понедельник, 1 июля 2013 г.

თვალყური უნდა ვადევნოთ თუ არა სიზმრებს და რამდენგვარი სიზმარი არსებობს?

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი.

გრიგოლი: გმართებს იცოდე, პეტრე, რომ სულში სიზმრეული ჩვენებანი ექვსი მიზეზით შემოდიან. ზოგჯერ სიზმარი კუჭის სისავსის გამო წარმოიშობა, ზოგჯერ, პირიქით, მისი სიცარიელის გამო; ზოგჯერ - ეშმაკის ცდუნებით, ზოგჯერ - ზრახვებით (ფიქრებით) და ცდუნებით ერთდროულად; ზოგჯერ - გამოცხადებით, ზოგჯერ - გულისთქმითა და გამოცხადებით ერთდროულად. პირველი ორი სახის სიზმრეული ჩვენებანი გამოგვიცდია, ხოლო დანარჩენი ოთხი სახის მაგალითებს წმიდა წერილი გვაძლევს.

სიზმრეული ჩვენებანი ხშირად ეშმაკის საცდური რომ არ იყოს, მაშინ ბრძენკაცი არასოდეს მიგვითითებდა ამაზე სიტყვებით: “რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი” (ზირ. 34, 7). აგრეთვე: “ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ სიზმრებით” (ლევ. 19, 26). ამ სიტყვებით ცხადად ჩანს, რომ უნდა ვერიდოთ სიზმრებით მარჩიელობას. სიზმრები ზოგჯერ ზრახვებისა და საცდურისაგან ერთდროულად რომ არ მოდიოდეს, ბრძენი არ გვეტყოდა: “როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი” (ეკლ. 5, 2).



ზოგჯერ სიზმარი იდუმალი გამოცხადებისაგან რომ არ იშვებოდეს, მაშინ იოსები თავის უპირატესობას ძმების წინაშე სიზმარში ვერ იხილავდა (დაბ. 37); არც ანგელოზი ამცნობდა ძილში მარიამის დამწინდველს ყრმასთან ერთად ეგვიპტეში გაქცეულიყო (მათ. 2). აგრეთვე, სიზმარი ზოგჯერ ზრახვებისა და გამოცხადების ერთობით რომ არ იშვებოდეს, მაშინ წინასწარმეტყველი დანიელი, ნაბუქოდონოსორის სიზმარზე მსჯელობისას, არ მიუთითებდა, რომ მისი საფუძველი ფიქრები იყო: “გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაჲ ჯერ-არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყნა მე, რომელთაჲ ჯერ-არს ქმნაჲ” (დან. 2, 29). და იქვე: “შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა” (დან. 2, 31). ამგვარად, როდესაც დანიელი სიზმარს კრძალვით განიხილავს და განმარტავს, თუ რომელი ზრახვიდან იშვა, ცხადად გვიჩვენებს, რომ ხშირად სიზმარი ზრახვებიდან და გამოცხადებებიდან ერთდროულად მომდინარეობს. თუკი სიზმრები ამგვარად განსხვავდებიან, მაშინ ცხადია, მით უფრო ნაკლებად უნდა ვენდოთ მათ, რაც უფრო ძნელი შესაცნობია, თუ საიდან მომდინარეობენ. წმინდანები საცდურსა და გამოცხადებას შორის განსხვავებას ერთგვარად შინაგანად შეიგრძნობენ, განასხვავებენ ჩვენების ხმასა და სახეს, გულისხმაყოფენ კეთილი სულისგან რა ეძლევათ და რომელია ეშმაკის საცდური. თუკი გონება სიზმრების მიმართ ფრთხილი არ იქნება, მაშინ მაცდური სულის მიერ მრავალ ოცნებაში ჩაეფლობა: ის, როგორც წესი, მრავალ სიმართლეს წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგ სული სიცრუით მოიცვას.


წიგნიდან: დიალოღონი
თარგმნა თამარ ერისთავმა


shemoqmedi.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий