среда, 29 мая 2013 г.

ერთგული მეგობარი.

ვაჟა-ფშაველა.

I

ეს არის ჩვენი ქრისტიანობა, რაღა! – ეკითხებოდა გაჯავრებული მღვდელი შვიდს თუ რვა ფშაველს წირვის გამოსვლის შემდეგ, – ვისაც კი ღმერთი სწამს და ქრისტიანი ჰქვიან, განა დღეს არ უნდა მოსულიყო საყდარში? დღევანდელს შობადღეს ქრისტიანმა კაცმა არ მოიგონოს ღმერთი, რა ქრისტიანი ჰქვიან იმას? მაგრამ არა, გულგრილები ხართ, შვილო, ოღომც გასძღეთ, დასთვრეთ, რის საყდარი, რის ღმერთი და ხატი.
– არ ახსოვთ ღმერთი და ხატი და აკი ამიტომაც ღმერთი გაუწყრა ხალხსა, სუყველას ბარაქა დაელია, ძალ-ღონე გამოელია. რატო მოსავალი აღარ მოვიდა, რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავსაო, ამბობენ. ნიადაგმ ღმერთი გაურისხებიათ, როცა ღმერთი აღარავის ახსოვს და ყველამ ნამუსზედ ხელი აიღო, – უპასუხებდა მღვდელს მოხუცებული სოსია, რომელიც დიდი მოყვარული იყო წირვა-ლოცვისა და არადროს არ დააკლდებოდა. გაფხოკებულს, გამხმარს ტყავში გამოხვეული ზარის რეკაზე სოსია მაშინვე საყდარში დაიბადებოდა, ხელში ეჭირა ორი, ან სამი თავის ჩამოქნილი სანთელი. სოსიასა და ტარასტას ხშირად მოსდიოდათ ხოლმე ჩხუბი ამ სანთლების გამო: ჩამოქნილის სანთლების ნთება არ იქნება, უნდა იყიდოთ ეკლესიის სანთელიო, მაგრამ სოსიამ მაინც არ დაიშალა და თავის ხელით ჩამოქნილს სანთლებს უნთებდა ხატებს და თანაც შეუტევდა ტარასტას:
– შენ რაღას ამბობ, კაცო, რა ბედენაა ჩემი ჩამოქნილი და ეკლესიის სანთელი?.. ღმერთმა რად უნდა დაიწუნოს ჩემი ჩამოქნილი სანთელი, ალალის გულით მიტანილი და შეწირული?!
– ვინღა უნდა მოვიდეს საყდარში, – სთქვა მეორემ, – მესამედი ხალხი აღარ დარჩა სოფელში, სრულ გაიხვეტა. დააწიოკა ამ შიმშილმა და წავიდ-წამოვიდენ, ეგებ როგორმე გამოვიკვებნეთო. დაილოცა კახეთის მადლი!..
– აბა-ბა-ბა-ბა-ბაა! რამოდენა ხალხი წავიდა. მართლა, – სთქვა მესამემ, – ბებრების მეტს ვეღარავის მაჰხელავ სახლში, რომ მთელი სოფელი შემოიარო. ზოგმა ცოლ-შვილიც თან წაასხა, საქონლით და კაცით გასწიეს კახეთისაკე.
– მაინც ხალხი საკმაოდ დარჩა სოფელში. დავიჯერო, ვინც აქა ხართ, თქვენს მეტი მამაკაცი აღარ მოიპოვება სოფელში? – ხელახლად დაეკითხა მღვდელი ხალხს.
– როგორ არა, არიან კიდევ, მამაო, – უპასუხა სოსიამ, – ზოგნი ფიცრების სათლელად არიან წასულები, ზოგნი კიდევ საფლავსა სთხრიან.
მართლაც, საყდრის გვერდზე, ზევით, ქარჩის ხმა ისმოდა და ნიჩაბით ხრიალით გადმოდიოდა საფლავის პირზე მიწა. იქვე საფლავის პირზე მოსჩანდა ტაბაკი, რომელზედაც ხმიადის ნატეხი იდვა და ტაბკის გვერდზე იდგა არაყიანი ჩარექა. ეს მიცვალებულის პატრონს მოეტანა საუზმედ საფლავის მთხრელთათვის.
– საწყალი ბერიძე! საწყალი ბერიძე! – სთქვა ამოოხვრით ხალხმა.
– საწყალი ეგ არ არის, – სთქვა სოსიამ, – საწყალი ეხლა მაგის მშობლებია, რომ შემნახველი არ დარჩა.
– საწყალი, საწყალი, – სთქვა ხალხთან ერთად მღვდელმა, – რას მოუკლავ საწყალი?
– რჯულძაღს თათრებს, სხვა ვინ მოჰკლავდა, მამაო, – უპასუხა ერთმა იქ მდგომთაგანმა, – მაგრამ ხელშაუქცევრად კი არც თითონ მომკვდარა, ორი თათარი ბერიძესაც გაუმძღვარებია წინ.
– გიორგიმა და მწარიამ მაიტანეს განა? რა იუბნეს, რა თქვეს, – იკითხა ხალხმა.
– ცხენებში ყოფილიყო ბეჩავი, – დაიწყო მახარემ, – ხუთნი ყოფილიყვნენ თათრები, მარტუა ბერიძე ყოფილიყო. ჯოგისად გაესვათ ხელი და გაერეკათ, და მაგ რჯულძაღლებმა ხო ისე იციან, რომ მდევარი აიცილონ, თან მირბიან და თოფებს ისრიან. როგორც კი შემსხდარიყვნენ ცხენებს, ბერიძეც მაშინვე დასტევებიყო. დაეწყოთ თათრებს სროლა, ბეჩავს ბერიძესაც ესროლა. ომი ეგონებოდა კაცსაო, ამბობენ ი ბიჭები, თოფის ხმა ბინაში მოგვდიოდა, ჩვენ მონადირეები გვეგონა, და ის კი არა, თუ საქმე სხვარიგად იყოვო. ორისად თოფი დაეკრა ბერიძეს, ჩამოეყარა ცხენზეით, ცხენებიც დაეყრეინა. ძალიან რო გახშირდა თოფის ხმა, მერეღა მივეშველენითო, სთქვეს, მაგრამ სულთმაბრძოლს მივეყუდენითო, თათრებიც იქვე ეყარა დახოცილებიო… ღმერთმა აცხონოს ბეჩავი.
– ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა! – სთქვა ხალხმა, – კარგია, რორცა ასრე კვდება კაცი, რო ჯავრი არ ჩაჰყვება მტრისა. გკვლენ – შენც მოკალ, მემრე განა შესაბრალისია თათარი, მაუნათლავი თათარი?! ბევრს ზიანს კი სჩადიან, მაგრამ არც თითონა რჩებიან დაუზიანებლად.
– ვინ იცის, რამდენს დაიტანჯებოდენ საწყლები, – სთქვა მღვდელმა, – რამოდენა მანძილია, ხუმრობაა შირაქიდამ მიცვალებულის ფშავში ამოტანა, განა იქ კი დედამიწა არ არის, იქ არ შეიძლება დაიმარხოს მკვდარი? რა არის, რომ აქ არ მოიტანოთ, ამ შავს კლდეებში, სიცოცხლით არ გეყოფათ ამათი ცქერა, მკვდრებს აქ არ მოარბენინებდეთ?! იქ არ ერჩივნა მკვდარს, პატიოსანს, გაშლილს მინდორზე დასაფლავება! ნახავდა მაინც ვინმე და შენდობას ეტყოდა, აქ ვინ უნდა ნახოს, გაიხედავ – კლდეა, გამოიხედავ – კლდე. ესენი ეტყვიან მკვდარს შენდობას?
– მაგას მართალსა ბრძანებ, მღვდელო, – მიუგო ხალხმა, – მაგრამ რა ვქნათ, ჩვენი ჩვეულება ეს არის, მამა-პაპას ესე სცოდნია და ჩვენც უნდა ვქნათ. ჩვენს მკვდარს სხვისა წყალ-ადგილში ვერ გავწირავთ, – ცოდვაა, მკვდრის სული დაიტანჯება უცხოს ადგილას; ცოცხალნი როგორა ვართ, ალბათ მკვდარიც ასე უნდა იყოს: შესწუხდება, თავის მშობელი ქვეყანა მკვდარსაც დაასვენებს.
– ტყუილია, მამაშვილობამ, სულ ერთია, სადაც უნდა დაიმარხოს მკვდარი, სულს თავისი ადგილი აქვს. განა სულს მიწაში ჩაიყოლებს მიცვალებული, სული უფალს მიებარება, – უპასუხა მღვდელმა.
– შანდობა, მამაო! – სთქვა ხუმარამ, გარდაცვალებულის ბერიძის მამამ, და ემთხვია მღვდელს ხელზე.
– ღმერთმა გაკურთხოს! – სთქვა მღვდელმა, გადასწერა ჯვარი და სამძიმარიც უთხრა.
– საწყალი ხუმარა, ბეჩავი მაგის ჟამია! – წაიდუდუნა ხალხმა.
თითოეულად ყველამ სამძიმარი უთხრა ხუმარას: „ღმერთმა ხო იცის, გვეწყინა შენი ზარალი. ღმერთმა ნუღარა ავი და ურიგო მოგარგინოს, დამრჩოები გიცოცხლოს, თვალთ სინათლე ნუ დაგელიოს, ჯანი საღი მოგცას, მკვდრის სული გიცხონოსო“, – ეუბნებოდენ თითოეულად ამ სიტყვებს ყველა იქ მყოფი ფშავლები.
– ღმერთმა ყველათ გიშველოთ, ღმერთმა იმის დანაკლისი დღე თქვენ შეგმატოთ, – მიუგო ხუმარამ.
– აბა, მამაო, მოჰხედეთ ჩვენს საწყლობას, – უთხრა ხუმარამ მღვდელს, – თქვენც, ჩემო ძმებო და მეგობრებო, ამ დღეს განა პატიჯი გვმართებს, ორი დღე მოუცია ღმერთს ჩვენთვის: ერთი – სიხარულისა, მეორე ეს – ბოროტებისა და მწუხარებისა.
ხალხი და მღვდელი გაჰყვნენ ხუმარას.


II

ხუმარას სახლის დიდი დერეფანი სავსე იყო ხალხით, კაცებით და დედაკაცებით. ზოგნი ახლად მოდიოდნენ, ზურგზე გუდები ეკიდათ, რომელშიც ხმიანდი და ქადა-პურები ეწყოთ მკვდრის პატრონის შესაწევრად, და ხელში ეჭირათ არაყიანი ჩარექები. ხალხი ზარს ამბობდა, მიცვალებული თუმცა ასო-ასოდ დაჭრეს იმის ამხანაგმა მწყემსებმა და ისე მოიტანეს ფშავში, ეხლა ამოეღოთ და საკაცეზე გაეკეთათ. ეს საკაცე შუაში იდგა და გარეშემო მოზარენი – „მოტირლები“ ერტყნენ. იქვე მიცვალებულის თავით იწვა დიდი ბანჯღვლიანი ცხვრის ძაღლი. ტოტები წინ გამოეწვადა და ზედ თავი დაედო. ისიც მწუხარედ იყო ამ დღეს, ხანდახან აიღებდა ხოლმე ტოტს და დაჰკრავდა საკაცის ბოლოზე.
– ძაღლს რატომ არ გააგდებთ? მიცვალებულთან რა საქმე აქვს უწმინდურს ცხოველს? – სთქვა მღვდელმა გაჯავრებით, გააგდეთ, დაჰკარგეთ მანდედამ!
– ბარემღაც ჩვენც გვინდა გავაგდოთ, მაგრამ რო ვერ ვაგდებთ, მამაო! არა ჰშორდება საწყალს ჩემს შვილს, ეგ იმის ცხვრის ძაღლია. არ ვიცი, რომელი ვიტირო: შვილი, თუ ეგ უენ-პირო ცხოველი, მაგის ცოდვამ უფრო დამწვა, – უპასუხა ხუმარამ.
– ეხლა მძლივ გავიგე, ძაღლს როგორი სიყვარულიცა სცოდნია, – სთქვა მახარემ, ბერიძეს ამხანაგმა, – დიდება შენთვის, ჩემო სალოცავო ღმერთო, შენ დამწერე ჯვარი! მე ეგეთი აღარა მინახავ, ეგ ძაღლი რო ვნახე. ზოგს კაცს, ჩემის ლაშარის ჯვრის მადლმა, თამარ მეფის გამარჯვებამ, ზოგს კი არა და ბევრსაც, მაგის ჭკუა არ ექნება. დაგვწვა, აგვავსო ცოდვით მაგ საწყალმა… ძალიან ძაღლია. სამი მწყემსი ცხვრისათვის და ეგ ერთი ძაღლი ბედენანი არ არიან… ჰაი, გიდი, ტოტიავ! ჭრელამ ორმოცი მამგე ცხვარი აძლივა ბეჩავს ბერიძეს, მაგრამ რა გააღებინებდა იმას ამ ძაღსა. ძალიან უყვარდა იმასაც, იმ ცხონებულსა, და ამას ხო ჰხედავთ, მკვდარსაც არ ანებებს თავსა, ქუდზე იცნობს და თავით იმიტომ უწვება… ერთი კვირა მაგას ნაწილი არ უნახავ, გამტკნარებულია, აღარც რჩოლის და ყეფის თავიღა აქვ საწყალს… იმ დღეს, რა დღესაც მოჰკლეს, მოვიტანეთ ბინაში. იმ დღეს რა იქნებოდა, მოფარებით დავასვენეთ… ჯერ იმ ღამეს იყო შაწუხებული, ყუოდა, აიკლო იქაურობა. მეორეს ღამესაც, მანამ გავრეცხდით და ჩავაწყობდით, მოვემზადებოდით, იქვე მოგვიგვიანდა… ეს ძაღლ შასწუხდა, შასწუხდა, შასწუხდა, გარეთ ვიჯე, ქალმებს ვიბანდავდი. ეგეც იქ იწვა: ერთიან წამოფრინდა ეს ძაღლი, დაუწყო რასმე ლაქუცი, მე კი-ვერა მხედავდა, – სიზმარში თუ გაეჩვენა. მემრე რო იქ არავინა ნახა, დაიწყო ყუილი, ღმუილი. ახლა, როცა ცხედარი ჩავაწყვეთ, გავამზადეთ ხურჯინებში და ბერიძეს ტანისამოსი ჩავალაგეთ, იმას დაუწყო სუნთქვა… იმაზე გაიგო, რომ ჩემი პატრონი ამათ მიაქვო და დაგვედევნა. დავაბით, მაგრამ დაეგლიჯა საბმური და ერთის დღის სავალზე მოგვეწია. მოვდივართ ჩვენ კინაღ ერთი კვირაა და მოგვდევს ეს მყეფარი მშიერ-მწყურვალა. ეხლაც თუ არად შაამწყვდიეს, იქვე სასაფლაოზედაც წამუა, არ მეეშვება…
მღვდელი შეიმოსა, საკაცეს ორი ბიჭი მოუდგა ბოლოში და თავში; ჯერ სამჯერ ასწიეს დერეფანში და დაუშვეს საკაცე, ასწევდენ და დაუშვებდენ, – და მერე შაიდვეს მხარზე. იმათ ორი, რომლებიც უნდა გამოსცვლოდენ, როდესაც ისინი დაიღლებოდენ, გვერდზე უდგნენ. მღვდელი და დიაკვანი გალობით გაუძღვნენ მიცვალებულს: – „წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენო“, ერთი-ათად მწუხარედ გაისმოდა ამ მწუხარე, ჩუმსა და ყრუ ადგილას. ხალხი ტირილით უკან მისდევდა მიცვალებულს. საფლავის პირას დაასვენეს ცხედარი, წიფლის, მაშინღა გათლილ ფიცრებისა შეკრეს კუბო და ჩაასვენეს… ყველანი დაბრუნდენ მკვდრის პატრონის სახლში პურის საჭმელად და შენდობის სათქმელად.
ტოტია სადღაა, მეცხვარე ბერიძის ძაღლი? აღარსადა სჩანს. გომურაში დაამწყვდიეს და მეორე დღესღა გამოუშვეს. საბრალო ტოტია ცოფიანივით დარბოდა აქეთ-იქით, სუნავდა დედამიწას, შემოირბინა მთელი სოფელი და სასაფლაოზედაც კი გადირბინა. ყუოდა, ღმუოდა მწარედ პატრონის მაძებარი, მაგრამ პატრონი ვეღარ იპოვნა და დაიკარგა, დაიკარგა, სულ აღარავის უნახავს თვალით…


III


სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ბერიძე დაასაფლავეს, სოფელში საზანდარი გაჩნდა საიდამღაც. თან პატარა ჯორაკა დაჰყვანდა მოხუცებულს, ზედ ტილოს და შალის პარკუჭანები აეკიდა, რომლებშიაც სასაზანდროში აღებულს ფქვილს აგროვებდა. იმედიც ჰქონდა ამ დღეს ეშოვნა რამ და სტვირიც გაეჩაღებინა, მაგრამ მოტყუვდა. მოტყუვდა მხოლოდ იმაში, რომ სტვირი არავინ დააკვრევინა სოფელში, თუმცა კი თეფშებით ფქვილს ყველა აძლევდა. სადაც კი ეზოში მიდგა თავის ჯორაკათი და გაამზადა ასაჟღერებლად სტვირი, ყველგან ხმა შემოესმა მჭმუნვარე ოჯახის პატრონისა: „სოფელში მიცვალებულია, ლხინი არ იქნება!“ საზანდარს უკვირდა, გაოცებული იყო: იმას ყველა სახლში მიცვალებული ეგონა ჯერ და მერე სთქვა თავისთვის: იქნება გარდაცვალებული ყველას ნათესავი იყოვო… მერე ერთს მგზავრს ჰკითხა და იმან აუხსნა: „აქ ეგეთი ჩვეულებაა, ძმობილოვო“.
წამოვიდა თავდაქინდრული და დაფიქრებული საზანდარი უკან, თითქოს სწუხდა და ეთაკილებოდა, როგორ თუ დღეს სტვირი ვეღარ ავაჟღერეო, და მედუქნის კარზედ მივიდა. მედუქნე მხიარულად დაჰხვდა, თვალები დასწითლებოდა, ღაბაბი ჩამოეშო, ღიპი გადმოეგდო, ულვაშები დაემწყაზრა. მიდგა საზანდარი დარაბებთან, ჯორაკა ბოძზე მიაბა და გამოიღო ჩოხის კალთიდამ სტვირი. გამარჯვებაც კი არ უთხრა ვაჭარს. ჩაჰბერა ჯერ სტვირსა, გაბერა ტიკი და სტვირი აჩქამდა. საზანდარმა თავი მაღლა აიღო და დაიწყო:

სოფელში მკვდარსა გლოვობენ,
დუქანში მუდამ ლხინია;
შენც ხომ არ იწყენ, მედუქნევ,
რომ ავაჟღერო სტვირია?
პატიოსანი კაცი ხარ
და სოფლელების ჭირია;
რუმბივით ფაშვსა დაათრევ,
ლოქოს მიგიგავ პირია,
თვალები მექათმე მელას,
ტიკის პოლორჭიკს – ცხვირია.
დაუმშვენებავ ღაბაბსა
ულვაში, ნიკპის ძირია;
სასმელ-საჭმელი, წვრიმალი,
ყველა შენ გააძვირია;
რაკი დახლს იქით გადასცდა,
მანათად ფასობს ჩხირია,
შენ მაინც „იაფს“ იძახი,
თუ მყიდველმა სთქვა „ძვირია!“
ვინ გყავს პასუხისმგებელი,
რომ სთქვა, რა გასაკვირია!
იცი, რომ მიწამ შაჭამა
ის მარაბდელი გმირია;
ქვეყანა დაობლებულა
და უპირობა სჭირია.
გაუსხვეპელი ვაჟკაცი
არ სჩანს, აღარსად სჩხირია.
თავადიც ხელებში გიცქერს,
გლეხს ხო გააძვრე ტყავია!
„ვზარალობ, უფლის მადლმაო“,
მაინც ამასა სჩხავია.
ან კი რას ვამბობ? ლეშითა
განა გაძღება სვავია!
და თუ გაძღება, დარჩება,
დღეც დაადგება შავია;
გაეზომება კისერზე
მეცხვარის შვინდის კავია.
დროა ჩემს გზაზე წავიდე
და დაგანებო თავია;
მოხრაკულები მიირთვი,
ჩვენს ხალხს მახუხიც ჰკმავია,
არუთინ, ცუდს ნიშნებს ვხედავ,
ფრთხილად, ნუ გაგვამწვავია!
მუდამ არ მოგეშველება
სხვისი ფარი და ხმალია.
იფიქრე საბოლოოდა,
თუ რა მოგელის ხვალია.
ვა, თუ დაგადგეს გულზედა
ეგ გამოხრული ძვალია!
თუ სხვაფრივ წავხდით, მკლავში
ხომ კიდევა გვაქვს ძალია,
გვაკმარე ამდენი თმენა.
უფალო, შაგვიწყალია!

Комментариев нет:

Отправить комментарий