среда, 29 мая 2013 г.

მართლმადიდებლობა და ახალი მსოფლიო წესრიგი.I

  დღეს «საქართველო და მსოფლიო» შემოგთავაზებთ მრავალმხრივ საინტერესო ინტერვიუს დოქტორ მარკო მარკოვიჩთან ისეთ საკითხებზე, რომლებიც იშვიათად განიხილება პრესის ფურცლებზე, მაგრამ გვაწუხებს, უფრო _ ქვეცნობიერად, პასუხებს კი ვერ ვპოულობთ. ეს ისეა, როგორც ფეხქვეშ მიწა გეწვოდეს, გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე მიაბიჯებდე და გაცნობიერებული არ გქონდეს, რა ხდება. სანამ ამ საკითხებში გასარკვევად დოქტორ მარკოვიჩს მივმართავთ, მისი ბიოგრაფიის დეპეშურ ჩანაწერს გავეცნოთ.

დოქტორი მარკო მარკოვიჩი (1924-2012) იყო ღმრთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პოლიტოლოგი, ფილოლოგი, ბელეტრისტი და პუბლიცისტი, ოცი წიგნისა და რამდენიმე ასეული სტატიის ავტორი.

თანამედროვენი მას XX საუკუნის უჭკვიანეს სერბად მოიხსენიებენ.

60 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში. სორბონაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე «უთანაბრობის ფილოსოფია და ნიკოლაი ბერდიაევის პოლიტიკური იდეები».


სხვადასხვა დროს მუშაობდა ღვთისმსახურად, მართლმადიდებელი ახალგაზრდობის კავშირის მდივნად, თარჯიმან-დოკუმენტალისტად, იურისტკონსულტად, მრჩევლად სხვადასხვა ორგანიზაციაში.


იყო თავისუფალი ანალიტიკოსი და ლიტერატორი.


სერბეთში მას სიტყვიერების დიდ მოღვაწედ მოიხსენიებენ, სიტყვის მსახურად, მეცნიერებისა და სიწმინდის მატარებელ ადამიანად.


* * *


ინტერვიუს დასაწყისში მარკო მარკოვიჩი აზუსტებს, რომ, უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ ევროპით არ შემოვიფარგლებით და ვისაუბრებთ ახალ მსოფლიო წესრიგსა და მართლმადიდებლობაზე, ვინაიდან ევროპა ჩაშენებულია თანამედროვე მსოფლიო რეალობაში და განცალკევებით არ არსებობს.


_ რა სიახლეა ამ ახალ მსოფლიო წესრიგში?


_ ორმა მოვლენამ საფუძველშივე შეარყია არსებული წესრიგი _ წონასწორობის დარღვევამ მსოფლიოში და დემოკრატიის გახრწნამ. ბერლინის კედლის დანგრევისა და კომუნიზმის დაღუპვის შემდეგ რუსეთი უუნარო აღმოჩნდა, საბჭოთა კავშირს რომ ჩანაცვლებოდა. საბჭოთა კავშირის ნანგრევების ქვეშ, მის გეოპოლიტიკურ სივრცეში უდიდეს სიცარიელეს დაუღია პირი, და სანამ არ აღდგება რუსეთის სამეფო, მსოფლიოში იბატონებს ამერიკული თვითმპყრობელობა და ქაოსი. ლაქუცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე ისე იქცევა, როგორც მსოფლიოს უფალი... მაგრამ რეალურად მსოფლიოს ხელმწიფებას იგი ვერ შეძლებს მანამდე, სანამ რუსეთი, ატომური ძალის მქონე სახელმწიფო, მთლიანად არ განადგურდება. და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, იგი არასოდეს გახდება მსოფლიოს მპყრობელი, დარჩება თოჯინად იმათ ხელში, ვინც ჩვენ მსოფლიო კატასტროფისკენ გვიბიძგებს. ამიტომ დღეს დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გააფართოონ რუსული უფსკრული, ხოლო ადამიანები სივრცის ამ სექტორში ან ურთიერთამოწყვეტამდე მიიყვანონ, ან თავად გაანადგურონ. იუგოსლავია ამ პროცესის მხოლოდ პირველი ეტაპია...


ანალიზისას ყველაზე უფრო დემოკრატიის მორალურმა გახრწნამ განმაცვიფრა (მარკო მარკოვიჩი დეტალურად ჩამოთვლის იმ აშკარად არადემოკრატიულ ქმედებებს, რომელთა მეშვეობით დაშალეს ყოფილი იუგოსლავია, სახელმწიფოებად აღიარეს ამ ქვეყნის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც ერები არ არიან, პარალელურად მიმდინარეობს სერბების დათრგუნვა და მათი უფლებების ყოველმხრივი შებღალვა და ა. შ.).


_ და ასეთი დემოკრატიით სურთ კომუნიზმის ჩანაცვლება?


_ არ ვიცი, საიდან აქვთ ისეთი თავხედობა, რომ სხვებს ჩაუტარონ დემოკრატიის გაკვეთილები. ჩემი მოკრძალებული აზრით, გაეროსა და ევროპის თანამეგობრობის მოქმედებებმა დაგვანახა, რომ დასავლელ სახელმწიფო მოღვაწეებს თვითონ არ სჯერათ თავიანთი დემოკრატიული იდეების. დემოკრატიული პრინციპების საფარის გამოყენებით ისინი ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ თელავენ ამ პრინციპებს... რადგან დემოკრატი პოლიტიკოსები განუწყვეტლივ და უდიდესი ცინიზმით დემოკრატიული იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ იქცევიან, ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, რომელთაც არ სჯერათ ამ იდეოლოგიის ჭეშმარიტების.


_ თუ თქვენი კრიტიკა დასავლეთის პოლიტიკოსების მიმართ სამართლიანია, რით შეიძლება ავხსნათ, რომ არც ერთი სამართალმცოდნე დასავლეთში არ აღმდგარა დემოკრატიული პრინციპების დასაცავად და არ დაუგმია ამ პრინციპების შემლახველები? რით შეიძლება ავხსნათ, რომ სერბებს დასავლეთში ვერ უპოვიათ ვერც ერთი ავტორიტეტული და მჭევრმეტყველი ადვოკატი, ვინც მათ ინტერესებს დაიცავდა?


_ მეც მაწუხებს ეს საკითხი. ნუთუ ცნობილ სამართალმცოდნეებს ისე ეშინიათ თავიანთი კარიერის გაცუდების, რომ მათ შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაიცავდა დემოკრატიას? სერბები კი არ დაეცვათ, არამედ სწორედ დემოკრატია და დემოკრატიული პრინციპები.


საბედნიეროდ, გამონაკლისები იყო, მაგრამ არ ხდებოდა მათი პროპაგანდა. აი, მაგალითად, პროფესორმა მორის დივერჟემ, ერთ-ერთმა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანმა ფრანგმა იურისტმა, ჯერ კიდევ 1993 წელს დაგმო დასავლეთის ოფიციალური პოლიტიკა სერბების მიმართ და სამართლებრივი კუთხით დაადასტურა სერბული პოზიცია: «პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შეცდომა იყო სამხრეთ სლავების ბლოკის დაშლა, რომლებიც საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში გაერთიანებას ცდილობდნენ. იურიდიული თვალსაზრისით, ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას, თუმცა ეს განხორციელდა საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავდებობით... საკითხი შეიძლებოდა კომპრომისის საშუალებით გადაწყვეტილიყო, ევროპის თანამეგობრობას კანონსაწინააღმდეგოდ ფედერალური სახელმწიფოს შიდა საზღვრებზე რომ არ განევრცო საერთაშორისო საზღვრების ხელუხლებლობის პრინციპი»...


_ ნუთუ თქვენ გჯერათ, რომ სერბების წინააღმდეგ რაღაც მსოფლიო შეთქმულება არსებობს? რისთვის? როგორ შეიძლება ამის წარმოდგენა?


_ უაზრობა იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ მსოფლიოს ყველა ხალხი გაერთიანდა სერბების მოსასპობად, მაგრამ, თუ წარმოვიდგენთ სერბეთს, როგორც პირველ პაიკს, რომელიც შეწირულ უნდა იქნას მსოფლიო საჭადრაკო პარტიაში, ეს რეალობა იქნება. მხოლოდ საჭიროა, ჩავწვდეთ მოწინააღმდეგის აზრებსა და ჩანაფიქრს.


_ ხომ შეიძლება, შევცდეთ?


_ ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ზეპირად უნდა ვისწავლოთ ჩვენი მოწინააღმდეგის ყველა წინა საჭადრაკო პარტია, სხვა სიტყვებით, უნდა დავუბრუნდეთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის სათავეებს. თქვენ უთუოდ გსმენიათ სამმხრივი კომისიის შესახებ. მისი ძლიერება განაპირობეს ადამიანებმა, ვისაც საკვანძო პოზიციები უკავიათ ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში. ამ კომისიის ფესვები ორგანიზაცია «მრგვალ მაგიდაშია» ჩამარხული, რომელიც თავის დროზე ზემოქმედებდა ამერიკის პრეზიდენტ ვილსონზე. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში «მრგვალი მაგიდა» ორ სტრუქტურად განივრცო _ ინტერნაციონალურ საქმეთა სამეფო ინსტიტუტად დიდ ბრიტანეთში და ინტერნაციონალურ ურთიერთობათა საბჭოდ აშშ-ში. ამ ორგანიზაციის შტაბბინა ნიუ იორკში მდებარეობდა.


გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოს თავმჯდომარეს _ დავით როკფელერს, რომელიც ამავე დროს ბანკ «ჩეიზ მანჰეტენის» დირექტორიც იყო, დაებადა აზრი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ორგანიზაციას განავრცობდა სამ კონტინენტზე და მიეცემოდა პლანეტარული მასშტაბი.


სამმხრივი კომისია ოფიციალურად დააარსდა 1973 წელს ტოკიოში. ხაზგასმით ვთქვათ, რომ იგი არ არის საიდუმლო ორგანიზაცია. მასში გაერთიანებულია რამდენიმე ასეული წევრი _ აუცილებლად გავლენიანი პირები ფინანსური და პოლიტიკური სფეროებიდან, რომელთა სახელები საყოველთაოდაა ცნობილი. საკმარისია, დავასახელოთ კისინჯერი, ანელი ან როტშილდი. რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ რომში შეკრებილი კომისიის წევრები მიიღო და მათ ასე მიმართა: «თქვენი ცოდნის უზარმაზარი სიმდიდრე პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში მნიშვნელოვანი ძლიერების საშუალებას განიჭებთ». ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა კი მიუკიბავ-მოუკიბავად დაწერა: «მათი გავლენა და გადაწყვეტილებანი... დაღს ასვამს მილიარდზე მეტი ადამიანის ბედ-იღბალს».


...შემთხვევითი არ არის, რომ იუგოსლავიის დრამის თითქმის ყველა მონაწილე სამმხრივი კომისიის წევრია: პრეზიდენტ ბუშიდან დაწყებული, რომელმაც პირველი ნაპერწკალი შეუნთო ბალკანეთის დენთის საწყობს კოსოვოელი ალბანელების მხარდაჭერით, შემდეგ ლორდ კარინგტონით გაგრძელებულ და საირუს ვენსითა და უორენ კრისტოფერით დამთავრებული...


_ ...მაგრამ ამით ვერ აიხსნება, რატომ განახორციელებენ ისინი სწორედ ასეთ პოლიტიკას და არა სხვაგვარს, და ვერ დამტკიცდება, რომ სამმხრივი კომისიის პოლიტიკა მიმართულია სერბებისა და იუგოსლავიის წინააღმდეგ.


_ ამ კომისიას აქვს იდეოლოგიური მიზანდასახულობა ან, უფრო ზუსტად, პოლიტიკური მიზანდასახულობა, რადგან იგი ყველა იდეოლოგიის წინააღმდეგია... ამ თვალსაზრისით ღირს, შევჩერდეთ ზბიგნევ ბჟეზინსკის პიროვნებაზე, რომელიც ამ კომისიის პირველი «იდეოლოგი» იყო. იგი დაბადებულია ვარშავაში 1928 წელს, არის პოლონელი დიპლომატის _ ტადეუშ ბჟეზინსკის ვაჟიშვილი. 1949 წელს ამერიკის მოქალაქე ხდება და სწავლობს პოლიტიკურ მეცნიერებებს ჰარვარდში, სადაც გაიცნობს ჰენრი კისინჯერს. ცოლად ჰყავს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის _ ედვარდ ბენეშის ქალიშვილი. 1961 წელს ხდება დირექტორი კომუნისტური პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის, რომელსაც აფინანსებს როკფელერის ფონდი. დავით როკფელერს იგი სამმხრივ კომისიაში შეჰყავს. კომისიის ჩამოყალიბებიდან 1976 წლამდე ბჟეზინსკი არა მხოლოდ დირექტორია, არამედ ამ კომისიის თეორეტიკოსიც გახლავთ. ამ პერიოდში იგი მიიწვევს ამერიკის მომავალ პრეზიდენტს _ ჯიმი კარტერს, რომელიც მადლიერების ნიშნად 1977 წელს მას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნავს.


_ რა სურს ბჟეზინსკის?


_ იგი მრავალი მიმართულებით მოქმედებს, მაგრამ ჩვენ, მგონი, მისი სამი ტენდენცია დაგვაინტერესებს: ყველა ნაციონალიზმის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, ყველა ევროპული და იაპონური მისწრაფების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკისგან დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული.


ტრადიციულმა პოლონურმა სიძულვილმა რუსეთის მიმართ იგი ბოლშევიზმის გამართლებამდე მიიყვანა. «სტალინური კომუნიზმის ისტორიული როლი, _ წერს იგი, _ უთუოდ გამოიხატა ეროვნული გამოღვიძების და რუსი ხალხის მიერ ინტენსიური იმპერიალიზმის შეცნობის შედეგების შეზღუდვაში». ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა კი აქედან ასეთი დასკვნა გამოიტანა: «უსტალინოდ მეფის რუსეთი გახდებოდა «თანამედროვე შოვინისტური დიქტატურა», გაცილებით უფრო საშიში, ვიდრე ბოლშევიკური რუსეთი», საბჭოთა კავშირთან შეიძლებოდა დისკუსიის გამართვა როგორც ნაკლებ ბოროტებასთან, რადგან ბოლშევიზმმა მოთოკა რუსული იმპერიალიზმი, აი, ნაციონალური რუსეთის მიმართ მოწყალებრივი მიდგომა არ ღირს. როგორც ხედავთ, მთელი პოლიტიკური აქტუალობა უკვე აქ, როგორც ჩანასახში, თავმოყრილია.


(სერბეთის მომავალზე საუბრისას მარკო მარკოვიჩი განსაკუთრებით გამოჰყოფს რუსეთის როლს: «თუ რუსეთი თავისით დაიშლება, _ ამბობს იგი, _ მაშინ აუცილებელი არ იქნება, გავირთულოთ სიტუაცია ჰაბსბურგების მონარქიისა და, შესაბამისად, ოტომანთა იმპერიის აღდგენით. მაგრამ, თუ რუსეთი კვლავ მომძლავრდება როგორც მსოფლიო იმპერია და ინტერესების სფეროების მიხედვით განაწილებაზე, ახალ იალტაზე მიდგება საქმე, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსებმა სერბები უცხოთა მოწყალების იმედად დატოვონ... მაგრამ, თუ რუსეთის სახელმწიფო დიდხანს დარჩება უძლური... დასავლეთი განაგრძობს კოსოვოსა და მაკედონიაში მინავლებული ნაკვერჩხლების გაღვივებას. მიკვირს კიდეც, დღემდე რომ არ ყოფილა ინტენსიური მცდელობა ჩერნოგორიის სერბეთიდან გამოყოფის, რადგან საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა პრინციპი _ ზღვაზე გასასვლელი ჩაეკეტათ სერბებისთვის. ამასთან, აღსაკვეთი იქნება რუსეთის მცდელობა, მოკავშირე სერბეთიდან გაიჭრას ადრიატიკისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ეს იყო დასავლეთის მიერ ტიტოს მხარდაჭერის მიზეზი მოსკოვის წინააღმდეგ»).


_ თქვენ გჯერათ «ვარიაბელური გეომეტრიის», როგორც ახლა ამბობენ, ერთგვარი სახეობის არსებობა?


_ გვჯერა თუ არა, ეს პოლიტიკის ძირითადი კანონია. ტაქტიკა სტრატეგიაზე არის დამოკიდებული, იგი არის სტრატეგიის მისადაგება არსებულ ვითარებასთან და შესაძლებლობებთან, ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ბჟეზინსკის მაგალითი: იგი შეიძლება ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გვიმხელს ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული სტრატეგიის მიზნებს.


მიაქციეთ ყურადღება ჩინეთის მაგალითს.


ამერიკელები წლების განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ ჩინეთი ერთ მშვენიერ დღეს ომს გამოუცხადებს საბჭოთა კავშირს. ამიტომ იყო, რომ 1981 წელს სამმხრივმა კომისიამ სხდომა მოაწყო პეკინის ცენტრში _ ტიენ ან მენის მოედანზე და დენ სიაო პინი მიესალმა მას. მაგრამ, როგორც კი დაიწყო მოლაპარაკება ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გორბაჩოვის ვიზიტის დროს, იმავე მოედანზე «სპონტანურად» დაიწყო საპროტესტო აქციები. ჩინეთმა იმედები ვერ გაუმართლა, არ შეასრულა მისთვის განსაზღვრული მისია. ამიტომ იყო, რომ დასავლეთის ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალება ქვებითა და კომბლებით თავს დაესხა ჩინეთს კომუნისტური ტერორის გამო სტუდენტებისა და უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ. გაიხსენეთ ჩაუშესკუ, ყველაზე სისხლისმსმელი კომუნისტური ტირანი, და აღფრთოვანება, რომლითაც მიესალმნენ მის კრახს. ხანმოკლე აღმოჩნდა ასეთი რეაქცია... რადგან ამბოხებულებმა დაუყოვნებლივ არ გაილაშქრეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მეორე დღესვე მიაკერეს მათ «კაგებეს» აგენტობა, ხოლო მასობრივი დახვრეტა, რომელიც თითქოს მოაწყო ჩაუშესკუმ ტიმიშვარის სასაფლაოზე, წარმოგვიდგინეს, როგორც ჩვეულებრივი ტყუილი. მაგრამ, როცა მოლდოვაში დაიწყო ომი რუსებსა და რუმინელებს შორის, ახალი რუმინეთის ხელმძღვანელების წინააღმდეგ თავდასხმები მინელდა.


ან მაგალითად რუსეთი ავიღოთ. სანამ გორბაჩოვი ხელისუფლების სათავეში იყო, საეჭვო და არასასურველი ჩანდა მისი განზრახვა «თანდათან გაესწორებია ანგარიში კომუნიზმისთვის», რადგან საბჭოთა კავშირის საზღვრები უცვლელი დარჩებოდა. ეს გახდა საზოგადოება «პამიატისა» და «რუსული ანტისემიტიზმის» წინააღმდეგ დასავლეთის მიერ მოწყობილი კამპანიის მიზეზი. დე მარანშის, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის შეფს, არც უყოყმანია, ისე დაესხა თავს რუსებს, არც ოტო ჰაბსბურგელმა დაიზარა მათთვის ლექციების წაკითხვა «პოგრომების» (დარბევების) თემაზე, ამასთან, სრულად დაივიწყა, ოცმა მილიონმა რუსმა თავი რომ შესწირა ნაციზმთან ბრძოლას.


ელცინის მოსვლისთანავე საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები მისი შემადგენლობიდან გავიდნენ, უკრაინა გამოეყო რუსეთს, ფლოტის ბედი გაუგებარი გახდა და «რუსული ანტისემიტიზმის» წინააღმდეგ კამპანია თავისთავად ჩააცხრეს.


_ ვფიქრობ, ჩვენ თანდათან დავცილდით დათქმულ თემას და ზედმეტადაც კი შევჩერდით პოლიტიკაზე, ანუ, თუ გნებავთ, «ახალ მსოფლიო წესრიგზე», მართლმადიდებლობას კი საერთოდ არ შევხებივართ. ამასთან, თუკი არსებობს თუნდაც უმცირესი პერსპექტივა ევროპაში საერთაშორისო ურთიერთობათა გაწონასწორებისა და ნორმალიზაციის, ამის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ რელიგიის მეშვეობით, მართლმადიდებელი, ქრისტიანული ეკლესიის მეშვეობით.


_ ნუ ღელავთ, ჩვენ გზა არ აგვბნევია, დავიწყეთ ფაქტებით და მივდივართ პირდაპირ დასახული მიზნისკენ. გეთანხმებით, რომ გადარჩენა შეიძლება რელიგიის მეშვეობით, თუ მართლმადიდებელი ეკლესიები და ხალხები შეძლებენ, დროზე მიაღწიონ შეთანხმებას. არავითარ გულწრფელ და იმედიან დახმარებას დასავლეთიდან არ უნდა ველოდოთ.


რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვფიქრობ, რომ ეკუმენიზმი კრახს განიცდის. სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დოკუმენტური ცნობის მიხედვით, არც ერთი მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურად არ დამდგარა წამებული სერბი ხალხის მხარეს, მის დასაცავად.


_ ხომ არ გინდათ, თქვათ, რომ ამგვარად დამტკიცდა მამა იუსტინე პოპოვიჩის თქმული: «ყველა ეს ფსევდოეკლესია სხვა არაფერია, თუ არა მწვალებლობა მწვალებლობაზე»?


_ რახან მამა იუსტინე ახსენეთ, ისიც გავიხსენოთ, რაც მან კათოლიკურ ეკლესიაზე თქვა: «ქრისტე ზეცაში გაისტუმრეს, მის ადგილას კი დააყენეს «ნაცვალი» _ პაპი. ღმერთკაცი შეცვალეს კაცით, სიყვარული კი «ყველაფრის სისტემატიური განრიდებითა და მოსპობით, რაც თაყვანს არ სცემს პაპს, პაპის სარწმუნოებაში ძალადობრივი მოქცევითაც კი და ცოდვილთა კოცონზე დაწვით თვინიერი და კეთილი იესო ქრისტეს განსადიდებლად».


_ მიუხედავად ამისა, მამა იუსტინე წინააღმდეგი არ იყო ქრისტიანთა ჭეშმარიტი შერიგების, მაგრამ იმ პირობით, რომ აღსარებით მისულიყვნენ წმინდა გრაალამდე. მას მიაჩნდა, რომ ამის გარეშე უაზრობა და არაბუნებრივი იქნებოდა ეკლესიათა რაიმე ერთობაზე, დიალოგზე, ინტერკომუნიოზე ლაპარაკი. ღმერთკაცის წინაშე აღსარებაში ხედავდა იგი პაპიზმის «ყოველცოდვისგან» განკურნების წამალს.


_ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ შევეხეთ პრობლემის არსს, რადგან საქმე ისაა, რომ ჭია, უკვე დიდი ხანია, შემძვრალია ვაშლში. სიძულვილი არაკათოლიკეთა მიმართ ჯერ კიდევ თომა აქვინელიდან მოდის. თავის ნაშრომში «თეოლოგიის ჯამი» იგი წერდა: «რაც შეეხება ერეტიკოსებს, მხედველობაში უნდა მივიღოთ ორი რამ, რომელთაგან ერთი მათ ეხება, მეორე _ ეკლესიას. მათი მხრიდან არსებობს ისეთი ცოდვა, რომლის გამოც ისინი იმსახურებენ არა მხოლოდ ექსკომუნიკაციით ეკლესიიდან განდევნას, არამედ ცხოვრებიდან სიკვდილით მოცილებას. და მართლაც, რწმენის დამახინჯება, რომელსაც ეფუძნება სულიერი ცხოვრება, უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ფულის ფალსიფიცირება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება. ამიტომ, თუ ფულის გამყალბებლებს ხელისუფალნი უპირობოდ უსჯიან სიკვდილს კანონის სამართლიანობით, ერეტიკოსებიც, როგორც კი დადასტურებული იქნება მათი მწვალებლობა, შეიძლება არა მხოლოდ ექსკომუნიცირებული იყვნენ, არამედ სრულიად სამართლიანად მოკვდინებულნი. ეკლესიის მხრიდან კი პირიქით, არსებობს გულმოწყალება გზასაცდენილთა მოქცევით განხორციელებული... მაგრამ, თუ ერეტიკოსი თავისაზე დარჩება, ეკლესია, რომელსაც მისი აღსარების იმედი გადაეწურება, ხელს შეუწყობს სხვათა გადარჩენას, მოიცილებს მას ექსკომუნიკაციის მეშვეობით და დამატებით გადასცემს მას საერო სასამართლოს, რათა ის ამქვეყნიერებიდან იქნას მოცილებული სიკვდილით».


თანამედროვე მკითხველი ამ ტექსტმა რომ არ შეაცდინოს, 1985 წლის ფრანგული გამოცემის რედაქტორი მიაწერს: «ჩვენ ახლა არ შეგვიძლია დავძრახოთ მენტალიტეტი, რომლის განსჯის ელემენტები გვაკლია».


_ იგი მიიჩნევს, რომ ამ მინაწერით კათოლიკებმა ხელი დაიბანეს?


_ არა. მას სწამს, რომ ამით თანამედროვე მკითხველი მოატყუა. როგორც განათლებულ თეოლოგს, მას უნდა სცოდნოდა, რომ თომა აქვინელის პრინციპმა საუკუნეები გამოიარა და რომ 1910 წელს მამა ლეპისიემ, მომავალმა კარდინალმა, თავის ნაშრომში «დემაგოგის სტაბილურობისა და პროგრესის შესახებ», რომელიც პაპმა პიუს X-მ მოიწონა, წერდა შემდეგს: «თუ ერეტიკოსები, რომლებიც თავიანთი ნებით ერეტიკოსები გახდნენ, დაუფარავად ქადაგებენ მწვალებლობას და თავიანთი მაგალითით, თავიანთი მავნე მსჯელობით უბიძგებენ სხვებს, მიიღონ იგივე, არავინ არ უნდა დაეჭვდეს, რომ ისინი არა მარტო იმსახურებენ ეკლესიიდან მოკვეთას ექსკომუნიკაციის გზით, არამედ (აგრეთვე) უნდა იქნენ ამოშლილი ცოცხალთა სიიდან».


_ ნებისმიერი იეზუიტი გეტყვით, რომ მათი ეკლესია განასხვავებს ერეტიკოსებს სქიზმატიკოს-გამთიშველებისგან და რომ მართლმადიდებლები მეორეებს განეკუთვნებიან.


_ მე კი ვუპასუხებ იეზუიტს, რომ კათოლიკები ხოცავდნენ მართლმადიდებლებს, როგორც კი თვითონ ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდებოდნენ, განუსხვავებლად იმისა, მათ ერეტიკოსებად თუ სქიზმატიკოსებად მოიხსენიებდნენ... მაგალითად დავუსახელებ პოლონელების შეჭრას რუსეთში XVII საუკუნის დასაწყისში, რომელიც, ძალადობის თვალსაზრისით, რაც კი რუსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა, შეიძლება შევადაროთ მხოლოდ უსტაშის გენოციდს... ვაცნობებდი მას ავსტრო-უნგრეთში მართლმადიდებელი სერბების საშინელი ჩაგვრის შესახებ, როცა იეზუიტი გაბრიელ ხევენეში ურჩევდა იმპერატორ იოსებ I-ს, მოეკლა სერბი მეუფე ისაია ჯაკოვიჩი, რომელიც ერთი წლის თავზე «მოულოდნელად» გარდაიცვალა ვენაში. დაბოლოს, ვაცნობებდი, რომ რუსმა ემიგრანტებმა 1993 წელს ხელმეორედ გამოსცეს პოპოვ-გრინენკოს წიგნი «მართლმადიდებლობისა და რუსეთის დევნა პოლონეთში XX საუკუნეში». ეს წიგნი პირველად გამოიცა ბელგრადში 1937 წელს.


_ და კედელთან მიაყენებდით მას, რადგან კათოლიკური ეკლესია ამ ყველაფერს ვერ გაემიჯნება და ამგვარ დანაშაულს ცალკეულ პირებს ვერ მიაწერს, რადგან ისინი თავიანთ მოქმედებაში ეკლესიის მითითებებით ხელმძღვანელობდნენ. მაშასადამე, საჭიროა, რომ რომის ეკლესიამ მოინანიოს კათოლიკეთა მიერ საუკუნეების მანძილზე ჩადენილი ცოდვები, რადგან მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს ქრისტიანების გაერთიანების ერთადერთი გზა.


_ ასეთ დასკვნამდე უნდა მივიდეს ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი... მაგრამ რომის პაპი ამას არ იქმს, რადგან მაშინ ის უნდა წავიდეს თომა აქვინელისა და კარდინალ ლეპისიეს წინააღმდეგ...


_ მოდით, განვაზოგადოთ. იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ თქვით, ახალ მსოფლიო წესრიგში ადგილი არ აქვთ არც სერბებს, არც მართლმადიდებლობას. თუმცა არ შეიძლება ყველაფერი დავიყვანოთ გერმანიისა და ვატიკანის შეთქმულებამდე სერბების წინააღმდეგ. თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ დასავლეთის ყველაზე უფრო გავლენიან სახელმწიფო მოღვაწეთა (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სამმხრივი კომისიის წევრები) და რომის პაპს შორის არსებობს თანხმობა, შესაძლოა, საერთო სურვილიც კი, განდევნონ მართლმადიდებელი ხალხები ისტორიის კალაპოტიდან?


_ სამწუხაროდ, ამით ყველაფერი არ ამოიწურება.


geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий