вторник, 18 июня 2013 г.

ყველა ადამიანს იმგვარი განსაცდელი ევლინება, როგორის ტვირთვაც ძალუძს.

წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ
საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ" (იგავნი 10:11).


ჩემო ძმაო, თუ გწამს, რომ ღმერთი ბრძენია, ან უფრო სწორედ, უბრძენესია, როგორ დაადებს ადამიანს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც არ ძალუძს? განა არ წაგიკითხავს: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13)? თუკი ადამიანები არ აჰკიდებენ საკუთარ პირუტყვს იმგვარ სიმძიმეს, რომლის ტარებაც მათ არ ძალუძთ, ნუთუ ღმერთი გამოუგზავნის კაცს იმგვარ განსაცდელს, რომლის ატანაც მას არ შეუძლია? (ღირ. ეფრემ ასურელი. Творения, ч. 2, поуч. 48 О терпении. Москва. 1858 г., стр. 530). მესაჭემაც ხომ იცის, როგორ დატვირთოს გემი, რათა ტვირთის უკმარობის გამო ძლიერმა ქარიშხალმა არ გადააყირავოს და ზღვაში არ დანთქას. ასეა უფალიც, თავის რჩეულებს ის ხშირად მოუვლენს ჯვარს განსაცდლისა, რათა ადვილად არ იქნენ წარტყვევნილნი წუთისოფლის სიამეებით, არამედ მშვიდობით მიადგნენ მარადიული დიდების ნავთსაყუდელს.

ღმერთი ბრძენიც არის და ჭეშმარიტიც, "შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე; რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა. ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო? ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო" (სოლ. სიბრძნე 11:20, 22-26).

მან ზუსტად უწყის ვის მხრებს რისი ზიდვა შეუძლია და რისი არა; ამიტომაც, ყველას უგზავნის გასაჭირს იმ ზომით, რათა არავის დააწვეს ან საკმაოდ მძიმე ჯვარი ან კიდევ საკმაოდ მსუბუქი. უფალი აკვირდება, როგორი და რა სახის ჯვარი გამოუგზავნოს თავის შვილებს. მას თითქოსდა ხელში უპყრია სასწორის პინები, რომლის ერთ მხარეს ჯვრის სიმძიმეა, მეორე მხარეს კი მტვირთველის ძალი, და ადარებს მათ ერთმანეთს, რათა არავის მიეცეს იმაზე მეტი განსაცდელი, რომლის ტვირთვაც ძალუძს.

წმ. დავითმაც ბრძანა: "ცრემლით გვაჭმევ პურს და ცრემლის საწყაულით გვასმევ" (ფსალმ. 79:6). ზომიერად გვაძლევს, და არა უზომოდ, რათა განსაცდელებისა და უბედურებების მძიმე ჯვარმა მისი მტვირთველი ადამიანი არ გასრისოს (წმ. ამბროსი მედიოლანელი. 118-ე ფსალმუნის განმარტება). განა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არ ბრძანებდა უფალი: "თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება, წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე, როგორც იმსახურებს" (2 რჯლ. 25:2)? ღმერთმა დარტყმების რაოდენობაზეც თუ იზრუნა და ორმოც დარტყმაზე მეტი არ დაუშვა, თქვენ რისი გეშინიათ სულმოკლენო? "თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ" (ლუკა 12:7). და კიდევ: "თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება" (ლუკა 21:18) ღმრთის ნების გარეშე. სულთა ამწონი უფალი (იგავნი 16:2) საზომისაებრ აძლევს ყველას თავის ჯვარს, რათა მათი ტვირთვისთვის შესაბამისი გვირგვინი დაადგას მათ ცათა სასუფეველში, "ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის" (2 კორ. 4:17).

მაშ, ვის შეუძლია იწუწუნოს, რომ იმაზე მძიმე ჯვარი, რისი ტვირთვაც ძალუძს? ამგვარი ტვირთი ადამიანმა შეიძლება აჰკიდოს მეორე ადამიანს, რადგან არ იცის მტვირთველის ძალა და შესაძლებლობანი; და რომც იცოდეს, და იმაზე მეტი ტვირთი აჰკიდოს, რისი ტარებაც შეუძლია, სასტიკი აღმოჩნდება. ხოლო ღმერთისთვის ამგვარი რამ დამახასიათებელი არ არის, რადგან ის არის ბრძენი და სახიერი.

მაშ, რატომ მოთქვამს, შეიძლება იკითხო, ჩვენი ხორცი, რომ იმაზე მეტ ტვირთს ატარებს რისი ტარებაც შეუძლია? იმიტომ, რომ "ხორცის ზრახვა სიკვდილია" (რომ. 8:6), ის არასწორად მსჯელობს ღმრთის სიკეთეზე. სახალხო თამაშების მომწყობთანგან მაინც ისწავლე რაოდენ სახიერია ჩვენი ღმერთი, რადგან ისინი უგუნურად და შემთხვევით როდი არჩევენ ორთაბრძოლებში მონაწილეთ, არამედ ყურადღებით სწავლობენ, ყოველის ასაკსა და ძლიერებას აკვირდებიან, და მხოლოდ ამის შემდეგ უწესებენ მათ თუ ვის წინააღმდეგ ძალუძთ პაექრობა, - ყმაწვილთ ყმაწვილებთან აბრძოლებენ, ზრდასრულთ კი ზრდასრულებთან. ასე იმსჯელე ღმერთზეც. მან ჭეშმარიტად უწყის წუთისოფელთან ორთაბრძოლაში ჩაბმული ყოველი ადამიანის შესაძლებლობა და ძალი; მხოლოდ მან უწყის, ვინ რამდენი უნდა იბრძოლოს ხორციელ ვნებათა წინააღმდეგ და ვის რა ხანგრძლივობით ძალუძს ამგვარი შერკინების გადატანა.

განა ერთნაირი დარტყმით გამოიცდება სხვადასხვა ჭურჭელი? ბროლის ჭურჭელს ოდნავ თუ შეეხება ოსტატის ხელი, მაშინ როდესაც ვერცხლის თასს ძლიერად ურტყამს, ხოლო ზარს ჩაქუჩის დარტყმით გამოსცდის; და რაც უფრო მძიმეა ზარი, მით უფრო ძლიერი დარტყმებით გამოიცდება იგი, რადგან იცის ოსტატმა, რომ ძლიერია და არ გატყდება. ასეა მამა ჩვენი ზეციერიც, რომელიც თავის შვილებს იმ ზომის ჯვარსა და განსაცდელთ აძლევს, რამდენის ატანაც მათ შეუძლიათ: უძლურებსა და სუსტებს მსუბუქად სცდის, ხოლო მხნეთა და მტკიცეთ უმეტესი განსაცდელით. ასე, რომ ნუ შეძრწუნდები თუ ვინმეს ძლიერი განსაცდელი ევლინება, რადგან ყველა ჯვარი უფლის მამობრივი მზრუნველობით არის ბოძებული.

ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მამა ზეციერი აღიძვრის უსამართლო რისხვით, არ უყურებს, არ განსჯის და არ ზრუნავს იმაზე, ვინ სცემოს და საკუთარ შვილებს აძლევს უმძიმეს და ხანგრძლივ განსაცდელებს? ცხადია, ეს ასე არ არის, რადგან ღმერთი არავისზე მრისხანებს, არავინ სძულს და ყველას შესაძლებლობას აფასებს, სასწორზე აწონილი საგნის სიმძიმისა თუ სიმსუბუქის მსგავსად.

საუკუნითგან განსაზღვრა მან, რომ კაცთათვის სასარგებლონი და სულის განმწმენდელნი იქნებოდნენ სხვადასხვა ხასიათის ჭირვებანი. ამიტომ, ნუ გეშინინ ჯვაროსანო! ნუ უწოდებ მამას სასტიკს, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ასე ტკბილად ანუგეშებს მისდამი მორწმუნეთ: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ" (ისაია 43:1-3).

apocalypse.ge


http://www.youtube.com/watch?v=8y_XhYLuyOY

Комментариев нет:

Отправить комментарий