четверг, 4 июля 2013 г.

გამოლოცვა.

–წმიდაო მამაო, დღეს ჩვენს მონასტერში მოიყვანეს ეშმაკეული ქალი და გვთხოვეს, დაგვეძახა მღვდლისათვის, რომ მასზე კვეთებულის ლოცვა წაკითხულიყო. როგორ უნდა მოვქცეულიყავით?

–ამ შემთხვევაში ახლობლებისათვის უნდა გეთქვათ, რომ ამ საბრალო ადამიანის მოძღვრის გადასაწყვეტი იყო, დაუყონებლივ უნდა წაკითხულიყო კვეთებულის ლოცვა თუ–არა. რადგან თუკი მასში ეშმაკი იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მან თვითონ, ან მისმა მშობლებმა ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა და სწორედ ამის გამო მოიპოვა ეშმაკმა ძალაუფლება ამ საბრალოზე. ეშმაკი ხომ თან მოჰყვება ხოლმე ცოდვას. თუკი ცოდვის აღსრულების შემდეგ ადამიანები არ მოინანიებენ და აღსარებას არ იტყვიან, მაშინ ცოდვა არ ტოვებს მათ, და შესაბამისად–არ ტოვებს ეშმაკი. ან იქნებ ღმერთმა ამ საბრალოს ეშმაკეულობა დაუშვა რაღაც სულ სხვა მიზეზით, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით.
–წმიდაო მამაო, ეშმაკეულებს კვეთებულის ლოცვა შველით?
–სხვადასვა ეშმაკეულს–სხვადასხვაგვარად. კვეთებულის ლოცვა ყველაზე მეტად ქმედითია, როდესაც ის ეკითხება პატარა ბავშვს, რომელსაც არ ესმის აღსარების არსი. ასევე კვეთებულის ლოცვა შველის იმ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც გონება აქვს დაკარგული და აღსარების თქმა არ შეუძლია. თუკი ეშმაკეული სრულ ჭკუაზეა, ყველაზე მეტად ის უშველის, რომ იპოვოს მიზეზი–თავისი დანაშაული, რომლის გამოც შეპყრობილი გახდა. მან უნდა შეინანოს, აღსარება თქვას, და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეს აუცილებელი იქნება, მას კვეთებულის ლოცვა წაეკითხოს. ხომ შესაძლოა ეშმაკმა მაშინაც დატოვოს ადამიანი, როდესაც მას აღსარების შემდეგ მიტევების ლოცვა წაეკითხება.
ზოგიერთი ღვთისმსახური ერთად აგროვებს მათ, ვინც უწმიდური სულითაა შეპყრობილი და მათაც, ვინც ავადაა და ყველას ერთად უკითხავს კვეთებულის ლოცვას. მახსოვს, როგორ მოიყვანეს კვეთებულის ლოცვაზე პარკინსონით დაავადებული კაცი. დღესაც ჰყავდათ აქ ერთი ხანში შესული ადამიანი და ამბობდნენ, უწმიდური სულითაა შეპყრობილიო. ამ საბრალოს მარცხენა ხელი უკანკალებდა. დროდადრო მას შეტევა ემართებოდა. „რამდენი ხანია, რაც ამ მდგომარეობაში ხარ“? ვკითხე. „ბავშვობიდან“. მიპასუხა მან. გამიკვირდა, მერე შევნიშნე, რომ მას თავზე, მარცხენა მხარეს შეჭყლეტილი ჰქონდა, როგორც ჩანს, სამშობიარო ტრამვის შედეგი და ის, რაც მას ჭირდა, სწორედ ამის მიზეზით იყო. წარმოიდგინეთ:კაცი ავად არის, ამ დროს კი ეუბნებიან, რომ მასში არაწმიდა სულია დაბუდებული, უკითხავენ კვეთებულის ლოცვას, უბრძანებენ:“გამოდი, უწმიდურო სულო“. და შედეგად ის მხოლოდ ხალხის დასაცინი ხდება. ასე არ შეიძლება! რამდენ ბავშვს თვლიან ეშმაკეულად, როცა მათში არანაირი ეშმაკი არ არის სინამდვილეში. ერთხელ ოცი წლის ყმაწვილი მომიყვანეს. მასზე ამბობდნენ, შეპყრობილიაო. მას დასალევად წმიდა წყალი მივეცი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. „როგორ ვლინდება ყველაფერი ის, რის შესახებაც მელაპარაკებით, რამდენი ხანია იტანჯება“?–ვკითხე მამამისს. „ჩვენ მაღაზია გვაქვს და ბიჭი 16 წლის იყო, როდესაც იქ მისი მოკლული პაპის ცხედარი მოიტანეს; ეს უცნაურობები სწორედ იმ ხანიდან დაეწყო“. მიპასუხა მან. და აი რა მოხდა: საწყალმა ბავშვმა უბრალოდ ნერვული მდგომარეობა გადაიტანა. მის ადგილას მოზრდილი ადამიანი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, განცდილის შემდეგ მასაც კი შერყეოდა ჟანმრთელობა. ბავშვზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! და ნახეთ რა ხდება: ამ საბრალოს ეშმაკეულად არ მიიჩნევენ?!

–წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ კვეთებულის ლოცვა ხმამაღლა კი არა, ჩუმად, უხმოდ იკითხებოდეს?

–ასე სჯობს კიდეც. კვეთებულის ლოცვაში მთავარი ისაა, რომ ის ტკივილით, თანაგრძნობით ითქმებოდეს და არა– ამპარტავნებით. როდესაც სასულიერო პირი ხმამაღლა და ამპარტავნებით უბრძანებს უწმიდურ სულს: „გამოდი, უწმიდურო სულო“! ეს ანრისხებს ეშმაკს, ის აფთრდება, ეშმაკეულის ეგოიზმზე ზემოქმედებს და შესაძლოა ესეც კი უთხრას მას:“ნახე მთელი ქვეყნის წინაშე სასაცილოდ აგიგდო, მიდი, მაგ მღვდელს კისერში მოსცხე“! უწმიდური სულის მიერ აღძრული ადამიანი სასულიერო პირის ცემას იწყებს, შედეგად კი გაქცევა ეშმაკს კი არა, თავად მას უწევს–თავის კურთხევანთან ერთად. ერთხელ ერთმა მღვდელმა კვეთებულის კითხვისას ეშმაკეულს უთხრა:“გიბრძანებ შენ, არაწმიდა სულო, გამოდი ამ კაცისაგან“! „ხოდა სწორედ იმიტომ არ გამოვალ, რომ შენ მიბრძანებ“! მიუგო ეშმაკმა შეპყრობილის ბაგით. ამიტომაც ვურჩევ ღვთისმსახურებს, რომ კვეთებულის ლოცვის კითხვისას ნურასოდეს დაიწყებენ ამგვარი სიტყვების ხმამაღლა ძახილს:“გამოდი, უწმიდურო სულო“! შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ ეშმაკი ყრუა!
არც ეშმაკეულის ახლობლებს ვურჩევ, ყველას ამცნონ, რომ კვეთებულის ლოცვის წასაკითხად სახლში ღვთისმსახური მოიწვიეს. სჯობს, სხვებმა იცოდნენ, რომ მოძღვარი პარაკლისის შესასრულებლად მოვიდა. ხოლო, კვეთებულის ლოცვა, იმისთვის, რომ სხვების ყურადღება არ მიიქციოს, ჯობს, დაბალი ხმით იკითხონ.

მამა პაისი მთაწმინდელი

orthodox.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий