понедельник, 8 апреля 2013 г.

მეცნიერება და რელიგია.VII

ზნეობრივ ზეგავლენას აქვს ორგანული და არა მექანიკური ხასიათი. ქრისტემ თქვა: ღმრთის სასუფეველი... მსგავსია საფუარისა (ლკ. 13,20-21) ეს ზეგავლენა თვალისათვის შეუმჩნევლად მასში იწვევდა შინაგან ღვივილს. მათი აზრების მიმართულებას, ჭკუა-გონებას, რუსი კაცის მთელს ზნეობრივ წყობას, მის სულიერ ცხოვრებას გარდაქმნიდა. საუკუნეობრივ უდებურებათა შედეგად ადამიანი ზნეობრივად იმდენად გაღარიბდა, რომ იგი თავის თავში უკვე ვეღარ ამჩნევდა, ვეღარ ხედავდა ქრისტიანული თანაცხოვრების იმ უპირველესი და უმთავრესი საფუძვლების უქონლობასა და უკმარისობას, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენად არ გაქვავებულიყო იგი ამ სიღარიბისაგან, რომ მათი მოთხოვნილების გრძნობა მთლიანად დაეკარგა.

წმ. სერგიმ ზნეობრივი მხარდაჭერა აღმოუჩინა რუსთა ლაშქარს, როდესაც იგი მამაის ურდოსთან საომრად მიეშურებოდა. სერგიმ დიმიტრი დონელის კურთხევით რუს მებრძოლთა სულისკვეთება აამაღლა და ამით ომის წარმატებული დასასრულიც წინასწარ განსაზღვრა, რითაც მნიშვნელოვანწილად რუსი ხალხის მომავალი გამოიკვეთა.

პირადი ცხოვრების მაგალითით, საკუთარი სულიერების სიმდაბლით წმ. სერგიმ ზეასწია რუსი ხალხის სული, გააღვიძა მასში ნდობა საკუთარი თავისა და საკუთარი ძალებისადმი, შთაბერა სასოება მომავლისადმი.

სერგი რადონეჟელმა თავისი წმინდა ცხოვრებით რწმენა გაუღვივა რუს ხალხს, რომ ყველა კეთილი და სათნო თვისება ჯერ კიდევ მთლიანად არ ჩაფერფლილა და არ ჩამკვდარა მასში; თავისი გამოჩენით თანამემამულეთა შორის, რომლებიც იმ დროს სულიერ წყვდიადში იმყოფებოდნენ, თვალი აუხილა, დაეხმარა მათ, საკუთარი თავში ჩაეხედათ და მოეძიათ იქ ჯერ კიდევ მბჟუტავი ნაპერწკალი ამავე საღმრთო ცეცხლისა, რითაც თვით მათი წმინდა განმანათლებელი ბრწყინავდა.

XIV საუკუნის რუსებმა წმინდა სერგის ეს ღვაწლი სასწაულად აღიქვეს იმიტომ, რომ მან ხალხის ზნეობრივი გრძნობა გამოაცოცხლა, ხალხის სული გამოაღვიძა, სულიერად აამაღლა, - სულიერ-ზნეობრივი ზემოქმედების ასეთი გამოვლინება ყოველთვის სასწაულებრივ, შემოქმედებით აქტად იყო მიჩნეული. და მართლაც, სწორედ ასეთია იგი თავისი არსებითა და წარმოშობით, რამეთუ მისი წყარო ცოცხალი და ჭეშმარიტი სარწმუნოებაა.

უკვე წმ. სერგის სიცოცხლეშივე მართლმადიდებელ რუსეთში იშვიათად თუ შეხვდებოდით შეჭირვებულ ადამიანს, რომელიც სულიერი შვებისა და ნუგეშისათვის წმ. ბერს არ შეევედრებოდა შეწევნისათვის. სერგი რადონეჟელის პიროვნებისა და ღვაწლის ასეთი ძალუმი ზნეობრივი ზემოქმედების წყალობით თანდათანობით გამოიკვეთა ორი ფაქტი, რომლებიც სხვა საყრდენებთან ერთად ჩვენი რუსეთის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი შენობის საძირკვლად იქცა. ერთ-ერთ ამ ფაქტთაგანია ის დიდი მოვლენა, რომელიც წმ. სერგის დროს რუსული ლაშქრის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებასა და მის ზნეობრივ მორალურ მხარდაჭერასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორეა - მოსკოვის ირგვლივ თავადაზნაურობისა და მათი ადგილ-მამულების გაერთიანების ის მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი, რომელსაც წმინდა სერგის სიცოცხლეში ჯერ კიდევ მხოლოდ ეყრებოდა საფუძველი.

ამგვარად, წმ. სერგის სულიერ-ზნეობრივმა ზეგავლენამ მთელი მისი მიწიერი არსებობის მანძილზე იმდენად განადიდა და აამაღლა მისი სახელი, რომ სიკვდილის შემდეგაც ხალხის ცხოვრებაში ჩაუქრობელ მანათობელ შუქურად და ხალხის მდიდარი სულიერი საგანძურის განუყოფელ საკუთრებად იქცა.

ეკლესია თავის წარმომადგენელთა მეშვეობით ყოველთვის იბრძოდა ქრისტიანული მორალის ხორცშესასხმელად.

ეკლესიამ წმინდა მიტროპოლიტების დასს მიაკუთვნა ფილიპე, რომელსაც არ შეეშინდა ივანე მრისხანის ბრალდებისა, მისი სისასტიკის მიუხედავად, არ შედრკა მის წინაშე და ამის შედეგად მეფის ბრძანებით მალუტ სკურატოვმა მოკლა იგი ქედმოუდრეკელობისა და სიმტკიცის გამო. მაგალითები რუსეთის ეკლესიის ისტორიაში მრავალია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა იერარქს ტირანიის მხილების ასეთი შემართება და გამბედაობა არ ჰქონია.

ზოგჯერ ქრისტიანული მორალი ხალხს ეფინებოდა არა იერარქების, არამედ უბრალო ადამიანების მიერ ხალხის წიაღიდან.

როდესაც ივანე მრისხანე ტვერისა და ნოვგოროდის დარბევისა და გაპარტახების შემდეგ ასაკლებად და გასაპარტახებლად ფსკოვს მიუახლოვდა, ერთი გლახაკი გამოვიდა მასთან შესახვედრად და უმი ხორცის ნაჭერი მიართვა. „მე მარხვის დროს ხორცს არ ვჭამ" - უთხრა მას მეფემ. „შენ უარესს აკეთებ, - ადამიანთა სისხლს სვამ"! - უპასუხა სალოსმა. ქრისტიანული მორალის აი ასეთმა განსაცვიფრებელმა ძალამ შეაჩერა ივანე მრისხანის ხელი, რომელიც ქალაქის გასანადგურებლად აღმართულიყო.

რუსეთში ბოროტმოქმედებანი ხდებოდა არა ქრისტიანული მორალის ზეგავლენით, არამედ ამ მორალის საწინააღმდეგოდ, ამა ქვეყნის ძლიერნი დაუსჯელად სჩადიოდნენ ყველანაირ უკეთურებას მაშინ, როდესაც ეკლესიის მორალური ზეგავლენა სუსტდებოდა, ან არასაკმარისი ხდებოდა. „ღმრთისა გეშინოდეთ!" - ეს ფრაზა არასოდეს სცილდებოდა უბრალო ადამიანთა ბაგეებს, როდესაც ვინმეზე მორალური ზემოქმედება იყო აუცილებელი. ამით ქრისტიანული რელიგია და ჰუმანისტური მორალი პრაქტიკულად ერთიანდებოდა.

ფოლოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთან, რუსეთში, სახარებისეულ მორალს ბატონყმობის დროს. ეს მორალი აკეთილშობილებდა ადამიანის შეგნებას, იგი თესდა, იგი თესდა დაჩაგრული გლეხის სულში რწმენას იმისას, რომ არსებობს სიმართლე, რომ ადამიანთა თანასწორობა - ბოდვა არ არის და რომ ადამიანები, მართლაც, ღმრთის წინაშე თანასწორნი არიან. მხოლოდ ერთ დეტალს გავიხსენებთ შესახებ იმისა, თუ ქრისტიანული მორალი როგორ იმაღლებდა ხმას ყმის ადამიანური ღირსებების დასაცავად.

უდიდესი რუსი წმინდანი, სერაფიმე საროველი XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მის სიცოცხლეშივე რუსეთის ყოველი კუთხიდან მოედინებოდა ხალხი ნუგეშისა თუ შეგონების მისაღებად. მისი ზეგავლენა ხალხის ცნობიერებაზე განუზომელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასკეტი განდეგილი იყო, მისთვის ყოველთვის ახლობელი გახლდათ მშობლიური ხალხის სვე-ბედი და როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, არ შეეძლო დაჩაგრულთა მხურვალე დამცველი და მათი მგზნებარე ქომაგი არ ყოფილიყო. იგი მემამულეებს აიძულებდა, ყმებში თავიანთი მსგავსი ადამიანები, თვისი მოყვასნი დაენახათ. აი, ერთ-ერთი საუბართაგანი ამა ქვეყნის ძლიერთან. „ვინ არის ეს საუცხოო ქალწული თქვენთან ერთად?" - ჰკითხა წმ. სერაფიმე საროველმა რჩევისა და კურთხევისათვის მასთან მისულ დიდ მემამულე ქალბატონს. „ეს ჩემი ხელისმოსამსახურეა", - დაუდევრად, გულგრილად უპასუხა მემამულემ. „არა, ეს ხელის გოგო არ არის, - მოუგო წმინდანმა, - იგი ქალწულია, და არა თუ ისეთივე ადამიანია, მე და თქვენ რომ ვართ, თქვენო კეთილშობილებავ, არამედ ჩვენზე ბევრად უკეთესიცაა, რადგან მას სუფთა სული და კეთილი გული აქვს. უფალი შენთანაა, ჩემო საუნჯევ!" - უთხრა გოგონას მამა სერაფიმემ და აკურთხა იგი. ხოლო ქალბატონი არ აკურთხა. სერაფიმე საროველის ეს სიტყვები მთელს რუსეთში ყველას პირზე ეკერა, - მთელს ქვეყანას მოეფინა.

ჩვენ ვიცით, რომ ხალხის შეგნებაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საშინელი სამსაჯავროს იდეას. მცირედი გამონაკლისის გარდა, ყველა ადამიანი მორწმუნე იყო, ყველას სწამდა საიქიო საზღაურისა და მარადიული სიცოცხლისა; სწამდათ, რომ ღმერთის სამსჯავრო იმ ცხოვრების გამო, რითაც ამ დროებით წუთისოფელში იცხოვრებს, ელოდება ნებისმიერ ადამიანს, - მდიდარსაც და ღარიბსაც, ჩინებულთაც და უჩინოთაც; სწამდათ, რომ ღმრთისაგან ისინი იქნებიან კურთხეულნი, ვინც იწყალებდნენ, უყვარდათ და ეხმარებოდნენ ჭირში, განსაცდელსა და უბედურებაში მყოფ ადამიანებს, ხოლო შეჩვენებულნი კი ისინი - ვინც არ იწყალებდნენ, არ უყვარდათ, არ შეეწეოდნენ თანამოძმეებს. როგორ შეიძლებოდა უკვალოდ ჩაევლო იმ სიტყვებს, რომელნიც ტაძარში საზეიმოდ და ხაზგასმით ხმამაღლა ეუწყებოდა მრევლის მსმენელებს, სიტყვებს თვით უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა, წადით ჩემგან წყეულნო... რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; და მსჯავრდებულთა კითხვაზე, თუ როდის შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, კვლავ მოისმოდა ქრისტეს სიტყვები: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, ამით არც მე შემეწიეთ (მთ. 25,41-45).

ნუთუ ეს არ გახლავთ უდიადესი ყველა მორალურ ზემოქმედებათაგან, რაც კი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ნებისმიერი უსამართლო საზოგადოების პირობებში?


ადამიანური სრულქმნილების იდეალი არის ქრისტე.

„მხოლოდ ერთი ზნეობა არსებობს, სახელდობრ ის, რომელიც იესო ქრისტემ მოგვცა" - ა.პ. ჩეხოვი.

XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე და შემდგომშიც ჩვენთან, რუსეთში, სახარებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. XIX საუკუნემდე რუსეთში არ გვქონდა ახალი აღთქმის რუსული თარგმანი, და ამდენად სახარების სიტყვა ხალხისთვის მიუწვდომელი ან ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. რუსულმა საზოგადოებამ სახარება რუსულ ენაზე მხოლოდ XIX საუკუნის 30-იან წლებში მიიღო. გაჩნდა შესაძლებლობა, ეკითხათ ეს დიადი წიგნი და მისი ფურცლებიდან ნამცნევ ჭეშმარიტებებზე ეფიქრათ. სახარებისეული მორალის ზემოქმედების შედეგები რუსული საზოგადოების ცნობიერებასა, და, პირველ რიგში, მოწინავე ადამიანებზე უზარმაზარი იყო.

„ბიბლიას, - წერს პუშკინი, - მიხაილოვსკში, გადასახლებაში ყოფნისას, - გამოწვლილვით ვკითხულობდი, თუმცა მანამდეც ხშირად ვკითხულობდი სახარებას".

„არსებობს წიგნი, - წერდა პუშკინი ჟურნალ „სოვერმენნიკში", - რომლის სიტყვა განმარტებული, ახსნილი და ნაქადაგებია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, გამოყენებული და მისადაგებულია ცხოვრების ყველა შესაძლო გარემოებისა და მოვლენებისადმი, საიდანაც შეუძლებელია, ისე გაიმეორო რომელიმე გამონათქვამი, ყველამ ზეპირად არ იცოდეს და უკვე ხალხურ ანდაზად არ იყოს ქცეული".

სახარების წმინდა წყაროდან იკლავდნენ თავიანთ სულიერ წყურვილს ყველანი ვინც ჩვენთან XIX საუკუნეში ნამდვილი მორალის მაცნეებად, მახარებლებად და მქადაგებლებად იქცნენ: ბელინსკი, ჩერნიშევსკი, დობროლუბოვი. ისინი სახარებისეულ მორალზე „აღმოცენდნენ" და აღიზარდნენ. ამის გამოც ჰქონდათ მათ სინდისი - სუფთა, მორალური მოთხოვნილებანი კი - მაღალი! შემდგომში ისინი თუმცა ჩამოსცილდნენ ეკლესიას, მაგრამ სახარებისეულ სწავლებას ბოლომდე უერთგულეს. მათი მორალი სახარებისეული დარჩა. გავიხსენებთ გერცენის სიტყვებს: „სახარებას გამუდმებით ვკითხულობდი სიყვარულით. ვკითხულობდი ხელმძღვანელობის გარეშე, ყველაფერი არ მესმოდა, მაგრამ წაკითხულისადმი გულწრფელ და ღრმა პატივისცემასა და მოწიწებას განვიცდიდი. ჭაბუკობისას ვოლტერიანელობით ვიყავი გატაცებული, მიყვარდა ირონია, მაგრამ არ მახსენდება, სახარება როდისმე ცივი გრძნობით ამეღოს ხელში. ასეთი დამოიკიდებულება ამ წიგნისადმი მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვა. ყველა ასაკში, სხვადასხვა გარემოებებში, მე კვლავ და კვლავ ვუბრუნდებოდი სახარების კითხვას და ყოველთვის მის შინაარსს სიმშვიდე და თვინიერება შემოჰქონდა ჩემს სულში".

ქრისტიანობას გამორჩეული პატივისცემით ეკიდებოდა დობროლუბოვიც, რომელიც მას „ღმრთაებრივ მოძღვრებას" უწოდებდა.

„არის წიგნი, რომელშიც ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი - გადაწყვეტილია, რომლის შემდეგაც ეჭვი არაფერში აღარ გეპარება, წიგნი - მარადიული ჭეშმარიტებისა, მარადიული სიცოცხლისა. ეს უკვდავი, წმინდა წიგნი - სახარებაა: კაცობრიობის მთელი პროგრესი, ყველა წარმატება მეცნიერებაში, ფილოსოფიაში შედეგია მხოლოდ და მხოლოდ ამ ღმრთაებრივი წიგნის საიდუმლებრივ სიღრმეში შეღწევისა, მისი მარად ცოცხალი, წარუვალი სიტყვის გაცნობიერებისა და გააზრებისა. სახარების საფუძველია ჭეშმარიტების გამოცხადება სიყვარულისა და მადლის წყალობით. სახარების გამორჩეული ნიშანი ისაა, რომ იგი ერთნაირად დამაჯერებლად, ნათლად და გასაგებად ესაუბრება ყველა გონებას, თითოეულ გულს, ვისაც კი გულწრფელად სურს, წყურვილი მოიკლას მისი ჭეშმარიტებებით. იგი ერთნაირად გასაგებია მეფისა და გლახაკისათვის, ბრძენისა და უვიცისათვის; დიახ, ყოველი მათგანი ეზიარება ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას, თუმცა ზოგი ღრმად და მეტად, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ - მაინც ყველა ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას; ამავე დროს, ბრძენი, მაგრამ ამპარტავანი თავის სიბრძნით, უფრო ნაკლებს გაიგებს, ვიდრე მდაბიო, მაგრამ გულით უბრალო და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც ჰშია ჭეშმარიტება", - ბ.გ. ბელინსკი. მთლიანად ქრისტიანული სულისკვეთებითაა გამსჭვალული ბელინსკის რეცენზია მაგისტრ დროზდოვის საღმრთისმეტყველო შრომებზე, სადაც ის, როგორც რეცენზენტი, ყველა თავის მსჯელობას სახარებისეული ტექსტების საფუძველზე ავითარებს. ამასთან დაკავშირებით, უნებლიედ მახსენდება მისი ცნობილი წერილი ნ.გოგოლისადმი, რომელშიც იგი ასევე აღფრთოვანებით საუბრობს ქრისტეს შესახებ. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს გახმაურებული წერილი რუსი სამღვდელოების მისამართით მკვეთრ გამოხმაურებას შეიცავს, ამიტომ როგორც წესი, ქრისტიანობის საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებენ ხოლმე.

ორი ლიტერატორის კამათი ბატონყმობის შესახებ რუსეთში, გზადაგზა თანამედროვე სამღვდელოების მორალსა და მის როლსაც ეხება ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გოგოლი, როგორც ცნობილია, უაღრესად რელიგიური პიროვნება გახლდათ, რომელსაც რუსი სამღვდელოების მიმართ მაღალი აზრი ჰქონდა, ბელინსკის რელიგიურობა კი უაღრესად თავისებური და ცვალებადი იყო. სიცოცხლის ბოლოს ბელინსკი დასცილდა ეკლესიას, რადგან იგი დესპოტიზმის მათრახად და მის მაამებლად მიაჩნდა. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სიტყვა „ეკლესია"-ს ბელინსკი იყენებს, რა თქმა უნდა, არა დოგმატური, არამედ ყოფითი და ვიწყო აზრით, ე.ი. მასში თავად თანამედროვე სამღვდელოებას გულისხმობს. მაგრამ დასცილდა რა ეკლესიას, ბელინსკი უკანაკნელ ამოსუნთქვამდე, მაღლა აყენებდა ქრისტეს.

ქრისტიანული სიტყვის აზრს ეზიარნენ გასული საუკუნის „ფილოსოფიური მოძრაობები". აი, რატომაა, რომ „რომელიმე ვოლტერი, ვინც დაცინვის იარაღით ევროპაში სიუვიცის და ფანატიზმის კოცონები ჩააქრო, რა თქმა უნდა, უფრო მეტადაა ქრისტეში, მისი ხორცი ხორცთაგანია, ვიდრე ყველა ჩვენი..." - მკვახედაა ნათქვამი.

„მგზნებარე ბესარიონისთვის", მართლაც, უცხო არ იყო მკვახე და მძაფრი გამონათქვამები. რასაც ის სამღვდელოებას მიაწერს, მართალია მხოლოდ ამ უკანასკნელის უარესი ნაწილის მიმართ. მაგრამ „უარესი ნაწილი" ყველგან გვხვდება და უზნეო ადამიანებს ნებისმიერ საზოგადოებაში შეუძლიათ შეღწევა.

ბელინსკი თავის წერილს მაშინ წერდა, როდესაც იგი სიძულვილით იყო ანთებული ბატონყმობის მიმართ, და ეკლესიასაც მხოლოდ გაკვრით შეეხო.

მაგრამ ეს ტონი ნაკლებ მამხილებელია, ვიდრე, ჩვეულებრივ, - ბიბლიური, წინასწარმეტყველური, როდესაც საუბარი ფარისევლობასა და საღმრთო მცნებათა დავიწყებას ეხება. წინასწარმეტყველნი - იერემია და ეზეკიელი - ღმრთის სიმართლის დამვიწყებელ მღვდელმსახურებს გაცილებით უფრო მძაფრი და მკვახე გამოთქმებით ამათრახებდნენ, ხოლო ყველაზე მწვავედ კი მათ თვით ქრისტე ამხელდა. იგი პირადად მისთვის მიყენებულ ყველა წყენას, ყველა შეურაცხყოფას ჰპატიობდა, მაგრამ არ ჰპატიობდა ფეხქვეშ გაქელვას ყოველივე იმისას, რაც ადამიანისათვის წმინდაა. ფარისეველნო, თვალთმაქცნო... ბრმა წინამძღვარნო... გველნო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?.. მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყველა მართალთა სისხლი (მთ. 23,33,35).

სახარება თავად წარმოადგენს თვალთმაქცობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებას. ამიტომ მოგვყავს თვალთმაქცობისა და ფარისევლობის მამხილებელი სულისკვეთებით აღსავსე სიტყვები. ეპოქა, რომლის შესახებაც ბელინსკი ლაპარაკობს, - XIX საუკუნის დასაწყისი, - ფილოსოფიური აზრის გაფურჩქვნის ხანა იყო. „ადამიანურმა აზრმა თავი დააღწია ეკლესიის მეურვეობას და დამოუკიდებელ გზას დაადგა, და რასთან მივიდა? თავისი საუკეთესო წარმომადგენლების - რუსოს, გოეთეს, კანტის, ჰეგელისა და სხვათა სახით ფილოსოფია ისევ იმასთან მივიდა, რის შესახებაც ქრისტიანული რელიგია გვასწავლიდა".

ჰეგელი წერდა, რომ მისი ფილოსოფია მხოლოდ იმის შესახებ ლაპარაკობს, რაც უკვე ქრისტიანულ კატეხიზმოშია ნათქვამი.

„მე ღმერთს ყველა მის ქმნილებაში ვხედავ, თვით ჩემშივე ვგრძნობ მას, - წერდა რუსო, - ვაღიარებ, რომ განმაცვიფრა წმინდა წერილის სიდიადემ, სახარების სიწმინდე ჩემს გულს ეუბნება: შეხედეთ ფილოსოფოსთა წიგნებს, მთელი მათი ბრწყინვალებით, როგორ უმნიშვნელონი და უფერულნი ჩანან ისინი წმინდა წერილის გვერდით".

„დაე, სულიერი კულტურა სულ უფრო და უფრო მეტად მიიწევდეს წინ, დაე, ბუნებისმეტყველებითი მეცნიერებანი ძლიერდებოდნენ, ვითარდებოდნენ, ღრმავდებოდნენ, და ახალ სივრცეებს ეუფლებოდნენ, დაე, ადამიანური სული სრულქმნილებისაკენ მიისწრაფოდეს, მაგრამ იგი ვერასოდეს ვერ აღემატება ქრისტიანობის იმ სიმაღლესა და ზნეობრივ კულტურას, რომელიც მთელს სახარებაში ანათებს" - გოეთე. ეკერმანთან საუბარი.

მარტო „ფილოსოფიურ მოძრაობას" ხომ არ აღმოუჩენია სახარება. როდესაც პოეტი ი.ს.ნიკიტინი მღვდელმთავარ ტიხონ ზადონელის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და აღსასრულს გაეცნო, წამოიძახა: „აი, ეს კი მესმის! აი, სად ყოფილა თურმე სიდიადის სიმაღლე!"

სახარების მიერ გამოწვეული „აზრის მოძრაობით" იწრთობოდა და ყალიბდებოდა საზოგადოებრივი მორალი, რომელიც სურთ დღეს დაუპირისპირონ ქრისტიანობას, რომელმაც, თავის მხრივ, თვით ეს მორალი წარმოშვა. სახარების წყალობით ხალხში მაღლდებოდა იმის შეგნება, რომ ბატონყმური წყობილება საძაგელია ღმრთისთვის და ღმერთი დიდხანს ვერ მოითმენს უსამართლობას. სახარებისეული სწავლება ნათელყოფდა ბატონყმობის მთელს სულმდაბლობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანული იდეა ღმრთის წინაშე ადამიანთა თანასწორობის შესახებ ფანტასტიკურ იდესა არ წარმოადგენდა. იგი სავსებით რეალური და ქმედითი იყო და მან ისტორიაში უამრავი კეთილი ნაყოფი მოიწია. ასე რომ, ბატონყმობის დამხობა მარტო ეკონომიკური მიზეზების გამო არ მომხდარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий