суббота, 13 июля 2013 г.

საკმევლის დანიშნულება.

“საკმეველი წარმოადგენს ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს…”

საკმეველი, ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის შემადგენლობაში შემავალ ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ვოსველიასაგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის ქვიშიან სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიაში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება.

საკმევლის მარცვლები წვისას დამახასიათებელ ნაზ სურნელებას გამოყოფენ. ძირითადად საკმეველი სხვადასხვა მინარევების სახით გამოიყენება, რომელთაგან ჭარბობს მირონი, ბენზოლი და არომატული ნივთიერებები.

საკმევლის წარმოშობის ისტორიის, მისი სიმბოლიკისა და მნიშვნელობის შესახებ “ამბიონს” თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მიქაელ ეჯიბიშვილი ესაუბრა:

“საკმეველი ღვთისმსახურებაში თითქმის ყველა უძველესი ერების, როგორც ებრაელების, ასევე კერპთაყვანისმცემლების მიერ გამოიყენებოდა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.


ძველ აღთქმაში მოცემულია წმინდა სურნელების დამზადების წესი (გამ. 30, 34-38). სოლომონის ტაძარში არსებობდა სამსხვერპლო კეთილსურნელების შესაწირად, სადაც მღვდელმსახური ყოველდღიურად სწირავდა ღმერთს საკმეველს და ითვლებოდა, რომ ეს მღვდელი ღვთის მიერ ღირსად იყო შერაცხილი ამ საქმის აღსასრულებლად. ზუსტად ასეთი კეთილსურნელების შეწირვის დროს იხილა წმ.ზაქარიამ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამამ, ანგელოზებრივი ხილვა და ხარება, რომ მისგან იშვებოდა წინამორბედი უფლისა. ასევე, ახალი აღთქმიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ სამმა მოგვმა, რომლებიც აღმოსავლეთიდან ბეთლემში მაცხოვრის თაყვანის საცემად მივიდნენ, ახალშობილ მაცხოვარს “ოქრო, გუნდრუკი (საკმეველი) და მური” მიართვა (მთ.2,11).

საკმეველი ფართოდ გამოიყენებოდა, ასევე, კერპთაყვანისმცემელთა შორისაც. ეგვიპტელები, ბაბილოვნელები, ბერძნები და სხვა ძველი ერები, რელიგიური მსახურებების დროს, საკმეველს ისევე იყენებდნენ, როგორც მათი თანამედროვე ერთი ღვთის მაღიარებელი ებრაელები. საკმევლის გამოყენების ერთ-ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს მისი მოხმარება რომის იმპერატორისადმი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს.

საკმევლის სულიერი სიმბოლიზმები ქრისტიანულ რელიგიაში შემდეგი გახლავთ:
 საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2), იგი სულის იმპულსია ზეციურისადმი მიმართული. იმავდროულად, წარმოადგენს ჩვენს გაუნელებელ წადილს, რომ ჩვენი ლოცვა შეიწყნაროს ღმერთმა. წმინდა იოანე ოქროპირი საკმევლის შესახებ ბრძანებს: “როგორც საკმეველი თავისთავად მშვენიერი და სურნელოვანია და კეთილსურნელებას ცეცხლთან შეხებისას გამოსცემს, ასევე, ჩვენი ლოცვაც თავისთავად კარგია, მაგრამ უმშვენიერესი და კეთილსურნელოვანი ხდება, როდესაც მას ცეცხლოვანი და ღვთისადმი მიდრეკილი სულიერებით წარმოვთქვამთ, როდესაც სული ხდება სამსხვერპლო და ძლიერი ცეცხლით აღიწევა ზეცისკენ”. ამისათვის კარგი იქნება, სახლში ლოცვისას საკმეველიც ვაკმიოთ.

საკმეველი, ასევე, სულთმოფენობის “ცეცხლოვან ენებს” განასახიერებს, როდესაც უფალმა მოწაფეებს სულიწმინდა გარდამოუვლინა. მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კეთილსურნელების ღვთისადმი შეწირვა კიდევ ღვთის დოქსოლოღიას, მის დიდებისმეტყველებას აღნიშნავს. საკმევლის წვა ნიშნავს ღვთისადმი დიდებისმეტყველებასა და პატიების თხოვნას შემოქმედისადმი. სასიამოვნო განწყობა, რომელიც ტაძარში კმევის დროს კეთილსურნელებისას იქმნება, საღვთო კეთილგანწყობილების გამო, ჩვენი გულების აღვსებას განასახიერებს, რაც ჩვენი ღვთისადმი სიყვარულის ნაყოფს წარმოადგენს.

ადგილი, სადაც თავსდება ნახშირი და საკმეველი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმ. გერმანეს მიხედვით, განასახიერებს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მუცელს, რომელმაც საღვთო “ნახშირი” – უფალი იესო ქრისტე დაიტია, რომელშიც მკვიდრობს ღვთაების მთელი სისავსე ხორციელად ხრწნილების გარეშე. ამასთანავე, სასაკმევლე წარმოადგენს იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, ცეცხლი – ღვთაებრივს, ხოლო სურნელი კი – სულიწმინდის კეთილსურნელებას.

ქეთი ჭელიძე

http://www.ambioni.ge/sakmevlis-danisnuleba

Комментариев нет:

Отправить комментарий