четверг, 6 июня 2013 г.

“სიამაყე სიბრმავეა”

“კარგად დააკვირდი საკუთარ სიამაყეს: შეუმჩნეველია მისი მოქმედება და განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი უმნიშვნელო და წვრილმანი მიზეზიც კი კმარა, რომ გაღიზიანდე და გაბრაზდე.”

წმ. იოანე კრონშტადტელი

“ამაყი ადამიანი საკუთარ თავს კერპად აქცევს და უპირატესად მას ემსახურება. მრავალი ჩვენგანი თავის თავს უწყინარ და მშვიდ ადამიანად თვლის. ვითარცა ხე მისი ნაყოფით, სიამაყე საქმით გამოიცნობა. განა თითოეულ ჩვენგანს არ სურს პატივი, ქება–დიდება? მრავალი თქვენგანი ფიქრობს: არც პატივს ვეძებ, არც დიდებას, არც ქებასო. მაშინ რატომ ვერ დაგითმენია მცირეოდენი საყვედური, თუნდაც ერთი შენიშვნაც ისე, რომ არ გაჯავრდე და არ განრისხდე? ამის მიზეზი შემდეგია: თითოეულს სჯერა, რომ განსაკუთრებულია, როგორც წმიდა მამა თეოფანე დაყუდებულმა თქვა. სიტყვით კი როგორი თავმდაბალნი ვართ?! თითქოს არაფერი ვიცით, არაფერი შეგვიძლია, სულიერად უძლურნი ვართ, ლოცვის ძალაც კი არა გვაქვს და ა.შ. მაგრამ თუ ვინმემ, თუნდაც კეთილი ზრახვით, საქმისათვის სასარგებლოდ აღნიშნა შენი უუნარობა და უცოდინარობა, მაშინ მეყსეულად ქრება შენი მოჩვენებითი სიმდაბლე სულიდან და იწყებ დრტვინვას, მრისხანებას, ლანძღვას: „რით ვარ სხვაზე ნაკლები? ვერ გამიგეს, განგებ მამცირებენ, მე ეს არ დამიმსახურებია”, – აღნიშნავს არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი.

მამა მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): „სიამაყის გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: “არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა“. ყოველ ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება სურვილი, მოიპოვოს კეთილი სახელი, პატივისცემა, დაიმსახუროს სხვათა კეთილგანწყობა. ეს მისწრაფებანი სულისთვის სასარგებლოა, თუ ყოველივე ეს პატიოსანი გზით მოიპოვება, მომდინარეობს მისი სიმდაბლისაგან და ზნეობრივი სრულყოფისათვის აღძრავს ადამიანს.

სასულიერო პირები ხშირად ვურჩევთ მრევლს წმიდა წერილისა და მამათა თხზულებების კითხვას, რადგან ერთიცა და მეორეც ჩვენში რწმენას აძლიერებს, დევნის ჩვენგან სიამაყესა და უიმედობას, ასაზრდოებს სათნოებას, გვძენს სიმდაბლეს, აღანთებს სიყვარულს უფლის მიმართ.


ღვთის გარეშე მცხოვრები ადამიანი ყოველ წარმატებას სიამაყით თავისად აღიქვამს, მაგრამ მორწმუნე ამას არა სიამაყით, არამედ თავმდაბლად ღვთის წყალობად და შემწეობად მიიჩნევს. ჩვენ უნდა ვევედროთ ღმერთს, გაგვათავისუფლოს სიამაყის ცოდვისგან, რაც სხვადასხვა ხარისხით ბუდობს ადამიანებში, სწავლულს თავისი ცოდნის გამო აქვს სიამაყე, სხვას – განსხვავებული წარმატებული საქმიანობის გამო. ყოველ შემთხვევაში, ადამიანს სიამაყის ცუდმედიდობის ცოდვისგან იცავს უფლის სიტყვები, რომ ყოველივე კეთილი და ნიჭი ზეგარდმო არის შთამომავალი უფლისაგან. ამიტომაც დიდებას, მადლობასა და თაყვანისცემას უფალს უნდა მივუძღვნიდეთ, როგორც ყოველივე კეთილის მომცემელს. ასეთივე მიდგომა და მსოფლმხედველობა ადამიანში განაგდებს დამღუპველ ვნებას სიამაყისა და მოგვაპოვებინებს მაცხოვნებელ სიმდაბლეს. სიმდაბლე კი ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია და მის გარეშე არავითარი წარმატება არ მიიღწევა.

ჩვენ არ უნდა ვიამაყოთ საკუთარი კეთილი საქმეებით. სიამაყისგან იკარგება მადლი ღვთისა, მასთან ერთად კი – სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.

სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც ადამიანი რაიმეს მიაღწევს და შემდეგ ივიწყებს თავის წარსულს და მთლიანად მიწიერ ცხოვრებას მიეჯაჭვება. შეიძლება ითქვას, რომ სიამაყის გრძნობა ადამიანს ერთბაშად არ უჩნდება, მას სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოება უწყობს ხელს, რისი მიზეზიც, ცხადია, არის ის, რომ ამაყი ადამიანი თავის თავში არ უთმობს ადგილს სულიწმიდას, დახშულია მისი სული სხვათა თანაგრძნობისა და დახმარებისთვის, იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და პირადი სიამოვნებისა და შვება-განცხრომის გარდა სხვა ინტერესი თითქმის დაკარგული აქვს.

სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინების კერძო მხარეს აღწერს წმ. ნიკოლოზ სერბი: “არაბულ ქვეყანაში ორი მეგობარი ცხოვრობდა. ყოველ კვირას ერთად იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ პატარა სამფეხა სკამზე ჩამომსხდრები. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიხი გახდა და საცხოვრებლად სასახლეში გადავიდა, სადაც სადაფის ტახტზე მჯდომარეს მრავალი ხალხი ულოცავდა თანამდებობას. მოვიდა მისი ძველი მეგობარიც მისალოცად, მაგრამ ამაყმა შეიხმა არ ინება მისი მაშინვე მიღება და მრავალი დღე ალოდინა კართან. ბოლოს შეიხმა მეგობრის მიღება ბრძანა. მეგობარი მორიდებულად შევიდა, ხოლო შეიხი კიდევ უფრო გაიშხლართა თავის საუცხოო სადაფის ტახტზე. მეგობარი ყველაფერს მიხვდა, განზრახ აქეთ-იქით ყურება დაიწყო, -თითქოს თვალებით შეიხს ეძებდა. მაშინვე გულმოსულმა შეიხმა ჰკითხა, ვის ეძებო. -შენ დაგეძებ, ადამის შვილო, სად ხარ? -უპასუხა მეგობარმა და ნაღვლიანად დაურთო: ვიდრე პატარა სკამზე იჯექი, ის სკამი არ ჩანდა, ახლა კი, შეხედე, მაღალ ტახტზე დაიკარგე.” ანუ როგორც არაბები იტყვიან, იგი სავარძელმა გადაყლაპა. ადამიანებს მაღალ ადგილზე თავის შემაგრება გაცილებით უჭირთ, ვიდრე დაბლა. ამიტომ უფრო საპატიოა, იქცე ადამიანად და იყო ადამიანი, ვიდრე მეფე ადამიანურობისგან დაცლილი. ადამიანობა გაცილებით ძვირფასია ყველა გვირგვინზე და მნიშვნელოვანი – ყველა ტახტზე.

ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავიზე ფიქრობს. სიამაყე სიბრმავეა. ამაყ ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა არ ძალუძს, ის მტკიცედ იცავს საკუთარ შეხედულებებს და ძნელად მორჩილებს სხვას. არ იღებს შენიშვნას, პირიქით, თვითონ აძლევს სხვას შენიშვნებს და დაუფიქრებლად ლაპარაკობს. არ აქვს მოთმინება, სიყვარული, კადნიერად შეურცხყოფს ადამიანებს, ისწრაფვის ძალაუფლების მოსაპოვებლად და გააჩნია ღვთის მგმობელი გულისთქმები. უფალმა განგვაშოროს ასეთ გულისთქმებს, თავისი მადლით, წყალობითა და კაცთმოყვარებით, ამინ!”

წმ. ეფრემ ასურის სწავლებით, “თუ გსურს, რომ დათრგუნო სიამაყის ცოდვა, რასაც არ უნდა აღასრულებდე, ნუ იტყვი, რომ შენი ხელებით, ან შენი საკუთარი ძალით აკეთებ ამას. არამედ თუკი მარხულობ, მღვიძარებ, გძინავს შიშველ მიწაზე, ფსალმუნთგალობას აღავლენ, ან მრავალ მეტანიას ასრულებ, თქვი, რომ ღვთის შეწევნით აღესრულება ყოველივე ეს და არა ჩემი ძალითა და ჩემი მცდელობით–თქო.”


http://www.ambioni.ge/siamaye-sibrmavea

Комментариев нет:

Отправить комментарий