четверг, 4 июля 2013 г.

წმიდა თვალთმაქცობა.

–წმიდაო მამაო, რამდენი განდეგილია წმიდა მთაზე?

–არ ვიცი, ამბობე, რომ –შვიდი. ბოლო წლებში მოღვაწეობისათვის წყნარი, მშვიდი ადგილის მონახვა მეტად გაჭირდა. ამიტომ, ვიდრე წმიდა მთაზე მარტოდცხოვრებულთა მონასტრები კიდევ არსებობდა, ზოგიერთი ბერი ახერხებდა, რომ მოღვაწეობისათვის გარკვეული პირობები მოენახა.მაგალითად, გარკვეული ხნით რომელიმე ადგილას მოღვაწეობის შემდეგ, ისინი ბოლოს იტყოდნენ:“არა აქ რაღაც ისე ვერ ვარ, წავალ და რომელიმე მარტოდცხოვრებულთა მონასტერში ვიშრომებ, ფულს დავაგროვებ.“ გარშემიომყოფები იჯერებდნენ, რასაც ის ამბობდა. მოღვაწე გადადიოდა მარტოდცხოვრებულთა მონასტერში, იქ სამი–ოთხი თვე იმუშავებდა, მერე კი ხელფასის სერიოზულ მომატებას ითხოვდა, როდესაც ამაზე უარს ეტყოდნენ, იგი ამბობდა:“ ასე მუშაობა კარგს არაფერს მომიტანს, მივდივარ!“, აიღებდა ცოტაოდენ ორცხობილას, წავიდოდა მონასტრიდან, რომელიმე გამოქვაბულს შეაფარებდა თავს და მოღვაწეობას დაიწყებდა. მონასტერში დარჩენილებს კი ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მან სხვაგან იშოვა სამუშაო, როდესაც მათ ჰკითხავდნენ – ესა და ეს მამა სად არისო, ისინი მიუგებდნენ:“ დიახ აქ იყო, მგრამ რა წუნია აღმოჩნდა! აქ ფულის დასაგროვებლად მოვიდა, ხელფასის მომატებას ითხოვდა, წარმოიდგინეთ ბერი და ფულის მომატებას ითხოვს! აბა რა ბერი ის იყო?“ – მოღვაწე ამგვარად ორგვარ სარგებელს იღებდა: მოღვაწეობისა და ცრუ ბრალდების მეშვეობით. ამას ემატებოდნენ ქურდებიც, რომლებიც, როდესაც შეიტყობდნენ, რომ მას ფული ჰქონდა, გამოქვაბულში მიუცვივდებოდნენ, სცემდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.

–წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი საკუთარ თავს დამალავს, მის სათნოებას როგორღა მივბაძო?

–ის რა, შენი აზრით მთლად სულელია, რომ საკუთარ თავს არ მალავდეს?! უდიდეს ღვაწლს წმიდანები სათნოებათა მოსახვეჭად კი არ აღასრულებენ, არამედ მის დასაფარავად. იცით რას აკეთებდნენ ქრისტესთვის სულელნი?! თავდაპირველად ისინი გაურბოდნენ ამ სოფლის თვალთმაქცობას და სახარებისეული ჭეშმარიტების სფეროში შედიოდნენ, მაგრამ მათთვის ესეც ცოტა იყო და უფრო შორს მიდიოდნენ–წმიდა თვალთმაქცობისკენ–ქრისტეს სიყვარულისთვის. ამის შემდეგ მათ უკვე აღარ აინტერესებდათ არც ის, რას გაუკეთებდნენ, არც ის, მათზე რას იტყოდნენ. მაგრამ ამისათვის უდიდესი სიმდაბლეა საჭირო. და ნახეთ, თუ ერის ადამიანს რაიმე უსიამოვნოს ეტყვი, ის განაწყენდება;თუ რაღაცის გამო მას არ შეაქებ, გაბრაზდება; მაშინ როცა ქრისტეს მიერ სულელებს უხაროდათ, რომ ხალხს მათზე ცუდი აზრი ჰქონდა. ძველ დროში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თავს ეშმაკეულად აჩვენებდნენ,– იმის სურვილით, რომ სათნოებები დაეფარათ და საკუთარი თავის შესახებ ყოველგვარი კეთილი აზრი გაენადგურებინათ სხვების თვალში. ფილოთეოსის მონასტერში რომ ვცხოვრობდი, იმ დროს როდესაც ის მარტოდცხოვრებულთა იყო, იქ ერთი ბერი ვნახე, რომელიც ადრე ვიგლის მონასტერში მოღვაწეობდა; როდესაც დარწმუნდა, რომ იქაური მამები ხვდებოდნენ მის ასკეტურ ღვაწლს და სულიერ წარმატებებს, მან მოძღვრისგან კურთხევა აიღო და იქაურობა დატოვა. „ესღა მაკლდა, ყელში ამომივიდა ეს დაობებული ორცხობილა, წავალ რომელიმე მონასტერში სადაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვებებიან, იქ ხორცსაც კი ჭამენ და ადამიანურად ვიცხოვრებ! გიჟი კი არ ვარ აქ დავრჩე!“ ასე გადავიდა იგი ფილოთეოსის მონასტერში და იქ თავს ეშმაკეულად აჩვენებდა. როდესაც მისმა სულიერმა ძმებმა გაიგეს, რომ იგი შეპყრობილი გახდა, ერთმანეთში ალაპარაკდნენ–„საწყალი, შეპყრობილი გამხდარა,აბა რა! მოსალოდნელიც იყო, აქედან გაიქცა, წარმოგიდგენიათ, დაობებული ორცხობილა მობეზრდა, ხორცის ჭამა მოინდომა. ხოლო ეს „შეპყრობილი?!“ აი იგი რას აკეთებდა: ფილოთეოსში მან ოცდახუთი წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში არც საჭმელი მოუმზადებია თავისთვის და არც დასაძინებლად დაწოლილა. მთელი ღამეების განმავლობაში მონასტრის კედლებში ფარნით დადიოდა და ძილს ებრძოდა. როდესაც უკიდურესად გადაიქანცებოდა, მოღვაწე ცოტა ხნით შეჩერდებოდა და მიეყრდნობოდა კედელს, მაგრამ როგორც კი ძილი მოერეოდა, იგი ხტოდა და ჩურჩულით იესოს ლოცვას იმეორებდა:“ უფალო, იესო ქრისტე...“ შემდეგ კი ლოცვას გუნებაში, უხმოდ განაგრძობდა, მაგრამ დროდადრო ბაგიდან ხმამაღალი ლოცვა დასცდებოდა ხოლმე და ის სხვებსაც ესმოდათ. სხვა ბერებს შორის რომ მოხვდებოდა, მოღვაწე სთხოვდა მათ „ილოცე, ილოცე, რომ ეშმაკი განვიდეს ჩემგან!“ ერთხელ ერთმა თხუთმეტი წლის ყმაწვილმა ბერმა მითხრა მასზე:–„რა უნდა ამ შეპყრობილს?“ –„ასე ნუ ამბობ, ამ ადამიანმა ცოტა სათნოებები როდი მოიხვეჭა და შეპყრობილად მხოლოდ თავს აჩვენებს.“ – მივუგე მე. შედეგად ეს ახალგაზრდა ბერი მას მოკრძალებით ექცეოდა. ხოლო, როდესაც მოღვაწე გარდაიცვალა, მის ხელში ნახეს ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც მონასტრის ძმების სახელები იყო ჩამოწერილი. თითოეული ბერის სახელის გასწვრივ ბერს რაიმე ზედმეტი სახელი მიეწერა; ეს მან იმისთვის გააკეთა, რომ სიკვდილის შემდეგაც გაენადგურებინა ყოველგვარი უმცირესი კეთილი აზრი, რომელიც შესაძლოა, მაინც არსებობდა მის შესახებ. შემდეგ მისმა ნაწილებმა კეთილსურნელები გამოსცეს. ხედავ, რა მოხდა?! მას თავის დაფარვა სურდა, მაგრამ საღმრთო მადლმა სხვათა წინაშე განაცხადა იგი.
ამიტომ, ადამიანზე იმის მიხედვით ნუ შევიქმნით აზრს, რაც გარედან ჩანს, რადგანაც მიხვედრა იმისა, თუ რა იმალება მასში, ჩვენს ძალებს აღემატება.

მამა პაისი მთაწმინდელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий