среда, 3 июля 2013 г.

ქრისტიანობა და ეროვნული იდეა V-XII საუკუნეებში.

ქრისტიანობა და ეროვნული იდეა საქართველოს ისტორიის უმეტეს მანძილზე ორი სასიცოცხლოდ ურთიერთგადაჯაჭვული და განუსხვისებელი რამ არის. ქართველობა იმავდროულად ნიშნავდა ქრისტეს სჯულის აღმსარებლობას, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე უარის თქმა კი ეროვნების დაკარგვას. ის ფაქტი, რომ ქართველი ერის ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ბურჯი რელიგიას ეპყრო, უდავოა. ქრისტიანობა არსებითად პოლიტიკურ ორიენტაციასაც განსაზღვრავდა და V-XII საუკუნეების პოლიტიკური იდეოლოგია სხვა არაფერი იყო თუ არა რელიგიური იდეოლოგია. ამ კონცეფციის დასასაბუთებლად გვმართებს ჰაგიოგრაფიული თხზულებების მოხმობა და მათ ავტორთა დაუდგრომელი ღვაწლის აღნიშვნა ერის ფიზიკური გადარჩენის საქმეში. სამი თხზულება, რომელზეც გვაქვს სწორება, ესენია - იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება” (Vს.), უცნობი ავტორის “ევსტათი მცხეთელის წამება (VIს.) და იოვანე საბანისძის “აბო ტფილელის წამება”.

ერთი იდეა, რომელიც სამივე თხზულებას აერთიანებს ესაა წამებულთა არაქართველობა, შუშანიკიც, აბოც და ევსტათი მცხეთელიც წარმოშობით იყვნენ სომეხი, არაბი და სპარსი. ნაწარმოებთა ავტორების იდეალი შემდეგნაირია – “თუკი, ისინი, სხვა ტომის, სხვა რჯულის ადამიანები ეწამნენ ქრიტესთვის, მაშინ ეროვნებით ქართველებს, განა მეტი თავდადება და ერთგულება არ უნდა გამოეჩინათ სარწმუნოების დაცვის საქმეში? “ქრისტიანობის შენაჩუნების მნიშვნელობა აუცილებლად უნდა გავიაზროთ ეპოქალური ვითარების შესაბამისად.

ეპოქალური ვითარების გაგებისათვის კი საუკეთესო მაგალითია გადმოცემული საბანისძის თხზულებაში. VIIIსაუკუნე -სარკინოზთა თარეშის დროა, რომელიც განადგურებით ემუქრება ქრისტიანულ სამყაროს. ქართველები “უცხო ერსა შინა აღრეულნი” არიან და ირყევიან სარწმუნოებისაგან „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. მტერი ათასგვარი ხერხებით ცდილობს ერის გადრეკას, სარწმუნოებრივი გადრეკა ხომ პირდაპირ მოასწავებდა ისტორიიდან გაქრობას. ამ დროს კი ტომით სარკინოზი არაბი ახალგაზრდა გვევლინება ქრისტიანული რელიგიის მცველად და არამხოლოდ…

ნაწარმოებში აგრეთვე ხაზგასმულია ისიც, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებდა თავად წამებული ქრისტიანობას. იგი მაჰმადიანობას “ხელოვნებით შეთხზულს” უწოდებს, ჭეშმარიტ სარწმუნოებად კი ქრისტიანობას მიიჩნევს, რაც კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ქრისტეს რელიგია არ არის გარედან თავსმოხვეული, იგი არ ვრცელდება ძალადობრივი მეთოდებით, მას ადამიანი ბუნებრივი გზით მიჰყავს საკუთარი არსის შეცნობამდე.

ამდენად, ორი უმძლავრესი ბერკეტი, რომელსაც საბანისძე იყენებს, ესაა – წამებულის არაქართველობა და ქრისტიანობის, როგორც ღირებულების მნიშვნელობა. იოანე საბანისძის მოწადინება განამტკიცოს ერის რწმენა თავისთავად იდეოლოგიურ-პატრიოტული ხასიათისაა და ის პირდაპირ უკავშირდება ეროვნულობის იდეას. “ყურესა ამას ქვეყნისასა” მდებარე საქართველო და ქრისტიანული სამყაროსაგან მოწყვეტილი ქვეყანა უნდა გადაერჩინა ეროვნულ-სარწმუნოებრივ თვითშეგნებას, მეტად მძლავრი იარაღი ერს არ გააჩნდა. ავტორი სამ უმთავრეს არგუმენტს აფუძნებს თავის თვალსა

ზრისს:

●ქართველები უძველესი ქრისტიანული ერია.
●ქართველთა სარწმუნოება არ ჩამოუვარდება ბერძნულს.
●ქართლი წმიდანთა სამშობლოა.

ამდენად, ერს სიამაყის საგანი გააჩნდა და ჰქონდა მოწამეობრივი მაგალითები. ზოგადად, ისტორიულ კონტექსტში ეროვნულობის შენარჩუნება ამგვარი გმირობების არსებობით დიდად იყო განპირობებული და ის ხმალსავით თუ არა, არც ნაკლებ მოქმედებდა. ერს ყოველთვის სჭირდება ამგვარი მაგალითები!..

რაც შეეხება, მომდევნო პერიოდს, IX-X საუკუნეების თხზულებებიც არის მნიშვნელოვანი, მათ შორისაა “ცხოვრება და წამება წმიდისა მოწამისა კონსტატისი ქართველისაჲ, რომელ იწამა ბაბილოვნელთა მეფის ჯაფარის მიერ”.
აგრეთვე, სტეფანე მტბევარის “გობრონის მარტვილობა”.


მომდევნო ეპოქაში საეკლესიო მოღვაწეებისადმი ინტერესი უფრო იზრდება და ქართულ ეკლესიასაც აშკარად გამოკვეთიილი ეროვნული ხასიათი აქვს. Xს.-ში სინას მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები ლოცულობდნენ “ყოველთა ქართველთათვის” და “ქრისტიანობის დამტკიცებისათვის”. საინტერესოა, ურთიერთობის საკითხი საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის. დასავლურ სამყაროში ფეხს იკიდებდა პაპების ძალაუფლება, საქართველოშიც საკმაოდ ძლიერი იყო სასულიერო ხელისუფლება. ქვეყნის გაერთიანებას წინ უსწრებდა ერთიანი სასულიერო ხელისუფლების შექმნა მცხეთის ტახტის სახით. ეპოქის დახასიათებისას ამოსავალ წერტილად შეგვიძლია ავიღოთ გიორგი მერჩულის “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, სადაც აშკარად გამოკვეთილად ჩანს სასულიერო ხელისუფლების გავლენა და სიძლიერე, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოში. ავტორიც უფრო მეტად სასულიერო ძალაუფლებისკენ იხრება.

კონცეფციის ძირითადი არსი შემდეგია, რომ საერო ხელისუფლება ღმერთისგან მოდის, მეფეს, შესაბამისად, პატივს უნდა სცემდნენ მსგავსად ღმრთისა (“სად არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაი ღმრთეებისაჲ”), მაგრამ ამას თან ახლავს მეორე მომენტიც - ამქვეყნიური ხელმწიფე არის მხოლოდ მიწიერი მეფე, ქრისტე კი ორსავე სამეფოს განაგებს და ამდენად, როგორც იგი არის აღმატებული ამქვეყნიურ ხელმწიფებაზე, ისევეა სასულიერო საეროზე. განსჯისათვის საკმარისია განვიხილოთ საბა იშხნელის შემთხვევა, რომელიც ამ თხზულებაშია გადმოცემული. მან უარი განაცხადა ბაგრატ კურაპალატთან მოწვევით სტუმრობაზე და დათანხმდა მხოლოდ გრიგოლის, ეკლესიის წარმომადგენლის შუამდგომლობას. ამ ნაბიჯით მან ნათელყო მეფის წარმავალობისა და ქრისტეს საუკუნო ხელმწიფების იდეა.

საინტერესოა, რატომ მოჰყავს აქ ავტორს ეს კონკრეტული შემთხვევა. შეგვიძლია, კი, ვიფიქროთ, რომ მას სურდა სასულიერო ძალაუფლება მეტოქედ დაესახა საეროს საპირისპიროდ და მისთვის უფლებები ჩამოერთმია? არა, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით ხდება მხოლოდ ეკლესიის მნიშვნელობის ხაზგასმა, ერთს კი არ უნდა დაემორჩილებინა მეორე, არამედ ურთიერთთანხმობის პრინციპით ორივეს ეზრუნა ერის კეთილდღეობაზე. მეფის იდეალი უკავშირდება ღვთისმოსაობას. მეფე უნდა ყოფილიყო მამაცი, ვაჟკაცი და ამასთანავე, ეკლესიის დამცველი და დამხმარე. ქართული ეკლესია მეფობის ინსტიტუტს, რა თქმ

ა უნდა, არ უარყოფს, მაგრამ მისთვის მიუღებელია მეფე, რომელიც ეკლესიას არ ემსახურება. ამდენად, ურთიერთობა ორ ძალაუფლებას შორის უნდა ყოფილიყო არა მტრული ან ძალადობრივი მორჩილების სურვილზე დამყარებული, არამედ შინაგანად, ცნობიერად ერთმანეთის პატივისცემასა და ქვეყნის სიკეთისთვის ზრუნვაზე დაფუძნებული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არასოდეს გამოუცდია ის მანკიერება, რაც დასავლურ კათოლიკურ სამყაროს ახასიათებდა საერო და სასულიერო ხელისუფლების ბრძოლის თვალსაზრისით. ბალანსის დაცვა მეტნაკლებად ხერხდებოდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო ისეთი პერიოდიც, როცა საერო მეტ პრეტენზიას აცხადებდა და ამის დასამტკიცებლად მოვიხმობ დავით აღმაშენებელს ,მის მიერ 1103 წელს რუის-ურბნისის კრების მოწვევის მაგალითს, რაც უკვე იყო შიდასაეკლესიო-იერარქიულ საკითხებში მეფის ჩარევა. დავითის აზრით, საერო ხელისუფლება ვინაიდან ღვთიურია, მისი პრეროგატივაა სწორედ რომ სასულიერო საქმეებიც განაგოს. აქაც, მსგავსად წინა პერიოდისა, მეფის ხატში განსხეულებულია ორი სახის თვისებები - ერთი, რაც უკავშირდება საერო მოღვაწეობას და მეორე სულიერს. მიუხედავად დავითის ამგვარი პოზიციისა, ვერ ვიტყვით, რომ ისტორიამ მისი საქციელი გაამტყუნა. იმ ეპოქაში მისი ქმედებების მართებულობას ისტორიკოსიც ამართლებს. მართალია, ძნელია მეფის აბსოლუტიზმის გამართლება ერთი ტენდენციის მატარებელი წყაროდან, მაგრამ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ამგვარმა მიდგომამ სწორი შედეგი მოიტანა.

უკვე თამარის ეპოქაში ქრისტიანობა და ეროვნული იდეა გადაენასკვა მესიანისტურ პატრიოტიზმს. ქრისტიანული მრწამსით, მესია არის კაცობრიობის მხსნელი, როგორც მესიას, ასევე ჩვენ ქვეყანასაც უნდა აღესრულებინა თავისი წმიდა მისია და გამოსულიყო არამარტო ქართველების, არამედ მთელი ქრისტიანული ქვეყნების წინამძღოლად. საქართველო ილაშქრებდა სრულიად მუსლიმური რკალის წინააღმდეგ და იმტკიცებდა საგარეო მდგომარეობასა და პრესტიჟს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ XIIს-ში მთელი კავკასია დაირაზმა დავითისა და თამარის საქართველოს გარშემო.

და ბოლოს, როცა ჩვენ, საუკუნეების შემდეგ ვაფასებთ ისტორიულ ვითარებას, გვიჩნდება კითხვა – “რომ არა რელიგიური იდეოლოგიის გადამრჩენელ იარაღად გამოყენება, ვიარსებებდით,როგორც ერი? “რა თქმა უნდა, შესაძლოა ვყოფილიყავით კიდეც, მაგრამ არჩევანი დგას ორი ტიპის ქართველს შორის - ქართველი, როგორც ქართველი, მთელი თავისი ეროვნულ-სარწმუნოებრივი თვითშეგნებით და ქართველი, როგორც ისტორიულ პერიოდში მოარსებე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. მტრის გამარჯვების შემთვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეთნოსიც აღარ არსებულიყო. იგივე დაგვემართებოდა, რაც დაემართათ ალბანელებს. ალბანეთი, ოდესღაც საქართველოს მოსაზღვრე ქრისტიანული სახელმწიფო დღეს აღარ არსებობს, მათი შთამომავლები აზერბაიჯანელები არიან, რწმენით მაჰმადიანნი. ამდენად,ქრისტიანობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ დღეს აღმოსავლური სამყაროს საზღვარი დასავლურ სამყაროსთან საქართველოს სამხრეთით კვეთს და არა უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთით ან უფრო შორეული პერსპექტივით.

სოფიკო შუბითიძე


http://www.georoyal.ge/?m=1000&id=1403

Комментариев нет:

Отправить комментарий