суббота, 13 июля 2013 г.

"დიდება შენდა ღმერთო, მწუხარებისათვის, რის მოვლინებაც ჩემთვის ინებე. სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე დიდებითა შენითა"

გწერთ იმიტომ, რომ ავადა ვარ. გამოცდილებით ვიცი მაგ მდგომარეობის სიმძიმე: ხორცს ძალა და უნარი ერთმევა, ამავე დროს კარგავს ერთსაც და მეორესაც სამშვინველი; ეს აშლილობა სულსაც გადაეცემა, რადგან სამშვინველი უმჭიდროესი და უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული სულთან, ასე რომ, სული და ხორცი შეუძლებელია ერთმანეთზე გავლენას არ ახდენდნენ. გთავაზობთ ერთ სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, ეს წამალი დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ, განსაკუთრებით ძლიერი სულიერი თუ ხორციელი სიმძიმის წუთებში. მაშინვე იგრძნობთ ამ წამლის ძალას, თუმცა ის ერთი შეხედვით სრულიად უბრალო ჩანს.
 განმარტოვდით და აუჩქარებლად, მხოლოდ თქვენთვის გასაგონად წარმოთქვით ( და როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, გონება ლოცვის სიტყვებში ჩაკეტეთ): "დიდება შენდა ღმერთო, მწუხარებისათვის, რის მოვლინებაც ჩემთვის ინებე. სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე დიდებითა შენითა". რადგან ამ საქმის არსი ყურადღებაა, სხეული წყნარ მდგომარეობაში უნდა იყოს, რათა მოძრაობამ და მისგან გამოწვეულმა სისხლის დუღილმა გონებას ყურადღების მოკრებაში ხელი არ შეუშალოს. საუკეთესო მდგომარეობა სარეცელზე მწოლიარე კაცისაა. სახარებაც გვიამბობს, რომ ავადმყოფი სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წარუდგინეს უფალს და შეწყალებაც მიიღო მისგან. ყურადღების მოკრების გასაადვილებლად გვიბრძანეს აგრეთვე გონების ჩაკეტვა ლოცვის სიტყვებში და თვითონ ლოცვის სიტყვების ძალიან ნელა წარმოთქმა. ერთხელ რომ იტყვით ლოცვას, მერე ცოტა შეისვენეთ. ასე განაგრძეთ 5-10 წუთი, სანამ სულს სიმშვიდე და ნუგეში არ დაეუფლება. დაინახავთ: სამიოდე ასეთი ლოცვის შემდეგ სულში მშვიდობა შემოვა და აღხოცავს შფოთსა და გაურკვევლობას, ასე რომ გტანჯავდათ. ღმერთის მადლი და მისი ძალა ღმერთის დიდებაშია და არა მჭერმეტყველებაში. დიდება და მადლობა ის საქმეებია, რომლებიც ღმერთმა გვამცნო და ეს სრულიადაც არ გახლავთ კაცის გამონაგონი. მოციქული ამას ღმერთის სახელით გვამცნობს (1 თეს. 5,18).
საკუთარი ნებით დავემორჩილოთ ღმერთს, რამეთუ გვსურს ჩვენ ეს თუ არა, მის ხელში ვართ და მის ხელში ვიქნებით. თუმცა გარკვეული დროით კი გვეძლევა მოქმედების თავისუფლება, რათა ჩვენ კეთილი ნება გამოვიჩინოთ.


წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)





Комментариев нет:

Отправить комментарий