четверг, 4 июля 2013 г.

სიტყვის მნიშვნელობა.

სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე
და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მათე 12, 37)


და იყვნენ შენდა სათნო სიტყანი
პირისა ჩემისანი (ფსალმუნნი 18, 14)

ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად გარდააქცევს, ხოლო
კეთილი კი ბოროტსაც გარდაქმნის კეთილად (ღირსი მაკარი დიდი)



ჩვენი ურთიერთობანი მოყვასებთან უმეტესად მათთან საუბრებსა და სიტყვებში ხორციელდება.

ვათვითცნობიერებთ კი ღვთის წინაშე მთელი ჩვენი პასუხისმგებლობის სიდიდეს, წარმოთქმული სიტყვების გამო?

სიტყვა ის გამტარია, რომლის მეშვეობითაც სულში იღვრება არა მხოლოდ აზრები და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადიც.

როგორც წერს წმ. მართალი იოანე კრონშტადტელი: მოაზროვნე სულის არსებიდან იბადება მისი თანაარსი სიტყვა, თავის თავშივე წარმომაჩინებელი აზრისა და მისივე თანასწორი; აზრისაგან და აზრით გამოვალს სული, რომელიც სიტყვაში განისვენებს და სიტყვითვე შეუერთდება მსმენელთ; ეს სული სავსებით თანასწორია აზრისაც და სიტყვისაც და თანაარსია მათი. მაგალითად, სიტყვაში მიყვარხარ ხედავ მოსიყვარულე საწყისსაც, და სიტყვასაც, მისგან შობილს, და ამასთანავე სიყვარულის რაღაცნაირ სასიამოვნო სუნთქვასაც შეიგრძნობ".

აი, რას ამბობს სიტყვის შესახებ მამა პავლე ფლორენსკი: „სიტყვა არის ადამიანის ნების ემანაცია (გამოსხივება, გამოყოფა), ეს არის მისი სულის გამოყოფა, ძალთა დამოუკიდებელი ცენტრი - თითქოსდა ცოცხალი არსება, ჰაერისაგან მოქსოვილი სხეულით და შინაგანი სტრუქტურით - ხმოვანი ტალღის ფორმით".

ყველასათვის ცნობილია გამოჩენილ ორატორთა, ტრიბუნთა და ხალხთა ბელადთა ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვის ძალმოსილება. თვით უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისი უახლოესი მოწაფის - იოანე მახარებლის მიერ მოიხსენიება ვითარცა განხორციელებული სიტყვა - ლოგოსი, რომელიც „პირველითგან იყო... ღმრთისა თანა" (იოვანე 1, 1-2).

უფლის სიტყვას არაჩვეულებრივი ძალა გააჩნია: „არა სადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ" (ინ. 7, 46), ამბობდნენ მასზე იუდეველები, „რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი" (ლუკა 4, 32). ამ სიტყვით აღადგენდა უფალი მიცვალებულთა, ახდენდა სასწაულებს და გარდაქმნიდა კაცთა სულებს.

ასევე სიტყვით მოქმედებენ წმ. მოციქულნიც, რომლებმაც დაუდეს დასაბამი ქრისტეს ეკლესიას, და აგრეთვე მის (უფლის) მოწაფეთა მთელი ურიცხვი დასი, ყველა ქვეყანასა და ყველა დროში.

არსებითად, სიტყვის ხმარება არაფრით განსხვავდება საქმეთაგან - ქმედებისაგან.

როგორც წერს წმ. თეოფანე დაყუდებული: „თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენს საწინააღმდეგოდ".

მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი კი ამბობს: „ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრულ იქნეს ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოსწყლავს და კლავს; და შეიძლება დალბობილ იქნეს ვითარცა ზეთი, და მაშინ ის კურნავს".

სიტყვით შესაძლებელია ადამიანთა ამაღლება, განწმენდა და გაკეთილშობილება, შესაძლებელია შესძინო მათ რწმენა, სიხარული და სიმხნევე, აღაორძინო მათში სიყვარული და გულმოწყალება, მოჰმადლო სულს მშვიდობა და სიმყუდროვე.

და პირიქით - ავსიტყვაობით შეიძლება მოკლა და მოშხამო სული, შეიძლება შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და მანკიერება, შეიძლება გარყვნა უმანკო, წმინდა გულები, შეიძლება მოშხამო გარშემო მყოფთა არსებობა.

მოციქული იაკობი წერს: „რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა... ამისი ამაო არს მსახურებაჲ... ენაჲ მცირეჲ ასოჲ არს და დიდად მაღლოჲს... ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ; ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა... და აღგზებულ არს გეჰემიისაგან..."

„ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა. რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა, და მით ვსწყევთ კაცთა... მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ" (იაკობ 1, 26; 3, 5-10). მაგრამ არა მარტო წყევა აყენებს ზიანს მოყვასს.

ჩვენ რომ სულიერი თვალი გაგვაჩნდეს, მაშინ შევძლებდით დანახვას იმისა, თუ როგორ იღვრება ჩვენი საუბრის დროს ბაგეთაგან შხამი.

აი, ჩვენ ვეუბნებით მოყვასს საწყენ, გესლიან ან უხეშ სიტყვას და ამით მის სულს აღვავსებთ სიმწრით, წყენით, ჯავრით, გაღიზიანებით.

აი, ჩვენ ვყვებით ამბავს (ხშირად ცრუს), რომელიც ჩირქს სცხებს მოყვასს და მისი რეპუტაციის შემლახველი ეს შხამი იღვრება მის ირგვლივ, უწამლავს მას ცხოვრებას, სახელს უტეხს მოყვასთა თვალში, წაჰკიდებს მათთან, უქმნის უსიამოვნებებს ცხოვრებაში და ა.შ.

მავნებლობა ამგვარი სიტყვებისგან აშკარაა. მაგრამ აი, კიდევ ბოროტება, რომელსაც ჩვენ, შესაძლოა, ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ. საუბრისას ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებასა და შიშს რაიმე ცხოვრებისეული საქმეების გამო, და ჩვენი ნაცნობი ჩვენგან მცირედმორწმუნეობითა და, თავის ბედის გამოც, შიშით შეპყრობილი მიდის, ავიწყდება რა ღვთის განგებულებისა და გულმოწაყლების შესახებ.

ვინმე ახლობლების შესახებ ჩვენ ვყვებით - თუ როგორ მოხერხებულად შეუძლიათ მათ მოაგვარონ ცხოვრებისეული საქმეები არცთუ ისე პატიოსანი ხერხების მეშვეობით, ჩვენი მოყვასი კი დამწუხრებული და ცდუნებულია. ის ფიქრობს: „აი, მე კი როგორი სულელი ვარ! მე ასეთი უჭკუო და გამოუცდელი ვარ ცხოვრებაში. აი, როგორ უნდა იცხოვრო! და რა არის აქ განსაკუთრებულად მოსარიდებელი? განა დიდია აქ ცოდვა? ყველა ხომ ასე იქცევა?! განა არაა მართალი, რომ „მგლებთან მგელი უნდა იყო?" და ბოროტება - მზაკვრობისა და გაქნილების შხამი - ჩვენი ბაგეთა მეშვეობით გადავიდა მოყვასის სულში.

იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუფრთხილებელი სიტყვით დაღუპო ადამიანი, ასე ყვებოდა ერთი მონაზონი დედა: „თქვენ გადიხართ ტრამვაიში და გაუფრთხილებლობით წაჰკარით მხარი ერთ-ერთ მგზავრს. ის გაძლევთ უკმეხ შენიშვნას. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მოიბოდიშოთ, თქვენ თვითონაც ღიზიანდებით და ბრალს სდებთ მას მოუქნელობაში. წარმოიქმნა ჩვეულებრივი სატრანსპორტო კამათი. მაგრამ მოისმინე, რა გამოვიდა ამისგან. ეს მგზავრი სულიერი აშლილობის ზღვარზე იმყოფებოდა და ებრძოდა თვითმკვლელობის აზრებს. ამ კამათმა კიდევ უფრო გააძლიერა მისი სულის დარდიანი მდგომარეობა, და როგორ სასწორის უკანასკნელმა წვეთმა, დაარღვია მისი მერყეობა თვითმკვლელობის სასარგებლოდ. ის თავს იკლავს, თქვენ კი შეუერთდით მკლელების რიცხვს".

აი, მთავარეპისკოპოს იოანეს უნივერსალური რჩევა სიტყვის გამოყენების შესახებ: „კარგია არაფერი ვთქვათ ისეთი, რისი სხვა ადამიანის სულში სამუდამოდ დატოვებაც არ იქნებოდა უპრიანი".

ამხელდა რა ჩვენს ამაოდმეტყველებას ის წერდა: „ამაოს გამო, ჩვენ ღრმად ვმეტყველებთ (ე.ი. ბევრს), ხოლო სიღრმისეულზე კი ვმეტყველებთ ამაოდ (ე.ი. მეტყველება არ ვიცით)".

რუსულიდან თარგმნა ვლადიმერ ჯოჯუამ
„ენა ჩემი - მტერი ჩემი", ზუგდიდი, 2001 წ


orthodox.do.am






Комментариев нет:

Отправить комментарий