суббота, 17 августа 2013 г.

ჩვენთან არს ღმერთი!

მესამე ნაწილი 


1. სულის ცხონების გზა


„უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა...“ (იოან. 15, 10) 

თუკი წმიდა მოციქულის ეს სიტყვები ვირწმუნეთ, თუკი ვიწამეთ ღმერთი, მაშინ უნდა შევეცადოთ, ვიცხოვროთ მისი მცნებებით. თორემ მარტო იმის თქმა, რომ ღმერთი გვწამს, საკმარისი არ არის. ასეთ ხალხზე, რაღა თქმა უნდა, ღვთის მადლი არ გადმოდის. უწმინდურ სულებსაც სწამთ ღმერთი, მაგრამ მათ მხოლოდ მისი არსებობისა სწამთ და სხვას არაფერს აკეთებენ თავის განსაწმენდად. ასეთი სულები ჯოჯოხეთში იგზავნებიან. საერთოდ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს ის სამი ადგილი, სადაც ადამიანებს უხდებათ ყოფნა:

1. ადგილი, სადაც ბევრს ტირიან.

2. ადგილი, სადაც არასდროს ტირიან.

3. ადგილი სადაც მუდამ ტირიან.

პირველი ამათგანი არის დედამიწა. აქ იბადება ტირილით ადამიანი და აქვე კვდება ტირილით. ტირიან ყველანი: ბავშვები და მოზარდები, ახალგაზრდები და მოხუცები. მათი ცრემლების მიზეზი ზოგჯერ ავადმყოფობაა, ზოგჯერ სიკვდილი, ზოგჯერ წყენა და ა.შ.

ხომ გინახავთ სასაფლაოზე როგორ გოდებენ ადამიანები?! ვის შეუძლია მათთვის ცრემლის შეშრობა?! საიდან მოდის ეს ცრემლი?! სად არის მისი საწყისი?!

ადამიანის ცრემლის სათავე მისი დაცემის დღიდან გაჩნდა. ატირდა სამოთხიდან გაძევებული ადამი. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ადამიანს ცრემლი სულ თან ახლავს ცხოვრების გზაზე.

ადგილი, სადაც მუდამ ტირიან, წმიდა წერილში ჯოჯოხეთად იხსენიება. უფალი ამბობს, რომ იქ არის მოდმუვი მოთქმა, გოდება, ტანჯვა, კბილთა ღრჭენა. წარმოიდგინეთ მიწისქვეშა ბნელი გვირაბი, რომელიც საშინელ უფსკრულში ეშვება. ანდა წარმოიდგინეთ გავარვარებული ღუმელი, სადაც ცეცხლი მუდმივადაა და შიგ ჩაკეტილი ცოდვილი! აი, რისი მსგავსია ჯოჯოხეთი.

სამოთხეში კი არასდროს ტირიან. იქ არის სიხარული, ნეტარება, ბარაქა, იქ არ არის ავადმყოფობა, ჭირი, არ არის გოდება და ვაება. იქ დაუშრეტელი სიცოცხლე ჰყვავის!

დედამიწა მდებარეობს სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. აქ დედამიწაზე ხდება ადამიანის საუკუნო ცხოვრების განსაზღვრა იმისდა მიხედვით, თუ საით წარმართა ადამიანმა თავისი ნება – სიკეთისა და ბოროტებისაკენ. აქედან გამომდინარე სამოთხისა და ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი ბილიკი ჩვენს გულში იწყება.



2. მორჩილება


უფალი ამბობს:

„ – აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსვენებაი სულთა თქვენთა“ (მთ. 11, 29).

გამოდის, რომ ადამიანისთვის სულის სიმშვიდე თავმდაბლობას მოაქვს.

– როცა ადამიანი უფალს შესთხოვს მიანიჭოს თავმდაბლობის უნარი, – ამბობს აბბა დოროთე, – უფალი მოუვლენს ადამიანს, რომელიც მას ხშირად შეურაცხყოფს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანს თანდათან გამოუმუშავდეს თავმდაბლობის ეს გრძნობა, რადგან ის, ვინც ითმენს შეურაცხყოფას, შინაგანად იწრთობა და ეს თანდათან ჩვევად გადაექცევა. ასე თანდათან მოიპოვებს ადამიანი სიმშვიდეს, გამოიწრთობა და ასე ზრდის თავის სულს.

პირველ რიგში უნდა შევეცადოთ შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ ვუპასუხოთ და სიკეთით მივაგოთ ადამიანებს სამაგიერო.

აი, თავმდაბლობის ერთერთი მაგალითი: ჯარში მსახურებისას ერთმა მორწმუნე ჯარისკაცმა ძილის წინ ლოცვა რომ დაიწყო, გაღიზიანებულმა სერჟანტმა ზურგში ჩექმა ესროლა. ჯარისკაცმა უკანმოუხედავად განაგრძო ლოცვა. შეცბუნებულმა სერჟანტმა თავზე საბანი გადაიხურა და ასე ჩაეძინა. დილით კი საწოლთან გაპრიალებული ჩექმა დახვდა. ამან ისე მოულბო გული, რომ ჯარისკაცს დაუმეგობრდა. მალე ისიც მორწმუნე გახდა და თვითონაც იწყო ღვთის მცნებებით ცხოვრება.

სწორედ ასეთი მორჩილებით მოვიპოვებთ თავმდაბლობის უნარს.

მორჩილება შეიძლება სამ საფეხურად დაიყოს:

1. საწყისი მორჩილება, როცა ადამიანს შეურაცხყოფენ და ის კი დუმს, თავსაც კი არ იმართლებს, თუმცა ყველაფერში მართალია.

2. როცა ადამიანი შეურაცხყოფისასა არა მარტო დუმს, არამედ სულშიც სიმშვიდეს ინარჩუნებს და გულში ლოცულობს თავის შეურაცხმყოფელზე.

3. მორჩილების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს, როცა ადამიანი შეურაცხყოფისას არა მარტო დუმს და სიმშვიდეს ინარჩუნებს, არამედ ლოცულობს და უყვარს თავისი შეურაცხმყოფელი.

თავმდაბლობის ყველაზე დიდი მტერი სიამაყეა. ასეთი ადამიანი გულში იხვევს ვნებებსა და ჟინს, თავმდაბლობა კი ის იარაღია, რომელიც ძირშივე აღმოფხვრის სიამაყეს.

რა არის სიამაყე?

ანდა რა გვაქვს საამაყო?

– გარეგნობა?!

– იგი ხომ დროსთან ერთად გაქრება.

– ჭკუა?!

– მას ხომ მიწა შესჭამს!

– ნიჭი, ტალანტი?!

– ესეც ხომ ღვთისგან ბოძებული დროებითი მოვლენაა. ყველაფერი ეს ხომ ჩვენ არ შეგვიქმნია, ღმერთმა მოგვცა. იმით სიამაყე კი, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია, უგუნურებაა და სხვა არაფერი!

ამაყ ადამიანს ახასიათებს გაღიზიანება, კამათი, მრისხანება, ბუტიაობა.

წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის:

– ის, ვინც ამას დაუშვებს, ჭკუანაკლულია.

კაცმა ისეთი ხასიათი უნდა გამოიმუშაოს, რომ არ იკამათოს, არ გაბრაზდეს, არ გაღიზიანდეს, ყოველგვარ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე.

მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას?

დავუშვათ, რომ ლურსმნის ჭედებისას ჩაქუჩი თითზე დავირტყით. ჩვეულებისაებრ ადამიანს ამ დროს ტკივილისაგან რისხვა და ბრაზი იპყრობს. შეეცადე, არ გაბრაზდე, შეეცადე მოითმინო და თუ მაინცდამაინც გინდა ვინმეზე ჯავრი ამოიყარო, საკუთარ თავს გაუბრაზდი:

– ახია შენზე, ბილწო! ჯერ სადა ხარ! შენ იქ ნახე, ჯოჯოხეთში, რა დღე დაგადგება!

ასეთი მონოლოგის წაკითხვა დააცხრობს რისხვას.

ანდა ვთქვათ ავად გახდით. ვინ არის ამისგან დაზღვეული?! გრძნობებს კი ნუ აჰყვები და წუწუნს კი ნუ მოჰყვები, თავს ჩააგონე:

– გეგონა ცას გამოეკერებოდი?! აბა რად გინდა დიდხანს სიცოცხლე?! ამით ხომ ცოდვებს კიდევ უფრო გაიმრავლებ?! სიკვვდილი ცხრა მთას იქით კი არ გადაიკარგება, აქვე, ახლოს ჩაგისაფრდება და მაინც მოულოდნელად წაგიყვანს!

ასევე მშვიდად უნდა შეხვდე ყოველგვარ შეურაცხყოფას. თავი ასე უნდა დაიიმედო:

– ჩანს ღმერთი მიგზავნის განსაცდელს ჩემი ცოდვებისათვის. მოთმინებაშიც მცდის. მადლობა ღმერთს! ეს ხომ სულის განსაწმენდი მალამოა! როგორც ნათქვამია:

– რასაც მოითმენ, იმას მოიგებო!

თუ ჩვენ გვწყინს ლანძღვა, ან გვიხარია ქება, ეს იმის ნიშანია, რომ სული დაავადებული გვაქვს. შეეცადე ორივე აუღელვებლად აიტანო, რადგან უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი ეს ღვთისაგან არის დაშვებული შენივე სულის განსაწმენდად, შენი ხასიათის გამოსაწრთობად.

ერთი კაცი ფულსაც კი უხდიდა ყველას, ვინც დაამცირებდა. საბადოებზე, სადაც ეს კაცი მსახურობდა, ყველამ იცოდა ამის შესახებ და ვისაც ფული შემოაკლდებოდა, მასთან მიდიოდა და აგინებდა.

ერთხელაც ეს კაცი ქალაქში წავიდა საქმეებზე. გზაში ვიღაცას შემთხვევით დაეჯახა. იმან ლანძღვა დაუწყო. კაცი იდგა და მადლიერი ღიმილით შესცქეროდა. მეორეს ნელ–ნელა ბრაზის დაუცხრა და გაკვირვებულმა ჰკითხა:

– კი მაგრამ, მე გლანძღავ და შენ რა გიხარია?

– მე იქ საბადოებში ამისთვის ფულს ვიხდი, შენ კი უფულოდ მაგინებ! – მიუგო კაცმა.

ასეთი „უფასო მასწავლებლები“ ჩვენს ცხოვრებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან. ისარგებლე ამით და შეეცადე მათთან ურთიერთობაში გამოიწრთო და გამოიმუშაო მორჩილების გრძნობა.



3. განკითხვა

ადამიანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს თავისი სულის წვრთნისათვის. როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც არ უნდა მართალი იყო, გაიხსენე, რომ შენც განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმავე საზომით მოგეზღვება.

თუ ჩვენ გვინდა ყველას ვუყვარდეთ, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა. თუ გვინდა, სხვამ არ დაგვამციროს, არც ჩვენ უნდა დავამციროთ არავინ. არც ვინმე უნდა განვიკითხოთ. ვინც განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან თავს მსაჯულის უფლებებს ანიჭებს, მაშინ როცა ჭეშმარიტი მსაჯული მხოლოდ ერთი – ქრისტე ღმერთია.

ვისაც გული სუფთა აქვს, ის ყველას სუფთად და წმინდად აღიქვამს. – ამბობს მაკარი დიდი. – ხოლო ვისიც სუფთა არაა და ვნებითაა სავსე, სხვაც ასეთი ჰგონია. ადამიანი, რომელიც თავის თავზე გამოცდის ჭირს, სხვისადმი მიმტევებელი ხდება. ამიტომაცაა, რომ ომში დაჭრილი მტრები ერთმანეთს კი აღარ კლავენ, ეხმარებიან და ამშვიდებენ, რადგან თავიანთ თავზე გამოსცადეს სიშმაგის ძალა.

ჩვენც ასევე უნდა მოვექცეთ ერთმანეთს, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი მიწაზე. ჩვენ ყველანი სულიერად ავადმყოფები ვართ. ამიტომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, სიყვარულით და მოწიწებით მოვექცეთ, ყველას შევუნდოთ, შევეცადოთ შევუმსუბუქოთ დანაშაული და ვესწრაფოთ მშვიდობის დამყარებას.

არავის არ უნდა მივმართოთ მბრძანებლური ტონით. თუ გულში რისხვა გაგვიჩნდა, უნდა ვეცადოთ მის მოთოკვას, რადგან რისხვა ყოველთვის ბოროტისაგან არის და არა ღვთისაგან.

ყოველთვის უნდა ვინარჩუნებდეთ სიმშვიდეს.

– მაგრამ თუ ჩვენი რისხვა სამართლიანია?!– იკითხავთ თქვენ.

ამ შემთხვევაშიც არ ღირს სიმართლის მტკიცება.გაიხსენეთ, რას ამბობს სოლომონ ბრძენი:

– შეაგონე ბრძენს, ამისთვის შენ იგი შეგიყვარებს; არ ამხილო უგუნური, რადგან იგი ამისთვის შეგიძულებს.

ე.ი. ბრძენი დარიგებისთვის მადლიერი დაგრჩება, უგუნური კი შეურაცხყოფილი, რასაც სიძულვილი მოჰყვება.

სანამ ვინმეს მკვახე სიტყვაზე უპასუხებდე, ოცდაათჯერ წაიკითხე უფლის ლოცვა, ანდა შეეცადე ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანო, რომ კამათსა და ჩხუბს თავი აარიდო.

განა ჭკუით ლოკოკინას ვეღარ უნდა აჯობო, ლოკოკინას, რომელიც აბობოქრებულ ტალღებს თავს არიდებს და ნიჟარას შეფარებული, ზღვის ფსკერზე ეშვება?! როცა ზღვა წყნარდება, მაღლა ამოდის, ძვრება თავისი ნიჟარიდან და მზეზე თბება. ვისწავლოთ მისგან ასეთი სიბრძნე და როცა ჩვენც უასამართლოდ გვამცირებენ, შევეცადოთ, ჩავიძიროთ იესოს ლოცვაში. იგი დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში.



4. სიყვარული


როგორ გავიგოთ, გვიყვარს თუ არა ღმერთი?!

თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ახლობელი ე.ი. გვიყვარს ღმერთიც. ვისაც თავისი ახლობელი სძულს, მას ღმერთიც არ უყვრს.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს:

– თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო და თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან როგორ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსც ვერ ხედავს, როცა არ უყვარს ძმა, რომელსაც ხედავს?!

ახლობელი კი არადა მტრებიც კი უნდა გიყვარდეს, ისინიც, ვინც შეურაცხგვყოფენ. უნდა ვლოცულობდეთ მათზე. სხვაგვარად მათში ვერ ჩავთესავთ სიკეთეს. უფალიც ამას მოგივწოდებს:

„ხოლო მე გეტყვით თქვენ: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ლოცვიდით მათ, რომლები გმძლავრობენ თქუენ“ (მთ. 5, 44).

სწორედ მტრების სიყვარული განასხვავებს ქრისტიანს სხვა რწმენის ადამიანისაგან.

ზოგიერთი ცდილობს ბოროტება ბოროტებითვე მოსპოს, მაგრამ ასე უფრო ამრავლებს და ავრცელებს მას. ბოროტების მოსპობა და განადგურება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით შეიძლება. ამის კარგი მაგალითია მოციქულთა საქმიანობა, რომლებიც ქრისტემ ცხვრებივით გაგზავნა „მგლების უზარმაზარ ხროვაში“ (ურწმუნო ადამიანებში).

მაინც რით გაიმარჯვეს მათ?!

მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით!

როცა გზავნიდა მათ, უფალმა ასეთი დარიგება მისცა:

- მხოლოდ მაშინ ირწმუნებენ თქვენსას ადამიანები, თუ სიყვარული იქნება თქვენს შორის.

ასე რომ, თუ ჩვენში სიყვარული არ არის, არცა ვყოფილვართ ქრისტეს შვილები. ჩვენში ავი სული ჩასახლებულა და ის გვაიძულებს ბოროტის კეთებას.

ჩვენი ვალია განვიწმინდოთ სული და გული ბოროტებისაგან, რათა გზა მივცეთ სიყვარულს. მხოლოდ მაშინ მივემსგავსებით იმ კეთილსურნელოვან ჭურჭელს, რომელსაც უფალი სასუფევლის სიხარულითა და მადლით ავსებს. ამაყებისთვის სამოთხეში ადგილი არ არის. სატანა სიამაყისათვის ჩამოაგდეს ციდან. სამოთხეში შესვლა მხოლოდ თავმდაბლობით შეიძლება.

წმინდა მამები ამბობენ:

- სამოთხე! ასე გამოტახავენ ადამიანები სიტყვით ღვთის სასუფეველს. გონებით კი ძალიან ძნელია ჩავწვდეთ ამ სიტყვის არსს. ჩვენ არ ძალგვიძს, ბოლომდე შევიცნოთ, თუ რას წარმოადგენს სამოთხე. დედამიწაზე ვერასდროს შევიგრძნობთ იმ მადლს, რაც უფალმა მის მოყვარულებს განუმზადა.

მაგრამ ცოტა წარმოდგენა იქიდანაც გვექმნება,რასაც მასზე ამბობენ, ამბობენ კი, რომ სამოთხის სიტკბოებიდან წვეთიც რომ ჩავარდეს მლაშე ზღვაში, მთელი ზღვა ტკბილი გახდებაო, ანდა წვეთი რომ ჩაეწვეთოს ჯოჯოხეთში, იგი სამოთხედ გადაიქცევაო. იმასაც ამბობენ, რომ სამოთხის ერთი ყვავილი რომ შევადაროთ დედამიწის მთელ ყვავილნარს, ის ერთი აჯობებს თავისი ნაირფეროვნებით ყველას ერთადო... ანგელოზთა გალობას კი თავისი მელოდიურობით ისეთი სიყვარულით შეუძლია აღავსოს მსმენელი, რომ ადამიანმა იგი აქ მიწაზე რომ მოისმინოს ვერ გაუძლებს და დადნება.

აი, როგორი ნეტარება განუმზადა უფალმა თავის ერთგულ ადამიანებს.



5. მოთმინებითა შენითა

ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ უმეტესობას არ გვახსოვს ეს ცოდვები და არც ვინანიებთ მათ. სწორედ მოუნანიებელი ცოდვებისათვის გვიგზავნის ღმერთი მწუხარებას და ავადმყოფობას. ამისთვის კი ჩვენ არამცთუ უნდა გავნაწყენდეთ ღმერთზე, მადლიერნიც კი უნდა დავრჩეთ მისი, რადგან გამოგზავნილი მწუხარებანი და ავადმყოფობანი გვეხმარებიან სულის განწმედაში. მწუხარება, უბედურება, ავადმყოფობა მუდამ ჩვენს გვერდითაა და არც უჩანს დასასრული. რამდენჯერ მოსულა თითოეული ამათგანი ჩვენს ცხოვრებაში?! არც ვიცით, კიდევ რამდენჯერ მოვა! ადამიანი ვერსად გაექცევა მათ. ამიტომ უნდა შევეგუოთ და მოთმინებით მივიღოთ ყოველი განსაცდელი. უნდა შევეცადოთ, რომ მათ ჩვენს სულზე არ დატოვონ თავიანთი ანაბეჭდი, არ დაგვიზიანონ სული. სულის დაზიანება ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავის მწუხარებას ღრმად მიეცემა. სწორედ მაშინ ტოვებს განსაცდელი თავის ჭუჭყიან ლაქებს ჩვენს სულში. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ჩვენი სულისა და გულის დამძიმებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სოლომონის წრე, რომელზედაც წერია:

- ესეც გაივლის!

დრო ყველაფრის მკურნალია.

მოთმინება და სიმშვიდე მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვისაა დამახასიათებელი. სიმშვიდის შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენა აშშ-ის პრეზიდენტის - კენედის დედამ. როგორც ვიცით, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი და წარმატებების უმაღლეს წერტილზე მყოფი გამოასალმეს ამ წუთისოფელს. მოკლეს მისი მეორე ვაჟიშვილიც. დედა არ მისცემია სასოწარკვეთას და მშვიდად შეხვდა ამ ამბებს. არაეკლესიური ადამიანები ამ სიმშვიდეს გულქვაობას მიაწერენ. მაგრამ ასე არ ფიქრობენ მორწმუნენი, რადგან მათ იციან, რომ ადამიანის სული უკვდავია.

როგორც მოგახსენეთ, ავადმყოფობას ღმერთი ჩადენილი ცოდვების გამო ჩვენი სულიერი სრულყოფისათვის გვიგზავნის, გვიგზავნის, რათა აგვაცილოს ამ ცოდვებს მომავალში, რომ განწმინდოს ჩვენი სული.

ადამიანის სხეული ჰგავს უაღვირო ცხენს, ავადმყოფობა კი სწორედ ის აღვირია, რომელიც ზღუდავს მას.

წმინდა მამები ამბობენ:

- სიკვდილის წინ კარგიცაა ორი წლით მაინც რომ ჩავარდეს კაცი ლოგინად, რადგან ამით მას ეძლევა საშუალება ცოდვების მონანიებისა, სულის განწმენდისა და სამოთხეში დამკვიდრებისა.

ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი ვაება.

ერთი მძიმე სენით ლოგინად ჩავარდნილი კაცი გამუდმებით შეთხოვდა ღმერთს სიკვდილს. ისმინა ღმერთმა მისი და გამოგზავნა მასთან ანგელოზი, რომელმაც უთხრა კაცს, რომ მისი სულის განწმენდისათვის საჭირო იყო კიდევ სამი წელი ტკივილების ატანა.

- კიდევ სამი წელი?! არა, ამას ვერ გავუძლებ!- შეწუხდა ავადმყოფი. - ნუთუ არ შეიძლება ამ სამი წლის შეცვლა?

- შეიძლება! - უპასუხა ანგელოზმა, - ჯოჯოხეთში სამ საათს თუ მაინც გაძლებ.

ავადმყოფს ეს ეადვილა და სთხოვა ანგელოზს წაეყვანა.ანგელოზმა ჩაიყვანა იგი ჯოჯოხეთში და დაპირდა, რომ სამი საათის შემდეგ მოაკითხავდა.

ჯოჯოხეთი... წარმოიდგინეთ უკუნი წყვდიადი... ყოველი მხრიდან ისმის კვნესა, გოდება, ყვირილი... აქ მოხვედრილთ აღარ შეუძლიათ სხვისი უბედურების განცდა, იმდენად მტანჯველია თითოეული მათგანის მდგომარეობა. გარშემო ეშმაკები დაფრინავენ, ანთებული თვალებითა და აალებული სხეულებით. ისინი მზად არიან გარშემო ყველაფრის გასანადგურებლად... აი, ასეთ გარემოცვაში დატოვა ანგელოზმა ავადმყოფი და გაეცალა. კაცი ძრწოლამ მოიცვა, აყვირდა, მაგრამ საერთო გოდებაში მისი ხმა ჩაიკარგა... წამებას ბოლო არ უჩანდა. უბედურმა იმედიც დაკარგა, ოდესმე რომ დამთავრდებოდა ეს ტანჯვა.

„ანგელოზს ალბათ დაავიწყდა და სამუდამოდ შევრჩი აქაურობას“, - გაიფიქრა თუ არა, მაშინვე განათდა და ანგელოზიც გამოჩნდა.

- არ მეგონა, ანგელოზებიც თუ იტყუებოდით... - ძლივს ამოილუღლუღა კაცმა.

- ჩვენ არასოდეს ვიტყუებით! - უპასუხა ანგელოზმა.

- განა შენ არ შემპირდი, სამი საათის შემდეგ წაგიყვანო?!

- ჩემო კარგო, ჯერ მხოლოდ ერთი საათია აქა ხარ. კიდევ ორი საათი დარჩა.- მიუგო ანგელოზმა.

მაშინ გატანჯულმა ხელი გაუწოდა და შეევედრა:

- ოღონდ აქედან გამიყვანე და თანახმა ვარ, ჩემი ცოდვებისათვის მეორედ მოსვლამდე ვეწამო!

- ღმერთი მოწყალეა. საეკლესიო ლოცვების მეშვეობით შენ განთავისუფლებს აქედან. მაგრამ ამიერიდან გახსოვდეს და ნუ დაივიწყებ, რა საშინელი, აუტანელი წამება ელის იმ ცოდვილს, რომელიც მოთმინებით არ შეხვდება ყველა უბედურებას მიწაზე. ხომ დარწმუნდი, ვერაფერი რომ ვერ შეედრება ჯოჯოხეთურ სატანჯველს?! - და ანგელოზმა მიწაზე დააბრუნა ავადმყოფი, თვითონ კი უფალთან ავიდა.



6. მოუნანიებელი ცოდვები


ერთხალ ანგელოზმა პახომი დიდს უთხრა:

- ვინც ცოდვების მოუნანიებლად კვდება, მისი გვამი ისე იხრწნება, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ახლოს ვერ ვეკარებითო.

ვერც   მრუშები, ვერც ცილისმწამებლები, ვერც ქურდები, ვერც ლოთები ცოდვების მოუნანიებლად ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ისინი ვერც ჭეშმარიტების ნათელს იხილავენ, რადგან ცოდვების გამო მისკენ ვეღარ მიდიან და ერთ ადგილზე მიჯაჭვული ტრიალებენ.

ერთხელ ერთი ლოთი ნავში ჩაჯდა და დილამდე ამაოდ ცდილობდა მეორე ნაპირზე გასვლას. გამთენიისას ნახა, რომ ნავი ახსნილი არ იყო და ამიტომაც ვერ იძროდა ადგილიდან.

ასე ემართებათ იმ ცოდვილთაც, რომლებიც არ ცდილობენ ცოდვათაგან განთავისუფლებას. დედამიწაზე ცხოვრებისას იმაზე კი არ უნდა ვზრუნავდეთ, რაც შეიძლება კარგი პირობები რომ შევუქმნათ ჩვენს სხეულს, არამედ უნდა ვიღვწოდეთ ჩვენი სულისათვის. ის ვინც მიწიერ სიამეებზე ზრუნავს, იმედგაცრუებული რჩება. ასე დაემართა ამერიკელი ბინზნესმენის მორგანის ცოლს. სიკვდილის წინ მან თავისი ძვირფასი ბრილიანტებით შემკული კაბებისათვის თვალის შევლება მოინდომა. რომ შემოუტანეს, გულში ჩაიკრა და სულიც განუტევა. ვეღარაფრით გამოგლიჯეს ხელიდან კაბები და იძულებულნი გახდნენ, დაეჭრათ და ნაკუწ-ნაკუწ გამოეცალათ ისინი ხელიდან. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, ვერაფრით ვერ გამოგლიჯეს. ასე წაიღო მან საიქიოში ჩვრის ნაგლეჯები და მოუნანიებელი ცოდვები.

ჩვენ, ქრისტიანები, ასე კი არ უნდა მოვიქცეთ, კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, თუ გვინდა სასუფეველი რომ დავიმკვიდროთ.

ერთ ქალბატონს საწყალი მსახური ჰყავდა. იგი ძალიან მოწყალე იყო და ყველაფერს გასცემდა, რაც კი ჰქონდა. უყვარდა სხვისთვის თავშესაფარის მიცემაც. ყოველთვის საგუდაგულოდ იცავდა ღვთის მცნებებს. მისგან განსხვავებით, მისი ქალბატონი ძალიან მკაცრი და ხარბი ადამიანი იყო. სულ თავის სიამოვნებაზე ფიქრობდა. მიუხედავად მისი მსახურთან ცუდი დამოკიდებულებისა, მსახური მას, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ლოცვებში მუდამ იხსენიებდა. ამ ლოცვების წყალობით გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სამოთხეში აიყვანა და ულამაზესი სასახლე უჩვენა.

- ვისია ეს სასახლე? - იკითხა ქალბატონმა.

- შენი მსახურისა. - უპასუხა ანგელოზმა.

„ჩემს მსახურს თუ ასეთი ლამაზი სასახლე მისცეს, მე, ალბათ, უკეთესს მომცემენ,“ - გაიფიქრა ქალბატონმა და უცებ თვალი მოჰკრა ქოხს.

- როგორ! ეს ჩემია?! - აღელდა იგი.- კი მაგრამ სადაა სამართალი, ჩემს მსახურს სასახლე და მე ქოხი?!

- შენი მსახური ამ სასახლისთვის ყოველდღიურად გვიგზავნიდა მასალას, შენგან გამოგზავნილი მასალებით კი მხოლოდ ამ ქოხის აშენება შევძელით.

საშენ მასალაში ანგელოზი კეთილ საქმეებს გულისხმობდა.

ამ გამოცხადების შემდეგ ქალბატონმა მოუხშირა ეკლესიაში სიარულს, მოინანია ცოდვები და ცდილობდა თავისი მსახურისათვის მიებაძა.უხვად გაცსემდა და კეთილი საქმეებით ცდილობდა მოეპოვებინა სამოთხეში სამუდამო სამკვიდრებელი.

ადამიანებს მაინცდამაინც არ სიამოვნებთ სასაფლაოს დანახვა. კარგი კი იქნება, ყოველთვის რომ გვახსოვდეს ეს რომ არის ჩვენი გვამის სამყოფელი, ჩვენი მომავალი დასახლების ადგილი. აქედან გარდაიგზავნება ჩვენი სული სამარადისო სამყოფელში. არავინ უწყის, როდის გვიხმობს უფალი სამსჯავროზე. იმას კი გვაფრთხილებს, როგორც დავხვდებით, ისე რომ წაგივყვანს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, თორემ მერე დაგვიანებული იქნება თავის მართლება.

წარმოიდგინეთ მინდორში ხე. ხეზე კაცი ზის. ხეს ქვემოთ ორი თაგვი უღრღნის ძირს. ქვემოთ ტბაში ხახა დაუღია ნიანგს და უცდის, როდის გადაღრღნიან თაგვები ხეს, ჩამოვარდნილი კაცი რომ ჩაყლაპოს. ხეზე ეშმაკიც ზის და ხან ერთ ვაშლს აწვდის კაცს, ხან მეორეს. ადამიანიც ხან ერთს ჩაკბეჩს და ხან მეორეს. ამ განცხრომაში სულ ავიწყდება ქვემოთ რომ ნიანგი ელოდება. ასე ახერხებს ეშმაკი გაგვაცილოს მთავარ საზრუნავს და არ ვიფიქროთ სულის ხსნაზე. მაგრამ არ უნდა მივყვეთ მას და არ უნდა დავმორჩილდეთ.

ყოველთვის ყველაფერს გვერდიდან უნდა ვადევნებდეთ თვალს, აი, ისე, თითქოს მატარებელში ვზივართ და ფანჯრიდან გავჰყურებთ ტყეებს, მინდვრებს, ველებს, ქალაქებს და ადამიანებს. ყველაფერი ეს ჩვენს გარეშე არსებობს, ჩვენ კი, ღვთის კალთას შეფარებულნი, ვლოცულობთ.

დაე, ასე ჩაიაროს ჩვენს მიღმა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და ვერ შესძლოს ჩვენი ღვთისაგან მოცილება.



7. ამქვეყნიური სიამენი


იაკობ მოციქული გვასწავლის:

- ვისაც ამქვეყნიური სიამენი უყვარს, ის უფლის მტერია!

საერთოდ, ადამიანის ყოფა რადიკალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანის ცხოვრებას. ურწმუნონი თეატრში სიარულს ამჯობინებენ, მორწმუნენი კი - ეკლესიაში, ურწმუნონი საერო ლიტერატურაში ეძიებენ სულიერ საზრდოს, მორწმუნენი - სასულიეროში, ურწმუნონი უმეტესად ლაზღანდარობაში ატარებენ დროს, მორწმუნენი - გოდებაში, ურწმუნონი - ცეკვაში, მორწმუნენი - მუხლის მოდრეკაში, ურწმუნონი ტელეგადაცემებით განსჯიან ცხოვრებისეულ ამბებს, მორწმუნენი კი - ჯოჯოხეთის ხშირი წარმოდგენით, ურწმუნონი მრუშობას არად დაგიდევენ, მორწმუნენი კი ცდილობენ წმიდად შეინახონ თავი, ურწმუნონი გაძღომამდე მიირთმევენ, მორწმუნენი კი - მოკრძალებითა და თავშეკავებით, ურწმუნონი ხშირად თავგზას კარგავენ რაიმე წინააღმდეგობის შეხვედრისას, მორწმუნენი კი მშვიდად ხვდებიან ყველაფერს.

ხშირად კითხულობენ:

- ცოდვაა თუ არა ტელევიზორის ყურება?

გადაცემაში თუ საუბარია ღმერთზე, ჭეშმარტებაზე, მოყვასის სიყვარულზე, სულის ცხონებაზე, რაღა თქმა უნდა, სასარგებლოც კია მისი ყურება. მაგრამ რადგან ასეთი რამ ძალზედ იშვიათად ხდება, ტელეგადაცემებით გატაცებაც საზიანო უფროა, ვიდრე სასიკეთო. ასე რომ, იმას კი არ უნდა მივსდიოთ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს ჩვენივე სიამოვნებისათვის, უნდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას. ღმერთი ამქვეყნად ხომ საიქიო ცხოვრებისთვის გვამზადებს. იქ აღგვითქვამს მარადიულ სიხარულს. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ უარი ამყვეყნიურ სიამეებზე. უარი კი არადა, ბრძოლაც უნდა გამოვუცხადოთ, ვიდგეთ მტკიცედ, დავრჩეთ ღვთის ერთგულნი ბოლომდე. მხოლოდ უფალი გვიჩვენებს სულის ცხონების გზას, მხოლოდ იგია სახიერი. მაგრამ არ გვაპატიებს, ამქვეყნიურ სიამეებში თუ გავცვლით, როგორც ეს დაემართა ერთ მგალობელს. იგი ყველასაგან გამოირჩეოდა დახვეწილი სმენითა და ხმით. და აი, შეუჩნდა ერთი პროფესორი, საოპერო ხელოვნებას დააუფლა და ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩააბა. ერთხელაც თავის მოძღვარს ტაძრის შესასვლელში დახვდა ცხვირახვეული:

- ვერ მიცანით?! მე ხომ თქვენს გუნდში ვგალობდი!

მოძღვარმა ძლივს იცნო.

- ეს რა მოგსვლიათ?!

- ეჰ, მამაო! საშინელება გადამხდა თავს.

და მოყვა თავისი ცხოვრების ამბავს, როგორ გახდა პოპულარული, როგორ მოიარა მსოფლიო, როგორ დაავიწყა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ შემოქმედი, როგორ ჩავარდა სხვადასხვა ცოდვებში, როგორ შეეყარა საშინელი სენი და გამოუხრა ყელიდა ცხვირი.

- ახლა კი არავის ვჭირდები...

- ნაღვლიანად დაასრულა მან.

- კაცი რომ უფალს დაივიწყებს, უბედურებას ვერ აცდება. შენ ღმერთმა მოგცა მადლი, რომელიც მის სადიდებლად უნდა გამოგეყენებინა. შენ კი საკუთარი თავის განდიდება მოინდომე. ახლა ხომ დარწმუნდი ამქვეყნიური დიდების წამრავლობაში. ნუ შეშინდები. ღმერთი მოწყალეა, მოინანიე. - ურჩია მოძღვარმა.

ერთხელ გზაში მიმავალმა მოხუცმა ყური მოკრა ასეთ ფრაზას:

- რა უსამართლოა ღმერთი! კარგ, კეთილ ადამიანებს კლავს, გარეწრებს და ყაჩაღებს კი წყალობას თავზე აყრის!

მოხუცმა მოსაუბრეებს გადახედა და ჰკითხა:

- ერთი ეს მითხარით, ჯარისთვის როგორ ბიჭებს არჩვენ?

- ჯანმრთელებს და სრულწლოვნებს! - უპასუხეს მათ.

- ასევეა ღმერთიც! - განაგრძო ქალმა. - თავისთან სულიერად ჯანსაღი და ძლიერი ადამიანები მიჰყავს, სულით ხეიბრებს კი ამქვეყნად სტოვებს, რომ განიკურნონ. თუ იცით რატომ? მონანიების საშუალება რომ მისცეს, იმიტომ.

მართლაც, სულის განწმენდა მხოლოდ მონანიებით თუ შეიძლება. ესეც ღვთისაგან ბოძებული ჯილდოა. მონანიებისას უფალი ხელს გვიწვდის უფსკრულიდან რომ ამოგვიყვანოს. მასვე შევყავართ სამოთხეში და ასე გვბრუნებს მისგან ბოძებულ და ჩვენი დაუდევრობით დაკარგულ მადლს. ღვთის წინაშე ცოდვილებს ისევ ღმერთი გვიწევს მფარველობას, როგორც უძღებ შვილებს. და მართლაც ჩვენ ყველანი უძღები შვილები ვართ. ჩვენი გონება დაბინდულია ათასი განცდით, ამქვეყნიურ ყოფაზე ფიქრით. და ზოგჯერ ამ ბურუსში ნაღარასავით გაისმება ღვთის ხმა:

- მოინანიეთ, რადგანაც მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

ვაი მას, ვინც ყურს არ ათხოვებს ამ ხმას.

დიდი სქემით შემოსილი სილუანი ამბობს: - ადამიანის ყოველი ცოდვა, უმცირესიც კი, თავისებურად მოქმედებს გარემოზე.

იოანე ოქროპირის აზრით კი:

ცოდვის საკითხი ყველაზე დიდი პრობლემაა ამქვეყნად.

ჩვენი ცოდვებით კვლავ ვაყენებთ ტკივილებს მაცხოვარს ჩვენსას - იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ ჩვენი ცოდვები იდო თავს, რათა მონანიების შემთხვევაში, შენდობა მიგვეღო მისგან. რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი ცოდვა, იგი შეგვინდობს, რადგან მოწყალეა და სულგრძელი. იგი მზადაა ცოდვილის გულისათვის ჩამოვიდეს მიწაზე, მოძებნოს და ეწამოს მისთვის. აი, როგორ უყვარს ღმერთს თავისი ქმნილება. ჩვენი ცოდვები მის მოწყალებასთან შედარებით პეშვისოდენა ხდება. ამიტომაცაა მთავარი მონანიება. მონანიების მეშვეობით ღმერთი გვწმენდს და აღარც იხსენებს ჩვენს ცოდვებს. ამიტომაცაა რომ ქრისტეს მიმდევარნი არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში.

ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ არ შესცოდოს. მაგრამ თუ მაინც მოხდა და შესცოდა, მაშინვე უნდა მოინანიოს. სინანულის განცდა ადამიანს მხოლოდ მაშინ გაუჩნდება, თუ მუდმივად კონტროლს გაუწევს საკუთარ თავს, უნებლიე შეცოდებაც რომ არ გამოეპაროს და მაშინვე რომ მოინანიოს მოძღვართან. დამალული ცოდვა ქვის ქვეშ მიმალულ გველსა ჰგავს. როცა ქვას ააცლი, სადღაც მიიკარგება. ასევეა ცოდვაც. როცა აღიარებ, გაგეცლება და მისგან სულიც განგეწმინდება. განწმენდის შემდეგ ღმერთი მფარველობს ადამიანს და არ აძლევს საშუალებას ავ სულებს კვლავ აცდუნონ იგი.

ეშმაკი ყველანაირ ხრიკებს მიმართავს ჩადენილი ცოდვა რომ არ გათქმევინოს. ეშმაკისეული ფიქრია, როცა ადამიანი ცოდვის ჩადენამდე ინუგეშებს თავს, რომ ღმერთი მაინც აპატიებს. და ამას ეშმაკი ისე აფიქრებინებს, რომ ადვილად აგდებს მას ცოდვაში, მერე კი ისევ ეშმაკის ჩაგონებით ადამიანს სასოწარკვეთა იპყრობს და ღვთისაგან შენდობის იმედი ერთმევა. ამ დროს სულმოკლე ადამიანები თავსაც კი იკლავენ. ასე ხდება იგი ეშმაკის კერძი. სწორედ ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მიუხედავად ამ სიფხიზლისა, თუ მაინც ჩავვარდით ცოდვაში, მაშინვე მოვინანიოთ იგი მოძღვართან. მოძღვარი შესთხოვს უფალს ჩვენთვის შენდობას. მაგრამ ამით არ უნდა დავასრულოთ სულის განწმენდა. ამის შემდეგ უნდა შევეცადოთ კეთილი საქმეების კეთებას. ღმერთი ყველაფერს შეგვინდობს ერთის გარდა, მოუნანიებელი ცოდვებით ამქვეყნიდან წასვლის გარდა. საშინელი სამსჯავროს დროს ჩვენ პასუხს ვაგებთ არა ჩადენილ ცოდვებზე, არამედ იმაზე, რომ არ მოვინანიეთ.

აღსარებისას ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი უდგას, მარცხნივ კი ეშმაკი. ანგელოზი ჩააგონებს მოინანიოს ცოდვები და არ დამალოს იგი, ეშმაკი კი მას უმძაფრებს სირცხვილის გრძნობას, ანდა აზრს, რომ სისულელეა ცოდვების მონანიება მოძღვართან, რადგან იგიც ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ. ისიც ემორჩილება ამ აზრს, დამძიმებული გულით გამოდის მოძღვრისაგან და შვებასაც ვერ გრძნობს. პირიქითაც კი ემართება: ცოდვები გველებივით შემოეხვევიან და სულს უხუთავენ. ამის გამო ღმერთიც არ მფარველობს ამ ადამიანს. გახარებული ეშმაკები კი გარს ეხვევიან და სხვა ცოდვებში აგდებენ. სულ სხვა განცდა ეუფლება კაცს, რომელმაც დაუფარავად აღიარა ცოდვები. მას ეუფლება საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება, განიცდის ნეტარებას, გულში ეღვრება სიხარული, ხოლო მისი სხეული ისე სპეტაკდება და ბრწყინდება, რომ ეშმაკები სიახლოვესაც ვეღარ ეკარებიან და ვერც ახერხებენ მასზე ზემოქმედებას. როგორც იცით, ეშმაკი იქ ბუდობს, სადაც ნათელი არ არის. ცოდვებისაგან განწმენდილი კაცი კი ანგელოზებით არის გარშემორტყმული და ხორციელი თვალისათვის შეუმჩნეველი ნათელი დაჰყვება. ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა გაივლის საშინელ სამსჯავროს, რომელიც საზვერეებისგან შედგება. თითოეულ საზვერეში განიხილება ცოდვის მხოლოდ ერთი რომელიმე სახეობა, ის, თუ როგორ მოინანია მან ეს ცოდვა. თუ არ მოუნანიებია, ეშმაკები არ მისცემენ საშუალებას გააღწიოს ამ საზვერედან, ხოლო თუ მონანიებული აქვს, ანგელოზები ეხმარებიან და გაჰყავთ საზვერედან. ადამიანი, რომელსაც არა აქვს ეს ცოდვა მონანიებული, ეშმაკებს მიჰყავთ ამ საზვერიდანვე თავიანთ საბრძანებელში - ჯოჯოხეთში.

ყველაზე საშინელი საზვერეებია - მე-16, მე-17, მე-18 საზვერე. მე-16 საზვერეში განიხილება მრუშობის ცოდვა, კერძოდ კი ჯვარდაუწერელი ქორწინება. მე-17 საზვერეში განიკითხავენ მეძავებს, ვინც ცოლქმრული ერთგულების მოღალატეა. მე-18 საზვერე განკუთვნილია სოდომური ცოდვებით დამძიმებული ადამიანთა სულებისათვის. ასეთი ცოდვებია: ცოლ-ქმრული უერთიერთობების დამახინჯებული ფორმები და არაბუნებრივი ურთიერთკავშირი, როგორიცაა ერთი სქესის ადამიანთა სქესობრივი კავშირი. ამ საზვერეთა გამგებელია ბოროტი სული ასმოდეი. მას ბოროტ სულთა უზარმაზარი არმია ემსახურება. ეშმაკები ამაყობენ, რომ ამ საზვერეთა გავლას ერთეულები თუ ახერხებენ, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამ ცოდვებს, როგორც წესი, სირცხვილის გამო არ აღიარებს. აღსარებისას კი ეშმაკები ამ გრძნობას უფრო აძლიერებენ. ამის გამო მათი სულიც ვერ იწმინდება. გაუწმენდავი სულით კი, როგორ იცით, ვერავინ შევა ცათა სასუფეველში.



8. უბიწოება

საშინელი სამსჯავროსას საბოლოოდ განწესდება ადამიანთა სულები. სამსჯავროს დღეს მოეწყობა წმინდანთა სვლა. პირველები მოციქულები ჩაივლიან, შემდეგ ქალწულები. ანგელოზთა საუცხოო გალობა აავსებს ყველას გულს. ქალწულებს უკან გაჰყვებიან ცოდვათაგან განწმენდილნი. ყველა ესენი პირველები შევლნენ ნეტარებაში.

ამიტომაცაა საჭირო უბიწო ცხოვრება. განვდევნოთ ჩვენგან ყველა არაწმინდა ზრახვაც კი, არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა ფიქრებმა დაიპყროს ჩვენი გული. მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის სული უნდა სძლევდეს სხეულს, რადგან როცა პირიქით ხდება, როცა სხეული სძლევს სულს, ასეთ ადამიანში სჭარბობს მრუშობის ცოდვანი. სხეულის თავისუფლებას მოჰყვება თავისუფლება სქესობრივ ურთიერთობებში, ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრუშობის ცოდვაში გვაგდებს. ასევე ცუდია, როცა ხმამაღლა, გამომწვევად ვიცინით, რადგან ესეც მოწმობს, რომ ჩვენში მრუშობის ეშმაკი ჩაბუდებულა.

„დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა, არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერის წინაშე“ (პეტრე 1, 3-4).

ღმერთი ჩვენ პასუხს მოგვთხოვს არა მარტო ჩადენილი ცოდვებისათვის, არამედ ჩვენი ფიქრებისა და ზრახვებისათვის, როგორც ეს დაემართა ერთ გოგონას. იგი ერთმა იღუმენიამ გაზარდა მონასტერში. გოგონას თვინიერი და მორჩილი ხასიათი ჰქონდა. იგი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. იღუმენიამ ერთი კვირა იმარხულა და ილოცა გოგონას სულისათვის. მისი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იხილა, როგორ გაიპო მიწა და როგორ გადმოაგდეს ცოცხლოვანმა ტალღებმა მიწის გულიდან გოგონა.

- ჩემო გოგონა! შენ ცეცხლში?! - შესძახა შეძრწუნებულმა. - რისთვის მოხვდი ასეთ სატანჯველში?

- დედაო, ილოცე ჩემთვის... - გაჭირვებით წარმოთქვა გოგონამ. - მე ღირსი ვარ ამ სასჯელისა. ტაძარში ლოცვისას ხშირად ვესიყვარულებოდი ჩემთვის გულში, მხოლოდ თვალებითა და ფიქრებით ბიჭს, რომელიც ჩემს შორიახლოს იდგა. მოძღვართან კი, აღსარებისას, ეს ბილწი აზრები არ მომინანიებია. სწორედ ამისთვის მოვხვდი ჯოჯოხეთის ცეცხლში.

ასე, ასე სჯის უფალი ადამიანს ბილწი გულისხმისყოფისთვის.



9. მკვლელობაზე


ცოდვებში არის სასიკვდილო ცოდვანიც. მას მიეკუთვნება მუცლის მოშლა. ეს იგივე კაცის კვლაა, რადგან ადამიანის ჩანასახი დედის მუცელშივე იღებს სულს და მისი მოკვლა ზრდასრული ადამიანის სიკვდილის ტოლფასია. ხომ ისჯება მკვლელი? ხომ აგდებენ მას საპყრობილეში? ზოგჯერ კი სიკვდილითაც ისჯებიან. ჰოდა, თუ მკვლელობისათვის ადამიანები ასეთ სასტიკ სასჯელს ითხოვენ, მაშინ რაღა გასაკვირია, ღმერთმაც რომ საშინელი სამსჯავრო განუმზადოს მათ, მით უმეტეს, თუ ეს ცოდვები არ მოუნანიებიათ?! სამსჯავროს დღეს ყველა მოკლული ჩანასახი გამოეცხადება დედას და პასუხს მოთხოვს.

ერთ გინეკოლოგს ასეთი ხილვა ჰქონდა:

დგას მაღლა, მთაზე. მის გარშემო კი უზარმაზარი მასაა ადამიანებისა. ყველანი მისკენ იშვერენ თითს და იძახიან:

- მკვლელი! მკვლელი!

მიხვდა გინეკოლოგი, ესენი რომ მისგან მოკლული ჩანასახები იყვნენ და შიშმა შეიპყრო. მათი ყვირილი მერეც გამოჰყვა და მანამდე ჩაესმოდა, სანამ არ მოინანია.

ცოდვაა ისიც, როცა ვინმეს ურჩევთ მუცლის მოშლას. და თუ ვინმეს გაკეთებული აქვს ასეთი რამ, აუცილებლად უნდა მოინანიოთ, თუ გინდათ, რომ ასცდეთ ჯოჯოხეთს. ასეთმა ადამიანმა მარხვითა და ლოცვით უნდა გამოითხოვოს უფლისგან შენდობა. უნდა აკეთოს სიკეთე თავისი მტრებისთვისაც კი, არ იწუწუნოს, თაყვანის სცეს ხატებს და შესთხოვოს:

- უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი.

ასევე უნდა მოიქცეს ძილის, ტრაპეზის წინ, ყოველი საქმის გასრულებისას. მას სულ უნდა ახლდეს დანაშაულის განცდა და ღვთისაგან ითხოვდეს:

- სჯობს, ღმერთო, აქ მომაგო ჩემი დანაშაულისათვის და მანდ შემიწყალო.



10. თვითმკვლელობაზე


თვითმკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვაა. ეს არის სულმოკლეობის გამოვლენა ღვთისადმი. ეს არის სიმდაბლე და უსუსურობა. ასეთებზე ეკლესიაში არც კი ლოცულობენ. საეკლესიო წესდებაში ხაზგასმითაა ჩაწერილი, რომ თვითმკვლელზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლოცვა, თუ მან ეს ჩაიდინა შეუგნებლად, ისე რომ არ იცოდა რას სჩადიოდა. შეგნებულ თვითმკვლელზე კი ლოცვა აკრძალულია. საერთოდ ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ღვთის გულმოწყალება და იმედიც უნდა გვქონდეს, რომ იგი ყველაფერს გვაპატიებს, თუ გულით მოვინანიებთ. აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთი არ შეგვინდობს, ეშმაკისგან ჩაეგონება ადამიანს. მამა ღმერთს უსაზღვრო სიყვარული აქვს თითოეული ჩვენთაგანის. ამ სიყვარულს დედის შვილისადმი სიყვარულიც კი არ შეედრება. ყველა ადამიანი ცოდვილია. იესო ქრისტემ ეს ცოდვები თვითონ იტვირთა და ასე გამოგვისყიდა. მანამდე კი ჩვენი ცოდვებისათვის ღვთისაგან დაწყევლილი ვიყავით და ეშმაკს ვექვემდებარებოდით. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მამა ღმერთმა, თავისი გულმოწყალების გამო, ისევ მოგვცა საუკუნო ცხოვრების რწმენა, მოგვცა შესაძლებლობა ცოდვების გამოსყიდვისა. იგი ყველას, როგორც გულმოწყალე მამა, ვინც კი მოინანიებს, შეუნდობს ცოდვებს. მაგრამ ღმერთის ასეთი სიყვარული ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენივე სულის გადასარჩენად ღმერთს უნდა შევწიროთ ყველაფერი: ჯანმრთელობაც, კეთილდღეობაც, და თუ საჭირო იქნება, სიცოცხლეც. ამის მაგალითი ხომ თვითონ ქრისტემ მოგვცა. მან დაგვანახა სასუფევლისკენ მიმავალი გზა, რომელიც ჯვრის აღებით მოიპოვება. სხვა გზა სასუფევლისკენ არ არსებობს.



11. ცოდვა და სიკვდილი

ჩვენი დედამიწა ხელისგულივით არის გადაშლილი ზეცასა და ქვესკნელს შორის. სწორედ ამ ორ ადგილზე კონტროლდება ჩვენი მოქმედებანი. ადამიანთა კეთილი საქმენი დიდ სიხარულს იწვევენ ზეცაში. ზეცა ხარობს, როცა ადამიანი ებრძვის ვნებებს, ცდუნებებს, მოთმინებით იტანს ავადმყოფობას და მწუხარებას, არ ეძლევა სასოწარკვეთას, არ ემუდარება ღმერთს ამისთვის. როცა ადამიანი, როგორც ქრისტეს მეომარი, მედგრად მიაბიჯებს ჭეშმარიტების გზაზე, ღმერთი მას ყოველთვის უგზავნის სიხარულს. აი, ამის ერთი მაგალითიც:

ერთ მეომარს დანიშნულების ადგილს მისვლამდე სასტუმროში მოუწია ღამით დარჩენა. მოინდომა ერთმა მეძავმა მისი ცდუნება.

„ - მაინც ომში მივდივარ, - გაიფიქრა მეომარმა, - შეიძლება დავიღუპო კიდეც. თუ ახლა ცოდვას ჩავიდენ, როგორღა გავმართლდები ღვთის წინაშე?!“

ქალი კი არ ეშვებოდა. მთელი ღამე უკაკუნებდა, იმედს არ კარგავდა და ელოდა, მეომარი როდის დასთმობდა. მაგრამ მეომარმა გაუძლო ცდუნებას. ამ წამებაში რომ ჩაეძინა, ასეთი სიზმარი ნახა:

საშინელი ბრძოლაა და მინდორი გვამებითაა სავსე. მხოლოდ ერთი ადგილია აშკარად გამოკვეთილად ცარიელი. და ესმის ხმა:

- ეს შენთვის იყო გამზადებული, მაგრამ რადგან ამ ღამით შენ სძლიე ეშმაკს, ცოცხალი დარჩები.

დილით ბრძოლის ველზე სწორედ ასე მოხდა. უამრავ დახოცილ მეომარს შორის სწორედ ის დარჩა ცოცხალი. მეომარმა მადლობა შესწირა ღმერთს.

ასეა, თუ კაცი ღვთის გულისთვის უარყოფს ამქვეყნიურ სიამეებს, მაშინ ღმერთიც დაიფარავს ყოველგვარი საფრთხისაგან. ადამიანს ყოველთვის წინ უსწრებს თავისი საქმეები. საზვერეებისა და საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგომისას ამ საქმეებით გამართლდება. ამითვე მიიღებს ღვთისაგან ჯილდოს, დაიმკვიდრებს ადგილს ცათა სასუფეველში. უკვალოდ არც მანკიერი საქმეები ჩაივლიან. თითოეული ცოდვა, წამოსროლილი სიტყვა და ყველა უაზრო მოქმედება იწერება ბოროტ სულთა მიერ და ისინი წარუდგენენ ამ საქმეებს ბრალდებად მას საზვრეეების გავლისას.

მაშ ასე! ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მუდამ გვხედავს, რომ მან იცის ყველა ჩვენი საიდუმლო. ამიტომ, რასაც ვაკეთებთ, კარგად უნდა ავწონოთ, გავიაზროთ ჩვენი მოქმედებანი, აზრები, გრძნობები და ყველაფერი ვაკეთოთ არა სიკვდილის შიშით, არამედ როგორც მოსიყვარულე შვილებმა, რომელთაც არ სურთ თავიანთი მამის განაწყენება. სულის ცხონება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ღვთისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ემთხვევა. ღვთის სურვილიც ხომ ადამიანის ცხონებაა. ამიტომაცაა, რომ როცა ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებს რაიმეს, იგი დაღუპვისკენ მიეშურება. ჩვენი ცხოვრების მანძილზე რაც არ უნდა შეგვემთხვეს, უნდა შევურიგდეთ მას და მადლობა შევწიროთ ღმერთს:

- იყოს ნება შენი, ღმერთო! იყოს ისე, როგორც შენ გსურს! რადგან მე ვარ მტვერი და ფერფლი მხოლოდ!



12. ლოცვაზე


ყოველი საქმის დაწყებისას შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, რადგან უფალი ამბობს:

- უჩემოდ ვერ შეძლებთ რაიმეს შექმნას.

ყოველთვის უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს ძალა ცოდვებთან საბრძოლველად.

ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. სწორედ ამიტომ უნდა გავიხადოთ იგი თანამგზავრად. გულში ყოველთვის უნდა გვქონდეს ლოცვა. ეს არც ისე ადვილი მოსაპოვებელია, მაშინ დახმარება ისევ ღმერთს უნდა შევთხოვოთ.

ველა მართლმადიდებელი ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას, რადგან სწორედ სახარება უნათებს ადამიანს გონებას, სულსა და გულს. როცა ჩვენ ვკითხულობთ საერო ლიტერატურას, ჩვენზე გადმოდის ის განცდები და ვნებები, რაც ავტორმა ამ წიგნში ჩადო და თვითონვე ვხდებით ისეთივე სულის. ხოლო როცა ვკითხულობთ სახარებას, მადლი გადმოდის, სულიც ქრისტესაგან, რომელიც სრულყოფილებას, მორჩილებას განასახიერებს, იღებს სიწმინდეს. სწორედ ქრისტეს დახმარებით მოვიპოვებთ უკვდავებას.

აუცილებად იკითხეთ სახარება! იკითხეთ ლოცვები დილას და საღამოს, ხატების წინ, აუჩქარებლად, სინანულის განცდით, იკითხეთ იესოს ლოცვა:

- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. 

როცა ასე ვლოცულობთ, ჩვენს გარშემო ნათელი მკვიდრდება და ბოროტ სულებს არ აძლევს ჩვენთან მოახლოების საშუალებას. ეს ძალიან მოკლე ლოცვაა, ძალიან მოსახერხებელი და ძლიერი. იგი ადამიანს იცავს მაცდური ფიქრებისაგან, ცდუნებისაგან. ამ ლოცვის სიძლიერეზე მეტყველებს ეს ამბავიც:

ერთხელ მემანქანემ ლიანდაგებზე დაინახა ბერი, რომელიც ანიშნებდა, რომ მატარებელი გაეჩერებინა. ძლივს გააჩერა და ძირს ჩავიდა. იქ კი ვერავინ ნახა. სამაგიეროდ იმ ადგილას, სადაც ბერს მოჰკრა თვალი, გადახსნილი ლიანდაგი იპოვა. რომ არ გაჩერებულიყო, მთელი ეშელონი დაიღუპებოდა. შეაკეთეს ლიანდაგი და ძებნა დაუწყეს. მაგრამ ამაოდ. უცებ მემანქანემ თვალი მოჰკრა ერთ კუპეში ბერს, რომელიც სკვნილზე ლოცულობდა.

- აი, ამან გამაჩერა! - შესძახა მან.

ყველანი მადლობის სათქმელად მივიდნენ ბერთან. - რას ამბობთ?! -გაიკვირვა მან.

- მე აქედან არსად გავსულვარ. სხვებმაც დაადასტურეს მისი ნათქვამი.

ასე მოავლინა უფალმა ამ ბერის ლოცვით ანგელოზი, რომელიც მისი სახით ეჩვენა მემანქანეს. ასე რომ, სადაც უნდა ვიყოთ - გზაში თუ შინ, ყველგან გულში ამ ლოცვას უნდა ვამბობდეთ, თუ გვინდა დაცული ვიყოთ ყოველგვარი განსაცდელისაგან.

ძალიან ძლიერი ლოცვაა აგრეთვე ღვთისმშობლის ლოცვა:

- ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა!

წმიდა მამათა გადმოცემით, ვინც ამ ლოცვას ყურადღებით დღეში 150-ჯერ წაიკითხავს, ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იქნება.

ხდება ხოლმე, რომ უფალი არ გვისრულებს თხოვნას. ეს იმის მანიშნებელია, რომ მისი შესრულება ჩვენთვის საზიანოა, ან შესაძლოა უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჯერ არ უნდა ჩვენთან განშორება, რადგან, როცა ადამიანი ლოცულობს, იგი ღმერთთანაა. ღმერთს ძალიან უყვარს, როცა მას ვესაუბრებით. იგი მაშინვე რომ გვისრულებდეს თხოვნას, მითუმეტეს იმათ, ვინც ჯერ არ გამტკიცებულა რწმენაში, ჩვენ მაშინვე დავივიწყებდით მას. უფალი თხოვნის შესრულებას რომ გვიჭიანურებს, ამით იხანგრძლივებს ჩვენთან ყოფნას. ადამიანი არც ერთ დღეს არ უნდა ტოვებდეს შრომისა და ლოცვის გარეშე. მაგრამ ყველას როდი აქვს შეგნებული ეს.

კაცი ნავში იჯდა და თევზაობდა. მასთან მივიდნენ ორნი და სთხოვეს მეორე ნაპირზე გადაყვანა. შუა მდინარეში ერთმა შეამჩნია ნიჩბებზე წარწერები: ერთზე ეწერა - ილოცე, მეორეზე - იშრომე.

- რატომ გაქვს ეს წარწერები? - იკითხა მან.

- იმიტომ რომ სულ გვახსოვდეს, საჭირო რომაა ლოცვა და შრომა.

- შრომა გასაგებია, მაგრამ ლოცვისა რა მოგახსენო. - გაეცინა მგზავრს.

მაშინ მენავემ ამოიღო წყლიდან ის ნიჩაბი, რომელზეც ეწერა - ილოცე.

ნავი ერთ ადგილზე დატრიალდა.

- რას შვები კაცო, ხომ არ გაგიჟდი?! ასე ხომ ნაპირზე ვერ გავალთ!

- ნამდვილად ვერ გავალთ. ახლა ხომ ნახე, რა ემართება ადამიანს, რომელიც არ ლოცულობს. ასე, ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. მარტო შრომით ადამიანი ფონს ვერ გავა, - უთხრა მენავემ და მეორე ნიჩაბიც შეაშველა ნავს.

ჩვენ მართლაც არ უნდა ვივიწყებდეთ ლოცვას, ერთმანეთსაც უნდა ვაშველებდეთ ხელს, ვზრუნავდეთ ერთმანეთზე. მხოლოდ ასე არ ავცდებით უკვდავების გზას.

ლოცვით ადამიანი ისეთ სიძლიერეს აღწევს, რომ თვითონაც შეუძლია სხვა ადამიანის სულის გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. ასეთი ძალა ჰქონდა წმინდა სერაფიმე საროველის ლოცვას.

ერთხელ მასთან მივიდა ქალი, რომელმაც სთხოვა ელოცა მისი გარდაცვლილი შვილის სულისათვის, ცოდვების მოუნანიებლად რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან. წმინდა სერაფიმე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და ჯერ იუარა, რომ ვერ შესძლებდა ამას. საერთოდ, ასეთი წმინდა ადამიანები ჩვენსავით იოლად როდი იჯერებენ თავიანთ შესაძლებლობებს. სწორედ ამის გამო უთხრა უარი წმინდანმა ქალს. არადა ლოცვის ისეთი ძალა ჰქონდა მინიჭებული, მიწას სცილდებოდა. ქალი არ მოეშვა. სერაფიმემ დაიწყო ლოცვა. ქალმა იგრძნო, როგორ გამოსტაცა წმინდანის მხურვალე ლოცვამ ეშმაკს პირდაპირ კლანჭებიდან ამ ჭაბუკის სული.



13. სულის საცხონებელი


ადამიანის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია ახლობლებმა მასზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ილოცონ. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა გადაუხადონ პანაშვიდი, მოიხსენიონ ფსალმუნებში, გასცენ მის სახელზე მოწყალება, რომ მოწყალების მიმღებმაც შეაწიოს მას ლოცვა.

მიცვალებულს ხომ არ შეუძლია თავის თავზე ლოცვა. ისინი სასოებით ელიან ჩვენგან ამას. განაკუთრებით ჩვენი ლოცვები მათ ეხმარებათ გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. როგორც ვიცით, ამ პერიოდში გაივლის მისი სული საზვერეებს, სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა. თუ ამ ხნის მანძილზე მისი სულისათვის ვილოცებთ, ეს დიდად შეუწყობს ხელს მისი სულის ჯოჯოხეთიდან დახსნას.

ერთხელ წმინდა სერაფიმეს ათონელმა ბერმა ასეთი რამ უამბო:

- ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა.

იქ მან ნახა ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შეაძრწუნა უზარმაზარი გახურებული ღუმელის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა.

- როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? - ჰკითხა კაცმა ანგელოზს.

- ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთელსაც ანთებდა, მარხვებს იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისაგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო. მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გადასცემენ საღმრთო ლიტურგიისას მის სახელზე სეფისკვერს, უტარებენ პანაშვიდებს, კითხულობენ ფსალმუნებს, გასცემენ მოწყალებას, და ასე საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ასეთი ტანჯვა გელის, თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას.

იმ დღიდან იწამა ღმერთი კაცმა და შემდეგ ბერადაც აღიკვეცა.

ჩვენ, მიწის მკვიდრთ, გამუდმებით უნდა გვახსოვდეს ჯოჯოხეთი, სანამ დრო გვაქვს, შევეცადოთ სულის განწმენდას. შესაძლოა ისეც მოხდეს, ჩვენთვის ვერავინ შეძლოს ლოცვა. ამიტომ ჩვენი თავი თვითონ უნდა ვიხსნათ ჯოჯოხეთისაგან.



14. ქრისტიანის დღე


დილით ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი ამოუდგება, მარცხნივ ეშმაკი და ორივენი ელიან, ვის სცემს იგი ძილიდან აღდგომილი თაყვანს. ამიტომ ქრისტიანი გაღვიძებისთანავე უნდა ადგეს, გადაისახოს პირჯვარი, მივიდეს ხატებთან, გააკეთოს სამჯერ მეტანია და მადლობა შესწიროს ღმერთს:

- გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, მშვიდობით რომ აღმადგინე. მაკურთხე დღესაც, მომეცი შემწეობა ეს დღეც ლოცვაში გავატარო, სიკეთე ვაკეთო და დამიფარე ხილული და უხილავი მტრებისაგან.

ამ ლოცვის შემდეგ უნდა წარმოვთქვათ იესოს ლოცვა. მერე დავიბანოთ პირი, ჩავიცვათ და ისევ მივიდეთ ხატებთან. მოვიკრიბოთ გონება, აზრი და შევუდგეთ დილის ლოცვების კითხვას. დამთავრების შემდეგ წავიკითხოთ ერთი თავი სახარებიდან. მერე ამოვირჩიოთ რომელიმე კეთილი საქმე და შინიდან გასვლისას წარმოვთქვათ იოანე ოქროპირის სიტყვები:

- განვედი ჩემგან სატანავ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ისევ გადაისახე პირჯვარი და შინიდან გასულმა, გზასაც შეუმჩნევლად გადასახე იგი. სამსახურისაკენ მიმავალმა გზაშიც იკითხე იესოსა და ღვთისმშობლის ლოცვა. თუ ამ დღეს სადილი შენ უნდა მოამზადო, სურსათ-სანოვაგეს ნაკურთხი წყალი ასხურე, ქურა სანთლით აანთე, სანთელი კი კანდელიდან, რომელიც გამუდმებით უნდა გენთოს ხატებთან. ამ წესების დაცვით მომზადებული საკვები გამოკვებავს არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც. კარგი იქნება, თუ სადილის კეთებისას ვიკითხავთ იესოს ლოცვას.



15. ცრურწმენა


ნამდვილი რწმენისაგან უნდა განვასხვავოთ ცრურწმენა. ცრურწმენაა, როცა სხვადასხვა მოვლენებს აღვიქვამთ რაღაც მინიშნებებად და აქედან გამომდინარე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხელისგულის, ცხვირის ქავილს, ცარიელი ვედროებით შემხვედრს, გზიდან მობრუნებას, კოვზის, ჩანგლის, დანის გადავარდნას და ასე დაუსრულებლივ. ზოგჯერ ჯვარს საკმეველს შეაბამენ, ანდა გულშეწუხებულს პირში ჩაუდებენ, ცხვირის დაცემინებისას კი ერთმანეთს ეუბნებიან:

- ჭეშმარიტებას რაღა შენი დამოწმება უნდაო.

ზოგჯერ ვინმეს თითქოსდა წმინდა წერილს უგზავნიან და აიძულებენ მის გადაწერას და სხვებისთვის გაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბედურებას უწინასწარმეტყველებენ. ყოველივე ამას არაფერი საერთო არა აქვს რწმენასთან და ქრისტიანობასთან.



16. საეკლესიო ლოცვა


ჩვენ ყველას სიცოცხლე უფალმა მოგვანიჭა. სამყარო ცხოვრების ზღვაა, ეკლესია კი მასში მოცურავე ხომალდი. მისი მესაჭე თავად უფალია. მხოლოდ ეკლესიას შეუძლია გვაპოვნინოს უკვდავებისაკენ მიმავალი გზა. არსებობს ორი ეკლესია: ზეციური და მიწიერი.

ზეციური ეკლესია დღესასწაულებისთვისაა განკუთვნილი, მიწიერი კი ცოდვებთან საბრძოლველად. ზეციური ეკლესია ყველა ზეციური ძალისა და წმინდანებისაგან შედგება, მიწიერი კი - მორწმუნეთაგან. ეს ორი ეკლესია ერთად მსოფლიო ეკლესიას შეადგენს, რომლის მეუფე თავად ქრისტეა.

ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ყველაზე ძლიერ ლოცვას საეკლესიო ლოცვა წარმოადგენს. ამ ლოცვას შეუძლია ადამიანი ცეცხლისაგან დაიფაროს, ამოიყვანოს ზღვის ფსკერიდამ, ეს ლოცვა ცასაც წვდება და მისი შეძვრაც კი შეუძლია. ასეთივე ძალა აქვს დედის ლოცვასაც.

ზოგი ეკლესიაში წასვლას შინ ლოცვას ამჯობინებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე შინ წაკითხული მთელი ფსალმუნი. ეკლესიაში შესრულებული ერთი მეტანია შინ გაკეთებულ ათასს მეტანიას უდრის. ლიტურგიისას გულმხურვალე ლოცვა კი შინ 6000-ჯერ წარმოთქმულ იესოს ლოცვის ტოლია.

ეკლესია დედამიწაზე ზეცის ნაწილია, ამიტომ როცა მის ზღუბრლს გადააბიჯებ, უნდა გახსოვდეს, რომ მიწიდან ზეციურ სამყოფელში შეხვედი. აქ, საკურთხეველში, ქერუბიმებთან და სერაფიმებთან, უხილავად სუფევს უფალი. ტაძარში კრძალვით უნდა შეხვიდე, შეასრულო სამი მეტანია, თაყვანი სცე ცოცხალ ღმერთს.

ლიტურგიისას მშვიდად უნდა იდგე. არ შეიძლება ეკლესიაში უაზროდ სიარული, საუბარი და სიცილი. ხატთან სანთელს რომ დაანთებ, შეეცადე მასთან ილოცო, სანამ არ დაიწვება. ლიტურგიის დროს ხდება მსხვერპლშეწირვა. ასეთი მსხვერპლშეწირვა დაახლოებით 2000 წლის წინ მოხდა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე სრულდება ეს რიტუალი. ყოველ ლიტურგიაზე მთელი კაცობრიობის ცოდვებს თავიდან ეწირება მსხვერპლად ძე ღვთისა - იესო ქრისტე. ამ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს მღვდელმსახური. ლიტურგიას ესწრებიან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები. ყველა ქრისტიანი ვალდებულია ყოველ კვირას დაესწროს ლიტურგიას.

ერთი ღრმად მორწმუნე ექიმი იგონებს:

- უკვე 80 წლისა ვარ და უძლურების გამო ლიტურგიის დროს უმეტესად ვზივარ. თუმცა სურვილი კი მაქვს, ვიდგე. და აი, ერთ-ერთი ლიტურგიისას, როცა დიაკვანმა წარმოთქვა სიტყვები: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა! - ვიგრძენი, როგორ დატოვა ჩემმა სულმა სკამზე მჯდომი ჩემი სხეული და საკურთხეველში აღმოვჩნდი. ტრაპეზის გარშემო დავინახე გასხივოსნებული ქერუბიმები, სერაფიმები და წმინდანები. მღვდელი ლოცულობდა. დასასრულს მგალობლები შეუერთდნენ:

- შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო!

მღვდელმა აღაპყრო ხელები და სამჯერ წარმოთქვა ლოცვა და შესთხოვა უფალს სული წმიდა გადმოსულიყო წმიდა ნაწილებზე. იქვე ჩემს თვალწინ გადაიქცა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად. ცეცხლში გაეხვია წმიდა ნაწილები და თვითონ მღვდელიც. ბარძიმიც ცეცხლში იყო გახვეული. როცა მღვდელი ამბიონზე გამოვიდა და წარმოთქვა:

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით!

ბარძიმიდან ცეცხლის ნაწილები გადმოსცვივდა და ტაძარში მდგომთაგან ზოგიერთს დაეცა. მღვდელი აზიარებდა მრევლს. ზიარების დამთავრების შემდეგ ჩემი სული სხეულს დაუბრუნდა.

ასე გაუხსნა რწმენით სავსე ქალს საკურთხევლის კარი ღმერთმა საღმრთო ლიტურგიის დროს. მართალია, საკურთხეველში ქალის შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ეს ღვთის ნებით მოხდა, რათა მოხუცს მთელი არსებით შეეგრძნო ღვთის მსახურების უდიდესი მნიშნვნელობა და ძალა.



17. წმიდა ზიარება


- ზიარებისას ადამიანის სხეულს უერთდება ქრისტეს სხეული, როგორც ცეცხლში წრთობისას რკინა იღვრება მასში, და ამ დროს ადამიანის სული და სხეული ისეთ ბრწყინვალებას იძენს, როგორიც ქრისტეს ნაწილებს აქვს. - ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი.

როგორც ადამიანი ვერ უსწორებს თვალს მზეს, ასე ბოროტიც ვერ უსწორებს თვალს იმ ადამიანს, რომელმაც ღირსეულად მიიღო ქრისტეს წმიდა ნაწილები.

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს:

- წმიდა ზიარების მიღების დღეს გარდაცვლილი ადამიანი საზვერეების გვერდის ავლით ანგელოზებს პირდაპირ სამოთხეში მიჰყავთ. ეს მისი უცოდველობის გამო კი არა, არამედ იმ წმიდა ნაწილთა წყალობით ხდება, რომელიც მან მიიღო. ამ ნაწილებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ.

ერთხელ ერთმა დარდიმანდმა ყმაწვილმა, იქვე ტაძრის ეზოში გადმოაფურთხა ეს ნაწილები. შეშფოთებულმა მებაღემ აკრიფა ისინი და ფრთხილად დაასვენა ფუტკრების სკაში. შემდეგ კი ეპისკოპოსს მოახსენეს ეს ამბავი. ეპისკოპოსი დიაკვანთან და მგალობლებთან ერთად მივიდა სკასთან. ყველამ ერთად სამჯერ მოიყარეს მუხლი ამ წმიდა ნაწილების წინაშე, მერე გააღეს სკის კარი, საიდანაც ფუტკრები ამოფრინდნენ და ჯვრის სახედ განლაგდნენ, შუაგულში გამოისახა ღვთის თვალი. ეპისკოპოსმა და მისმა მხლებლებმა ცვილისაგან გააკეთეს პატარა კუბო, შიგ ჩაასვენეს ეს ნაწილები და ასე წაიღეს ტაძარში.

საერთოდ, წმიდა ზირებისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადოს ადამიანი. ზიარებამდე სამი, ოთხი დღე იმარხულოს, ხოლო წინა საღამოს თავი უნდა შეიკავოს ვახშმისგან. ღამით უნდა წაიკითხოს ზიარების წინ საკითხავი ლოცვები.

ამის შემდეგ არ უნდა გაგიჩნდეს ისეთი გრძნობა საკუთარი თავისადმი, თითქოსდა ღირსი იყო ზიარებისა. თუმცა ის კი უნდა იფიქრო, რომ ღმერთი მოწყალეა და თავისი კაცთმოყვარების გამო გაზიარებს წმიდა ნაწილებს.

მაგრამ თუ სინდისის ქეჯნამ შეგიპყრო იმის გამო, რომ აღსარებაზე ბოლომდე გულწრფელი არ იყავი, მაშინ არ ეზიარო, რადგან ამით კიდევ უფრო დიდ ცოდვაში ჩავარდები, დიდში კი არა სასიკვდილო ცოდვაში. ზიარების წინ ყველას უნდა სთხოვო შენდობა იმ შეცოდებათა გამო, რაც მათ წინაშე ჩაგიდენია. აუცილებელია ზიარების ნებართვა მოძღვრისგან აიღო.

არ შეიძლება ზიარება სხეულის განწმენდის დროს. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ზიარების შემდეგ მეორე დღემდე მეტანიების გაკეთება არ შეიძლება. უნდა შეეცადოთ, პირიდან არ გადმოაგდოთ ლუკმა, იმ დღეს საერთოდ უნდა მოერიდოთ კურკოვანი ხილის ჭამას. არ უნდა გაიწმინდოთ კბილები 24 საათის განმავლობაში. მოერიდეთ ბევრ ლაპარაკს, თავი შეიკავეთ განკითხვისაგან, იკითხეთ სახარება, იესოსო ლოცვა, დაუჯდომელი, წმინდა წიგნები.

ქრისტიანი უნდა დაქორწინდეს აუცილებლად ჯვრისწერით. მეუღლეებმა არ უნდა დაარღვიონ ერთგულების ფიცი. უნდა შეეცადოთ იყოთ ტაძარი ღვთისა, იაროთ ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას, ყველა დღესასაწაულზე. უბედურია ის კაცი, რომელიც თუნდაც ერთ კვირას არ დაესწრება ლიტურგიას, რადგან ამ დღეს ის ვერასდროს დაიბრუნებს.

მოციქულთა წესდებაში ნათქვამია:

- ვინც არ დაესწრება საღვთო ლიტურგიას სამი კვირის განმავლობაში ზედიზედ უმიზეზოდ, იგი სული წმიდის მიერ განიკვეთება ეკლესიისაგან. ეს კი ნიშნავს უკვდავების გზიდან განკვეთას და მას დაეპატრონებიან ბოროტი ძალები, რომლებიც ჯოჯოხეთისთვის განამზადებენ.

ძალიან ცდება ის, ვინც ეკლესიაში სიარულს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. სწორედ ეკლესიაა დასაწყისი და დასასრული ჩვენი ცხოვრებისა დედამიწაზე, მისი გაგრძელება კი ზეცაშია.



18. მარხვა


ეკლესიიდან იდევნება ყველა იქ ქრისტიანი, ვინც არ იცავს დაწესებულ მარხვას. წმიდა პახომი დიდი და სერაფიმე საროველი ასეთ ადამიანებს იუდად მოიხსენებდნენ. ასევე იხსენიებენ რომაელ მეომრებს, მათ, ვინც ჯვარს აცვეს მაცხოვარი. ეკლესიის მიერ, იმ დღეთა აღსანიშნავად, რომელ დღეებშიაც გაიცა და ევნო მაცხოვარი, მარხვის დღეებად დაწესებულია ოთხშაბათი და პარასკევი. სწორედ ამიტომ ეს დღეები გლოვის დღეებია ყველა ქრისტიანისათვის. ბევრი მარხვას ვითომდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მომიზეზებით არღვევს. მაგრამ ჯანმრთელობას ადამიანს ღმერთი აძლევს და არა საკვები. საერთოდ, ღმერთმა ადამიანს თავიდან მცენარეები დაუდგინა საკვებად. ჩვენი ორგანიზმი მართლაც ადვილად ინელებს ასეთ საკვებს, სამაგიეროდ ცხოველური საკვები მალე აბერებს მას. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც მიირთმევენ ხორცს, იმის მომიზეზებით, თითქოსდა იგი აუცილებელია ძალების მოსაკრებად. მაგრამ განა ცხენი, რომელიც დიდი ძალით გამოირჩევა, ხორცით იკვებება?! ანდა სპილოს ან ხარს ძალა აკლიათ იმის გამო, რომ არ ჭამენ ხორცს?! მაშასადამე მცენარეული საკვებიც მოიცავს იმ ნივითიერებას, რაც ძალასაც აძლევს მათ.

წმიდა მამები ამბობენ, რომ ჩვენი სხეული ის სახედარია, რომლითაც ადამიანმა უნდა შეაბიჯოს ზეციურ იერუსალიმში და იგი ზომიერად თუ არ გამოკვებეთ, ვერ მიგვიყვანს დანიშნულ ადგილამდე, ხოლო, თუ ზედმეტი მივაწოდეთ, გაგიჟდება. საერთოდ, საკვების მიღება მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა ხდებოდეს. არც უნდა ვიშიმშილოთ და არც უნდა გადავტვირთოთ ჩვენი სხეული.

ადამიანს, რომელიც მარხულობს, ღმერთი იფარავს. ამაზე კარგად მეტყველებს იმ მოხუცი ქალის ამბავი, რომელიც ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებს საგულდაგულოდ იცავდა. ერთხელაც ძროხა გაყიდა და შინისაკენ მიმავალს გზაზე შემოაღამდა. იძულებული გახდა ღამე გზად შემხვედრ სახლში გაეთია. იმით გახარებულმა, რომ ამ ადამიანებმა შეიფარეს, გულუბრყვილოდ გაანდო მათ, რომ ძროხა გაყიდა, თანხაც აჩვენა. მასპინძლები დახარბდნენ თანხას და გადაწყვიტეს, ქალი რომ დაიძინებდა, მოეკლათ და ჩუმად დაემარხათ, ფული კი მიეთვიდებინათ. ის-ის იყო თავიანთი განზრახვა უნდა აესრულებინათ, კარზე რომ დააკაკუნეს. ორი ყმაწვილი დაჟინებით ითხოვდა სტუმრის გამოყვანას. მასპინძლებმა ჯერ იუარეს, ჩვენთან არავინ არ არისო, მაგრამ ყმაწვილები რომ არ მოეშვნენ, გააღვიძეს მოხუცი და მათთან გაიყვანეს. თვალისდახამხამებაში მოხუცი თავის სახლში აღმოჩნდა. სახელები რომ ჰკითხა ყამწვილებს, მათ მიუგეს:

- ოთხშაბათი და პარასკევი.

ქალს გაოცება რომ შეამჩნიეს, დაამატეს:

- დიახ, ჩვენ სწორედ ის დღეები ვართ, რომელთაც შენ ყოველთვის ისხენიებ და მარხვას ინახავ. ამ ერთგულებისთვის გამოგვგზავნა უფალმა, რათა დაგვეხსენი იმ მასპინძლების ხელიდან, რომელთაც შენი მოკვლა უნდოდათ. ქალმა მადლობა შესწირა უფალს.

ღმერთი არასდროს ივიწყებს თავის ერთგულ ადამიანებს და ყოველთვის მფარველობს მათ.



19. ჯვრის ძალა


ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ატაროს ჯვარი, რადგან ჯვრის გარეშე იგი იმ უიარაღო მეომარს ჰგავს, რომელსაც ადვილად ამარცხებს მტერი. სწორედ ჯვარია სამყაროს მფარველი, ეკლესიის მშვენება, ანელოზთა დიდება და დემონთა დაუძლეველი წინაღობა. ამიტომ უნდა ვატაროთ ჯვარი სულ და თაყვანის ვსცეთ მას. ჯვარი ადამიანს გასაცდელისაგან იფარავს.

ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მოუყვებოდა. მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულები ასეთი დიალოგის მსმენელები გახდნენ:

- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან! - ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ!

- ვერ მოვახერხე! - უპასუხა მეორე ხმამ. - ჯვარმა დაიფარა. მაგრამ შენ! შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?

არ უკეთია, მაგრამ მან სახლიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.

- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართეს ორივემ.- შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს ხოლმე?!

- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი სახლიდან გასულს სიტყვებით:

- ჯვარი გწერია შვილოო.

მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა.

ეს ხმები ეშმაკებს ეკუთვნოდათ. ისინი ყოველთვის თან დაჰყვებიან ადამიანს. როგორც კი ხელსაყრელ დროს იპოვიან, მაშინვე ცდილობენ მის დაღუპვას. ამიტომაც უნდა ვატაროთ სულ თან ჯვარი და ყველაფერსაც უნდა გადავსახოთ იგი, რომ ასე განვდევნოთ ეშმაკები. თუ ჯვრის გადასახვა აშკარად არ შეგვიძლია, მალულად უნდა გავაკეთოთ ეს.

საერთოდ ყველა ქრისტიანი უნდა ატარებდეს თავის სულიერ ჯვარს.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უგზავნის უფალი ავადმყოფობას და მწუხარებას მას, ვისაც უკვდავებისთვის ირჩევს, რათა ასე გამოაწრთოს მისი სული. ამიტომაცაა მათი ცხოვრება უფრო მძიმე, სხვებთან შედარებით.

წმიდა მამა აბბა პიმენი ამბობს:

- კეთილ საქმეს აუცილებად მოჰყვება რაიმე განსაცდელი. ეს კი იმის ნიშანია, რომ ღმერთმა მიიღო შენი სიკეთე. და თუ ვინმე ამის გამო ღვთის სამდურავს ამბობს, არასწორად იქცევა, რადგან, მოთმინებითა შენითა უნდა მოიპოვო სული შენი.



20. ჭეშმარიტი ქრისტიანი


ჭეშმარიტი ქრისტიანი მაშინ ხდება ადამიანი, როცა მთელი სულითა და გულით შეიყვარებს ღმერთს და როცა მოყვასი საკუთარი თავივით უყვარს. ეს კი ნიშნავს ცხოვრობდე სხვათა საამებლად, და არა საკუთარი სიამოვნებისთვის. ასეთ სიყვარულში მჟღავნდება ღვთის სიყვარულიც. არასდროს არ უნდა ვაწყენინოთ სხვას, არავისზე არ უნდა ვთქვათ ცუდი, სულ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. ეკლესიაში უნდა ვიაროთ ყოველ შაბათ-კვირას, ყოველ დღესასწაულზე, უნდა გვახსოვდეს, რომ კვირა დღე უფლის დღეა. ამ დღეს ღვთისმსახურებას ყველა მლოცველი ესწრება, ამ ქვეყნისანიც და ზეციერნიც. უნდა ვიყოთ ეკლესიის, ქრისტეს მორჩილნი. მკაცრად უნდა ვიცავდეთ მარხვას, ოთხშაბათსა და პარასკევსაც. უნდა ვკითხულობდეთ დილისა და საღამოს ლოცვებს, სახარებას, ფსალმუნებს, წმიდა წიგნებს. გამუდმებით უნდა ვამბობდეთ იესოს ლოცვას, ღვთისმშობლის ლოცვას.

ცოდვის ჩადენისთანავე უნდა მოვინანიოთ იგი, რომ მოძღვრისგან მივიღოთ შენდობა. ყველგან უნდა ვიქცეოდეთ სამაგალითოდ, თავს უნდა ვიკავებდეთ ზედმეტი ემოციებისაგან. არ უნდა მივეცეთ ვნებებს და განცდებს, უნდა დავთრგუნოთ ისინი.

როცა ღმერთი დაინახავს, რომ განწმენდისაკენ მივისწრაფვით, თვითონვე დაგვეხმარება და მოგცემს ამის ძალას.

აი, რას ამბობს უფალი:

„უკეთუ ვინმეს ვუყვარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხენ, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მივიდეთ მისსა და მის თანა დავადგრეთ“ (იოან. 14, 23).

ასეთი მართლმადიდებლური რწმენა იოლად როდი მოვიდა ჩვენს წინაპრებთან. იგი განბანილია წმინდანთა სისხლით, გამოწრთობილია გავარვარებული რკინით, მისთვის ეწამა მილიონობით მორწმუნე.

იყო დრო, როცა ქრისტიანები სისხლით იცავდნენ სარწმუნოებას. ასე მოიტანეს მათ ჩვენამდე ეს რწმენა და იგი ჩვენ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ასე უნდა გაგრძელდეს უფლის მეორედ მოსვლამდე.

ერთგულნი უნდა ვიყოთ ეკლესიისა, სიკვდილამდე უნდა ვუერთგულოთ ქრისტეს, რათა ვერავითარმა უბედურებამ, შიშმა თუ სირცხვილმა ვერ გადაგვახვევინოს ჭეშმარიტების გზიდან.

„ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“. - ამბობს პავლე მოციქული (ეფეს. 4, 5).

ჭეშმარიტი რწმენა ერთია და მას მართლმადიდებლობა ეწოდება. ეშმაკი ცდილობს დაჰყოს ეს ჭეშმარიტება, ბზარი გაუჩინოს. იგი აცდუნებს ხალხს და აბამს მათ სხვადასხვა სექტებში. ვაი მათ, ვინც განუდგება მართლმადიდებელ ეკელესიას. მათ უდიდესი სასჯელი ელოდებათ ღვთის ღალატისათვის, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდგომისათვის.

ეკლესია ის გოლგოთაა, რომელსაც ვერავინ შეარყევს. რამდენჯერ დაესხა მტერი მას?! დღეს მათი სახსენებელიც არსადაა, ეკლესია კი დგას ურყევად, მედგრად, რადგან მისი საძირკველი თვით ქრისტეა, უძლეველი ქრისტე. და სულ ასე იქნება სამყაროს დასასრულამდე. რამდენჯერაც უნდა შეეცადონ ჯოჯოხეთის ძალები მასზე აღზევებას, იმდენჯერვე დამარცხდებიან, რადგან იგია სვეტი.


orthodoxy.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий