четверг, 1 августа 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი ოცდამეშვიდე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი ოცდამეშვიდე


1. თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.

2. სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.

3. მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.

4. მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?

5. ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.

6. მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.

7. მაძღარს გოლეული ეზიზღება, მშიერისთვის კი ყოველგვარი მწარე ტკბილია.

8. რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი ადგილიდან აბორიალებული კაცი.

9. ზეთი და საკმელი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის გულითადი რჩევა უფრო ტკბილია.

10. შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.

11. შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს.

12. საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.

13. აიღე მისი სამოსი, რადგან სხვას დაუდგა თავდებად, და უცხო ქალის სანაცვლოდაც დაიხუთე იგი.

14. დიდი ხმით თავისი მეგობრის მაკურთხებელი და დილაუთენია გამღვიძებელი მის მაწყევრად შეირაცხება.

15. რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;

16. მისი დამმალავი ქარს მალავს და მარჯვენა ხელით ზეთს იმუჭავს.

17. რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.

18. ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის დამცველს კი პატივი მიეგება.

19. როგორც წყალში სახე სახის პირისპირაა, ასევე კაცის გული კაცის პირისპირაა.

20. როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.

21. ბრძმედი ვერცხლს და ქურა ოქროს, კაცს კი მისი მაქებარი ბაგე გამოარჩევს.

22. რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ მოსცილდება.

23. კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე შენს ნახირს.

24. რადგან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობას.

25. გაითიბება ბალახი და ამოდის ჯეჯილი და იკრიფება მთის ბალახები.

26. ცხვარი შენი ტანსაცმლისთვისაა, თხები კი ყანის ფასია.

27. უხვად გექნება თხის რძე შენს საზრდოდ, შენი სახლის საზრდოდ და შენი მხევლების სარჩენად.






Комментариев нет:

Отправить комментарий