вторник, 6 августа 2013 г.

1937 წელი...VI

  ყოველივე ამან ღრმად ჩამაფიქრა. აღარაფერი მჯეროდა შინსახკომელების, ყველაფერში ვხედავდი ვერაგობას, ცბიერებას და ტყუილს. ბევრი დრო არ დამჭირვებია იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი: ეს გამოძახება და რაღაც დამამშვიდებელი საუბარი ტყუილია. ალბათ, ამაღამ ბევრი გაჰყავთ დასახვრეტად, ყველას ვერ აუვიდნენ, ამიტომ ნაწილი ხვალისათვის შემოინახეს და დარჩენილები რომ დააწყნარონ, ალბათ, ჩემსავით სათითაოდ იძახებენ და სასიამოვნო ამბავს ამცნობენ, რათა საკანში გავრცელდეს ეს ხმა და ყველამ ნერვები დაიმშვიდოს.

ჩემი აზრი სხვებსაც გავუზიარე. რა თქმა უნდა, არავინ დამეთანხმა. ერთმა პატიმარმა, მეტად ავტორიტეტულმა კაცმა (გვარი აღარ მახოვს), ბოგდანოვკის რაიკომის ყოფილმა მდივანმა, მითხრა:
- მიშა, შენ ჭკვიან კაცად მიგვაჩნიხარ და ასეთი უაზრო ფიქრი გულში როგორ გაივლე, რამ გაფიქრებინა, თითქოს ისინი ახლა ჩვენი ნერვების დაწყნარებაზე ზრუნავენ; პირიქით, ერთ რამეზე ფიქრობენ, როგორ აგვაფორიაქონ და გაგვაგიჟონ და არა იმაზე, რომ ჩვენ არ ავღელდეთ და ნერვები დავიწყნაროთ. სისულელეა მაგაზე ფიქრი, რაც გითხრა გამომძიებელმა, სიმართლეა და ცხადია, ნამდვილად რვა წელიწადი მოგისაჯესო.

3 იანვარს, საღამოს, ბარგიანად გამომიძახეს, ჩამსვეს მანქანაში და სხვა პატიმრებთან ერთად ისევ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს. ოღონდ არა იმ კორპუსში, სადაც ადრე ვიყავი. ჩვეულებრივი პროცედურის, აბანოს, საექიმო შემოწმების, ჩხრეკის და სხვათა შემდეგ შემიყვანეს #4 საკანში. აქ უკვე სულ სხვა სურათი გადამეშალა თვალწინ: რამდენიმე საკანი გაეერთიანებინათ, შიგ 250 კაცი მოეთავსებინათ.

საკანში საწოლები არ იდგა, პატიმრები იატაკზე იწვნენ. იატაკი დახაზული იყო 30 სანტიმეტრი სიგანის ზოლებად. ამ ოცდაათ სანტიმეტრზე უნდა დაგვეკეცა ჩვენი ლოგინი და მოვთავსებულიყავით. საკანში 12 ასეთი მწკრივი იყო. მე ჩემი ლოგინი დავკეცე მიჩენილ ადგილზე და ზედ ჩამოვჯექი, ამავე წესით იჯდა კაცი ჩემ უკან და ზურგით მეყრდნობოდა, ხოლო წინ იჯდა მეორე, რომელსაც მუხლები ჩემს მუხლებზე ჰქონდა მობჯენილი. საღამოს, დაწოლისას, მე და ჩემ წინ მჯდომი ამხანაგი ცოტათი წამოვიწეოდით, ჩვენს ლოგინებს ისევ 30 სანტიმეტრი სიგანით, სიგრძეზე გავშლიდით, ის ჩემს ლოგინზე თავისას დააწყობდა, ფეხებს ერთიმეორეს ზურგის ქვეშ შევუყოფდით და ნახევრად წამოვწვებოდით, უკანა მხრიდან კიდევ მობჯენილი პარტნიორი ცოტათი დაიწეოდა და თავებს ერთმანეთის მხრებზე ვაწყობდით. ამ წესით, როგორც შეიძლებოდა, ისე ვიძინებდით.


ეტაპით ციმბირისკენ


1938 წლის 5 მარტს ეტაპით გაგვამგზავრეს შრომა-გასწორების ბანაკში. რამდენიმე ეპიზოდი ციხის ცხოვრებიდან: დღეში 600 გრამ პურს ვღებულობდით. ეს ნორმა საკმარისია კაცისთვის, თუ სხვა რაიმე შეჭამანდიც ექნება, მაგრამ ე.წ. ბალანდასთან და ცხელ წყალთან ერთად ეს ნორმა ხალხს არ ჰყოფნიდა, მით უმეტეს, რომ დაახლოებით 50-70 გრამს აკლებდნენ ისინი, ვისაც პურის გაცემა ევალებოდა. ამ გახსენებაზე უნდა ითქვას, რომ პატიმართა მთელი სამეურნეო ცხოვრება (პური, სამზარეულო, რეცხვა, ახლობელთა ამანათები და სხვა) სულ სისხლის სამართლის დამნაშავეთა ხელში იყო. ეს ე.წ. ყოფითი პატიმრები ("ბიტოვიკები") ქურდები, მკვლელები, გამფლანგველები და სხვა ათასი ჯურის პარაზიტული ელემენტები რანგით ჩვენზე მაღლა იდგნენ. ჩვენ "კონტრებს" გვიწოდებდნენ და ურიადნიკივით გვიყვიროდნენ. ამათ მოჰქონდათ ჩვენივე ულუფიდან მოპარული 600-გრამიანი დამატებითი "პაიოკები" და ჩვენზედვე მანეთ-ნახევრად ჰყიდდნენ, ეს ფასი, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი იყო და უმრავლესობა ვერ ყიდულობდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ მანეთ-ნახევრიდან ორმოცდაათ კაპიკს თითოეულ "პაიოკზე" იღებდა ჩვენივე საკნის სტაროსტა, ჩვენივე ამხანაგი, რეპრესირებული, ვინმე ადამაშვილი, ყოფილი რკინიგზის პოლიტსამმართველოს ინსტრუქტორი. ის შეკრული იყო პურის გამნაწილებლებთან. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, აღშფოთებას იწვევდა ყველა პატიოსან ადამიანში. ერთხელ, ღამის ორი საათი იქნებოდა, ერთ-ერთ პატიმარს გამოეღვიძა, წამოჯდა და დაიწყო თავისთვის ხმამაღლა ლაპარაკი:

- აბა რასა ჰგავს ეს, ასე როგორ უნდა გაჰყიდოს კაცმა სინდისი, რომ თავისივე პატიმარი ამხანაგისაგან ფულის გამოძალვას ეწეოდეს. მშიერი ვარ, არ მეძინება, მანეთი რომ ღირდეს "პაიოკი", შეიძლება მეყიდა. ის არ გვეყოფა, რომ ეს პური ჩვენსავე ნორმიდან არის მოპარული და ჩვენზედვე ჰყიდიან? ჯანდაბას, ისინი ვიღაც გარეწრები არიან, მაგრამ ეს ადამაშვილი ვინღაა, რომ 50 კაპიკს თვითონ იღებს, რატომ და რაშიო? ასეთი სტაროსტა რატომ უნდა გვყავდეს, მისი არჩევა ხომ ჩვენი ნებაა, რატომ პატიოსან კაცს არ ვირჩევთ, რომ ეს სინდისგარეცხილი კაცი არ გვაჯდეს თავზეო?
ამ ლაპარაკმა ყველა გამოაფხიზლა, ყველა ალაპარაკდა, აყაყანდა და მთელმა საკანმა გაიღვიძა. ატყდა ერთი აურზაური, ყვირილი:

"არ გვინდა ადამაშვილი!"
"ახლავე გადავირჩიოთ!"
"წესიერი კაცი ნუთუ არა გვყავს?"
"აქ ისეთი ხალხი ზის, რომლებიც დიდ საქმეებს განაგებდნენ და ნუთუ სტაროსტობას ვერ შეძლებენ" - და სხვა.

გამოჩნდა ერთი ჭკვიანი კაცი, რომელმაც მოუწოდა ხალხს:
- ახლა დაწყნარდით, ღამით ასეთი აურზაური არ შეიძლება, ადმინისტრაცია გაიგებს და ჩვენვე გაგვამტყუნებს, დავიძინოთ და ხვალ გავარჩიოთ ეს საქმეო, პრეტენზიები სამართლიანია, მაგრამ ეს ხვალ იყოსო.
მეორე დღეს, როგორც კი ჩაი მოიტანეს, წამოდგა ისევ ის კაცი და დააყენა საკითხი სტაროსტის გამოცვლის შესახებ. ერთხმად დაუყოვნებლივ გადააყენეს ადამაშვილი და მის მაგივრად აირჩიეს ჩვენ შორის პოპულარული პიროვნება, ყველასათვის პატივცემული კაცი, წინანდლის საბჭოთა მეურნეობის ყოფილი დირექტორი (ადრე - ქუთაისის რაიკომის მდივანი) მიშა პირველი. მიშა მაშინვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. პირველი მისი საქმიანობა იყო იმ დღის სადილის მიღება. სადილის მიღების წესი ასეთი იყო: საკანში 250 კაცი დაყოფილი იყო ათ ბრიგადად, თითო ბრიგადაში 25 კაცი შედიოდა. ამ ოცდახუთ კაცზე მოდიოდა ერთი "ტერმოსი" (ქვაბი) სუპი - "ბალანდა". ესე იგი საკანზე მოდიოდა ათი ქვაბი, თითოში 25 ულუფით. ასე იყო დაწესებული და ყოველთვის ასე ვღებულობდით, მაგრამ რატომღაც სწორედ იმ დღეს მოიტანეს არა ათი, როგორც წესი იყო, არამედ ცხრა ქვაბი.
- ცხრა ქვაბი ათ ბრიგადაზე როგორ გავანაწილო, რატომ დაგვაკელით დაწესებული ოდენობაო, - გაბრაზდა ახალი სტაროსტა.

მას უპასუხეს (იმავე "ბიტოვიკებმა", რომელთაც მოჰქონდათ სადილი):
- აქ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, როგორც გინდათ გაანაწილეთ, მეტი ქვაბი არა გვაქვსო.
მიშამ უარი განაცხადა კერძის მიღებაზე.


http://www.kvirispalitra.ge/history/18190-1937-tseli.html


Комментариев нет:

Отправить комментарий