понедельник, 6 мая 2013 г.

,,აფხაზეთში ძალიან ბევრი წმიდა ადგილია”

საპატრიარქოს უწყებანი №43, 2004



,,მიუხედავად ამ რთული დროისა, იცით, უცებ რა მეცა თვალში? - ქართული სიყვარული და სითბო არ დაკარგულა...”


გიორგობის დღესასწაულზე ყოვლდაწმიდა სამების ტაძრის კურთხევაზე სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი სტუმარი ჩამობრძანდა. მათ შორის იყო ტიუმენის დედათა მონასტრის წინამძღვარი, ქართველი მონაზონი, იღუმენია ნინო (სხულუხია), რომელიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ მას.


- დედა ნინო, თქვენი ბავშვობის წლებს, სოხუმში ყოფნის პერიოდს როგორ გაიხსენებთ, როგორ მოხვედით ეკლესიაში, როგორ დაიწყო ეს გზა თქვენთვის?


- სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი ეკლესიაში დიდი გაჭირვების შემდეგ მოდის. ადრე ჩვენი წინაპრები ეკლესიაში დადიოდნენ, წყნარად ლოცულობდნენ და უფალთან მისვლა სისხლისღვრის გარეშე ხდებოდა, რადგან მართლმადიდებლობა მამა-პაპიდან, მშობლებიდან შვილებს გადაეცემოდა. ჩვენ კი 70 წლის განმავლობაში უღმერთოდ ვცხოვრობდით. სულში თურმე გვქონია რწმენა, მაგრამ ამის შესახებ არ ვიცოდით. 70 წლის შემდეგ, როდესაც უფლის დიდი მადლით ეკლესიები გაიხსნა, გავიგეთ, რომ მართლმადიდებელი ერის წარმომადგენლები ვართ; მაგრამ ეს ცოცხალი რწმენა უფლისადმი მხოლოდ გაჭირვების შემდეგ მოვიდა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ხშირად დიდი გაჭირვების, ავადმყოფობის შედეგად გვეხსნება გზა უფლისაკენ. მოგეხსენებათ, სოხუმში რაც მოხდა; როგორც ჩანს, როდესაც სული წვალობს, გაჭირვებასა და ავადმყოფობაშია, მაშინ გრძნობს უფალს. ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. როდესაც ეკლესიაში მოვედი, სულმა ჭეშმარიტება იგრძნო, მანამდე კი ცხოვრებაში გზას ვერ ვხედავდი. სხვათა შორის, ჭეშმარიტებას ბავშვობიდანვე ვეძიებდი; მეგონა, მეცნიერებაში ვიპოვნიდი მას, ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და ნერვულ უჯრედში მინდოდა ჭეშმარიტების პოვნა. უფალმა კი მომიყვანა და დამანახა, რომ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია. ამის შემდეგ მივატოვე ყველაფერი ამქვეყნიური და უფალს მივეკედლე. ეს მხოლოდ უფლის ნებით ხდება...


- თქვენი ბავშვობისდროინდელ სოხუმს როგორ გაიხსენებთ?


- მოგეხსენებათ, სულ სხვა სუფთა და წმიდა თვალებით უყურებენ ამ ქვეყანას, იმედისა და სიკეთის თვალებით.


შემდეგ სოხუმის საკათედრო ტაძარში დავიწყე სიარული, ჩემი მოძღვარი იყო ასაკოვანი ბელორუსი მოძღვარი, პროტოპრესვიტერი იოსები. სხვათა შორის, მან მაკურთხა, რომ ოპტის უდაბნოში ერთი კვირით წავსულიყავი აღდგომის შესახვედრად და მისი ლოცვებით უფალმა დამტოვა, სოხუმში ვეღარ წავედი, რადგან იქ არეულობა დაიწყო; მართალია, დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ უფალმა ასე ინება.


- და ამის შემდეგ რამდენ ხანს დაჰყავით ოპტის უდაბნოში?


- იქ ჩემი მოძღვარი გახდა მღვდელ-მონაზონი სერგი. გულით ნამდვილად ვეძებდი უფალს, ეტყობა უკვე მზად ვიყავი მონასტრისათვის. უფალი ხომ ადამიანის გულს ხედავს და დამტოვა. ერთი წელიწადი ოპტის უდაბნოში მამათა მონასტერში ვმუშაობდი.


მოსკოვიდან ორი საათის სავალ გზაზე არის ,,მალაია იაროსლავეც”-ი, სადაც წმიდა ნიკოლოზის დედათა მონასტერი გაიხსნა. ასე დაიწყო მონასტრის მშენებლობა. დღეს ეს ძალიან განთქმული მონასტერია, 100 მორჩილია, 70 უპატრონო ბავშვს ვზრდით. 12 წელიწადია, რაც ეს მონასტერი არსებობს, სადაც 10 წლის წინ აღვიკვეცე მონაზვნად. 2 წლის წინ ციმბირში, ქალაქ ტიუმენში დედათა მონასტერი იხსნებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს იქ არყის ქარხანა იყო: ეპარქია 10 წელიწადი ვერაფრით ახერხებდა, რომ მონასტერი მას გადასცემოდა, დიდი განსაცდელებისა და გასაჭირის შემდეგ მოხდა მონასტრის დაბრუნება.


- და ახლა ათი წლის განშორების შემდეგ ჩამოხვედით საქართველოში?


- უფრო მეტიც, 12 წლის განმავლობაში საქართველოში არ ვყოფილვარ. მიუხედავად ამ რთული დროისა, იცით უცებ რა მეცა თვალში? - ქართული სიყვარული და სითბო არ დაკარგულა; ეს ყველგან ჩანს; წმინდა სამების ტაძრის კურთხევისას, ისეთი სულიერი ატმოსფერო სუფევდა, სიტყვით ვერ გამოიხატება, თითქოს ზეციურ სასუფეველში ვიყავი. ყველა, ვინც ტაძარში იყო, ამბობდა, რომ ეს იყო სასწაული, ეს იყო უდიდესი მადლი უფლისა და შედეგი იმისა, რომ უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს. ის სისხლი, რაც ქართველმა ხალხმა დაღვარა, უფალმა მიიღო, როგორც მსხვერპლი; მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეშმაკს დიდი ძალა აქვს, კიდევ უფრო მეტი ძალა გადმოგვივლინა უფალმა და როგორც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა, ხალხს იმედი მიეცა, დიდება უფალს ამ სასწაულისათვის!


- იცით ერთმა მონაზონმა ძალიან მოსწრებულად თქვა: უწმიდესმა კიდევ ერთი საჩუქარი ჩამოგვიტანა ზეციდან ამ ტაძრის სახითო...


- კარგად უთქვამს, ნამდვილად ასეა, ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისათვის, ეს ყველაზე თბილი და უდიდესი ტაძარია, მაგრამ ობიექტურადაც რომ ვთქვა, არა როგორც ქართველმა ადამიანმა, უბრალოდ ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე კარგი ტაძარია! რუსეთშიც ხომ გაიხსნა დიდი ტაძარი, ის ძალიან მდიდრულია, მაგრამ ქართულ ტაძარს მაინც ქართული სულის სითბო და სიტკბოება აქვს, სწორედ ისეთი, ქართველ კაცს რომ ახასიათებს. ეს განსაკუთრებულია და ამას მარტო ქართველი კაცი როდი გრძნობს. ამ ტაძარში ქართველი ხალხის სულის სილამაზე ჩანს. მოსკოვის ტაძარში ბევრი ოქრო დაიხარჯა, მაგრამ მთავარი სიმდიდრე სულიერებაა. ამ ტაძარმა გამოხატა ქართველი კაცის სული, ის, რომ ჩვენ არ დაგვიკარგავს ის, რაც ჩვენს ბავშვებს შეგვიძლია გადავცეთ - ქართული სული არ დაკარგულა და არც დაიკარგება.


ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან სატანური ძალები დღეს ძალიან გაძლიერდნენ, კიდევ უფრო მეტად შემოგვიტევენ: ჩვენს ბავშვებს უნდა შევუნარჩუნოთ ეს ქართული სული, რადგან მათ ახლა უზნეობაში ზრდიან, ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა თავიანთ შთამომავლობას გადასცენ ტრადიციული ზნეობა და საერთოდ, ქართული რწმენა შემორჩეს ქვეყანას იმ დღემდე, სანამ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ხელმეორედ გვესტუმრება დედამიწაზე...


- მთელი ამ წლების განმავლობაში როგორ გესახებოდათ საქართველო, დაგხვდათ თუ არა ისეთი, როგორც წარმოგედგინათ?


- ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თავისი ჩვეული სითბო, რუსეთში ეს ნაკლებადაა: ეს მე ძალიან მახარებს, რადგან ვხედავ, რომ ერი მაინც ფხიზლად არის და იმედი მაქვს, რომ რწმენა გაიმარჯვებს.


- ჩვენთან ფერეიდნელი ქართველები ჩამოდიან ხოლმე; ერთ მათგანს წასვლისას ვკითხე, რამდენი ხნით მიდიხარ, როდის ჩამოხვალ-მეთქი; საოცრად სევდიანი თვალებით შემომიბრუნდა და მიპასუხა - ყოველ შემთხვევაში, 400 წლით არაო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ალბათ მალე კიდევ ჩამოხვალთ?


- ჯერა, რომ უფრო მალე ჩამოვალ საქართველოში, სხვანაირად შეუძლებელია: ეს ჩამოსვლა უბრალო და შემთხვევითი არ იყო. ახლა ეს სულიერი სითბო და სიყვარული საქართველოსადმი ისეთია, არ შეიძლება, რომ ახლო მომავალში არ ჩამოვიდე. არ ვიცი ეს როგორ მოხდება, მაგრამ უნდა ჩამოვიდე. საერთოდ ყველა მეუბნება - ჩამოდი. ჩვენთანაც არის მონასტრებიო, მაგრამ უფლის ნება ასეთია, მონაზონს არა აქვს უფლება რამე უნდოდეს: უფალმა უწყის, რა მაქვს გულის შიდა კუნჭულში და როგორც მას სურს, ისე იქნება: მე კურთხევანს შევასრულებ. უწმიდესი ლოცვებში მომიხსენიებს, უფალი კი თვად გადაწყვეტს.


- იცით, ძალიან ბევრი უცხოელი სასულიერო თუ საერო პირი აღიარებს, რომ ჩვენი პატრიარქი გამორჩეულია მართლმადიდებლურ სამყაროში...


- ნამდვილად თბილი და მზრუნველი მამაა; ის განსაკუთრებულია, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინამძღვარს. დიდება უფალს, რომ ამ რთულ პერიოდში ასეთი წინამძღვარი გარდამოგვივლინა უფალმა: ეს ძალიან დიდი მადლია, რამდენი მადლობის თქმა გვიწევს უფლის მიმართ ამის გამო!


- უღრმესი მადლობა, დედა ნინო, საინტერესო საუბრისათვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე კიდევ შევხვდებით.


- დიდება უფალს.


ესაუბრა ხათუნა რაქვიაშვილი
იბეჭდება შემოკლებით.

nplg.gov.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий