пятница, 7 июня 2013 г.

შობა – აკაკი წერეთელი.

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი “სჯულის ცნობისა”,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!

გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება…
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.

ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.


გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: “აქ არის
ახალშობილის, სჩანს, ბინა!”

შევიდენ, ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად “მზე შინას” ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!

ხედავენ ღარიბ სახვევში…
არსად სჩანს ხოჭიჭ-აკვანი!..
დაემხვნენ მის-წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.

ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.

“დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისა მცნებასა!..
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!..”

1890წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий