пятница, 7 июня 2013 г.

თურქული ზაფხული.

   

დიმიტრი ავალიანი

24 საათი 09.06.13

თურქეთში აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

პემიერ-მინისტრი ერდოღანი არეულობაში პოლიტიკურ ოპონენტებს, "მარგინალებს" და "ექსტრემისტებს" ადანაშაულებს. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ პროტესტები პრემიერის ზედმეტი თავდაჯერებულობისა და მისი პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი გახდა. ერდოღანის მთავრობამ თანამედროვე სეკულარული თურქული სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა სცადა და, ანალიტიკოსთა შეფასებით, ავტორიტარულ მეთოდებს მიმართა. რისი შედეგიც მისი 11 წლიანი წარმატებული მმართველობის განმავლობაში პირველი სერიოზული კრიზისი გახდა. ხელისუფლების ცვლილებას გამოსვლების შედეგად ჯერჯერობით არავინ წინასწარმეტყველებს. თუმცა, ერდოღანი, როგორც ჩანს, ძველებური მეთოდებით მმართველობას ვეღარ გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დემონსრანტებს "მცირერიცხოვანი მარგინალები" უწოდა და განაცხადა, რომ არეულობა ექსტრემისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული. ქვეყანაში არეულობის მიუხედავად, ერდოღანს მაროკოში და ალჟირში ვიზიტები არ გადაუდია. როგორც პრემიერმა მაროკოში ყოფნისას განაცხადა, "ამ მოვლენებს საერთო არაფერი აქვთ ხეების გაჩეხვასთან ან პარკის რეკონსტრუქციასთან. მათ უკან დგანან ისინი, ვინც არჩევნები წააგო და ახლა სხვა ხერხებს მიმართავენ". მან გამოთქვა რწმენა, რომ სიტუაცია ქვეყანაში ძალიან მალე დამშვიდდება. მანამდე კი სოციალური ქსელების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლებსაც ქვეყნის სტბილურობისთვის საფრთხე უწოდა.

თურქეთში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა. მან თურქეთის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს ზომები სიტუაციის დარეგულირებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა მხარეს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"მიგვაჩნია, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობა მშვიდობიანი, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც საკუთარ უფლებებს ახორციელებენ. შეერთებული შტატები სერიოზულად არის შეშფოთებული ინფორმაციით პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და მრავალი დაკავებულისა და ქონების დაზიანების ფაქტის შესახებ. ჩვენ ველოდებით, რომ თურქეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის დარეგულირებისთვის და ეს მოვლენები გამოძიებული იქნება," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ და ისიც აღნიშნა, რომ "გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის".

თურქეთის ხელისუფლების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონმაც განაცხადა. მან ამის გამო შეშფოთება გამოთქვა და ხელისუფლებასა და დემონსტრანტებს პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.

5 ივნისს დემონსტრანტებმა ვიცე-პრემიერ არინჩს საკუთარი მოთხოვნები გადასცეს, რომელთა შორის პირველი ძალადობაში დამნაშავე პოლიციის ხელმძღვანელების დასჯაა. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებმა კი დემონსტრანტებთან სოლიდარობის მიზნით გაფიცვა გამოაცხადეს.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ იზმირში, არეულობის მოწყობის ბრალდებით, 24 ბლოგერი დააკავეს, რომლებიც მიმდინარე აქციებს აშუქებდნენ.

ერდოღანის ხანა

ბოლო მოვლენები რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და განვითარებისა და სამართლიანობის პარტიის 11 წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველი სერიოზული კრიზისი და ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა.

მმართველი პარტია საკუთარ თავს მემარჯვენე, ზომიერად კონსერვატიულ ძალად წარმოაჩენდა, რომელიც ერთდროულად ტრადიციულ და დასავლურ ღირებულებებზე, საბაზრო ეკონომიკაზე და ევროინტეგრაციაზე არის ორიენტირებული. ამავე დროს, ამ პარტიას ზომიერად ისლამისტურსაც უწოდებენ, თუმცა თავად ერდოღანი ამ ტერმინის გამოყენების წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა.

ერდოღანი, რომელსაც ზოგიერთი თურქული წყარო ქართულ-ლაზურ წარმომავლობას მიაწერს, 80-იანი წლებიდან ნეო-ისლამურ კეთილდღეობის პარტიას ჩაუდგა სათავეში. 1994 წელს იგი სტამბულის მერი გახდა. 1997 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისი პარტია აიკრძალა, თავად კი 4 თვით ციხეში მოხვდა ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივებისთვის.

2001 წელს ერდოღანმა და მისი ისლამისტური პარტიის "ზომიერმა ფრთამ" ახალი პოლიტიკური ძალა - განვითარებისა და სამართლიანობის პარტია დააფუძნეს. 2002 წელს კი პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 2003 წელს ერდოღანი პრემიერი გახდა. მისმა ხელისუფლებამ პრიორიტეტებად ევროკავშირში გაწევრიანება, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა და ეკონომიკური რეფორმები დაასახელა.

2011 წლის ივნისში, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტი მიიღო. გასული წლის შემოდგომაზე მმართველმა პარტიამ ყრილობა გამართა. ამ ღონისძიებაზე პრემიერის ამბიციური და ემოციური გამოსვლის შემდეგ, ზოგიერთმა თურქმა ექსპერტმა მიიჩნია, რომ ქვეყანაში "პიროვნების კულტი" და ერთპიროვნული და ავტორიტარული მმართველობა ყალიბდება.

საფუძველი ამ მოსაზრებებისთვის ხელისუფლების მიერ გასულ წლებში გატარებული პოლიტიკა გახდა. ფაქტობრივად, პირველად ისტორიაში, ერდოღანის მთავრობამ თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ შექმნილი სეკულარული მმართველობის საფუძველი შეარყია.

ამ მხრივ ქვეყანაში დიდ როლს სამხედროები თამაშობდნენ, რომლებიც ქვეყნის სეკულარობის და დემოკრატიული განვითარების გარანტს წარმოადგენდნენ, რაც კონსტიტუციაშიც იყო გაწერილი. იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ისლამისტური ძალების მოსვლა არ დაეშვათ, სამხედროებმა რამდენიმე სამხედრო გადატრიალებაც მოაწყვეს - 1960, 1971, 1980 წლებში.

2007 წელს ხელისუფლებამ სამხედრო ელიტას მძიმე დარტყმა მიაყენა. ე.წ. "ერგენეკონის საქმეზე", სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, რამდენიმე ათეული უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსანი და ოფიცერი დააკავეს. სულ ამ საქმეზე რამდენიმე წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანი - სამხედროები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები დააპატიმრეს.

ერდოღანის ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აქტიურად შეუდგა. 2007 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი - პარლამენტის ნაცვლად მას ხალხი აირჩევს.

2010 წელს მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე რეფერენდუმის შემდეგ განხორციელდა. ამჯერად, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და დამოკრატიზაციის საბაბით, ძირითადი კანონიდან ამოღებულ იქნა მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედროების ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ასევე, შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი. ამ ცვლილებებს თურქეთში მაშინ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ისინი ჩამოყალიბებულ სახელმწიფო წყობას ემუქრება და ავტორიტარიზმის საფრთხეს შეიცავს.

დღესაც ხელისუფლება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას აპირებს, რაც საპარლამენტო მოწყობიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას და, შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ზრდას ითვალიწინებს. კრიტიკოსთა შეფასებით, ერდოღანს სურს რეფორმის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს და ძალაუფლება კიდევ 10 წლით გაიხანგრძლივოს.

ისლამის პოზიციების გაძლიერება ერდოღანის ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება გახდა. 2012 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საშუალო სკოლებში ყურანის სწავლებას ითვალისწინებს. 2010 წელს, მრავალგზის მცდელობისა და საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა გააუქმა. ეს ნაბიჯები საზოგადოების ნაწილმა სეკულარულ სახელმწიფოზე და ათათურქის მემკვიდრეობაზე უარის თქმის პირველ მცდელობად შეაფასა. ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ ალკოჰოლით ვაჭრობაზე შეზღუდვები დააწესა.

ამერიკელი ექსპერტის, "ენტერპრაიზ ინსტიტუტის" წარმომადგენლის მაიკლ რუბინის შეფასებით, აქამდე თურქეთში ლიბერალური, დემოკრატიული სისტემა არსებობდა, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა რელიგიას, თუმცა ცდილობდა რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გაემიჯნა. "ერდოღანმა ეს მოდელი თავდაყირა დააყენა. ობამას ადმინისტრაცია, ისევე როგორც ბუშის ადმინისტრაცია, პასუხს აგებენ ამ გულგრილობასა და დიპლომატიურ შეცდომაზე, რადგან ერდოღანის რიტორიკის უკან რეალობა ვერ დაინახეს," - აღნიშნავდა ექსპერტი 2012 წლის დასაწყისში.

თურქეთის მოქმედი ხელისუფლების დროს მოხდა მკვეთრი ცვლილებები საგარეო პოლიტიკაშიც. თურქეთის ათწლეულების წინ დეკლარირებულმა მიზანმა - ერთიან ევროპაში გაერთიანებამ, უკანა პლანზე გადაიწია. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, ევროპის დამოკიდებულებაა - თურქეთის წევრობის წინააღმდეგ საფრანგეთი და გერმანია გამოვიდნენ. ასევე ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს კვიპროსის პრობლემა, რომლის ტერიტორიის ნაწილი თურქეთს ოკუპირებული აქვს. ანკარას რიტორიკაც ევროკავშირის მიმართ უფრო მკაცრი გახდა და ინტეგრაციის გაჭიანურებული პროცესის გამო მისი მხრიდან ღია საყვედურებიც გაისმა.

სამაგიეროდ, ანკარამ ახალი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელსაც ექსპერტებმა "ნეო-ოსმანიზმი" უწოდეს და რომელიც ყოფილი ოსმალეთის იმპერიის რეგიონებში, მათ შორის ბალკანეთში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებული გავლენის დამყარებას გულისხმობს.

გადახრა ცალსახა პროდასავლური ვექტორიდან ისრაელთან და ირანთან დამოკიდებულებაში გამოვლინდა. ანკარამ დაგმო 2009 წელს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული ოპერაცია, 2010 წელს კი "მშვიდობის ფლოტილიის" ინციდენტის გამო ყოფილ მოკავშირეს მკვეთრად დაუპირისპირდა. თურქეთმა ასევე განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა თეირანთან, მათ შორის ენრგეტიკის სფეროში და ირანის ბირთვული პრობლემის გადაწყვეტაში შუამავლობაც იკისრა. ამავე დროს, ანკარა ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ოპერაციის წინაღმდეგ გამოდის.

ერდოღანი ასევე ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდა - სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას და საზღვრების გახსნას შეეცადა, ასევე მიაღწია დროებით ზავს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან.

მოქმედი ხელისუფლების მმართველობა ეკონომიკურ ზრდის მაღალი მაჩვენებლებითა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით აღინიშნა. სამომავლოდ მთავრობას ინფრასტრუქტურის მშენებლობის მასშტაბური ამბიციური პროექტები დააანონსა.

საბედისწერო შეცდომა

რა ხდება თურქეთში, რატომ გადაიზარდა პროტესტი ეკოლოგიის ხელყოფის წინააღმდეგ მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობაში? ამის გარკვევას დასავლელი მიმომხილველები ცდილობენ. გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რომ ერდოღანმა ქვეყანა ღრმა განხეთქილებამდე მიიყვანა - იგი ძალზე პოპულარულია სოფლის მოსახლეობაში, მაგრამ მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ქალაქის ელიტასა და მზარდ საშუალო კლასს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთში არსებობს დემოკრატია, "მაგრამ აღარ არსებობს თავისუფალი პრესა", სულ მცირე 49 ჟურნალისტი კი ციხეშია. გამოცემა თურქეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ადარებს და აღნიშნავს, რომ, ერდოღანის აზრით, ის, რომ მას ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერს, მას უფლებას აძლევს "იურიდიული დეტალების უგულებელყოფით დააშინოს, ცრემლსადენი გაზით მოწამლოს და ციხეში ჩასვას ისინი, ვინც მას ეწინააღმდეგება". გამოცემა ობამას ადმინისტრაციას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ერდოღანის ძალაუფლება ინგრევა", - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული "შპიგელი". ავტორი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ერდოღანისთვის მისი თავდაჯერებულობაა. პრემიერის განცხადებები დემონსტრაციების შესახებ მან არაადეკვატურად შეაფასა და არაბი დამხობილი დიქტატორების ქცევას შეადარა.

როგორც, თავის მხრივ, "უოლ სტრიტ ჯორნალი" აღნიშნავს, "ერდოღანის დამსახურება უდავოა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ერდოღანი მას (დამსახურებას) თავისი პოპულისტური ავტორიტარიზმით ამძიმებს. მას ჰგონია, რომ მის გარეშე თურქეთში პროგრესი შეჩერდება". ავტორი აღნიშნავს, რომ "თურქეთის საშუალო კლასს არა ერთპიროვნული მმართველობა, არამედ დემოკრატია სურს".

"სიჯიუტემ შეიძლება ერდოღანი დაღუპოს", - აღნიშნავს "ფაინენშალ ტაიმსი". გამოცემა წერს, რომ პროტესტის ასეთი მასშტაბის მიზეზი სწორედ პრემიერის ავტორიტარული კურსია, თუმცა ერდოღანი ამას ვერ აცნობიერებს და "რაღაც შეთქმულებებს ამხელს". "ერდოღანი კვლავაც ისე აზროვნებს, როგორც ოპოზიციის ლიდერი და ქვეყნის პოლარიზაციას აგრძელებს, ეს მას ხელს უშლის იმაში, რომ მთელი თურქეთის ლიდერი გახდეს", - წერს "ფაინენშალ ტაიმსი". გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ პრემიერმა მსხვილი მედიასაშუალებები "დააშინა" და პლურალიზმთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა, რაც "სამარცხვინოა".

ერდოღანმა თავის გარშემო მოპირფერე და არა დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებები შეკრიბა და ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს - აღნიშნავს გამოცემა "ნეიშენალ ინტერესტ"-ში ექსპერტი ჰებრი ბარკი. მისი აზრით, სწორედ ამის წყალობით შეძლო ერდოღანმა რამდენიმე წარმატებული გაბედული ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ამჯერად მას ინსტიქტმა უღალატა. "ეს (ტაქსიმის ინციდენტი) მისი პირველი სერიოზული შეცდომაა 2002 წლის შემდეგ. მისი სრულყოფილი მმართველობის შარავანდედი ჩაქრა. და მას საფასურის გადახდა მოუწევს, თუ არა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის შედეგად", - აღნიშნავს ექსპერტი.

სააგენტო "ფრანს-პრესს" მოჰყავს თურქი ექსპერტის კამერ კასიმის მოსაზრება, რომელიც ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის მზარდმა პოპულარობამ მისი ლიდერის "ზედმეტი თავდაჯერებულობა" გამოიწვია.

რუსული გამოცემა "კომერსანტის" მიმომხილველი სერგეი სტროკანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თურქეთი არაბული სამყაროს ქვეყნებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და "არაბული გაზაფხულის" სცენარის გავრცელება მასზე სწორი არ იქნებოდა.

"სინამდვილეში დღეს ერთმანეთს ორი თურქეთი შეეჯახა. ერდოღანმა და მისმა პარტიამ ხელი აღმართეს ქემალ ათათურქის მიერ შექმნილ სეკულარულ სახელმწიფოზე. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ხალხი, რომლებიც აფასებდნენ იმას, რაც ამ წლების განმავლობაში იყო მიღწეული," - აღნიშნა სტროკანმა.

თურქული გამოცემა "მილიეთი"-ს მიმომხილველი კადრი გიურსელი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ გამოსვლები თურქეთში გახდა გზავნილი მთავრობისთვის, რომ "არავის შეუძლია ისე მართოს ქვეყანა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს მოსახლეობის 50 პროცენტს, მის აზრს იგნორირება გაუწიოს და ცხოვრება აუტანელი გახადოს".

მისი აზრით, ამ მოვლენებმა ბოლო მოუღო ერდოღანის პოლიტიკას, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციისკენ იყო მიმართული. რადგან მისი გაგრძელება ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც დიდ საფრთხეს შეუქმნის. "ერდოღანმა პირველი მარცხი იწვნია თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი საკუთარი ძალაუფლების ზღვარს მიუახლოვდა", - აღნიშნავს გიურსელი.

ჯერჯერობით ექსპერტები ხელისუფლების ცვლას არ წინასწარმეტყველებენ. შესაბამისად, არც საგარეო პოლიტიკაში რაიმე ცვლილებების პროგნოზირება არის შესაძლებელი. თუმცა, როგორც ჩანს, ერდოღანის სტაბილური მმართველობის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. ამიერიდან, ხელისუფლებას კომპრომისებზე წასვლა მოუწევს, თუ არ სურს ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობა გამოიწვიოს. მართალია, დღეს ერდოღანის პარტიას ძლიერი პოლიტიკური კონკურენტები არ ჰყავს, თუმცა, როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, უკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოების მობილიზებას ლიდერები არ სჭირდება.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/news/world/2013-06-09/38611.html

Комментариев нет:

Отправить комментарий