пятница, 28 июня 2013 г.

იონა წინასწარმეტყველი.

ძველი აღთქმა.

იონა წინასწარმეტყველი.

თავი პირველი

1. იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე:
2. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი. 3. ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო.
4. ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი.
5. შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა.
6. მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ.
7. თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას.
8. ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა?
9. მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა.
10. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა.
11. ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდესო? რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა.
12. მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს.
13. მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნდნ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ.
14. მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა.
15. აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა.
16. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს.


თავი მეორე

1. მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში.
2. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
3. თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
4. როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
5. ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?
6. სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
7. მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!
8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
9. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
10. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
11. უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.



თავი მესამე

1. იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე.
2. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.
3. ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი.
4. იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.
5. იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.
6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.
7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.
8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.
9. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!
10. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.



თავი მეოთხე

1. ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა.
2. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას.
3. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.
4. უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?
5. გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს.
6. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა.
7. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი.
8. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.
9. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.
10. უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა.
11. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია.



Комментариев нет:

Отправить комментарий