суббота, 22 июня 2013 г.

ეროვნული იდეოლოგიის ორი ქვაკუთხედი იოანე შავთელის „აბდულმესიანის“ ერთ სტროფში

9 (ახალი სტილით) 22 ივნისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის იოანე შავთელ-გაენათელის ხსენების დღეს.

იოანე შავთელი ძალიან ცნობილი პოეტი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მას რუსთველი ახსენებს “ვეფხისტყაოსანში" - "ლექსი რომ უქესო", “ქართლის ცხოვრებაში” დახასიათებულია, როგორც "ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“.

იოანე შავთელი, როგორც გახსოვთ, მოღვაწეობდა XII-XIII საუკუნეებში. დაახლოებული იყო თამარ მეფესთან და ახლდა მას ბასიანის ბრძოლის დროს ვარძიასა და ოძრხეში, როდესაც ჩვენმა დიდმა დედოფალმა და მეფემ დალოცა ქართული ჯარი და გააგზავნა სამშობლოს დასაცავად, რუქნადინის მიერ მთელს აღმოსავლეთში მოგროვებული 400 000 მეომრის წინააღმდეგ, თვითონ კი მეფე წმინდა ადამიანებთან ერთად სალოცავად დადგა ოძრხეში. როგორც მოგვითხრობს ქართლიც ცხოვრება, ერთ-ერთი წირვის დროს წმინდა კაცი, ევლოგი სალოსი, რომელიც თან ახლდათ მეფეს, კათალიკოსს და სხვა ღირს მამებს, სამგზის დაეცა მიწაზე, ხელები აღაპყრო და შეჰღაღადა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ რაღაც ჩვენება იხილა სალოსმა. გახარებულმა იოანე შავთელმა თამარს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“

მერე, როცა გამარჯვებული ქართული არმია დაბრუნდა ბასიანიდან, შეადარეს და ევლოგი სალოსის გამოცხადების დრო მართლაც დაემთხვა ბასიანში ქართველთა ჯარის მიერ ბრძოლაში გარდატეხის შეტანის დროს, როდესაც სულთნის ლაშქარი გასაქცევად გაემზადა.

როგორც ჩანს, იოანე შავთელმა ბასიანში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”.

იოანე შავთელი არის ასევე ავტორი "აბდულ-მესიანის" სახელით ცნობილი ნაწარმოებისა, უნდა იყოს სხვა თხზულებების ავტორიც. იგი წმინდანად არის შერაცხილი ქართული ეკლესიის მიერ.

„აბდულმესიანში“ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თამარ მეფესთან ერთად დავით სოსლანია შექებული, ზოგის აზრით კი დავით აღმაშენებელი.

იოანე შავთელის დიდებულ და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში „აბდულმესიანი“, კარგად ჩანს ქართული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედები. დღეს გავიხსენოთ ამ შესანიშნავი ჰიმნის პატარა ნაწყვეტი, სადაც გადმოცემულია ქართველ მეფეთა, ბაგრატიონთა იესიანობისა და საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომობის ცოდნა.

ვახტანგ როდონაია წერდა:

„ძველი ქართული საკარო პოეზია დიდ მიზანს ისახავდა. მას უნდა განემტკიცებინა ქართული მესიანიზმის იდეა და მეფისა და ქვეყნის სიყვარულით აენთო თანამედროვეთა გულები.

ქართველმა მეხოტბეებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას“.

ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დავამატოთ, ქართველმა მეხოტბეებმა, ქართველმა იდეოლოგებმა, არა მარტო თავის თანამედროვეებს განუმტკიცეს მეფისა და სამშობლოს სიყვარული, არამედ მათი ნააზრევი, ნაგრძნობი, მათი ცოდნა, მათი იდეოლოგია საუკუნეებია აღაფრთოვანებს ქართველობას. ამ ადამიანებმა შუქმნეს ჩვენს ერს პროფეტული ოპტიმიზმის განწყობა, რომელმაც გააძლებინა ქართველ ხალხს უთანასწორო ბრძოლაში, რომელმაც ჩაუქრობელი იმედი გააღვივა საუკუნოდ ქართველი კაცის გულში - საქართველო ყოველგვარ განსაცდელს გაუძლებს, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მესიისაგან განსაკუთრებული მისია აქვს დაკისრებული!

ვულოცავთ ქართველებს იოანე შავთელის ხსენების დღეს! მისი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს საქმეს!

აბდულმესიანი

(ნაწყვეტი)

16.

1. ძირით მისისა იესესისა
შვილი მართალი იშვა ცხორებად,
2. ქალწულ-წმიდისა წილჴდომილისა
საქართველოსა მეფედ წოდებად,
3. სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად,
აგარის ერთა ცეცხლთა მომდებად!
4. ახალი ფასი ა ხალიფასი
მრავლად მოერთმის თავთა მონებად.

გაიოზ მამალაძე.

georoyal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий