воскресенье, 14 июля 2013 г.

ერესისა და განხეთქილების ცნება.

1. ერესი – ცრუ სწავლება ქრისტიანობაზე

ერესი – ბერძნული სიტყვა (αίρεσις) – ნიშნავს საერთოდ რომელიმე ცალკე მოძღვრებას. მაგალითად, ქრისტიანულ სწავლებას თავდაპირველად ზოგჯერ ერესს უწოდებდნენ (იხ. საქმ. 28, 22), მაგრამ მოგვიანებით ეს სახელი დაერქვა მარტოოდენ თვითნებურ და ცრუ მოძღვრებას ქრისტიანობის შესახებ, რომელიც გაემიჯნა ერთ, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის სწავლებას და მისგან განსხვავდება.



ქრისტიანობა არის სწავლება ღვთისა, გამოცხადება ღვთისა. ის, როგორც ადამიანთათვის ღვთივბოძებული ცოდნა, უნდა შეწყნარებული და დაცული იქნეს უდიდესი მოკრძალებითა და მორჩილებით, როგორც ეს შეჰფერის ამ უდიდეს სიწმინდეს. მისი, როგორც კაცობრივი გონებისთვის სრულიად მიუწვდომელის, მიღება და დამარხვა მხოლოდ თავმდაბლობითა და რწმენით არის შესაძლებელი. ეს საღვთო ცოდნის ის სულიერი, საიდუმლო წიგნია (იხ. გამოცხ. 22, 18-19), რაც დაწერა და გამოაქვეყნა ღმერთმა და რასაც შეუძლებელია, რაიმე მიუმატო ან მოაკლო.



აქედან ცხადი ხდება, რომ ერესი მძიმე ცოდვაა. ეს არის აღძვრა და ამბოხი ქმნილებისა შემოქმედის წინააღმდეგ, აჯანყება და აღშფოთება ყველაზე უბადრუკი, შეზღუდული არსების – ადამიანისა ყოვლად სრულყოფილი ღმერთის წინააღმდეგ. ის – შემზარავია ამის თქმა – არის ადამიანის მიერ განსჯა ღვთისა და განკითხვა ღვთისა.



ერესი არის გონებისა და სულის ცოდვა, ღვთის გმობა და ღვთისადმი მტრობა. ის ნაყოფია სიამაყისა, რაც ანგელოზთა დაცემის მიზეზი გახდა. ერესის მიზეზით დაცემისა და განგდებულ სულთა დაცემის შედეგები ძალზე ჰგავს ერთმანეთს: ორივე აბნელებს გონებას, სისასტიკით ავსებს გულს, თავისი შხამით წამლავს სხეულს და სამუდამოდ კლავს სულს. ერესს არ შეუძლია თავის დამდაბლება (წმ. იოანე კიბისაღმწერელი). იგი, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა, ადამიანებს სრულად განაშორებს ღმერთს. ერესი – შედეგი ამპარტავნებისა – თავის ტყვეს რკინის ჯაჭვებით ბორკავს, რასაც იშვიათად თუ ვინმე დააღწევს თავს. ერესის დაჩემება და მისი ჯიუტად დაცვა ერეტიკოსის დამახასიათებელი თვისებაა.



პირველი ერეტიკოსები იყვნენ იუდეველი ქრისტიანები, რომლებმაც გარეგნულად ირწმუნეს ქრისტე, მაგრამ მოინდომეს მოსეს რჯულის – მისი წესებისა და სამოქალაქო კანონების დაცვაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კაცობრიობის გამოსყიდვითა და თავისუფლების სულიერი რჯულის დადგინებით აღსრულდა და ამით განქარდა კიდეც მისი წინასახე და აჩრდილი – წინასწარმეტყველებითი რჯული. რაღა საჭიროა წინასწარმეტყველება, როდესაც სახეზეა ნაწინასწარმეტყველები? რას ემსახურება აღთქმის დაპირებანი, როცა ნაბოძებია თავად აღთქმული? წინასწარმეტყველებასთან დარჩენის მსურველი ამით უარს ამბობს ამავე წინასწარმეტყველებით აღსრულებულზე. წმინდა პავლე მოციქული ეუბნებოდა ქრისტიანობისა და იუდაიზმის ურთიერთშეთავსების მზრახავ ქრისტიანებს: უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა? (გალ. 2, 21); უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს... განქარვებულ ხართ ქრისტესგან, რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ (გალ. 5 : 2, 4).



იუდეველები, რომლებიც გაქრისტიანდნენ, შემდგომ კი იუდეველობას დაუბრუნდნენ, მოციქულმა მკაცრად გააფრთხილა: შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყუნენ სულისა წმიდისა და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოისაჲ და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარ-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა განქიქებად. რამეთუ ქუეყანამან, რომელმან სჳს მრავალ-გზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთვის, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ. ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლობელი, რომლისა უკუანაჲსკნელნი დასაწუველად არნ (ებრ. 6, 4-8).



ეკლესიის ისტორიამ დაადასტურა ამ გამონათქვამის სამართლიანობა. ერესი მთელ ერებს ითრევდა, ერესიდან მართლმადიდებლობაზე კი ცოტანი თუ მოქცეულან, ისიც ძალზე, ძალზე იშვიათად. საშინელი შხამია ერესი! ძნელად თუ ჩასწვდება ვინმე მას!



ერესთა მეორე წყაროდ იქცა წარმართული ფილოსოფია და, საერთოდ, ადამიანთა განსწავლულობა. II საუკუნის მწერალმა ტერტულიანემ ზედმიწევნით და მკაფიოდ განმარტა, რომ ეკლესიის მშვიდობის დამარღვეველ ყველა ცდომილებას სათავეს აუცილებლად რომელიმე ფილოსოფიური სკოლა უდებდა (Liber de Pracscriptionibus, cap. VII. Hue sunt doctrinae hominium et ducmoniorum etc.). ეს ერთობ ბუნებრივიცაა: მწიგნობარმა ანუ ამსოფლიურმა მეცნიერმა, მაცხოვრის აღთქმის თანახმად, უნდა შეისწავლოს ღვთის სასუფეველი, რათა შეძლოს, გამოიღოს საუნჯისაგან თჳსისა ძველი და ახალი (მთ. 13, 52), ანუ საღვთო სწავლება გადმოსცეს ადამიანური განსწავლულობით შეძენილი ფორმებით. ღვთის სასუფევლის შესწავლა ნიშნავს, საკუთარ თავში დაამკვიდრო იგი. თვინიერ ამისა მიწიერ სწავლულს ხელეწიფება მხოლოდ ძველის შემოთავაზება – იგი ღმერთზე ისაუბრებს მხოლოდ მშვინვიერი ცოდნიდან გამომდინარე, რაც მან სკოლაში შეიძინა. ის, მიუხედავად მთელი თავისი განსწავლულობისა, ვერსაით გაექცევა ცდომილებასა და თავის მოტყუებას. წმინდა სვიმეონის – ქრისტესთვის სალოსის – აზრით, უაღრესად განსწავლული და უნიჭიერესი ორიგენეს ცდომილების მიზეზი ის იყო, რომ მან არ მოინდომა მშვინვიერი მდგომარეობიდან გადასვლა სულიერში, შორს შეცურა აზრთა ზღვაში და მასშივე ჩაიძირა (თვენი. ღირსი სვიმეონისა და იოანეს – მისი თანამზრახველის – ცხოვრება, 21 ივლისი).



ყოველი ქრისტიანი მეცნიერისთვის, განსაკუთრებით ქრისტიანი მასწავლებლისთვის, უაღრესად აუცილებელია, რაოდენ მდიდარი მიწიერი განათლებაც უნდა ჰქონდეს, არ შეჩერდეს მასზე და ხორციელ-მშვინვიერი მდგომარეობიდან გადავიდეს სულიერში, შეიძინოს ცოცხალი, მადლმოსილი ცოდნა ღმერთზე. ვინც მცნებანი ჩემნი დანერგა საკუთარ გულში და აქცია ისინი საკუთარ ქონებად და საუნჯედ, – თქვა უფალმა, – იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყუარო იგი და გამოვუცხადო მას თავი ჩემი (სული წმიდის მოქმედებით) (ინ. 14, 21).



ვისთანაც შინაგანად მკვიდრობს და თანამყოფობს ღვთის სიტყვა, ვინც გონების სიწმინდემ ღირს-ქმნა ღვთის ხილვისა, ვინც მოიშორა მშვინვიერი სიცრუე და ისმინა ხმა ღვთისა (იხ. ინ. 5, 36-37), თავისი უფლის შესახებ იღაღადებს კადნიერებით და ახოვნად და არა ისე, როგორც მწიგნობარნი (იხ. მრკ. 1, 22).



განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი (ფს. 75, 2). ჰურიასტანში აქ იგულისხმება ჭეშმარიტი ეკლესია, ხოლო ისრაელში – ეკლესიის ის წევრები, რომლებიც ღირს-იქმნენ სულიერი ხილვისა და მისგან გამომდინარე ცოდნისა. წმინდანებმა: გრიგოლ ნეოკესარიელმა, ათანასე დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, ბასილი დიდმა და ბევრმა სხვა მნათობმა ეკლესიისა, თავიანთი თანამედროვე კაცობრივი ცოდნის შეძენის შემდგომ იზრუნეს, რომ სახარებისეული ცხოვრებით გადასულიყვნენ ხორციელ-მშვინვიერიდან სულიერ მდგომარეობაში, განეძარცვათ ძველი ადამი და შემოსილიყვნენ ახლით. მათ ამგვარად შეძლეს, თავიანთ მოძმეთათვის ახალი სწავლება ექადაგათ დაცემული ადამიანისათვის ესოდენ მისაღები და ბუნებრივი ძველი ფორმით. მასწავლებელთა მიწიერი მჭევრმეტყველებით გატაცებული მსმენელნი თავისდა შეუმჩნევლად ითვისებდნენ ენამზეობით შემოსილ მაცხონებელ სიტყვას. ხოლო სწავლული არიოზი, მიუხედავად თავისი პრესბიტერობისა, მჭევრმეტყველი ნესტორი, მიუხედავად თავისი პატრიარქობისა, და მაღალი საეკლესიო ხარისხის მფლობელი ბევრი სხვაც, იმავე მიზეზით გახდნენ ერესიარქები და ერეტიკოსები, რა მიზეზითაც აზრთა ზღვის სიღრმეში დაინთქა ორიგენე – გვირგვინი თავისი საუკუნის განსწავლულობისა.



წმინდა გრიგოლ სინელი ამბობს: "მწერალნი და მღაღადებელნი, და ეკლესიის აღშენების მსურველნი სული წმიდის გარეშე, არიან მშვინვიერნი, როგორც საღვთო მოციქული ამბობს, მათ სულ არა აქუს (იუდ. 1, 19). ასეთნი თანამდებნი არიან ფიცისა: ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თჳსით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ! (ეს. 5, 21). ისინი საკუთარი თავისგან ლაპარაკობენ – მათში უფლის სიტყვებით არ მეტყველებს სული ღვთისა... ამაზე არის ნათქვამი იგავი: ვიხილე კაცი, რომელსა ეგონა თავი თვისი ბრძენ, ხოლო სასოებაჲ აქუნდა უგუნურსა, ვიდრე მას (იგავ. 26,12). და კიდევ – სიბრძნე გვავალებს: ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ (რომ. 12, 26). მაგრამ თავადაც სულიწმიდით აღვსილი საღვთო მოციქული აღიარებს: არა თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რაცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს (2 კორ. 3,5); წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ (2 კორ. 12, 19). მშვინვიერ კაცთა სიტყვებს არ აქვს სიტკბოება და სინათლე; ისინი ღაღადებენ არა სულის ცხოველი წყაროდან გამომდინარე, არამედ გულისთქმების, ამპარტავნებისა და თავშეუკავებლობის წურბელების, გველებისა და გომბეშოების მკვებავი და მაძიებელი გულიდან – დამყაყებული ტბიდან... (Добротолюбие. ч. 1, Святой Григорий Синаит. Главы зело полезные, гл. 128. ამ წმინდანის ხსენების დღეს ეკლესია აღნიშნავს 8 აგვისტოს).



წმინდა წერილის ზედაპირულად შესწავლამ ხორციელ-მშვინვიერი ადამიანები განაწყო ერესთა გამოსაგონებლად, რათა მათი საშუალებით საკუთარი თავიცა და სხვებიც დაეღუპათ. წმინდა პეტრე მოციქულმა გვითხრა: წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებს ზოგიერთნი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა, მსგავსად მათისავე წარწყმედისა (2 პეტ. 3, 16). აქ ერთობ სწორად არის მიგნებული სიტყვა "გარდააქცევენ". ხორციელ-მშვინვიერი კაცი წმინდა წერილის სულიერ შინაარსს, რაკი იგი მისთვის გაუგებარია, თავისებურად განმარტავს. ეს სხვაგვარად ვერც იქნება! მშვინვიერ ადამიანს ისღა დარჩენია, საღვთო წერილის კითხვითა და შესწავლით რაღაც წარმოდგენა მაინც შეიქმნას მასზე, რაკი მისი სათანადოდ გაგება არ ძალუძს. მაშასადამე, საჭიროების მიხედვით იგი თავად, საკუთარი სურვილისამებრ აყალიბებს ამა თუ იმ ცნებას.



წმინდა წერილის წარმოშობა, მისი განმარტებისა და გაგების გზები სრული სიცხადით გადმოსცეს პეტრე და პავლე მოციქულებმა. წმინდა პეტრე გვეუბნება: ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების. რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულის წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი (2 პეტ. 1, 20-21). ეს ნიშნავს: სიტყვა ღვთისა ანუ წმინდა წერილი ითქვა სულიწმიდით, მაშასადამე, ის მხოლოდ სულიწმიდითვე უნდა განიმარტოს და გაგებულ იქნეს. წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებია: ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან. ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა; რომელსაცა ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა სულიერთა სულიერად შევატყუებთ (1 კორ. 2, 11-13).



აქედან ჩანს, რომ წმინდა წერილის გადმოცემასა და განმარტებაში საერთოდ არ მონაწილეობდა ადამიანური განსწავლულობა ან სკოლაში წმინდა წერილის, როგორც წიგნის, შესწავლით შეძენილი ცოდნა, რითაც თავს იწონებდნენ და ტრაბახობდნენ იუდეველი მწიგნობარნი თუ ფარისეველნი. იმავეს გულისხმობდა პავლე მოციქული, ვისაც თავისი [ზედმიწევნითი განსწავლულობა] არად მიაჩნდა იესო ქრისტეს უაღმატებულეს ცოდნასთან შედარებით, რაც მას სულიწმიდით ებოძა (იხ. საქმ. 22, 3; ფლპ. 3, 5-8). ზემომოყვანილი სიტყვების შემდგომ მოციქული განაგრძობს: ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ (1 კორ. 2, 14). ეს მოციქულმა საკუთარი გამოცდილებიდან თქვა. მას, როგორც ხორციელ-მშვინვიერ ადამიანს წმინდა წერილით ასწავლეს ღვთის რწმენა იუდეველთა იმჟამინდელი ტრადიციისამებრ, რამაც ამ ერში რჯულის სულიერი გაგება გაანადგურა (იხ. მთ. 25); აგრეთვე იუდეველ ღვთისმეტყველებს წაართვა ადამიანის სახით მოვლინებული, საკუთარი ღვთაებრიობის უდავოდ და უცხადესად დამმოწმებელი ღმერთის შეცნობისა და შეწყნარების უნარი.



იუდეველობიდან ქრისტიანობაზე მოქცევის შემდგომ წმინდა პავლეში სულიერმა უმალ შეცვალა მშვინვიერი, რისი მიზეზიც მოქცევამდე მოციქულის მკაცრი ზნეობრივი ცხოვრება იყო (იხ. ფლპ. 3, 6). სულიწმიდით უხვად განსწავლული წმინდა პავლე საკუთარი გამოცდილებით მიხვდა, რომ თავისი ადრინდელი, თუნდაც ფართო, ცოდნის წყალობით არათუ შეიმეცნებდა ღმერთს, არამედ იგი უფრო შორეული და ბუნდოვანი ხდებოდა მისთვის. თავად მას ეს ცოდნა აქცევდა უფლის მტრად (იხ. რომ. 8, 7); ართმევდა უნარს, დამორჩილებოდა ქრისტეს სწავლებას (იხ. რომ. 8, 7), რასაც უცნაურ, უგუნურ, გაუგებარ და ღვთისმგმობელურ მოძღვრებად წარმოუჩენდა (იხ. 1 კორ. 2, 14).



ქრისტეს სწავლება უცნაურად მოეჩვენა იუდეველ მასწავლებელ ნიკოდიმოსსაც (იხ. ინ. 3, 4); სასტიკად და ძნელად შესასრულებლად ჩათვალა იგი ბევრმა – უკვე ქრისტეს მოწაფეთაგანმა და მის გზაზე შედგომილმა (ინ. 6, 60). ასეთ შეცდენილ და ღვთაებრივი მასწავლებლის მიმტოვებელ მოწაფეებს მიმართა უფალმა: სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი (ანუ საღვთო სიტყვის მშვინვიერი გააზრება) არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება (ინ. 6, 63).



ღვთის სიტყვის მშვინვიერი გააზრება ბადებს უნდობლობას, ღვთის ყოვლადწმინდა სიტყვათა მიმართ ურწმუნოებას, მცდარ, გაუკუღმართებულ დასკვნებსა და შეხედულებებს, რაც უფლის მიტოვებითა და დაღუპვით მთავრდება. ნიკოდიმოსმაც, რომელმაც ღმერთკაცის მიერ აღსრულებული ნიშნების გამო ირწმუნა თავად ღმერთკაცი, არასწორად გაიგო მისი სიტყვები და მათ მშვინვიერი მნიშვნელობა მიანიჭა. უფლის ნათქვამს: უკუეთუ ვინმე არა იშუეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ, – ნიკოდიმოსი შეეპასუხა: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? (ინ. 3, 3-4).



მშვინვიერი ადამიანი, თუ იგი თავს დაიმდაბლებს, შეძლებს, დაარღვიოს საკუთარი გულისსიტყვანი – ამაღლებულნი მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა – და ცნობიერება დაუმორჩილოს ქრისტეს (იხ. 2 კორ. 10, 5). მაგრამ თუ მშვინვიერი პიროვნება არის ამპარტავანი, აქვს დიდი წარმოდგენა თავის ცოდნაზე, სჯერა საკუთარი გონებისა და განსწავლულობისა, საღვთო წერილს აუცილებლად მიიჩნევს უაზრობად და უგუნურებად. ეს აღნიშნა პავლე მოციქულმა, ხოლო საქმით დაადასტურეს უფლის უარმყოფელმა იუდეველმა სწავლულებმა და მღვდლებმა, ამას ამოწმებდა და ამოწმებს ურიცხვი ერეტიკოსი – მათი დასები უარყოფდნენ და უარყოფენ საღვთო ჭეშმარიტებას.



მათ, რომლებიც ამსოფლიურ ცოდნას ფლობდნენ და შემდგომ შეუდგნენ საკუთარი თავის გაწმენდას სულიერი ღვაწლით, ყველამ გულწრფელად აღიარა, რომ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა კაცობრივი სიბრძნის გულისსიტყვებთან, რადგან ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ სახარებისეულ სწავლებას და უჩვეულო სიჯიუტით ეტოქებოდნენ სახარებას მოღვაწის გონებაზე გასაბატონებლად.



ჩვენი დაცემის შედეგია მშვინვიერ-ხორციელი მდგომარეობა: ეს არის ღვთის წინააღმდეგ ამბოხი და ღვთისადმი მტრობა. მშვინვიერი ადამიანი უძლურია, სწორად გაიგოს სულიერი; წმინდა ეკლესია ამიტომაც უკრძალავს თავის შვილებს წმინდა წერილის თვითნებურ ახსნას და ავალებს, მკაცრად იხელმძღვანელონ წმინდა მამათა განმარტებებით. ყველას, განსაკუთრებით მწყემსებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ ზუსტად და ზედმიწევნით შეიცნონ ქრისტიანობა წიგნებიდან ადამიანური ცოდნის შეძენის შემდგომ, ეკლესია ავალებს, ჩასწვდნენ ქმედით და ცხოველ ქრისტიანობას სახარებისეულ მცნებებზე დაფუძნებული ცხოვრებით; საკუთარი ხორცის ვნებითურთ და გულის თქუმით (გალ. 5, 4) ჯვარცმით; სულიწმიდის საღვთო მადლთან თანაზიარებით.



ფრიად სამართლიანად უწოდა ღირსმა მარკოზმა ქრისტიანობის შესახებ თეორიულ ცოდნას დაწყებითი. ეს ღვთივგანბრძნობილი მამა განსაკუთრებული სიცხადით გადმოგვცემს, რომ აუცილებელია ურთიერთისგან განვასხვაოთ გამოცდილებითა და მადლმოსილებით შეძენილი ცოდნა, წარმოგვიჩენს იმ საშინელ სულიერ უბედურებას, რასაც მოიწევს პირველი ცოდნის შემძენი და მეორის უგულებელმყოფელი. "სწავლულნი, რომლებიც სულიერი ცხოვრების მიმართ დაუდევარნი არიან, – უთხრა პასუხად წმინდა მარკოზმა სწავლულს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეცნიერთათვის უცხოა დაცემა, რადგან მათ ამისგან თავიანთი განსწავლულობა იცავს, – თუ ერთხელ მაინც დაეცემიან ძლიერად და საშინლად, რისი მიზეზიც ქედმაღლობა და დაუდევრობა იქნება, ვერც ლოცვით აღორძინდებიან და ვერც იმაზე მეტად დაეცემიან – რაღად უნდა ეშმაკს ბრძოლა მასთან, ვინც სამუდამოდ გართხმულია და აღარასდროს აღდგება. ზოგიერთნი ხან იმარჯვებენ, ხან მარცხდებიან, ეცემიან და წამოდგებიან, სხვას შეურაცხყოფენ და თავადაც იღებენ შეურაცხყოფას, სძლევენ და იძლევიან. ხოლო ზოგნი, საკუთარი უკიდურესი უმეცრების გამო, ვერ აცნობიერებენ თავიანთ დაცემას და ამ მდგომარეობაში რჩებიან. ასეთებს უთანაგრძნობს და სიტყვით მიმართავს წინასწარმეტყველი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის? (იერ. 8, 4); ან კიდევ: განიღვიძე რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან (ეფ. 5, 14). მათ, ვისაც არ სურს, ღვთისმსახურებისთვის და სამომავლო სასუფევლის დასამკვიდრებლად იტვირთოს ღვაწლი აღორძინებისა, ლოცვისა და ჭირთათმენისა [წინასწარმეტყველი], ეუბნება: გახრწნილებასა შენსა ისრაელ, ვინ შეეწიოს? (ოს. 13, 9); არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული (ეს. 1, 6), არც უნებლიედ ჩადენილი რაიმე ბოროტება – რადგან ეს არის ნებაყოფლობითი იარა, მომაკვდინებელი ცოდვა, რასაც ვერც სხვათა ლოცვა განკურნავს. წინასწარმეტყველი ამბობს: ვჰკურნებდით ბაბილონს და არა განიკურნა (ეს. 51, 9), რადგან ეს სენი ნებაყოფლობითია, მისთვის არ არსებობს სალბუნი დასადებლად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი (ეს. 1, 6), ანუ სხვათაგან თანადგომა...



აი, როგორ აფრთხილებს ძველი აღთქმა საკუთარი თავის მოიმედესა და თვისი სიბრძნით გაამაყებულს: იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები (იგავ. 3, 5). ეს არ არის ოდენ სიტყვები, როგორც ზოგიერთებს მოეჩვენათ და რისი გულისთვისაც შეიძინეს ეს წიგნები; მართალია, გაიგეს, რაც მათში ეწერა, მაგრამ საქმით არაფერს აღასრულებენ, მხოლოდ ფუჭი მსჯელობებით იწონებენ თავს. ასეთები ცუდმედიდობენ სიტყვაკაზმულობითა და დახვეწილობით; საქმის უმეცარი ადამიანები კი მათ ბრძენთ უწოდებენ; მაგრამ ისინი მოქმედებენ შრომისმოყვარებისა და საქმის ძირეულად შესწავლის გარეშე, რისთვისაც ღმერთი და დამაშვრალი, ღვთისმოსავი მამანი მათ მკაცრად ამხელენ – ამ ადამიანებმა წმინდა წერილის დამმოძღვრავი შეგონებანი გამოიყენეს ბოროტად, საკუთარი თავის წარმოსაჩენად და არა საქმისთვის, ამიტომაც მოაკლდათ სულიწმიდის მადლი. ისინი პირთა წინაშე ხოლო იქადიან და არა გულითაცა (2 კორ. 5, 12).



ამიტომ საქმის უმეცარნი უნდა შეუდგნენ წმინდა წერილში ნათქვამის შესრულებას, რაც განკუთვნილია არა ოდენ საცოდნელად, არამედ აღსასრულებლად. დავიწყოთ საქმე და ასე თანდათანობით წინსვლით მივხვდებით, რომ მართალი ადამიანები ლოცვით ჰპოვებენ არა მხოლოდ ღვთისადმი სასოებას, არამედ ნაუწყებ რწმენას, შეუორგულებელ სიყვარულს, ძვირუხსენებლობას, ძმათმოყვარებას, თავშეკავებას, მოთმინებას, შეეძლებათ დაფარულის უღრმესი გააზრება, განსაცდელიდან თავის დაღწევა, (სულიერ) ძღვენთა მიღება, გულით აღიარება, მხურვალე ცრემლი; და არა მხოლოდ ზემოჩამოთვლილი... კიდევ შეიძენენ მოწევნულ მწუხარებათა დათმენის, მოყვასისადმი წრფელი სიყვარულის, სულიერი რჯულის შეცნობისა და საღვთო სიმართლის შეძენის უნარს; ღირს-იქმნებიან სულიწმიდის მოფენისა, სულიერი საგანძურის ბოძებისა და ყოველივესი, რაც ღმერთმა აღუთქვა მართალთ სააქაოდაც და საიქიო ცხოვრებაშიც. სული ვერ აღიდგენს საკუთარ თავში ღვთის ხატს – ამას იგი შეძლებს მხოლოდ ქრისტეს მადლითა და რწმენით მაშინ, როდესაც ადამიანი ცხოვრობს უდიდესი თავმდაბლობით და გონების გაუფანტავად ლოცულობს.



საკუთარი უმეცრებისა და დაუდევრად ლოცვის გამო ასეთ მადლს მოკლებულნი მაინც ამბობენ: ჩვენ არ დავცემულვართ! ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარ დაცემას და თავი ზებრძენნი ჰგონიათ. არადა არიან უბედურნი დაცემის გამო და კიდევ უფრო უბედურნი საკუთარი უმეცრების გამო. მათი შენაძენი ჩვენ მხოლოდ განგვიმტკიცებს რწმენას წმინდა წერილისადმი, რომელიც გვეუბნება: სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა (1 კორ. 3, 19), ხოლო ყოველივე ღვთისმიერი არის გარდამოსული მამისაგან ნათლისა (იაკ. 1, 17) და მისი ნიშანია – თავმდაბლობა.



მაგრამ საღვთო სიბრძნის სათნოყოფის სანაცვლოდ კაცთმოთნეობის მოსურნეთ შეითვისეს ადამიანური სიბრძნე, ამით გაამპარტავნებულებმა და შინაგანად გაამაყებულებმა აცდუნეს ბევრი უმეცარი, უბიძგეს – ეაზროვნათ არა ღვთისმსახურებითა და ლოცვით, არამედ რწმენითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა (1 კორ. 2, 4), რასაც მოციქული ხშირად გმობს და უწოდებს ქრისტეს ჯვრის "ცარიელ-ყოფას". კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში იგი წერს: რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი (1 კორ. 1, 17); არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს; რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა (1 კორ. 1, 27-29).



თუ ღვთისთვის სათნოა არა ელინური სიბრძნე, არამედ ლოცვითი შრომა და თავმდაბლობა, როგორც ეს ცხადვყავით, მაშინ უეჭველია: „ამაოდ ბრძნობენ ისინი, რომლებმაც მიატოვეს ღვთისმსახურების პირველი სახე, როგორც ძნელად შესასრულებადი, არ სურთ გადარჩენა არც მეორე და არც მესამე გზით და იმყოფებიან წმინდა გალავანს გარეთ“.[1]





2. ერესი – გონების ცოდვაა.

ამ ცოდვის არსია ღვთისმგმობელობა. ერესი – უშუალოდ გონების ცოდვა – არა მხოლოდ ბინდავს მას, არამედ განსაკუთრებულ სისასტიკეს სძენს და სამუდამოდ კლავს გულსაც.



ამ ცოდვით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება დაცემულ სულებს, რომელთა მთავარი ცოდვაა ღმერთთან დაპირისპირება და მისი გმობა.



დაცემულ სულთა ნიშანდობლივი თვისებაა სიამაყე; ერეტიკოსებიც გამოირჩევიან სიამაყით, რაც უცხადესად ვლინდება ზიზღსა და სიძულვილში ყველას მიმართ, ვინც მათ სექტას არ ეკუთვნის. სექტანტებს საშინლად სძაგთ და ეჯავრებათ ისინი! მაგრამ ერეტიკოსებსა და განდგომილებში სიამაყე არსობრივად ვლინდება შემდეგში: ისინი უკუაგდებენ თავად უფლისაგან გაცხადებულ და ნაქადაგებ ღვთის მეცნიერებასა და ღვთისმსახურებას და მათ შეცვლას ლამობენ თვითნებური, მკრეხელური და უფლისთვის საძულველი ღვთის მეცნიერებითა და ღვთისმსახურებით. ეშმაკიც კი აღარ ცდილობს ერესითა და განხეთქილების ცოდვით დასნეულებულთა შეცდენას სხვა ვნებებითა და აშკარა ცოდვებით. მან რატომღა უნდა აცდუნოს და შეებრძოლოს იმას, ვინც მომაკვდინებელი ცოდვით – ერესით – სამუდამოდ მკვდარია და ჯერაც ცოცხალი უკვე ეშმაკის კუთვნილებაა? პირიქით, სატანა ეხმარება ერეტიკოსსა და განდგომილს, იყოს თავდაჭერილი, გარეგნულად იღვაწოს და აღასრულოს სათნოება, რათა ამ გზით შეუნარჩუნოს მას თვითკმაყოფილება, დატოვოს ცდომილებაში და სიწმინდის ნიღბის საშუალებით, რასაც ერეტიკოსი ატარებს, ერესისკენ მიიზიდოს ადამიანები, ანდა თუნდაც მის გასამართლებლად და რამდენადმე მოსაწონებლადაც განაწყოს; აგრეთვე ცდილობს, დააეჭვოს მართლმორწმუნეობაში და გულგრილი გახადოს მისდამი.



საგანძურის მფლობელს თავს ყაჩაღები ესხმიან, ხოლო ვისაც არა აბადია რა, მას ავაზაკები არ აწუხებენ. მართლმორწმუნეობის საუნჯის მფლობელს მტერი სასტიკად ებრძვის! ის მთელი ძალით ესხმის თავს და ცდილობს, საზოგადოებას იგი დამარცხებული დაანახოს; ამას მიზანი იგივე აქვს, რაც ერეტიკოსის სათნო და პატივმისაგებ პიროვნებად წარმოჩენას ჰქონდა. ასეთი ძნელად მისახვედრი მზაკვრობით მოქმედებს ბოროტი სული ერესის სასარგებლოდ და ჭეშმარიტი ქრისტიანობის საზიანოდ. საუბედუროდ, მას ეს ხრიკი ძალზე კარგად გამოსდის! მისი საშუალებით ათასობით ადამიანს ატყვევბს დასაღუპავად.



ბევრი ერეტიკოსი და განდგომილი მისდევდა უმკაცრეს სამოღვაწეო ცხოვრებას, ხოლო როცა მართლმადიდებლობა შეიწყნარეს, სხვადასხვა სისუსტე გამოავლინეს. რა უნდა დავასაკვნათ აქედან? ის, რომ პირველ მდგომარეობაში ყოფნისას მათ მტერი თავისიანებად მიიჩნევდა და არ ებრძოდა, მეორე შემთხვევაში კი დაუნდობელი ბრძოლა წამოიწყო მათ მიმართ, რომლებმაც თავი დაუფარავად გამოაცხადეს და აღიარეს მის მოწინააღმდეგედ.



წმინდა წერილი ბოროტ სულს უწოდებს არა მხოლოდ მტერს, არამედ შურისმაძიებელსაც (იხ. ფს. 8, 3). იგი არა მარტო ემტერება კაცს, ის მისდამი საშინელი შურითაცაა შეპყრობილი და გულგრილად ვერ უყურებს, რომ ადამიანი ღვთისთვის მოსაწონ სათნოებასა და სიკეთეს იქმს. ამგვარი ღვთისსათნო ქცევისათვის სამაგიეროს უხდის მას და მოუვლენს ურიცხვ განსაცდელს გარედანაც, ბოროტ კაცთა საშუალებით, და შინაგანადაც, სხვადასხვა ვნებათა აღძვრით.



უცნაურ ზეგავლენას ახდენს ერესი და განხეთქილება ადამიანის სხეულზე! სულის გაკერპება ხორცსაც გადაეცემა. სიცოცხლეში ეს ყველას არ ეტყობა, მაგრამ ერეტიკოსის ან განდგომილის სხეული სიკვდილის შემდეგ უმალ გაშეშდება და აუტანელ სიმყრალეს გამოსცემს ხოლმე, ეს განსაკუთრებით ემართებათ მათ, რომლებიც უმკაცრეს სამოღვაწეო ცხოვრებას მისდევდნენ, იყვნენ თავიანთი სექტების სახელგანთქმული მასწავლებლები და დაბრმავებული ერის საყოველთაო პატივისცემით მოსილნი. სწორედ ისინი აფრქვევენ ყველაზე ამაზრზენ სუნს სიკვდილის შემდეგ. მათი გამომშრალი სხეულებიდან აქოთებული ჩირქი გადმოდის. ძნელია მათი გასვენებისა და დასაფლავების გაძლება. მათ საფლავებთან მყოფი ავსულები კი იქვე სხვადასხვა სახით ცხადდებიან შესაშინებლად ან საცდუნებლად.



ერეტიკოსისთვის ძნელად მისაღწევია სინანული და ჭეშმარიტების შეცნობა. მემრუშეებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებს უფრო ხელეწიფებათ სინანული და ჭეშმარიტი შეცნობა ღვთისა, ვიდრე ერეტიკოსსა და განდგომილს, განსაკუთრებით თუ ის სწავლულია ან მოღვაწე. ეს დაადასტურეს სახარებაში ნახსენებმა ქრისტეს თანამედროვე ცოდვილებმაც და მეცნიერმა სექტანტებმაც. ცოდვილებმა შეიწყნარეს უფალიც და მისი წინამორბედიც მაშინ, როდესაც მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სადუკევლებმა უარყვეს იესო და იოანე.



სინანულის გრძნობას ვერ გაითავისებს ის, ვინც თავისთავით დიდად კმაყოფილია, ხოლო ირგვლივ მარტოოდენ საცდურსა და ნაკლს ხედავს. ვინც საკუთარ თავს ყველაზე გონიერად მიიჩნევს, მისთვის უცხოა შიმშილი და წყურვილი უკიდეგანო საღვთო ჭეშმარიტებისა, რომელიც სრულიად დაანაყრებს და დაარწყულებს თავის აღზრდილს, რითაც მადლმოსილი სიმართლის კიდევ უფრო ძლიერ შიმშილსა და წყურვილს აღუძრავს მას. ვერ იტყვის უარს თავის ღვთისმგმობელობაზე ის, ვინც მას წმინდა ჭეშმარიტებად აღიარებს; ნამდვილი წმინდა ჭეშმარიტება კი მისთვის უხილავია, რადგან მხედველობის ორგანო – სულიერი თვალი და გონება – სიცრუემ დაუბრმავა. ერეტიკოსისა და განდგომილის მოქცევა მართლმორწმუნეობაზე, რაც ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, ხდება უფლის განსაკუთრებული განგებულებით იმ რჩეულთათვის, რომელთა ვინაობა მარტოოდენ ერთმა ღმერთმა იცის. ერეტიკოსთა და განდგომილთა მოსაქცევად ადამიანური ძალისხმევა უძლურია.



ნიკეის პირველ კრებაზე არიოზსა და მის თანამზრახველებს დაუპირისპირდნენ მნათობნი ეკლესიისა: ათანასე დიდი, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, იაკობ ნიზიბიელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომლებიც მოქმედებდნენ არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სასწაულთა ძალითაც, მაგრამ მათაც ვერ დაიყოლიეს გაკერპებული ერეტიკული დასი და ერესიარქი არიოზი, რომელმაც, როგორც საეკლესიო ისტორია მოგვითხრობს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა თავის ცდომილებას და არ დათმო იგი.



ერეტიკოსთა წინააღმდეგ სიტყვით კამათი ყველაზე სუსტი იარაღია, იგი უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო, შესაბამისად სულიერი სნეულების – ერესის – თვისებებისა. ამაყი ერესი ვერ იტანს მხილებასა და დამარცხებას. მხილება მას დაუნდობელს ხდის, დამარცხება აშმაგებს. ეს ურიცხვმა მაგალითმა დაადასტურა.



ერეტიკოსი მარცხდება მშვიდი შეგონებით; კიდევ უფრო ქმედითია მდუმარე მისალმება, თავმდაბლობა, სიყვარული, მოთმინება, სულგრძელობა, გულმოდგინება, მოყვასის მიმართ თანაგრძნობითა და გულმოწყალებით აღსავსე ლოცვა. ერესს, როგორც დემონურ გამონაგონსა და წამოწყებას, ადამიანი ვერ დაამარცხებს, მისი მძლეველი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი – ვისაც ეშმაკთან საბრძოლველად და მის დასამხობად მოუხმობს ღვთის წინაშე დამდაბლებული და მოყვასის მოყვარული ადამიანი.



ერესთან წარმატებით ბრძოლის მსურველისათვის უცხო უნდა იყოს პატივმოყვარება და მოყვასის მიმართ მტრობა, რათა ერეტიკოსს არაფერი უთხრას დაცინვით, მწარედ ან სასტიკად; არ მიმართოს მჭევრმეტყველებას, რაც ერეტიკოსის ამაყ სულში ჰპოვებს გამოძახილს და ვნებებს აუფორიაქებს.



მარტოოდენ სიყვარულისა და თავმდაბლობის სიტყვებით აცხეთ წმინდა ზეთი მოყვასის წყლულსა და იარას; დაე, ეს იგრძნოს შენი მოყვასის გულმა; დაე, ღვთისგან მოგეცეს უდიდესი ნიჭი მოყვასის გადარჩენისა. ერეტიკოსის სიამაყე, უტიფრობა, სიჯიუტე, აღტაცება მხოლოდ გარეგნულად ჩანს ძალმოსილი, არსობრივად კი ეს არის უძლურება, რასაც კეთილგონივრული თანალმობა ესაჭიროება. ეს უძლურება მხოლოდ მრავლდება და მძაფრდება, როდესაც მას მკვახე მხილებით გამოხატული უგუნური მოშურნეობით შეეწინააღდეგებიან.



3. ერესი – ქრისტიანობის უარყოფაა.

როდესაც ხალხმა დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის მიტოვება მისი სრული უაზრობის გამო და თანდათანობით შეიმეცნა და აღიარა მაცხოვარი; როდესაც ადამიანებში კერპთაყვანისმცემლობის შენარჩუნების ყველა მცდელობა გაუცრუვდა ეშმაკს, მაშინ გამოიგინა მან ერესი, რისი საშუალებითაც არა მხოლოდ წაართვა ხალხს ქრისტიანობა, არამედ იგი ღვთისმგმობელობით შეუცვალა და ამასთან ერესის მიმდევრებს შეუნარჩუნა ქრისტიანის სახელი და ერთგვარი იერი.



რას ნიშნავს არიანელობა? ეს არის ქრისტესა და ქრისტიანობისაგან განდგომა, ღვთის უარყოფა. თუ ძე ქმნილებაა, როგორც ამას არიოზი ამტკიცებდა, მაშინ არ არსებობს ჭეშმარიტი სამპიროვანი ღმერთი და თუ ძე ღმერთი არ არის, მაშინ სადღაა განკაცება ღვთისა, ადამიანური ბუნების თანაზიარება ღვთაებრივ ბუნებასთან (იხ. 2. პეტ. 1, 4), რაც ადამიანებმა ღვთის განკაცებით შეიძინეს? სად არის ცხონება? სად არის ქრისტიანობა? – ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა (1. ინ. 2, 23) – გვეუბნება საღვთო წერილი. არიანელობა არის უღმერთოებაც და ღვთის გმობაც.



რა არის ნესტორიანელობა? – უარყოფა განკაცებული ღმერთი სიტყვისა. თუ ქალწულისაგან ჩვეულებრივი ადამიანი იშვა, მაშინ სადღაა სულიწმიდით ჩასახვა (იხ. მთ. 1, 18); ან წმინდა წერილში აღნიშნული მოვლენა, რომ სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა (ინ. 1, 40); ანდა შობა ღვთის ძისა? სად არის ქრისტიანობა? ნესტორმა არიოზის ერესი გაიმეორა, ოღონდ სახეცვლილი. ამ ერესთა არსი ერთია – ქრისტეს უარყოფა, ხოლო ქრისტეს უარყოფით – უარყოფა ღვთისა.



იმავეს იქმოდნენ ევტიქი და მონოთელიტები: მათ ღმერთკაცის ორი ბუნება და ორი ნება ერთ ბუნებად და ერთ ნებად შეაერთეს და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე-ადამიანი ქრისტე-ღვთაებამ შთანთქა, როგორც წვეთი ღვინისა უკიდეგანო ზღვამ. ისინი იმავე მიზნისაკენ გაემართნენ, ოღონდ არა იმ მხრიდან, საიდანაც არიოზი და ევტიქი მივიდნენ. ეს იმიტომ, რომ განკაცებულ ძე ღმერთში ადამიანური ბუნების არსებობის უარყოფით ისინი უგულებელყოფენ ყოველივეს, რაც თავს-იდვა უფალმა, როგორც კაცმა და, მაშასადამე, არ ცნობენ კაცობრიობის გამოსყიდვას უფლის ვნებითა და სიკვდილით, ამით კი მთელ ქრისტიანობას უარყოფენ.



იმავესკენ მიისწრაფიან ხატმბრძოლებიც. ქრისტეს მხატვრობით გამოსახვის დაუშვებლობით ისინი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც უარყოფენ ღვთის ძის მოვლინებას ადამიანური ხორცით. თუ ღვთის ძემ ხორცნი შეისხა, მაშინ სავსებით შესაძლებელია მისი – ღვთაებრივი ბუნებით გამოუსახველის – დახატვა, როგორც ადამიანისა. და თუ მისი გამოსახვა შესაძლებელია, მის ხატებს განსაკუთრებული პატივისცემაც შეჰფერის. ჩვენ ხომ მივაგებთ პატივს ჩვენი მშობლების, მეფეების, მთავრების, კეთილისმყოფელების გამოსახულებებს და მათ საპატიო ადგილას ვათავსებთ. მით უფრო მეტი პატივი უნდა მიეგოს ჩვენი მაცხოვრის, შემდგომ კი ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის ხატებს.



იმავეს ლამობს პაპიზმი; ასე ეწოდება ერესს, რომელმაც მოიცვა დასავლეთი და რომლისგანაც ამოიზარდა, როგორც ტოტები ხიდან, სხვადასხვა პროტესტანტული სწავლება. პაპიზმი პაპს ქრისტეს თვისებებს აკუთვნებს და ამით უარყოფს ქრისტეს. ზოგიერთმა დასავლელმა მწერალმა თითქმის აშკარად აღიარა ეს უარყოფა, როდესაც თქვა, რომ გაცილებით ნაკლები ცოდვაა – განუდგე ქრისტეს, ვიდრე – პაპს.



პაპი არის პაპისტების კერპი, მათი ღვთაება. ამ საშინელი ცდომილების გამო მათ განეშორათ ღვთის მადლი; ისინი დარჩნენ საკუთარი თავისა და სატანის – ყველა ერესის გამომგონებლისა და მათ შორის პაპიზმისაც – ამარა. ამგვარად გონებადაბინდულებმა დაამახინჯეს ზოგიერთი დოგმატი და საიდუმლო, მოაშორეს არსობრივი მნიშვნელობა საღვთო ლიტურგიას, საიდანაც ამოიღეს სულიწმიდის მოხმობა, შეწირული პურისა და ღვინის კურთხევა, როდესაც ისინი ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაიქცევიან. ეს არსებით ნაწილს შეადგენდა ყველა ლიტურგიისა, რაც ქრისტეს მოციქულებმა მთელ ქვეყნიერებაზე გაავრცელეს. იყო რომის თავდაპირველ ლიტურგიაშიც (იხ. ცხოვრება გრიგოლ აკრაგანტელისა). არ არსებობს ერესი, რომელიც ასე აშკარად და უტიფრად გამოხატავს თავის უზომო ამპარტავნებას, ადამიანების მიმართ საშინელ ზიზღსა და სიძულვილს, როგორც ამას აკეთებს პაპიზმი.[2]



პროტესტანტები პაპის ცდომილებებს წინ აღუდგნენ, უფრო სწორად – აუჯანყდნენ პაპების გაღმერთებას და მათ გაუკუღმართებულ ხელისუფლებას. მაგრამ, რადგანაც ისინი მოქმედებდნენ ვნებებით აღძრულნი, იყვნენ გარყვნილებაში ჩაფლულნი და პირდაპირ მიზნად არ ჰქონიათ წმინდა ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, როგორც მას კორნილიუს ასისთავი ეძებდა, ამიტომაც ვერ გახდნენ ღირსნი მისი შეცნობისა. ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა (ინ. 3, 20).



პროტესტანტებმა პაპისტების ყველა ცდომილებიდან უარყვეს მხოლოდ მათი ურჯულო აზრი პაპზე; დანარჩენ გადახრათა გზას კი დაადგნენ, ბევრი შეცდომა გააღრმავეს და ადრინდელს ახალიც მრავლად დაუმატეს. მაგალითად, მათ უარყვეს ყველა საიდუმლო, თავად მღვდლობა; სრულიად უგულებელყვეს ლიტურგია და ყველა საეკლესიო გადმოცემა, სამაგიეროდ, თავიანთ მიმდევართაგან თითოეულს უფლება მისცეს, საკუთარი სურვილისამებრ აეხსნა წმინდა წერილი – სულიწმიდით წარმოთქმული, რომელიც მხოლოდ სულიწმიდითვე განიმარტება (იხ. 2 პეტ. 1, 21).



ერესებს შეიძლება მიეკუთვნოს ის სწავლებაც, რომელიც არ ეხება დოგმატებსა და საიდუმლოებს, მაგრამ უარყოფს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას, ამასთან ქრისტიანებს წარმართული წესით ცხოვრების ნებას რთავს. ეს სწავლება გარეგნულად არ ჩანს ქრისტიანობისადმი ცუდად განწყობილი, სინამდვილეში კი მისი პირდაპირი მტერია – იგი ქრისტესგან განდგომას ნიშნავს. თავად უფალმა მათზე, ვინც პირით აღიარებს მას, საქმით კი მის ნებას ეწინააღმდეგება, თქვა: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ. 7, 23).



რწმენა შეიძლება იყოს ცოცხალი მხოლოდ საქმეებით, მათ გარეშე იგი მკვდარია (იხ. იაკ. 2, 26). თუმცა ქრისტიანული დოგმატების ყველაზე სწორი გაგებაც იკარგება არაქრისტიანული ცხოვრებით. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კერპთაყვანისმცემლობა ერთობ ძლიერი იყო, ერეტიკოსები წარმართულ ცხოვრებას მისდევდნენ. წმინდა ათანასე დიდმა ეს აღნიშნა არიანელებთან დაკავშირებით, რომლებიც კერპთაყვანისმცემელთა გართობებს ეძალებოდნენ და ზნეობრივად მათ ემსგავსებოდნენ. უახლეს პერიოდში წარმართული ცხოვრება თავდაპირველად პაპიზმის წიაღში წარმოჩინდა; პაპისტების წარმართულ გრძნობებსა და გემოვნებას განსაკუთრებული სიმძაფრით ცხადყოფს ხელოვნების ნაწარმოებთა გამოყენება რელიგიური თვალსაზრისით: წმინდანთა ფერწერული გამოსახულებები და ქანდაკებები, საეკლესიო მუსიკა და საგალობლები, რელიგიური პოეზია. მათი ყველა სკოლა ცოდვითი ვნებებით, განსაკუთრებით ტკბობისმოყვარებით, არის აღბეჭდილი; იქ არ არის უბიწოებისა და კეთილწესიერების, უბრალოების, სისუფთავისა და სულიერების განცდა. ასეთია მათი საეკლესიო მუსიკა და საგალობლები. მათი პოეტი აღწერს იერუსალიმისა და უფლის საფლავის განთავისუფლებას და საამისოდ მუდმივად მოუხმობს მუზას; ხოტბას ასხამს სიონს ჰელიკონთან ერთად, შემდეგ მუზიდან გაბრიელ მთავარანგელოზზე გადადის. "უცდომელი" პაპები – რომის ეს ახალი კერპები – გარყვნილების, ტირანიის, უღმერთობის, ყოველივე სიწმინდის მიმართ მკრეხელობის მაგალითებად გვევლინებიან. რომში, წარმართული ღმერთების – პაპების – საფარველქვეშ აღდგა და იქიდან ევროპას განეფინა წარმართული ცხოვრება თავისი ტრაგედიებითა და კომედიებით, როკვით, სირცხვილისა და წესიერების უარყოფით, სიძვა-მრუშობითა და კერპაყვანისმცემელთათვის დამახასიათებელი სხვა ჩვევებით...



რატომ მოქმედებს ერესი ასე? მიზეზი ის არის, რომ სულიწმიდის მგმობელი ეს საშინელი ცოდვა სრულიად განაშორებს ადამიანს ღვთისაგან და უმორჩილებს სატანის ძალაუფლებას. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საერთოდ არ ძალუძს განსჯა, შეგრძნება, სულიერი მოღვაწეობა; მაშასადამე, მისთვის უცხო ხდება სულიერება, ხოლო მშვინვიერ-ხორციელი მდგომარეობა, პირიქით, ძლიერ უვითარდება. ეს პიროვნება უხვად აფრქვევს მშვინვიერ, ეშმაკისეულ, შურით, ხდომით და სიამაყით აღსავსე მიწიერ სიბრძნეს (იხ. იაკ. 3: 11, 15). მასში არ არის სიმშვიდე, სიყვარული, შემოქმედებითი თავმდაბლობა; ის ჭარბსიტყვიანია, ამაოდმეტყველი, გაჯერებულია კაცობრივი და ეშმაკისეული სიბრძნით, თავადაც თვითცდუნებით არის აღსავსე და მსმენელთაც აცდუნებს. იგი სხვაგვარი ვერც იქნება, რადგან ერეტიკოსის გულისსიტყვებს – საღვთო მადლს მოკლებულს – მუდამ დაცემულნი სულნი მართავენ და მათზე ძალადობენ. ეს მრავალთათვის გაუგებარი და დაუჯერებელია. დაე, ასეთებმა ყურადიღონ განმარტება სულიწმიდით შემოსილი მამისა: "სიკეთე ვერ იქნება სარწმუნო ან ქმედითი იესო ქრისტეს და სულიწმიდის გარეშე" (წმ. მარკოზ მონაზონი, "სიტყვა სულიერი რჯულის შესახებ", თ. 2).



ზრახვა, სიტყვა და საქმე უფლისთვის საკადრისი რომ იყოს, მათ სულიწმიდის მადლი უნდა ეცხოთ. ამის გარეშე ისინი მაინც ძველ ადამიანს ეკუთვნიან და ღვთისთვის საძაგელნი არიან, გარეგნულად რაოდენ ბრძენნიცა და კეთილნიც უნდა ჩანდნენ ამსოფლიურ სამსჯავროზე.



ერეტიკოსებს, განსაკუთრებით ერესიარქებს, მუდამ ახასიათებდათ ღვთისგან განდგომა, თვითცდუნება, გონების დაბინდვა, დაუოკებელი ვნებათაღელვა. ჩვეულებრივ ისინი ნაირ-ნაირ წადილს არიან აყოლილნი. ევტიქი უკიდურესად ანგარებისმოყვარე იყო და, მიუხედავად სამონაზვნო უპოვარებისა, მნიშვნელოვანი თანხა დააგროვა. აპოლინარიუსს სიბერეში საყვარელი ჰყავდა. არიოზმა დაწერა ურცხვი, გარყვნილებით აღსავსე პოემა "თალია", რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამ თხზულების წაკითხვა დაიწყეს ნიკეის პირველ კრებაზე, მაგრამ მასში მონაწილე მამებმა უარი თქვეს მის მოსმენაზე, როგორც სამარცხვინო ნაწარმოებზე და მათთვის შეთავაზებული ნიმუში ცეცხლს მისცეს. ასეთია უახლეს ერეტიკოსთა შემოქმედებაც – აღსავსე ჯოჯოხეთური მკრეხელობით, უტიფარი, ყალბი მსჯელობებით, საშინელი მოურიდებლობითა და გარყვნილებით. ეს შეფასება მაინც ძალზე მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც მათი ნაწერების კითხვისას უჩნდება კაცს. ჩვეულებრივ ადამიანს აზრადაც ვერ მოუვა ის, რაც წარმოთქვეს და დაწერეს ერესიარქებმა.



ერეტიკოსთა ყველა თხზულება შექმნილია ბოროტ სულთა ზეგავლენით და სავსეა ზნეობრივი საწამლავით, რაც სამუდამოდ კლავს სულს. მათი ყალბი დოგმატური წიგნები უეჭველად შეიცავს წმინდა ეკლესიისათვის სულიწმიდის მიერ ნასწავლი დოგმატების გმობას. მათი სამოღვაწეო წიგნები, თუმც გარეგნულად უზენაეს სათნოებასა და ქრისტიანობას ქადაგებენ, სინამდვილეში არიან თვითცდუნებისა და ეშმაკეული ხიბლის ნაყოფნი და გამოხატულებანი – ამას კი ხალხი ვერ ხვდება. ერეტიკოსი მწერლები ასწავლიან ძველი ადამიანისათვის დამახასიათებელ ზნეობას, რაკი წარმოდგენაც არ აქვთ ქრისტიანულ ზნეობაზე – იგი მათი გონებისა და გულისათვის სრულიად მიუწვდომელია. აგრეთვე ერესის ნაყოფია აშკარად ცოდვითი და ტკბობისმოყვარებით აღსავსე კომედიები, რომანები და სხვა თხზულებები, რომელთაგან ზოგიერთი სასულიერო პირების დაწერილია, მაგალითად, "ტელემაქე" შექმნა ფენელონმა.



ყველა ამ წიგნის კითხვა უკიდურესად საზიანოა, გამოუცდელი თვალი ზოგიერთ მათგანში თუ შენიშნავს შხამს, თორემ სხვებში იგი საგულდაგულოდ არის დაფარული. შეუმჩნეველი, ოსტატურად შეზავებული საწამლავი ნაკლებ ძლიერი არ არის, პირიქით, იგი განსაკუთრებით დამანგრეველად მოქმედებს. ერეტიკული წიგნების კითხვა დოგმატურ, განსაკუთრებით კი სამოღვაწეო, თემებზე ხშირად აღძრავს სიძვის გულისსიტყვებს, ხოლო რომანებისა – სარწმუნოების მიმართ უნდობლობას, გაუგებრობისა და ეჭვების გულისსიტყვებს.



უწმინდური სულები და ცოდვები უერთმანეთოდ არ არსებობენ – თუ ერთ ცოდვას ნებაყოფლობით მოუხრი ქედს, იძულებული გახდები, მეორის უწმინდურ გავლენასაც დაემორჩილო...



გამოცდილება ადასტურებს, რომ ერესისა და უღმერთობის გზას უმეტესად შეუდგნენ გარყვნილი ცხოვრების მიმდევარი ადამიანები, ერესსაც მუდამ თან სდევს ზნეობრიობის მოშლა – ეს ცოდვების ურთიერთკავშირია.



ყველა ერეტიკული წიგნი თავდაპირველად აღაგზნებს სარწმუნოების მიმართ დაეჭვების გულისსიტყვებს. „უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რადგან ყველაზე ხშირად ეს აიარაღებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ“ – ამბობს წმინდა ისააკ ასური (სიტყვა 56).



მოქმედებს მკრეხელური გულისსიტყვები ვინმეში? შეერყა ვინმეს ნდობა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომელიც არის ერთი ჭეშმარიტი ეკლესია ქრისტესი? გახდა ვინმე "უნივერსალური" ქრისტიანი და გულის კარნახით, ან უფრო სწორად, ქრისტიანობის სრული უცოდინარობის გამო, თანაბრად მიეკუთვნა ყველა აღმსარებლობას, სინამდვილეში კი არც ერთ მათგანს? – იცოდე, ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ერეტიკული წიგნების კითხვამ ან ერესით დაავადებულებთან საუბრებმა.

ტკბობისმოყვარებას აყოლილნი განსაკუთრებული ხალისით კითხულობენ ერეტიკულ წიგნებს ქრისტიანულ მოღვაწეობასა და სრულყოფაზე, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის ზნეობრივ ნაწერებს ზურგს აქცევენ. რა არის ამის მიზეზი? სულიერი განწყობის მსგავსება. ეს ადამიანები ტკბებიან მეოცნებეობითა და გამომგონებლობით დაწერილი და ღრმა ტკბობისმოყვარებით, პატივმოყვარებითა და ზესთმჩენობით შეზავებული წიგნების კითხვით – ისინი მადლმოსილად ეჩვენება გონებასა და გულს, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლებით არ არიან განწმენდილნი. მართლმადიდებლური წიგნები მოუწოდებენ სინანულისა და ცოდვითი ცხოვრების მიტოვებისაკენ, თავგანწირვის, თვითმხილებისა და თავმდაბლობისაკენ – სწერედ ეს არ სურს ამა სოფლის შვილს.



კერპთაყვანისმცემლობა და ყოველგვარი დაუფარავი უარყოფა უფლისა შეიძლება შევადაროთ აშკარა საწამლავს – მას ყველა იოლად მოერიდება. ერესი კი ჰგავს გარგნულად მიმზიდველ, მაგრამ მოშხამულ საჭმელს – მისგან უკვე ძნელია თავის დაცვა, რადგან შენიღბულია, თანაც მისი მშვენიერი შესახედაობა და მადისაღმძვრელი სურნელი ადამიანში აღვივებს საკვებით დანაყრებისა და დატკბობის ბუნებრივ სურვილს.



ერესს მუდამ თან სდევს ორგულობა და თვალთმაქცობა. იგი ხასიათდება ჭარბსიტყვაობით, არის ამაოდმეტყველი, აფრქვევს კაცობრივ ცოდნას, ამიტომაც ადვილად იზიდავს ადამიანებს და დასაღუპავად იპყრობს. ერესმა შეუდარებლად მეტი ადამიანი წარწყმიდა სამუდამოდ, ვიდრე ქრისტეს პირდაპირმა უარყოფამ.





4. განხეთქილების შესახებ

განხეთქილება ეწოდება წმინდა ეკლესიასთან სრული ერთიანობის ისეთ გაწყვეტას, როდესაც ჭეშმარიტი სწავლება დოგმატებსა და საიდუმლოებზე ზედმიწევნით არის შენარჩუნებული. დოგმატებისა და საიდუმლოების დარღვევა უკვე ერესია.



საკუთრივ განხეთქილებაში მყოფ ეკლესიებად რუსეთში შეიძლება დასახელდეს მხოლოდ "ერთმორწმუნე ეკლესიები" და "მთავარი მღვდლების" (ყოფილი ობერ-მღვდლების) განმგებლობაში არსებული ეკლესიები. პირველნი განსხვავდებიან ზოგიერთი ტრადიციით, რაც საერთოდ არ ახდენს გავლენას ქრისტიანობის არსზე, მეორეთ კი, საეკლესიო კანონების მიუხედავად, ეპისკოპოსი არ ჰყავთ. პირველის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ნაწილობრივ უმეცრებამ, რის გამოც ზოგიერთ წეს-ჩვეულებას სინამდვილეში არსებულზე მეტი მნიშვნელობა მიეწერა; ხოლო მეორის წარმოქმნა განაპირობა ზოგიერთი პიროვნების პროტესტანტულმა მიმართულებამ...



როდესაც ქრისტიანი თავის ყურადღებას მთლიანად გარგნულ წეს-ჩვეულებებს მიაპყრობს, მხედველობიდან გამორჩება არსებითი ნაწილი ქრისტიანობისა: შინაგანი განწმენდა და, მაშასადამე, ერთმევა სულიერი წინსვლისა და მისი შედეგის – ქრისტეს ჭეშმარიტი შეცნობის – მთელი შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა მისთვის უცხო ხდება. ქრისტიანი თავისგან განაშორებს ღმერთს სარწმუნოებისადმი გულგრილობითა და გარეგანი წესების დაუდევრად შესრულებით, უფალს კი სურს, რომ მას შიშითა და კრძალვით ემსახურებოდნენ. არადა გამოდის პირიქით, ეს ქრისტიანი უღმერთო და ერეტიკოსი ხდება.



რუსეთში, განხეთქილების დანარჩენი მონაწილენი ერეტიკოსებადაც უნდა ჩაითვალონ. მათ უარყვეს ეკლესიის საიდუმლონი და შეცვალეს იგი თავიანთი საშინელი გამონაგონით. ისინი მრავალმხრივ განიდრიკნენ ქრისტიანული სარწმუნოებისა და ზნეობის არსობრივი სწავლებისაგან და სრულად უარყვეს ეკლესია. თუმცა ყველფერი განხეთქილების მონაწილეებს არ უნდა დავაბრალოთ. დასავლური განათლება ისე ძლიერ მოაწყდა რუსეთს, რომ ეკლესიაშიც შეიჭრა და დაარღვია მისი აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ხასიათი, თუმცა ეს შეეხო რაღაც საკითხებს და საერთოდ არ გაჰკარებია ქრისტიანობის არსს. აღმოსავლური მართლმადიდებლობის ეს დარღვევები აბრკოლებს განხეთქილებაში მყოფთ, გულს სტკენს ეკლესიის შვილებს, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს ქრისტიანობა. ეს გადახვევები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი გამოსწორება ძალზე ჩქარა შეიძლება. რუსეთი ევროპას აღარც ბრმად ემორჩილება და აღარც ჰბაძავს. ის დასავლურ განათლებას კეთილგონივრულად აკრიტიკებს, სურს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში შესვლა საკუთარი ნიშანდობლიობით და არა დროებით ნასესხებ-ნაქირავები თავისებურებებითა და ხასიათით. რუსეთი ამის მიღწევას უკვე ლამობს, ჩვენ კი ახლა ამ მცდელობებზე მივუთითებთ.



ყველა რუსი მიხვდა, რომ იტალიური სურათები ვერ იქნება წმინდა ხატები. მიუხედავად ამისა, რუსეთის ევროპიზაციის პერიოდიდან იტალიურმა ფერწერამ შეაღწია თითქმის ყველა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს მხატვრობა აბრკოლებს განხეთქილებაში მყოფს, აწუხებს ჭეშმარიტ მართლმადიდებელს – ის დასავლური წყლულია მართლმადიდებლურ ტაძარზე.



ვისგან ხატავდნენ იტალიელი ფერმწერები უწმინდეს დედათა გამოსახულებებს? – თავიანთი საყვარლებისგან. რაფაელის სახელგანთქმული მადონები უღრმეს ტკბობისმოყვარებას გამოხატავენ. ცნობილია, რომ რაფაელი უგარყვნილესი ადამიანი იყო; უნდოდა, გამოესახა იდეალი, რომელიც მასზე მთელი ძალით იმოქმედებდა, ხშირად გადააგდებდა ხოლმე ფუნჯს და მენატურე ქალს მოეხვეოდა. სხვა მხატვრები, რაფაელთან შედარებით ნაკლებ ნიჭიერნი, ტკბობისმოყვარებას გაცილებით თვალშისაცემად გამოსახავდნენ თავიანთ გამოგონილ ხატებზე. ისინი ცხადყოფდნენ არა ოდენ ტკბობისმოყვარებას, არამედ უტიფრობასა და მოურიდებლობას. ზოგიერთი წმინდა მამის ხატის მენატურენი დედაკაცები იყვნენ – მაგალითად, დომინიკენეს მიერ შექმნილი იოანე ღვთისმეტყველის ცნობილი გამოსახულება. იტალიელი ავხორცი მხატვრები ზოგიერთი მოწამის ხატის დასაწერად იყენებდნენ თავიანთი გარყვნილების თანამონაწილეებს, როცა უწესრიგოდ გატარებული ღამე ან ღამეები მათ დაქანცულ სახეებზე თავის ნაკვალევს აღბეჭდავდა.



იტალიელი, ან საერთოდ დასავლელი ერეტიკოსების მიერ სიწმინდის ამსახველ სურათებზე ყველა მოძრაობა, დგომა, გამომეტყველება არის გრძნობადი, ვნებითი, თვალთმაქცური და თეატრალური. მათში არაფერია წმინდა, სულიერი; აშკარად ჩანს, რომ მხატვრები იყვნენ ღრმად ხორციელნი, არაფერი გაეგებოდათ სულიერებისა და არც აინტერესებდათ იგი, ამიტომაც საერთოდ არ შეეძლოთ სულიერი ადამიანის გამოსახვა ფერწერით. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ იცვლება ლოცვაში ჩაღრმავებული წმინდა მამის სახის ნაკვთები, თვალები, პირი, ხელები, მთელი სხეული. სამაგიეროდ თავიანთ უმეცარ წარმოსახვაში თხზავენ თვითნებურ, უგუნურ ოცნებას, რის შესაბამისადაც ირჩევენ მენატურე მამაკაცს ან დედაკაცს. და დაოსტატებული ხელი ტილოზე გამოხატავს სრულ გაუგებრობას ისე, როგორც მჭერმეტყველი ორატორი ლაპარკობს აბდაუბდას, როდესაც უცნობ თემაზე საუბარს აიძულებენ.



დასავლური ხელოვნების ნიმუშებით დაოსტატებულმა რუსეთის სამხატვრო აკადემიის აღზრდილებმა ტაძრები აავსეს ხატებით, რომელთაც ეს სახელი საერთოდ არ შეეფერება. ამ ხატებს, რომელთა წინაშეც უმანკონი თვალებს ხრიან, ტაძარს გარეთ არავინ მიაწერდა ხატის ღირსებას. ერისკაცი, რომელმაც ყველაფერი ნახა და დიდად გამოცდილია, ვერ წარმოიდგენს, როგორ მოქმედებს ასეთი გამოსახულება ქალწულებრივ ბუნებაზე.



ერთი ბერი, რომელიც ამაღლებულ სამონაზვნო ცხოვრებას მისდევდა უდაბნოში, გარკვეულ მიზეზთა გამო პეტერბურგში ჩამოვიდა. აქ იგი ერთ საღამოს სტუმრად მიიწვია ღვთისმოსავმა მოხუცმა ქალბატონმა სულიერებაზე სასაუბროდ. ამ დროს მოხუცის ქალიშვილები სამეჯლისოდ იმოსებოდნენ, უფრო სწორად, თანამედროვე მოდის მოთხოვნების შესაბამისად შიშვლდებოდნენ; შემდეგ მივიდნენ დედასთან, რათა ხელზე მთხვეოდნენ და ეტლში ჩამსხდარიყვნენ. ბერმა იხილა ის, რაც ცხოვრებაში არასდროს ენახა – დასავლური, ერეტიკული და წარმართული წესით ურცხვად გაშიშვლებული ასულნი და შეძრწუნდა. იგი ირწმუნებოდა, რომ ნანახის შემდგომ თავად ეშმაკის გამოცხადებაც აღარ იყო საჭირო საცდუნებლად. როგორია ასეთ ქალწულებრივ თვალთათვის ხატზე დანახვა მსგავსი გამოსახულებისა, რომელიც ადამიანს განაწყობს არა სალოცავად, არამედ აღუძრავს ყველაზე ბილწ ვნებებს?!



იტალიური ფერწერის შეუთავსებლობა ხატწერასთან დღეს უკვე თვალსაჩინოა და აღიარებული. მაგრამ, სამწუხაროდ, თანამედროვე მოდა მეორე უკიდურესობისაკენ წარიმართა: დღეს ჰბაძავენ ძველ რუსულ ხატწერას, იმეორებენ მთელ მის შეცდომებს და უახლესი გამოგონების ბევრ შეუსაბამობას უმატებენ. ასეთი ხატი ახალი საბაბია დასაბრკოლებლად, ოღონდ არა გახეთქილებაში მყოფისთვის – ის ვერ არჩევს სწორად და არასწორად დახატულ სურათს. სამაგიეროდ, აბრკოლებს უახლესი პროგრესის ფუქსავატ შვილს, რომელიც გამოსახულებათა სიმახინჯის ხილვისას იცინის, მკრეხელობს – მას თავისი ზედაპირული განათლება და განსწავლა საშუალებას არ აძლევს, განასხვაოს ეკლესიისთვის მისაღები წმინდა და ღვთაებრივი ხატები იმ ნაირგვარი ასლებისაგან, რომლებიც ამა სოფლის მოთხოვნით შეჰქონდა ეკლესიაში სხვადასხვა დროს ადამიანურ უძლურებას, შეზღუდულობასა და ცოდვილობას. უახლესი პროგრესის შვილი – მოკლებული ჯანსაღ აზრს, დაინახავს რა კაცთა სისუსტის გამო ეკლესიაში დამკვიდრებულ ნაკლს, უმალ ერყევა რწმენა ეკლესიის მიმართ, იწყებს მის განკითხვას, განეშორება მას. ერთნაირად საზიანოა განხეთქილებაში მყოფთა და თანამედროვე თაობის დაბრკოლება; რამდენადაც საჭიროა განხეთქილების მონაწილეთა უძლურების მიმართ შემწყნარებლობა, იმდენადვე აუცილებელია უახლესი პროგრესის აღზრდილთა უძლურების შეწყნარებაც. დაუბრკოლებელ იყვენით, – უთხრა წმინდა პავლე მოციქულმა იუდეველებსა და ელინებს (1 კორ. 10, 32).



ჩვენს დროში ფერწერის ხელოვნებამ სრულყოფის მაღალ ხარისხს მიაღწია. ღვთის ტაძრის საკადრისი და ქრისტიანთა აღზრდისთვის სათანადო ხატების დაწერის მსურველ ოსტატს დღეს იმდენი შესაძლებლობა აქვს, როგორც არასდროს. მაგრამ იგი უეჭველად უნდა მისდევდეს ღვთისმოსავ ცხოვრებას, რათა საკუთარი გამოცდილებით შეძლოს სულიერ მდგომარეობათა წვდომა; უნდა იცნობდეს გამორჩეულად ღვთისმსახურ მონაზვნებს, რათა მათ სახეებზე ამოიკითხოს ღრმა სიმშვიდე, დაინახოს ციური, ჩუმი სიხარულის კვალი, ყრმათა უბრალოება, რასაც მათ გამომეტყველებაზე აღბეჭდავს ლოცვა და სხვა ღვთისმსახურება. დაე, დააკვირდეს მათ ბუნებრივ მოძრაობებს, დაინახოს, რომ მათში საერთოდ არ არსებობს რაიმე შეთხზული და გამოგონილი. ხატი სწორად უნდა დაიწეროს – წმინდანები გამოსახულნი უნდა იყონ უბრალონი, მშვიდნი, გახარებულნი, თავმდაბალნი – ისეთები, როგორებიც სინამდვილეში იყვნენ; სამოსიც ისეთი უნდა ეცვათ, როგორსაც ატარებდნენ, მათ დგომასა და მოძრაობაში უნდა გამოსჭვიოდეს მოკრძალება და მოწიწება, სიდინჯე და ღვთისმოშიშება. წმინდანს არ უნდა ჰქონდეს მოხდენილი პოზა, აღფრთოვანების გამომხატველი მოძრაობა, რომანტიკული, სენტიმენტალური გამომეტყველება, გაღებული პირი, ზეაწეული თავი ან ზეცას მიშტერებული თვალები, რასაც მიმართავენ ხოლმე ლოცვითი შეგრძნების გამოსახატავად – სწორედ ამას კრძალავენ წმინდა მამები ლოცვისას. წმინდა მამანი და დედანი აგრეთვე არ უნდა გამოისახონ თვალებდახრილნი; ასე იქცევა ქალწული რაიმე ცოდვითი შეგრძნების დროს, ხოლო უბიწო პიროვნება პირდაპირ იმზირება.



ბევრი თანდათან ხვდება იმასაც, რომ იტალიური სიმღერა არ შეეფერება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ის დასავლეთიდან მოგვაწყდა და განსაკუთრებით გამოიყენებოდა რამდენიმე ათეული წლის წინ. განიცადეს მუხლი შეცვალა ოპერის მსგავსმა კონცერტმა. გართობასა და მხიარულებას შეჩვეული ერისკაცის ყურს ისე არ სჭრის ეს შეუსაბამობა, როგორც ღვთისმოსავი, სერიოზული ცხოვრებით მცხოვრები იმ ადამიანის სმენას, რომელიც ბევრს მსჯელობს საკუთარ გადარჩენასა და ამ გადარჩენის საშუალებაზე – ქრისტიანობაზე; მას სურს, შვილებსა და შვილიშვილებს შეუნარჩუნის მთელი მისი სიწმინდე და ძალმოსილება, როგორც უმნიშვნელოვანესი საუნჯე, ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა.



უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთში ხალხი მასობრივად მისდევს ძალზე სერიოზულ ცხოვრებას – გარემოებათა გამო იგი იძულებულია, ასე მოიქცეს. თანამედროვე პროგრესისთვის ნიშანდობლივი გართობანი და მხიარულებანი ძალზე მცირეთათვის არის ხელმისაწვდომი, რადგან საამისოდ მატერიალური სახსრებია საჭირო. ამქვეყნად გალაღებულებმა საკუთარი თავის მიხედვით არ უნდა განიკითხონ სხვები, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ. იმისთვის, რომ ერთმა იმხიარულოს, ხშირად ათასობით ადამიანმა მძიმედ უნდა იშრომოს, მწარე ცრემლი და სისხლიანი ოფლი დაღვაროს. როგორ იქნება ამ ათასობით კაცისა და გალაღებულ ერთეულთა ფიქრები და გრძნობები ერთნაირი?!



როგორც სახარება გვასწავლის, ტანჯვა და გლოვა დაცემული ადამიანის ხვედრია ამქვეყნად; და ეს წარწყმედილი და დაცემული კაცი მიდის ღვთის ეკლესიაში უფლის წინაშე თავისი მწუხარების გადასაშლელად და სავალალო მდგომარეობის გასამხელად. ეკლესიაში საკითხავი და საგალობელი ლოცვების დიდი ნაწილი არის ვედრება წარწყმედილის შეწყალებისა; ისინი აზუსტებენ, თუ რას ნიშნავს კაცობრიობის დაღუპვა და ცხადყოფენ მის მრავალგვარ გზასა და ნიშანს; აღიარებენ კაცთა მოდგმის (ზოგადად) და პიროვნების (კერძოდ) დაცემას. დროდადრო ამ საკითხავებსა და საგალობლებს ენაცვლება ღვთის დიდებისმეტყველება, სიხარულით აღსავსე ქება მაცხოვრის ქმედებისა და მის მიერ ჩვენი გამოსყიდვისა. ამ ხოტბასა და ქებას წარმოთქვამენ დილეგში დამწყვდეული ტუსაღები, რომელთაც განთავისუფლების იმედი აქვთ, მაგრამ ჯერ არ განთავისუფლებულან. გადარჩენის სასოებით გამოწვეულ სიხარულს ჩვენში აუცილებლად ერთვის ცოდვით ტყვედქმნის სამწუხარო შეგრძნება.



წმინდა მამები ფრიად სამართლიანად უწოდებენ ჩვენს სულიერ შეგრძნებებს "მწუხარებანარევ სიხარულს" და ამ გრძნობას სრულად გამოხატავს უნისონური გალობა, რომელიც ჯერ კიდევ შემოინახა ზოგიერთ მონასტერში და გამოიყენება "ერთმორწმუნე ეკლესიებში". უნისონური გალობა ძველ ხატს ჰგავს. მისი მოსმენისას გულს ისეთივე განწყობა ეუფლება, როგორიც რომელიმე წმინდა მამის მიერ დაწერილი ძველი ხატის მზერის დროს. ღრმა ღვთისმოსაობის გრძნობა, რითაც ეს გალობა არის გამსჭვალული, სულში კრძალვასა და ლმობიერებას აღძრავს. ხელოვნების ნაკლებობა აშკარაა, მაგრამ მისი სულიერი ღირსების წინაშე ეს ნაკლი ქრება. უნისონური გალობა მისი მოსმენისთანავე ჰარმონიულად ერწყმოდა იმ ქრისტიანის სულიერ მდგომარეობას, რომელიც ტანჯვით ცხოვრობდა და მუდამ ებრძოდა სხვადასხვა ყოფით სირთულეებს. ასეთ ჰარმონიას იგი უკვე ვეღარ პოულობს მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელ გალობაში. სასახლის კარის გალობა (აქ განსაკუთრებით მივუთითებთ ლიტურგიაზე; თუმცა "უფალო შეგვიწყალენ", რაც ლიტურგიაზე იგალობება, უკვე ყველა საეკლესიო მსახურებისას გაისმის), რაც დღეს საყოველთაოდ სრულდება მართლმადიდებლურ ეკლესიებში, უჩვეულოდ ცივია, უსიცოცხლო, ქარაფშუტული და ნაჩქარევი!



უახლეს კომპოზიტორთა ნაწარმოებები გამოხატავს მათსავე სულიერ განწყობას – იგი არის დასავლური, მიწიერი, მშვინვიერი, ვნებიანი ან უგრძნობი, მისთვის უცხოა სულიერი განცდები.



ზოგიერთებმა, შენიშნეს რა, რომ გალობის დასავლური მანერა საერთოდ არ მიესადაგება მართლმადიდებელი ეკლესიის სულს, სამართლიანად აღიარეს ბორიატინსკის ნაწარმოებთა ტკბობისმოყვარე, რომანტიკული ხასიათი და მოისურვეს ამ საქმეში დახმარების გაწევა. მათ შემოგვთავაზეს „ზნამენნი“ (ძველი რუსული უნისონური – რედ. შენ.) გალობა ოთხ ხმაში, კონტრაპუნქტის ყველა წესის დაცვით.



დააკმაყოფილა კი მათმა შრომამ ეკლესიის, მისი სულის მოთხოვნები? ვალდებულნი ვართ, უარყოფითად ვუპასუხით... უნისონური გალობა ხელშეუხებელი უნდა დარჩეს – გადაკეთება მას უეჭველად დაამახინჯებს. ასეთი დასკვნის აუცილებლობა ძირითადი მიზეზიდან გამომდინარეობს – მას ამართლებს თავად გამოცდილება. სააღდგომო კანონი სწორად გადაკეთდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან დაკარგა თავისი სადღესასწაულო სიხარულის ხასიათი და მიიღო ნაღვლიანი ხასიათი. ეს უკვე არის მიცვალებულის დატირება და არა ქრისტეთი აღდგომილი მთელი კაცთა მოდგმის აღფრთოვანება. „ზნამენნი“ გალობისა და სხვა საეკლესიო საგალობელთა ყველა სახეცვლილებაში ნაკლებად საგრძნობად, მაგრამ მაინც შეინიშნება მისი ხასიათის შეცვლა. ზოგიერთ მათგანში დამმუშავებლებმა შეიტანეს რაღაც საკუთარი და სრულად გაანადგურეს მისი საეკლესიო ხასიათი. ზოგიერთ მათგანში გაისმის საომარი მუსიკა... რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ მის გადამუშავებას ხელმძღვანელობდა სამხედრო პირი – სულით ხორცამდე ერისკაცი, ვისი გემოვნებაც ანტიეკლესიურ მუსიკაზე ჩამოყალიბდა. მან უნებლიედ საკუთარი ელემენტი ჩართო წმინდად საეკლესიო „ზნამენნი“ გალობაში.



„ზნამენნი“ გალობა ხელშეუხებელი უნდა დარჩეს: მუსიკათმცოდნეთა მიერ მისმა წარუმატებელმა გადაკეთებამ ეს ჭეშმარიტება დაადასტურა – ყოველგვარი გადასხვაფერება ცვლის მის ხასიათს.



არ უნდა დაიფაროს ძველი ხატი ახალი საღებავებით, როდესაც მისი ნახატი ხელუხლებელი რჩება. ეს ამ ხატს დაამახინჯებს. ვერცერთი კეთილგონიერი ადამიანი, ბრწყინვალედ მცოდნე უცხო ენებისა, ვერ გაბედავს მათემატიკური წიგნის გადათარგმნას, თუ ეს საგანი არ იცის. რატომ არ უნდა მოიქცნენ ასევე კეთილგონივრულად ის მუსკათმცოდნენი, რომელთათვისაც უცხოა მადლმოსილი სული ეკლესიისა, რომელსაც უფალი უბოძებს ღრმა კეთილმსახური ცხოვრებისათვის.



ასე მსჯელობს არა რომელიმე პიროვნება, ასე მსჯელობს მართლმადიდებელი ეკლესია. სულიწმიდამ გვაუწყა, რომ გალობა უფლისა ვერ იგალობება ქუეყანასა უცხოსა (იხ. ფს. 136, 4). ეს გალობა ვერ ხელეწიფება არა მხოლოდ ამ საწუთროს ძეს, არამედ იმ ღრმად ღვთისმოსავ ქრისტიანსაც, ვინც ჯერაც ვერ გაითავისუფლა გული ვნებათა მონობისაგან; ვისი გულიც – ცოდვის მიერ დამონებული – ჯერ კიდევ არ ეკუთვნის მას. ეს არ ძალუძს ქრისტიანულ სამოღვაწეო ასპარეზზე მყოფსაც, ვინც მთელი დღეების განმავლობაში ჭვრეტს საკუთარ ცოდვას და გლოვობს ამისთვის, მაგრამ მასში შინაგანად ჯერ არ გაისმის სულიერ სამკვიდრებელში მოზეიმე მართალთა ხმა სიხარულისა.



ვის ძალუძს, იგალობოს გალობა უფლისა? ვის სულში გაჩნდება იგი სანუგეშოდ და დასატკბობად თავად იმ სულისა და მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისა?



თარგმნილია მცირედი შემოკლებით

***



[1] პაპიზმმა კაცობრიობისათვის გამოიგონა წამებისა და დასჯის უსაშინლესი ფორმები. უთვალავი ადამიანი დაიღუპა დახუთულ ჯურღმულებში, დაიწვა კოცონზე, ეწამა სხვადასხვაგარად და ამ საზარელ, სიკვდილით მსუნთქავ, სისხლმოწყურებულ ურჯულოებას, რომელიც გაშმაგებით ესწრაფის მთელი მსოფლიოს ჩათრევას თავის ერესში, უწოდებენ ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი (მთ. 7, 16) – თქვა მაცხოვარმა მათ მასწავლებლებსა და მათ სწავლებებზე. პაპიზმი თავისი ნაყოფით ძალზე უახლოვდება მაჰმადიანობას – ორივე ერესი სარწმუნოების სამსახურად და უმაღლეს სათნოებად მიიჩნევს სხვა აღმსარებლობის ადამიანთა მიმართ ჩადენილ ყველა ბოროტებასა და მკვლელობას.



[2] ღირსი მარკოზ მონაზვნის სიტყვა. შემდგომ წმინდა მამა განმარტავს, რომ არსებობს სამი სახე ღვთისმსახურებისა: პირველი – ცოდვის არჩადენა, მეორე – შეცოდებით მოწეული გაჭირვების დათმენა, მესამე – ტირილი მოუთმენლობის გამო, როცა დიდსულოვნად ვერ ვუძლებთ ჩვენზე დაშვებულ გაჭირვებებს.


martlmadidebloba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий