понедельник, 15 июля 2013 г.

1937 წელი...III.

  ამ საუბარში რომ ვიყავით, ორი ახალი პატიმარი შემოიყვანეს. კარი გამოკეტეს, ახალმოსულები კართან დადგნენ. საკნის მამასახლისი დათიკო ტაბიძე იყო, რომელმაც ხუმრობით დაუძახა:
- თუ გლეხები ხართ, მანდვე ჩაჯექით, თუ აზნაურები, აქეთ წამოდით, ჩვენკენო.
ერთი მათგანი, შავწვერებიანი, ტყავის ქურქში გამოწყობილი მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა:

- ვერ მიცანი, ბიჭო?
- ვერა.
- აბა, კარგად დამაკვირდი, ძალიან გამოცვლილი ვარ?
- კაცო, აბსოლუტურად არა ხარ ჩემი ნაცნობი.
- ვალოდია ვარ, გელაშვილი, რავა ვერ მიცანი?
- ვაიმე, აბა, როგორ გიცნობდი?
გელაშვილი, კომკავშირის ცეკას ყოფილი მდივანი, ბოლო დროს პარტიის გორის რაიკომის მდივანი, სრულიად ახალგაზრდა ბიჭი იყო, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი კაცი. ახლა, წვერებში, მოხუცებულ ციმბირელ გლეხს ჰგავდა. ვალოდია მომიყვა, რომ დღეს ის და რაიკომის პირველი მდივანი დავით ფანცულაია ერთად ჩამოიყვანეს გორიდან. უკვე ხუთი თვეა ვზივართ, ყველა რეპრესია გავიარეთ, გამოძიება დამთავრებულია და თბილისში წამოგვიყვანეს, ალბათ ან გაგვასამართლებენ, ან გამოძიება გაგრძელდება, არ ვიცი, როგორ წავა საქმეო. ჩვენ კი მიცემული გვაქვს ჩვენება, რომ რაიონში მოწამლული სიმინდი დავთესეთ, რომ მოსახლეობის განადგურება გვქონდა მიზნად და სხვა. ვუყურებდი გელაშვილს და ვფიქრობდი, ალბათ არ არის ჭკუაზე და რაღაცას მიჰქარავს-მეთქი. ვუთხარი კიდეც, რაებს ლაპარაკობ, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი - რის მოწამლული სიმინდი, რა ხალხის განადგურება, რად გინდოდათ ისეთი რაიკომი, რომელიც გაანადგურებდა მოსახლეობას?
მაშინ მკითხა: - შენ გამოძიება გქონდაო?

- არა, დღეს ღამით მომიყვანეს-მეთქი.
- ჰო, მაშინ გასაგებია. მეც ასე ვიყავი პირველ დღეებში. როცა წაგიყვანენ და გამოძიება დაიწყება, მერე მიხვდები ყველაფერსო.
ჩვიდმეტი დღე-ღამე ვიყავი ციხეში, სანამ შინსახკომში წამომიყვანდნენ. ამ ხნის განმავლობაში არავინ მკითხულობდა. მქონდა საშუალება მეფიქრა, გადამეაზრებინა ჩემი ცხოვრების გზა. დამედგინა, დავაშავე რაიმე თუ არა ან ობიექტურად, ან სუბიექტურად. ხომ არაფერი ანტისაბჭოთა, ანტიპარტიული საქმე გამიკეთებია, თუნდაც შეუგნებლად. ხომ არ გამიტარებია ფიქრში რაიმე არაპატიული. ან ვინმე ისეთ პირთან ხომ არ მქონია საქმე, ვისაც ანტისაბჭოთა აზრები უტრიალებდა? არ იქნა და ისეთი ვერაფერი გავიხსენე, რომ დანაშაული ყოფილიყოს ჩემის მხრივ.

ვალოდია გელაშვილი და მე ერთ საწოლზე მოვთავსდით და ხშირად ვუზიარებდით აზრებს ერთიმეორეს. ჭკუიდან შესაშლელი ამბები მომიყვა გამოძიების მსვლელობის, რეპრესიების სხვადასხვა ფორმისა და იმის შესახებ, თუ რა ჩვენების მიცემას ცდილობდნენ შინსახკომის გამომძიებლები. ვალოდიას გარდა სხვა პროცედურაგავლილმა პატიმრებმაც მითხრეს, რომ ხელი მოაწერეს რაღაც სასწაულებრივ ტყუილად შეთხზულ ბრალდებებს, რომელთა შეთხზვასა და გამოგონებაში ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ გამომძიებელი და რეპრესირებული, ჩემს შეგნებამდის არ დადიოდა, რომ შეიძლება ასეთი ბრალდება წამოგიყენონ, შენ კი მიიღო და ხელი მოაწერო იმას, რაც სინამდვილესთან ოდნავადაც კი არაა მიმსგავსებული. მეუბნებოდნენ, როცა საკუთარ თავზე გამოცდი, მაშინ მიხვდები, ჩვენც ასე ვამბობდით პირველად, მაგრამ სინამდვილე სხვა გამოდგაო.

- კაცო, რით ვერ გაიგე, რომ არავითარ კონკრეტულ ბრალდებას არ წამოგიყენებენ. უნდა უპასუხო ორ კითხვაზე: ვინ ჩაგაბა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და ვინ ჩააბი ამ ორგანიზაციაში. შენ რომ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი ხარ, ამას გამოსარკვევად არ თვლიან. ეს დამტკიცებულად ითვლება.
ბევრი მოგხვდება, სანამ დამაკმაყოფილებელ პასუხს არ მიიღებენ. როცა ამ კითხვებზე პასუხს გასცემ და პიროვნებებსაც დაასახელებ, მერე თვითონვე მოჰყვები, რა მავნებლური საქმეები გაგიკეთებია. ზოგიერთი რამის შეთხზვაში ისინიც დაგეხმარებიან, მაგრამ ძირითადად ყველაფერი მაინც შენ თვითონ უნდა მოჰყვე. მე ვერ წარმომედგინა ეს "რაღაც" და "სადღაც" ჩაბმაზე ლაპარაკი და ვერც ვიჯერებდი. ვამბობდი, ალბათ რაღაცას ურევენ, რატომ თვითონ არ იციან, ვინ ჩაგაბა, რაღა მე შემეკითხებიან-მეთქი.

- იციან თუ არა, არავითარ გვარს არ დაგისახელებენ, გცემენ თუნდაც ერთ წელიწადს და მაინც გათქმევინებენ.
- კი, მაგრამ, მე რომ სულ სხვა ვინმე დავასახელო და არა ის, ვინც მათ სურთ?
- სულერთია, ვის დაასახელებ, ბევრჯერ ყოფილა, რომ შენ გასახელებს ვინმე, როგორც მის მიერ ჩაბმულს, შენ კი რაკი არ იცი, ვისი დასახელება უნდა გამომძიებელს, ასახელებ სულ სხვას, მერე რა? თუ არ არის დაპატიმრებული, იმასაც დააპატიმრებენ და ყველაფერი თავიდან დაიწყება. შენ კი ხელს მოაწერ, რომ ჩაბმული ხარ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
- პირჯვრის დასაწერი საქმეა, ასეთი არაფერი გამიგია. ჯერ ერთი, მათრახი და ჯოხი რა გამომძიებელია, მაშინ რაღა საჭიროა იურიდიული ინსტანციები და მეცნიერება, თუ საშუალო საუკუნეების წესით შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა? ძალიან უცნაური რაღაცა ხდება ამ ჩვენს ქვეყანაში, რომლის ავანჩავანი აქამდე ყოველთვის ნათელი იყო ჩვენთვის.

- თუ გამომძიებელი კარგად გეპყრობა და არა აქვს სურვილი, ხანგრძლივად გაწვალოს, რაღაც გვარს გიხსენებს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კი არა, მავანმა და მავანმა ჩაგაბაო, არამედ სულ სხვა რამეზე, და შენ უნდა მიხვდე, რომ იმ გვარის დასახელება სურს გამომძიებელს. - მეუბნება ვ. გელაშვილი.
ერთი სიტყვით, 24 დეკემბრამდე დაუკითხავად ვიჯექი ციხეში. საკანში კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობი მოიყვანეს. მათ შორის იყო ღრმად მოხუცებული ბესარიონ მიქაძე, არჩილ მიქაძის მამა - რა მოსაზრებით შეიძლება ასეთი მოხუცებული კაცი დააპატიმრონ, გაუგებარი იყო ჩემთვის.
ჩემი მეგობარი, ცნობილი პედიატრი მიხაკო ჩხენკელი სამი დღის შემდეგ მოიყვანეს. მიხაკოს ყველა იცნობდა, დიდ პატივს სცემდნენ, სულ რაღაც ერთი თვის წინათ საექიმო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს. თბილისის ბავშვების უსაყვარლესი ექიმი იყო ძია მიხაკო. ორი ახალგაზრდა იატაკზე მოთავსდა და მას მაშინვე დაუთმეს ცალკე საწოლი. მიხაკო დარწმუნებული იყო, რომ ის ბინის ინტერესით ჩააგდეს მეზობელმა ყმაწვილებმა, რომლებიც გავლენიან სამსახურში იყვნენ და კარგა ხანია თვალი ეჭირათ მიხაკოს ბინაზე. მიხაკო აზრზედაც არ იყო, რა ბრალდება უნდა წაეყენებინათ მისთვის, გარდა იმისა, რომ მენშევიკი აკაკი ჩხენკელის ძმა იყო. მაგრამ ეს ხომ ოცი წლის წინაც იცოდა ხელისუფლებამ. მარტო ძმობა თუ დანაშაულია, რატომ ამდენ ხანს არ დამაპატიმრესო. ყველაფერი ისე განვითარდა, რომ მაინც ვერ გავიგე, რას აბრალებდნენ მიხაკოს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მითხრეს, რომ ციხეში გარდაცვლილიყო.

ზემოთ სახკინმრეწვის მუშაკი ხავთასი ვახსენე. ხავთასს სამსახურიდან ვიცნობდი. ზაფხულში დაეჭირათ, ტილოს ბლუზა მთლიანად შემოხეოდა ტანზე. მე ზედმეტი პიჟამა მქონდა და მივეცი, ჩაიცვი-მეთქი. გაუხარდა, ჩაიცვა და ორი დღე იყო ასე. ორი დღის შემდეგ გამომძიებელმა დაკითხვაზე გამოიძახა. დაკითხვიდან ატირებული შემოვიდა, პიჟამა გაიხადა და უკანვე დამიბრუნა:

- წაიღე, თუ ძმა ხარ, არ მინდა, ამის გულისთვის ბაწრებით და ქამრებით მცემესო. ეს რა ჩაგიცვამს, შენი დედა... არტისტი ხარ, შე ვირისშვილოო? - და მომკლეს ცემით, ორნი იყვნენ.
24 დეკემბერს დილის ათ საათზე გამომიძახეს, მოემზადე წასასვლელად, შენი ბარგითო. ბარგის შეკვრას შევუდექი. ყველანი მარიგებდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
- ეცადე, უდანაშაულო ხალხი არ ჩაყარო ტყუილუბრალოდ, - მეუბნებოდნენ ვალოდია გელაშვილი, დათიკო ტაბიძე, მიხაკო ჩხენკელი და სხვები, - სანამ შეძლო, გაუძელი რეპრესიებს, როცა აღარ შეგეძლება, ეცადე, რაც შეიძლება ნაკლები ხალხი შეიწიროო.
ცრემლებით გამაცილეს. გამოვეთხოვეთ ერთმანეთს, რა ვიცოდით, ვის რა მოელოდა... იმ ხალხიდან აღარავინ შემხვედრია.

ოვიანს ძალიან კარგად ვიცნობდი...

რამდენიმე კაცთან ერთად საბარგო მანქანით გადაგვიყვანეს, შინსახკომის ე.წ. შიდა საპატიმროში. აქ უფრო სასტიკი რეჟიმია: ქამარი, ფეხსაცმლის შესაკრავები - ასეთი წვრილმანებისაგან განვიტვირთე. შემიყვანეს შვიდადგილიან საკანში, სადაც ოცდათოთხმეტი კაცი დამხვდა. ნაცნობი არავინ იყო. სტაროსტა იყო გოგი წულუკიძე, რომელმაც მიმიღო და როგორც შეიძლებოდა, მომათავსა იატაკზე. საკანში დამხვდურთაგან თითქმის ნახევარზე მეტი ავად იყო. მთავარი საფიქრალი ახლა ის მქონდა, თუ ვინ იქნებოდა ჩემი გამომძიებელი. ბევრს ვიცნობდი აქაური მუშაკებიდან ჯერ კიდევ კომკავშირში ერთად ყოფნის დროიდან (1921-22წწ.), ახლა ვფიქრობდი, ვისთან მექნებოდა საქმე, რომ ბოროტად არ გამოეყენებინა თავისი მდგომარეობა და ტყუილად არ გაერთულებინა საქმე.

ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, რომ გამომიძახეს. ჯარისკაცმა მესამე სართულზე ამიყვანა - ისეთი ღრიალი იდგა, ყველა ოთახიდან ისეთი გინება, ყვირილი, ტყლაშატყლუში, დედისა და მამის სახელების "პატივით ხსენება" გამოდიოდა, რომ მხოლოდ ჯოჯოხეთთან შედარება შეიძლება. გაოგნებული ვარ. გაშტერებული მივყვები ჩემს ჩიჩერონეს და თვალებს ვაცეცებ, ოთახების ნომრებს ვათვალიერებ. ერთ ოთახთან გაჩერდა და მეც გამაჩერა. შევხედე, ნაცნობი ოთახია. ეს იმ არმენაკ ოვიანის კაბინეტია, რომელშიაც ამ ორიოდე კვირის უკან ვიყავი. ამ კაცს ძალიან კარგად ვიცნობ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. 1937 წლის იანვარში ჩვენთან ერთად იყო მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე, მომაგრებული იყო ოპერის თეატრზე. მოსკოვში ჩვენ სამი მუშაკი გვახლდა შინსახკომიდან: საერთო ხელმძღვანელი კლავდიოზ სულთანიშვილი იყო - ის ჩვენს ხელმძღვანელ აკაკი თათარიშვილთან იმყოფებოდა, ოვიანი - ოპერის დირექტორ აკაკი ჭყონიასთან და ლეო აბაშიძე - საგუნდო კოლონაზე ანუ ჩემთან, როგორც ამ კოლონის უფროსთან. ოვიანი გვერდიდან არ გვშორდებოდა, სასტუმროში, დიდ თეატრში, კრემლში. და აი, ახლა ამ კაცის კაბინეტში მიმიყვანა ჩემმა თანმხლებმა პირმა. შევედი. ოთახში ოვიანი თავის მაგიდას უზის და რაღაცას წერს. თავიც არ აუწევია, მხოლოდ ხელით მანიშნა სკამზე - დაჯექიო. ოთახში კიდევ არის მეორე პიროვნება, ჩემთვის უცნობი. ისიც კუთხეში საწერ მაგიდას უზის და რაღაცას წერს. ჩამოვჯექი, მაგრამ გარშემო, როგორც ზემოთ ვთქვი, ჯოჯოხეთური, გულშემზარავი ღრიალი და ხმაურია. ოვიანმა თავი აიღო და მომმართა:
- აბა, დავიწყოთ (დიალოგი რუსულად მიმდინარეობდა). შენ იცი, რატომაც ხარ დაპატიმრებული. შენი კონტრრევოლუციური მუშაობა დამტკიცებულია, აი, ამ უჯრაში უამრავი საბუთი მაქვს. ხომ ხედავ, რა ხდება გარშემო. მე, რა თქმა უნდა, არ მინდა შენთან ეს ხერხები გამოვიყენო, ამიტომ ჯობს ყველაფერი პირდაპირ და სიმართლით აღიარო. ვინ ჩაგაბა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში? რა მავნებლური დავალებები გაქვს მიღებული იმისაგან, ვინც ჩაგაბა და ბოლოს თვითონ ვინ ჩააბი?

- ნუთუ მე მაგაში მედება ბრალი?
- აბა რაში? აქ იმისთვის კი არ მოგიყვანეთ, რომ სიყვარული აგიხსნათ.
- მერე შენ მე არ მიცნობ და არ იცი, მე რა კონტრრევოლუციონერიც ვარ?
- ჰმ! შენი დედაც... დაიწყება ახლა პატიჟი... მოდი, პირდაპირ ოქმი დავწეროთ, არავითარი წინასწარ საუბარი არ არის საჭირო, თორემ შენი ალაპარაკება არ გაგვიჭირდება. მაგრამ აკი გითხარი, არ მინდა, შენს მიმართ მივიღო ისეთი ზომები, როგორიც ოთახებიდან გესმის.

ბავშვთა გულაგი!..

1918 წელს, პოლიტბიუროსა და პირადად ლენინისა და სტალინის უშუალო გადაწყვეტილებით, საბჭოთა რუსეთში შეიქმნა განსაკუთრებული სისტემის მქონე, "შერისხულ ბავშვთა" გულაგი (1918-1956 წწ.), თავისი საკონცენტრაციო ბანაკებით, კოლონიებით, მიმღებ-გამანაწილებელი პუნქტებით, სპეცსაბავშვო ბაგა-ბაღებით. მათ ბარაკებს კი ლოზუნგი ამშვენებდა: "მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისთვის". ამ სისტემის ბინადართა, ასევე მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუზუსტებელია...

მოზარდების განადგურებას სსრკ-ში სათავე დაუდო 1918 წელს, ეკატერინბურგში, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის შვილების დახვრეტამ; 1919 წ. პეტროგრადში თეთრების მხარეს გადასული ფეხოსანთა 86-ე პოლკის ოფიცრების დახვრეტას მოჰყვა მათი შვილების მასობრივი განადგურება; "სიკვდილის ქალაქIIი" უწოდეს 1920 წელს არხანგელსკს, სადაც ჩეკისტებმა 12-16 წლის Iგოგო-ბიჭები ჩაცხრილეს განუკითხავად... 1939 წელს ბერია ატყობინებს მოლოტოვს, რომ "შრომა-გასწორების ბანაკებში, პატიმრობაში მყოფ დედებთან ერთად იმყოფება 4500 ბაგის ასაკის ბავშვი. "გთავაზობთ, ჩამოერთვათ დედებს შვილები და ახალი სახელები და გვარები მივანიჭოთ მათ". ამას კი წინ უძღოდა 1935 წელს სტალინის, მოლოტოვისა და კალინინისადმი გაგზავნილი ვოროშილოვის წერილი, იმის თაობაზე, რომ 9 წლის მოზარდი დანით ხელში თავს დაესხა(!) მოსკოვის პროკურორის მოადგილის ვაჟს... "რატომ არ ვხვრეტთ ასეთ არამზადებს?" - კითხულობდა აღშფოთებული კომისარი... და დახვრიტეს. დახვრიტეს რეპრესირებული პარტიული ლიდერის ლ. კამენევის 16 წლის ვაჟიც, რომელიც თურმე ტერორისტულ აქტებს გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიული ხელმძღვანელების გასანადგურებლად...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, უზბეკეთში საქართველოდან გასახლებული ბავშვების რაოდენობამ 46 ათასს(!) მიაღწია...

გაგრძელება  შემდეგ ნომერში


Комментариев нет:

Отправить комментарий