вторник, 16 июля 2013 г.

სიბრძნე სოლომონისა.XIII_XIV.

ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა


თავი მეცამეტე

1. ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი;

2. არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად.

3. თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა მშვენებისა შექმნა ისინი.

4. ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი.

5. რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა;

6. მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი.

7. რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია.

8. და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა;

9. რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე?

10. მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ: ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს.

11. მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს.

12. სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება;

13. ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს,

14. ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს დაფარავს,

15. მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს.

16. ამგვარად, წინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს, რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და შემწეს საჭიროებს.

17. როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს მიმართავს,

18. სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს ევედრება, კეთილი მგზავრობისთვის მას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს;

19. მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს.



თავი მეთოთხმეტე


1. კიდევ: სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად ვინმე ძელს მოუხმობს, უფრო მსხვრევადს, ვიდრე მისი მატარებელი ხომალდია.

2. რადგან მხოლოდ მოხვეჭის სურვილმა მოისაზრა და ოსტატის ხელოვნებამ ააშენა ხომალდი.

3. მაგრამ ხომალდს, მამაო, შენი განგება მართავს, რდგან ზღვაში შენ მიეცი მას გზა და ტალღათა შორის საიმედო ბილიკი,

4. აჩვენე, რომ ყოველი ხიფათისგან დახსნა შეგიძლია, თუნდაც ვინმე უმეცარი შევიდეს ზღვაში.

5. გსურს შენი სიბრძნის ნამოქმედარი ფუჭი არ იყოს; ამიტომაც ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი ტალღებისა გადარჩებიან;

6. რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი ბუმბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა, საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი.

7. კურთხეულია ძელი, რომლითაც სამართლიანობა მოხდა.

8. ეს ხელითნაკეთი კი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა.

9. რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად საძულველია,

10. და, რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება.

11. ამიტომაც წარმართთა კერპებსაც მოელით განკითხვა, რადგან იქცნენ ისინი ღვთის ქმნილებათა შორის სისაძაგლედ, ადამიანთა სულების საცდუნებელად და მახედ უგუნურთა ფეხებისთვის.

12. რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება - ცხოვრების გახრწნა;

13. რადგან არც დასაბამიდან იყვნენ და არც საუკუნოდ იქნებიან.

14. ისინი სოფელში კაცთა ცუდმედიდობით შემოვიდნენ და ამიტომაც აღსასრულიც სწრაფი მიესაჯათ.

15. უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო როგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და საღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.

16. შემდგომად ამისა, დროის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება შენახულ იქნა, როგორც რჯული

17. და ხელმწიფეთა ბრძანებებით თაყვანს სცემდნენ ამ ქანდაკებებს. მათი სახეებიც გამოაქანდაკეს, რომელთა თაყვანისცემა მათი შორს ყოფნის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ; საჭვრეტად შექმნეს სათაყვანო მეფის გამოსახულება, რათა შორს მყოფისთვისაც ისევე ემლიქვნელათ, როგორც ახლოს მყოფისთვის.

18. ხელოვანის პატივმოყვარეობა იყო მიზეზი, რომ უცნობებმაც დაიწყეს მისი თაყვანისცემა.

19. მან, ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონი არ დაზოგა, რომ ოსტატობის წყალობით ხატება სილამაზით შეემკო.

20. ხალხმა კი, მისით მოხიბლულმა, სიწმიდედ შერაცხა ეს ქმნილება, რომელსაც ადრე პატივს სცემდა, როგორც ადამიანს.

21. და ეს საცდურად ექცა კაცთა მოდგმას, რადგან უბედურებებით ან მძლავრობით დაბეჩავებულმა ადამიანებმა უცხო სახელები მისცეს ქვებსა და ხეებს.

22. მერე, ღვთის შეცნობაში შეცდომა არ იკმარეს და, დიდ ბრძოლაში უმეცრების გამო ჩათრეულნი, ამგვარ ბოროტებას მშვიდობას უწოდებენ.

23. ან მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ან დაფარულ წესებს ასრულებენ, ან სხვათა ადათებისამებრ თავაშვებულ ღრეობებს მართავენ.

24. არ უფრთხილდებიან არც თავიანთ სიცოცხლესა და არც ქორწინების სიწმიდესა და ვერაგულად ხოცავენ ერთმანეთს, ან კიდევ მრუშობით შეურაცხყოფენ.

25. განურჩევლად ყველა გარეულია სისხლში და მკვლელობაში, ძარცვაში და მზაკვრობაში, გარყვნილებაში და უნდობლობაში, შფოთში და ცრუ ფიცში,

26. სიკეთეთა მოყივნებაში, მადლის დავიწყებაში, სულთა წაბილწვაში, სქესის გაუკუღმართებაში, უწესო ქორწინებაში, სიძვაში და უსირცხვილობაში.

27. რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა;

28. რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ ფიცს;

29. რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან.

30. მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი.

31. რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს.


Комментариев нет:

Отправить комментарий