩვენი ავლადიდებიდან მათ არაფერს ვუწილადებთ, ამით მათ საკუთრებასა და ღვთის ნიჭს ვიტაცებთ ან ვმალავთ.
კითხვა: რა ითვლება მერვე მცნების საწინააღმდეგო ცოდვების საპირისპირო უმაღლეს სათნოებად?
პასუხი: სათნოება, რომელსაც სახარება სთავაზობს არა როგორც საყოველთაო ვალდებულებას, არამედ როგორც რჩევას ღვთისმსახურებაში მოღვაწეობის მოშურნეებს – ეს არის სრული უპოვარება, ანუ ყოველგვარ საკუთრებაზე უარის თქმა. "უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათ. 19,21).


მეცხრე მცნების შესახებ

კითხვა: რა იკრძალება მეცხრე მცნებით?
პასუხი: მოყვასის ცილისწამება, აგრეთვე, ყოველგვარი ტყუილი.
კითხვა: რა ითვლება ცილისწამებად?
პასუხი: 1. ყალბი ჩვენება – როდესაც სამსჯავროზე ვიღაცას ტყუილად დაასმენენ, უჩივლებენ ან ცრუმოწმედ დაუდგებიან.
2. ცრუმოწმობა სამსჯავროს გარეთ – როდესაც ზურგსუკან ცილს სწამებენ ან პირში მიახლიან უსამართლო ბრალდებას.
კითხვა: ნებადართულია თუ არა სხვათა გაკიცხვა, თუ მათ ნამდვილად ახასიათებთ მანკიერებანი?
პასუხი: სახარება ნებას არ გვაძლევს, განვსაჯოთ მოყვასი ნამდვილად არსებულ მანკიერებათა ან უღირსებათა გამო, თუ განსაკუთრებული ვალდებულება არ გვიხმობს, ვამხილოთ ისინი.
უფალი გვამცნებს: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (მათ. 7,1).
კითხვა: დასაშვებია თუ არა სიცრუის თქმა მოყვასისთვის ზიანის მიყენების განზრახვის გარეშე?
პასუხი: დაუშვებელია იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულსა და პატივისცემას და არასაკადრისია ადამიანისთვის, მით უფრო ქრისტიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტებისა და სიყვარულისთვის არის მოწოდებული.
"ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ" (ეფეს. 4,25), – გვასწავლის პავლე მოციქული.
კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ მეცხრე მცნების საწინააღმდეგო ცოდვების თავიდან ასაცილებლად?
პასუხი: საჭიროა ენის დამორჩილება. "რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თვისი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყვიედ ზაკუვასა (1 პეტ. 3,10).
"რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღვირ-ასხმიდეს ენასა თვისსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თვისსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ" (იაკობ. 1,26).

მეათე მცნების შესახებ

კითხვა: რა იკრძალება მეათე მცნებით?
პასუხი: ის სურვილები, რომლებიც ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს და ამ სურვილებთან დაკავშირებული გულისსიტყვები (აზრები).
კითხვა: რატომ იკრძალება არა მხოლოდ უწესო საქმენი, არამედ უკეთური სურვილებიცა და ზრახვებიც?
პასუხი: ჯერ ერთი, სული, რომელშიც უკეთური გულისთქმები და ზრახვები ბუდობს, უკვე უწმინდურია ღვთის წინაშე და აღარ არის მისი ღირსი. ბრძენი სოლომონი ამბობს: "საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი" (იგავ. 15,26). ამიტომაც არის საჭირო საკუთარი თავის განწმენდა ამ შინაგანი სიბილწეებისგან, როგორც მოციქული გვასწავლის: "განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა" (2 კორ. 7,1).
მეორეც – საჭიროა ცოდვილი გულისთქმებისა და ზრახვების დათრგუნვა, რომელთაგან, როგორც თესლისგან, აღმოცენდებიან ცოდვიანი საქმეები: "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი" (მათ. 15,19). "კაცად-კაცადი განიცადების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების. მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკობ. 1,14-15).
კითხვა: რომელი ვნება იგმობა მოყვასის საკუთრების სურვილის აკრძალვით?
პასუხი: შური.
კითხვა: რა იკრძალება სიტყვებით: "არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა"?
პასუხი: იკრძალება ავხორცობით გამოწვეული ფიქრები და სურვილები, ანუ შინაგანი მრუშობა.
კითხვა: რა იკრძალება სიტყვებით: "არა გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისა"?
პასუხი: იკრძალება ანგარებითა და დიდებისმოყვარებით აღძრული ფიქრები და სურვილები.
კითხვა: ამ აკრძალვების სანაცვლოდ რას გვავალებს მეათე მცნება?
პასუხი: 1. გულის სიწმინდის დაცვას.
2. საკუთარი ხვედრით დაკმაყოფილებას.
კითხვა: როგორ ვებრძოლოთ ცოდვიან სურვილებსა და გულისსიტყვებს?
პასუხი: ცოდვიან სურვილებთან და გულისსიტყვებთან ბრძოლაში საუკეთესო იარაღებია ამ სურვილებისა და აზრების მონანიება აღსარების საიდუმლოში, ხშირი ზიარება, სხვების განკითხვისაგან თავის შეკავება და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხშირი და გულმოდგინე მოხმობა. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ქრისტიანი გულში მუდმივად უნდა ლოცულობდეს. განუწყვეტლივ ლოცვისთვის მართლმორწმუნენი ყველაზე ხშირად მიმართავენ იესოს ლოცვას: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". წმიდა გრიგოლ პალამა გვასწავლის: "დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა, და არა ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ვლოცულობდეთ... როდესაც ვსხედვართ ხელსაქმისთვის, როდესაც დავდივართ, როდესაც საზრდელს ვიღებთ, როდესაც ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ გონებით და აღვასრულოთ გონებითი ლოცვა, ღვთისათვის სათნო, ჭეშმარიტი ლოცვა. სხეულით ვიმსახუროთ, ხოლო სულით ვილოცოთ".
ათი მცნების განმარტება შედგენილია წმიდა მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის კატეხიზმოზე დაყრდნობით.


თარგმნა ნინო ბელთაძემ.

martlmadidebloba.ge

1 комментарий: