воскресенье, 21 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი მეთორმეტე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი მეთორმეტე

1. ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.

2. კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი შეაჩვენებს.

3. კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია.

4. ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.

5. მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა.

6. ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს.

7. ბოროტეულნი დაემხობიან და გაქრებიან, მართალთა სახლი კი მტკიცედ დგას.

8. კაცს თავისი ჭკუის მიხედვით აქებენ, გულუკუღმართი კი შეძულებულია;

9. ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს.

10. მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია.

11. თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა მდევნელია.

12. ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს.

13. ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.

14. კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება.

15. ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა.

16. ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.

17. ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს.

18. გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.

19. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.

20. ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული.

21. არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე.

22. ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.

23. საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.

24. გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.

25. სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.

26. მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.

27. უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.

28. სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა.


Комментариев нет:

Отправить комментарий