вторник, 7 мая 2013 г.

აღდგომას საფლავზე გასვლა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 5 მაისს აღინიშნება. ბოლო დროს დამკვიდრდა ტრადიცია, რომ მოსახლეობა მიცვალებულთა საფლავზე აღდგომის დღეს, კვირას გადის, რაც მართებული არ არის. სასულიერო პირთა თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის. კვირას სასაფლაოებზე გამსვლელთა რაოდენობა ბოლო წლებში შემცირდა.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა ასევე ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული.

წელს აღდგომის მეორე დღე 6 მაისია. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმიდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ხალხში გავრცელდა მოსაზრება, რომ გიორგობის გამო საფლავზე გასვლა არ შეიძლება.

„ამბიონი“ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესცენტრს დაუკავშირდა და როგორც განგვიმარტეს, მთავარია კვირა დღეს მორწმუნეებმა თავი შეიკავონ საფლავზე გასვლისგან. საპატრიარქოს ცნობით, ორშაბათს, გიორგობის დღესასწაულზე, სასაფლაოზე გასვლა დასაშვებია.

მართლმადიდებლური მრწამსის მიხედვით, არც აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში შეიძლება საფლავზე გასვლა, თუმცა პატრიარქმა აღდგომის მეორე დღეს დაუშვა სასაფლაოზე გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის ორშაბათი არ შედის მიცვალებულთა მოსახსენებლად დაწესებულ დღეებში.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.

ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий