вторник, 18 июня 2013 г.

პასუხად ჟურნალ „სამი საუნჯის“ რედაქციას (არქიმანდრიტი გაბრიელის შესახებ)

სამეცნიერო-საზოგადოებრივ ჟურნალ ,,სამ საუნჯეში’’(2012წ. #2) დაიბეჭდა ვინმე ნუგზარ ძნელაძის (სავარაუდოდ ფსევდონიმია) მხატვრულ-პუბლიცისტური სტატია ,,ღვინით ნათქვამი სიმართლე”, რომელიც ბერი გაბრიელის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჟურნალის ამავე ნომერში მოთავსებული იყო ჩვენი პუბლიკაციებიც (ლ. ბებურიშვილი, „იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოძღვრების ზოგიერთი ასპექტი“, შ. მათითაშვილი, „ქართული ბერ-მონაზვნობა VI-VIII საუკუნეებში: სირიელი მამები“).

თავდაპირველად ორიოდე სიტყვას ძნელაძის პასკვილის შესახებ ვიტყვით.

ძნელია, აღშფოთების გარეშე წაიკითხო ძნელაძის როყიო განცხადება: „ბერი გაბრიელ ურგებაძე ერთი ხარისხჩამორთმეული, სუსტი ნებისყოფის კაცი იყო“. ავტორის თქმით, მამა გაბრიელი ფსიქიკურად დაავადებული, ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ: „ხშირად გაბრიელ ბერს სალოსს, ანუ ქრისტესათვის სულელს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ მოღვაწის შინაგანი ცხოვრება განსაკუთრებული ასკეტიზმით უნდა ხასიათდებოდეს, მაგრამ ახლაც არიან ცოცხალი ადამიანები, რომელთაც მართლაც ნასვამი, და არა მოჩვენებით მთვრალი, ბერი არაერთხელ უნახავთ“ (გვ. 235). ვინ და როგორ გაარჩია ერთმანეთისაგან ნამდვილად ნასვამი იყო ბერი თუ მოჩვენებით მთვრალი, ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება მამა გაბრიელის სასწაულებსა და გამოცხადებებს, ძნელაძე განგვიმარტავს: „მედიცინაში არის ასეთი ცნება – სუგესტია, რაც გულისხმობს პაციენტზე ზემოქმედებას შთაგონების საშუალებით. მაგალითად, ადამიანს ტკივილი შეიძლება მოეხსნას უბრალო ჩხვლეტით, თუ იგი დარწმუნდა, რომ მას ნემსით გამაყუჩებელ წამალს უკეთებენ. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც. ადამიანები წინასწარი შთაგონებით ითვისებენ გაბრიელზე კულტივირებულ ცრუ შეხედულებებს; ეს კი ხელის შემწყობი ფაქტორია იმ ცრუ წარმოსახვებისა, რომელთაც ეს ადამიანები გამოცხადებებს არქმევენ“ (გვ. 234).

თურმე შთაგონებით განკურნებულან უმძიმესი სასიკვდილო დაავადებებისაგან მორწმუნენი. მაგრამ ბერის შემწეობით განკურნებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც, რომელთაც არავითარი თვითშთაგონების უნარი არ გააჩნიათ. საინტერესოა, ამაზე რაღას იტყოდა, ბატონი ძნელაძე?!

ნარკვევში მამა გაბრიელის წინააღმდეგ წმინდა ფარისევლური რიტორიკით საუბრობს ვინმე მამა შოთა. მამა შოთა აზროვნებითა და ბერ გაბრიელთან მიმართებით ძალიან ჩამოჰგავს მეუფე შოთას, მარგალიტაშვილს, კალისტრატედ წოდებულს, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მამა გაბრიელი ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ.

ძნელაძის გამძვინვარების ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: „დღევანდელ საქართველოში თავისი ერისა და ეკლესიის უფრო დიდი მსახური, ვიდრე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, მე არ მეგულება; ხოლო ბერი გაბრიელი ხშირად ხმამაღლა განიკითხავდა მას. სხვათა მონაყოლზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს კარგად ჩანს მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) გამოცემული „მოგონებებიდან“(გვ. 235).

ბერი გაბრიელის უწმიდესი პატრიარქისადმი უდიდესი სიყვარულის დასტურია ის მოგონებები, რომლებსაც მამა გაბრიელის შესახებ გამოცემულ ნებისმიერ წიგნში უხვად შეხვდებით. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს ოდიოზურ „მოგონებებს“, მათ შესახებ საგანგებოდ სხვა დროს ვისაუბრებთ, ერთს კი ვიტყვით: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ეკლესიის წიაღში, ცხოვრების დიდი ნაწილის ეპისკოპოსად გატარების მიუხედავად, მეუფე ზოსიმეს ზერელე წარმოდგენაც კი არ აქვს სალოსური მოღვაწეობის არსზე. მკითხველს თავი რომ არ შევაწყინოთ, მოკლედ გადმოვცემთ, რას მოგვითხრობს მეუფე ზოსიმე.

თურმე ბერი გაბრიელი ზურგს უკან განიკითხავდა უწმინდესს (ჯერ ერთი ეს რომ სიმართლეც იყოს, გარდაცლილი ბერის დაბეზღება პატრიარქთან და საკუთარი ერთგულების ასე დამტკიცება რა ეპისკოპოსის საქმეა), პირისპირ შეხვედრისას კი მას ფეხებში უვარდებოდა, განადიდებდა და ეპირფერებოდა, თან ამავდროულად, მეუფე ზოსიმეს უყურებდა თვალებში.

სალოსობა არის ადამიანის ირიბად მხილების ხელოვნება. მეუფე ზოსიმეს სულიერი ხედვა რომ ჰქონოდა, შენიშნავდა, რომ ამ საქციელით ბერმა ის სასულიერო პირები ამხილა, რომლებიც ზურგს უკან აძაგებდნენ პატრიარქს, პირისპირ კი ეპირფერებოდნენ და ელაქუცებოდნენ. დიდად სავარაუდოა, ერთი მათგანი თავად მეუფე ზოსიმე იყოს, რომლის წინაშეც გაითამაშა ეს სცენა ბერმა და რომელსაც, როგორც თავად მეუფე აღნიშნავს, ამ დროს თვალებში უყურებდა.

ძნელაძე წერს: „დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევდა, რომ მის უწმიდესობას არც ერთ ქადაგებაში, თვით სამთავროშიც კი, ყოფილი არქიმანდრიტი გაბრიელი არასოდეს უხსენებია. ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი, ამაში პატრიარქის პოზიცია ჩანს“ (გვ. 235.) ახლა კი ყურები კარგად გამოიფხიკეთ, ბატონო ძნელაძე და მოისმინეთ პატრიარქის სიტყვები, თქმული, ბერის კანონიზაციის შემდეგ: „მამა გაბრიელი იყო სალოსი. ვერ გაიგებდა ადამიანი, თუ სად ამბობდა რამეს პირდაპირ და სად სალოსურად, მაგრამ ყველაფერს ამბობდა იმისთვის, რომ ადამიანი გადაერჩინა. ეს იყო საოცრება. ჩვენ ძალიან ბევრი წმინდანი გვყავს, მაგრამ მამა გაბრიელი განსხვავდება სხვებისაგან. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა იგი ვითომ ხუმრობით ამხელდა ადამიანს. ამხელდა არა იმიტომ, რომ მისი დამცირება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ გამოესწორებინა იგი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოუვლინა საქართველოს ახალი წმიდანი, მამა გაბრიელი, რომელსაც ეწოდა აღმსარებელი და სალოსი. იგი მომავალში უფრო დაეხმარება ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანას. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!“

სხვთა შორის, მამა გაბრიელის კანონიზაციის მთავარი ინიციატორი სწორედ პატრიარქი გახლდათ და როდესაც ზოგიერთმა უღირსმა იერარქმა პროტესტის ნიშნად სინოდის სხდომაც დატოვა და ისე ჩანდა, საკითხი მომავლისთვის უნდა გადადებულიყო, პატრიარქმა თავისი ურყევი პოზიციით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ძნელაძე განაგრძობს: „ბერი გაბრიელი… ცნობილი ზვიადისტი იყო. თუ ვინმეს ზ. გამსახურდიას ეროვნული ღვაწლი ხიბლავს, ეს არ ნიშნავს რომ აღმსარებლობის გაუთვალისწინებლად მისი კანონიზაცია მოითხოვოს… აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერი გაბრიელის კულტის პროპაგანდისტები მისი სახელით ზვიადიზმს ავრცელებენ და საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეკლესიის მთლიანობას“ (გვ. 237).

რაც შეეხება მამა გაბრიელის ზვიად გამსახურდიასთან დამოკიდებულებას, ბერი სრულიადაც არ აკერპებდა პრეზიდენტს. მამა გაბრიელს შეეძლო მისი შეცდომების დანახვაც. როდესაც მორწმუნემ მას ჰკითხა: „მამა გაბრიელ, ზვიადს შეცდომები ჰქონდა?“ ბერმა უპასუხა: შეცდომები ჰქონდა… იჩქარა.“ (იხ. ,,ჩემი სიცოცხლე – თქვენი სიცოცხლეა“, ცხოვრება სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, გვ. 411.)

უშეცდომო ადამაინი არ არსებობს. მიუხედავად მცირე შეცდომებისა, ბერს გულწრფელი სიყვარული აკავშირებდა ხალხის მიერ არჩეულ ღირსეულ პრეზიდენტთან, რომელიც ესწრაფვოდა აეშენებინა ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო. ბერი გაბრიელი ერთადერთი სასულიერო პირი იყო, რომელმაც გაბედა შვილი მოენათლა ზვიად გამსახურდიასათვის. ცნობილ ბოროტმოქმედსა და სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელ ჯ. იოსელიანს მამა გაბრიელმა თავზე ჯოხი გადაამტვრია, ე. შევარდნაძეს კი, რომელსაც ბერთან შეხვედრა სურდა, კატეგორიული უარი შეუთვალა. ყველამ კარგად გაითავისოს მამა გაბრიელის სიტყვები: „ვაი იმას, ვინც ზვიადზე ცუდს იტყვის!” (იქვე, გვ. 410.).

ძნელაძე განაგრძობს: „ალბათ, შენიშნული გექნებათ, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შესასვლელის ერთ-ერთ თაღზე ბერი გაბრიელის რამხელა სურათია გამოკიდული. იგი ამავე დროს საფარველის ფუნქციასაც ასრულებს იქვე დაბანაკებული ერთი ჯგუფისათვის, რომელიც საკუთარი ინიციატივით მუზეუმიდან ანჩისხატის გადატანას ითხოვს. ერთი წუთით დავუფიქრდეთ: სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც მისთვის არასასურველი თავშეყრისას თავის მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება, როგორღა უშვებს ასეთი მუდმივმოქმედი ბანაკის არსებობას… თუ მთელი ეს პროცესი თვით მისივე ინსპირირებული არ არის?“ (გვ. 237). ამ გონებააშლილობაზე კომენტარის გაკეთება, ალბათ, ზედმეტია.

ერთი სიტყვით, მამა გაბრიელი ზვიადისტებისა და სააკაშვილისტების ერთობლივი პროექტი ყოფილა, რათა წარხოცონ ჭეშმარიტი მამულიშვილის, ედუარდ-გიორგი შევარდნაძის, ღვაწლი!

ძნელაძე საგანგებოდ უსვამს ხაზს გაბრიელ ბერის გაუნათლებლობას და მოიხსენიებს მას, როგორც „უსწავლელ ბერს“: „იმ სიწმინდესა და ღვაწლს, რომელსაც მის პიროვნებას მიაწერენ, უცილობელი საღვთისმეტყველო განათლება უნდა შეესაბამებოდეს, რადგან წმინდა ადამიანი ღმერთშემოსილია და მისი გონებაც მადლით არის განათლებული“ (გვ. 237). – გვმოძღვრავს ძნელაძე.

ადამიანის სიწმინდის რაციონალური „განათლებით“ შეფასება პირწმიდად პროტესტანტული მეთოდია, უცხო მართლმადიდებლობისათვის. მართლმადიდებლური ეკლესიას ჰყავს უდიდესი წმინდანები, რომელთაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ, მაგრამ განიბრძნენ სულით. მამა გაბრიელიც სულიწმინდით იყო განბრძნობილი და არა რაციონალური ცოდნით. ბერის უღრმესი ღვთისმეტყველების გამოხატულებაა მისი სწავლება განღმრთობისა და „უჩინოსა და დაფარულის შესახებ“, რომლის მსგავს საღვთისმეტყველო სიღრმესაც იშვიათად თუ იცნობს ქრისტიანული ლიტერატურა. ასე რომ ძნელაძეს ვურჩევდით მის წაკითხვას, იქნებ ენახა რაიმე სულის მარგებელი.

* * *

უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ჟურნალის გამომცემლები დიდ გულისხმიერებას იჩენდნენ ჩვენ მიმართ, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მათდამი მადლიერებას. მიუხედავად ამისა, ნ. ძნელაძის პასკვილის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ გავწყვიტეთ ჟურნალთან თანამშრომლობა და ელექტრონული ფოსტით ასეთი წერილი გავგზავნეთ რედაქტორისა და მისი მოადგილის მისამართით:

„ბატონო გრიგოლ და ქალბატონო გვანცა! სამეცნიერო-საზოგადოებრივ ჟურნალ ,,სამი საუნჯის” უკანასკნელ ნომერში გამოქვეყნდა ვინმე ნუგზარ ძნელაძის მოთხრობა ,,ღვინით ნათქვამი სიმართლე”, სადაც ავტორი განიკითხავს არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე) და მას ,,ერთ ხარისხ- ჩამორთმეულ, სუსტი ნებისყოფის კაცად” მოიხსენიებს. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ავტორის ის სიძულვილი და აგრესია, რომელიც მთელ თხზულებაში იგრძნობა. ეკლესიის წიაღში ყველას აქვს უფლება განსხვავებული აზრი გააჩნდეს, თუ ეს აზრი რაიმე ერესს არ შეიცავს და მსოფლიო ეკლესიის სწავლებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ასეთი დაუნდობელი კრიტიკა იმ სასულიერო პირისა, რომელმაც უდიდესი ღვაწლი გასწია საქართველოსა და მშობლიური ეკლესიისათვის, სრულიად მიუღებელია. ჩვენი ( და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლის უდიდესი ნაწილის ) ღრმა რწმენით, არქიმანდრიტი გაბრიელი იშვიათი სულიერების მქონე მღვდელმსახური, სულიწმინდით სავსე, წინასწარმეტყველების, დაფარულ აზრთა კითხვისა და სულიერი თუ ხორციელი კურნების უნარით დაჯილდოებული ბერი გახლდათ, რასაც მრავალრიცხოვან მორწმუნეთა და თვითმხილველთა მოგონებები ადასტურებს. არქიმანდრიტი გაბრიელი უამრავ ადამიანს წარუძღვა ქრისტიანობის გზაზე, დააწყებინა რა მათ ეკლესიური ცხოვრება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, შევწყვიტოთ თქვენთან ესოდენ ნაყოფიერი თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, გვსურს თქვენდამი მადლიერება გამოვხატოთ, რადგან ჩვენ მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ და სტატიების გამოქვეყნების საშუალება მოგვეცით.

პატივისცემით,

შოთა მათითაშვილი

ლევან ბებურიშვილი“

ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი გვანცა კოპლატაძე ჟურნალის შემდეგ ნომერში გამოეხმაურა ჩვენს წერილს და აღნიშნა, რომ ჩვენი ქმედება, თურმე, კერპთაყვანისმცემლობით იყო განპირობებული: „ჩვენი ჟურნალის ორმა ახალგაზრდა ავტორმა, რომელთა წიგნიერება და სარწმუნოებისადმი პატივისცემა იმედს იძლეოდა, რომ სერიოზულ მკვლევარებად, ერისა და ქვეყნის ერთგულ მსახურებად ჩამოყალიბდებოდნენ, და ამიტომ რედაქციაც შეძლებისდაგვარად ცდილობდა ხელი შეეწყო მათთვის, წერილობით გვაცნობეს, რომ ჟურნალთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ, რადგან ერთ-ერთი გარდაცვლილი სასულიერო პირის მოღვაწეობის შესახებ მათგან განსხვავებული თვალსაზრისი აღმოგვაჩნდა. ნიშანდობლივია, რომ მათ ურთიერთობა ისე გაწყვიტეს, რომ გარკვევაც კი არ მოისურვეს იმისა, რა მიზეზები ჰქონდა ჩვენს შეხედულებას. აი, მრავლისმეტყველი მაგალითი ერთი ჩვეულებრივი სასულიერო პირის (იგი წმინდანთა დასში არ ირიცხება) გაკერპებისა და მისგან გამომდინარე, კატეგორიული შეუწყნარებლობა არა მარტო სხვაგვარი აზრისა, არამედ იმ ადამიანებისაც, რომელთაც ეს აზრი აქვთ. (ჟურნ. „სამი საუნჯე“, # 3 2012, გვ. 40.).

ქალბატონი გვანცა ჩვენ გვსაყვედურობს კატეგორიულ აზროვნებას და თავად კი, მართლაც, კატეგორიულ დამოკიდებულებას ავლენს. იმის გამო, რომ ჟურნალთან თანამშრომლობა გავწყვიტეთ, მან სრულიად გადაგვისვა ხაზი და დანანებით აღნიშნა, რომ ხელიდან გავუშვით შანსი ერის მსახურებად ჩამოვყალიბებულიყავით. არის თუ არა ეს კატეგორიული აზროვნების ნიმუში, როდესაც 22-23 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც წინ აქვთ მოღვაწეობის ვრცელი გზა, მხოლოდ იმიტომ უსვამ ხაზს, რომ შენს ჟურნალთან თანამშრომლობა გაწყვიტეს?

ქალბატონი გვანცა წერს, რომ მათ ისე დავშორდით, არც მოგვისურვებია გაგვერკვია, თუ რა იყო მათი გაბრიელ ბერთან ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი. პირდაპირ გეტყვით: არც გვაინტერესებდა! გადაჭარბების გარეშე ვაცხადებთ, რომ ეკლესიაში სწორედ ბერი გაბრიელის შესახებ გამოცემულმა წიგნებმა მიგვიყვანა. ჩვენთვის, იგი, თქვენგან განსხვავებით, „ერთიჩვეულებრივი სასულიერო პირი“ კი არ იყო, არამედ წმინდანი, რომლის შეწევნასაც მუდამ ვგრძნობდით. ჩვენი მოღვაწეობის ერთ უმთავრეს მიზნადაც ბოლო ჟამის ქართველი წმინდანების (უპირატესად კი მამა გაბრიელის) ღვაწლის შესწავლა და პოპულარიზაცია მიგვაჩნია, ამდენად საკუთარი სინდისის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით, თქვენთან თანამშრომლობა რომ გაგვეგრძელებინა.

ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და სასურველი იყო თქვენთან თანამშრომლობა (ნაშრომების ბეჭდვა, სოლიდური ჰონორარი), ჩვენს ადგილზე (ტრაბახით არ ვამბობთ) ბევრი წაუყრუებდა ძნელაძის სტატიას, და თქვენს ჟურნალთან ურთიერთობას გააგრძელებდა, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქეცით. თქვენ კი ამ საქციელში კერპთაყვანისმცემლობა დაინახეთ!

თქვენ მუდამ უსვამდით ხაზს თქვენს უდიდეს სიყვარულს უწმიდესი პატრიარქისადმი. თქვენ რომ თანაშრომლობა გქონოდათ ჟურნალთან, რომელშიც პატრიარქზე სიბინძურე დაიბეჭდებოდა, რომელშიც პატრიარქს გააქილიკებდნენ და სუსტი ნებისყოფისა და უზნეო ადამიანად მოიხსენიებდნენ, იმის გარკვევას დაიწყებდით, რა ედო ასეთ განცხადებას საფუძვლად, თუ მყისიერად გაწყვეტდით ჟურნალთან თანამშრომლობას? ჩვენთვის კი (ნურავინ აღშფოთდება) ბერი გაბრიელი გაცილებით დიდი ავტორიტეტია, ვიდრე უწმიდესი ილია მეორე, ასე რომ ჩვენი საქციელი სრულიად ბუნებრივი იყო.

უფალმა განადიდა თავისი წმინდანი, თქვენ კი შეგარცხვინათ! ის ფაქტი, რომ სტატია ჟურნალში მამა გაბრიელის ოფიციალურ კანონიზირებამდე დაიბეჭდა, ოდნავადაც არ ამსუბუქებს გარემოებას. ეკლესიის წიაღში ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარების, სასულიერო შინაარსის წიგნების შედგენისა და თარგმნის შემდეგ, ნუთუ სულით ვერ უნდა გეგრძნოთ წმინდანი?

შეიძლება განსხვავებული აზრი გქონოდათ ბერის მოღვაწეობაზე (თუმცა კიდევ ვიმეორებთ, ოდნავი სულიერება ვისაც გააჩნია, შეუძლებელია ბერის სიწმიდე არ ეგრძნო), მაგრამ რა საჭირო იყო ბერის გაქილიკება და გამასხარავება? დიდად შესაძლებელია, რომ მამა გაბრიელმა სიცოცხლის დროს სალოსურად გამხილათ (ის ხომ ხშირად სტუმრობდა სასულიერო აკადემიას), თქვენ კი გულში ჩაიდეთ მისი საქციელი. სიფრთხილე უნდა გამოგეჩინათ!



უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. იმედს ვიტოვებთ, რომ გეყოფათ ვაჟკაცობა, ბოდიში მოიხადოთ წმინდა გაბრიელისა და ქართველი საზოგადოების წინაშე.

ლევან ბებურიშვილი. შოთა მათითაშვილი.


http://orthodoxculture.wordpress.com/page/2/

Комментариев нет:

Отправить комментарий