воскресенье, 14 июля 2013 г.

სიბრძნე სოლომონისა VII-VIII-IX.

ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა


თავი მეშვიდე

1. მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი,

2. სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისაგან;

3. ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა;

4. რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული;

5. არც მეფეთაგან ჰქონია ვისმე არსებობის სხვაგვარი დასაბამი.

6. რადგან ერთია ყველასთვის ცხოვრებაში შემოსვლა, და ყველასათვის მსგავსია გასვლაც.

7. ამიტომ შევევედრე და მომცა მე გონება, მოვუხმე და გადმოვიდა ჩემზე სიბრძნის სული.

8. კვერთხსა და ტახტს ვამჯობინე იგი და სიმდიდრეც არად ჩავაგდე მასთან შედარებით.

9. მას ვერც პატიოსანი თვალი შევადარე, რადგან ყოველი ოქრო მის თვალში ქვიშის ნამცეცია; ვერცხლი კი ტალახად შეირაცხება მის წინაშე.

10. ჯანის სიმრთელეზე და სილამაზეზე მეტად შევიყვარე და შუქსაც ვამჯობინე, რადგან ჩაუქრობელია მისი ნათელი.

11. ყოველი სიკეთე მასთან ერთად მოვიდა ჩემთან და მის ხელშია ყოველი სიმდიდრე.

12. ეს ყველაფერი მახარებდა, რადგან მათ სიბრძნე მოუძღოდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო მათი მშობელი.

13. უზაკველად ვისწავლე და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს.

14. რადგან ის ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით.

15. მომმადლოს მე ღმერთმა გონივრული განსჯა და ღირსეულად ფიქრი მონიჭებულზე, რადგან იგია წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წარმმართველი.

16. რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში.

17. მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება.

18. დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი,

19. წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება,

20. ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა.

21. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმასწავლა, ყოველთა შემოქმედმა.

22. რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი,

23. დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ, განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი.

24. რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე, თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს.

25. რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და - ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას.

26. იგია საუკუნო ნათელის ანარეკლი, უხინჯი სარკე ღვთის ქმედებისა და ხატი მისი სიკეთისა.

27. ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ.

28. რადგან ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს.

29. რადგან იგი მზის უმშვენესია და ვარსკვლავთა ყველა ხომლზე აღმატებული; ნათლის წინაშეც კი პირველი აღმოჩნდა.

30. რადგან ღამედ შეიცვლება ნათელი, სიბრძნეს კი ვერ ძლევს ბოროტება.




სიბრძნე სოლომონისა

თავი მერვე


1. ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს.

2. ჩემი ყრმობიდანვე მიყვარდა იგი და ვეძიებდი, და მოვიწადინე ჩემს სარძლოდ მომეყვანა, და მისი მშვენების ტრფიალი შევიქენი.

3. თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან ყოფნით და ყოველთა მეუფემაც შეიყვარა იგი.

4. იგი ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისთა საქმეთა თანაზიარი.

5. თუკი სიმდიდრე სასურველი მონაგებია ცხოვრებისა, რა უნდა იყოს სიბრძნეზე უმდიდრესი, რომელიც ყველაფერს ქმნის?

6. თუ გონება ძალმოსილია, არსებულთაგან ვინღაა მასზე უკეთესი ხელოვანი?

7. და თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, მისი შრომა სიქველეა, რადგან კეთილგონიერებასა და ჭკუას, სამართლიანობასა და მხნეობას ასწავლის; ამათზე სასარგებლო კი კაცთათვის ცხოვრებაში არაფერია.

8. თუ ვინმე დიდ გამოცდილებას ესწრაფის, იცის მომხდარიც და ჭვრეტს მოსავალსაც, მან უწყის სიტყვათა საქცევნი და იგავთა ახსნანი, ნიშებსა და სასწაულებს წინასწარ იტყობს, ჟამთა და დროთა შედეგებსაც.

9. ამიტომაც განვსაჯე, მომეყვანა იგი ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ვიცოდი, მეყოლებოდა კეთილ მრჩევლად და ნუგეშად ზრუნვასა და მწუხარებაში.

10. მისით მექნებოდა დიდება ხალხში და ჭაბუკს - პატივი უხუცესთა წინაშე.

11. სამსჯავროში გამჭრიახი აღმოვჩნდებოდი და ძლიერთა თვალში გასაკვირველი.

12. დავდუმდებოდი და დამელოდებოდნენ, ამეტყველებულს კი მომისმენდნენ; და თუ საუბარს გავაგრძელებდი, ხელი პირზე ექნებოდათ მიდებული;

13. მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას;

14. ხალხთა განმგებელი შევიქნებოდი და ერები დამემორჩილებოდნენ;

15. დაფრთხებოდნენ ჩემს გაგონებაზე სასტიკი ტირანები; ხალხში კეთილი გამოვჩნდებოდი, ომში კი - მამაცი.

16. შინ შესული მისით დავისვენებდი, რადგან მასთან ზიარებას არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა მასთან ცხოვრებას, არამედ შვება და სიხარული.

17. ამას ვიზრახავდი ჩემთვის და, როცა მივხვდი ჩემს გულში, რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა,

18. მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი - მოუკლებელი სიმდიდრე, მასთან საუბარი გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება - სახელის მოხვეჭა; დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი.

19. ნიჭმომადლებული ყმაწვილი ვიყავი და წილად მხვდა კეთილი სულიც;

20. უფრო კი, სიკეთის გამო იყო, უბიწო სხეულში რომ შევედი.

21. მივხვდი, თუ ღმერთი არ მომცემდა, სხვა გზით მას ვერ მოვიხვეჭდი, - და რომ უკვე სიბრძნე იყო იმის შეგნება, თუ ვისგან იყო ეს ნიჭი, - მივმართე უფალს. შევევედრე და მთელი ჩემი გულით ვუთხარი:



სიბრძნე სოლომონისა

თავი მეცხრე


1. ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით,

2. გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე,

3. რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს!

4. მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან.

5. რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი;

6. რადგან ადამიანის ძეთა შორის თვით სრულქმნილიც კი არარად ითვლება, თუ შორსაა შენი სიბრძნისგან.

7. შენ გამომარჩიე მე მეფედ შენი ერისა და მსაჯულად ძეთა და ასულთა შენთა;

8. მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე.

9. შენთან არის სიბრძნე, რომელმაც უწყის შენი საქმეები, რომელიც თან გახლდა, როცა სამყაროს ქმნიდი, რომელმაც უწყის, რა არის სათნო შენს თვალში და რა არის სწორი შენს მცნებათა მიხედვით.

10. მოავლინე იგი წმიდა ზეცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შემეწიოს ჩემს შრომაში, რათა შევიცნო, თუ რა არის შენი მოსაწონი.

11. რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით.

12. ჩემი საქმეები შეწყნარებული იქნება, განვსჯი სამართლიანად შენს ერს და გავხდები ჩემი მამის ტახტის ღირსი.

13. რადგან კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან უფლის ნებას ვინ მიხვდება?

14. რადგან უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ჩვენი ზრახვები მერყევია.

15. რადგან განხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას.

16. ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია?

17. განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?

18. ასე წარიმართნენ მიწიერთა გზები, ადამიანები მიხვდნენ შენს მოსაწონს და სიბრძნით გადარჩნენ.



Комментариев нет:

Отправить комментарий