воскресенье, 26 мая 2013 г.

ვაჟას ნააზრევიდან…

  ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგანა ვსწავლობთ. ტყუილია? არ არის ასე?

ვაჟა–ფშაველა 1909 წ

საზოგადოდ ყველანი ცხოვრებას ზღვას ამსგავსებენ: “ცხოვრების ტალღებმა ხომ არ გაგიტაცეს, შეგმუსრესო?” მე ცხოვრება ზღვას არ მომაგონებს, არამედ კუზიანს ბრმას, ჯოხზე დაბჯენილს მთხოვარა ბებერს, რომლისთვისაც ხელი-ხელში ჩაუჭიდნია ბალღს და ატარებს კარი-კარს: “გაიკითხეთ ღვთის გულისათვის ბრმა უსინათლო.”

ვაჟა-ფშაველა 1886 წ.

მაშ რევოლუციის ქარიშხალმა სრულიად უნაყოფოდ ჩაიარა ჩვენთვის? არა. იმან ერთი დიდი სიკეთე მოგვიტანა: გამოამჟღავნა ჩვენი გონებრივი სიღატაკე, მოუმზადებლობა, ხალხის სიბნელე …..
ვაჟა-ფშაველა 1910 წ

დიაღ, ბატონებო, ასე გახლავსთ; საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალ-მკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ასეთის ჭეხა-ქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!
ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელიღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა; გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგოს ქვეყანას, ვისაც გული ერთიორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუთისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.
დღეს შევიტყე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყობს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ აშკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუება სდებია გულში და „უკანასკნელად“ იმიტომ მწერდა წერილს, რა არის ეს წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა, მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი!

1892 წ.

თუ ვიცით, ამ ცოდნას რადა ვმალავთ? რად ვხუჭავთ განგებ თვალებს და რად არ გვინდა სინამდვილე დავინახოთ? დიაღ, არ გვინდა დავინახოთ, რადგან სინამდვილის დანახვა თვალებს გვატკენს, უსიამოვნო გრძნობებს აღგვიძრავს, მოითხოვს ჩვენგან შრომას, ხელების განძრევას…

ვაჟა–ფშაველა 1909 წ.

http://www.ireporter.ge/ვაჟას-ნააზრებიდან/

Комментариев нет:

Отправить комментарий