суббота, 17 августа 2013 г.

რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერისკაცმა თვისი საღმრთო მავალეობა,

ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. უპირველესი საქმე კი ის არის, როდესაც თვით საკუთარი ცხოვრება და ყოფა–ქცევა ქრისტიანი კაცისა არის მართალი და პატიოსანი, ისე რომ უსიტყვოდ აღაშენებს და უხმოდ დაარიგებს მხედველთა თვისთა. ამისთანა ცხოვრება უფრო სასარგებლო არის, ვიდრეღა მრავალი ენით ლაპარაკი და ქადაგება. გარნა, სადაც საჭირო არის, ხმაც უნდა ამოიღო და ენაც ახმარო სამხილებელად ურწმუნოთა, აღსადგენელად სუსტთა, უსუსურთა. ბოლოს, თუ სხვა არაფერი შეუძლია კაცს, თავის ქონებისაგან და ნაყოფისაგან უნდა შეეწეოდეს ქრისტეს სახარების გავრცელებასა.

ყოველი ქრისტიანე, თუ გინდ ერისკაცი იყოს, უნდა სცდილობდეს ქვეყანასა ზედა, შეძლებისა გვარად, გავრცელებას და განმტკიცებას ქრისტეს სჯულისას.

მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი. დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, რომელ კაცი პატიოსნებით დაიჩაგრება ამ ქვეყანაზე. იგი ჰსუფევს მხოლოდ მუნ, სადაცა არის უმეცრება, ცუდი ზნეობა. მაგრამ თუ გინდ მართალი იყოს იგი, თუ გინდ პატიოსნების დავიწყებითა კაცი ბევრს მოიგებდეს და მალე გამდიდრდებოდეს, მაინც პატიოსნება არ უნდა დაჰკარგოს კაცმა.

კაცი პატიოსანი არის სასარგებლო და სასიამოვნო ქვეყნისთვის, ხოლო ვინც მოკლებულია პატიოსნებითა, იგი არს ჭირი და შემაწუხებელი მოყვასთა თვისთა. რომელს საზოგადოებაშიაც სუფევს პატიოსნება, იქ ყოველი საქმე არის წარმატებული. სადაც არ არის პატიოსნება, იქ კაცის ცხოვრება გატანჯულია.


როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ჰფიქრობენ, რომელ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა. ერისკაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალება ყოველი ქრისტიანი კაცისა, თუ გინდ მღვდელი იყოს, თუ გინდ ერისკაცი.


კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილშობილი ხასიათის მექონი,სულგრძელი და წრფელი სიხარულით გადიხდის მადლსა ყოველისა კეთილისა და ქველისმოქმედებისათვის.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)






Комментариев нет:

Отправить комментарий