среда, 10 июля 2013 г.

სიტყვა ეული.

სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოიდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი: 
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზრდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა,
- ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...

ვაჟა–ფშაველა 1894 





Комментариев нет:

Отправить комментарий