пятница, 21 июня 2013 г.

რომის იმპერიის იმპერატორები.

რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია — რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისარის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისარის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც მას იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთის და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

ოქტავიანე ავგუსტუსი

ოქტავიანეის იმპერატორობის ეპოქა იწყება ძვ. წ. 27 წლის 13 იანვარს, როდესაც ანტონიუსთან გამარჯვების შემდეგ იგი გამოვიდა სენატში და სთხოვა სენატორებს ჩამოერთმიათ მისთვის ტრიბუნის უფლება მოსილება, რომელსაც იგი სუსტი ჯანმრთელობის გამო ვეღარ განახორციელებდა, მაგრამ სენატორები შეეხვეწნენ არ დაეტოვებინა რესპუბლიკის მმართველობა და მიანიჭეს მას ავგუსტუსის წოდება. ოქტავიანემ ვითომ იყოყმანა და დათანხმდა. ამის შემდეგ მან აიღო თავისი მამობილის სახელი, და დაირქვა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიან ავგუსტუსი.

ოქტავიანემ გარეგნულად არ შეცვალა რესპუბლიკური ინსტიტუტები,მაგრამ რეალურად მისი კონტროლის გარეშე უკვე არაფერი არ ხდებოდა. მან დაიკავა ცენზორის თანამდებობა და სენატიდან დაითხოვა მისთვის არასასურველი პირები და შეავსო იგი მისი ერთგული ხალხით. ოქტავიანე ერიდებოდა მეფის ტიტულს, მან მხოლოდ პრინცეპსტის წოდება აიღო. მის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემასაც პრინციპატი ეწოდა და გასტანა III საუკუნემდე.

ავგუსტუსმა განასახლა ლეგიონების ვეტერანები დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც შექმნა რომაული კოლონიები. მის დროს ასევე დასრულდა იტალიის რომანიზაცია, გამაგრდა სახელმწიფოს საზღვრები. იგი არ იყო გამოჩენილი მხედართმთავარი, მაგრამ იყო კარგი დიპლომატი და პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს რომის იერსახე სრულიად შეიცვალა, როგორც ავგუსტუსი ამბობდა, მან მიიღო აგურის რომი, ხოლო დატოვებს მარმარილოს ქალაქს. ოქტავიანემ შექმნა ქალაქებში სახანძრო რაზმები, რომლებიც ასევე პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდნენ, ასევე შექმნა გზების და წყლის გაყვანილობების ზედამხედველების თანამდებობები.

ოქტავიანემ შეკვეცა ლეგიონების რაოდენობა, დარჩენილი ლეგიონერები კი განასახლა არასტაბილურ პროვინციებში. საკუთარი დაცვისთვის კი მან პრეტორიანელთა გვარდია შექმნა, რომელიც ელიტარულ ჯარად ითვლებოდა. თვითონ მთავარსარდალი გახდა, ამგვარად მთელი სამხედრო ძალაუფლება მის ხელთ იყო. იტალიაში პრეტორიანელების და ქალაქური კოჰორტების გარდა არანაირი სახის ჯარი არ დატოვა. მის დროს შეიქმნა სახელმწიფო კანცელარიაც. იტალიაში მან ააღორძინა საშუალო მიწათმფობელობა, სწორედ ეს კლასი და არმია იყო იმპერატორის ხელისუფლების დასაყრდნობი. ხოლო პროლეტარებისთვის ეწყობოდა უფასო პურის გაცემები.

მან, როგორც მთავარმა ცენზორმა ითავა ერის ზნეობრივი მდგომარეობის ზედამხედველობა. ამ პერიოდში პატრიარქალური რომაული ზნეჩვეულებები დაკნინებული იყო. ავგუსტუსმა მთელი რიგი კანონები გამოსცა ზნეობის ასამაღლებლად, მაგრამ რომაელები ამას უკმაყოფილებით შეხვდნენ. ავგუსტუსი ასევე ცდილობდა რომაელების დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ მიზნით იგი 3 და მეტ შვილიან მამებს მრავალ წასახალისებელ პრივილეგიებს ანიჭებდა, ხოლო მის სახელმწიფო აპარატში დაუცოლშვილებელი კაცი მაღალ თანამდებობას ვერ მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად პრინცეპსტი მართავდა ქვეყანას სენატთან ერთან, მან აუკრძალა სენატორებს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე დაეტოვებინათ იტალია, რადგან ეშინოდა პროვინციებში მათი გავლენის ზრდის. ქალაქებში და პროვინციებში მან დანიშნა პრეფექტები, რომლებიც პირადად მის წინაშე აგებდნენ პასუხს. პრეტორიანულ გვარდიასაც სათავეში პრეფექტი ედგა, იმპერიაში ეს ერთერთი ყველაზე მაღალი პოსტი იყო.

პროვინციებში აჯანყენები საკმაოდ ხშირად ხდებოდა, მაგრამ რომაელებს არ უჭირდათ მათი ჩახშობა. ყველაზე სერიოზული აჯანყება იყო დალმაციაში და პანონიაში. (დუნაის პირეთი). ტიბერიუსმა შეკრიბა 20 ლეგიონი. აჯანყების ჩახშობა მოხერხდა დუნაელი ტომების ერთერთი ლიდერის ღალატის შედეგად. ამის შემდეგ იგი ეცადა დაეპყრო გერმანია, მოხდა არაერთი ლაშქრობა, რომლებსაც ტიბერიუსი და დრუზუსი ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწიეს, ხოლო ტევტობურის ტრის ბრძოლაში კი 9 წელს მხედართმთავარი კვინტილიუს ვარუსი სასტიკად დამარცხდა, ჯარი კი განადგურდა.

ამ აჯანყებების ჩახშობის გარდა ავგუსტუსს პრაქტიკულად არ უწარმოებია დამპყრობლური ომები. მისი საგარეო პოლიტიკა აქტიური დიპლომატიით შემოიფარგლებოდა. იგი ყოველგვარად ცდილობდა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ტომებთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა, ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პართიელებთან, რომლებმაც რომში დააბრუნეს კრასუსის და ანტონიუსის ლაშქრობებიდან დარჩენილი ტყვეები, ასევე დააბრუნეს დამარცხებული ლეგიონების სიმბოლოები.

ოქტავიან ავგუსტუსი გარდაიცვალა 14 წელს, იგი როგორც მისი მამობილი ღმერთად იყო აღიარებული.


ტიბერიუსი

პრინცეპსტის სიკვდილის შემდეგ აჯანყდნენ გერმანული და პანონური ლეგიონები. ტიბერიუსმა სიტუაციის განსამუხტად საკუთარი ვაჟი დრუზუსი გაგზავნა. ნაწილობრივ დათმობებით, ხოლო ნაწილობრივ პრევენციული ზომებით ლეგიონებში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდა. გერმანული ლეგიონების აჯანყება კი გერმანიკუსმა, ტიბერიუსის ძმისშვილმა, ჩაახშო.

კიდევ ერთი აჯანყება ატყდა აფრიკაში 17 წელს, რომლის ჩახშობაც რომაელებმა მხოლოდ 24 წელს მოახერხეს. ტიბერიუსი არ სარგებლობდა პოპულარობით არც ხალხში არც სენატში, იგი ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო, არავის არ ენდობოდა, თავისი მმართველობის დროს, მან თითქმის მთელი თავისი სანათესავო გაწყვიტა, რადგან ეშინოდა, რომ მასზე უფრო პოპულარული ნათესავი სამხედრო გადატრიალებას მოუწყობდა. ასე გერმანიკუსი, რომელიც ლეგიონებშიც და არისტოკრატიაშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, და მას არაერთხელ სთავაზობდნენ მხარდაჭერას, თუ იგი იმპერატორობას მოისურვებდა, ტიბერიუსის ბრძანებით მოწამლეს, მისი მეუღლე გადაასახლეს ხოლო უფროსი შვილები სიკვდილით დასაჯეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ტიბერიუსმა თავის ვილაზე კუნძულ კაპრიზე გაატარა, სადაც 37 წელს იგი პრეტორიანელთა პრეფექტმა დაახრჩო.


კალიგულა

ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა მისი მემკვიდრე გაიუს კეისარი, რომელიც ისტორიაში თავისი მეტსახელით კალიგულათი შევიდა. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც გიჟს. იგი მოითხოვდა, რომ მისთვის, როგორც ღმერთისთვის, ეცათ პატივი და აპირებდა საკუთარი ცხენის კონსულად დანიშვნას. მან სწრაფად გაფლანგა ტიბერიუსის მიერ დაგროვილი ფული, შემდეგ კი მდიდარი სენატორების და უბრალო მოქალაქეების ქონების კონფისკაცია დაიწყო. მან უამრავი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, პრაქტიკულად ყოველგვარ მიზეზგარეშე. იერუსალიმის ტაძარში მას საკუთარი ქანდაკების დადგმა უნდოდა, მაგრამ იუდევლებმა სასტიკი პროტესტი გამოთქვეს. ისინი დარბევას მხოლოდ კალიგულას მკვლელობამ გადაარჩინა. 41 წელს პრეტორიანელთა პრეფექტმა კასიუს ჰერეამ მოკლა კალიგულა. ამბოხებულთა ნაწილს ისევ რესპუბლიკის დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ პრეტორიანელებმა იმპერატორად კალიგულას ბიძა კლავდიუსი აღიარეს.


კლავდიუსი

თავიდან სენატს არ სურდა კლავდიუსის იმპერატორად აღიარება და იყო კიდევაც რესპუბლიკის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ლეგიონებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, სენატს მოუწია კლავდიუსის ცნობა, მაგრამ მათსა და ახალ იმპერატორს შორის საკმაოდ ცივი უერთიერთობა იყო.

 კლავდიუსი ბავშვობიდან გონებაჩლუნგად მიაჩნდათ, ალბათ მხოლოდ ამიტომ გადაურჩა იგი თავის დროზე ტიბერიუსს. მიუხედავად ამისა, იგი უკეთესი იმპერატორი აღმოჩნდა ვიდრე ამას მოელოდნენ. მან გაამყარა იმპერიის სახელმწიფო აპარატი, შექმნა ახალი კანცელარიები, გადმოიბირა გალიის არისტოკრტია, ამისთვის იგი უხვად არიგებდა რომის მოქალაქეობას. მან გააფართოვა პორტი და აღადგინა გზები. რომაელებში პოპულარობის მოსაპოვებლად იგი ხშირად აწყობდა სანახაობებს.

წინამორბედებისგან განსხვავებით იგი აქტიურად აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს. მისი პრინციპატის დროს იმპერიას შემოუერთდა ბრიტანეთი, მავრიტანია, თრაკია და მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონები. იგი ასევე ცდილობდა სასომხეთში გაემყარებინა პოზიციები, რაც პართიასთან ომით დასრულდა, ეს ომი 60-ანი წლების შუამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ურთიერთობა სენატთან მაინც დაძაბული დარჩა.

კლავდიუსის ოჯახური ცხოვრება კი ცუდად აეწყო, მას შემდეგ რაც მისმა ცოლმა, მესალინამ უღალატა, მან ცოლად აგრიპინა უმცროსი მოიყვანა, რომელმაც აიძულა ეშვილებინა თავისი შვილი პირველი ქოწინებიდან - ლუციუს დომიციუს ნერონი. ამის შემდეგ, 54 წელს, როგორც თვლიან მან მოწამლა იმპერატორი და 17 წლის ვაჟთან ერთად წავიდა პრეტორიანელების ბანაკში, სადაც ლეგიონერებმა იგი ახალ იმპერატორად აღიარეს.



ნერონი

თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. როგორც ავღნიშნეთ იგი სულ 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი ამღზრდელის ლუციუს ანეუს სენეკას, პრეტორიანელთა პრეფექტის, სექსტუს აფრანიუს ბურუსის და საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, ასე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი არანაერ მონაწილეობას არ იღებდა. უმეტესად იგი დაკავებული იყო სიმღერით და ლექსების წერით. მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა. 62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.

64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა "ტროას" დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა "მოძებნა" დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.

ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.

ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც "ოქროს სახლი" უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.

68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.



ვესპასიანე და ტიტუსი


ვესპასიანე აღიარეს როგორც სენატორებმა, ასევე ლეგიონერებმაც. მაგრამ იმპერიაში მშვიდობა ჯერ არ სუფევდა. იუდეაში აჯანყება გრძელდებოდა, აჯანყდა ასევე გალიაც და ქვემო გერმანიაც. 70 წელს, როდესაც იტალიაში სამოქალაქო ომი დასრულდა, რომის ლეგიონებმა ვესპასიანეს ვაჟის, ტიტუსის მეთაურობით აიღეს იერუსალიმი და დაანგრიეს ტაძარი. აჯანყება არნახული სისასტიკით ჩაახშვეს. იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ხოლო მოსახლეობა მონებად გაყიდეს. იუდეამ ამ დღიდან არსებობა შეწყვიტა. აჯანყებულების ბრძოლა კი კიდევ 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

გალიაში კი აჯანყებულებს სურდათ გალიის ცალკე იმპერიად ჩამოყალიბება. აჯანყებულთა ნაწილს რომთან ღია ომი სურდა, მაგრამ გალურმა არისტოკრატიამ მათ მხარი არ დაუჭირა. რომაელებმა აქაც ჩაახშეს აჯანყება, მაგრამ რეპრესიები არ ჩაუტარებიათ. რომაელი მხედართმთავარი პეტილიუს ცერეალისი გამოვიდა გალების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც იგი გალებს არწმუნებდა, რომ რომაელები მათი მტრები არ იყვნენ და მათ იმპერია ისევე ეკუთვნოდათ, როგორც რომაელებს. ამგვარად გალიაშიც მშვიდობა დამყარდა.

სენატს და ვესპასიანეს შორის თავიდანვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. სენატმა იმპერატორს იმხელა ძალაუფლება მიანიჭა რაც არცერთ მის წინამორბედს არ ჰქონია. მას შეეძლო უკვე არსებული კანონების გაუქმება. ამის გარდა ვესპასიანე ყოველ წელს ირჩეოდა კონსულად. ფლავიუსების ტახტზე ასვლიდან დაიწყო იმპერიის ოქროს ხანა.


ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში მოხდა პროვინციების რომანიზაცია. სენატორები ახლა არა მარტო რომაული წარმოშობის იყვნენ, არამედ პროვინციული არისტოკრატებიც. მეორე მხრივ ამან ლათინების გათქვეფა და მომდევნო გადაშენება გამოიწვია. ბევრ ესპანურ და გალურ ქალაქებს მან ლათინური და რომაული მოქალაქეობა უბოძა. ვესპასინემ გააუქმა ყველა ის პრივილეგია რაც ნერონმა ბერძნულ ქალაქებს უბოძა. მან ასევე იმპერიას შეუერთა როდოსი, კილია, ბიზანტიუმი, სამოსი, კილიკია და კომაგენა.

ვესპასიანემ რომში დაიწყო კოლიზეუმის მშენებლობა და აღადგინა კაპიტოლიუმი. მან შეძლო იმპერიის ეკონომიკის აღორძინება, საზღვრების გამაგრება და პართიასთან მშვიდობის შენარჩუნება. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა.


ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორი მისი უფროსი ვაჟი ტიტუსი გახდა. მას თანამედროვენი ძალიან დადებითად ახასიათებდნენ, მაგრამ მისი მმართველობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, რადგან 81 წელს იგი გარდაიცვალა. მისი მმართველობის დროს მოხდა საშინელი კატასტროფა, ვულკანმა ვეზუვიმ ამოხეთქა და გაანადგურა ქალაქები პომპეუსი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი.


დომიციანე

ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ პრეტორიანელებმა იმპერატორად მისი უმცროსი ძმა დომიციანე აღიარეს. იგი უფროს ძმას და მამას თითქმის არაფრით არ ჰგავდა, ხასიათის და ქცევებით იგი იულიუს-კლავდიუსების დინასტიის "სახელგანთქმულ" იმპერატორებს დაემსგავსა. მან ჯერ კიდევ გაპრინცეპსტებამდე გაიფუჭა სენატთან ურთიერთობა და ეყრდნობოდა მხოლოდ სამხედროებს. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა პოპულარობა პლებსში, რისთვისაც ხშირად აწყობდა ნაირნაირ სანახაობებს.

მისი მმართველობის პერიოდში შემოერთებულ იქნა გერმანიის სამხრეთ დასავლეთი, სადაც ვეტერანების კოლონიები შეიქმნა. დუნაის პირეთზე კი დაკების, მარკომანების და სარმატების ტომებმა სერიოზულად დაამარცხეს რომაელები, ომი 89 წლამდე გრძელდებოდა, სანამ დომიციანმა დაკების ბელადთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადო. ამ ხელშეკრულებამ რომაელების უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანეთში სამხედრო მოქმედებები წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ პროვინციებში მცირე აზიიდან კავკასიის მიმართულებით ექსპანსია ვერ განხორციელდა.

89 წელს ქვემო გერმანიის ლეგატი ანტონიუს სატურნინუსი იქაურმა ლეგიონებმა იმპერატორად აღიარეს, მაგრამ დომიციანმა მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა. 96 წლის შეთქმულებისას კი იმპერატორი მოკლეს. სენატორებმა ახალ იმპერატორად აირჩიეს ერთ-ერთი უხუცესი სენატორი არკუს კოკციუს ნერვა.



ნერვა.

ნერვას იმპერატორობის არჩევით ლეგიონერები და პრეტორიანელები უკმაყოფილონი დარჩნენ, ამიტომ მათ გადმოსაბირებლად მან იშვილა ზემო გერმანიის მმართველი მარკუს ულპიუს ტრაიანე. ამგვარად ჩამოყალიბდა იმპერატორთა მემკვიდრეობის ახალი ფორმა, პრინცეპსტობა უკვე არა მამიდან შვილზე ან უახლოეს ნათესავზე გადადიოდა, არამედ სენატის რჩეულზე, რომელსაც მოქმედი იმპერატორი იშვილებდა. ამგვარად ანტონიუსების დინასტიის წარმომადგენლები ერთმანეთის სისხლით ნათესავები აღარ იყვნენ. იმპერატორი არჩევის შემდეგ ფიცს დებდა რომ სენატის განაჩენის გარეშე სენატორს არ დასჯიდა სიკვდილით და მხოლოდ ამ პირობით დებდა სენატი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს.

ნერვამ ჩაატარა ახალი აგრარული რეფორმა, რომლითაც გაღატაკებულ მოსახლეობას დაურიგა მიწები, მისი მმართველობის დროს ასევე შეიქმნა „ალიმენტარული ფონდი“ ობოლ ბავშვთა მოსავლელად და აღსაზრდელად. 98 წელს ნერვა გარდაიცვალა.



ტრაიანე.

ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციალი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიასი იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო უმეტესად დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციალი არისტოკრატები ჭარბობდნენ.

მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი ასევე ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რაზეც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით და მომდევნო წელს მისი პროვინციათ ქცევით უპასუხეს. ამ გამარჯვების ღსანიშნავად ტრაიანმა ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.

109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს კი ტრაიანე სასომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციათ აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანმა ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება ატყდა არა მარტო დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიაში და კვიპროსზე. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს.


117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.


ადრეანე.

ანტონინუს პიუსი.

მარკუს ავრელიუსი

კომოდუსი

სეპტიმიუს სევერუსი

კარაკალა

მაკრინუსი და ელაგაბალუსი

ალექსანდრე სევერუსი.

დიოკლეტიანე და ტეტრარქია

კონსტანტინე.

306 წელს მამის სიკვდილის შემდეგ ბრიტანელმა ლეგიონერებმა აღიარეს კეისრად. მის არჩევას გალერიუსმაც დუჭირა მხარი. მალე ატყდა იმპერიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა გალერიუსსა და მაქსიმიუანუსს შორის, რომელმან ძალაუფლების დაბრუნება განიზრახა. გალერიუსი 311 წელს მოკვდა და უფროსი ავგუსტუსი გახდა ლიცინიუს ლიციანუსი. კონსტანტინემ მასთან ხელშეკრულება დადო მაქსიმიუანუსის ვაჟის მაკსენციუსის წინააღმდეგ, რომელიც იტალიას და აფრიკას მართავდა. კონსტანტინესა და მაკსენციუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა 312 წელს რომთან ახლოს მოხდა, რომელშიც კონსტანტინემ გაიმარჯვა, ხოლო მაკსენციუსი დაიღუპა. ამგვარად იგი დასავლეთის მმართველი გახდა, ხოლო ლიციანუსი იმპერიის აღმოსავლეთის.

მიუხედავად მოკავშირეობისა, ახალ ავგუსტუსებს შორის 314 წელს დაიწყო ომი ბალკანეთის ნახევარკუნძულისთვის. 316 წელს ბალკანეთი თრაკიის გარდა კონსტანტინეს მმართველობაში გადავიდა. 323 წელს კი თრაკიას გოთები შემოესივნენ, მათი განდევნის საბაბით კონსტანტინემ ჯარები შეიყვანა იქ და თრაკიაც მიიერთა. მომდევნო წელს ლიციანუსი გადააყენეს და მოკლეს, ამგვარად კონსტანტინე გახდა იმპერიის ერთადერთი მმართველი.

კონსტანტინემ ჩაატარა ფულის რეფორმა, რითიც გააჯანსაღა იმპერიის ეკონომიკა. მის დროს პროფესიები გახდა მემკვიდრეობითი, ეს უმეტესად ხელოსნებს ეხებოდათ. მან ასევე დაასრულა დიოკლეტიანეს მიერ დაწყებული სამხედრო რეფორმა. ბარბაროსული წარმოშობის მეომრებს საშუალება ჰქონდათ გაეკეთებინათ სამხედრო კარიერა და მიეღწიათ ყველაზე მაღალი თანამდებობებისთვის. ამან იმპერიის ბარბარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა.

მიუხედავად იმისა, რომ ტეტრარქატი აღარ არსებობდა, იმპერია მაინც იყო 4 ნაწილად დაყოფილი, ამ ნაწილებს პრეფექტურები ეწოდებოდა და მათ იმპერატორის მიერ დანიშნული პირები მართავდნენ. დომინუსს ასევე ჰყავდა სამრჩევლო ორგანო კონსისტორიუმი. ამ ორგანოს უწინდელ სენატთან საერთო არაფერი ჰქონდა. აქ მხოლოდ დომინუსს ჰქონდა გადამწყვეტი ხმა. იგი ნიშნავდა საბჭოს წევრებს და კრების დროს არავის ჰქონდა დომინუსის თანდასწრებით დაჯდომის უფლება. მმართველობის ფორმა საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ბიუროკრატიული მონარქია.

კონსტანტინე, დიოკლეტიანესგან განსხვავებით, სხვაგვარად უყურებდა რელიგიის საკითხებს. იგი მიხვდა ქრისტიანების დევნის უშედეგობას და გადაწყვიტა გამოეყენებინა ქრისტიანული იდეოლოგია იმპერატორის აბსოლუტური ძალაუფლების განსამტკიცებლად. 313 წელს დომინუსმა გამოსცა მილანის ედიქტი რომლითაც ქრისტიანობამ მიიღო იგივე უფლებები რაც სხვა რელიგიებმა. მოგვიანებით იმპერატორმა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ამ დროისთვის ეკლესიაში უკვე არსებობდა განხეთქილებები. ამის მოსაგვარებლად 325 წელს კონსტანტინემ ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეაში ეპისკოპოსთა კრება, სადაც მოხდა შეთანხმება ქრისტიანობის ძირითად დოგმებისა და რწმენის სიმბოლოს შესახებ. ამ კრებამ ქრისტიანობის შემდგომი განვითარების სახე ჩამოაყალიბა.

რომი უკვე დიდი ხანი აღარ იყო იმპერატორების რეზიდენცია, კონსტანტინემ კი რეზიდენციად აირჩია ძველბერძნული ქალაქი ბიზანტიუმი ბოსფორის სრუტის ნაპირზე. 328 წლიდან კონსტანტინემ აქ ახალი ქალაქის კონსტანტინოპოლის მშვენებლობა დაიწყო. 330 წელს მოხდა ქალაქის საზეიმო კურთხევა და იმპერიის დედაქალაქად ცნობა.

337 წელს კონსტანტნე გარდაიცვალა, სიკვდილამდე იგი მოინათლა, ხოლო სიკვდილის შემდეგ სენატმა იგი ღვთაებრივად აღიარა, რაც მეტყველებს იმდროინდელ იდეოლოგიურ ვითარებაზე, ორი რელიგიის შერწყმაზე, რომელიც მოხდა ამ იმპერატორის ტახტზე ყოფნის დროს. დომინუსის ძალაუფლება ეყრდნობოდა ამიერიდან არა მარტო არმიას, არამედ დიოკლეტიანეს მიერ შექმნილ ბიუროკრატიულ მანქანას და ეკლესიას.



კონსტანციუსი და იულიანე

კონსტანტინემ სიკვდილის წინ იმპერია გაყო თავის ვაჟებსა და ძმის შვილებს შორის. მისი გარდაცვალებისთანავე მისმა ვაჟმა კონსტანციუსმა მოაწყო სამხედრო აჯანყება კონსტანტინოპოლში და მოაკვლევინა თავისი ბიძაშვილები. ამგვარად აღმოსავლეთის მმართველი გახდა კონსტანციუსი, ხოლო მის ძმას კონსტანტს დასავლეთი ერგო. მან 13 წელი გაძლო ტახტზე, იგი მხედართმავარმა მაგნეციუსმა მოკლა. ამგვარად 351 წელს კონსტანციუსი იმპერიის ერთადერთი მმართველი გახდა.

ფრანკებმა და ალემანებმა განაახლეს გალიაში შემოტევები. ჯარი მათ წინააღმდეგობას ფაქტობრივად ვერ უწევდა, რის შედეგადაც ბარბაროსები თავისუფლად სახლდებოდნენ გალურ სოფლებში. ამავდროულად დაიწყო ომი დუნაელ სამანტებთან და აღმოსავლეთში სპარსეთთან შუამდინარეთსა და სომხეთის გამო.

ამ პირობების გამო კონსტანციუსმა აღმოსავლეთში კეისრად ერთ-ერთი გადარჩენილი ბიძაშვილი გალუსი დანიშნა, მაგრამ იგი მალევე მოაკვლევინა და მის ნაცვლად მისი ძმა, იულიანე დანიშნა. დომინუსმა იგი გალიაში გაგზავნა საკმაოდ მცირე ჯარით, ბარბაროსების განსადევნად.

გალიაში იულიანუსმა მოულოდნელ წარმატებებს მიაღწია. ჯარისკაცებში და ადგილობრივ მოსახლეობაში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხა ფრანკები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრძოლა არგენტორატესთან, სადაც კეისარმა ტყვედ ფრანკების ბელადი ჩაიგდო. ამ ყველაფრით მან აღმოსავლეთშიც მოიპოვა პოპულარობა, თან იქაურმა წარმართებმა იცოდნენ, რომ იულიანე მზეს სცემდა თაყვანს და წარმართული ტრადიციების მიმდევარი იყო. ეს ყველაფერი იულიანუსს სასურველ იმპერატორად ხდიდა წარმართებისთვის.კონსტანციუსის ომი სპარსეთის წინააღმდეგ კი არ იყო წარმატებული. მან იულიანუსს დამატებით ჯარი მოსთხოვა, მაგრამ ჯარისკაცებმა უარი თქვეს აღმოსავლეთში წასვლაზე, აჯანყდნენ და ავგუსტუსად იულიანე გამოაცხადეს. დასავლეთის პროვინციებმა იგი მაშინვე სცნეს. კონსტანციუსთან ომი ამ უკანასკნელის სიკვდილის გამო იქნა აცილებული. ამგვარად 360 წელს იულიანე იმპერატორი გახდა.

ახალი იმპერატორის ავტორიტეტი გალიაში ძალიან მაღალი იყო. იგი ყველანაერად ცდილობდა აღმოსავლეთშიც ისეთივე ავტორიტეტი მოეპოვებინა. იგი მფარველობდა ქალაქებს და ზრუნავდა იმპერიის საზღვრების გამაგრებაზე.

მან უარი თქვა ქრისტიანობაზე, როგორც სახელმწიფო რელიგიაზე და სცადა წარმართობისთვის უწინდებური პოზიცია დაებრუნებინა. მან აღადგინა ბევრი წარმართული ტაძარი და კულტი. დააარსა ღარიბებისთვის უფასო საავადმყოფოები. იგი თვლიდა რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული უთანხმოებები ასუსტებს მას, ამიტომ დააბრუნა გადასახლებაში მყოფი ყველა ერეტიკოსი და მოაწყო სამღვდელოების კრება, სადაც ყველა ტიპის ქრისტიანული სწავლებების მიმდევრები შეკრიბა რათა კიდევ უფრო გადაეკიდებინა ისინი ერთმანეთზე.

ამასთან ერთად მან სცადა წარმართობის რეორგანიზაცია, მას სურდა სხვადასხვა ტაძრების ქურუმებისგან ეკლესიის მაგვარი სტრუქტურა შეექმნა. იგი აქეზებდა ტაძტრების ქველმოქმედებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იულიანეს პოლიტიკა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და წარმართული კულტების უწინდებური დიდებით დაბრუნებაც ვერ განხორციელდა.

იულიანეს მოკლე მმართველობა სპარსეთთან ომში დასრულდა. 363 წელს იგი ბრძოლაში დაიღუპა. იგი რომის უკანასკნელი ღირსეული იმპერატორი იყო ვინც სცადა რომის სამხედრო ძალის და რელიგიის აღორძინება. მისი სიკვდილის შემდეგ ცხადი იყო, რომ რომი უწინდებურ სიძლიერეს ვეღარ დაიბრუნებდა.

იულიანეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი იოვიანუსი გახდა. მან დაუთმო სპარსებს მესოპოტამია და დაბრუნდა ჯარის ნარჩენებით იმპერიაში. ახალმა იმპერატორმა დაუბრუნა ქრისტიანებს იულიანეს მიერ წართმეული პრივილეგიები და აღადგინა ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია. 364 წელს იგი გარდაიცვალა.



ვალენტინიანუსების დინასტია

http://ka.wikipedia.org/wiki/რომის_იმპერია

Комментариев нет:

Отправить комментарий