четверг, 22 августа 2013 г.

ადამიანო, რად გადაგიწყვეტია ტალახში გორაობა და მყრალი წყლის დალევა?!

რიგითი ადამიანები, ფემინისტები თუ გენდერული ბალანსის მომხრე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ბევრს საუბრობენ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ამას, ხშირ შემთხვევაში, თავისუფლებითა და დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით გამეფებული დემოკრატიით ხსნიან. ან ვერ აცნობიერებენ წმინდა წიგნებში დაწერილ ჭეშმარიტებას ქალწულობისა და უბიწობის შესახებ, ან მათ მიმართ, უბრალოდ, ინდიფერენტულები არიან. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მიქაელ გვარამაძე.


_ სიტყვა ,,ქალიშვილობა» ძველ დროში უბიწოებასთან ასოცირდებოდა და ეს ძალზე დასაფასებელი იყო, ახლა კი ის ერთგვარ დაცინვადაც იქცა. თითქოს ქართველის ბუნება და ხასიათი სხვა რელსებზე გადავიდა. სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი და უნდა შევაჩეროთ თუ არა ამგვარი დამოკიდებულება? 
_ ჯერ მოდით, სიტყვა ,,ქალიშვილობა» ჩავანაცვლოთ სიტყვით «ქალწულობა» (როგორც უწინ ერქვა). ეს უფრო კარგად გამოხატავს სიტყვის შინაარს. ქალწულობა ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, რომელიც მისი ცოდვასთან შეუხებლობით ხასიათდება. უბიწოება კი მისი თვისებაა, რომელიც ცხოვრების წესით განისაზღვრება. ადამიანს ევალება ქალწული იყოს სულითაც და ხორცითაც, რაც, უპირველესად, წმინდად ცხოვრებას ნიშნავს. ცოდვა კი სიწმინდის შელახვაა. ქალწულობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღმერთმა იგი მცნებაშიც კი ჩადო. მრუშობა ცოდვაა და უბიწოების დაკარგვის მიზეზია.


ადამიანებმა, უპირველეს ყოვლისა, არ იციან, რა არის ცოდვა. ჯერ ამის ცოდნაა აუცილებელი, რის შემდეგაც შეიძლება ვისაუბროთ, რატომაა ცოდვა ესა თუ ის ქმედება, ყველაფერი მაინც ადამიანის სულიერი უვიცობის ბრალია, თუ ის საკუთარ თავს არ იცნობს, მაშინ არც ის იცის, რა უნდა. შესაბამისად, მისი არჩევანი ხშირად შეიძლება მცდარი იყოს. პიროვნების განვითარების ეტაპები მეტად რთულია და გარემო პირობებზე ბევრადაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დღეს ადამიანებს სჭირდებათ განმარტება, თუ რით განსხავდებიან ცხოველებისგან. ფესვები ადამიანის სულიერი უვიცობისა ძალიან შორსაა და ძნელი მოსაძიებელია. რაც საზოგადოებისთვის შეიძლება ნორმა იყოს, ის ყოველთვის როდი არის სწორი და მისაღები. ცრუ რეალობა ამახინჯებს ადამიანის სულიერ სამყაროს და არასწორ ფოკუსში წარმოაჩენს ცხოვრების არსს. ზნეობრივი ნორმები სულის მცნებების გამოძახილია. თუ ადამიანი საკუთარ თავს ცხოველზე ოდნავ განვითარებულად წარმოაჩენს, მაშინ მისთვის სულიერი კანონები არ იარსებებს და ყალბი ზნეობის კანონებით იცხოვრებს.


უბიწოებას შეიძლება იმან დასცინოს, ვის სულშიც ცოდვაა, რადგან სიწმინდე მამხილებელია ყოველი დაბინძურებული შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანისთვის. სწორედ ეს მხილება აყვირებთ, რადგან სჯობს, თავს დაესხნენ, ვიდრე მხილებულები იყვნენ. მწარედ ცდება ცოდვის ამრჩევი ადამიანი, რადგან უბიწოება და სიწმინდეა ის იარაღი, რომელიც საუკუნეებს უძლებს. სწორედ ამ იარაღის მოპარვას ცდილობენ ღვთის მოწინააღმდეგენი. საზოგადოებას ცოდვა უფრო უყვარს, ვიდრე მადლი. ამის უპირველესი მიზეზი კი ამპარტავნებაა. მცოდნე ადამიანი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, ყურადღება მიიქციოს და თავისი წესები შესთავაზოს გარშემომყოფთ. საკუთარი თავის შემცნობნი კი მოკრძალებით, თავმდაბლად აკეთებენ თავიანთ საქმეს. ქართველი ერის სულიერი გამოცოცხლება საკუთარი თავის შეცნობაშია. შეიძლება ტაძარში იდგე, ქადაგებას უსმენდე, წიგნებს კითხულობდე, მაგრამ საკუთარ თავში ღმერთი ვერ იპოვო, რადგან უამრავი ნაგავი აყრია შენს სულს, რის გამოც ადამიანი ოხრავს და გმინავს. ის თითქოს სხეულით ჯანმრთელია, მაგრამ მაინც ცუდად არის, ვერ გაუგია მიზეზი უბედურების.


სულის სახლი სხეულია და სული მისი საშუალებით სჩადის ცოდვას ან მადლს. რატომ ერიდება ადამიანი ტალახის გუბეს, რატომ არ წვება შიგ და არ ნებივრობს, როგორც ღორი?! მაშ, რად აჭირვებს თავის სულს მრუშობით, მკვლელობით, ქურდობით?! მას ვერ გაურკვევია, რომ ცოდვა სულისთვის ის ტალახის გუბეა, რომელშიც ჩაწოლას არ ისურვებდა. ვინ სვამს ამღვრეული და დაბინძურებული წყაროდან წყალს?! მაშ, ადამიანო, რად გადაგიწყვეტია ტალახში გორაობა და მყრალი წყლის დალევა?!


ცოდვა და მადლი ნაყოფით იცნობა. ღმერთმა ყველაფერი მშვენიერი შექმნა და ჩვენ რატომ ავირჩიეთ ცოდვა სამოთხეში, რის გამოც დავეხეტებით დედამიწაზე და ჩვენი ადგილი ვერ გვიპოვია?! ადამიანი მუდმივად ეძიებს თავის საქმეს, შემდეგ კი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რა მიზნისთვის უნდა გააკეთოს ის. ვინაა ის, ვისთვისაც მთელი ცხოვრება უნდა დახარჯოს და ვის უნდა მიართვას საბოლოოდ სიყვარულით გაკეთებული საქმე. ის, ვისაც ჩვენს გაკეთებულ საქმეს მივართმევთ სახილველად და მოსასმენად, მშვენიერი უნდა იყოს. ჩვენ, ყველანი ხომ ვცდილობთ, შესაძლებლობების მიხედვით, საუკეთესო ამოვირჩიოთ. უბიწოდ ცხოვრება დიდი შრომის, მოთმინების, უძილო ღამეების, ცრემლის, დიდი რწმენის ფასად მიიღწევა. იქნებ სწორედ ამიტომ ერიდებიან ადამიანები ამ მეტად ძნელ საქმეს და უფრო ადვილად მისაღწევ, მოუთმენლობის, სიზარმაცის, შურის, დაჩაგვრის, ცოდვის გზას შედგომიან?! თითქოს ცდილობენ, გულის წუხილი და სულის ტკივილი ცოდვაში განაქარვონ. ჭრილობას მალამო კურნავს. ადამიანს კი ცოდვასთან მეგობრობა არ გამოადგება. ის სამოთხეში უფლის ხატად და მსგავსადაა შექმნილი საუკუნო სიცოცხლისთვის, ბედნიერებისთვის.
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ადამმა და ევამ არ იცოდნენ, რა იყო წუხილი, დარდი, ჯავრი. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სამოთხეში. ბედნიერება, რომელსაც ასე გამალებით ეძებს ადამიანი, ამ ქვეყანაში ცოდვისგან გარიდებაში და ღმერთთან დაახლოებაშია. ნებისმიერი საშუალებით უნდა ეცადოს ადამიანი, რომ გარშემო ყველაფერი სამოთხეს დაამსგავსოს. რასაც დავცინით, იქნებ იქიდან დავიწყოთ ბედნიერების ძებნა? ადამიანი ცოდვამ სამოთხიდან გამოაძევა და მემკვიდრეობით სიკვდილი მიიღო. ყველა ადამიანს აქვს სამშობლოში დაბრუნების შანსი. მისი ცხოვრება, რომელიც საკუთარი თავისა და უფლის შეცნობაში უნდა გაატაროს, მის მიერ მოპოვებული სათნოებები და უკიდეგანოდ დიდი სიყვარულია, რომლის საშუალებითაც თითოეულს შეუძლია დიდი ბედნიერება იპოვოს.


_ არაერთხელ მომისმენია ერთსა და იმავე ადამიანისგან ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები ქალიშვილობის ინსტიტუტის გაუქმებასთან და ქალიშვილობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, თითქოს სიტუაციიდან გამომდინარე საუბრობენ და საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველთა გარკვეული ნაწილი გარეგნულად ევროპელებს ბაძავს, ხოლო შინაგანად სრულიად საპირისპირო შეხედულებები გააჩნია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თვითონ ქართველობა თავისი მენტალიტეტით ხომ არ გახდა ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სასირცხვილო?
_ სანამ ვინმეს მიბაძავ, კარგად უნდა გაიცნო. შემდეგ კი, თუ რამე აქვს კარგი, უნდა შეისწავლო და განვითარდე. სირცხვილია მსჯელობა იმაზე, რაც არ გესმის, უთუოდ შერცხვები არა მარტო თანამოაზრეებთან, არამედ საზოგადოების წინაშე, რომელიც გამადიდებელი შუშით გიყურებს. თუ რამის თქმას გადაწყვეტ, რამე ფასეული უნდა თქვა, შენს გვერდით მდგომს რომ გამოადგება, სხვა შემთხვევაში კი, დუმილი სჯობს. ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი _ თავისაზე. ეს ყოველივე კი იმის შედეგია, რომ ვეღარ გაერკვა ქართველი ადამიანი, თუ რა არის მისთვის ფასეული, ან შეგნებულად, არასწორი ხერხებით ცდილობს მის დაცვას. ევროპას სანამ მივბაძავთ, საკუთარი ქვეყნის ისტორია უნდა შევისწავლოთ და კარგად დავუკვირდეთ იმ წმინდანების ცხოვრებას, რომლებიც სიწმინდის შელახვას სიკვდილს ამჯობინებდნენ. ხომ არ ჯობია, ყველამ საკუთარ თავს მოვთხოვოთ უბიწოების, უცოდველობის, მიმტევებლობის დოკუმენტი, სიყვარულით ბეჭედდასმული?! იქნებ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მაშინ ამდენ გაურკვეველ და დასაცინ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებით.


_ ქორწინება, ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაშინ არის ღირსეული, როდესაც ის ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული (ჩვენი სარწმუნოებაც სწორედ ამ აზრის გამტარებელია). აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი ერთგვარ იარლიყს ხომ არ წარმოადგენს ქალისთვის, როგორც უბრალოდ გასაყიდი საქონლისთვის?
_ ქორწინება საიდუმლოა, ორი ადამიანის კავშირი უფლისა და ერთმანეთის სიყვარულზე დაფუძნებული. სიყვარული, უპირველესად, სულიერი კავშირია, რომელიც ურთიერთპატივისცემაზეა დაყრდნობილი. სადაც სიყვარულია, იქ შეცდომების მიტევებაა. შეუცდომელი კი არავინაა და, როგორც მიუტევებ, ისე მოგეტევება. სიყვარულს შეუძლია უძლური ძლიერად გადააქციოს, ცოდვილი _ უცოდველად, მრუში კი _ უბიწოდ. ქორწინების უპირველესი საქმე შვილიერებაა. თუ გინდა კარგი მოსავალი მიიღო, მარცვალი ნოყიერ და წმინდა ნიადაგზე უნდა დათესო. ქორწინება საიდუმლოა, რომლის წარმატებულობა სულიერ და ხორციელ უბიწოებაზე, ერთგულებაზეა დამოკიდებული. ოჯახი ის ქურაა, რომელშიც მომავალი თაობები იჭედებიან დიდი და სასახელო საქმეებისთვის.


_ თქვენი აზრით, როგორ და რა დოზით უნდა ჩაერიოს ეკლესია საერო საკითხებში?


_ რატომ ეშინიათ ასე ეკლესიის? ალბათ, იმიტომ, რომ, ვინც სიწმინდეს შეეხება, მხილებულ იქნება თავის საქმეებში. ყველამ კარგად იცის, რომ უზენაესი ღმერთის მცნებებია, რომელზეც დგას მთელი ქვეყნიერების სამართალი. იციან, რომ, თუ ეკლესია ჩაერევა საერო საქმეებში, ყველას მოუწევს პასუხისგება უფლისა და ერის წინაშე. ყოველ ადამიანს მოუწევს, შერცხვეს თავისი უმოქმედობისა თუ არასწორი ქმედების. ვის აძლევს ხელს, საკუთარი ცოდვები მთელი ქვეყნის წინაშე გამოამზეუროს?! რატომ ეშინია ადამიანს ასე სიმართლის?! რატომაა ასე ძნელი აღიარება იმის, რაც სწორია და გწამს? რამდენი ქრისტიანის სისხლით მორწყულა ქუჩები! ეკლესია, ადამიანების უძლურების გამო, იმ დოზით ჩაერევა საერო საქმეებში, რამდენადაც მას საშუალებას მისცემენ. უფალი ხსნას სთავაზობს, ადამიანი კი თავისი თავისუფალი ნებით იღებს ან არ იღებს შემოთავაზებებს.


ორშაბათს ფერიცვალების დღესასწაული იყო. მთელ ერს ვუსურვებ სულიერ ფერიცვალებას, ყოველ ადამიანს ეპოვოს საკუთარ გულში უფალი.


ესაუბრა
შორენა ღვაჩლიანი



http://geworld.ge/View.php?ArtId=5166&Title=adamiano,+rad+gadagiwyvetia+talaxSi+goraoba+da+myrali+wylis+daleva?!&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий