пятница, 28 июня 2013 г.

მაგია (ჯადო).

მაგია არის ზებუნებრივი ძალა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მოვლენებზე, ადამიანებსა და საგნებზე. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია. დღეს მაგიის გავლენა ძალიან დიდია სამყაროსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ფილოსოფოსების აზრით, მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგიასა და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობისა და მასზე ამყარებს იმედებს. ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება, ვიდრე რელიგიას. მაგიას პირობითად ყოფენ ორ ნაწილად: აგრესიული და დაცვითი.

ასევე გამოყოფენ მაგიის რამდენიმე სახეს:

აგრესიული მაგია – ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა თილისმის ტარებით, ან მაგიური წამლის მოხმარებით.
პარციული (კონტაგიოზური) – ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე, არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა.შ.
იმიტარული (ჰომეოპათიური, სიმილური) – ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.
განდევნითი (სპირიტოპიული) – ეს მაგია იცავს ადამიანს ავი თვალისგან.
განწმენდითი (კათარტული) – გულისხმობს განბანას, ცეცხლზე გადახტომას და ა.შ.


არსებობს მაგიის მიზნობრივი კლასიფიკაცია:

სამკურნალო მაგია – ესაა მაგიის უძველესი სახე. იგი სამკურნალოა. მკურნალობა ხდება სხვადასხვა ბალახით, მასაჟებით, კომპრესებითა და სისხლის გამოშვებით.
სამხედრო მაგია – ულოცავენ იარაღს და საბრძოლო ნივთებს.
სარეწაო (სამონადირეო) – ტარდება რიტუალები, რის შემდეგაც მონადირე მეტ ცხოველს ხოცავს და მეთევზე მეტ თევზს იჭერს.
სიყვარულის მაგია – მისი მიზანია მოხიბვლა, ან არასასურველი ადამიანის თავიდან მოშორება.
სამეურნეო მაგია – ტარდება რიტუალები, რის შემდეგაც მოდის მეტი მოსავალი.
შავი მაგია – ამ მაგიის დანიშნულებაა ზიანი მიაყენოს ერთ, ან რამდენიმე ადამიანს. შავი მაგია იმდენად გავრცელებულია, რომ ყველა უბედურ შემთხვევას მას აბრალებენ. მაგიური ზემოქმედებისთვის ხშირად იყენებენ გველის გამხმარ ტყავს, მგლის ქონს და ა.შ
ავი თვალი – მაგიის ეს სახე ძალიან საშიშია ქორწინებისას და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

მიუხედავად იმისა, რა მიზნით გამოიყენება მაგია (ჯადო), უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი სატანის მანქანებით ხორციელდება და მისი მსახურება უდიდესი ცოდვაა, რაც ანგრევს ჩვენს სულს.

რა არის ჯადო? როგორ უნდა დავიცვათ თავი ჯადოსგან? ამ საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ საპატრიარქოს კარის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ლევან ფირცხალაიშვილს:

“დავიწყოთ იმით, თუ რა არის ჯადო. ისევე, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს წირვა, ლოცვა, საღმრთო ლიტურღია, რომელიც უფალთან გვაახლოებს, რის მეშვეობითაც ხდება სიყვარულის, სიკეთის, სულიწმიდის მადლით განკურნება და განწმენდა, ასევე ბოროტ ძალებს აქვთ სატანის მსახურება, სადაც ხდება ბოროტული ძალების შემოსვლა და ამ ძალების მიმართვა მთლიანად ქვეყანასა და კონკრეტულ პიროვნებებზე.

მაგრამ თუ ადამიანი არის მორწმუნე, მას ჯადო ვერ მოერევა. აი, მაგალითად, ჩვენ ვიცით მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი. ეს იყო უდიდესი ჯადოქარი. მას ისეთი შელოცვები ჰქონდა, ბოროტი სულები პირდაპირ ეცხადებოდნენ.

წმ. კვიპრიანეს მაგიური ძალებით შეეძლო ადამიანების განკურნება და ნებისმიერ საგნებსა თუ მოვლენებზე ზემოქმედება. ეშმაკის ძალით შეეძლო ადამიანის ნების დამორჩილება. მასთან მიდიოდნენ თხოვნით ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად. ერთხელ მივიდა შეყვარებული ბიჭი, რომელსაც უყვარდა ქალი და სთხოვა, გაეკეთებინა ისე, რომ ქალსაც შეყვარებოდა და გაყოლოდა ცოლად. ეს მანდილოსანი გახლდათ წმიდა იუსტინე. კვიპრიანემ დაიწყო შელოცვა. იუსტინემ იგრძნო ამ ბოროტი სულების მასთან შებრძოლება და მიახლოება. მიხვდა, რომ ბოროტისგან იყო ეს შემოტევა და გააძლიერა ლოცვა. ლოცულობდა მთელი მონდომებით. კვიპრიანეს ბოროტმა სულებმა უთხრეს, რომ ვერ ერეოდნენ იუსტინეს, რადგან მას ჯვარი იფარავდა. როდესაც კვიპრიანე თავისი ჯადოქრობით ვერაფერს გახდა ქრისტიან ქალწულ იუსტინეს მიმართ, თავისი ჯადოქრობის წიგნები სახალხოდ დაწვა, ყველაფერი მოინანია, მოინათლა და გახდა საოცარი წმიდა მამა.

ჯადო არ მოქმედებს მორწმუნე ადამიანზე, რომელიც ლოცულობს, არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი აღთქმის წმიდა მცნებების აღმსრულებელი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა მუდამ ჩასაფრებულია იმისთვის, რომ აცდუნოს და დაღუპოს ადამიანი.

მაგრამ თუ მას სწამს ღმერთის, არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მარხულობს და ლოცულობს, ის უფლის წყალობით დააღწევს თავს ბოროტ ძალებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლომდე თავის დაღწევა არ ხდება, სანამ ადამიანი ცოცხალია. სატანა მუდამ იბრძვის და ჩვენც არ უნდა შევუშინდეთ და მუდმივი გულწრფელი ლოცვითა და უფლის სიყვარულით წინ აღვუდგეთ ეშმაკეულ ძალებს.

ეკლესიურად თუ იცხოვრებს ადამიანი, მას ვერავითარი ჯადო მოერევა, ამიტომ ყველა ადამიანმა, ვისაც საკუთარი სულის გადარჩენა სურს, უნდა იაროს ტაძარში, მოისმინოს მოძღვრის რჩევა-დარიგებები, ილოცოს, იმარხულოს, ეზიაროს და უფლის წყალობით დაცული იქნება ბოროტი ძალებისგან”.

დათო დანელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий